რატომ არ უნდა ვაშუქებდეთ დასავლეთს ქართული პოლიტიკის პრიზმიდან
14.02.2023
ერთ-ერთ წინა ბლოგში ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად გვჭირდება რუსეთის ადეკვატურად გაშუქება იმისთვის, რომ ვიცოდეთ, თუ რა ხდება ოკუპანტ სახელმწიფოში. ამ ბლოგში მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, თუ რამდენად გვჭირდება მედიაში დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ხარისხიანად და შინაარსიანად გადმოცემა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ მედიაში - განსაკუთრებით, ონლაინ მედიაში, დასავლეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების ხარისხმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა. მაგალითად, გაჩნდა მაღალი დონის ინტერნეტგამოცემა, რომელიც განსაკუთრებით, ინგლისურენოვან, გერმანულენოვან და ფრანგულენოვან სივრცეებში განხილულ თემებს სწრაფად და ხარისხიანად მიმოიხილავს. ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები უფრო და უფრო მეტად ეცნობიან დასავლეთს და შესაბამისად, უფრო და უფრო უკეთ ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებში გამოთქმული მრავალფეროვანი პოზიციების გადმოცემასა და ანალიზს.

თუმცა აშკარა პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ეთნოცენტრისტული მიდგომა დასავლეთთან მიმართებაში. ეთნოცენტრიზმი მედიაში გულისხმობს სამყაროში მიმდინარე მოვლენების ვიწრო ნაციონალისტური პრიზმიდან აღქმას. შეიძლება ითქვას, რომ ეთნოცენტრიზმი გარკვეული დოზით პოლიტიკურად და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მედიებსაც ახასიათებთ. საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართული პერსპექტივა ევროპასა და ამერიკაზე ფუნდამენტურად ამახინჯებს იმ რეალობას, რაც დასავლეთის ქვეყნებში ხდება.

ქართულ მედიაში დასავლეთში მომხდარი მოვლენების არასწორი პრიზმიდან განხილვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დასავლური პოლიტიკური და სოციოკულტურული ფენომენების გაშუქება ხშირად ქართული პოლიტიკის გადმოსახედიდან ხდება. ქართული მედიის დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს არ აღიქვამს „შიგნიდან“ დანახული პერსპექტივიდან (როგორც ფილოსოფოსები იტყვიან ხოლმე, იმანენტურად).

მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ხდება ასე, ის არის, რომ დასავლური პოლიტიკის პარტიული და იდეოლოგიზირებული ხასიათი ქართული დამკვირვებლისთვის ძალიან უცხოა. ამ შინაგან გაუცხოებას ემატება ისიც, რომ განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგში ზოგჯერ ისეთი თემები წამოიჭრება ხოლმე, რომლებიც ქართული რეალობისთვის არც თუ ისე რელევანტურია.

დამახინჯებულ აღქმები არსებობს არა მხოლოდ ევროპის შედარებით მცირე ზომის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არამედ აშშ-ს შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც. მაგალითად, თითქმის არც ერთ ქართულ მედიას არ გაუშუქებია სიღრმისეულად ის, თუ რა იყო უკანასკნელი პერიოდის ამერიკული არჩევნების მთავარი თემები ან რა იდეოლოგიური დაპირისპირება არსებობს პოლარიზებულ ამერიკულ საზოგადოებაში.

შედეგად, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ძირითადად, ინფორმაცია მოგვეწოდება ქართული პოლიტიკური მენტალური მატრიცის პრიზმიდან. მაგალითად, ხშირად მთელი აქცენტი კეთდება პიროვნებებზე და არა პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე (მოგეხსენებათ, რომ პიროვნებებს შორის ომი ბოლო ოცდაათი წლის ქართული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა).

მართალია, განსაკუთრებით, აშშ-ს პოლიტიკა ბოლო წლებში საგრძნობლად დაემსგავსა ქართულს (განსაკუთრებით, გაზრდილი პოლარიზაციითა და ძლიერ მმართველზე გაზრდილი მოთხოვნილებით), თუმცა პარტიული და იდეოლოგიური დაპირისპირებები ამ ქვეყნის პოლიტიკაში მაინც ბევრად დიდ როლს თამაშობს, ვიდრე საქართველოში. ამერიკული პოლიტიკა არ არის, მარტივად, ტრამპსა და ბაიდენს შორის მიმდინარე ბრძოლა (როგორც საქართველოში, ბოლო ათწლეულში, წინა პლანზე ვხედავთ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის მიმდინარე ბრძოლას), არამედ ეს სხვადასხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებსა და პარტიულ სტრუქტურებს შორის არსებული დაპირისპირებაცაა.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკის გაშუქება ასე ჭირს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფრო ნაკლებად პოლარიზებულ და შინაარსზე მეტად ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების განხილვას. მაგალითად, გერმანული პოლიტიკა თავისი იდეოლოგიური მრავალფეროვნებით და კოალიციური გარიგებებით (გერმანიის მთავრობა ამჟამად სამი სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიისგან შედგება, რომელთა ერთობლიობაც „შუქნიშნის კოალიციის“ სახელით არის ცნობილი) ქართული მედიისა და შესაბამისად საზოგადოების ფოკუსიდან თითქმის მთლიანად გამქრალია.

დასავლეთის არასწორად გაშუქება არა ერთი მიზეზით არის საზიანო. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ დასავლური ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე ვიქმნით მცდარ წარმოდგენებს, ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნების თანამედროვე პოლიტიკისგან უკვე არსებულ ჩამორჩენასაც ვკვებავთ. საბოლოოდ კი ეს საქართველოს და ქართული საზოგადოების ევროინტეგრაციასაც აფერხებს.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ