19.05.2023
მსგავსი სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც აღნიშნული არასამთავრობოების დაკვეთით, პროფესიონალური კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ ხოლმე, ხშირად ქვეყნდება და მათი განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს მედია სივრცეში.
ამ სტატიაში მინდა ყურადღება მივაპყრო იმ პრობლემებს, რაც ხელს უშლის სოციოლოგიური კვლევების შედეგების ეფექტურად გაშუქებას და ამ საკითხებზე აუდიტორიასთან კომუნიკაციას.
კვლევების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა სახის მედიას სხვადასხვა დოზით აწუხებს. ამიტომ მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც შედეგების ეფექტურად კომუნიკაციისთვის გადამწყვეტია.
პირველი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმის სწორად ახსნაა, თუ რა არის სოციოლოგიური კვლევა. ესეთი გამოკითხვები ეყრდნობა მათემატიკურ ფორმულებსა და გაანგარიშებებს და მოითხოვს სტატისტიკისა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების სპეციალურ ცოდნას. უმთავრესი მათემატიკური დაშვება, რასაც მკვლევრები აკეთებენ, არის ის, რომ შემთხვევით შერჩეული (მაგალითად, ლოტოს ან ლატარეის პრინციპით) მცირე რაოდენობის ადამიანების გამოკითხვა მოგვცემს ბევრი ადამიანის განწყობების მეტნაკლებად სწორ აღწერას.
ამის გამო, NDI-ის და IRI-ის გამოკითხვების შედეგები განსხვავდება, მაგალითად, ქუჩის ან სატელევიზიო გამოკითხვებისგან. თუ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე არ არის დაფუძნებული, მას ახასიათებს ის, რასაც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელები უწოდებენ „სისტემურ მიკერძოებას“. მაგალითად, ქუჩის გამოკითხვის დროს შეიძლება არაბუნებრივად ხშირად შემოგვხვდნენ გარკვეული ტიპის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დროს მოძრაობენ მოცემულ ქუჩაზე (მაგალითად, სტუდენტები, იმიგრანტები, დასაქმებულები და ა.შ.). ასეთი ტიპის გამოკითხვა მოსახლეობის საერთო განწყობების გასაზომად ვერ გამოდგება.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების უკეთ საილუსტრაციოდ, სასურველია გამოკითხვების დინამიკაში წარმოდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ თემაზე იმავე მეთოდოლოგიით ჩატარებული გამოკითხვები უკვე არსებობს). სხვანაირად, ხშირად, გაუგებარია ხოლმე, თუ კონკრეტულად რა შეიცვალა - რა მოხდა ისეთი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს?
მაგალითად, IRI-ის ბოლო გამოკითხვის საფუძველზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგი ვარდნას განიცდის. სინამდვილეში, კვლევის შედეგებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო წლებთან შედარებით, არსებითად, მხოლოდ მთავრობის რეიტინგია შემცირებული.
კვლევის გაშუქების დროს, მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ჩამოუყალიბებელი პასუხების ან პასუხზე უარის თქმის ინტერპრეტაცია. ზოგადი წესი ის არის, რომ თუკი ამომრჩეველი ჩამოუყალიბებელია ან უარს ამბობს პასუხზე, დაუშვებელია, რომ მას მიაწერო ისეთი მოსაზრება, რაც მას არ ეკუთვნის. მაგალითად, თუკი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მან არ იცის, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ეს სწორედ იმას გულისხმობს, რაც გვესმის. იგივე შეიძლება ითქვას ისეთ ამომრჩეველზეც, რომელიც უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.
ამასთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება, რომ გარკვეულ შეთხვევებში, საჭიროა „არ ვიცი“-ს და „უარი პასუხზე“ შედეგების გაუქმება და მხოლოდ იმ პასუხების პროცენტულად დაჯამება, რომელიც კონკრეტული პარტიებისადმი/კანდიდატებისადმი სიმპათიას გამოხატავს. თუმცა ეს გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული ვიქნებოდით, რომ გაუქმებულ შედეგებს არ ახასიათებთ სისტემური მიკერძოება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, რომ ჩამოუყალიბებელ ან უარის მთქმელ რესპონდენტებს შორის რომელიმე კონკრეტული სიმპათიის მქონე ჯგუფი ჭარბობდეს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ უარის მთქმელებს შორის ჭარბობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც კონტროვერსიული პოზიციებით გამოირჩევიან (შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მათ სხვებზე მეტად „მორცხვი“ მხარდამჭერები ჰყავდეთ). ამის გამო, გამართლებული არ იქნება მათი პასუხების „გაუქმება“ და თანაბრად გადანაწილება დარჩენილ ჯგუფებზე.
ზემოთაღნიშნული პრობლემები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პოტენციური ჩავარდნებისა, რომლებიც სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების პრეზენტაციის დროს შეიძლება წავაწყდეთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ზოგადი საკითხებია, რომლებსაც მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. სხვა, უფრო ღრმა და დეტალურ საკითხებზე კი მედიის წარმომადგენლები მუდმივად დარგის ექსპერტებთან უნდა გადიოდნენ კონსულტაციას. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს არსებულ რეალობაზე არასწორი შეხედულება არ შეექმნათ და ქართული პოლიტიკაც ცრუ წარმოდგენებისა და მოლოდინებისგან დაიცალოს.