ვიმსახურებთ კარგ მედიას
01.04.2021
რატომ მიყვარს ჟურნალისტიკა? ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. მაშინაც კი, როდესაც ჩემივე საქმიანობით იმედგაცრუებული ვფიქრობდი, ნეტავ არასწორად ხომ არ ავირჩიე ეს საქმიანობა-მეთქი.

არადა, 2009 წელს, უნივერსიტეტში პირველად რომ შევდგი ფეხი და დაბნეული ვცდილობდი საგნების არჩევას, ერთადერთი რამ ვიცოდი ზუსტად: მთავარ მიმართულებად ჟურნალისტიკა უნდა ამერჩია. მეუბნებოდნენ, არ იჩქარო, ჯერ სხვა დისციპლინების შესავალი საგნები გაიარე და შემდეგ გადაწყვიტეო, მაგრამ პირველივე დღეს, თვალის დაუხამხამებლად ავირჩიე ეს პროფესია.

თითქმის 12 წლის შემდეგ ვზივარ და ვწერ პირველ სარედაქციო სვეტს მედიაჩეკერისთვის. პლატფორმისთვის, რომლის მთავარი მიმართულება მედიაზე დაკვირვება და ხშირად მისი კრიტიკაცაა. არ არის ადვილი საქმე.

ადვილი არ არის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიას კრიტიკა ისედაც არ აკლია. როდესაც გარემო იმდენად პოლარიზებულია, რომ გვექმნება წარმოდგენა, თითქოს ყველაფერი ან შავია, ან თეთრი. როდესაც ირგვლივ ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი ტრიალებს, თუმცა რატომღაც მაინც გვაკლია ინფორმაცია.

ამიტომაც, ჩემთვის, "მედიაჩეკერის" რედაქტორობა დიდი გამოწვევაა. ჟურნალსტიკა არ არის სწორხაზოვანი საქმე, არც ზუსტი პროფესიაა, სადაც გამზადებული ფორმულებით შეიძლება რამის მიღწევა. ამიტომაც არ მგონია, რომ "მედიაჩეკერი" უნდა იყოს მხოლოდ "მედიის მოკრიტიკე პლატფორმა", რომელსაც შიგადაშიგ ხან ერთი ჟურნალისტი გადახედავს უკმაყოფილებით, ან მეორე.

არც ის მგონია, რომ ეს პლატფორმა მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა. მედიის განვითარება პირველ რიგში საზოგადოების ინტერესია, ამიტომაც ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახოთ რა არის ჟურნალისტიკა სინამდვილეში და რას უნდა ველოდოთ და ვითხოვდეთ მედიისგან. ამიტომაც, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიქცეთ მეტად ღია, სახალხო პლატფორმად.

მარტივად რომ ვთქვა, მინდა ჩემი მშობლები "მედიაჩეკერს" მხოლოდ იმიტომ კი არ იცნობდნენ, რომ მე ვარ აქ, არამედ იმიტომ, რომ აქედან იღებდნენ ინფორმაციას, რომელიც პირველ რიგში მათ გამოადგებათ.

დღეს ჩემი რედაქტორობის პირველი დღეა და ზუსტად ისევე, როგორც 2009 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტში შესვლისას, წარმოდგენა არ მაქვს, სად წამიყვანს ეს გზა. მაგრამ ერთი რამ ისევ ზუსტად ვიცი: ჩვენ გვჭირდება კარგი მედია, გვჭირდება კარგი ჟურნალისტიკა და ვიმსახურებთ ამას.

რამდენად შეგვიძლია ამის მიღწევა? ძალიანაც.

ფოტო: FES Regional Office "Dialogue Eastern Europe"

ავტორი : გიორგი გოგუა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ