რატომ უნდა გადავამოწმოთ ფეისბუქის სენსაციები?
23.08.2022
ბოლო პერიოდში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გახშირდა გადაუმოწმებელი ფაქტების ცირკულაცია, ვიდეობისა და ფეისბუქ პოსტების სახით. ასეთ გახმაურებულ შემთხვევებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ „რუსი ტურისტების“ ცნობილი ვიდეო მარჯანიშვილზე და კატების სტენსილები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში (). ამათ გარდა, ვრცელდება უამრავი მულტიმედია მასალა და მონათხრობი, რომელიც ომს ან რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას შეეხება.

ხშირ შემთხვევაში, გადაუმოწმებელი ფაქტების გამავრცელებლებს კეთილი მიზნები ამოძრავებთ - მათ შორის, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შეკავება ან რუსეთის რბილი ძალის განეიტრალება. თუმცა ამ სტატიაში მინდა იმ შესაძლო საფრთხეებზე ვისაუბრო, რაც კეთილი მიზნებით გავრცელებულ გადაუმოწმებელ ფაქტებს სდევს თან.

ცნობილია, რომ გადაუმოწმებელი ამბებისადმი დაუსაბუთებელი ნდობა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის ადამიანებისთვის. მართალია, როგორც ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, დასავლეთში კონსერვატორები უფრო არიან მიდრეკილები ყალბი ამბების დაჯერებისკენ, ვიდრე ლიბერალები, მაგრამ ლიბერალობა აპრიორი არ იცავს ადამიანს ყალბი ამბების მავნე ზეგავლენისგან.

ამ ფონზე, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ თუკი ყალბი ამბებისადმი ნდობა ესეთი გავრცელებული ფენომენია, მაშინ რატომ არ შეიძლება კეთილი ზრახვებით ბოროტებას ვებრძოლოთ თავისივე იარაღით? რატომ არ შეიძლება ყალბი ამბებისადმი მიდრეკილების ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება - მაგალითად, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ან რამე სხვა ზოგადსაკაცობრიო კეთილშობილი მიზნისთვის?

ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მინდა ორ ნაწილად დავყო. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ სიმართლეს აქვს თავისთავადი ღირებულება. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რომ სიმართლე გავარკვიოთ. ეს ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ის, რომ სამართლიანად მოვეპყრათ ადამიანებს ან დავეხმაროთ გაჭირვებულებს. უმრავლეს შემთხვევებში, უბრალოდ, აუცილებელია, რომ სიმართლე გავარკვიოთ.

თუმცა სკეპტიკოსებმა შეიძლება ამაზე მოგვიგონ, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის შესაძლებელი ან მორალურად გამართლებული არ არის. მაგალითად, წარმოიდგინეთ ცნობილი ჰიპოთეტური შემთხვევა, როდესაც სახლში ანა ფრანკს მალავთ, ნაცისტები მოგადგდნენ და გეკითხებიან მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ცხადია, ამ შემთხვევაში, სიმართლის თქმა მორალურად სწორი არ არის. ერთი სიტყვით, უნდა დავუშვათ, რომ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც სიმართლე განგებ უნდა დავმალოთ და ამაში ცუდი არაფერი იქნება.

ზემოთქმულის გათვალისწინებთ, სტატიის დასაწყისში დასმული პრობლემის ხელახლა ფორმულირება შემდეგნაირად შეგვიძლია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ან სხვა მსგავს ექსტრემალურ ვითარებაში, არსებობს თუ არა საკმარისი მიზეზები იმისთვის, რომ სიმართლე არ გადავამოწმოთ და უბრალოდ, ვიდეოს ან პოსტის სასარგებლო მესიჯზე ვკონცენტრირდეთ?

ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს სულ მცირე ორი მიზეზი, რატომაც უნდა ყოველთვის გადავამოწმოთ ნებისმიერი ვიდეო ან პოსტი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს. პირველი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს პოტენციური მსხვერპლი (ზოგჯერ არა ერთი), რომელსაც განსაკუთრებული ზიანი მიადგება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდება. ნებისმიერი მედიის და საჯარო ინსტიტუტიციის ვალდებულებაა, რომ დააბალანსოს კერძო და კოლექტიური ინტერესი. ამის გაკეთება ხშირად რთულია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლებელია.

მეორე მიზეზი, რატომაც ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ გადაუმოწმებელი ფაქტები, ის არის, რომ კეთილი მიზნებისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება და შენარჩუნება. როდესაც რომელიმე მედია ან საჯარო პირი ხშირად ცდება, ეს მის რეპუტაციას აყენებს ზიანს. ამის შედეგად, მოქალაქეები ხდებიან ცინიკურები და ნიჰილისტურები, რაც თავის მხრივ, მტერს ეხმარება თავისი მიზნების განხორციელებაში. სანდო და პროფესიონალური მედია ყველა პრობლემის გასაღები არ არის, მაგრამ მისი არსებობა აუცილებელი წინაპირობაა საერთო ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ისტორიის სწორ მხარეს გადასაბირებლად.

რომ შევაჯამოთ, სიმართლის თქმას არა მხოლოდ თავისთავადი ღირებულება აქვს, არამედ ამის გაკეთება, ასევე, ადამიანურად სწორია და პოლიტიკურად გამართლებული. უმეტეს შემთხვევებში, ექსტრემალური ვითარება, რომელშიც ვცხოვრობთ, არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ არ ჩავეძიოთ ჭეშმარიტებას და კეთილი მიზნებისთვის გადაუმოწმებელ ფაქტებს დავეყრდნოთ. იმ უპრეცედენტო გამოწვევის ფონზე, როგორიც არის რუსეთის საინფორმაციო ომი უკრაინისა და ცივილიზებული კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს არც თუ ისე ბანალური ჭეშმარიტება არ უნდა დაგვავიწყდეს. სხვა შემთხვევაში, ბრძოლაში არასწორი მეთოდების გამოყენებით ადვილად დავსუსტდებით.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ