შოუს დროა
10.02.2016
უცნაურია, მაგრამ ქართული ტელეკომპანიები რაიმე განსხვავებულის შექმნის ნაცვლად, მუდმივად იმას ცდილობენ, როგორმე კონკურენტი არხის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მსგავსი გადაცემა გააკეთონ.

მათი გადაცემების სტილი და თანმიმდევრობა ისე ჰგავს ერთმანეთს, კომპანიის ლოგოს და სტუდიის დიზაინს კარგად თუ არ დააკვირდებით, ადვილი შესაძლებელია, ერთმანეთში აგერიოთ. პროგრამების თანმიმდევრობა და ქრონომეტრაჟიც კი ერთნაირია: დილის საინფორმაციო-გასართობი გადაცემები, კულინარიული ჩანართებით შეზავებული შუადღის შოუები, ბოლო ჟამს მოდურ ტენდენციად ქცეული თურქულ-ინდური სერიალები და, რა თქმა უნდა, შოუები.

კონკურენტები არხების შოუებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო: სტილი, კონსტრუქცია და ეთერში გასვლის დღე და საათი. სტუმართა წრეც კი ერთნაირია: ლალი და ნინი ბადურაშვილები, ლელა წურწუმია, დათო ხუჯაძე, თამუნა ვარშალომიძე, ჯაბა კილაძე, კუზანოვების ოჯახი, თიკა ჯამბურია, თამრიკო ჭოხონელიძე, ციცინო შურღაია... ქართული შოუბიზნესის მეტნაკლებად ცნობილ სახეებსა და დიდ-პატარა ვარსკვლავებს დრო და დრო, შესაძლოა, ამავე ტელეკომპანიების ეთერში გასული ახალი "მეგაშოუების" ახალი სახეები ანდა უბედური და კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლთა ჭირისუფლები შეეშველნონ. და კიდევ ერთი: აბსოლუტურად ყველა შოუ ხანგამოშვებით თავს ვალდებულად მიიჩნევს სოციალურად დაუცველი ან მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისა თუ ზრდასრული ადამიანების დახმარების მიზნით საქველმოქმედო საღამო ან ღონისძიება მოაწყოს.

ოთხშაბათს არჩევანი ეკა ხოფერიას და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუებს შორის უნდა გააკეთოთ. “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში”, როგორც წესი, ძირითადად თბილისის გლამურული საზოგადოება და მისი სამეგობრო ხვდება. ეს გადაცემა მათზეა - ცნობილ მომღერლებზე, მსახიობებსა და პოლიტიკოსებზე. მაყურებელმაც, რა თქმა უნდა, ზეპირად იცის უკვე, როგორ ხვდებიან ახალ წელს და შობას პაატა ბურჭულაძის და სალომე ღვინიაშვილის ოჯახებში, ქალისთვის საჭირო რა ნივთების გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება დალი კუტალაძეს და როგორი შვილია ჯაბა კილაძე. ერთი სიტყვით, აქ სხვა საქართველო ჩანს: ბედნიერი, უზრუნველი, ლაღი და დალხენილი.

გულწრფელ ინტერვიუებს ნანუკა ჟორჟოლიანიც ძირითადად ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან წერს. სიყვითლის ტრაგედიასთან სინთეზს კი მართლაც გამორჩეულად ახერხებს და მუდმივად იმასაც გვიმტკიცებს, რომ რეიტინგის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტს გადააბიჯებს: მას შეუძლია გიორგი ვარდოსანიძესთან პირად საკითხებზე საუბარი, მისი კლიპის პრემიერა და ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული "მაგდა პაპიძის ამბავი" ერთ სიბრტყესა და გადაცემაში მოაქციოს, შეშფოთებული და შეწუხებული სახით უსმინოს უბედურებისგან დაზაფრულ ჭირისუფლებს, შოუს დასრულების შემდეგ კი სოციალურ ქსელში გადაცემის მიერ მოტანილი მაღალი რეიტინგი იზეიმოს.


წლების განმავლობაში ყველაზე რეიტინგული შოუს - “პროფილის” წამყვანმა, მაია ასათიანმა გადაცემის ტრანსფორმაცია დააანონსა, განაცხადა, ძველ ნიშას სხვებს ვუთმობო და “რატომ ვერ ვთხოვდებით, გოგოებო” და “რა ხდება პირადში” სტილის თემებზე საუბრიდან რეალური პრობლემების შესახებ მსჯელობაზე გადავიდა. წამყვანმა სცადა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თუ ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემა ფართო ჭრილში დაენახა და საკითხს პასუხისმგებლიანი მედიის კვალობაზე, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მისდგომოდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მაია ასათიანს ეს ნამდვილად გამოუვიდა და მის სტუდიაში მწვავე პრობლემაზე შოუბიზნესის ცნობილი სახეების ნაცვლად, ახლა უკვე პროფესიონალები მსჯელობენ ( თითქმის ყველა გადაცემაში ერთი და იმავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მაგრამ მაინც). თუმცა, ბოლო ორი გადაცემის ნახვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეთერში ისევ ძველი “პროფილი” ბრუნდება - სუიციდის მსხვერპლი გოგონას ახლობლების უპასუხისმგებლო დაკითხვებით, საფლავზე ჩაწერილი ინტერვიუებით და მკვლელობაში ბრალდებული ქალის შესახებ ათასგვარი გადაუმოწმებელ-დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვერსიებით და ამ ვერსიებზე ექსპერტების მსჯელობით. "პროფილის" ძველ რელსებზე დაბრუნების მიზეზებზე ჩემი ვერსია მაქვს. შესაძლოა, გადაცემა სკანდალებით გაძეძგილ "სხვა რაკურსს" კონკურენციას ვეღარ უწევს.

ყვითელი შეფერილობის “სხვა რაკურსი” ამ მხრივ ნამდვილად უკონკურენტოა. აქ შეიძლება ნახოთ ყველაფერი - როგორ ტარდება სატანისტური რიტუალები, რა პრობლემებით მიდიან ადამიანები მკითხავებთან, როგორ აკეთებენ ჯადოს და მასპინძლობენ გარდაცვლილი ადამიანების სულებს საქართველოში. ის ერთადერთი წამყვანია ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც შეუძლია გადაცემაში სტუმრად მიწვეულ, სექსუალური იმიჯის მქონე ახალგაზრდა ქალს ზურგზე შემოაჯდეს, მისი სხეულის მრგვალი ფორმების ბუნებრივობა შეამოწმოს, სექსუალურობის ხარისხითა და ფასით დაინტერესდეს და შესაბამისი კითხვებიც დაუსვას:

- ვნებიანი ქალი ხარ? აი, მაგალითად სექსის დროს ხარ ძალიან აღვირახსნილი, ძალიან მაგარი? .... ხო არ აგდიხარ, როგორც ფიცარი?

- რამდენი კაცი გყოლია?

- რა ღირხარ?

- ცალი ძუძუ რა ღირს შენი?

- დოლი დამაკვრევინე შენს ტრ...ზე. რამდენი გინდა, რამდენი გადაგიხადო?

ყოფილი ფსიქოლოგი და შოუმენი გია ჯაჯანიძე, როგორც წესი, უკიდურესად მწვავე და პრობლემურ თემებზე, მაგალითად, ლგბტ თემის ან სექსმუშაკების პრობლემებზე საღი მსჯელობის ნაცვლად, მუდმივად ყველაზე სტერეოტიპულ განხილვებს გვთავაზობს: განსახილველი თემისთვის არარელევანტურ სტუმართა დასს არჩევს: საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ და ნაკლებად ცნობილ მსახიობებს, ჟურნალისტებს, მომღერლებს, სასულიერო პირებს და შოუ და სკანდალური მასკარადიც მზად აქვს. ის არც ჰომოფობიური იდეების ტირაჟირებას ერიდება და სტუმარს შეიძლება ათქმევინოს, რომ ადამიანი ტრანსგენდერი და გეი მხოლოდ სოცილაური პრობელემბის გამო ხდება, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ცალკე უნდა გადავარჩიოთ, თვითმფრინავში ჩავსვათ და ქვეყნიდან გავადეპორტოთ, ჩავქოლოთ ან ჩავცხრილოთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი საკეტი გადავურაზოთ, სახლში ჩავკეტოთ და საკუთარ “პრობლემებზე დავაფიქროთ”.

მერე რა, რომ ასეთ გადაცემებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისთვის დამანგრეველი შედეგი მოაქვს. მთავარია შოუ შედგეს, გადაცემამ კი რეიტინგი მოიპოვოს და შემდეგ, მისი შენარჩუნება შეძლოს. ამას კი ყველა შოუს ყველა წამყვანი თავისებურად ახერხებს.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ