რაში გვჭირდება რუსეთის გაშუქება
14.10.2022
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო ველის გავლენა თანდათანობით შემცირდა.

განსაკუთრებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რუსული პროპაგანდისტული გამოშვებების დაბლოკვამ თანდათანობით მოგვწყვიტა ყოფილი კოლონიზატორისა და ამჟამინდელი ოკუპანტის საინფორმაციო ველს. გარკვეულწილად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ საინფორმაციო ომთან გასამკლავებლად ეს აუცილებელ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ.

ამ ლოგიკით, რაც უფრო ნაკლები შეხება გვექნება რუსულ კულტურულ და საინფორმაციო სივრცესთან, მით უფრო ნაკლებად მოვექცევით ოკუპანტი იმპერიის გავლენის ქვეშ. შედეგად, საქართველოში გარკვეული საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა - ქართული მედია, როგორც წესი, რუსეთის შიდა მოვლენებს იშვიათად და ზერელედ აშუქებს.

ბოლო პერიოდში, იმის გასაგებად, თუ რა ხდება რუსეთში, ძირითადად, დასავლურ წყაროებს ვკითხულობ ხოლმე - მათ შორის, განსაკუთრებით, დიდ ყურადღებას ვუთმობ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, “ომის კვლევის ინსტიტუტის“  ანგარიშებს. მაგალითად, ისიც, რომ ბოლო დროს რუსეთის შიგნით შესაძლოა გამწვავდა დაპირისპირება ძალოვან უწყებებს შორის, ასევე, დასავლური გამოცემიდან გავიგე.

საკითხავია, რამდენად სწორია ის, რომ რუსეთის შიდა მოვლენებს, ძირითადად, იშვიათად და ზერელედ ვაშუქებთ. ნიშნავს თუ არა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა რუსეთის შიდა მოვლენების ანალიზზე უარის თქმას? ამ სტატიაში მოვიყვან სულ მცირე სამ არგუმენტს, თუ რატომაც უნდა გავაშუქოთ და გავაანალიზოთ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისგან კულტურულ და საინფორმაციო თვალსაზრისით დისტანცირებასაც აუცილებლად უნდა ვეცადოთ.

პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც რუსეთის გაშუქება და გაანალიზებაა საჭირო, ის არის, რომ ეს არის ქვეყანა, რომლისგანაც ეგზისტენციალური საფრთხე გველოდება. სწორედ ამიტომ, საჭიროა მასზე ადეკვატური წარმოდგენა გვქონდეს. აუცილებელია, რომ სათანადოდ შევისწავლოთ და გავაშუქოთ რუსეთის მიერ მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ჰიბრიდული და საინფორმაციო ომი და შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვცადოთ სიტუაციის ანალიზი საქართველოში. თეორიულადაც კი გამორიცხულია ის, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწეოდეს სხვადასხვა სახის ძირგამომთხრელ საქმიანობებს და არაფერს აკეთებდეს საქართველოში - ქვეყანაში, რომლის 20%-იც ოკუპირებული აქვს და რომლის დამორჩილებასაც ცდილობს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას აკეთებს და გეგმავს რუსეთი საქართველოში, მეტი უნდა გავიგოთ ოკუპანტის შესახებ.

ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის ჯეროვნად გაშუქება და გაანალიზება სწორედ რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად გვჭირდება. საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს სათანადო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მუშაობს რუსეთში ავტორიტარული და ახლა უკვე, თითქმის ტოტალიტარული რეჟიმი. ბევრმა ქართველმა, ასევე, კარგად არ იცის, თუ როდის რა პოზიციები ჰქონდათ და აქვთ რუს ოპოზიციონირებს (სწორედ ამის გამო ქართველების ერთი ნაწილისთვის გასაკვირი იყო ოპოზიციონერ ქსენია სობჩაკის ქცევები საქართველოში). როგორც დავწერე, რაღაც დოზით, ეს ცუდი სულაც არ არის, რადგან რუსული სოციოკულტურული სივრციდან თავის დაღწევას ვცდილობთ. თუმცა მეორე მხრივ, აუცილებელია ფაქტობრივ დონეზე პროპაგანდის გაშუქება და გაანალიზება. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ არ შევიქმნათ არასწორი საზოგადოებები რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმსა და მის ოპონენტებზე.

მესამე (თუმცა არა უკანასკნელი) მიზეზი, რატომაც რუსეთის უკეთ შესწავლა და გაშუქება გვჭირდება, ის არის, რომ რუსეთი, გარკვეული აზრით, არის იმ პოსტსაბჭოთა მენტალური მანკიერებების პირველწყარო, რომელიც მათ შორის, საქართველოს განვითარებასაც აფერხებს. პოსტსაბჭოთა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის, კორუფციის, გულგრილი და არაეფექტური მართვის სტილის, შოვინიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, უმცირესობების სასტიკი დევნის და ა.შ.

ის მოდელები, რაც რუსეთშია დომინანტური, ხშირად, გაბატონებულია მის ყოფილ კოლონიებშიც. იმისათვის, რომ პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმი თავისი კლასიკური ფორმით შევისწავლოთ, ამისთვის პირველ რიგში, რუსეთს უნდა დავაკვირდეთ. ამითი ჩვენ მეტს გავიგებთ იმ მანკიერებათა ბუნების შესახებ, რაც საქართველოშია გავრცელებული; ასევე, გავიგებთ იმასაც, თუ რა გველის იმ შემთხვევაში, თუ განვითარებაზე უარს ვიტყვით და უკან, რუსეთის გავლენის სფეროში დავბრუნდებით.

საბოლოო ჯამში, რუსეთის გავლენისგან თავის დახსნა გულისხმობს არა მხოლოდ რუსულ პროპაგანდაზე უარის თქმას, არამედ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ჯეროვნად გაანალიზებას, რუსული პროპაგანდის ემპირიულ დონეზე გაბათილებას და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის ბუნების შესწავლას. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაშიც, რომ გავთავისუფლდეთ (პოსტ)კოლონიური მენტალობისგან, რომელიც დროდადრო დღემდე გვექაჩება იმპერიისკენ.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ