რატომ უნდა გავამაგროთ კერძო სივრცე სოციალურ ქსელებში
22.01.2022
ამ ბლოგში ვისაუბრებ საკითხზე, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სოციალური ქსელების შესახებ მიმდინარე ქაოტურ დისკუსიებში. ჩემი შეკითხვა ასეთია: რა სახის სოციალურ პლატფორმებთან გვაქვს საქმე სოციალური ქსელების შემთხვევაში - საჯაროსთან თუ ნაწილობრივ, კერძოსთან? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ პლატფორმებიდან მომავალი ზოგიერთი საფრთხის სწორად გააზრებაში დაგვეხმარება.

მსოფლიოში ბევრი იურისდიქცია ერთმანეთისგან მიჯნავს კერძოსა და საჯარო სივრცეს. როგორც წესი, კერძო საუბრების ჩაწერა (მონაწილის ან მონაწილეების თანხმობის გარეშე) ან გამოქვეყნება ისჯება, იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს სასამართლოს ნებართვა ან დასაბუთებადი საჯარო ინტერესი.

ამასთან ერთად, კერძო და საჯარო სივრცე ერთმანეთისგან გამიჯნულია არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ეთიკური თვალსაზრისითაც. როგორც წესი, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ქცევაა მისაღები კერძო ან საჯარო სივრცეში. მსგავსი დაყოფის გაუქმებას ადამიანების უმეტესობა არ დაეთანხმებოდა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი.

სოციალურ ქსელებში კერძო და საჯარო სივრცე ერთმანეთში ისეა აზელილი, რომ ძნელია გარკვევა, თუ სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ცხადია, „საჯარო“ (Public) აუდიტორიისთვის განკუთვნილი სტატუსები და პოსტები ცალსახად საჯაროა და მათ ავტორებს ამაზე სხვა პრეტენზია ვერ ექნებათ, მაგრამ როდესაც პოსტები მხოლოდ კონკრეტული აუდიტორიისთვის - მაგალითად, მეგობრებისთვის არის განკუთვნილი, გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს ისინი აუცილებლად საჯაროდ.

სოციალურ ქსელებში კერძო აუდიტორიისთვის განკუთვნილი დისკუსიების საჯაროდ მიჩნევა, შესაძლოა, დაახლოებით იგივე იყოს, რომ საჯაროდ მივიჩნიოთ ფიზიკურ საჯარო სივრცეში მიმდინარე ნებისმიერი სახის დისკუსია. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო სივრცეში - მაგალითად, ქუჩაში, მიმდინარე საუბრები, გარკვეულ შემთხვევებში, კერძო ხასიათის მქონედ ითვლება. ვფიქრობ, იგივე ლოგიკა შეიძლება გავრცელდეს სოციალურ ქსელებზეც.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სოცქსელებში კერძო ხასიათის მესიჯების გაგზავნა და დახურული ჯგუფების შექმნაც არის შესაძლებელი. ამ ჩატებსა და ჯგუფებში შეკრებილი მონაცემების სამართლებრივი ან ეთიკური სტატუსი ბოლომდე გაურკვეველია. ხშირად, შეიძლება, თავად სოციალური ქსელის მომხმარებლებიც გაუაზრებლად არღვევდნენ პირადი მონაცემების დამუშავებისა და გავრცელების ნორმებს. როგორც წინა ბლოგში ვწერდი, ჩვენ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვაქვს სოცქსელებით სარგებლობის ეთიკა.

თუკი სოციალურ ქსელებში დისკუსიების და მონაცემების ნაწილი კერძოა, რამდენად უნდა ჰქონდეს კერძო კომპანიას ან მთავრობას ამ მონაცემების დიდი ხნით შენახვის ან დამუშავების უფლება? 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო „ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაცია“, რომელიც სოციალურ ქსელებს კერძო მონაცემების დამუშავების უფლებას სერიოზულად უზღუდავს (https://gdpr-info.eu/). ევროკავშირს მოგვიანებით ზოგიერთმა სხვა იურისდიქციამაც (მაგალითად, აშშ-ს ზოგიერთმა შტატმაც) მიბაძა. თუმცა აქ ორი პრობლემაა:

პირველი.

ევროკავშირსაც კი არ აუკრძალავს კერძო მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშავება კომპანიებისთვის. ევროკავშირის კანონმდებლობით, ეს მონაცემები მაქსიმალურად ანონიმური უნდა იყოს (იმისათვის, რომ გართულდეს კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება), თუმცა მათი დამუშავება და კომერციული მიზნებისთვის გამოყენება დასაშვებია. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა ვირტუალურ სამყაროში მომხმარებლების კერძო სივრცეს ადეკვატურად ვერ დაიცავს. ამის საპირისპიროდ, ადამიანებს სოციალურ ქსელებში დაახლოებით ისეთივე დაცული კერძო სივრცეები უნდა შევუქმნათ, როგორებითაც ისინი ფიზიკურ რეალობაში სარგებლობენ.

მეორე.

მსოფლიოს დიდ ნაწილში - მათ შორის, განვითარებად ქვეყნებში, სადაც მთავრობები ისედაც იშვიათად იცავენ პირადი ცხოვრების უფლებას (ზოგ ტრადიციულ საზოგადოებაში, ბევრ ადამიანს, ფაქტობრივად, არც აქვს „პირადი სივრცე“), სოციალური ქსელების პოპულარობა კიდევ უფრო აიოლებს პირად სივრცეზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას. ავტორიტარული სუპერსახელმწიფოების - რუსეთისა და ჩინეთის მიერ კონტროლირებადი სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდა კი ახალ ორველიანურ შიშებს ბადებს (არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე პოპულარული დომეინის მქონე სოცქსელი, TikTok-ი ჩინურია.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, ისე ჩანს, რომ კაცობრიობას ვირტუალურ სამყაროში კერძო სივრცის გამაგრება სასწრაფოდ სჭირდება იმისათვის რომ საჯარო (ვირტუალური) სივრცე მავნე აქტორების ზემოქმედებიდან დაიცვას.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ