27.02.2023
გამიჭირდა, მაგრამ მოთმინებით ვუყურე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის სცენარით გადაღებულ ფილმს ერეკლე მეორეზე. „მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“ მაუწყებლის ორსაათიანი მხატვრულ-დოკუმენტური მასალაა, რომელშიც ჟურნალისტებს მოდელირებული საინფორმაციოს წამყვანების როლები აქვთ მორგებული.
სავარაუდოდ, ტელევიზიას ამ ვიდეოს მომზადება სოლიდური თანხა დაუჯდა, გადაღების მასშტაბის, კოსტიუმების, გრაფიკული ვიზუალური ეფექტების გათვალისწინებით.
მოქმედება იწყება თანამედროვე ნიუსრუმიდან ინფორმაციით: „1720 წლის საინფორმაციო გამოშვებას საზღვარგარეთის ამბებით ვაგრძელებთ. რუსეთის ფლოტმა საზღვაო ბრძოლაში შვედეთის ფლოტი დაამარცხა, ამით ჩრდილოეთის დიდი ომი დასრულდა. რუსეთმა ბალტიის ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა...“, - გვამცნობენ საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტები და დროდადრო ჩართვები აქვთ კორესპონდენტთან, რომელიც ხან შუა ბრძოლის ველიდან გვიყვება ახალ და ცხელ-ცხელ ამბებს, ხან კიდევ პირდაპირ მონათა ბაზრიდან გვერთვება ციტატით: „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მონათა ბაზრებზე ყოველთვის უმაღლესი ხარისხითაა წარმოდგენილი და აქ გასაყიდად მხოლოდ ნარჩევი გოგო-ბიჭები მოჰყავთ“.
კადრი ფილმიდან
თუმცა, აქ არ ვისაუბრებ ფილმის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეზე. არც იდეაზე, რომელიც ვიღაცის თავში დაიბადა და მერე ტელევიზიამ აღასრულა.
ამ ბლოგში მინდა რამდენიმე ისტორიულ ფაქტსა და ზოგადად, ფილმის მიზანს შევეხო, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ „ერთმორწმუნე და გადამრჩენელი რუსეთის“ იდეის მატარებელია და ამის შემჩნევას არ სჭირდება ისტორიკოსობა და ბევრი ფილოსოფია.
ამის დასტურად ეს ციტატაც კი საკმარისია, სადაც ვასილ მაღლაფერიძე გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბრობს: „ერეკლე მეფემ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერით საქვეყნოდ მოახდინა დეკლარირება, რომ პატარა აზიური ქვეყანა განვითარების ევროპულ გზას ადგებოდა“.
თუმცა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ვესაუბრე ისტორიკოსებს, მათ შორის, ისტორიის დოქტორ დავით მერკვილაძეს, რომლის წიგნიც ამასწინათ ჩამივარდა ხელში. წიგნი გეორგიევსკის ხელშეკრულების განმაპირობებელ მოვლენებს, ამავე დროს მისი ორივე ხელმომწერი მხარის სახელმწიფო ინტერესებსა და ტრაქტატისაგან გამოწვეულ შედეგებს ეხება.
რაზეა მაუწყებლის ვიდეო?
ვასილ მაღლაფერიძის ავტორობით გადაღებული ფილმის მოქმედება XV საუკუნიდან იწყება და სრულდება რუსეთის იმპერიის მიერ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების დაპყრობით (რასაც ფილმის ავტორები, ძალიან დელიკატურად აღწერენ, თუმცა ამაზე მოგვიანებით).
აქვეა ნახსენები ამასიის ზავი, რომლითაც ირანმა და ოსმალეთმა ქართული სამეფო-სამთავროები გაინაწილეს; ლეკიანობა; XVIII საუკუნის შიდა ფეოდალური აშლილობები და ამიერკავკასიისათვის ირანის, ოსმალეთისა და რუსეთს შორის დაპირისპირებები.
თუმცა, მთავარი პათოსი, რომელიც ფილმს გასდევს ასეთია: როგორ ცდილობდნენ ქართველი მეფეები მუდმივად ევროპასთან კავშირის დამყარებას, თუმცა ამ დროს ევროპელ მონარქებს საქართველოსთვის არ სცალიათ. ამიტომ, ოსმალეთის, ირანისა და ლეკების შემოსევების პარალელურად, „ერთმორწმუნე რუსეთი“ ევროპული იდეებითა და მხსნელის როლით ერთადერთ გადამრჩენელად გვევლინება: “მეზობლების სასტიკი ქმედებებით გატანჯული საქართველო, მზად იყო ნებისმიერ ანტი ოსმალურ და ანტი ირანულ ძალას შეკავშირებოდა და რუსეთის იმპერიაც ზუსტად ამ დროს მოადგა ამიერკავკასიას“, - ამბობს ფილმში მაღლაფერიძე.
- თუმცა, ავტორებს „გამორჩათ“ რამდენიმე ისტორიული ფაქტი, რომელიც მთელი კონტექსტის აღსაქმელად აუცილებელია.
- გენერალი ტოტლებენი - მოღალატე თუ უბრალოდ, რთულად საურთიერთო კაცი?
ერეკლე მეორის მთავარი მიზანი კი, „რუსეთის დახმარებით, ძირძველი ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გაერთიანებაა“, - გვეუბნება მაღლაფერიძე. აქ საუბარია სამხრეთ-დასავლეთ, ანუ ძველი სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის ბატონობისაგან გათავისუფლებაზე.
1769 წელს დარიალის ხეობის გავლით რუსეთის ჯარი საქართველოში ოსმალეთის ზურგში ქართველი მეფეების „დივერსიული“ მოქმედებებისათვის გამოსაყენებლად შემოდის. ჯარის მეთაურად ეკატერინე II-ის მიერ გენერალი ტოტლებენია დანიშნული.
ფილმში გვერდი აუარეს საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტს, რომ 1770 წელს ასპინძის ბრძოლის წინ გენერალმა ტოტლებენმა ერეკლე მეფეს უღალატა და ბრძოლის ველზე მარტო დატოვა.
აღმოჩნდა, რომ მას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ერეკლე ომში დაღუპვის თუ არა, დამარცხების იმედით მაინც, ტოტლებენმა ქართლში თავადების გადაბირება და მათი იმპერატორ ეკატერინეს ერთგულებზე იძულებით დაფიცება დაიწყო. მაგრამ ერეკლემ ამ ომში გაიმარჯვა და რუსი გენერლის გეგმები ჩაიშალა.
როგორაა აღწერილი ფილმში გენერალი ტოტლებენი?
ერეკლე მეფე და გენერალი ტოტლებენი თავიდანვე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მათი ამოცანებიც განსხვავდებოდაო, გვეუბნება ვასილ მაღლაფერიძე და აქვე ამატებს: „ვერც ტოტლებენმა და ვერც მისმა შემცვლელმა სუხოტინმა რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს. თუმცა, ერეკლე კვლავაც ერთმორწმუნე რუსეთის მოკავშირე რჩებოდა და მისი დახმარებით აპირებდა ირან-ოსმალეთისგან დაცვას“.
ისტორიკოსი დავით მარკვილაძე ამბობს, რომ ამ ომში ერეკლე II რუსეთის საიმპერატორო კარმა დაპირებებისა და ფუჭი იმედების მიცემის შედეგად, განზრახ ჩაითრია და ეს დასტურდება ისტორიული დოკუმენტებით, რაზეც მაუწყებლის ფილმში არაფერი თქმულა.
გარდა ამისა, ერეკლე მეფეს ოსმალეთთან ამ დროს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და მისგან არავითარ დაცვას არ საჭიროებდა, ირანი კი იმდენად იყო დასუსტებული, რომ მას მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგული ჰქონდა და დღევანდელი ირანის ჩრდილოეთ ნაწილსაც კი ვერ აკონტროლებდა. ასე, რომ მათგან „დასაცავი“ ქართლ-კახეთის სამეფოს არაფერი ჰქონდა.
გეორგიევსკის ტრაქტატი ფილმში - ევროპული მომავალი?
1783 წლის 24 ივლისს, ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო.
- გეორგიევსკის ტრაქტატით, ორივე მხარე ვალდებულებებს იღებდა:
- ქართლ-კახეთი რუსეთის წინაშე ფიცს დებდა მის სამუდამო ერთგულებაზე და აქვე, ყველა მომდევნო მეფეს სამეფო რეგალიები რუსეთის იმპერატორისგან უნდა მიეღო;
- რუსეთის იმპერია კი, პირობას დებდა, რომ დაიცავდა ქართლ-კახეთს და მის მთლიანობას;
სამეფო ტახტი კი სამუდამოდ იქნებოდა შენარჩუნებული ერეკლე II-ისა და მისი შთამომავლებისთვის და რაც მთავარია, არ ჩაერეოდა ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში.
საიდუმლო მუხლებით ასევე, გათვალისწინებული იყო, რომ: ქართლ-კახეთის სამფოში უნდა გაგზავნილიყო რუსული ჯარი და ომის შემთხვევაში, რუსეთიდან დამატებითი ძალებიც უნდა შემოსულიყო.
რუსეთის იმპერიას ამ პირობებიდან თითქმის, არაფერი შეუსრულებია. მეტიც, 1801 წელს, ეკატერინე II-ის მემკვიდრე პავლე I-მა საგანგებო მანიფესტი გამოსცა, რითაც ქართლ-კახეთის სამეფოს საერთოდ აუქმებდა და მის ანექსიას ახდენდა.
მანიფესტში იგი ამტკიცებდა, რომ ქართველმა ერმა მთხოვა საქართველოს სამეფო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდესო.
ეს მანიფესტი პავლე I-მა ვერ აღასრულა, რადგან იგი შეთქმულებმა მოკლეს. მაგრამ მომდევნო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მალევე გამოსცა ახალი მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს, აღა მაჰმად ხანის შემოსევა საქართველოში ეკატერინე II-ის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჯარის დახმარებით აღკვეთეს.
ფილმში, ავტორი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიასა და ტრაქტატს შორის კავშირს ვერ ხედავს და ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს „შეერთება“ ტრაქტატთან არაფერ შუაშია: „და საერთოდაც, ეს დიდი იმპერიები არ უტოვებდნენ ამ პატარა სახელმწიფოებს არც არსებობის უფლებას და არც ფორმალურ საფუძვლებს ცნობდნენ. ამიტომ, ის, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო და შეიერთა არაა პირდაპირ კავშირში ტრაქტატთან“, - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.
კადრი ფილმიდან
„1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი“, - ეს სიტყვები ივანე ჯავახიშვილის 1919 წელს გამოცემული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიიდანაა, რომელიც XVIII საუკუნეში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას ეხება.
რას გულისხმობდა იგი?
ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე ამბობს, რომ ტრაქტატის მერე, რეალურად, გაორმაგდა და გასამმაგდა საფრთხე: „პირდაპირ წერდა ომარ ხანი ერეკლეს, ჩვენ გსჯით რუსეთთან კავშირის გამოო. რუსეთმა კი, პირიქით, საქართველოდან ორი პოლკი ჯარი გაიყვანა და შემოიყვანა, მას შემდეგ, როცა უკვე აღა მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა (1795 წელს)“.
როგორაა აღა მაჰმად ხანის შემოსევა ფილმში მოყოლილი?
ფილმის მიხედვით, ერეკლემ რუსეთის იმპერატორს დახმარება სთხოვა, „თუმცა, ეკატერინემ მხოლოდ 1795 წლის 4 სექტემბერს გაიხსენა ტრაქტატის არსებობის შესახებ და განკარგულება გასცა, რომ ერეკლეს დასახმარებლად, ორი ბატალიონი გაეგზავნათ. პეტერბურგიდან გამოგზავნილი ბრძანება, გენერალ გუდოვიჩს კავკასიის სამხედრო ხაზზე პირველ ოქტომბერს მიუვიდა. ამ დროს თბილისი უკვე 20 დღის გადამწვარი იყო, აღა მაჰმად ხანი კი თბილისიდან წასული“.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ტრაქტატის დადებიდან რამდენიმე წელში, 1783 წელს შემოყვანილი მცირერიცხოვანი სამხედრო ნაწილი რუსეთის იმპერიამ 1787 წელს უკან გაიწვია.
- რუსეთის ტყუილები და ფანდები ქართველი მეფეების ბრძოლის ველზე მიტოვებით არ შემოიფარგლებოდა.
„ერეკლეზე რუსეთი მუდმივად დიპლომატიურ ზეწოლას ახორციელებდა, მოქმედებდა ჯაშუშებით. უქმნიდა საფრთხეს ქართლის ტახტზე მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილის სახით. ამიტომ, ბევრი ფაქტორის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც, მეფის ნაბიჯები შეიძლება გავიგოთ, მაგრამ ტყუილია, როცა ამბობენ, ეს ყველაფერი თვითონ მეფეს მოსწონდა და უნდოდაო“, - ამბობს დავით მერკვილაძე.
საქართველოსადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს ეკატერინე II-სა და იმპერიის უმაღლესი მოხელის, გრიგოლ პოტიომკინის მიმოწერაში, სადაც ვკითხულობთ, როგორ ულოცავდნენ კმაყოფილი იმპერატრიცა და მისი მოხელე ერთმანეთს ქართლ-კახეთის დაპყრობას და ამბობდნენ, რომ „ის მიწები, რომლებსაც ალექსანდრე მაკედონელმა და პომპეუსმა უბრალოდ შეხედეს, თქვენ შეძელით და მიაბით რუსეთის სტრიპტრსო( „Земли, на которые Александр и Помпей, так сказать, лишь поглядели, те вы привязали к скипетру российскому“).
ასეთივე კმაყოფილი საუბრობს ვასილ მაღლაფერიძე თავის ფილმში, როცა გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებზე გვიყვება. ზუსტი შინაარსის გადმოცემა გამიჭირდება, ამიტომ რამდენიმე მის ციტატას დავიხმარ:
„მეთვრამეტე საუკუნის რუსეთი გაცილებით პროგრესული და განვითარებული სახელმწიფო იყო, ვიდრე ირანი და ოსმალეთი და ერეკლესთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისკენ გასასვლელის გაჭრა. ქვეყანაში განათლების და მეცნიერების შემოტანა და ახალი ტექნოლოგიების გაცნობა ათვისება.
ამასთანავე, ქრისტიანთა განუწყვეტელი დევნის პირობებში ქართველებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ერთმორწმუნეობის ფაქტორი.
პატარა კახი რომ არა, საქართველოს ემუქრებოდა ჩამორჩენილ აზიურ პროვინციად დარჩენა და ენის, ეროვნულობისა და სარწმუნოების დაკარგვა“.
რუსეთი - ჩვენი არჩევანი?
გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ზუსტად ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. თუმცა, საქართველოში დღესაც გვესმის დავა - ამ ხელშეკრულებამ უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა თუ პირიქით.
საბჭოთა ისტორიოგრაფიამ თავისი კვალი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მაინც დატოვა და ჯერ კიდევ ვერ გახდა შესაძლებელი, ამ პერიოდის სწორად გადააზრება.
თუმცა, ძალიან გამიჭირდებოდა წარმოდგენა, რომ ამ პათოსს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკრანიდან მოვისმენდი და ამ კრემლისტური პროპაგანდისტული იდეების გამავრცელებლად, ტელემაუწყებლობის წარმომადგენლები თავად მოგვევლინებოდნენ.
ამიტომ, ღიად დავტოვებ კითხვას - საერთოდ, რატომ გადაიღეს ეს ფილმი და რის თქმა უნდოდათ ამით ავტორებს? და სადაა იმ დროს „გაჭრილი ევროპული ცივილიზაციისკენ გასასვლელი გზა?“.