რატომ არ უნდა დანებდეს პროფესიული მედია
12.02.2022
ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს ნიჰილისტურ განწყობებს ქართული მედიის მიმართ. ხშირად ამბობენ, რომ სერიოზული დისკუსიის ადგილი მედიაში აღარ დარჩა და განსაკუთრებით, ტელევიზიები გადართულები არიან პოლიტიკურ პროპაგანდის გავრცელებასა და სენსაციონალიზმზეო. „სენსაციონალიზმი“ განიმარტება, როგორც სენსაციების ძიება სიზუსტისა და ობიექტურობის ხარჯზე.

პროპაგანდითა და სენსაციონალიზმით გაჯერებულ გარემოში ზოგიერთმა სერიოზულმა მედია საშუალებამაც შეიძლება ჩაიქნიოს ხელი; თქვას, რომ აბა, ვის რაში სჭირდება ჩვენი პროფესიონალიზმი, როდესაც მოთხოვნა სულ სხვა რამეზეაო. დასავლეთში ზოგიერთი, ერთ დროს მაღალი ხარისხის მედია საშუალება სწორედ ასეც მოიქცა და წარსულში აკრძალული ტრიუკების გამოყენებას მიჰყო ხელი. თუ ამ მიმართულებით სვლა მომავალშიც გაგრძელდება, ხარისხიანი ჟურნალისტიკა მალე წარსულის რელიქვიად დარჩება; ტენდენციური და ტყუილებით სავსე მედია დისკურსი კი მთელ პლანეტას დაიპყრობს.

თუმცა სანამ მედია აპოკალიფსის მოლოდინში კაპიტულაციას დავაპირებთ, კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ყოვლისმომცველი ან თვისებრივად ახალია ზემოთაღწერილი ტენდენციები. მაგალითად, სენსაციონალიზმზე ორიენტირებული ბრიტანული ტაბლოიდები დიდი ხანია, რაც ადგილობრვი მედია კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ამას ბრიტანულ მედიაში პროფესიული სტანდარტების განადგურება, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანული ტაბლოიდი Bild-იც, რომელსაც ბრიტანული ტაბლოიდების მსგავსად, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა აქვს გერმანულ მედია დისკურსზე. მსგავსი მაგალითები ბევრ სხვა სტაბილური დემოკრატიის ქვეყანაშიც მოიძებნება.

ისეთ პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და ბოლო წლების აშშ-ა, „ტაბლოიდიზაციას“ ბევრად უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული მეინსტრიმ მედიაში, ვიდრე მაგალითად, გერმანიაში, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან რამე თვისებრივად ახალი ხდება. როგორც პოლარიზებულ, ისე არაპოლარიზებულ საზოგადოებებში, პროპაგანდასა და სენსაციონალიზმზე ორიენტირებული მედია თითქმის ყოველთვის იყო ფინანსურად ძლიერი, თუ არა დომინანტური მედია ბიზნესი.

თუ პროპაგანდასა და სენსაციონალიზმს მედიის გარდაუვალ ნეგატიურ ეფექტებად აღვიქვამთ და მათ არსებობას შევეგუებით, მაშინ პროფესიული ჟურნალისტიკის როლსა და მნიშვნელობასაც სხვანაირად დავინახავთ. პოლარიზებულ გარემოში პროფესიული მედია დომინანტურ პოზიციებს, სავარაუდოდ, ვერასდროს შეინარჩუნებს. როგორც ზემოთ დავწერე, ჩვენზე გაცილებით მეტად დემოკრატკიულ და სტაბილურ ქვეყნებშიც კი - მაგალითად, გერმანიაში, ტაბლოიდებს არნახულად დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

ამიტომ, რეალისტურად თუ შევხედავთ, ჩვენნაირ პოლარიზებულ და ნახევრად ავტორიტარულ ქვეყანაში პროფესიული მედიის მიზანი ნიშის შენარჩუნება და აუდიტორიის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდა უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროპაგანდისა და სენსაციონალიზმის ალაგმვა. ამგვარ რეალისტურ მიზანზე თუ ვკონცენტრირებით, ამით ნიჰილიზმსაც დავამარცხებთ და მომავალშიც უფრო გრძელვადიან მოგებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.

დასავლეთშიც და საქართველოშიც მეტნაკლებად წარმატებული და ზოგჯერ, დომინანტური პროფესიული მედიის არა ერთი მაგალითი გვაქვს. Yougov-ის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, ყველაზე პოპულარული ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტების სიაში მე-8 ადგილს New York Times-ი იკავებს. ბრიტანული BBC-ის მსოფლიოს ახალი ამბების სერვისი კი გლობალური მედია ბაზრის ერთ-ერთი დომინანტური მოთამაშეა; მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ეს და სხვა მაგალითები გვაჩვენებს, რომ პროფესიული სტანდარტების უკომპრომისოდ დაცვა არ არის შეუთავსებელი მედიის, როგორც ბიზნესის ინტერესებთან.

საქართველოში პროფესიონალიზმისა და ბიზნეს ინტერესების შეთავსება შედარებით რთულია, იმის გამო, რომ ქვეყანა ღარიბია, მაგრამ ზოგიერთმა ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მედია საშუალებამ მაინც შეძლო თავის დამკვიდრება. მაგალითად, Top.ge-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემის, „ნეტგაზეთის“ ვებგვერდს თვეში საშუალო 700 000 ადამიანი სტუმრობს. მედიისთვის, რომელიც მკვეთრად არასენსაციონალისტურ ახალ ამბებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პროპაგანდით არ არის დაკავებული, ვფიქრობ, ეს ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში, დონორების დახმარების გარეშე, დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება ძნელია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გადარჩენა და ზრდა თეორიულად მაინც შესაძლებელია. დანარჩენი უკვე ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპსა და დემოკრატიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ