კაცი მოკვდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის
გამომწვევი უშუალო მიზეზი.
ფაქტი ისაა, რომ სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ის სასიკვდილოდ გაიმეტეს,
უმოწყალოდ სცემეს და სახის ძვლები ჩაულეწეს.
ხუთი ივლისის შემდეგ ვფიქრობ და ვცდილობ, საღი გონებით შევხედო რა
ხდება მთელი ამ დღეების განმავლობაში (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია).
ჟურნალისტები აქციაზე დგანან, პოლიტიკოსები ან ჩუმად არიან, ან
უკიდურეს შემთხვევაში იღებენ ხმას, ხელისუფლება ქართველობის
შეურაცხყოფაზე საუბრობს, სახელისუფლებო მედია ცალი ხელით წერს,
ვწუხვართ ლაშქარავას გარდაცვალების გამოო, მეორე მხრივ კი უფრო და
უფრო აქტიურად ცდილობს „ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალების“
ოფიციალური ვერსიის გამართლებას. ზოგიერთი მღვდელი ლექსო ლაშქარავას
დაღუპვას ჟურნალისტებს აბრალებს, „თქვენ ხართ პასუხისმგებელიო“.
რაც ყველაზე მთავარია, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის
ორგანიზატორების დიდი ნაწილი ისევ თავისუფალია და მეტიც, საკუთარი
მედიიდან აგრძელებენ სიძულვილის ქადაგებას.
„ნარკოტიკების ზედოზირების“ ვერსია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების
დილიდანვე სწრაფად დატრიალდა არაოფიციალურად სხვადასხვა პოსტის
კომენტარებში. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგვანიშნა,
ოპერატორი ფონიჭალაში გადაადგილდებოდაო, გუშინ კი გაგვაცნეს
„შუალედური დასკვნა“ და ვიდეო ფაილი სახელწოდებით „Saboloo“ -
საიდანაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოფიციალური ვერსია უკვე არის
„ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალება“.
მაგრამ ეგ მაინც არ არის მთავარი. ერთი ისაა, რომ ლექსო ლაშქარავას
გარდაცვალება გახდა მიზეზი იმ პროცესის დაწყებისა, რაც რამდენიმე დღით
ადრე, 5 ივლისსვე უნდა დაწყებულიყო.
სხვა სიტუაციაში ღიად გავაკრიტიკებდი ყველა იმ მედიის წარმომადგენელს,
რომელიც სცენიდან მთავრობის გადადგომას მოითხოვს, რადგან როგორც
ჟურნალისტს, მჯერა, რომ მედიის საქმე აქციაზე დგომა არ არის. მაგრამ
ახლა მიჩნდება კითხვა: სხვა რის გაკეთება შეგვიძლია?
განსაკუთრებით, გუშინ და გუშინწინ, 11 და 12 ივლისს გამართული ამ
აქციების შემდეგ.
რა მოხდა გუშინ? ჟურნალისტების აქციაზე მობილიზებული პოლიციელების
ნახევარსაც ვერ ნახავდით 5 ივლისს თბილისის ქუჩებში, როდესაც მედიას
საცემად დასდევდნენ. პოლიცია სწრაფად შეგროვდა კანცელარიის წინაც,
როდესაც აქციამ იქ გადაინაცვლა და კიდევ უფრო სწრაფად იმოქმედეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც 12 ადამიანი, მათ შორის პირველი
არხის წამყვანი ირაკლი აბსანძე დააკავეს.
ჰო, პოლიციის მოვალეობაა, დაიცვას სტრატეგიული ობიექტები ან ისეთი
ადგილები, რომლებსაც პოტენციურად საფრთხე ემუქრება. აი ასეთი იყო,
მაგალითად, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისი, რომელიც ძალადობრივმა
ჯგუფებმა ისე დაარბიეს, რომ არცერთ პოლიციელს მათთვის ხელი არ
შეუშლია. ან როგორ შეუშლიდნენ ხელს, როდესაც ოფისს საერთოდ არავინ
იცავდა.
„არ ვიცოდითო“, ამბობდა რომელიღაც პოლიტიკოსი ამ დღეებში, რანაირად
დაგვეცვაო. ჰო, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ჰომოფობიური
ჯგუფები, რომლებიც კვირების განმავლობაში აანონსებდნენ „ღირსების
მარშის“ ჩაშლას, პირველი რასაც გააკეთებდნენ, სწორედ პრაიდის ოფისზე
შეტევა იქნებოდა.
12 ადამიანი დააკავეს გუშინ მაშინვე, როდესაც აქტივისტებმა „ქართული
ოცნების“ ოფისს კვერცხები და წითელი საღებავი დაუშინეს. შემახსენეთ
ვინმემ, რამდენი ადამიანი დააკავეს 5 ივლისს, როდესაც ქუჩაში ღია,
გაცხადებული ძალადობა იყო გაჩაღებული?
აი, მაგალითად ის ტიპი, სკუტერით რომ ეჯახებოდა ჟურნალისტებს, შემდეგ
პოლიციელებმა რომ შეაჩერეს და, ბუნებრივია, მეგონა, დააკავებდნენ, 2
საათის შემდეგ ამავე სკუტერით თავისუფლად რომ დასეირნობდა თბილისის
ქუჩებში. მეორე დღეს დააკავეს მგონი, იძახდა, „გამექცა სკუტერი და ვერ
ვაკავებდიო“, თუ რაღაც ეგეთი.
ახლა უფრო და უფრო მეტი დასპონსორებული პოსტი მხვდება ფეისბუკის
ნიუსფიდში, რომ „აი, ლიბერალები ნარკომანი ოპერატორის სიკვდილს
თავიანთი მტარვალი მიზნების მისაღწევად იყენებენ“. ეგეთი
ნიშნისმოგების ტონი კიდევ გაიზრდება და რაში გადაიზრდება, კაცმა არ
იცის. ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ
ფალავანდიშვილი წერს, ჟურნალისტები ერის დაუძინებელი მტრები არიანო და
ასობით ადამიანი ულაიქებს.
5 ივლისს ხომ მედიისთვის ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მაგრამ ახლა
ვფიქრობ, რა უფრო საშიშია, ვიღაც კუნთმაგარმა ტიპმა ერთხელ გცემოს, თუ
შენ წინააღმდეგ მიზანიმართული კამპანია აგორდეს, რომლის აღსაკვეთადაც
სახელმწიფო არაფერს აკეთებს?
დღეს ჟურნალისტები აქციაზე დგანან რუპორებით. სხვა სიტუაციაში არ
დავეთანხმებოდი, შევეწინააღმდეგებოდი, გავაკრიტიკებდი. მეტიც, იმ
აქციაზე ბევრი ისეთი ჟურნალისტი დგას, რომელსაც უამრავ საკითხში
პრინციპულად არ ვეთანხმები. თუმცა დღეს მათთვის, ვინც ჟურნალისტებს
დევნის, სულ ერთია, ვინ ხარ - გაცხადებული ოპოზიციური მიზნების მქონე
ტელევიზია თუ მედია, რომელსაც ბალანსზე აქვს პრეტენზია და ცდილობს,
სამართლიანად გააშუქოს ნებისმიერი ამბავი. უსამართლობა, რაც
ჟურნალისტების წინააღმდეგ 5 ივლისის შემდეგ ტირალებს, ყველას ეხება და
თუ ეს პრობლემა სწრაფად არ გადაწყდა, ძალიან რთულ დღეში
აღმოვჩნდებით.
ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს მიუხედავად
მისი გარდაცვალების ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსიებისა.
ის დღეს დაკრძალეს.