სოციალური ქსელიდან გამოთიშვისა და მოწყენილობის სიკეთეების შესახებ
11.07.2023
„ქსელიდან გამოთიშვის“ („going off the grid”) კონცეფცია, განსაკუთრებით, ეკოლოგისტურ წრეებშია პოპულარული. მეინსტრიმული საზოგადოების მიმართ რადიკალურად განწყობილი გარემოს დამცველები ამ ლოზუნგის ქვეშ გულისხმობენ ელექტრო და სხვა კომუნალური მომსახურების ცენტრალიზებული ქსელებიდან გამოსვლას და მდგრადი ცხოვრების სტილის გაზიარებას.

ხშირად, ამ მიზნით, ეკოლოგისტები ქმნიან სოფლის ტიპის დასახლებებს (მაგალითად, ტამერას მშვიდობის კვლევის სოფელი პორტუგალიაში ან ფინდჰორნის ეკოსოფელი შოტლანდიაში), რომელთა მაცხოვრებლებიც თავად აწარმოებენ ენერგიასა და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთებს. ზოგ შემთხვევაში, ქსელის მიღმა/”off the grid” ინდივიდებიც გადიან; ისინი თავიანთთვის თითქმის სრულად თვითკმარ სახლებს აშენებენ და საზოგადოებრივი სიკეთეებისგან მოშორებით იწყებენ ცხოვრებას.

ეკოლოგისტების მხრიდან „ქსელიდან გამოთიშვა“ პოლიტიკური აქტია და მას, როგორც წესი, პერმანენტული ხასიათი აქვს. ამ გზით, გარემოს დამცველები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ შესაძლებელია და გამართლებულია ცხოვრება ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარების გარეშე.

რატომ ვსაუბრობ ამდენს ეკოლოგისტ განდეგილებზე თანამედროვე მედიასთან დაკავშირებულ ბლოგში? ამ სტატიისთვის მინდა გარემოს დამცველებს (რომელთა ნაწილის იზოლაციონისტურ სტრატეგიებს ყოველთვის არ ვეთანხმები, თუმცა ამაზე მოგვიანებით) დავესესხო და განვაცხადო, რომ ზოგჯერ საჭირო და აუცილებელიცაა ინტერნეტ სოციალური ქსელებიდან დროებით გამოთიშვა. თუ „ცენტრალიზირებული“ ინფრასტრუქტურა და ინდუსტრია ბუნებრივი გარემოსთვის არის მავნებელი, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ინტერნეტ სოციალურ ქსელზე მუდმივი დამოკიდებულება, ზოგჯერ, ჩვენს „მენტალურ“ გარემოს აბინძურებს.

ჩემ მიერ უკვე არა ერთხელ ნახსენებ ტროლებისა და ბოტების პრობლემას რომ თავი დავანებო, სოციალურ ქსელებს ორი გადაულახავი ჩავარდნა აქვთ.

პირველი, ისინი, ზოგჯერ, არ გვაძლევენ საგნებზე ჯეროვნად დაფიქრების საშუალებას. მაგალითად, ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზე, რომ სოციალური მედია ამცირებს ყურადღების დიაპაზონს (“attention span”).  ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ანალიზის უნარზე, არამედ საფუძვლიანი განათლების მიღების შესაძლებლობაზეც. ვისაც ყურადღების მცირე დიაპაზონი აქვს, ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილები იმისკენ, რომ ვრცელი ტექსტები წაიკითხონ და კრიტიკულად გაარჩიონ.

ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების შესაძლო დაჩლუნგებასთან ერთად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სოციალურ მედიას შემოქმედებითი იმპულსის ჩაქრობაც შეუძლია. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ სოციალური ქსელები გვაძლევენ მუდმივ გასართობს, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ საფუძვლიან მოწყენილობაში გადავეშვათ.

ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ერთმანეთისგან განარჩევდა ზედაპირული მოწყენლობის ფორმებს და იმას, რასაც ის უწოდებდა „ღრმა მოწყენილობას“ („tiefe Langweile“). 2022 წელს ბათის უნივერსიტეტისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ღრმა მოწყენილობის მისაღწევად საჭიროა ადამიანმა გარკვეული ხანი დაჰყოს შედარებით მარტოობაში. ამის შესაძლებლობა კი ქსელთან მუდმივად მიერთების გამო ბევრ ჩვენგანს არ ეძლევა.

სწორედ „ღრმა მოწყენილობაში“ ყოფნის ჟამს იწყებს ადამიანი ფიქრს ეგზისტენციალურ საკითხებზე - მაგალითად, ის კრიტიკულად აანალიზებს საკუთარ იდენტობასა და ზოგადად, ყოფიერების არსს (შეადარეთ ბერული და მონაზვნური ცხოვრების რელიგიურ პრაქტიკებს). ამ დროს მას ეძლევა შემოქმედებითი იმპულსი, რომელიც ეხმარება იმაში, რომ სამყაროსთან საკუთარი, უნიკალური ურთიერთობა დაამყაროს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიზიკურ ბუნებასთან მდგრადი დამოკიდებულების კვალდაკვალ, ადამიანებს გვჭირდება „მენტალური“ მდგრადი განვითარებაც. ამისათვის კი, შეიძლება, მცირე პერიოდებით მაინც, სოციალური ქსელებიდან გამოთიშვა (ან მოხმარების შემცირება) იყოს საჭირო.

ცხადია, „ქსელიდან გამოთიშული“ ეკოლოგისტების რადიკალიზმის გაზიარება სრულებითად არაა საჭირო. საბოლოო ჯამში, ცენტრალიზირებული სერვისების განვითარების გარეშე, კაცობრიობის კოლექტიური პროგრესი ალბათ ვერ მიიღწევა. თუმცა ამ ცენტრალიზირებული სერვისების როლისა და ინდივიდუალური თუ კოლექტიური სარგებლიანობის პერიოდულად გადააზრება, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია.

ინტერნეტ სოციალური ქსელებიდან გამოთიშვის შემთხვევაშიც, საჭიროა სწორად განვსაზღვროთ ის, რამდენად გვჭირდება მუდმივი გართობა სიამოვნების მისაღებად, რანაირად შეიძლება ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების ოპტიმიზაცია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ რა დოზითა და ინტენსივობით უნდა მივუერთდეთ კაცობრიობის ვირტუალურად წარმოდგენილ ცენტრალურ გონს.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, დიდი შანსია, რომ მსოფლიო ვებ აბლაბუდაში ისე გავიხლართოთ, რომ დაპირებული სიკეთეები (გართობის ჩათვლით) ვერასდროს მივიღოთ. პარადოქსულია, მაგრამ აზროვნების ხელშესაწყობად ზოგჯერ მუდმივი, „ნონსტოპ“ აზროვნებისგან დისტანცირება გვჭირდება, მოწყენილობასთან დაბრუნება კი ზოგჯერ მოწყენილობასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ