„ჩვენ აქ ვართ“
22.07.2024



ქალთა გიმნაზიაში, მინიატურის თეატრში, ღარიბთა თავშესაფარში, მაჰმადიანთა აუდიტორიაში, ტოლეს ქარხნისა და ქალაქის ახალი სასაკლაოს კანტორაში, მურაშკოს თეატრში, ცარიელ დუქანში, ალტმანის სახლში, მალაკნების საზოგადოების სკოლაში, ავჭალის აუდიტორიაში, კოლონია აღევსანდერსფორფში და კიდევ ბევრ სხვა ადგილას საარჩევნო უბნები იყო მოწყობილი. “გაეშურეთ საარჩევნო ყუთებისაკენ!” – მოუწოდებდნენ გაზეთები მოქალაქეებს, 1919 წლის სუსხიან თებერვალში. ყველა პარტიას თავისი ბიულეტენი ჰქონდა, იყო თეთრ, ვარდისფერ, ყავისფერ ქაღალდებზე დაბეჭდილი ბიულეტენები. “არც ერთი ხმა დემოკრატიის მტრებს! არ დაკარგოთ საარჩევნო ხმა! ვინც დღეს დემოკრატიას არ ეხმარება და არ ემხრობა, ის მტერი და მოღალატეა მისი. გაუმარჯოს დამფუძნებელ კრებას!” - წერდა გაზეთი "ერთობა". სხვა გაზეთებშიც აქტიური განხილვა და მითქმა-მოთქმა იყო გაჩაღებული. "მოახლოვდა არჩევნები. სოფლები გაივსო პარტიათა ახლად შობილი პროპაგანდისტებით. მოდიან გუნდები, მოდიან ქარავნები ცარიელა სიტყვებით და უნდო დაპირებებით. არის ერთ თავის ქება და ყვირილი."  

 

პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საარჩევნო პროგრამებითაც. მაგალითად, პოეტი ევგენი დვალი აარსებს რუსთაველის პარტიას, იწყებს გაზეთის გამოცემას და ამზადებს საარჩევნო პროგრამას: 1) ყველა ერის და ხალხ-თემის სრული, ყოველ მხრივი უზენაესი თავისუფლება. 2) მამაკაცთა და დედაკაცთა უფლებრივი გათანასწორება. 3) თავისუფლება სიტყვის კავშირის, კრების, გაფიცვის, სვინდისის, რწმენის... 4) სწავლა-განათლება უფასო. 5) გადასახადების შემოღება შემოსავლის კვალობაზე. 6) მთელი ქონების, მიწის, მამულის და სხვის საზოგადო კუთვნილებად გამოცხადება. 7) დაზღვევა მუშა-მშრომელთა, როგორც უბედური შემთხვევისგან ისე სიბერისაგან, როდესაც შრომა აღარ შეუძლიათ. 8) მოწყობა სახალხო სანატორიუმებისა და სამკურნალოებისა. 9) გაუმჯობესებული ტეხნიკის მიხედვით 6 საათის სამუშაო დროის შემოღება. 10) ქარხნებში ორსულთ და პატარა ბავშვების პატრონს დედაკაცების მუშაობის აკრძალვა. 11) რკინის გზებით, ხომალდებით და ჰაეროსტატ-საფრენებით, თავისუფალი და უფასო მიმოსვლა. 11) შრომის მეცნიერების და სიბრძნე-სიმართლის სრული გაბატონება. – აი, ასეთი პოეტური პროგრამები ჰქონდათ პოეტების დაარსებულ პარტიებს.

მრავალფეროვანი და ჭრელი ქალაქი იყო ტფილისი. გაზეთები გამოდიოდა ქართულად, სომხურად, გერმანულად, ინგლისურად, რუსულად და იმ დროის პერიოდიკისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ, თუ რა აქტიურად აშუქებდნენ წინასაარჩევნო პროცესებს, პარტიების დაპირებებს, ამომრჩევლის განწყობებს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არეული იყო, პროვინციებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მაშინდელი პრესა არჩევნების საკითხს არ ივიწყებდა:“მათ სურთ ხელი შეგვიშალონ არჩევნების დროს, ძირი გაუთხარონ ჩვენ დამოუკიდებლობას, ჩვენ დემოკრატიას. არ შეშინდეთ! ენერგიულად მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და დავუმტკიცოთ მტრებს ჩვენი ძალა. ძირს ბნელი ძალები!”. 

და მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, გაზეთები ცდილობდნენ საზოგადოების ინფორმირებას და დებატების წახალისებას. გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა როგორც პარტიების მიერ შექმნილი პროგრამები, ასევე მოქალაქეების წერილები, სადაც ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, შიშებსა, წუხილებსა, იმედებს. გაზეთში შეხვდებოდით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მომხრე მამის წერილს საკუთარი სოციალისტი შვილებისადმი, სადაც ის მათ მიანიშნებდა, რომ მემკვიდრეობას დაკარგავდნენ თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ და ხმას მაინც სოციალისტებს მისცემდნენ. 

ეკატერინე გაბაშვილი კი თავისი შვილის პარტიის გაზეთის “სალის კლდის” ფურცლებიდან ქალებს მიმართავდა: “შვილებო, შვილი-შვილებო, დებო და რძლებო, სადა ხართ, სადა? რატომ არ ისმის ხმა თქვენი ტკბილი? რატომ არ გრგვინავს, რატომ არ ჰყივის, მაშინ როდესაც ქართლი მოიცვა უბედურებამ? თუ არ მოგწონს, სული გიღელავს და გული გიდუღს, რატომ არ ომობ? რატომ არ ჰყვირი, რატომ არ ჰგმობ? რატომ არ ეტყვი, არ ჩააგონებ შენ შვილებს, ქმრებს, ძმებს, რომ კვლა, ტაცება, ყაჩაღობა, მექრთამეობა, საზიზღარია, რა სახელითაც არ უნდა წარმოებდეს ეს უზნეობა?”

ახლა უკვე საუკუნეზე მეტი გვაშორებს პირველ დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებს. ახლა არც ის მისამართებია, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი და იმ მოვლენების მთავარი მოქმედი პირებიც უკვე მკვდარი სულების საარჩევნო სიებშიც ვეღარ მოხვდებიან. გაქრა სამყარო, სადაც ასე გააფთრებით იცავდნენ დემოკრატიას, მაგრამ არ გამქრალა დემოკრატიის დაცვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის აუცილებლობა. 

დღეს, როცა ინფორმაციის გავრცელების მთავარი არხი მაინც სოციალური მედიაა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესებში, გავაჟღეროთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ცვლილებები. მოვითხოვოთ ის, რაც კონსტიტუციაში ასე ლამაზად ჩაგვიწერია, რომ "სახელმწიფოს ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.”

პირადად მე რამდენი არჩევნები გამომივლია და სულ მქონდა განცდა, რომ არასოდეს მყოლია წარმომადგენელი პარლამენტში. სამაგიეროდ, უხვად ვხედავდი თავისი ფინანსური ინტერესების მცველებს, ვაჭრებს, გაუნათლებელ და უპრინციპო, მოსყიდულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერ რამეს მოაწერდნენ ხელს, თუ ამისთვის კარგად გადაუხდიდნენ. ეს განცდა ჰქონდა უმრავლესობას ჩემ გარშემო, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებს, მეზობლებს. რამდენჯერ მოგვისმენია ფრაზა, ამათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებითო და უმრავლესობა დღესაც იგივე აზრზეა. აღარავინ უყურებს და უსმენს წინაასარჩევნო დაპირებებს სერიოზულად, ყველამ იცის, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები ფენტეზის ჟანრს განეკუთვნებიან. ყველაზე ცუდი რაც არის, შეგვაგუეს პოლიტიკოსის ამ ბოლომდე გაფუჭებულ ტიპს, მოცემულობას, რომ პოლიტიკოსი მატყუარა და უპრინციპოა, რომელიც არად აგდებს ხალხის ურყევ ნებას და კონსტიტუციაში გაცხადებულ სოციალური სახელმწიფოს იდეას, სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამის ნაცვლად, ვუყურებთ უთანასწორობის გაღრმავებას, კრიტიკული აზრის შეზღუდვას, სოლიდარობის გამო ადამიანების დასჯას, შერჩევით სამართალს. 

არადა, კონსტიტუციაში ძაან ლამაზად გვიწერია, “სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზეო” და ონკოლოგიურ პაციენტებს აქციების გამართვა უწევთ, დედებს კი - კარვების დადგმა, რომ საკუთარი შვილებისთვის ვაქცინის შემოტანას მიაღწიონ. “სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე” - ჩვენ კი ყოველდღიურად ვუყურებთ ადგილობრივების დაუკითხავად გასხვისებულ მიწებს, ხეობებს, კანიონებს, გადათხრილ სოფლებსა და ლეგალიზებულ ძარცვას. 

რა თქმა უნდა, გემახსოვრებათ მომენტი გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუდან, “ძალიან ბევრს ვცადობ, ვცადობ, რომ გოლები გავიტანოო”, ამბობს და ამ დროს თანაგუნდელების ხმა ესმის, რომ „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ” და ჟორჟს გული ვეღარ უთმენს, გარბის და უერთდება თავის გუნდს. წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნების დღეს თითოეულ ჩვენგანს ჩაესმის ქართველი ხალხის ხმა, „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ” და თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, დადგება თუ არა  ქართველი ხალხის გვერდით. კი, ჩვენ აქ ვართ და ვითხოვთ სოციალურ და სამართლიან სახელმწიფოს, ვითხოვთ დემოკრატიას და გვესმის, რომ დემოკრატიის დაცვა რუტინული შრომაა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ ამ საქმეში ჩასართავად მზად არის, ეს ბოლო პერიოდის პროტესტმაც დაადასტურა.

„დღევანდელ საქართველოს ასულდგმულებს ორი პოლიტიკური დედა აზრი, მან თავის დროშას დააწერა ორი მცნება; უფლება ერის, უფლება მშრომელის და თქვენ გუშინდელ მანიფესტაციაში დაინახეთ ამ ორი პრინციპის ემბლემა ხალხის ხელში, ეს დროშა - მუშების და ნაციის. ჩვენ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ნაციის თვით არსებობას დაეხმაროს და მოაწყოს მშრომელთა საუკეთესო ცხოვრება. ამ გზაზე ჩვენ მოვდივართ არა განმარტოვებულათ, არა საკუთარი ძალ-ღონით, არამედ ევროპასთან ერთად და ევროპის დახმარებით, ჩვენ არ გვინდა ჩვენი სიზანტით ევროპას ჩამოვრჩეთ, მაგრამ არც გვინდა, რომ საეგებიო ნახტომებით მოვინდომოთ ევროპას წინ გავასწროთ. ამ ჩვენ ურთიერთობას ორივე მხარე მოვიგებთ. ჩვენ ევროპის კულტურის საქმიანობით და გამოცდილებით, ევროპა ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით, ჩვენი გზით აზიის ხალხებთან ურთიერთობის დამყარებით. 27 იანვრის აქტი საქართველოს ევროპას უკავშირებს და მათი მჭიდრო ურთიერთობის საძირკველს ყრის. ამ აქტში გამოიხატა ნებისყოფა, როგორც ევროპის მმართველი წრეებისა, ისე მისი ოპოზიციურად განწყობილი დემოკრატიისა. საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ მის კითხვაში შეერთდა ევროპა განურჩევლად პარტიისა, კლასისა და რწმენისა, - ამბობდა ნოე ჟორდანია საუკუნის წინ საქართველოს იურიდიულად აღიარების გამო და ეს კი უხსოვარი დროის ამბავია უკვე, კი აღარ არსებობს საარჩევნო უბნები ქალთა გიმნაზიაში, მინიატურის თეატრში, ღარიბთა თავშესაფარში, მაჰმადიანთა აუდიტორიაში, ტოლეს ქარხნისა თუ ქალაქის ახალი სასაკლაოს კანტორაში, მურაშკოს თეატრში, ცარიელ დუქანში, ალტმანის სახლში, მალაკნების საზოგადოების სკოლაში თუ ავჭალის აუდიტორიაში, მაგრამ მოწოდებები, რომელიც აქტიურად ისმოდა 1919 წლის გაზეთებში დღესაც ცოცხლობენ: “გაეშურეთ საარჩევნო ყუთებისაკენ!”, „არ დაკარგოთ საარჩევნო ხმა!", "დღეს არ უნდა დარჩეს არც ერთი მოქალაქე ხმა მიუცემელი.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ