ეს ძალიან სუბიექტური ბლოგია. შესაძლებელია, რასაც დავწერ მცდარი
იყოს. აქამდე არ მაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, მაგრამ მგონია, რომ
ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არც არსებობს. მე მაინტერესებს, რა
გავლენა აქვს იმ ჰომოფობიურ, სიძულვილზე დაშენებულ პროპაგანდას,
რომელსაც უკანასკნელი წლებია და განსაკუთრებით 2023-2024 წლებში,
მედიის საშუალებით ვისმენთ. პირადად მე დავიჯერე, რომ საქართველოს
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჰომოფობიურია. არა მხოლოდ დავიჯერე,
არამედ...
ისე მოხდა, რომ ჩემი საჯარო აქტივობა და ადამიანის უფლებების დაცვა
უფრო მეტად ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება.
არ ვიცი, რატომ გამიჩნდა განსაკუთრებული მგრძნობელობა სწორედ
ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური იდენტობის მქონე ჯგუფების მიმართ.
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში,
მიმდინარე მოვლენები მკაფიოდ მახსოვს, როგორ დევნიდნენ ეთნიკურ
უმცირესობებს, ავიწროვებდნენ და მათი დიდი ნაწილი საქართველოდანაც
გააქციეს. შემდეგმა ტალღამ რელიგიურ უმცირესობებს გადაუარა, კარდაკარ
დასდევდნენ, ავიწროვებდნენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მათ დასაცავად უკვე მოვახერხე ხმამაღლა და
საჯაროდ რამდენიმე სიტყვის თქმა თუ დაწერა. ბოლოს ლგბტქ+ თემის ჯერი
დადგა, ახლა მათ ჩაგვრაზე დგას „ძლიერების“ ძალაუფლება.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მოსკოვი, როგორც
ძალაუფლების ცენტრი ფორმალურად მოიშალა, ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ
ვაკანტური ძალაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა. კომუნისტური იდეოლოგია
ნაციონალისტურმა და რელიგიურმა, კერძოდ, მართლმადიდებლურმა იდეოლოგიამ
ჩაანაცვლა. ეკლესიაც ძალაუფლების ვერტიკალში მოექცა. საბოლოოდ, ისე
გამოვიდა, რომ საქართველო ისევ მოსკოვიდან იმართება.
თუმცა, ჩვენ ახლა სხვა საკითხზე ვსაუბრობთ. 90-იან წლებში დაწყებული
ეთნონაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმით გაგრძელებული და
ამჟამად მიმდინარე ფაშისტური ჰომოფობია მუდმივად ზემოდან იკვებება.
ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია იმას ცდილობს, რომ ამ,
ძალაუფლების ვერტიკალში მყოფების მოწონება და თანადგომა
დაიმსახუროს.
ამიტომაც, უკანასკნელი 20-30 წელია ამ ქვეყნის მთავარ იდეოლოგიურ ხაზს
სწორედ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია განსაზღვრავს. ეკლესიას
კი, ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მუდმივად სჭირდება ირაციონალურ
შიშებზე დამყარებული, ადვილად სამართავი საზოგადოება.
გრძელი შესავალი მხოლოდ იმის სათქმელად გამომივიდა, რომ ცხადია,
უმცირესობების პრობლემებით დაინტერესებული ადამიანი არ შეიძლება, რომ
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებზე არ ბრაზობდეს
და მათ არ აკრიტიკებდეს. ასე მერგო პატრიარქისა და ეკლესიის
მაგინებლის იარლიყი. ამას მრავალი წელია შეგუებული ვარ, მაგრამ
პირველად შარშან მოხდა, რომ...
როდესაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვა პირველად დაიწყო,
ჩემს მეგობარ ჟურნალისტებთან, ონლაინ მედიების წარმომადგენლებთან
ერთად პარლამენტში შევედი, სადაც ჩვენ ტრანსფარანტებითა და საყვირებით
ვაპროტესტებდით ამ ქვეყნისთვის დამღუპველ კანონს. იმავე დღეს, 2 მარტს
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ კანონის
მოწინააღმდეგები ეკლესიის მტრებად გამოაცხადა
და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ჩემი სახელი და გვარი დაასახელა
- „პატრიარქის და ეკლესიის მაგინებელი ნინია კაკაბაძე“. ჩემი სახელი
იმ ადამიანებთან ერთად დაასახელა, ვინც 2 მარტს პარლამენტის შენობაში
არ ყოფილან, მაგრამ ცხადია, რუსულ კანონს ებრძოდნენ. ასე, ანუ ჩემი
მეშვეობით, სცადა კობახიძემ პროტესტის გაშავება.
მეორე დღეს მე პარლამენტის შენობაში აღარ შევედი, ეზოში
ვიდექი, იქაც ვერიდებოდი კამერებს და დავიჯერე, რომ ჩემი გამოჩენით
საქმეს ვაფუჭებდი. მაშინ პროტესტი სტრატეგიულად მოვიგეთ,
რადგან პირველ ხაზზე არა ჩვენ, არამედ ახალგაზრდა, უპარტიო,
განსხვავებული ბიოგრაფიის მქონე თაობა იდგა. ბევრი იმუშავეს
სამთავრობო მედიებმა, რომ ახალგაზრდებისთვის ხან „სატანის
მოციქულები“, ხან „გაფერადებულები“ და “ორიენტაცია
არეულები” ეწოდებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩვენ დავიჯერეთ,
რომ გამარჯვების ფორმულა სწორედ ეს იყო.
ამის შემდეგ, ერთ წელიწადში, რუსული კანონი მაინც მიიღეს და ცოტა ხნის
წინ ზედ მიაყოლეს ისევ რუსული ჰომოფობიური კანონი, რომელსაც „ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონპროექტი
დაარქვეს და რომელიც უპირველეს ყოვლისა, გამოხატვის თავისუფლების
სერიოზულ და კრიტიკულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.
პროპაგანდისტებმა ცენზურაც ჰომოფობიის მეშვეობით გაყიდეს, ისე
რომ ხმა არავის დაუძრავს.ხმა არავის დაუძრავს, რადგან ჩვენ დავიჯერეთ,
რომ ჰომოფობია საზოგადოების უმრავლესობაში მძვინვარებს. ასე რომ არ
იყოს, ალბათ, “ქართული ოცნება” არც მთავარ წინასაარჩევნო იარაღად
გამოიყენებდა. რამდენად ეფექტური გამოდგება სიძულვილის ეს
იარაღი, ამას უკვე 26 ოქტომბერს ვნახავთ.
ამ კანონზე დებატები "ოცნებას" უნდოდა და ამიტომ იყო, რომ მთავრობის
დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიები, მარტიდან მოყოლებული აგვისტომდე,
დისკუსიის გაჩაღებას არნახული მონდომებით ცდილობდნენ და დილის 8
საათიანი საინფორმაციო გამოშვებებიდან დაწყებული ღამემდე
აღნიშნავდნენ, რომ „ოპოზიცია არ ერთვება ლგბტ
პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში“. მიზანს ვერ
მიაღწიეს, ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი ჰომოფობიის წინააღმდეგ
ვერ ააყვირეს, ამიტომ მთავრობამ და სამთავრობო მედიამ მათი სიჩუმე
ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობად მონათლა.
პირველი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მაღელვებს და მაინტერესებს,
არის ის, თუ როგორ აისახება ეს უპასუხოდ დარჩენილი სიძულვილის
პროპაგანდა ხალხზე, რამდენად გააღრმავებს ის ჰომოფობიას და რა დოზით
დააზარალებს თავად ქვიარ თემის წევრებს. სამწუხაროდ, ამ
კითხვაზე პასუხი დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მაგრამ არის
რამდენიმე საკითხი, რომელიც ახლაც ხილულია.
ჩვენ დაგვაკომპლექსეს და დაგვაჯერეს, რომ ჩვენი გულწრფელი
სოლიდარობისა თუ სიყვარულის განცდა მართლაც არაპოპულარულია და
შესაძლებელია, ესა თუ ის პროცესი მართლაც დააზარალოს. ამას
ნამდვილად მიაღწია “ალტ ინფოდ” ქცეულმა მთავრობამ და სამთავრობო
მედიების პროპაგანდამ. მაგრამ…
ასე დაემთხვა, რომ ჰომოფობიური კანონის მიღების შემდეგ, 3 დღეში
ერთი-ერთი პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე
მისმა შეყვარებულმა მოკლა, მოკლა კაცმა, რომელთანაც კესარიას
2-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ამ მოძალადე კაცს,
რომელსაც ისედაც კონფლიქტი ჰქონდა საკუთარ თავთან და მის გარემოსთან,
საქართველოს ხელისუფლებამ უთხრა, რომ კესარიას სიყვარულის უფლება
ამიერიდან კანონითაც აეკრძალა. ცივსისხლიანმა მკვლელმა მოკლა ცნობილი,
პოპულარული, ლამაზი, ყველასთვის საყვარელი ტრანსგენდერი ქალი და მისი
მკვლელობით, თითქოს, სიმბოლურად წინასაარჩევნო დაკვეთაც შეასრულა.
ყველას უთხრა, რომ ამ ქვეყანაში ქალი ქალია და კაცი - კაცი,
კესარიასნაირი ადამიანების ადგილი კი აქ არ არის.
თუმცა, ამ შესანიშნავი, მოსიყვარულე, კეთილი ქალის, კესარია აბრამიძის
სიკვდილმა ისიც დაგვანახა, რომ "ქართული ოცნების" სიძულვილის
პროპაგანდა არ ვრცელდება ადამიანებზე, ვისაც სიყვარულისა და
თანაგრძნობის უნარი აქვს და ასეთები, საბედნიეროდ, ძალიან ბევრნი
არიან. ეს საუკეთესოდ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში გასულ, მარიამ
გაფრინდაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში
გამოჩნდა, სადაც კესარიას მეზობლები, ნაცნობები, ახლობლები მასზე
სიყვარულით საუბრობენ. კესარიამ დაამტკიცა, რომ ტრანსგენდერის,
განსხვავებული შიში ნამდვილად ირაციონალურია, უცხოს და უცნობის შიშია,
მაგრამ თუკი მათ ახლოს გავიცნობთ ისინი ისეთ სიყვარულს
იმსახურებენ, როგორც ეს კესარიამ დაიმსახურა. ამიტომ ვფიქრობ რომ არ
უნდა დავიმალოთ, არ უნდა გავჩუმდეთ და რაც მთავარია არ უნდა
შეგვეშინდეს.
"ოცნების" პროპაგანდა ძალით წამლავს საზოგადოებას სიძულვილით,
ღვარძლით და შიშით… ჩემი ტექსტის სათაურს რომ დავუბრუნდე -
პროპაგანდამ რა ქნა? რა და არ იმუშავა და ეს თავად "ოცნების"
ხელმოცარულმა პროპაგანდისტებმა დაამტკიცეს. კესარიას მკვლელობის
ამბავზე, როდესაც “ოცნებამ” საზოგადოების არა თავსმოხვეული, არამედ
რეალური განწყობა ამოიკითხა, კრებსითი "ნინო წილოსანები" ერთმანეთს
ასწრებდნენ, რომ თანაგრძნობა გამოეხატათ კესარიას მიმართ და მისი
მკვლელობა ნაცებისთვის
დაებრალებინათ.
რა მოხდა? მათ მიერ ნაწარმოები ანტირეკლამა, რეკლამად
იქცა, მათი დათესილი სიძულვილი კი - სიყვარულად. ასე მოხდება
მომავალშიც, "ქართული ოცნების" მიერ სიძულვილით აჭრელებულ ქალაქს
სიყვარული დაამარცხებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.