ციხის „ხიბლი“ ხოფერიას შოუში
22.05.2017
„ცხოვრება კონტრასტებით არის სავსე და ბუნებრივია, ეს კონტრასტი აისახება ჩვენს გადაცემაშიც. დარწმუნებული ვარ, აი, ამ კადრით ვერასდროს მიხვდებით, სად ვართ ახლა ჩვენ. ეს ლამაზი ბაღი, ულამაზესი ყვავილები... ჩვენ ვიმყოფებით დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში, მე-16 დაწესებულებაში, რომელიც უნიკალურია საქართველოში და არა მარტო საქართველოში,“ - ამ რომანტიკული შესავლით დაიწყო 17 მაისს, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, ეკა ხოფერიამ თავისი შოუ („ეკა ხოფერიას შოუ“). ამით დაიწყო ციხეში მაყურებლის „ზღაპრული“ მოგზაურობაც.

ვერ გეტყვით რატომ, თუმცა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ციხის ყველა "სიკეთე" ზედმიწევნით დეტალურად ეჩვენებინა. თან ისე დეტალურად, რომ ადამიანს კითხვაც დაგებადებოდა, ნეტავ, სად უფრო სჯობსო. პენიტენციურ დაწესებულებაში ხოფერიას გიდის ფუნქცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა შეასრულა და დაწესებულების ყველა კარიც ფართოდ გაუღო. მასპინძელმა სტუმარს ჯერ დაწესებულებაში წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახები დაათვალიერებინა (თან განუმარტა, რომ აქ ხშირად მოდიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები), შემდეგ კი სასადილოში შეუძღვა.

სტუმარმა ულუფის მიღებისთვის რიგ პატიმრებთან ერთად დაიკავა და სადილის მენიუგაგვაცნო. „აი მეთექვსმეტე დაწესებულების სადილი: კარტოფილი, ჩიხირთმა ქათმით, კომპოტი და პატიმრების მიერ გამომცხვარი პური,“ - გვითხრა ჟურნალისტმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს სწორედ ის არის, რაც მას არასდროს დაუგემოვნებია. ჰოდა, დააგემოვნა და მოეწონა - ჩიხირთმა ძალიან გემრიელი იყო.

სადილის შემდეგ, უკვე იმ პუნქტთან გადავინაცვლეთ, სადაც, წამყვანის თქმით, პატიმრები სასურველ პროდუქციას ყიდულობენ. ის იქვე, ერთ-ერთ მსჯავრდებულსაც გაესაუბრა. მსჯავრდებული ამბობდა, რომ ყველა აქტივობაშია ჩართული და ციხის პირობებით ძალიან კმაყოფილია.

სავაჭრო პუნქტის შემდეგ, გადაცემის საშუალებით, მსჯავრდებულებისთვის გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ადგილიმოვინახულეთ. „აა, ბინაა, ფაქტიურად,“ - აღფრთოვანება ვეღარ დამალა ჟურნალისტმა. „ბინას“ სამუშაო ოთახი მოჰყვა, (სადაც მსჯავრდებულები ხისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებენ), სამუშაო ოთახს კი სამხატვრო. სამლოცველო ოთახში კი მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მისი ფასეულობები იქ შეეცვალა - დააფასა ის, რასაც მანამდე არ აფასებდა.

დეტალების აღწერით რომ არ დაგღალოთ, გეტყვით, რომ ციხის სტუმარ-მასპინძელთან ერთად, მაყურებლები დაწესებულების სპორტულ დარბაზსაც ვესტუმრეთ, პენიტენციური დაწესებულების თეატრალური დასის რეპეტიციას და ფრანგულის გაკვეთილებსაც დავესწარით. ნანახით აღფრთოვანებას ჟურნალისტი მსჯავრდებულებისთვის დასმულ კითხვებშიც გამოხატავდა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "იქნებოდა თუ არა საფრანგეთში მსგავსი დაწესებულება? ცოტა დაუჯერებელ ადგილზე ვარ. მგონი, მაყურებელს ძალიან გაუკვირდება,“ - ამბობს ჟურნალისტი.

გადაცემა დროდადრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, კახი კახიშვილთან ინტერვიუთი იჭრებოდა. პირველი, რაც ჟურნალისტმა მინისტრს უთხრა, ის იყო, რომ ის მე-16 დაწესებულებაში ნანახით დიდი შთაბეჭიდილების ქვეშ მოექცა. აღფრთოვანების გამოხატვის შემდეგ კი, ჟურნალისტი იმ რთული გზით დაინტერესდა, რასაც აღნიშნულ შედეგამდე იყო საჭირო.

მინისტრმა ისაუბრა მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტებსა და მათ მიერ დამზადებული ნივთების გასაყიდად შექმნილ ონლაინმაღაზიაზე(ამ მაღაზიის საშუალებით ბენეფიციარები შემოსავალს იღებენ). გარდა ამისა, მინისტრი განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თუ მსჯავრდებული საპატიმროში არსებულ სამედიცინო პუნქტებში სასურველ სერვისს ვერ იღებს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში გადაჰყავთ.

ინტერვიუს მიწურულს, ჟურნალისტმა მინისტრს საქმიანობა შეუქო და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თითოელი გადარჩენილი ადამიანი ამას საკუთარ თავზე გრძნობს.

გადაცემა მე-16 პენიტენციური დაწესებულების თეატრალური დასის წარმოდგენით დასრულდა. მსჯავრდებულებმა „12 განრისხებული მამაკაცი“ რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. სპექტაკლს სასჯელაღსრულების მინისტრიც ესწრებოდა. კახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულების დაწესებულებიდან სპექტაკლისთვის გაყვანა რისკებთან არის დაკავშირებული, ეს მათ ღიმილად, ნამდვილად, ღირს.

სწორედ ასეთ ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურეთ ერთი საათით. რომ არა პენიტენციური დაწესებულება, ალბათ, მსჯავრდებულების ადგილზე ყოფნას, თითოეული ჩვენგანი ისურვებდა.

რთულია, იმის თქმა, თუ რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების მსგავსი რომანტიკული ფორმით ჩვენება. თუკი, გადაცემის მიზანი, საპატიმროებში განთავსებული პირების მდგომარეობის გაშუქება იყო, სხვა დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც უნდა გაცნობოდა. გადაცემაში არ ისმის კრიტიკული კითხვები. იქნებ, გადაცემის დაგეგმვის დროსვე არ ყოფილა საკითხზე მწვავე კითხვების დასმის განზრახვა? ალბათ, მსგავსი ჰიპოთეტური მსჯელობები შორს წაგვივყვანს. ამიტომ იმით დავასრულებ, რაც ცხადია: გადაცემის მიზანი, ერთი კონკრეტული დაწესებულების მაგალითზე ეჩვენებინათ, რა კომფორტულად გრძნობენ თავს მსჯავრდებულები, ნამდვილად შესრულდა. საკუთარ თავთან კითხვა - „ნეტავ, სად ჯობია?“ - მართალია, ხუმრობით, მაგრამ მაინც გაგვიჩნდა.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ