სტრატეგიული ხმაურის დროა!
05.09.2024


ხშირად ვფიქრობ, ვისთვის ვწერ?! — ფაქტია, რომ დღითიდღე გვეზარება კითხვა. ვიწროვდება თანამოაზრეთა რიცხვიც, ვიკეტებით ე.წ. “ბაბლში” და ერთი მეორეს ვუზიარებთ იმ აზრებს, რომლებშიც ისედაც თანამოაზრეები ვართ. მძიმე პოლიტიკურმა ყოველდღიურობამ კი ისე დაგვძაბა, განსხვავებული აზრის მოსმენაც ჭირს, შეუძლებელი ხდება დიალოგი და ყოვლად მომაბეზრებელი გახდა ბაღის ზეიმზე დაზუთხული ლექსებივით გულისგამაწვრილებელი პოლიტიკური მონოლოგები, დამაჯერებლობისა რომ არაფერი სცხია. 

ბოლო დღეებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ჩვენი საზოგადოების მანკიერება კრიტიკის ამბავში: ჩვენიანს ყველაფერი ეპატიება, გამართლება მოეძებნება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, დუმილის უფლებით ვისარგებლებთ, ხოლო ვინც ჩვენიანი არ არის, მათდამი სიმკაცრეს საზღვარი არ უჩანს. ეს “ჩვენიანი” და “სხვისიანიც” ნამეტანი დავიწროვდა და ლამის სადაქალო-საძმაკაცოს დონემდე დავიდა. თითქოს ეს არ კმარაო, როცა ჩვენიანს სამართლიანად(!) აკრიტიკებენ, დასასრულს, ერთგვარ მანიპულაციასაც კი მივმართავთ: “ბარემ ჩაქოლეთ!!!”, ხოლო უცხოსა და უცხოებზე - რა მოგახსენოთ… ეს სიტყვა შორს წაგვიყვანს… მთავარია, ისე შორსაც არ წაგვიყვანოს, რომ ნაძალადევი დუმილით მეტრო “ნაძალადევს” გავცდეთ, იმ მიმართულებით, საითაც დაბანაკებულან არსაიდან წამში საპნის ბუშტივით აღმოცენებული და მეორე წამსვე მიმქრალი “ახალი სახეები”, ინტელექტსა და ღირსებასთან რომ არიან მტკიცედ ნაღალატევი.

პარალელურად, წარმატებით მუშაობს სახელისუფლებო და რუსული (ან კი რამ გაჰყო ეს ორი) პროპაგანდა, ისე რომ, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა: ის, რაც ერთ ნაწილს საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად მიგვაჩნია, საზოგადოების მეორე ნაწილისთვის სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. ვაღიარებთ თუ უარვყოფთ, გავიცინებთ თუ დავმწუხრდებით, ფაქტია, რომ არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად და ყოველი პრობლემის სათავედ “გარყვნილი ევროპა” და ჰომოსექსუალები მიაჩნიათ. წლებია, ამას ისმენენ სამთავრობო და პრორუსული ტელევიზიებიდან, კიდევ უფრო დიდი ხანია — ამბიონებიდან.

“რუსული კანონის” შემდეგ, 2024 წლის 29 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავდა. მაშინვე მივხვდით, რასაც აპირებდნენ. 3 აპრილს მმართველმა პარტიამ დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”. 22 აპრილს, ქუთაისიდან დაიწყო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. ის, რაც მაშინ მოვისმინეთ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, არასდროს მინახავს და მომისმენია მანამდე. ერთ-ერთ მონაწილეს დაასმევინეს შეკითხვა, (ვიყენებ ამ ფორმულირებას, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ განხილვაზე დასწრება არ იყო თავისუფალი, ამდენად, ეს გახლდათ ერთი საერთო პარტიული სპექტაკლი), იმის თაობაზე, თუ როგორ გააკონტროლებდნენ გეების არსებობას საჯარო სამსახურებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჩაუტარებდნენ თუ არა ექსპერტიზას. ამის პასუხად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და სხვა კანონმდებლები ღლიცინებდნენ და გაიძახოდნენ, რომ პარლამენტში სწორედ ასეთი ხალხია საჭირო — ამგვარი შეკითხვებისა და იდეების ავტორები.

არასამთავრობო სექტორისა და, ზოგადად, აქტივისტების საერთო პოზიციად, (უმცირესი გამონაკლისის გარდა), ე.წ. სტრატეგიული დუმილი იქცა, რომელიც, ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და ქვიარ აქტივისტვისთვის, კატეგორიულად მიუღებელი იყო და ასე რჩება დღემდე. უპირველესად, იმიტომ, რომ როცა ერთ მხარეს სიძულვილისა და ფაშიზმის პროპაგანდაა გაჩაღებული, საპირწონედ არსებული დუმილი ვერაფრით ჩაითვლება სტრატეგიულად. ბოროტების პროპაგანდის უპასუხოდ დატოვება — მავნებლობაა, რადგან ჰომოფობიასთან დაპირისპირების არარსებობა მხოლოდ და მხოლოდ აღვივებს მას. 

ამასობაში, ნახევარ წელზე მეტი გავიდა და, სამწუხაროდ, იგივე ითქმის ლიბერალურ მედია-საშუალებებზეც, მცირე გამონაკლისის გარდა. აქაც თავი იჩინა “სტრატეგიულმა დუმილმა”, გნებავთ — წაყრუებამ…

ივანიშვილმა კი გვაუწყა, რომ მის წინასაარჩევნო დაპირებებში, რიგით მეორე ადგილს იკავებს ხსენებული კანონის აღსრულება. 12 წლის შემდეგ, ლამის მთავარ საარჩევნო დაპირებად “გეების აკრძალვა” დასახა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კი ივანიშვილის გამოსვლა ისე შეაფასეს, რომ ეს დააანონსებული ფაშიზმი არც კი უხსენებიათ — ერთი მხრივ, ძალზედ მოწინავე და რიგით მეორე, მეორე მხრივ კი, ყოველთვის და ყველასთვის უმნიშვნელო საკითხი.

ერთი თვეა, ამ ბლოგზე ვმუშაობ. ათამდე ადამიანს ველაპარაკე, ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ქვიარ ემიგრანტებს და არა მხოლოდ. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, რადგან, მინდოდა, ფართოდ, ანუ სხვადასხვა ადამიანის თვალით დამენახა არსებული სურათი. საბოლოოდ, დამრჩა მხოლოდ ღია შეკითხვები, რადგან ჩემი თვითმიზანი არ არის ვისიმე განსჯა, თუმცა, წლები რომ გავა, ერთადერთი, რასაც თავს ვერ ვაპატიებ, დუმილია. იმას მაინც ვიტყვი, შეკითხვებს ვსვამდი - მეთქი. 

რას ვეუბნებით თემის წევრებს, რომელთა ხმაც ჩვენ ვართ? ნახევარი წელია სტრატეგიულ დუმილში ვიმყოფებითო?! 

რას ვეუბნებით თემის წევრებს, რომელთა დაუცველობა დღითიდღე იზრდება და ქვეყანაც იცლება მათგან.

რა მოგვცა დუმილმა? ჰომოფობია ვერ გამოიყენეს წინასაარჩევნოდ, თუ კანონი ვერ მიიღეს?! 

ერთიც და მეორეც — 4 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა II მოსმენით მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც თავის თავში გულისხმობს ცენზურის დაკანონებას მაუწყებლებსა და ხელოვნებაში, შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და ამ სიშლეგის წინააღმდეგ მოქმედებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 

2018 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ისტორიის მიმართულებით. დღეს, საქართველოში ცხოვრების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ისტორიის მასწავლებელი ვყოფილიყავი რომელიმე სოფელში, ან ჩემს მშობლიურ პატარა ქალაქში. ამას  საკუთარ თავს ვახსენებ, რათა უფრო ნათელი გახდეს, რამდენად მავნებლურია მთელი ეს პროცესი და რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ადამიანების ყოველდღიურობაზე. ამ თემაზე საჯარო განხილვა და პოლიტიკოსთა მხრიდან თუნდაც ამგვარი ლეგიტიმაცია, კიდევ უფრო ამძიმებს და დაუცველს ხდის არა მხოლოდ ღიად ჰომოსექსუალთა, მათ შორის და კიდევ უფრო მეტად, “არც თუ ისე ღიად ჰომოსექსუალთა” ყოფასაც, რადგან შანტაჟის მსხვერპლად აქცევს მათ. 

ეს დუმილი არც ოქროა და არც სტრატეგიული, ჟანგია, მცდარია და სამარცხვინო, ხოლო რაც დრო გავა, უფრო და უფრო სანანებელი გახდება.

არც ეს აქტივიზმია პრინციპული და კეთილსინდისიერი, არც ობიექტური ჟურნალისტიკა და ადეკვატური პოლიტიკა — ეს არის წაყრუება და დისკრიმინაცია, ისედაც ჩაგრული და აწ უკვე რეპრესიებისთვის გაწირული ჯგუფისა!

რაც მთავარია, მანიპულაციას შევეშვათ: კრიტიკა არ ნიშნავს ვისიმე ბრძოლის დაკნინებას, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ხდება დღეს და რა იქნება ხვალ!

პოლიტიკურ ელიტასთან უნისონში მყოფ, ან ბერი ნარიმანივით მდუმარე აქტივიზმს, ეს ძალიან გაუჭირდება… პომიდვრები მაინც ისროლეთ! — თუნდაც  ჩემი მიმართულებით, ევროპაში გაქცეული რომ გასწავლით ჭკუას…

სტრატეგიული ხმაურის დროა, სანამ ჯერ კიდევ დარჩა ხმის ამომღები, სანამ ჯერ კიდევ შეგვრჩა ხმა!..

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ