პროსამთოვრობო ანტიდასავლური რიტორიკის (მზარდი) საფრთხე
20.01.2023
9 იანვარს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულმა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის შეთქმულების თეორიების ავითარებს აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების მმართველობის შესახებ. ეს წერილი გააშუქა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა კერძო ტელეკომპანია „იმედმა“ არამედ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. შათირიშვილის მსგავსი განცხადებები, ისევე, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი „ხალხის ძალის“ გამოსვლები ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილია.

ამ გზით, ივანიშვილს სურს, რომ საკუთარი თავის დასავლეთიდან წამოსული კრიტიკისგან დაიცვას. თავდაცვის მსგავს სტრატეგიას ხშირად „whataboutism”-ს უწოდებენ.

ინგლისური ფრაზა “what about?” ქართულად ნიშნავს „რაც შეეხება?“-ს. „whataboutism”-ის სტრატეგიას ვინც იყენებს, ის თავიდან იცილებს მასზე წამოსულ კრიტიკას იმით, რომ მოწინააღმდეგეს რაიმეში სდებს ბრალს. ივანიშვილს ურჩევნია, რომ დღის წესრიგში მთავარი თემა დასავლეთის კრიტიკა იყოს და არა მისი ოლიგარქიული, ავტორიტარული მმართველობა (რომელიც დასავლური ქვეყნების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება).

თუმცა უნდა ხმამაღლა ითქვას ის, რომ აღნიშნული სტრატეგიით „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ საკუთარ ავტორიტარულ ძალაუფლებას იცავს, არამედ ქვეყანაში დასავლური იდეის დასუსტებას და რუსეთის იდეის გაძლიერებასაც უწყობს ხელს. დასავლეთის კრიტიკა არ არის რაღაც, რაც აკრძალული უნდა იყოს ან რაც, აუცილებლად არასასურველად შეიძლება მივიჩნიოთ. დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს, ძველი ან ამჟამინდელი პოლიტიკის კრიტიკა ბევრნაირი პერსპექტივიდან არის შესაძლებელი. თუმცა ის კრიტიკული პოზიცია, რაც ივანიშვილის დამცველებს და პირველ რიგში, შათირიშვილს აქვთ არჩეული, თავისთავად გულისხმობს პრორუსული ნარატივის გაძლიერებას. ქვემოთ შევეცდები ავხსნა, თუ რატომ მივიჩნევ ასე.

შათირიშვილის მთავარი პრეტენზია აშშ-ს წინააღმდეგ ის არის, რომ მას ოლიგარქები მართავენ, რომლებიც „ლიბერალურ იდეოლოგიას“ ავრცელებენ. „ლიბერალიზმში“ შათირიშვილი გულისხმობს „აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღას“, „რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური დოგმების წინააღმდეგ გალაშქრებას“, „სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინებას“, „აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას“ და “ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს, რომელთა მიზანიც სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლაა”. მისი აზრით, ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით ადამიანი არა ღვთის სახედ შექმნილ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად იქცევა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ზემოთაღწერილი ულტრაკონსერვატორული პერსპექტივიდან შესაძლებელია დასავლეთის კრიტიკა ისე, რომ აუცილებლად მკვეთრად პრორუსულ პოზიციამდე არ მივიდეთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და პოლონეთის მმართველი პარტია, ასევე, ავითარებენ „ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ მიმართულ ულტრაკონსერვატორულ და პოპულისტურ რიტორიკას. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, რომელიც არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, მსგავსი ანტიდასავლური ანტილიბერალიზმი საშიშ გეოპოლიტიკურ იმპლიკაციებს შეიცავს (იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ულტრაკონსერვატიზმი, თავისთავად, თავისუფლებისა და თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიაა).

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შათირიშვილი აშშ-ს აღნიშნული პერსპექტივიდან აკრიტიკებს მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოს ოკუპანტი და მტერი ქვეყანა უკრაინაში იმპერიალისტურ ომს აწარმოებს. ანტიდასავლური პოპულიზმი ესეთ კონტექსტში რუსეთის იმპერიისთვის სასარგებლო გეოპოლიტიკური დასკვნების გაკეთებისკენ გვიბიძგებს.

მსგავს მავნე დასკვნებამდე განსაკუთრებით იმ ფაქტმა შეიძლება მიგვიყვანოს, რომ შათირიშვილი, ფაქტობრივად, არაფერს ამბობს რუსეთზე და მის ფაშისტურ (ამ სიტყვის, ტიმოთი სნაიდესირეული გაგებით) რეჟიმზე. მისი და ივანიშვილის სხვა ულტრაკონსერვატორი მხარდამჭერების - განსაკუთრებით, „ხალხის ძალის“ რიტორიკიდან ისე ჩანს, რომ სამყაროში მთავარი პრობლემა დასავლეთი და მისი „ლიბერალური იდეოლოგიაა“. ამ უკუღმართი პერსპექტივიდან, რუსეთი და მისი ფაშისტური რეჟიმი, მაქსიმუმ, მარგინალურ უსიამოვნებად შეიძლება ჩავთვალოთ.

აღსანიშნავია ის, რომ საშიშ ანტიდასავლურ რიტორიკას, ჯერჯერობით, ქვეყნის პირველი პირები ნაკლებად ავითარებენ. თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული მედიები, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჩათვლით, გამალებით არიან ჩართულები დასავლეთის ყოველი მხრიდან დისკრედიტაციის საქმეში. აღნიშნული ქმედებები, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოშორებას და იმპერიალისტური რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას უწყობს ხელს.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ