ისე მოხდა, 16 დეკემბრის დილას სოლოლაკში აღმოვჩნდი. ჩემი მეგობარი
მანდ ცხოვრობს და დილის ყავაზე ავუარე. ისიც ძალიან ჩართულია
მიმდინარე ამბებში და სხვა თემა არცა ყოფილა. ლუსტრაციის კანონსაც
შევეხეთ. მე ვთქვი, რომ საბჭოთა დროინდელი უშიშროების თანამშრომლების
უმეტესობა ალბათ ცოცხლები აღარც არიან - დიდი დრო გავიდა, ხოლო
ამჟამინდელი კაგებეშნიკები კონტრ-დაზვერვის კომპეტენციაა.
საღამოს შინ ნამარშალ-დამაშვრალი მოვბრუნდი. ძალიან მომწონს, რომ საზოგადოების აქტივობამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტს საეთერო დრო გამოგლიჯა. საერთოდაც საზოგადოებრივი აქტივობის მჯერა: მჯერა, რომ ამ გზით მიიღწევა სასიკეთო და მდგრადი ცვლილებები. ამიტომ, ამ არხს მივუჯექი.
თამთა სანიკიძეს სტუმრად იურისტი საბა ბრაჭველი და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ჰყავდა. ბრაჭველს პირადად არ ვიცნობ, ხოლო ლევანის ფეისბუკ პოსტები ძალიან მომწონს. მწყობრად, არგუმენტირებულად და ლაზათიანად აყალიბებს აზრს. ასევე მეტყველებს. რაც მთავარია, ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა მისთვის უმაღლესი ღირებულებაა. ამჯერადაც მშვენიერი მოსასმენი გახლდათ. რამოდენიმე ძირითადი პუნქტი რომ გამოვყოთ, მან და საბა ბრაჭველმა თქვეს რომ:
- ხელახალ არჩევნებს დემონსტრანტები ითხოვენ არა ახირებისთვის, რომ ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ჯგუფს გადააბარონ, როგორც ამას ხელისუფლება გვიხატავს, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ წართმეული ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს;
- მიმდინარე პროტესტის საფუძველია: სერიოზული ეჭვები არჩევნების სამართლიანობაზე და ტოტალური უნდობლობა სასამართლოს მიმართ. შემდეგ უკვე ამას დამატებული ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებული უარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ის წამებამდე მისული ძალადობა, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;
- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას საზოგადოებასთან დიალოგზე, რეალურად ეს მხოლოდ რიტორიკაა და ის ამისთვის მზად არ არის, რადგან ამზადებს დრაკონულ კანონებს, რათა დრამატულად შეზღუდოს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, უწყვეტი ტყუილები, მაგალითად „ომის პარტიის“ არსებობის შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის დიალოგს;
- რეალურად არ არსებობს პოლარიზაცია საზოგადოებაში, რადგან მიმდინარე აქციებზე დგანან ის ადამიანებიც, ვინც გასულ არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და საჯარო მოხელეებიც, რადგან მათთვისაც მიუღებელია იმ ტიპის სახელმწიფოს არსებობა საქართველოში, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს. და რომ მმართველი პარტიის ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობაც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და რომ საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი არაძალადობრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ კარგია, თუ ამას უსმენს ის ხალხი, ვინც წლებია საზმაუსა და „იმედს“ უყურებს და მსგავსი არაფერი გაუგონია. ვფიქრობდი, ნეტა როგორ იღებენ ასეთი ადამიანები, რეგიონებსა თუ თბილისში, მსგავს ინფორმაციას, რამდენად მოქმედებს მათ პოზიციებზე ღამბაშიძისა და ბრაჭველის საუბარი. თანაც თამთა სანიკიძეც საკმაოდ ლოიალურად იქცეოდა: არ აწყვეტინებდა, არ აპროტესტებდა ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ მათ უმწვავეს შეფასებებს, რადგან პროსახელისუფლო ჟურნალისტებს ოპოზიციური სპექტრის რესპოდენტებთან დავა თავიანთ უშუალო პასუხისმგებლობად მიაჩნიათ.
ამის შემდეგ წამყვანი რესპოდენტებს დაემშვიდობა, აქციიდან ჩართვა შემოგვთავაზა და სტუდიაში ახალ სტუმარს დაგვპირდა. აქციიდან ჩართვა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა და კვლავ სტუდიაში დავბრუნდით, სადაც უკვე მამუკა არეშიძე იმყოფებოდა. არეშიძე 90-იანი წლების პირველ ნახევარში ჟურნალისტობდა. შემდეგ, თუ არ მეშლება, კონფლიქტოლოგი იყო, შემდეგ კავკასიის საკითხთა ექსპერტი. ამჟამად, როგორც ის სანიკიძემ წარგვიდგინა, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის სახელით ასპარეზობს.
რუსული პროპაგანდა - მთელ მსოფლიოს აზანზარებს ეს სიტყვათშეთანხმება. მისი მთავარი მიზანია, ფაქტების დამახინჯებით ადამიანები სწორი არჩევანისკენ მიმავალი გზიდან მოასრიალოს - ანუ, ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნაში შეუშალოს ხელი. იმდენად ხშირად ისმის ეს ცნება საქართველოში, იმდენი უბედურება ბრალდება, რომ ზოგს ის უკვე რაღაც არარეალური, მითოლოგიურ-ზღაპრული ბუა ჰგონია, აი, ბალღობაში რომ გვაშინებდნენ. და ერთი რამე მართალია: ის არ არის ტყვია, რომ მოგხვდეს და მოგკლას, არ არის კუალდა - გითავაზონ და დაგაგდოს. ის სიტყვებშია, ის ბგერებშია და ის ჰაერშია. და ის ძალიან ბევრი იყო მამუკა არეშიძის იმ დღევანდელ გამოსვლაში. თუ ვინმეს გაინტერესებთ რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, თუ სად და როგორს ხედავს რუსეთი საქართველოს, გადაახვიეთ: საზმაუ, 16 დეკემბერი, 23:16 წუთი. უნაკლო იყო, როგორც შინაარსით, ასევე ტექნიკური შესრულებით. გამიჭირდება და მეზარება კიდეც არეშიძის მონოლოგი თავიდან ბოლომდე გავხრა, განევრცო კაცი, მაგრამ მოდით მის მთავარ პოსტულატებსა და ილეთებს მაინც თანამიმდევრულად მივყვეთ.
კადრში შემოსული უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს
შევერცხლილი თავი დაუხრია და წინ დადებულ თაბახის ფურცელს დაჰყურებს.
რა კარგია! კაცი სახლში მოემზადა, ჩამოწერა რაზე ესაუბროს
საზოგადოებას და მომზადებული გვეახლა! მაგრამ იქვე ნაზად მისვენებული
საწერი მიგვანიშნებს, რომ ის ახლახანს წერდა ამ ფურცელზე. რა
შეიძლებოდა ეწერა ბატონ მამუკას სტუდიაში შემოსვლის წინ, ისე რომ
უსარგებლო კალმის დატოვება, ქურთუკის ჯიბეში ჩადებაც ვერ მოასწრო? ის
იწერდა, რა უპასუხოს ლევანსა და საბას, იწერდა მათი მხრიდან
ხელისუფლების კრიტიკის იმ კონკრეტულ ნაწილებს, რომლებზეც ეს ორი
„ახალგაზრდა“ წუთის წინ საუბრობდა და რომელზეც უსაფრთხოების საქმეთა
ექსპერტმა უნდა უპასუხოს. რა საკვირველია, ეს ვარაუდია და მისტერ
ჰოლმსამდე ბევრი მიკლია, მაგრამ თვალი ოხერია. ხოლო ტვინი გაწაფული.
თანაც, როდესაც შენი ეთერის სამ მეოთხედს შენამდე გამოსული
„ახალგაზრდებისთვის“ პასუხის გაცემას უთმობ, ნათელია რა გიწერია
ფურცელზე. პანიკა აქვთ, ე მანდ ხალხს „ახალგაზრდების“ ნალაპარაკები
მართლა ჭკუაში არ დაუჯდეს. სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ.
წინა აბზაცში სიტყვა ახალგაზრდები სამჯერ ჩავსვი ბრჭყალებში. ასე
იხსენიებდა უსაფრთხოების საქმეთა ექსპერტი ლევან ღამბაშიძესა და საბა
ბრაჭველს. ეჰ, აბა სჯობს რამე ახალგაზრდობას? ტესტოსტერონის
ოკეანეები, სიგიჟეები, რისკები, თავქარიანობა. ლევან ღამბაშიძე 41
წლის არის, ხოლო საბა ბრაჭველი 31. ვისთვის როგორ ეხლა. ორმოცს
გადაცილებულ უცნობ ადამიანს „ახალგაზრდა“ უძახო, პირადად მე თავაზიანი
არ მგონია. ამ პატარა ეთიკურ-ტუტუცურ გადაცდომას როგორ არ ვაპატიებდით
ღვაწლმოსილ ექსპერტს, მაგრამ ამ კონტექტსტში სიტყვა „ახალგაზრდას“
ასაკობრივი დატვირთვა სულაც არ ჰქონია. ის გამოუცდელზე,
დაუფიქრებელზე, მოუმწიფებელზე მიგვანიშნებდა. წარმოიდგინეთ, რომელი
უფრო სოლიდურად ჟღერს „ბატონი ლევანი“ (ან თუნდაც ლევან ღამბაშიძე) თუ
„ახალგაზრდა“? მაგრამ მათი სახელები დამახსოვრებადაც არ ღირს,
ისინი გზააბნეული, უწიფარი ახალგაზრდები არიან. ამ მცირე
საკომუნიკაციო ხრიკს გაქნილი ადამიანები თავისით სწავლობენ ან
სპეციალურ დაწესებულებებში ასწავლიან. ყველა შემთხვევაში ეს არის ერთი
შეხედვით ძალზე უწყინარი (აბა, რა არის ცუდი ახალგაზრდობაში???),
მაგრამ საკმაოდ მზაკვარი ილეთი დაამცრო ოპონენტი. უხ შე ბებერო
ძუკნა.
ისე არ გამოგვივიდეს ბატონი მამუკას ნააზრევი გვერდზე მოგვრჩეს. პირველი, რაც მან გვამცნო იყო, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება „ახალგაზრდა კაცის“ (ღამბაშიძე) აზრს, რომ საზოგადოებაში არ არის პოლარიზაცია. არეშიძეს არგუმენტი არ მოუყვანია, მაგრამ პირდაპირ გაავლო პარალელი 91 წლის დეკემბრის მოვლენებთან, როდესაც ერთმანეთის პირისპირ კბილებამდე შეიარაღებული ორი მხარე იდგა და რაც ხელისუფლების დამხობითა და შემდგომი სამოქალაქო ომით დასრულდა. სად აქვთ ახლა დემონსტრანტებს იარაღი? სად არის მსგავსება? მაგრამ ეს ამბავი უახლეს ისტორიაში შემზარავია და უბრალოდ მისი ხსენებაც კი შიშის ზარს ჰგვრის მსმენელს, რაც ასეთი ექსპერტების ამოცანაა: ნუ იქნება ნურაფერი, იყვნენ ესენი ხელისუფლებაში, ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს. ვინ დაღვრის სისხლს თუ არა ხელისუფლება? იარაღი განსხვავებით 1991 წლისგან მხოლოდ მათ აქვთ.
შემდეგ ბატონმა მამუკამ, როგორც ჭეშმარიტ ქოცს ეკადრება, დაგმო ორმხრივი ძალადობა. ანუ, ერთი მხრივ დემონსტრანტების საწამებლად მოწყობილი ავტომობილები, ტიტუშკები, ნაგვემი, დასახიჩრებული ხალხი და მეორე მხრივ არც ერთი სერიოზულად დაზიანებული პოლიციელი, არც ერთი ჩამტვრეული ვიტრინა ან დაზიანებული ავტომობილი და ექსპერტი მაინც ორმხრივ ძალადობაზე საუბრობს.
შემდეგ პატარა ექსკურსი გეოგრაფიაში, რომ თურმე სირია ახლოა და 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებას წინ უძღვოდა სირიაში მოვლენები 27 ნოემბერს. მთავარი საფრთხეებიდან ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა: რომ ვითომ სირიიდან ჰიპოტეტურად მომდინარე საფრთხე რამეს ცვლის ჩვენ საგარეო პოლიტიკაში. თუ მაინცა და მაინც, როდის უფრო გაიქაჩება სირია შენზე ევროკავშირის წევრი რომ ხარ თუ რომ არ ხარ? შე ნაძირალა.
შემდეგ კლასიკური ბოდვა იმაზე, რომ აქ მიმდინარე მოვლენები ამ რეგიონში გიგანტების დაჯახების შედეგია, ოღონდ ეს ისე, მშრალად და იმის დაყოლებით, რომ ვისაც ფიქრი უყვარს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა. ანუ არაფერი. წყალი. ხალხის ბნელეთში შეყვანა, ვითომ დიდ პოლიტიკასა და კონსპირაციებზე საუბრით. ვციტირებ: „ჩვენ ხომ ვიცით, რომ შუა დერეფნის პროექტი არსებობს. ეს შუა დერეფნის პროექტი არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა. ასევე, არსებობს ჩრდილოეთდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა. სამხრეთ კავკასიის სივრცეში ეს ორი გზა ერთმანეთს კვეთს და რატომ არ უნდა უნდოდეს მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს (ამჯერად მხოლობითში) აქაურობის კონტროლი? და ამ კონტროლის გამოა სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა ამ პატარა სივრცეში“. ძნელია ამ ვითომ დიდი ჭკვიანური იდიოტიზმის ადამიანურ ენაზე მოთარგმნა, მაგრამ ვცადოთ: აქაურობას ეხლა რუსეთი აკონტროლებს და რატომ უნდა მივცეთ სხვა „მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს“? Ничего не скажешь. Эксперт! სინამდვილეში ამ კონსპირაციული ბოდვის მიზანია, მაყურებელს ჩააგონოს, რომ „მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს“ (დასავლეთს) ჩვენი კონტროლი სურს და შეიქმნას ილუზორული ბრძოლის ველი, სადაც ჩვენ ამ კონტროლს შევეწინააღმდეგებით, ხოლო ვინც მართლა გვაკონტროლებს და დამონებას ცდილობს, ის გვერდზე რჩება და მშვიდად აგრძელებს თავის საქმეს.
გზები ბევრგან გადის. ნაკლებად სტრატეგიულიც და უფრო სტრატეგიულიც. დასავლურ სამყაროში ისწავლეს მათგან სარგებლის მიღება ისე, რომ ნაწყენი არავინ რჩება და ურთიერთობები ცივილურ ფორმებს არ სცილდება. მაგიტომ გვინდა იქ და არა რუსეთთან, სადაც ასეთი საკითხები კალაშნიკოვებით წყდება.
შემდეგი გახლდათ არეშიძის ექსპერტული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის 28 ნოემბერის განცხადება არ ნიშნავს ევროპისკენ სვლის შეწყვეტას. გაოცებულმა სანიკიძემ არგუმენტები მოიკითხა. არეშიძე სკამში შესწორდა და „აი, თუნდაც ის, რომ ევროპელების მოქმედება ხშირ შემთხვევაში იძულებით ფორმას ატარებდა“. გაიგეთ ხომ? მიხვდით? სად იყო ნეტა ეს არგუმენტი აქამდე! რა გვინდოდა ყინვიან ქუჩებში? რას ვასკდებოდით რობოკოპებს! დამშვიდდით! ევროპისკენ მივდივართ!
აქ ეტყობა თვითონ მიხვდა, რომ საქმე შეჭირდა და მომდევნო წინადადებაშივე გაჰკიცხა ახალგაზრდა ღამბაშიძე ომის პარტიის არსებობის არდაჯერების გამო. და მეტი დამაჯერებლობისთვის „დიფ სთეითის“ (deep state) ცნებაზე საუბარს შეუდგა, რომელსაც თურმე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ახსენებდა. სინამდვილეში „დიფ სთეითი“ და ქოცების „გლობალური ომის პარტია“ სრულიად განსხვავებული რამ არის. მაგრამ ექსპერტი ნეიმდროფინგით (არც თუ ნაცნობი ცნებების და გვარების არასაჭირო დროს გამოყენება) ცდილობს, თავისი ექსპერტული მნიშვნელობის გაზრდას მაყურებლის თვალში, რომ აი, მან რაღაცეები იცის.
აბა, ისე როგორ დაასრულებდა ექსპერტი, დასავლეთის მხრიდან ჩვენი ომში ჩათრევის მცდელობაზე რომ არ ესაუბრა. რაღაც კონფერენციაზე, ვიღაც დასავლელმა კოლეგებმა, რაღაც კითხვები დასვეს. გვარებს ვერ იტყვის! უხ ბოდიში! იმოდენა რანგის, ისეთი წარმომადგენლობით და საიდუმლო ღონისძიებას ესწრებოდა ეს პატივცემული გვამი, რომ გვარებს ვერ გვეტყვის. არა და დღეს ყველაფერი ტვიტერზეა, ბოდიში, იქსზე, არაფერია დამალული ვინ, სად, რა თქვა.
საკმარისია. აღარ მინდა ამის სმენა.
გულწრფელად? არა მჯერა, მამუკა არეშიძე რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენდეს. მაგრამ ის გაჭყეპილია მათი ინფორმაციით, მსოფლიოს მათი პრიზმიდან ხედავს, მათ ყაიდაზე გველაპარაკება. და ეხლა სხვებს ჭყიპავს ამ ნაგვით. უკიდურესად იაფფასიანი ილეთებით შექმნილი პლატფორმიდან პროქოცური ტყუილებით ჭყიპავს. აი, იმ ხალხს, ვინც ბრაჭველსა და ღამბაშიძეს შესაძლოა, პირველად უსმინა და რაღაც შანსი გაუჩნდა ქვეყანა სხვანაირად დაინახოს.
ლუსტრაციის კანონი კი ნამდვილად გვჭირდება. რომ ვიცოდეთ, ვინ გველაპარაკება. მართალი იყავი შენ, კოტე. ასე ქვია იმ მეგობარს, რომელთანაც იმ დილით ყავას გეახელით.
P.S. დღეს, 20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ დიდი ხნის შემდეგ პირველად ახსენა „დიფ სთეითი“. ექპერტი (მამუკა არეშიძე) ეგეთი უნდა იყოს, პრემიერს პასებს აძლევდეს!