რატომ არ უნდა "გავუტაროთ" რუსთავი 2-ს თეა გოდოლაძეზე შემტევი კამპანია
23.08.2023
ბოლო დროს ერთი ფრაზა მახსენდება-ხოლმე, ბეგბედერის "99 ფრანკიდან", სიახლის უპირატესობა ისაა, მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, რაც წინას დააძველებსო.

სარეკლამო ინდუსტრიის კონტექსტში კი დაწერა ავტორმა, რაშიც იმას გულისხმობდა, რომ ამ ინდუსტრიის ხალხის ძალაა, სიგიჟემდე მოგვანდომონ რაიმე ნივთი, გვაიძულონ, შევაკოწიწოთ მის საყიდლად თანხა, და როცა როგორც იქნება და ვიყიდით, უცებ, ჰოპ! - მარკეტერები ჩვენი ოცნების ნივთს მეორე დღესვე "დააძველებენ" და ჩვენი ტვინიც იმავე ნივთის ახალ ვერსიაზე დაიწყებს ოცნებასო,

მაგრამ არც არაფერი დაშავდება, თუ იმავე ფრაზაში "სიახლეს" სხვა სიტყვით - "ბრაზით" ჩავანაცვლებთ.

აი, რაღაც ასეთს მივიღებთ: ბრაზის უპირატესობაა, რომ ბრაზის ობიექტი, ან სუბიექტი მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება რაღაც სხვა, რაც წინა ბრაზს დააძველებს, ანუ გადაფარავს.

გადაფარავს იმიტომ, რომ ასეთია ადამიანის გონი და, ეს, ერთგვარი შესაძლებლობაცაა ჩვენთვის და - საფრთხეც.

აი, დავაკვირდეთ, რამდენი რამ გვაბრაზებს. ვაღიაროთ, იმდენი, რომ "გვენანება" კიდეც, წინა ბრაზი ახალმა ბრაზმა ჩაანაცვლოს, რადგან ის, რაც გუშინ გვაბრაზებდა, როგორც მიზეზი, არც დღეს გამქრალა სადმე; იმავე პრობლემადაა დარჩენილი და ამის ყოველი გააზრება ისევ და ისევ კი აღაგზნებს და ააქტიურებს ჩვენი ტვინის იმ უბანს, რომელიც იმ ბრაზის მიზეზს აცნობიერებს, მაგრამ რა ვქნათ, დღესაც რომ ახალი გასაბრაზებელი დაგვემატა?! რადენს გავწვდეთ?

ხო.

თუ ვინმე ჯერ ვერ მიხვდა, "პირადულ ბრაზებზე" არა — ბრაზის კოლექტიურ მიზეზებზეა აქ საუბარი და ბრაზი - ბრაზად, მაგრამ ეს ყველაფერი სადარდებელი უფროა, ალბათ.

მხოლოდ ამ თვის ახალი ამბების "თაიმლაინს" რომ გადავხედოთ, ბეგბედერის იმავე ფრაზაში "ბრაზივით" წარმატებით შეიძლება ჩავსვათ სიტყვები: "უიმედობა", "სასოწარკვეთა", "ტკივილი", "კატასტროფა", "უპასუხიმგებლობა" და იმ წინადადებას მაინც შეეძლება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტი იმდენადვე მართლად აღწეროს, როგორადაც სარეკლამო ინდუსტრიაზეა დაწერილი პოპულარული წიგნის ორიგინალში.

შოვის კატასტროფის მერე, ტკივილიც, უიმედობაც, სასოწარკვეთაც და უპასუხისმგებლო ადამიანებზე ბრაზიც ერთნაირი "წარმატებით" გამოვიარეთ.

რა აღარ ვნახეთ და რამდენი ვერ ვნახეთ კიდევ…

რა აღარ მოვისმინეთ და ნეტავ, იქიდან სულ უფრო ცოტა მოგვესმინა, და განსაკუთრებით, მათგან, ძალაუფლების ფლობის ბერკერტს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა რომ გამოაცალეს. ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობის შესაძლებლობად რომ ჩასჭიდებიან და გამოშიგნეს უმთავრესისგან - პასუხისმგებლობისგან, სამშობლოსა და რიგითი მოქალაქის მიმართ.

აი, ესაა ყველა იმ ბრაზის პირველწყარო, რაც მერე უიმედობასაც გვიჩენს-ხოლმე, სასოწარკვეთასაც და ტკივილსაც. და ისინიც არა და აღარ ჩერდებიან, წინა დღის ბრაზს დღევანდელი ბრაზის საბაბებს “საინფორმაციო აბის” დოზებად გვიმატებენ და ჩვენც ვიძველებთ იმ ბრაზებს, ჯერ რომ მონელებაც ვერ მოგვისწრია.

და რამდენადაც ორგანული არ უნდა იყოს ჩვენში არსებული უნარი, ახალი დღის უბედურებები წინა დღისას “აძველებდეს”, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, რეალურად, აქ და ახლაა, იმდენადვეა ჩვენივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ უპასუხისმგებლობა, ამ “თაიმლაინში” ძირითად გასაბრაზებელ საკითხებს დიდ წითელ წრეში არ მოვხაზავდეთ და ვტოვებდეთ არა ბრაზად, როგორც ემოციად, არამედ ვნიშნავდეთ მას გადასაწყვეტ, მოსაგვარებელ საკითხად. ისე, როგორც ეს ზრდასრულ, ქვეყნის, ერთმანეთის, საკუთარი თავისა და შვილების მომავლის მიმართ პასუხისმგებელ საზოგადოებას შეშვენის და მოეთხოვება კიდეც.

აი, აქედან დავიწყებ ძირითად სათქმელს, სათაურად რაც მივაწერე და რამაც ამ ბლოგზე გადმოგიყვანათ: რატომ არ უნდა "გავუტაროთ" რუსთავი 2-ს შემტევი კამპანია თეა გოდოლაძეზე, მეცნიერ ქალზე, რომლისთვისაც სულაც არ დაუთმია 9-საათიანი კურიერის პირველი, “ოქროს წუთები” რუსთავი 2-ს მაშინ, როდესაც შოვის კატასტროფის შემდეგ ჰქონდა სათქმელი ხელისუფლებისთვის; სათქმელი, რომელიც დაგროვებულია წლების პროფესიული ცოდნისგან, გამოცდილებისა და სამეცნიერო მონაცემების ფლობით, და კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე შეეძლო მიეწვდინა ხმა გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის.

მაგრამ იმავე კურიერმა, მთავარი, 9-საათიანი გამოშვების პირველი, პრიორიტეტული წუთები დაუთმო მეცნიერის პირად კონფლიქტს და ამან მედია ხელისუფლების ხელში აქცია ერთი კონკრეტული ადამიანის ერთგვარ დეჰუმანიზების ისტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არხზე გავლენის მქონე პარტიისგან განსხვავებულად ფიქრობს და ეს ძალიან, ძალიან საშიში და ძალიან დიდი ამბავია; იმაზე დიდი ამბავია, კურიერში რომ “ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია” ჰგონიათ.

და არა, არ უნდა გავუტაროთ ეს "რუსთავი 2"-ს და არც სხვა რომელიმე მედიას, რადგან რეალურად, ამის გატარებაა რუსეთი — ასე რომ არ მოსწონს ფეისბუქსტატუსების მიხედვით, ბევრ ჟურნალისტს სამთავრობო არხიდან.

არც ამ და არც სხვა ქვეყნებში, არავის დაუშლია მედიისთვის, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკური გემოვნება, როგორიც უნდა, მაგრამ კი, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, ნათლად, მკვეთრად უნდა გავუვლოთ მათ წითელი ხაზი, რას გავუტარებთ და რას - არა.

და ყოველთვის უნდა ჰქონდეს საზოგადოების მკაფიო "არა" ძალაუფლების მფლობელი ადამიანების ჟინსა და ვნებას, აქციონ მედია ადამიანის მორალური ჩაგვრის ინსტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ გაანეტრალოს ის საზოგადოებრივი, თუ პროფესიული გამოხატულებებისგან, რადგან აი, ეგ არის ის რუსეთი, ფეისბუქით რომ აძაგებთ-ხოლმე ოცნების დაქვემდებარებაში მყოფი მედიის ზოგი ჟურნალისტი.

და თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ თეა გოდოლაძის უფლებას, ხვალ თეა გოდოლაძისნაირად, ისევ თქვენივე ხელით მოგთხოვენ გაანადგუროთ ვინმე სხვა, და ყოველ დღე იქნება ის "ვინმე სხვა" და ასე, არასდროს დაილევა "თქვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზივები" ძალაუფლების მფლობელთათვის არასასრულველი ადამიანების პირად ცხოვრებაზე, და აი, ეგ არის რუსეთი.

და იცით, მთელ ამ ამბავში, რა არის იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე კურიერის მიერ, გოდოლაძეზე ამბის "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციად" გამოცხადებაა? ის, რომ ზუსტად "ოცნებისთვის" ამდენად საძულველი, "სისხლიანი ცხრა წელის სააკაშვილის" მთავარი მედიასაყრდენების ხელით აკეთებენ ასეთ საინფორმაციოებს, "ოცნებისავე" დაქვემდებარებაში მყოფ არხებზე, და გთხოვთ, ეგეც გვითხარით, ეგ როგორ ხდება? ჩვეულებრივ?

და ყოველგვარი მორალისტობის გარეშე, უბრალოდ, ფაქტად მიიღეთ, რომ კი, ვართ ამ ქვეყანაში მედიაში მომუშავე ისეთი ხალხიც, ვინც, სააკაშვილსაც ვეუბნებოდით სათქმელს, მერე ივანიშვილსაც და ახლაც მივუთითებთ "ამათ", ოღონდ, დანამდვილებით ნუ გვაფიქრებინებთ, რომ "ახლა" უკვე რუსეთია.

პ.ს. თუ მართლა ისე არ გინდათ რუსეთი, როგორც ამას ფეისბუქზე გამოხატავთ, როგორც რატომღაც, ბეგბედერით დამიწყია, მისივე ფრაზით დავასრულებ: "თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე."

ბლოგის ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ