მეტავერსი - დისტოპია თუ ტექნოლოგიური ნახტომი?
04.02.2022
რას უნდა ველოდოთ "მეტავერისისგან"? უნდა გვეშინოდეს მისი, თუ უნდა მოვემზადოთ?



დაახლოებით სამი თვის წინ „ფეისბუქმა“ სახელი შეიცვალა და „მეტად“ იქცა. კომპანიის პრეზიდენტმა, მარკ ცუკერბერგმა გამოაქვეყნა პრეზენტაცია, რომელშიც ის მომავლის ვირტუალურ სივრცეზე - მეტავერსზე საუბრობს. მეტავერსის იდეა ის არის, რომ არსებული ვირტუალური რეალობა ისეთ სივრცედ უნდა გარდაიქმნას, სადაც არა მხოლოდ „შევალთ“ და ინფორმაციას გავცვლით, არამედ რომელშიც საგნებსა და მოვლენებს შევიგრძნობთ.

„მეტავერსის“ იდეა უკვე ძალიან ბევრი პერსპექტივიდან გააკრიტიკეს. ზოგმა თქვა, რომ ამაში ახალი არაფერია; ცუკერბერგი სად იყო, ჩვენ რომ ონლაინ თამაშებს ვთამაშობდითო. მართლაც, გეიმერებისთვის რეალურის მსგავსი ვირტუალური სამყაროები დიდი ხანია, არსებობს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ვირტუალური რეალობას სრულფასოვნად განცდას ვერც ერთი არსებული ვიდეო თამაში ვერ გვთავაზობს. „მეტა“ და სხვა კომპანიები ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას გვპირდებიან, რომლებიც ვირტუალურ რეალობას „გააცოცხლებენ“.

ნახეთ მეტი, "მეტავერსის" შესახებ: რა არის მეტავერსი?


კრიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ ცუკერბერგის მიერ აღწერილი ვირტუალური მომავალი კაცობრიობას კარგს არაფერს უქადის. ისინი „მეტავერსს“ უწოდებენ დისტოპიას, ანუ ნეგატიურ უტოპიას. ამ მოსაზრების მიხედვით, ადამიანები, რომლებმაც რეალურ პრობლემების გამოსწორება ვერ შეძლეს, საცხოვრებლად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებენ. „მეტავერსში“ რეალობიდან გაქცეულებს ზრდისა და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები დახვდებათ. აქედან გამომდინარე, კრიტიკოსების აზრით, ეს კაცობრიობის მომავალს სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს.


ზემოთხსენებული კრიტიკოსებისგან განსხვავებით, ვთვლი, რომ „მეტავერსის“ წინდაწინვე დისტოპიად მონათვლა გადაჭარბებულია. მსგავსი რადიკალურად ნეგატიური შეფასებები უფრო მეტად „მეტავერსის“ ისეთ დისტოპიურ ვერსიას მიემართებიან, რომელშიც ფიზიკური რეალობა თითქმის მთლიანად იგნორირებულია. სინამდვილეში, აუცილებელი არ არის, რომ მოვლენები ასეთი პესიმისტური სცენარით განვითარდეს.

რეალური ცხოვრების ვირტუალურით ჩანაცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო არის შეუძლებელი: ვერც ერთი ვირტუალური სამყარო ვერ შესთავაზებს ადამიანს იმხელა სიურპრიზებსა და რისკებს, როგორსაც ფიზიკური რეალობა სთავაზობს. ადამიანი კი თავისი ბუნებით შემეცნებისკენაა მიდრეკილი.

ახალი გამოცდილებების მიღება და იდეების აღმოჩენა სრულფასოვნად მხოლოდ ფიზიკურ სამყაროშია შესაძლებელი. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ უამრავი რამ გვაქვს გასაგები საკუთარი პლანეტისა და კოსმოსის შესახებ; ბევრი ელემენტარული ნაწილაკი და ნივთიერებაა აღმოსაჩენი; ბევრი პოლიტიკური და სოციალური რეფორმაა (და ზოგ შემთხვევაში, რევოლუციაც) გასატარებელი... ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლისა და სიკვდილის გარდაუვალობა, პირველ რიგში, ფიზიკური რეალობის ნაწილია.

სინამდვილეში, „მეტავერსისგან“ მომავალი საფრთხის გაბუქება ხელს შეგვიშლის მის ნეგატიურ, მაგრამ ატანად ან გამოსწორებად მხარეებზე ფოკუსირებაში. მაგალითად, რა ნეგატიურ გავლენას იქონიებს „მეტავერსი“ პოლიტიკურ პროცესზე?

ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურმა ქსელებმა ლამის მსოფლიოს ყველაზე ძველი და ძლევამოსილი დემოკრატია შეიწირეს. როგორ გაიმიჯნება მომავალში ერთმანეთისგან ვირტუალური, საჯარო და პირადი სივრცე, ან მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვა? როგორც წინა ბლოგში ვწერდი, ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურ ქსელში ადამიანის პირადი სივრცე და მონაცემები სათანადოდ დაცული არ არის. რა უარყოფით გავლენას იქონიებს „მეტავერსი“ სილამაზის სტანდარტებზე და ადამიანების თვითშეფასებაზე? ჩვენ ვნახეთ, რომ „ინსტაგრამი“ ამ მხრივ არაერთგვაროვან და ზოგჯერ ნეგატიურ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით, მოზარდებზე.

თუ ამ და სხვა საკითხებზე ფიქრს წინდაწინვე დავიწყებთ, მაშინ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, „მეტავერსი“, შესაძლოა, კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტად იქცეს. „მეტავერსის“ მეშვეობით ჩვენ მინიმუმადე დავიყვანთ ბევრ არასაჭირო აქტივობას, გავაჩენთ ახალ სამუშაო ადგილებს, შევამცირებთ ეკოლოგიურ ზეგავლენას ბუნებაზე, განვივითარებთ ახალი ტიპის ეკონომიკას (ერთი მონაცემებით, მომავლის ვირტუალურ სივრცეში უკვე 500 მილიონი დოლარის „უძრავი ქონებაა“ გაყიდული, გავაადვილებთ სწავლებას და შესაძლოა, გავზარდოთ ახლობელ ადამიანებთან გატარებული დროც... „მეტავერსი“ შეიძლება იქცეს აქამდე არნახულ ტექნოლოგიურ ნახტომად, რომელიც კაცობრიობას საკუთარი პოტენციალის უკეთ გამოვლენაში დაეხმარება. ამისათვის კი ახალ ვირტუალურ სივრცესთან მიმართებაში წინდაწინვე სწორი თეორიული და პრაქტიკული ფოკუსის პოვნაა საჭირო.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ