როგორ შევხედოთ დასავლეთს საქართველოდან?
28.04.2022
დასავლეთი ის სოციოპოლიტიკური სივრცეა, რომლისკენაც ჩვენი საზოგადოება მიისწრაფვის. ასევე, დასავლეთში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად აღქმა.

თუმცა სამწუხაროდ, დასავლეთის სწორად აღქმაში ზოგჯერ ჩვენში ღრმად გამჯდარი კომპლექსები გვიშლის ხელს. ქართული მეინსტრიმული მედიისა და ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება ევროპისა და ამერიკის მიმართ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციაც შეგვიძლია დავყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, ორივე მათგან თანაბრად კონტრპროდუქტიულია. ქვემოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე განვიხილავ.

პირველი ტენდენცია, რომელიც ერთი შეხედვით, მეორეზე უფრო დომინანტურია, არის დასავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვა ნაციონალისტური პრიზმიდან. ეს გულისხმობს საქართველოში აქტუალური პრობლემებისა და პოლიტიკური დაყოფების მთელ მსოფლიოზე და განსაკუთრებით, დასავლეთზე განვრცობას. ამ მავნე პრაქტიკას, განსაკუთრებით, დომინანტური ქართული პოლიტიკური პარტიები მისდევენ და მათი გავლენით, მედიისა და საზოგადოების ნაწილიც ადგილობრივი შავ-თეთრი პოლიტიკური დიქოტომიებით აღიქვამს დასავლურ პოლიტიკას.

ზემოთაღნიშნული მსოფლმხედველობის ერთი მაგალითია დასავლეთში მიმდინარე მოვლენების „ნაცებისა“ და „ქოცების“ მოკავშირეების დაპირისპირებად აღქმა. ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რომ დასავლურ პოლიტიკურ დებატებში საქართველოს და ქართული პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ცენტრალური ადგილი, ძირითადად, არ უკავიათ. ამასთანავე დემოკრატიული დასავლური ქვეყნების პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში რთული და მრავალშრიანია, ვინაიდან ის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას მოიცავს.

უფრო მეტიც, ბოლო დრომდე დასავლურ პოლიტიკურ დებატებში არც რუსეთთან დაპირისპირება იყო მთავარი პოლიტიკური თემა. მართალია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამ მხრივ ვითარება ცალსახად შეიცვალა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ დასავლეთის წამყვან ქვეყნებში - ისე, როგორც საქართველოში, ნებისმიერი არჩევნების ცენტრალური თემა ეს არის.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის 20% მიტაცებული აქვს რუსეთს და, რომელიც მუდმივად განიცდის მცოცავი თუ სრულმასშტაბიანი ოკუპაციის საფრთხეს. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ საქართველოში ცენტრალური პოლიტიკური საკითხი რუსული იმპერიალიზმის შეჩერებაა. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ანალოგიური მოლოდინი ვერ გვექნება დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. მაგალითად, საფრანგეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, მაგრამ არა ერთადერთი. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ლე პენმა და მაკრონმა, რუსული იმპერალიზმის გარდა, ბევრი სხვა საკითხი განიხილეს - მათ შორის, ეკოლოგია, იმიგრაცია, სოციალური დახმარებები, ევროკავშირის წევრობა და ა.შ.

ნაციონალისტური პრიზმა მკვეთრად ამახინჯებს ჩვენ მიერ დასავლეთის აღქმას. იმის გამო, რომ ვერ ვიგებთ, თუ სინამდვილეში, რით აიხსნება კონკრეტული მოვლენები, არასწორ მოლოდინებს ვიქმნით ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ არასწორ ნაბიჯებსაც ვდგამთ. იმისთვის, რომ მავნე შედეგები თავიდან ავიცილოთ, გვჭირდება ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს და განსაკუთრებით, დასავლეთის უკეთ გაცნობა და სხვა სოციოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეებში მიმდინარე მოვლენების კონტექსტუალური აღქმა.

ამავე დროს, არსებობს საპირისპირო ტენდენციაც, რომელიც ნაციონალისტურ მიდგომაზე არანაკლებ საზიანოა. კერძოდ, ვგულისხმობ ჩვენი საზოგადოებისა და მედიის ნაწილისთვის დამახასიათებელ ერთგვარ (კვაზი)კოლონიალისტურ მიდგომას დასავლური ქვეყნების მიმართ. დასავლეთში ბევრ სოციალურ, შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ თემაზე არ არსებობს ერთიანი შეთანხმებული აზრი. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში მაინც არსებობს ერთიანი, მონოლითური „წმინდა“ დასავლეთის ხატი.

ამ ხატის არსებობა საზიანოა, ვინაიდან ის უაზრობისკენ და ზოგჯერ, საკუთარი ინტერესების უგულებელყოფისკენ გვიბიძგებს. ზოგიერთ შემთხვევაში, დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ან ცალკეული პოლიტიკოსები ცდებიან და ამ შეცდომებზე მითითება აუცილებელია. მაგალითად, ბოლო დროს, ბევრს აკრიტიკებდნენ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში. ამ ქვეყნებმა თავიანთი პოზიციების სიმცდარე, გარკვეულწილად, თავადაც აღიარეს და ახლა, ნაწილობრივ მაინც, ცდილობენ, რომ თავიანთი საგარეო პოლიტიკა ახალ რელსებზე გადააწყონ. დასავლეთის მონოლითურ, შეუმცდარ და საკრალურ ერთობად აღქმა მსგავსი ჩავარდნების შემჩნევასა და მათზე მითითებაში ხელს შეგვიშლის. ეს კი, საბოლოოდ, ჩვენი ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

იმისათვის, რომ დასავლეთში მიმდინარე მოვლენები გავიაზროთ, არ არის საჭირო არც საკუთარი კონტექსტის დასავლურ სოციოკულტურულ სივრცეზე ხელაღებით განვრცობა და არც ამ სოციოკულტურული სივრცის ირაციონალური „გაფეტიშება“. ორივე შემთხვევაში თავს ამოვყოფთ მცდარ და ზოგჯერ კომიკურ სიტუაციაში (აქ უკვე არა ერთხელ ამოგვიყვია ისედაც თავი). ამ ბალანსის დაცვა, ასევე, აუცილებელია იმისთვისაც, რომ დასავლეთმა მიგვიღოს, როგორც თანასწორი პარტნიორი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს დიდებული ცივილიზაციის განვითარებაში.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ