გულგრილი სოლიდარობა
30.11.2024


დისტოპიურ ნაწარმოებებში, სადაც დიქტატურის ანატომია და რეპრესიებია აღწერილი, ყოველთვის ჩნდება ერთი პერსონაჟი მაინც, პირობითად ბატონი ან ქალბატონი „გაუგებრობა“. ეს პერსონაჟი, როგორც წესი, ანტაგონისტად გვევლინება, მაგრამ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სულიერი მეტამორფოზა უნდა განიცადოს და გაკეთილშობილდეს. ავტორის თუ სამყაროს გადაწყვეტილებით, ის მაინც ბოლომდე რჩება რეჟიმის ერთგულ მსახურად. მაგალითად, ასეთია დეიდა ლიდია „მხევლის წიგნში“, ასეთია მოსამართლე ტოტალიტარული ირანის შესახებ დაწერილ დოკუმენტურ რომანში - „შვიდი ზამთარი თეირანში“. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი ჰუმანურ იმპულსს ავლენს, საბოლოოდ, რეჟიმის ერთგული რჩება. რეალურ სამყაროშიც ასეა, - ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში „გაკეთილშობილების სინდრომი“ იმაზე იშვიათია, ვიდრე მსხვერპლს ჰგონია ხოლმე. 

2024 წლის 28 ნოემბრის დილის 2 საათიდან 30 ნოემბრის დილამდე თბილისის ქუჩებში დატრიალებული ძალადობრივი ქაოსი დისტოპიური რომანის ან ფილმის აღწერას ჰგავს, - ბოროტი მდიდარი მმართველის მსახური შავი რობოტები ქვეყნის დასაცავად გამოსულ მოქალაქეებზე ნადირობდნენ. დარბევისას ორ ღამეში 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ მიზანმიმართულად ურტყამდნენ, დევნიდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმის შესრულებაში და ერთ-ერთ მათგანს, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს და დააპატიმრეს. მაგ ღამეს ოლიგარქის რეჟიმმა სამი წითელი ხაზი ერთდროულად გადაკვეთა: ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, მიიღო შექება მსოფლიოს პირველი ტერორისტისგან, ვლადიმერ პუტინისგან და ტერორი მოუწყო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ესეც, ალბათ, ერთგვარი რეპეტიციაა რუსული კანონისა და რუსული მმართველობის მძლავრად ამოქმედებისთვის.

ამ ნადირობის დღეს ჩემთვის უაღრესად საინტერესო მაინც სამთავრობო მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტების რეაქცია აღმოჩნდა, - ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ირონიული, ცოტა მოკრძალებული, ცოტა აროგანტული და ცოტაც ამაზრზენი. ყველაფერი ცოტ-ცოტა, საერთო ჯამში, კარგად გაწერილ პროპაგანდისტულ სტრატეგიას ქმნის. 

გულგრილი სოლიდარობის კამპანია გუშინ დილიდან დაიწყო, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, როცა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში მუშაობა განახლდა. შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტებმა კოლეგებისადმი „სოლიდარობის“ ნიშნად ერთმანეთის მსგავსი პოსტები გამოაქვეყნა. შინაარსი დაახლოებით ასეთია: „ვგმობ ორმხრივ ძალადობას“ და შემდეგ ტექსტი გრძელდება, რომ ჟურნალისტს აქვს თავისუფლად მუშაობის უფლება და ა.შ. ჩნდება კითხვა, რომელ ორმხრივ ძალადობაზეა საუბარი მშვიდობიანი აქციების დროს?! ვინ არის მოძალადე მეორე მხარეს?! სად იდგა მოძალადე, რომელსაც „მეორე მხარედ“ მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი?!

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ უფლება, გამართონ მანიფესტაციები, დემონსტრაციები და არავინ დაისაჯოს, რადგან მთავრობისგან მრავალჯერ უგულვებელყოფილი კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. იმ ღამითაც, ისევე როგორც წინა თვეებში, რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, ოდნავი ბრალეულობაც კი არ არსებობს რომელიმე ნაცემი აქტივისტის ან ჟურნალისტისა, არ არსებობს პოლიციაზე ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები, კადრები, ჩანაწერები, მაგრამ რეჟიმის სახედ ქცეული პროპაგანდისტებისთვის ეს ძალადობა მაინც „ორმხრივია“. მათთვის ტოლობის ნიშანი ზის დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და პოლიციელს შორის, ნაცემ ჟურნალისტსა და იმ სპეცრაზმელს შორის, რომელიც გამეტებით ურტყამს გურამ როგავას, აკა ზარქუას და შენობებში უვარდება დამალულ აქტივისტებს. 

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ, რომ „ორმხრივი ძალადობის“ შესახებ გზავნილი შემთხვევითია. შემთხვევითში სამსახურის დაკარგვის შიშს არ ვგულისხმობ. რეალურად, ეს „ორმხრივი ძალადობა“ და ბუნდოვანება ძალადობის შესახებ, ძალადობის ზოგადი გმობა სამთავრობო მედიის ჟურნალისტების მხრიდან, პროპაგანდის ნაწილია. მათი მიზანია, აუდიტორია დაარწმუნონ, რომ „უსამშობლოების“ (როგორც აქციის მონაწილეებს უწოდებენ ხოლმე) მიმართ ჩადენილი ძალადობა პროპორციული ძალის გამოყენებაა, რომ სპეცრაზმელები იძულებულები არიან ამგვარი “მცირე გადაცდომით” დაიცვან სამშობლო, - ის სამშობლო, რომელიც მათი თქმით, დასავლეთმა „ომში უნდა ჩაითრიოს“ აქციების საშუალებით. რამდენადაც არარეალურად არ უნდა ჟღერდეს, გულგრილი სოლიდარობაც „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივზე აგებული სიცრუის ნაწილია.   

სამთავრობო მედიის ამ გულგრილ სოლიდარობაზე 2022 წლის მარტი-აპრილის რუსული ქრონიკები მახსენდება. სწორედ კრემლის პროპაგანდის ნაწილი იყო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის გზავნილი უკრაინელების მისამართით. ისინი ცდილობდნენ, უკრაინის მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ სინამდვილეში “მოძმე ერების გაერთიანების სპეცოპერაცია” მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდის ცინიზმიც ამაშია, - როცა ბუჩაში რუსული არმია 14-15 წლის გოგოებს აუპატიურებდა, ხოლო რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავდა, კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები „კეთილ“ მიზნებზე, „დიდი რუსეთის“ გამთლიანებასა და კეთილდღეობაზე საუბრობდნენ. 

29 ნოემბრის ღამის სისხლისღვრისადმი გულგრილობაში „იმედის“ ჟურნალისტები მარტო არ არიან. მათ გვერდით დგას დანარჩენი სამთავრობო მედიის ლეგიონი მცირედი განსხვავებით. “პოსტივის”, “რუსთავის 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობა მდუმარედაა (მხოლოდ რამდენიმეს ეყო გამბედაობა, დაეგმო სპეცრაზმის სიმხეცე). მათი დუმილი დაშავებული ყოფილი თანამშრომლების და მოქმედი კოლეგების შელახულ უფლებებზე ზედმეტად ხმამაღლა ისმის. ცარიელია მათი facebook-ის გვერდები, ცარიელია სივრცე, რომელიც სწორედ ჟურნალისტების პროტესტს უნდა შეევსო. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ შესანიშნავად იცის. იცის, რომ ოლიგარქისა და ბიუჯეტის ფულზე დამოკიდებულ მედიაში დასაქმებული ადამიანები ხმის ამოღებას ვერ და არ გაბედავენ. ამიტომაც მათ შეუძლიათ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ინკვიზიცია მოუწყონ იმის იმედით, რომ სამთავრობო მედია-კლანიდან არავინ უსაყვედურებს, არავინ აუჯანყდება. 

არადა მორალურად გაუმართლებელია, გესმოდეს პატარა გოგოების ტირილი კადრებში და დუმდე; დანაშაულია, ხედავდე როგორ ურტყამენ წიხლებს წაქცეულ აქტივისტებს, როგორ წევს სასწრაფოს მანქანაში დასისხლიანებული მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“), როგორ ეხვეწება პოლიციელს ნინო წვერავა („სტუდია მონიტორი“), არ დააგოროს კიბეებზე, როგორ უხსნის აკა ზარქუა („რეალ პოლიტიკა“) ათამდე სპეცრაზმელს არ სცემონ, რადგან ჟურნალისტია და მოვლენებს აშუქებს, შენ კი, სამთავრობო მედიის პროპაგანდისტმა, ხელფასის შესანარჩუნებლად მდუმარება შეინარჩუნო… ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

დასაწყისში დისტოპიური რომანების ანტაგონისტებიც თვალსაჩინოებისთვის ვახსენე. გაზაფხულის აქციებიდან დღემდე მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტების ნაწილი სამთავრობო მედიას პროტესტით დატოვებდა. ახლა კიდევ უფრო ნათლად ვაცნობიერებ, რამდენად ინფანტილური ყოფილა ჩემი მოლოდინი. 

მთელ იმ ორი ღამის ქაოსში კი, ყველაზე სევდიანი რამ აქციაზე ნაცემმა და ძალიან ღირსეულმა ჟურნალისტმა, გურამ როგავამ (ტელეკომპანია ფორმულა) თქვა: „მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა... მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ... მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ”.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ