„ქართული ოცნება“ ყველაზე რეგრესული პოლიტიკური დისკურსების რეანიმაციას ახდენს
16.10.2024


გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ქვეყნის მმართველობის ავტორიტარულ სისტემაზე დაჩქარებულ გადაყვანას ვედავებით, კიდევ ერთი კრიტიკა, რომელიც საზოგადოებაში მის წინააღმდეგ არსებობს, ეს რეგრესული და ჩამორჩენილი პოლიტიკური დისკურსების გამოყენება და ზოგადად პოლიტიკური იდეოლოგიის წარმოებაა. გარდა იმისა, რომ ამ დისკურსებს, ის რუსული თუ უნგრული ავტორიტარიზმების იდელოგიების სიმულაციით აშენებს, ხელისუფლება რეანიმაციას უკეთებს 90-იან წლებში დომინანტურ, ჩამორჩენილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ იდეებს, რომელიც გვეგონა, რომ თანდათანობით წარსულს ჩავაბარეთ. ამ დისკურსებს შორისაა: ჰომოფობია, არმენოფობია, ეთნო-ცენტრიზმი. ბოლო წლებში ამ იდეებს და აფექტებს აქტიურად სხვადასხვა მარგინალური პოლიტიკური, თუ ნახევრად პოლიტიკური ძალები იყენებდნენ (მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, „ალტ-ინფო“, რადიკალიზებული კლერიკალური წრეები და ა.შ.) და გვეგონა, რომ ისინი ცენტრის, ძალაუფლების პოლიტიკურ ენაში აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება “ალტ-ინფოზე ალტ-ინფოა,” ანუ ბნელზე ბნელია და მათი იდეების უფრო მასშტაბურ და მასობრივ გენერირებას ახდენს.  

ამ დისკურსებს შორის ყველაზე თვალშისაცემი და წამყვანი ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმია, რომელიც იმ წარმოსახვას და იდეას, თუ ვინ ვართ “ჩვენ ეს ხალხი”, ვინც სახელმწიფოს ვაშენებთ, კვლავ ეთნიკური და რელიგიური მარკერებით (ქართველები, მართმადიდებლები) აგებს და უარს ამბობს “ჩვენ”-ის გაგების უფრო ინკლუზიურ და პროგრესულ (მოქალაქეობის, თანასწორობის, მრავალფეროვნების) იდეებზე დაფუძნებაზე. 

წინასაარჩევნო კონტექსტში ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ყველაზე უხეში გამოვლინება “ქართული ოცნების” რიტორიკაში “ენა, მამული, სარწმუნოების” სლოგანით დაიწყო. ეს სლოგანი ხელისუფლების რიტორიკაში გაჩნდა, როგორც პასუხი პროტესტში ჩართული ახალგაზრდების ფიცის ტექსტზე. ეს ფიცი “რუსული კანონის” წინააღმდეგ ორგანიზებული მრავალკვირიანი პროტესტის ერთ-ერთ დღეს დაიბადა, რომელშიც ქართველი მუსლიმებიც მონაწილეობდნენ და თანამონაწილეობის ამ სპონტანურმა გამოცდილებამ მოითხოვა ცნობილი ეროვნული და პოლიტიკური მანტრის რეფორმულირება, როგორც “ენა, მამული, ერთობა.” ამ ფიცის ტექსტს ხელისუფლებამ ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა და მაშინ ქალაქი აჭრელდა “ქართული ოცნების” პოსტერებით, სამების ფოტოთი და წარწერით “მამული, ენა, სარწმუნოება”, სადაც სარწმუნოება, მხოლოდ მართლმადიდებლობას ნიშნავდა და ამდენად, გამორიცხავდა სხვა არამართლმადიდებელ მოქალაქეებს “ჩვენი” ერთობიდან და წარმოსახვიდან.   

ამის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში ხელისუფლებამ თავდაპირველად საუბარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე დაიწყო. ეს იდეა თავად ეკლესიამ არ მიიღო სასულიერო სფეროს სახელმწიფოსგან კონტროლის მაღალი რისკების გამო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში ქართული სახელმწიფოს დაფუძნებაში ეკლესიის მისიისა და განსაკუთრებული როლის ხაზგასმაზე დაიწყო საუბარი. ხელისუფლება ჯიუტად მოუწოდებდა საკუთარ ამომარჩეველს კიდევ ერთხელ მიეცა ხმა მისთვის, რათა ამგვარი იდეის კონსტიტუციონალიზებისთვის საჭირო უმრავლესობა ჰქონოდა. იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციაში ისედაც არსებობს ჩანაწერი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლის შესახებ და ეკლესიას ისედაც აქვს მინიჭებული მთელი რიგი პრეფერენციები და პრივილეგიები კონსტიტუციური შეთანხმებით, ახალი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბუნდოვანი დარჩა. თუმცა, ის აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ ამ განცხადებით ხელისუფლება თანამედროვე, ანუ მოდერნული და სეკულარული სახელმწიფოს პარადიგმას ცვლიდა, რომელიც ქვემოდან, “ყველა მოქალაქის” თანხმობით ფუძნდება და რელიგიური და ეთნიკური მარკერები მის კონსტრუირებაში ნაკლებად უნდა პრევალირებდეს.  

თუმცა, აშკარა იყო, რომ სისტემა ამით არ გაჩერდებოდა და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის გენერირებისთვის მას დასჭირდებოდა ახალი “სხვები”, რომელთა სიძულვილსა და განდევნაზე დააფუძნებდა ის საკუთარ თავს. 

თავდაპირველად ეს “სხვები” ლგბქტი ადამიანები აღმოჩნდნენ და მათი განდევნისთვის და დეჰუმანიზებისთვის ხელისუფლებამ ფაშისტური კანონი მიიღო, ე.წ. “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ.” ჩემი აზრით, ამ ინიციატიავამ ელექტორალურად არ იმუშავა, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა ჭკუის სწავლება მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან, რომელთა ოჯახების ფარისევლობისა და კორუფციის შესახებ ჭორებით არის ქალაქები სავსე, მორალურად და ემოციურად არ მიიღეს. ოჯახებმა, რომლებსაც სიღარიბე, მიგრაცია, ძალადობა, პატრიარქატი ანგრევს, ძალიან კარგად იციან, რა სჭირდებათ სინამდვილეში დაცვისა და გადარჩენისთვის. და ეს ნამდვილად არ არის ლგბტი ადამიანებისთვის ადამიანობის ჩამორთმევა. რამდენიმე კვირის წინ კი, ცნობილი ტრანსგენდერი ქალის სასტიკმა მკვლელობამ აჩვენა, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის შედეგი მხოლოდ ძალადობა და სიკვდილია. ამ ტრაგედიამ გამოაფხიზლა საზოგადოება და მედიაში ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, კესარიას მეზობლები ალაპარაკდნენ და ტელევიზორებიდან ჰუმანიზმის გაკვეთილები ჩაუტარეს ხელისუფლებას. 

სხვების, უცხოების მონიშვნა ამით არ დასრულდებოდა. ეს კარგად ვიცოდით. ბოლო დღეების საჯარო განხილვების ანალიზი აჩვენებს, რომ ამჯერად ”სხვების” იერარქიები და საზღვრები ეთნიკურ უმცირესობებზე გავიდა. რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-მა, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების პროპაგანდისტი ტელევიზია გახდა, ქალაქ რუსთავში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ აზერბაიჯანელ თემთან შეაფასა, როგორც შეხვედრა დიასპორასთან. თემის აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ არა ერთხელ გაკრიტიკებული მოსაზრება, რომ არ შეიძლება საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები სხვა სახელმწიფოს დაუკავშირო და დიასპორად, ანუ ამ სხვა სახელმწიფოს საქართველოში წარმომადგენლად განიხილო, “რუსთავი 2”-მა ისევ ჯიუტად გაიმეორა და ამ დრომდე ბოდიშიც კი არ მოიხადა. 

მაგრამ უარესი შემთხვევა “პოსტივის” ხელისუფლების ყველაზე ბნელი და ამორალური ქვეცნობიერების მატერებელი ტელევეზიის მხრიდან დაფიქსირდა. „პოსტივის“ ჟურნალისტი ჯერ ერთ-ერთ პოლიტიკოსს მიეჭრა და ჰკითხე, თუ რატომ მალავდა და რცხვენოდა მისი სომხური წარმომავლობის. შემდეგ ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი ააწყო ამ პოლიტიკოსის ბიოგრაფიაზე, სადაც ვიდეომასალის ბოლოს, ერთი კაცი ერევნიდან ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსი მისი ნათესავი იყო „დედის ხაზით“ და გასაჭირის დროს არ დაეხმარა. ეს შემთხვევა ბოლო წლებში არმენოფობიის პოლიტიკური გამოყენების ყველაზე ნათელი მაგალითია. 

არმენოფობიას ხანგძლივი ისტორია აქვს საქართველოში, ყველაზე ხშირად ის გავლენიანი ადამიანების დელეგიტიმაციისთვის გამოიყენება. არმენოფობიის საფუძველიც ხომ ისტორიულად ჩვენს დიდ ქალაქებში სომეხი თემის ეკონომიკური თუ კულტურული  გავლენები და მასთან დაკავშირებული უკმაყოფილებები გახდა. 90-იან წლებში ქართულ ინტილიგენციაში სწორედ არმენოფობიული ისტერია იყო ყველაზე ძლიერი. სომხის ამოცნობა კი არ იყო რთული, რადგან თუნდაც ძველ თბილისში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი შერეული იყო. სომხებს და ქართველებს ბევრი საერთო კულტურული მახასიათებელი აქვს და ეს ჩვენს წინაპრებში არ იწვევდა გაუცხოებასა და სტერილიზაციის ინსტიქტებს. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს 90-იანი წლები და იმ დროის რეპრესიული ქართული ნაციონალიზმი, რომელიც ჰომოგენიზაციის აგრესიულ იდეებზე იდგა და სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან ქვეყნის, ტერიტორიების, სხუელის გაწმენდის იდეებს პროპაგანდირებდა. მაშინ ბევრმა ეთნიკურმა ჯგუფმა დატოვა ქვეყანა. რთულ რეგიონებში კონფლიქტებიც მოხდა. ამავდროულად არა ერთმა ეთნიკურმა უმცირესობამ „ქართულ სხეულში“ ასიმილაცია გადაწყვიტა და საკუთარი იდენტობის მარკერების, სახელების, გვარების, რწმენის, ენის დათმობა მოუწია. ეს გამოცდილება, ჩემი აზრით, ჩვენი ისტორიული სირცხვილია და არსებითად ანტიქართული ფენომენიც. საერთო ქართული იდენტობა სწორედ შერევით, კულტურების გადაკვეთით იღებდა მის უნიკალურ ხასიათს.    

ბოლო წლებში, ალბათ, ყველას გვქონდა განცდა, რომ ამ წარსულთან გამიჯვნა მოვახერხეთ. მართალია ამაზე ღია საუბრის, სახელების დარქმევისა და შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც. ამ ტრანსფორმაციას ხელს არ უწყობდა განათლების სისტემა, არც კულტურის პოლიტიკა. უბრალოდ ტრავმამ, სირცხვილმა და გლობალურ ქსელებში მასობრივმა ჩართულობამ ბუნებრივად მოიტანა ცვლილებები საზოგადოებაში. ახლა კი აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი პროპაგანდის იარაღები გვაბრუნებენ წარსულში, სადაც არც ერთი გაგებით აღარ უნდა გვინდოდეს დაბრუნება.

რთულია იმის თქმა, თუ რა გრძელვადიანი გავლენა ექნება „ქართული ოცნების“ რეგრესულ და ბნელ პოლიტიკას ჩვენს საზოგადოებაზე. პროპაგანდის მეთოდურ მუშაობას საბოლოოდ ავისხლეტთ და დავივიწყებთ, თუ ის მაინც ღრმა კვალს დატოვებს ჩვენზე და რეგრესული დისკურსების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ანუ ჩაედინება ქვემოთ, გავა ოფიცილაური დისკურსის მიღმა და კიდევ უფრო აგრესიული და უკონტროლო სამოქალაქო პრაქტიკების და კონფლიქტების ნაწილი გახდება. 

მინდა მაინც დავიტოვო იმედი, რომ ის ხილული კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის, საბოლოოდ მორალური და ინტელექტუალური უპირატესობის მქონე საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება და ველური, რეგრესული პროპაგანდის სახადს ადვილად მოვიხდით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვებისთვის საჭიროა ჩვენს გამოცდილებაში დაგროვებული მანკიერი იდეების, გრძნობებისა და პრაქტიკების შესახებ ღიად ლაპარაკი. მნიშვნელოვანია, მას გავემიჯნოთ არა დუმილით, არამედ საუბრით და საბოლოო შეთანხმებებით. ამის გაკეთება პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ, ვიტყოდი პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ. მათ შორის იმათმა, ვინც სისტემამ მიზანში ამოიღო.






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ