ვიდეორგოლი, სარეკლამო ბილბორდი და ასევე, მუსიკალური კლიპიც
ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ამ
კლიპებითა და რეკლამებით მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არც ადრე და
არც ახლა არ ეცნობა პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, მთავარ მესიჯებს
იღებს.
რამდენიმე ხნის წინ ერთი ძველი ქართული სიმღერის ძებნისას, ჯემალ სეფიაშვილის ჰიმნად ქცეული სიმღერა “გიხაროდენ” ამომიგდო. ეს ვიდეორგოლი 1998 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინდელი ხელისუფლების - “მოქალაქეთა კავშირის” მხარდასაჭერად შეიქმნა.
ეს 90-იანი წლების ბოლოს იყო, როდესაც ყველაფერი გამოვიარეთ, აფხაზეთის ომიც და სამოქალაქო ომიც. ქვეყანა კორუფციაში იხრჩობოდა, ყველა ნაბიჯზე ქრთამის გადახდა გვიწევდა, ქუჩები სავსე იყო მშიერი ადამიანებით, კრიმინალი ყოველდღიურ რეალობად იყო ქცეული, არც გაზი იყო ქვეყანაში, საავადმყოფოები თუ ბინები რომ გაეთბო და ელექტროენერგიაც გრაფიკით მოგვეწოდებოდა. შევარდნაძის მთავრობამ ყველაფერი გააპარტახა, ადამიანებს უკიდურესად უჭირდათ, მაგრამ პროპაგანდისტულ სიმღერაში მონაწილე 40-მდე ესტრადის მომღერალი, მსახიობი, თუ უბრალოდ (როგორც მაშინ ეძახდნენ) ცნობადი სახე, ერთად და მხიარულად გვიყიჟინებდა, რომ უნდა გაგვხარებოდა. რა უნდა “გვიხაროდენ”, არავინ იცოდა!
სიმღერის ტექსტის ავტორი ედუარდ შევარდნაძის მეგობარი პოეტი რეზო ამაშუკელია, რომელიც შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მეგობარიც გახდება. ამაშუკელის ტექსტი “მარადიულია”, ის დღევანდელ დღესა და „ქართული ოცნების“ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს იმავე წარმატებით მიესადაგება.
აი, პატარა მონაკვეთი ტექსტიდან და ნახეთ, როგორ მოუხდებოდა ის დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ რეალობას.
ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნე
მოეც სიკეთე ჩემს გზას და რწმენას,
ასვი მირონი მამულის ვენახს,
შთამომავლობის გადასარჩენად.
მაშინ, 90-იანი წლების ბოლოს, ტექსტი თითქოს არც გვესმოდა, ჩვენამდე მხოლოდ ერთი სიტყვა - „გიხაროდენ“ უნდა მოსულიყო და მოდიოდა კიდეც. უნდა გაგვხარებოდა, მაგრამ ვინ იყვნენ “მავნე ტოტები”, შთამომავლობის გადასარჩენად რომ უნდა გაგვესხიპა, არ ვიცი. ახლა კი, დანამდვილებით ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები და სხვა ე.წ. ლიბერალები იქნებოდნენ, რომლისგანაც გვყავს გადასარჩენი: მამული, ენა, ვენახი, ერეკლე პაპა, სარწმუნოება…
არა გუნდრუკით გადამთიელის,
შენ თავად ზარდე შენი გავაზი,
და სულ გახსოვდეს, ხარ ნაშიერი
აღმაშენებლის და ფარნავაზის.
და სულ გახსოვდეს, შენ ხარ პატრონი
ამ სამოთხის და ამ სილამაზის.
სწორედ ამას ცდილობს “ბატონი” ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, რომ გააგებინოს საქართველოს მოსახლეობას - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და დასავლეთიდან არავის მითითებებს ჩვენ არ მივიღებთო. ჩვენს საქმეებს ჩვენ გადავწყვეტთ და ევროპაში ასე დამოუკიდებლად, ღირსებით და ორივე ფეხზე მდგარნი შევალთო. დიახ “მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ” - ეს არის 2024 წლის მთავარი სლოგანიც.
მესმის, სახუმაროდ საქმე არ გვაქვს, ამიტომ ვნახოთ, რა იყო 2024 წლამდე და როგორ, რა გზით მოვედით აქამდე?!
2012 წლის წინასაარჩევნო პარტიული მუსიკალური კლიპი ინტერნეტში არ იძებნება. ის, რაზეც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი 12 წელია დგას, უკვე 2014 წლიდან ჩნდება: წარსულში დაბრუნების შიშებზე აპელირება და პირველი კლიპი სახელწოდებით - “წარსულში არ ბრუნდებიან”. ვიდეორგოლში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძის ხმები ისმის, შავ-თეთრ ეკრანზე კი, 7 ნოემბრისა და 2008 წლის ომის კადრები მოჩანს.
“თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას” ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ 2016 წელს. ჩნდება უკვე “ქართული ოცნების” ჰიმნად ქცეული “ჩემი საქართველო აქ არის” გათანამედროვებული ვერსიის კლიპი. ამ სიმღერის ტექსტის ავტორი მურმან ლებანიძეა, ხოლო მუსიკის - გოგი ცაბაძე. რა თქმა უნდა, ამ წინასაარჩევნო კლიპებშიც მხოლოდ გაღიმებული, ბედნიერი ადამიანები, აშენებული და დამშვენებული: ხიდები, ავტობანები, სპორტული მოედნები, საავადმყოფოები მოჩანს.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელი მუსიკალური კლიპი წარმატებული გამოდგა, 2020 წელს მისი ახალი ვერსია გაჩნდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიული ინსტრუმენტები თუ ხმები შემოდის.
„ქართული ოცნების“ საკომუნიკაციო ენა უკვე ცალსახად აგრესიულ ხასიათს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ატარებს, როდესაც ქალაქში ოპონენტების “სისხლიანი ბანერები” გაჩნდა.
მაშინ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე იყო, ამიტომ, ცხადია, ბანერზე ის, მიხეილ სააკაშვილი და სხვა “ნაცები” ჩანდნენ.
2018 წელს მოსდევს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ისევ სიძულვილით სავსე კამპანია. ქალაქი ისევ ოცნების ოპონენტების სისხლიანი ბილბორდებით გაივსო. ნაცების ე.წ. ძირითადი ბირთვი ადგილზე დარჩა, მათ რამდენიმე ახალი პერსონაჟი დაემატა, მათ შორის ცოტა ხნით ადრე გადამდგარი „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია. მსგავსი შინაარსის ფოტოები სატელევიზიო რეკლამებშიც გვხვდებოდა.
წელს ეს სიძულვილით სავსე ფოტოები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გამოჩნდა, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სახლებსა თუ სამუშაო ადგილებზე გაკრული, შედარებით პატარა ზომის, მაგრამ გაცილებით დიდი რაოდენობის პლაკატების სახით.
არაფერს ვიტყვი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამზადებულ მთავარ საარჩევნო რეკლამასა და ბანერებზე, რისი მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ უკრაინაში ომის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილს საკუთარი გამარჯვების სანაცვლოდ ყიდის.
საინტერესოა, რომ 2018 და 2021 წლის “სისხლიანი ბანერების” ავტორობას „ქართული ოცნება“ უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს ბანერები გაამზადეს და განათავსეს იმ კერძო პირებმა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურდა, 2024-ში კი, ამას უკვე ღიად აკეთებს და მონაწილეობას არ უარყოფს.
ამიტომ ერთ-ერთი ვიდეორგოლი აგრძელებს, რეზო ამაშუკელს თუ დავესესხებით, გადამთიელების გუნდრუკის უარყოფას და მის ამომრჩეველს ახსენებს, რომ უარი უთხრას „მორალურ გადაგვარებასა და ბნელ წარსულს“. „ბნელი წარსული“, ცხადია, “სისხლიანი 9 წელია”, მაგრამ „მორალური გადაგვარება“ ის არის, რაც ამჟამად დასავლეთიდან “გვემუქრება”.
მმართველ პარტიასა და მის მიერ კონტროლირებულ ტელევიზიებს იმდენად ჰყავთ დამუშავებული მათი ამომრჩევლები თუ მაყურებლები, რომ რეგიონებში, მათ მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კონცერტებზე მისული ადამიანები იქაც ტრადიციებსა და მშვიდობას იცავენ.
ტრადიციების დაკარგვის შიში და შიში იმისა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მეორე დილით, ყველა ქართველი ჰომოსექსუალად გადაიქცევა ხელოვნურად გააჩინეს.
ქვეყანას, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რამდენიმე ომი გამოიარა, ომის რაციონალური და ირაციონალური შიშიც ბუნებრივად აქვს, მაგრამ ტრადიციების დაკარგვასთან დაკავშირებული შფოთვები მთლიანად ირაციონალური და პროპაგანდის მეშვეობითაა თავსმოხვეული.
ამ სარეკლამო რგოლში გამოტანილი სახეები კი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქუჩაში დაცვის გარეშე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ და ისინი შესაძლებელია, ნებისმიერ დღეს იმ ადამიანების მსხვერპლნი გახდნენ, ვისაც დააჯერეს, რომ მათ ჰეტეროსექსუალურ იდენტობას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იცავს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.