21.03.2016
ამ გულუბრყვილო კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, კარგი იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რაზე დგას თანამედროვე მედია დისკუსიებში ეთიკურობის კონცეპტი. სხვადასხვა ვარიაციით, ეს ცნებებია - ვალდებულება, ზრუნვა და ღირსება. ამათგან პირველი მთლიანად ჟურნალისტზე, რეპორტიორზე, მედიაში მომუშავე ადამიანზე კონცენტრირდება და მისი, როგორც ინფორმატორის ვალდებულებებს უსვამს ხაზს. ზრუნვასა და ღირსებაზე დაფუძნებული მიდგომა კი როგორც პროფესიულ წყაროებს, ასევე ინფორმაციის საბოლოო მომხმარებლებს, აუდიტორიას მიემართებათ.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ინფორმაციული ინტოქსიკაციის დონე ისეთი მაღალია, რომ მასზე ალბათ ვერანაირი ძალადობის ხილვა ვეღარ იქონიებს შოკის ეფექტს, რა თქმა უნდა, ყველას ეზედმეტება ეთიკაზე ხშირი აპელირება. ერთი შეხედვით, ნონსენსია მოითხოვო ეთიკის უფრო მაღალი სტანდარტები მედიაში, მაშინ როდესაც დილით კომპიუტერის ჩართვაც საშიშია, რადგან ნებისმიერ წამს, შესაძლოა გადააწყდე ვინმეს პირადი ცხოვრების, ციხეში წამების, მუხლებში გადამტვრევის და მაგიდაზე მიბმული, მტირალი მამაკაცის გაუპატიურების კადრებს. მაგრამ რეალობაში, სქემა შემდეგნაირად მუშაობს - ეთიკური ჟურნალისტიკის დეფიციტი ქმნის საზოგადოებრივ ვაკუუმს, სადაც ძალადობის კულტივირება მარტივდება. ეს ვაკუუმი შესაძლოა სწორედ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ნაკეთებმა ჟურნალისტიკამაც შექმნას.
„ამ გადაცემის მიზანი არ არის თქვენი დათრგუნვა და ცუდი ამბების მოყოლა. ჩვენ ამ ამბებს იმიტომ კი არ გიყვებით, რომ ამ ამბების გაშუქება გვსიამოვნებს, უბრალოდ ეს არის ჩვენი პროფესიული მოვალეობა. დამალვა არის საბჭოთა გზა და მე ვფიქრობ, რომ ეს გზა ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავამთავრეთ და წარსულს ჩავაბარეთ. რაღაც რომ არ გეცოდინებათ, არ ნიშნავს იმას რომ ეს რაღაც არ ხდება,“- ამ სიტყვებით დაასრულა მაია ასათიანმა გადაცემა 10 მარტს და 17 მარტს უკვე „ცუდი ამბების“ მორიგი დოზა შესთავაზა მაყურებელს. ბანალური თავის მართლებაა თქვა, რომ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია ამ პრობლემებზე საუბარი. სინამდვილეში პრობლემებს მასზე საუბარი კი არ აგვარებს, არამედ მასზე სწორი საუბარი და სწორი აქცენტებით რეფლექსია. სწორედ ეს მიჯნავს კარგ ჟურნალისტიკას, ასავალ-დასავლის კალიბრის ჟურნალისტიკისგან.
10 მარტს, მაია ასათიანმა სამი უმძიმესი ისტორიის შესახებ მოამზადა გადაცემა. პირველი თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა, რომელსაც ორი ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე ისტორია მოძალადე მამას შეეხებოდა, მესამე კი მოსწავლეებთან გარყვნილ ქმედებებში ბრალდებულ მასწავლებელს. ასათიანი მთელი გადაცემის განმავლობაში დაუღალავად იღწვოდა, რომ როგორმე ყველა ამ საშინელების ჩამდენი ფსიქიკურად არაჯანსაღად გამოეყვანა. სტუდიაში სტუმრად მყოფ ფსიქოლოგს რამდენჯერმე მოუწია იმის თქმა, რომ დანაშაულსა და ფსიქიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. დანაშაულის ჩადენას კი ფსიქიკური აშლილობა არ სჭირდება. თუმცა, ახალ მაიას ძველი მაიასგან დიდი მემკვიდრეობა ერგო, მათ შორის მკითხაობის ნიჭიც. ამიტომაც მას თამამად შეუძლია დაასკვნას, რომ თურმე დამნაშავეს ფსიქიკაში პრობლემები ჰქონია და ასევე თამამად შეუძლია დაუსვას იგივე სტილის კითხვები სტუმრებს, რომლებიც თემის სიმძიმის მიუხედავად, რატომღაც აუდიტორიის ჩქარი ტაშის ფონზე შემოგრიალდებიან ხოლმე სტუდიაში.
17 მარტს კი „პროფილის“ პირველი ნაწილი ძალადობის არაერთგზის მსხვერპლი ქალის ისტორიებს დაეთმო. ნაცვლად იმისა, რომ გადაცემის გუნდი კრიტიკულად მიდგომოდა მოყოლილ ისტორიებს, გადაემოწმებინა ფაქტები ან ეცადა მაინც, რომ გადაემოწმებინა, ეთერში ვიხილეთ კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება გაშუქდეს ძალადობა, რათა არ მოხდეს ტრაგედიის გაბანალურება. მთავარი სტუმრის მონათხრობი ამბები იმდენად მძიმე იყო, რომ წამყვანმა გადაწყვიტა თავად გამხდარიყო პოლიციაც, ბრალმდებელიც და მოსამართლეც...თავად განსაჯეთ რამდენად სერიოზულ ჟუნალისტიკასთან გვაქვს საქმე, როდესაც სრულიად საქართველოს წინაშე მტკიცებით ფორმაში უწოდებ ადამიანს პედოფილს, მაშინ როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ გაქვს წარმოდგენილი, გარდა ზეპირი ბრალდებებისა. საბოლოო ჯამში, უმძიმესმა ისტორიებმა, მაყურებელთა ნაწილში მამისადმი უფრო აღძრა სიბრალულის განცდა, რომელსაც შესაძლოა სულ ტყუილად დასდო ბრალი მაია ასათიანმა ინცესტსა და პედოფილიაში. შესაძლოა მამა იყოს დამნაშავე, შესაძლოა არა - არავინ ამ ამბის მომკითხავი აღარ არის. სამაგიეროდ, ამ მამაკაცის სახელთან სამუდამოდ „დაილინკა“ ინცესტიც და პედოფილიაც. ყველაზე საგანგაშო კი ალბათ ის არის, რომ ამ გადაცემაში ოთხი სხვა ჟურნალისტი იჯდა სტუმრის სავარძელში და ერთსაც არ გასჩენია შემხვედრი კითხვები რესპონდენტთან. და ბოლოს, „ძალიან მაგარი გოგო ხარ რომ ჩვენს გადაცემაში მოხვედის“ ძახილი ძალადობის მსხვერპლს არ შველის.
გადაცემის ყურებისას, ბუნებრივად გაგახსენდებოდათ თომას ვინტერბერგის 2012 წელს გადაღებული ფილმი „მონადირე“, სადაც ლუკასს, საბავშვო ბაღის თანამშრომელს, ბრალს სდებენ არასრულწლოვნებთან არაერთგზის გარყვნილ ქმედებაში. ამის შესახებ ერთ-ერთი ბავშვი ყვება. თომასს ცხოვრება ენგრევა, მასაც და მის ოჯახის წევრებსაც ადგილობრივები დევნიან, კარგავს სამსახურს და საბოლოო ჯამში, ყველა დარწმუნებულია, რომ ის პედოფილი და სექსუალური მანიაკია. მოგვიანებით, მისი უდანაშაულობა მტკიცდება, თუმცა ეს შემთხვევა ლუკასის ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს, რაზეც ფილმის ბოლო სცენა მეტყველებს - სანადიროდ ტყეში შესულს, უცნობი ადამიანი იარაღიდან ესვრის.
ამით არამც და არამც არ მინდა ვთქვა, რომ „პროფილის“ რომელიმე სტუმარი ტყუის ან ის, რომ ვიღაც უდანაშაულოა თუ დამნაშავე. უბრალოდ, დროა შევეგუოთ, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება აღარ არის და ის, ინფორმატორობის გარდა, თავის თავში მოიაზრებს წყაროების თუ მაყურებლების ღირსებაზე ზრუნვასაც. მაია ასათიანის ანფასი კი, სამწუხაროდ, იგივე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 16 სეზონი ჯერ ერთი პროფილით გვიყურა, ახლა კი მეორე პროფილი მოგვიშვირა.