რას უყუროს ბავშვმა?
05.05.2017
რას უყუროს ბავშვმა? რას სთავაზობს მას ქართული მედიაბაზარი და რამდენად არის მისი ინტერესები გათვალისწინებული ნაციონალური ტელეარხების მიერ? ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებიც, ალბათ, ბევრ მშობელსა და თავად მოზარდსაც აწუხებს. მათი წუხილი არცთუ უსაფუძვლოა. თუკი ქართული ტელეარხების საეთერო ბადეებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სატელევიზიო მედიას ბავშვები თითქმის დავიწყებია.

ის, რომ საბავშვო გადაცემები ტელევიზიების საეთერო ბადეში თითქმის არ გვხვდება, ეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2016 წლის ანგარიშითაც დასტურდება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მაუწყებელთა უმრავლესობას ბავშვებისთვის/ მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამები საერთოდ არ აქვს. საბავშვო გადაცემების ნაწილი კი კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის სხვადასხვა ასაკის ბავშვს მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს არ სთავაზობს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი გენდერულ სტერეოტიპებსაც ამყარებს.

მოდით, თითოეული ტელეკომპანიის მაგალითზე განვიხილოთ, რა ტიპის გადაცემებს სთავაზობენ ისინი სკოლიდან სახლში დაბრუნებულ მოზარდს.

მაგალითად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის ეთერში, კვირის სამუშაო დღეებში, მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემას ვერც დღისა და ვერც საღამოს ეთერში ვერ შევხვდებით. ერთადერთი „საბავშვო“ გადაცემა, უფროს სწორად, გასართობი გადაცემა ზრდასრულებისთვის, ბავშვების მონაწილეობით, რომელსაც ტელეკომპანია გვათავაზობს „ეკივოკია“. გადაცემა ეთერში ყოველ კვირა დღეს, დილის 11 საათზე, გადის.

როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, გადაცემა ბავშვურ ლოგიკას ეფუძნება. გადაცემის სტუმრები ე.წ. ცნობილი სახეები არიან, რომლებიც ბავშვების ფანტაზიის, წარმოსახვის, მიმიკებისა და ჟესტების გამოყენებით ახსნილი სიტყვის გამოცნობას ცდილობენ. „ეკივოკის“ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ისეთი ფორმატის გადაცემა, სადაც ბავშვებზე მეტად უფროსები იხარჯებიან, ერთობიან და გადაცემის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოსაც სწორედ უფროსები იღებენ, შესაბამისად, ცოტათი ბუნდოვანია, რატომ გადის გადაცემა საბავშვო პროგრამის კატეგორიაში.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემები საერთოდ არ იძებნება. საბავშვო ფორმატის გადაცემა „ბასტი-ბუბუ“ ეთერში 2016 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ გვხვდება. საბავშვო გადაცემებს ვერ შევხვდებით ვერც ტელეკომპანია „მაესტროს“, „იბერიას“, „ TV პირველისა“ და „კავკასიის“ საეთერო ბადეებში.

ვერ ვიტყვით, რომ გადაცემა უშუალოდ ბავშვებისთვის არის გათვლილი, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ყოველ შაბათ-კვირას, დილის 11:30 სთ-ზე ეთერი ცხოველების მოყვარულებს ეთმობათ. „ვინიპარკი“ - სწორედ ას ჰქვია გადაცემას, რომლის წამყვანიც სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და 30 წუთის განმავლობაში სტუმრებთან ერთად მაყურებელს ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უყვება.

ერთადერთი, ვინც ბავშვებს შედარებით კარგი ხარისხის საბავშვო გადაცემებს სთავაზობს, საზოგადოებრივი მაუწყებელია. მაგალითად, გადაცემა „სიტყვებით თამაში“ ეთერში ყოველ შაბათსა და კვირას დილის თერთმეტ საათზე გადის. არხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „სიტყვების თამაში“ გასართობ-შემეცნებითი ტიპის შოუა, სადაც ოჯახები ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში ეჯიბრებიან. გადაცემაში ორი გუნდი მონაწილეობს. თითოეული გუნდი ოჯახის სამი წევრისგან შედგება. გუნდის კაპიტნები 9-14 წლის მოზარდები არიან.

გადაცემა რამდენიმე რაუნდისგან შედგება და თითოეულ რაუნდში გუნდები სიტყვების გამოცნობით ქულების დაგროვებას ცდილობენ. გამარჯვებულიც სწორედ დაგროვებული ქულების მიხედვით ვლინდება.

მოზარდებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი გადაცემა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეხვდებით „წიგნების თაროა“. გადაცემა ეთერში ყოველ შაბათ-კვირას 16:30 სთ-ზე გადის. წიგნების თარო სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტელეთამაშია, რომლის თემატიკაც მხატვრული ლიტერატურაა. აღსანიშნავია, რომ გადაცემა ადეკვატურად პასუხობს ფორმატით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადაცემა მოზარდებში წიგნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

გარდა ნაციონალური მაუწყებლებისა, ასევე, საინტერესოა უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი არხებიც. მაგალითად, ბასტი-ბუბუზე მთელი დღის განმავლობაში გადის გადაცემები ბავშვებზე და ბავშვების მონაწილეობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაცემების უმრავლესობას არ აქვს კონცეფცია და ჩამოყალიბებული ფორმატი. პროგრამები გათვლილია მცირეწლოვან ბავშვებზე და არხი უფრო დიდი ასაკის მოზარდებს თითქმის ვერაფერს სთავაზობს.

იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ საბავშვო არხზეც - „ენკიბენკიზეც“. არხის მიერ წარმოდგენილი პროგრამების ნაწილი ბავშვებისთვის ადაპტირებული არ არის. არხზე ნაკლებად შევხვდებით საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტიპის გადაცემებს.

თუკი, ნაციონალური ტელეარხების საეთერო ბადეების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, თამამად დავასკვნათ, რომ ქართულ ტელეარხებზე მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემები ძალიან მწირია. კვირის სამუშაო დღეებში ქართული არხების მიერ ეს სეგმენტი სრულიად იგნორირებულია. მათთვის 1 ან 2 საათი შაბათ-კვირას, მხოლოდ 2 არხზე მოიძებნება. ცალკე მსჯელობის საგანია ისიც, თუ რამდენად პასუხობს ტელეკომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს, რამდენად არის ის მათ ინტერესებზე მორგებული. ისედაც მწირი არჩევანის ფარგლებში მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემებში წამყვანი როლი ისევ უფროსებს უკავიათ, ბავშვებს კი, ასე ვთქვათ, მხოლოდ დამხმარის როლი აქვთ. ამის ფონზე კი, ცხადია, კითხვები რა ქნას და რას უყუროს ბავშვმა, კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელია.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ