2022 წლის შეჯამება: სამოქალაქო დაპირისპირების რიტორიკა გაერთიანების ნაცვლად
27.12.2022
2022 წლის შეჯამება:

სამოქალაქო დაპირისპირების რიტორიკა გაერთიანების ნაცვლად

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რეგიონალური და მსოფლიო წესრიგი შეარყია. დასავლურ ქვეყნებში ამ მოვლენამ ბუნებრივად დაიკავა ლამის მთელი საინფორმაციო ველი. უკრაინის გადარჩენა რუსეთის კლანჭებიდან, სავსებით მართებულად, გამოცხადდა ბრძოლად თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დასავლეთის იმ ქვეყნებმა, რომლებსაც აქამდე რუსეთთან დაკავშირებით ამბივალენტურ პოზიციები ჰქონდათ (მაგალითად, გერმანიამ და საფრანგეთმა), აღიარეს ახალი რეალობა და მისი სიმწარე. დასავლთის ერები, იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტად დაყოფილიყვნენ, ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად ახალი შემართებით გაერთიანდნენ.

პარადოქსულია, მაგრამ გაერთიანების ნაცვლად, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, პოლიტიკური და მედია ელიტები საქართველოში კიდევ უფრო მეტად დაიყო და დაიქსაქსა. სააკაშვილის უკრაინიდან ჩამოსვლამ შიდა პოლიტიკური დაყოფები კიდევ უფრო მეტად გაამწვავა და ქართული პოლიტიკა უფრო მეტად პერსონალური გახადა, ვიდრე აქამდე იყო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ და მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედია საშუალებების (ასევე, მისი პარტიული სატელიტების) რიტორიკის ცენტრალური მოტივი იყო ყველა ისეთი ადამიანის „ომის მომხრედ“ გამოცხადება, ვისაც საქართველოს ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკაზე განსხვავებული შეხედულება აქვს. ამ გზით, „ქართული ოცნება“ ცდილობდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას და საინფორმაციო ველის კონსოლიდირებას ეგზისტენციალური საფრთხის მოხმობით.

მაშინ, როდესაც რაღაც მოვლენა ეგზისტენციალური მნიშვნელობის საფრთხედ ინათლება, მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის გადარჩენა ცხადდება ისე, რომ მოცემულ თემაზე რაციონალური დისკუსიების გამართვის ადგილი აღარ რჩება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რიტორიკამ მის მიერ კონტროლირებულ მედიასაშუალებებში კრიტიკული განხილვისთვის აუცილებელი სივრცე მოსპო. მართლაც, რაღაა განსახილველი, თუკი ყველა ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ ემხრობა, ქვეყნისთვის საფრთხეა? ესეთი იყო ხელისუფლების და მისი პროპაგანდისტების ლოგიკა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ოპოზიციურ მედიაში „ომის დაწყების“ ნარატივს უპირისპირდებოდა „ქართული ოცნების“ და მისი პოლიტიკის მხარდამჭერების პრორუსულ, პუტინისტურ ძალად გამოცხადების ტენდენცია. საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ახალი შემართებით მოინათლა „პუტინისტური რეჟიმის“ მიერ საქართველოს ინტერესების ღალატად და კოლაბორაციონიზმად. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ საინფორმაციო ველში მოიმატა საფრთხემ, რომ განსაკუთრებით, ყველაზე რადიკალური ჯგუფების მხრიდან, მოღალატედ გამოცხადებულიყო ყველა, ვინც მოცემულ თემაზე შედარებით ნიუანსურ პოზიციას გამოხატავდა. ამან, ცხადია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რაციონალური დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა დრამატულად შეამცირა.

სააკაშვილის ჩამოსვლამ პოლიტიკური პოლარიზაციის არსებული ტენდენცია კიდევ უფრო მეტად გაამწვავა, სულ მცირე, ორი მიზეზით:

პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სააკაშვილის ჩამოსვლა „ომის დაწყების“ ნარატივთან დააკავშირეს. „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული, ღიად ანტიდასავლური პარტია „ხალხის ძალა“ საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა რაღაც „დიდი სცენარის“ ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის შემოტანაა.

ერთი სიტყვით, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პოლიტიკური ძალების და პროპაგანდისტების ნაწილი ცდილობს სააკაშვილის (და ასევე, ქართული სასამართლოს და პროკურატორის) შესახებ დისკუსია მთლიანად დაიცალოს რაციონალური განსჯისგან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ომისა და ეგზისტენციალური საფრთხის კონტექსტში მოხდეს.

ამის საპირისპიროდ, ოპოზიციაში გამყარდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა და შესაბამისად, მისი პატიმრობიდან გამოხსნა ქვეყნის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნონა მამულაშვილის თქმით, იმის გამო, რომ სააკაშვილი რუსეთის ტყვეა, ის უკრაინაში დატყვევებულ რუსებზე უნდა გაიცვალოს.

ოპოზიციურ საინფორმაციო სივრცეში სააკაშვილის შესახებ დისკუსია, ძირითადად, სწორედ მსგავსი რიტორიკის ფონზე მიმდინარეობდა (არსებობს მცირე გამონაკლისებიც, ცხადია). იმის გამო, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი საგანგებო ზომების მიღებას მოითხოვს, არ რჩება იმის ადგილი, რომ რაციონალურად ვიმსჯელოთ სამართლიანობის უნივერსალურ პრინციპებსა და იდეალებზე. ეს კი თავისთავად ყველაზე უფრო მიკერძოებულ და რადიკალურ აქტორებს აძლევს მეტ გასაქანს, შედარებით ზომიერი პოზიციების დასუსტების ხარჯზე.

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, საგანგაშოა ის, რომ საქართველოში, 1991-1993 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აშკარა ეგზისტენციალურ საფრთხედ პირველად განიხილავენ. საშიში პოლარიზაციის ეს ტენდენცია განსაცვიფრებელია იმ ფონზე, როდესაც გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციების კონსოლიდირება უფრო ხდება, ვიდრე დაყოფა. 2022 წლის თებერვალ-მარტის NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ომის დაწყებამდე მოსახლეობის 24 % მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ქართველების რიცხვი 13 %-მდე შემცირდა

რთული საკითხია ის, თუ რას შეიძლება გამოეწვია პოლიტიკური ელიტების არნახულად პოლარიზაცია იმ ფონზე, როდესაც მოცემულ საკითხებზე საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება მცირდებოდა. სავარაუდოდ, პოლარიზაციის მიზეზები ოლიგარქიულ გავლენებში, რუსეთის აგენტურის (მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების, არამედ ბოტებისა და ტროლების) მოქმედებებსა და ორივე მხარეს ექსტრემისტული და რადიკალური ძალების მოქმედებებში უნდა ვეძებოთ.

ზემოთ აღწერილი „ელიტური“ პოლარიზაციის ფონზე, მაინც იმედისმომცემია ის, რომ საზოგადოებაში ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ მნიშვნელოვან საკითხებზე პოლარიზაცია მცირდება. ადრე თუ გვიან, ამ ფაქტმა შეიძლება მთავარ პოლიტიკურ აქტორებს ერთმანეთთან დაახლოებისკენ უბიძგოს. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი (ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“) უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საზოგადოების უმრავლესობის აზრს ვერ აჰყვება, ეს, სავარაუდოდ, უკონტროლო პროცესების დაწყებას გამოიწვევს. ამიტომ, მომდევნო წლისთვის, ხელი უნდ შევუწყოთ იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებულმა გამაერთიანებელმა განწყობებმა პოლიტიკური დაპირისპირების შემცირება და შეკავება გამოიწვიოს, საინფორმაციო ველი კი უფრო მეტად დემოკრატიული და კრიტიკული გახადოს. ამისთვის, პირველ რიგში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას, თავისუფალ და რაციონალურ განსჯას და დემოკრატიულ საინფორმაციო ველს უნდა დავუჭიროთ მხარი.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ