რუსეთმა შეგვახსენა, როგორია ბოროტება და როგორ უნდა დავამარცხოთ ის
26.03.2022
რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ ხოცვა და რუსეთის მთავრობისგან წამოსული ბირთვული აპოკალიფსის მოწყობის მუქარები რომ ბოროტებაა, ამაზე წესით ნორმალურ საზოგადოებაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, ამ კონტექსტში განგებ ვიყენებ მორალურად და ემოციურად დატვირთვულ სიტყვას - „ბოროტებას“.

ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სწორედ ამგვარი მეტაფიზიკურ-რელიგიური ტერმინით უფრო უკეთ აღიწერება, ვიდრე სეკულარულ-პროფესიული ჟარგონებით (აქვე გავიხსენოთ ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაახასიათა, როგორც „ბოროტების იმპერია“).

რუსეთის იმპერიის სახით პრიმორდიალურ, ანუ პირველყოფილ ბოროტებასთან გვაქვს საქმე - ისეთთან, როგორზეც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების თქმულებები მოგვითხრობენ (ნიშანდობლივია, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინელები ტოლკიენის რომანების პერსონაჟებს ადარებენ და მათ „ორკებად“ მოიხსენიებენ).

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბოროტებასთან მიმართებაში ჩნდება, არის ის, თუ როგორ ოპერირებს ის. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ამ დღეებში ბევრს გაახსენდებოდა ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის გენიალური ნაწარმოები „1984“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწარმოები ბევრმა ჩვენგანმა რუსეთის ქმედებებზე ფონზე ახლებურად გაიაზრა (და განიცადა).

ზუსტად ისე, როგორც ორუელის „1984“-ში, იმპერიალისტურმა დესპოტურმა სახელმწიფომ რეალურ დროში შექმნა თავისი ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. გავიხსენოთ, რომ ორუელის ნაწარმოებში ტოტალიტარული სახელმწიფოს, ოკეანიის მმართველ პარტიას სამი მთავარი სლოგანი აქვს: „ომი არის მშვიდობა“, „თავისუფლება არის მონობა“ და „უცოდინრობა არის ძალა“. სამივე მათგანი განსაცვიფრებლად ზუსტად ასახავს დღევანდელი რუსეთის პროპაგანდისტულ სტრატეგიას, რითიც ის უკრაინაში თავისი რეგულარული ჯარების შეჭრასა და უდანაშაულო ადამიანების უმოწყალოდ ხოცვას ამართლებს.

„ომი არის მშვიდობა“ - ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ რუსეთის მიერ გამოცხადებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ძირითადი პათოსი. რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ - სინამდვილეში კი, სრულმასშტაბიანი ომის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

ამ მიზნის მისაღწევად, ცხადია, რომ რუსეთს სჭირდება უკრაინის ტერიტორიის დაკავება და უკრაინელი ერის დამორჩილება. თუმცა პუტინისა და მისი მიმდევრების მიხედვით, ეს მოსახლეობის დამონება კი არა, პირიქით, გათავისუფლება იქნება. მაგალითად, პუტინმა თავის 24 თებერვლის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურმე “რუსეთის მიზნებში არ შედის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია”. ამრიგად, პუტინის ვერსიით, გამოდის, რომ თავისუფლება, რომელსაც რუსეთის „დახმარებით“ უკრაინამ უნდა მიაღწიოს, არის მონობა.

ეს ტყუილები უწყვეტად ცირკულირებს რუსულ მასმედიაში. რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალეს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები - მათ შორის, მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელები: „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“.

რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება კონფლიქტის ზონაში. თუმცა ეს, გარკვეული აზრით, ნებაყოფილობითი უცოდინრობა სახელმწიფოს კი არ ასუსტებს, არამედ პირიქით, აძლიერებს. ამრიგად, გამოდის, რომ უცოდინრობა არის ძალა.

ის, რომ ორუელის მიერ გამოგონილი სლოგანები ასე ზუსტად აღწერს რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას, შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, ორუელმა მიაგნო ბოროტების ზოგად მატრიცას - მან აღწერა ის, თუ როგორ ოპერირებს ბოროტება თანამედროვე (და ალბათ ისტორიულ) საზოგადოებებში.

ბოროტების ეს მატრიცა შემდეგნაირია: როგორც წესი, ბოროტების ჩამდენი და გამავრცელებელი არ ეუბნება ხალხს, რომ ის სჩადის ისეთ საქციელს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო დონეზე დანაშაულად ითვლება. ამის ნაცვლად, მანიაკი უარყოფს თავად რეალობას და სიკეთის ენაზე თარგმნის მის მიერ ჩადენილ ბოროტებებს.

ამის გათვალისწინებით, დღესდღეობით, იმპერიალისტური რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფრონტს მედია სივრცე წარმოადგენს. ყალბ ახალ ამბებთან, პუტინისტ ბოტებთან და ტროლებთან მებრძოლი ადამიანები ურტყამენ ბოროტების მთავარ არტერიას. ისინი აშიშვლებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებებს, რომლებიც სიკეთის სახელით ინიღბებიან.

აქედან გამომდინარე, გარკვეული აზრით, დღევანდელი პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის ტყუილებს აშიშვლებენ, მეომრები არიან. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მათი სიტყვები არიან ჯაველინები, სათაურები კი - ბაირახტრები. ამიტომ, მათ ბრძოლას ბოროტების იმპერიის მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობის წინააღმდეგ ისეთივე მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, როგორსაც ვუცხადებთ ცეცხლსასროლი იარაღებით მებრძოლებს.

თუ ბოროტების მატრიცა სწორედ ისეთია, როგორიც ორუელმა აღწერა, მაშინ მისი დამარცხების ერთ-ერთ გზა ტყუილების გამშიფვრელი მედიის გაძლიერებაა. სხვანაირად ბრძოლის ველზე მოპოვებული ყველა გმირული თავგანწირვა შესაძლოა მტერმა სამუდამოდ ამოშალოს ისტორიის ფურცლებიდან.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ