ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
„დიდმა ბრიტანეთმა, პრაქტიკულად, აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, - 8 ივნისს, ამ სათაურით, გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ მოამზადა მასალა, რომელშიც საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს. სტატია გაჯერებულია ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდისტული გზავნილებით, შეიცავს ყალბ ინფორმაციას, ქსონოფობიასა და მანიპულაციას.

სტატიის პირველ ნაწილში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ავტორი ჯერ სირიის მაგალითს მიმოიხილავს და ამბობს, რომ სირიამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ „სირიაში საომრად საქართველოს ბევრი მოქალაქე წავიდა“.

შემდეგ ბრიტანეთს ეხება და ამბავს, რომ თითქოს დიდმა ბრიტანეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ავტორი იმაზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდა გუნდი ოკუპირებული აფხაზეთიდან: „ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოსა და ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციები, ფიფა და უეფა არ აღიარებენ, ლონდონში ჩავიდნენ და მსოფლიოს საკუთარ ჩემპიონატს ატარებენ. შესაბამისად, აფხაზეთის, ტიბეტის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და კიდევ სხვა ნაკრებებს ლონდონში ყველანაირი პირობა შეუქმნეს, საკუთარი ჭია რომ გაახარონ“.

შეჯიბრი არაოფიციალური იყო, ეს ნათქვამია სტატიაშიც, მაგრამ აქცენტირების გარეშე. ამავე დროს, სტატიაში არაფერია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ფაქტს გამოეხმაურა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსული პროპაგანდისტული გზავნილები მთელი სტატიის თანმდევია. რუსეთის „სიკეთეებზე“ ავტორი სხვადასხვა კონტექსტში საუბრობს. მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე: „მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისგან ხეირი შეიძლებასაქართველოსაც ენახა შესაბამისი კამპანიის პირობებში; რუსეთში ჩასულ მილიონობით ტურისტს ხომ შეიძლებოდა საქართველოდან გატანილი ღვინო, მინერალური წყალი და ხილი გაესინჯა, მაგრამ რუსეთი ხომ მტერია და ჩვენი ეკონომიკისთვის ესოდენ საჭირო მილიონების გაკეთება რუსეთში თურმე არ შეიძლება?!

ავტორი ამას არ ჯერდება და რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას მეზობელი ქვეყნის, სომხეთის მაგალითზეც ცდილობს. ავტორი წერს, რომ საქართველო არ ალაგებს ურთიერთობას რუსეთთან და სამაგიეროდ, „ხელისუფლება ერთი კვირის ინტერვალით, ზარ-ზეიმით შეხვდა მეზობელი სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერს“.

ამ ნაწილში გვხვდება ქსენოფობიური ტექსტიც სომხეთის მიმართ: „ჩვენ ხომ “სტუმარ-მასპინძლის” შემქმნელი ქვეყანა ვართ და ისტორიულად სომხების მიერ არაერთხელ გაყიდულები, მათ ისევ კოჭს ვუგორებთ“. ს

სომხეთთან კავშირში მასალაში ყალბი ინფორმაციაც გვხვდება, მაგალითად: „სომხეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზური პასპორტები”, ან კიდევ: „სომხეთის ხელისუფლება ახალციხეში მცხოვრებ სომხებს მოქალაქეობის მიღებას აიძულებს“.

სტატიას ავტორი ისევ ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდისტული გზავნილით ასრულებს.

„მოგვცემს რუსეთთან დიალოგის უფლებას ევროპა და ამერიკა?! ხომ შეიძლება, გრანტებით გაბრუებულ ხელისუფლებას უცებ გამოეღვიძოს და მიხვდეს, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს?! - წერს ავტორი და ამატებს, რომ „ ნატო“ და „ევროკავშირი“ აღარ არის ქართველი ხალხის არჩევანი და რეფერენდუმი ნათლად გამოავლენდა ქართველი ხალხის განწყობას“.

საერთო ჯამში, მასალა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის საგარეო კურსს, ყალბი ინფორმაციით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, აღვივებს ანტიდასავლური განწყობებს და რუსეთს წარმოაჩენს როგორც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილ და უალტერნატივო მოკავშირე ქვეყანას.
კატეგორია - ეთიკა
2018 წლის 7 ივნისს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო. მთავარი, რაზეც ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა, რაც წამების ფაქტზე მიუთითებს. თუმცა, გაირკვა, რომ ქართული მხარე შეხვედრაზე ისე წავიდა დოკუმენტი არც რუსულად და არც ინგლისურად არ უთარგმნია, ამიტომ, ე.წ. ოსური მხარე მას ვერ გაეცნო.

ერგნეთის შეხვედრა 7 ივნისს მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო პროგრამებში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თუმცა, ის დეტალი, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან თარგმნილი დოკუმენტის გარეშე მივიდა, ვერ მოხვდა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში.

თემის წარგდგენისას წამყვანმა განმარტა, რომ „ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა“. მანვე აღნიშნა, რომ, თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო ცხედარზე სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ის დაზიანებები, რომლებიც ცალსახად წამებაზე მიუთითებს. თუმცა, არაღიარებული რეჟიმი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაცნობას საჭიროდ არ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი არ არის. წამყვანს ტექსტში დოკუმენტის თარგმნაზე არ უსაუბრია.

თითქმის იგივე შინაარსის ტექსტი გაიმეორა ჟურნალისტმაც. მან განმარტა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს ეგორ კოჩიევს ნაწამები სამხედროს ცხედარზე ჩატარებული ქართული სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა გააცნეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება, თუმცა ეს კოჩიევისთვის [ოსური მხარის წარმომადგენელი] საინტერესო არ აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ექსპერტიზა მისთვის საკმარისად სანდოა. ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით გააცნო ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს დასკვნის შინაარსი. მიაწოდა მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მხოლოდ სიტყვიერი ინფორმაციით შემოიფარგლა.

ხაზგასმა, თუ რატომ ვერ მოახერხა ოსურმა მხარემ დოკუმენტის გაცნობა, ჟურნალისტს არც მას შემდეგ, უცდია, რაც სიუჟეტში ეგორ კოჩიევის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ მას ქართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავს.

სიუჟეტში არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის კომენტარი მოხვდა, სადაც იგი განმარტავს, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ექსპერტიზის დასკვნის დაბეჭდილი ვერსია იმიტომ არ წარადგინა, რომ დოკუმენტი ნათარგმნი არ იყო. ეს განცხადება მოვისმინეთ სხვა ტელევიზიების ეთერით და ნათლად ჩანდა, რომ ამ კომენტარს ისმენდა და იწერდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც.

იმ ფონზე, როდესაც ოსურმა მხარემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ქართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ვერ შეაფასებდა, რადგან მას არ უნახავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დოკუმენტის არ წარდგენის შესახებ ინფორმაციის დაფარვა მთავრობის კრიტიკულ კონტექსტში წარმოჩენის თავიდან აცილების მცდელობას ჰგავდა. სიუჟეტის ყურებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაზე ყველა ღონეს მიმართა, რაც სინამდვილეში ასე არ იყო. თარგმანის არარსებობა ამ ამბის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო, რაც სიუჟეტში ვერ მოხვდა.
კატეგორია - ეთიკა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი 31 მაისიდან დღემდე მაუწყებლების ერთ-ერთი მთავარი თემაა. “იმედის”, “რუსთავი 2-სა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები კვირის ბოლოსაც ამ საკითხს დაეთმო, თუმცა განსხვავებული გზავნილებით.

“იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც შაბათს, ასევე კვირას, ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა და გადაცემებში მთავარ აქცენტს აკეთებდნენ აქციის პოლიტიზებაზე - სოლიდარობის მიზნით დაწყებული პროტესტი გადაიქცა პოლიტიკურ აქციად. მაშინ, როდესაც “რუსთავი 2” ხაზგასმით ამბობდა, რომ ეს იყო მოკლული არასრულწლოვნის მამის სოლიდარობის აქცია.

სამივე არხი განსხვავებული რაკურსებით გვთავაზობდა რუსთაველის გამზირსა და ვაკის პარკში მიმდინარე აქციების კადრებს. ასევე, რადიკალურად განსხვავდებოდნენ საქმის ის მთავარი ფიგურები, რომლებზეც მაუწყებლებმა ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს. “იმედმა” ასეთ რესპონდენტად აქციების ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპრავა, “რუსთავი 2-მა” კი ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი შეარჩია.

შაბათი, 2 ივნისი


შაბათის გადაცემები სამივე არხმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების დეტალებით დაიწყო. “იმედმა” გამოშვება შსს-ს მაღალჩინოსნების დაკითხვის თემით გახსნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - მომხდარის თვითმხილველი არასრულწლოვნების, “რუსთავი 2-მა” კი აუდიტორიას საქმეში არსებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სასულიერო პირის შვილია და სავარაუდოდ მას გამოძიება ხელს აფარებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის შაბათის 9-საათიანი გამოშვება 6 საათზე დაწყებული პირდაპირი ეთერის გაგრძელება იყო. საღამოს გამოშვების პირველი სიუჟეტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების “ახალ ეტაპს” ეხებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ატყობინებდა მაყურებელს, რომ მთელი დღის განმავლობაში შსს-ში 5 მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა.

გამოშვების მთავარი აქცენტები ასეთი იყო:

  • გამოძიება გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მასთან მოწმეები არ თანამშრომლობენ - ეს გზავნილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისგან ვლადიმერ ბორცვაძისგან მოვისმინეთ, რომლის ჩართვა სტუდიაში გადაცემის დასრულებამდე სამჯერ შემოგვთავაზეს განმეორებით.

  • აქცია გუშინდელთან შედარებით გაცილებით პოლიტიკურია - “მოამბემ” ამის დასადასტურებლად საპროტესტო აქციაზე რამდენიმე გამომსვლელის განცხადება მოგვასმენინა.

  • “პარლამენტმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და პირველად ასეთ საქმეში, შექმნა საგამოძიებო კომისია”, - დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისიის შემქნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბორცვაძის მსგავსად, ეკა ბესელიას ჩართვაც გადაცემის დასრულებამდე განმეორებითაც გვაჩვენეს.

“იმედი”

შაბათის “ქრონიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარის თვითმხილველი არასრუწლოვნების დაკითხვის თემით დაიწყო. მეორე სიუჟეტად “იმედმა” პატრიარქთან ზაზა სარალიძის შეხვედრის შესახებ მოუთხრო მაყურებელს, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში აქცია ჩართო. ჩართვისას “იმედის” ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, შეეცადნენ ტრიბუნასთან ახლოს მისვლას, თუმცა იქ მდგომი პირები ამბობდნენ, რომ ზაზა სარალიძეს იცავდნენ და ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ასევე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ზაზა სარალიძისგან ინტერვიუს აღებას, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

შაბათის "ქრონიკაში" ცალკე სიუჟეტი მიეძღვნა იმას, ვინ არის ზვიად კუპრავა. მასალის თანახმად, კუპრავა -”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, წინა ხელისუფების პერიოდში მუშაობდა შსს-ში, აქციაზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, მის გამო ხალხის ნაწილმა დატოვა აქცია (გვაჩვენეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის სტატუსი ფეისბუქზე, სადაც იგი ამბობს, რომ კუპრავა არის მკვლელი, მონაწილეობდა 26 მაისის აქციის დარბევაში), არასდროს ტოვებს მარტო ზაზა სარალიძეს, მისი წარსულით დაინტერესდა დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც, ხელისუფლება კი “ნაციონალურ მოძრაობას” ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს (თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარი).

ამ სიუჟეტის შემდეგ “იმედმა” მიმდინარე მოვლენების შეფასებები შემოგვთავაზა. სტუმრებთან (დავით ბაქრაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო ლომჯარია) კითხვების ფოკუსი იყო: არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსები აზარალებენ პროცესს, რომელიც შეიძლება აქციებიდან საქმეზე გადავიდეს? პოლიტიკოსების ერთი ჯგუფის წახალისებით აქციაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ადექვატურია? ხომ არ შეჰყავს, გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრს მოქალაქეები შეცდომაში? და ა.შ.

“რუსთავი 2”

შაბათის “კურიერმა” მაყურებელს რამდენიმე ახალი ინფორმაცია მიაწოდა. გადაცემა ექსკლუზივით დაიწყო, რომელშიც მაყურებელმა გაიგო, რომ საქმეს კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშვე ჰყავს, ასევე არასრულწლოვანი, სასულიერო პირის შვილი, რომელსაც გამოძიება ხელს აფარებს; მიუხედავად იმისა, რომ ეთიკური სტანდარტები მედიას არასრულწლოვანი სავარაუდო ბრალდებულის ვინაობის დაფარვას ავალდებულებს, გადაცემის წამყვანმა მისი სახელისა და გვარის გამჟღავნება მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. მასალაში არ ჩანდა სრული კონტექსტი, რატომ შეიძლება აფარებდეს ხელს ხელისუფლება ამ არასრულწლოვანს, რა გავლენა აქვს სასულიერო პირს, მაყურებელს არ უნახავს არასრულწლოვნის ოჯახთან დაკავშირების მცდელობა.

არხმა აუდიტორიას შესთავაზა სიუჟეტი მირზა სუბელიანზე, რომლის დაკავებასაც ზაზა სარალიძე დიდი ხანია ითხოვს. მოგვიანებით კი აუდიტორიას ის ახალგაზრდები გააცნო, რომლებიც სარალიძის მხარდამჭერ მოძრაობას - “ნუ მომკლავ” უდგანან სათავეში.


განსხვავებით იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, “შაბათის კურიერში” როგორც წამყვანის, ასევე ჟურნალისტის ტექსტში ხაზგასმული იყო, რომ აქციაზე დგანან რიგითი მოქალაქეები: “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ აქციებზე სიტყვით მხოლოდ ხალხი გამოდის - ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს და ამბობს, რომ ქვეყნის ათობით მოქალაქე სამართლის გარეშე დარჩა”, - თქვა წამყვანმა ნოდარ მელაძემ და იგივე აქცენტებით გააგრძელა საუბარი ჩართვისას ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ.

კვირა, 3 ივნისი


კვირის გადაცემებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ვაკის პარკში მიმდინარე აქციის თემაც დაემატა. განსხვავებებიც ამჯერად ამ აქციის გაშუქებისას გამოიკვეთა. სხვადასხვა იყო ვაკის აქციის გაშუქების ხანგრძლივობა, კადრები ამ ორი აქციიდან და აქცენტები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში არ გაუშვია ინცინდენტები, რა დროსაც სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას აგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

კვირის გადაცემაში, “ახალი კვირა” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე პირდაპირ თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე მართვის სადავეები ხელში ოპოზიციურმა პარტიებმა აიღეს და მიკროფონი პოლიტიკოსების ხელშია. ტელევიზიამ მაყურებელს სიუჟეტიც შესთავაზა, სახეწოდებით, - სოლიდარობიდან პოლიტიკამდე, რომელშიც დეტალურად მოუთხრო “როგორც იქცა სოლიდარობის გამომტახველი აქცია პოლიტიკურ პროტესტად”.

კადრი

განსხვავებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა, რომლის კადრებს აღნიშნული მაუწყებელი შორი ხედით აჩვენებდა, ვაკის აქციიდან კადრებს გვთავაზობდა ახლო ხედით, შესაბამისად, აქციას უფრო ხალხმრავალს ხედავდა აუდიტორია. ამ სიუჟეტს კი წინ უძღოდა ამბავი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდების ნაწილი გაემიჯნა რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს მისი პოლიტიზებულობის გამო.

ჩართვაში ჟურნალისტი ყვებოდა, რომ აქ არიან ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს განიცდიდნენ რეპრესიებს, შვილმკვდარი მშობლები და სხვადასხვა აქციაზე დაზარალებლები. ისინი ამბობენ, რომ რუსთაველზე იმის გამო არ გადიოდნენ და დღესაც არ გავიდნენ, რომ იქ კონკრეტულმა პარტიამ ჩაიგდო მართვის სადავეები ხელში.

“წარმოუდგენელია იმათთან ერთად დგომა რუსთაველზე. რა უნდა ამ კაცს ვერ ჩამოყალიბდა, თუ თავისი შვილის მკვლელობის გამოძიება უნდა, გადადგა მთავარი პროკურორი, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და უნდა ვაცადოთ, რაღაც დრო მივცეთ”, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჩართვისას.

ვაკის აქციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 13 წუთი დაუთმო და აქციიდან ექვსი მონაწილე ჩართო ექვსივე ერთი და იმავე ტექსტით - რუსთაველზე მიმდინარე აქცია პოლიტიკურია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის გადაცემის სტუმრები იყვნენ: კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ მასაც აქვს გამოცდილი, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას. ასევე, არხს ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ მირზა სუბელიანთან, რომელიც ამბობდა, რომ მზადაა გასცეს პასუხი ყველა კითხვას, არსად არ წასულა და არც შვილს აფარებს ხელს, პირიქით, თავად მიიყვანა საგამოძიებო ორგანოში.

გადაცემა “ახალ კვირაში”, რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკის აქციიდან სახლში წავიდა, რუსთაველის გამზირზე იქ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიიყვანეს.

“ახლა კადრში შეგიძლიათ ნახოთ აქციის მონაწილეები, რომლებმაც ზაზა სარალიძეს სახლში მიაკითხეს და სავარაუდოდ ის აქციაზე დააბრუნეს”... “მე შეგახსენებთ, რომ მას სახლში მიაკითხეს აქციის მონაწილეებმა და წაიყვანეს”... “სარალიძე აქციაზე არ იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში, ის ვაკის პარკში მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელსაც ახალგაზრდები მართავდნენ, რომ პოლიტიკოსები არ შეერთებოდნენ ამ აქციას და ყოფილიყო სუფთა სამართლის აქცია სუფთა ხელებით, პოლიტიკოსების გარეშე…ეს აქცია დატოვა ზაზა სარალიძემ და სახლში წავიდა, თუმცა მას სახლში მიაკითხეს, ეს ჩვენ გადავიღეთ. რუსთაველის აქციის ორგანიზატორებმა მას სახლშ მიაკითხეს და ის აქციაზე დააბრუნეს” (და კადრები კიდევ ერთხელ გაიმეორეს).

“იმედი”

“ოპოზიციური პარტიების წინასწარ შემუშვებულმა გეგმამ და აქტივობამ სამწუხაროდ ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული, სრულიად ლეგიტიმური პროტესტი რუსთაველზე პრაქტიკულად ჩაახშო და სხვა მიმართულებით წაიყვანა” - ამ სიტყვებით დაიწყო “იმედის კვირის” წამყვანმა კვირის მთავარი გადაცემა და ეს აქცენტი გაჰყვა ბოლომდე.

კვირის გადაცემაში გაგრძელდა წინა დღის ნარატივი ზვიად კუპრავას შესახებ. ამჯერად კუპრავა პირდაპირ ეთერში ჩართეს და კითხვებს გადაცემის წამყვანი უსვამდა.

“იმედის კვირა”, იგივე აქცენტით დასრულდა, როგორც დაიწყო. სიუჟეტის ავტორი მოჰყვა როდის და რა ვითარებაში მოუწოდეს პოლიტიკოსებს უკვე აშკარად და პირდაპირ აქციაში ჩართვის შესახებ, რა პოზიცია ჰქონდა ამაზე ზაზა სარალიძეს, გაგვაცნო კარავში კუპრავასა და სარალიძეს შორის თათბირის შესახებ პოლიტიკოსების თემაზე და კუპრავას შეძახილი ამ თათბირის შემდეგ, - “ჩვენ გავიმარჯვეთ”, - კადრში ხელებჩაჭიდული კუპრავა, სარალიძე და მაჩალიკაშვილი.

“2 ივნისის აქცია სრულდება ისე, როგორც ზოგი ვარაუდობდა, ზოგი იმედოვნებდა, ზოგიც იმას იმედოვნებდა, რომ ასეთ ფინალს არ იხილავდა. საპროტესტო აქციის ტრიბუნას პოლიტიკოები იკავებენ”, - თქვა ჟურნალისტმა და შემდეგ ეთერში აქციიდან პოლიტიკოსების გამოსვლები გაუშვა.

კვირას ღამით “იმედის კვირამ” გადაცემაში ჩართო: ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, (ორივე მათგანი ემიჯნება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას), ნიკა მელია, ოთარ კახიძე და არჩილ თალაკვაძე.

“რუსთავი 2”

გადაცემა “პოსტკრიპტუმი” მთლიანად ხორავას ქუჩის საქმეს მიეძღვნა. გამოშვება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციით დაიწყო, სადაც იმ პერიოდში ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელს იკვლევდნენ. “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, “რუსთავი 2-მა” მაყურებელს უთხრა და აჩვენა ვინ იდგა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, სუს-თან და ქართულ მარშთან დაკავშირებული პირები და ასევე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.

კვირის გადაცემაში “რუსთავი 2-მა” ბოლო პერიოდის ტენდენციებიც გააცნო მაყურებელს - რა გზებით ცდილობს ხელისუფლება საპროტესტო განწყობების ჩახშობას და იმ თემების მარგინალიზებას, რაზეც საზოგადოების პროტესტი იწყება.

“რუსთავი 2-მა” კვლავ გააგრძელა საქმეში გამოჩენილი ახალი არასრულწლოვნის შესახებ თხრობა, თუმცა, ამჯერად სიუჟეტი გაცილებით მრავალმხრივი და დაბალანსებული იყო.

“პოსტკრიპტუმის” დასრულების შემდეგ  “კვირის აქცენტები” დაიწყო. წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ, რომელსაც ამ გადაცემაში შედარებით პასიური როლი აქვს, სტუმრებთან ერთად ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე გააგრძელეს საუბარი. გადაცემა დღის შეჯამებით დაიწყო, რა დროსაც ნიკა გვარამიამ ვაკის აქციასთან მიმართებით ასეთი ფრაზები გამოიყენა: “ძირითადი ნაწილი იქ იყო სუსის კონიუნქტურა, “ქართული ოცნების” შლეიფი, ასე ვთქვათ სეფექალები და სეფეკაცები, რომლებიც უბრალოდ აი პირდაპირ ხელიდან კენკავენ დღევანდელი ხელისუფლების”... “ღმერთო მეტეორი გვესროლეო რომ ამბობენ, თუ გვესროდა ღმერთი მეტეორს, იქვე ჩავარდნილიყო იქნებოდა არაჩვეულებრივი”.

"პოსტკრიპტუმისგან" განსხვავებით, "კვირის აქცენტების" წამყვანები არ ერიდებოდნენ სუბიექტური მოსაზრებების გახმოვანებას აქციებთან, თუ სხვადასხვა, ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით. ეთერიდან ისმოდა ერთგვარი მითითებებიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, იმისათვის რომ არ განელდეს ის საპროტესტო მუხტი რაც ახლა რუსთაველის გამზირზეა. 
კატეგორია - ეთიკა
„თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს“ – ამ სათაურით, იდენტური ტექსტითა და ფოტოთი, დღეს, 29 მაისს, ახალი ამბავი შვიდ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა.  ამათგან, მხოლოდ ერთმა მიუთითა, რომ ეს ხელმომწერის ინფორმაციაა.

პირველი ელექტროავტობუსის შესახებ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ მომზადებული ტექსტი, უცვლელად გამოაქვეყნეს შემდეგმა სააგენტოებმა: ინტერპრესნიუსი, აიპრესი, სააგენტო პირველი, ექსკლუზივ ნიუსი, imedinews.ge, info9, Citykvira.ge (რომელიც არის პორტალ „კვირას“ პროექტი).

შვიდი სააგენტოდან, მხოლოდ ერთმა, „ინტერპრესნიუსმა“ მიანიშნა მკითხველს, რომ სტატია სარეკლამოა. სტატიის ბოლოში, გამოცემამ, ისე როგორც სხვა სარეკლამო მასალებს, InterPressNews.Ge ნიშანი დაურთო, რაც ნიშნავს, რომ ეს ხელმომწერების მიერ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული ტექსტია. არცერთ დანარჩენს მსგავსი განმარტება მკითხველისთვის არ შეუთავაზებია.

შვიდიდან მხოლოდ ორმა, ინტერპრესნიუსმა და აიპრესმა ჩაამატა გავრცელებულ მასალას, რომ ეს არის თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაცია. დანარჩენებმა ტექსტი ზუსტად ისე გამოაქვეყნეს, როგორც ეს თბილისის საკრებულოს გვერდზე იყო. მცირე ცვლილება მხოლოდ imedinews.ge-მ შეიტანა, - პრესსამსახურის ვერსიას სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის, შალვა ოგბაიძისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას კომენტარები ამოაკლო. 

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროავტობუსის საქართველოში შემომყვანი კომპანიის, „ფრეგობასის“ ფეისბუკის გვერდზე დღევანდელი პრეზენტაციის არაერთი ფოტოა, ყველა სააგენტომ გავრცელებულ ინფორმაციას ერთი და იგივე ფოტო დაურთო.


კატეგორია - ეთიკა
გამოცემა „ჯორჯიან თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პირველი ქართველი ჯაშუში ქალი იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე - უნიკალური ფოტო ლევილის არქივიდან“.

სინამდვილეში, იზოლდა კვეტენაძე არ არის რეალური პიროვნება და შესაბამისად არც პირველი ჯაშუში ქალი არ ყოფილა არასდროს.  სტატიაში თანდართულ ფოტოზე ასახული ქალი კი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და ყოფილი პორნოვარსკვლავი საშა გრეი.


საშა გრეის ფოტო, რომელიც გამოყენებულია სტატიაში
კატეგორია - ეთიკა
იუმორისტული შოუს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით - „როგორც იქნა ხაშურში ასფალტი დააგეს“. ფოტოზე ჩანს ქუჩა, რომელზეც ასფალტი მხოლოდ ვიწრო ზოლზეა დაგებული.

ეს ფოტო თანდართული ტექსტით უცვლელად, დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების გარეშე გამოაქვეყნა რამდენიმე ონლაინ გამოცემამ: Metronome.ge, DiaNews.ge, Gurianews.com და Accent.com.ge.

სინამდვილეში, ფოტო 2017 წლის ოქტომბერში, უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში, ბაქოს ქუჩაზეა გადაღებული.



ვანო ჯავახიშვილმა გავრცელებული ფოტო სოციალური ქსელიდან რამდენიმე საათში წაშალა, სააგენტოებზე კი ეს ფოტო და ტექსტი დღემდეა განთავსებული.
კატეგორია - ეთიკა
24 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და სასულიერო პირებსა და მათთან ღირებულებით თანხვედრ ადამიანებს “რუსთავი 2-ის” ბოიკოტორებისკენ მოუწოდა. საპატრიარქომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 22 მაისს გიორგი გაბუნიამებიან “ცენზურაზე სასაუბროდ” სტუდიაში მხატვარ ლია უკლებას ნახატი "თვითმკვლელი ღვთისმშობელი" მიიტანა.

საპტრიარქოს განცხადება მოხვდა ტელეკომპანიების “რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “TV პირველის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი - არ გააშუქა.
კატეგორია - ეთიკა
2018 წლის 22 მაისს, “კურიერის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ერთ-ერთი სიუჟეტი დედის მხრიდან მცირეწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო და წამყვანმა შესავალ ტექსტში ეს თავადაც ახსენა, სიუჟეტში დასახელდა შემთხვევის ადგილი, დედის ასაკი და ვინაობა.

მასალა სავარუდო მოძალადე დედის კადრით იწყება, რომელიც გადამღებ ჯგუფს სთხოვს, რომ არ გადაუღონ. მიუხედავად ამისა, სიუჟეტში ის ვიზუალურად სრულად იდენტიფიცირებულია. ჟურნალისტისგან ვიგებთ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დედა შვილებს ფიზიკურად ხშირად უსწორდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კი, ორი დღის წინ მოხდა და ექვსი წლის ბიჭუნას ცემის კვალი ახლაც ეტყობა.

სიუჟეტიდან ვერ შევიტყეთ, კონკრეტულად რა წყაროსა და ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდა ჟურნალისტი დედის მხრიდან შვლების ცემის მრავალჯერად შემთხვევებზე, მას ამისთვის დამატებითი ინფორმაცია, რაც მსჯელობას უფრო არგუმენტირებულს და სარწმუნოს გახდიდა, არ წარმოუდგენია.

ჟურნალისტის თქმით, 6 წლის ბავშვის ცემის შესახებ ინფორმაცია აქვთ მეზობლებსაც, რომლებიც ფაქტს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და დედის მძიმე ემოციურ ფონს უკავშრებენ. ამის საპასუხოდ კი, სიუჟეტში ვხედავთ მეზობლებს, რომლებიც ყვებიან, რომ ის კარგი დედაა და ბავშვს შესაძლოა, განერვიულებულმა დაარტყა. მათ გადაჭრით არც ცემის ფაქტი დაუდასტურებიათ, არც მის სოციალურ მდომარეობასა და მით უფრო, არც დედის ემოციურ ფონზე გაუმახვილებიათ ყურადღება. ერთ-ერთმა მათგანმა კი შვილებზე დედის მხრიდან სისტემატური ძალადობის ფაქტი კატეგორიულად გამორიცხა.

სიუჟეტში მოვისმინეთ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის კომენტარიც, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნული ქალბატონის მხრიდან შვილებზე შესაძლო ძალადობის შესახებ მათთნ შესული ეს პირველი განცხადებაა და რომ დედას დადებითად ახასიათებენ, როგორც მეზობლები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოც.

მასალიდან გაუგებარი დარჩა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულება და კავშირი ჰქონდა მომხდართან ჟურნლისტის მხრიდან იმის ხაზგასმას, რომ სავარაუდო მოძალადე დედას შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავს და მას მეორე ოჯახი ერთი წლის წინ დაენგრა. ასევე, რა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სიუჟეტში იმის გამოკვეთა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია. აღნიშნულმა, მომხდარში დეტალურად გარკვევის ნაცვლად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ძალადობის მაღალი რისკის შესახებ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები კიდევ უფრო გააღრმავა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემდგომი ტრავმის, სტიგმატიზებისა და გარიყვის თავიდან აცილების მიზნით ძალდობის მსხვერპლი ბავშვი ისე უნდა დაიფაროს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის სახის დაფარვა მისი სრულად არაიდენტიფიცირე­ბისთვის საკმარისი არ არის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. მიუხედავად იმისა, რომ “კურიერის” სიუჟეტში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დაფარული იყო, სხვა დეტალების გამჟღავნებით, დედის ჩვენებით, იდენტიფიცირება მარტივად იყო შესაძლებელი.

კატეგორია - ეთიკა
18 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უფასო სასადილოების შესახებ გავიდა მასალა. სიუჟეტს - “კვება 97 თეთრად”, მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს.

მასალაში ჟურნალისტი ჰყვება, რომ ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვების ხარჯი დაზოგა და თანხას ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ხის გადასატანად საჭირო ხიდის ასაშენებლად დახარჯავს. თუმცა მასში არ არის ნაჩვენები არც ერთი დოკუმენტი, რომლითაც ეს ინფორმაცია დასტურდება. სიუჟეტის ბოლოს კი ირკვევა, რომ ამ ინფორმაციის წყარო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.

“ის, რაც უმწეო და მიუსაფარ მოხუცებს ზუგდიდის უფასო სასადილოში დააკლეს, მათ მენიუზე უკვე აისახა. სოციალურად დაუცველი ერთი პირის გამოსაკვებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეში მხოლოდ 97 თეთრს ხარჯავს. ანუ დადგენილზე ბევრად ნაკლებს. ირკვევა, რომ ტენდერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიას გაამარჯვებინა, რომელსაც 40 ათასით ნაკლებს, ისევ სოციალურად დაუცველების დღიური მენიუს გაღარიბების ხარჯზე გადაუხდის. საკვებს უმწეოები არც კვირა დღეს მიიღებენ”, - ამბობს ჟურნალისტი.


სიუჟეტში არ ჩანს, როგორი იყო სასადილოს ბენეფიციართა მენიუ ამ ტენდერამდე და რა შეიცვალა ახლა: საკვების ხარისხი, ულუფის მოცულობა თუ ორივე ერთად. ჟურნალისტი ამბობს, რომ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე განმცხადებელმა გაიმარჯვა და არ განმარტავს, რომ ტენდერის პრინციპი სწორედ ესაა. მასალაში არ ჩანს მთავარი, რაც ჟურნალისტს უნდა მოეკვლია, იმისათვის, რომ ტენდერის შედეგის შესახებ მაყურებლისთვის ცალსახა და სრული ინფორმაცია მიეწოდებინა - ვერ ვიგებთ რა მომსახურება უნდა გაეწია ტენდერში მონაწილეობის პრეტენდენტს და რა მომსახურებას სწევს გამარჯვებული კომპანია. ასევე ვერ ვიგებთ, თანხის შემცირებამ, გასულ წელთან შედარებით, როგორ იმოქმედა მენიუზე.

სიუჟეტის ავტორი მასალაში გვთავაზობს ბენეფიციარების კომენტარებს, რომლებიც სასურველ საჭმელსა და პრობლემებზე საუბრობენ, უფასო სასადილოების დირექტორისა და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარს. თუმცა ვერცერთი მათგანის ნათქვამით ვერ ვიგებთ კონკრეტულად რა გაუარესდა ფულის დაზოგვით.

მასალის მეორე ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატის ვარაუდებს ეთმობა. იგი ყვება, რომ თანხები იხარჯება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად და ეს ფული აკლდება სოციალურად შეჭირვებულებს. შესაბამისი მტკიცებულება, ან რაიმე დოკუმენტი კი სიუჟეტში არ ჩანს.

მასალა, როგორც მისი ყურებისას ირკვევა, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მონაყოლს ეყრდნობა. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა გადაემოწმებინა სრულდება თუ არა სატენდერო წინადადებაში მითითებული მოთხოვნები, ან შეესაბამება თუ არა ბენეფიციარების კვების რაციონი სტანდარტებს.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიხედვით (მუხლი 13), მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.
კატეგორია - ეთიკა
მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თითქმის ერთმილიონიანი უკონკურენტო, დახურული ტენდერი მედია ჰოლდინგ „პალიტრაში“ შემავალმა კომპანიამ ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავის კუთვნილმა შპს „ედლაინმა“ მოიგო, „პალიტრამედიამ“ მის წინააღმდეგ ერთგვარი მედიაკამპანია დაიწყო.

ნიკა მელიას განცხადება ერთ არასწორ დეტალს შეიცავდა - ტენდერი, რომელზეც მან ისაუბრა, უკონკურენტო არ იყო, თუმცა, მაშინ როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, ტენდერი ჯერ კიდევ დახურული იყო და დეტალები, მათ შორის ისიც, ვინ მონაწილეობდა ტენდერში, მხოლოდ ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, 4 მაისს, ტენდერის გახსნის დღეს გასაჯაროვდა.

მანამდე, 1-ელ მაისს სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმადაც ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის მედია ჰოლდინგ „პალიტრაში“ შემავალი კომპანია შპს "ედლაინი" ბიუჯეტიდან 709 ათას ლარს მიიღებს. ამავე პროდუქტში აღნიშნული იყო, რომ შპს „ედლაინი“ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა.

ამ ტენდერზე ნიკა მელიამ იმავე დღეს, 1-ელ მაისს, “TV პირველის“ ეთერში თქვა: „გამოაცხადეს რაღაცა მილიონ ლარამდე ტენდერი... და ვინ მოიგო ეს ტენდერი? რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი?! ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილმა“. 



გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოხმაურებები მეორე დღესვე დაიწყო. „პალიტრამედიამ“ რამდენიმე მასალა მოამზადა, სადაც ნიკა მელიას ნიკანორ მელიად მოხსენიება დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც ტენდერის შედეგები გასაჯაროვდა, „პალიტრამედიამ“ ღიად განაცხადა, რომ რედაქტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიდრე ნიკა მელია საჯაროდ არ უარყოფდა მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მედიასახლ „პალიტრის“ ყველა მედია პლატფორმა მას ნიკანორ ცრუ მელიად მოიხსენიებდა.

პარალელურად „პალიტრამედიის“ სხვადასხვა პლატფორმებზე გაჩნდა მასალები, რომლებიც ნიკა მელიას დისკრედიტაციას ემსახურება. 7 მაისს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით - "ვის ებრძვიან მელიები ანუ "სიბრიყვე სიცრუისა", რომელშიც გამოცემამ ფოტომანიპულაციებს მიმართა.

ამავე დღეს, „პალიტრავიდეომ“ ვიდეომასალაც გაავრცელა - რატომ დაიმალა მელია?!

11 მაისს, Ambebi.ge-ზე, რომელიც ასევე „პალირტამედიის“ პლატფორმაა, გამოქვეყნდა სტატია - მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ედლაინი“ გარიგებაში „ამხილა“. მასალა ასე სრულდება: „შესაძლოა, რომელიმე მკითხველს თანაგრძნობაც გაუჩნდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომელსაც იმდენად წინდაუხედავი ლიდერი ჰყავს, რომ მეტსახელად „ცრუ“ შეერქვა. თუმცა ეს თავად „ნაციონალების“ არჩევანია... ბატონ ნიკანორს კი ვურჩევთ, არ დაივიწყოს ქართული ანდაზა: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

14 მაისს, მედიასახლი ამ თემას ისევ დაუბრუნდა. „კვირის პალიტრამ“ სტატიაში - როგორ "ამხილა" მელიამ "ნაციონალები", კვლავ ფოტომონტაჟი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მედიასახლში შემავალი გამოცემები ამგვარ მედიაკამპანიას არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ აწარმოებენ, არამედ იმ მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგაც, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ ტენდერს. მაგალითად, მოამზადეს რამდენიმე მასალა ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ შესახებ, რომლის წევრებმა ასევე ისაუბრეს ამ თემაზე და ამ მასალებშიც, ორგანიზაციის წევრების დისკრედიტაციის მცდელობა და ფოტომანიპულაციაა გამოყენებული.


მედიასახლში შემავალ გამოცემებში მსგავსი შინაარსის მასალებს პირველი მაისიდან დღემდე სისტემური და კამპანიური ხასიათი აქვს. სტატიები ერთდროულად ჰოლდინგში შემავალ რამდენიმე პლატფორმაზე, სხვადასხვა ფორმით (ახლი ამბავი, სტატია, ვიდეომასალა, სტატიის მოკლე ამონარიდი) ვრცელდება. თითოეულ გამოცემაში ამ თემაზე 5 ან მეტი მასალა იძებნება და სტატიების უმეტესობას ერთი და იგივე შინაარსი აქვს. გამოცემას აქვს თეგიც -  'ნიკანორ ცრუ მელია'



კატეგორია - ეთიკა
„საქართველოში „ნარკომანების რევოლუცია“ მზადდება!“ - თბილისში გამართული აქციების შესახებ ასეთი მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა „საქინფორმმა“ მასალა, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური გზავნილებით, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და ადამიანების გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზებას ახდენს.

12 და 13 მაისს მიმდინარე აქციებს „საქინფორმმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც რამდენიმე გზავნილი აქვს. მასში ნათქვამია, რომ „ეს იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა", "აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ნარკოტიკების ლეგალიზებას" და "მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ე.წ. „დასავლურ ღირებულებებს“. ამ გზავნილებს გამოცემა მასალის სხვადასხვა ნაწილში არაერთხელ იმეორებს და ამავდროულად, ისე, რომ მასალაში არ ჩანს რაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე ავითარებს ასეთ მსჯელობას ავტორი.

ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს გამოცემა ახსენებს მასალის დასაწყისშიც და დასასრულშიც: „მომხდარის მიღმა აშკარად იკვეთება ოპოზიციის და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესები, რომელიც საპროტესტო ტალღაზე საქართველოში დასაბრუნებლად და, რადაც უნდა დაუჯდეს, ახალი „ფერადი რევოლუციის“ მოსაწყობად ემზადება - თუნდაც ეს „ნარკომანების რევოლუცია“ იყოს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში არასწორი ინფორმაციაა აქციის მიზნის შესახებაც. გამოცემა წერს, რომ ორგანიზატორებმა ხელისუფლებას „ყველა სახეობის ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოსთხოვეს“. მაშინ, როდესაც აქციის მოთხოვნა ეს არ ყოფილა. გარდა ამისა, მასალაში საქართველოს სკოლებში მომხდარი დაპირისპირებები და ოჯახში ძალადობის გახშირებული შემთხვევებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული, ომბუდსმენი და საქართველოს პრეზიდენტი კი ნარკორეალიზატორების მხარდაჭერაში არიან დადანაშაულებული.

გარდა ამისა, სტატიაში გვხვდება სიძულვილის ენა და ხდება წამალდამოკიდებული ადამიანების დისკრედიტაცია და სტიგმატიზება. აქციის მონაწილეები მოხსენიებული არიან ბრბოდ, ორგანიზატორები კი ნარკომანებად.

სტატია ორი ნაწილისგან შედგება და ანტიდასავლური გზავნილები განსაკუთრებულად აქცენტირებულად მასალის მეორე ნაწილში გვხვდება. მაგალითად: „მომხდარმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ე.წ. „დასავლურ ღირებულებებს“ - ნარკომანიის ლეგალიზაციას, ლგბტ-ს ცხოვრების სტილის პროპაგანდას და „კლუბურ კულტურას“;

ამ ნაწილში აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეები მოხსენიებული არიან როგორც „ქართველი საზოგადოების „ელიტარული გამოსული“ პროდასავლური ნაწილი - ლიბერტარიანელები, ლგბტ, ფემინისტები, ბომონდის და მათი უფლებების დამცველი, დასავლურ გრანტებზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები“, კონტრაქციის მონაწილეები კი „პატრიოტული ძალები, ანუ - ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა”.

სტატია მკითხველს აქციის ფოტოებსაც სთავაზობს, თუმცა, ყველა ავთენტური არ არის. სტატიაში გამოყენებულია ლგბტ პირების ფოტო, რომელსაც ამ აქციასთან კავშირი არ აქვს, არის ფოტომანიპულაცია და აქციის მიზნების ლგბტ-საზოგადოებასთან დაკავშირებასა და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

კატეგორია - ეთიკა
ორი დღის განმავლობაში, 12-და 13 მაისს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქცია გზავნილით „ჩვენი თავისუფლებისთვის“ „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და სხვა ორგანიზაციებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა. პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების რეალიზატორებთან ბრძოლით ახსნა. აქციის მეორე დღეს ნეონაცისტების კონტრაქცია დაიწყო.

აქციების გაშუქება

ეს მოვლენები კვირას, 13 მაისს, მაუწყებლების კვირის გადაცემების მთავარი თემა იყო. თუმცა, გადაცემებში „P.S.-სა“ და „იმედის კვირაში“ ამბები განსხვავებული აქცენტებით გაშუქდა. „რუსთავი 2-ის“ მთავარი ფოკუსი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია და მონაწილეთა მოთხოვნები იყო, ტელეკომპანია „იმედი“ კი კვირის გადაცემაში მეტწილად კონტრაქციასა და აქციების ტერიტორიაზე დაცულ უსაფრთხოების ზომებზე აკეთებდა აქცენტს.

გადაცემის მსვლელობისას „P.S-ი.“ პირველ ჩართვას ახალგაზრდების აქციიდან იწყებდა, „იმედის კვირა“ კი კონტრაქციიდან და ხაზს მოსალოდნელ საფრთხეებს უსვამდა. გარდა ამისა, „რუსთავი 2-ის“ კვირის გადაცემაში გაცილებით ხშირად ისმოდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებები და მოთხოვნები, ვიდრე ტელეკომპანია „იმედის“ კვირის ეთერში. აქ უფრო მეტად უკომენტაროდ აჩვენებდნენ აქციიდან კადრებს.

განსხვავებული აქცენტებით დაიწყეს გადაცემები წამყვანებმაც. „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „P.S.-ის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დასაწყისში განმარტა, რომ მას საღამოს წაყვანა რუსთაველის გამზირიდან სურდა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, გადაცემის შესავალშივე, წამყვანმა მაყურებელს მოუთხრო რა ხდებოდა აქციებზე, ამცნო, რომ პოლიცია ზღუდავდა ძირითად აქციაზე მოქალაქეების შესვლას და ჟურნალისტების ჩართვებით დეტალურად გააცნო, რა მოთხოვნები ჰქონდათ მონაწილეებს. გადაცემის პირველ ნახევარ საათში „P.S.-მა“ აუდიტორიას კონტრაქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებაც მოუთხრო.

„P.S.-ისგან“ განსხვავებით, „იმედის კვირის“ წამყვანს ირაკლი ჩიხლაძეს, გადაცემის შესავალში არ უხსენებია ის ფაქტი, რომ სამართალდამცველების ალყის გამო აქციის მონაწილეებს უჭირდათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა. „იმედის კვირამ“ მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირდაპირ ეთერში, პირველ კომენტარს გააკეთებდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. წამყვანის ანონსის მიხედვით, მინისტრი ახსნიდა სპეცოპერაციის საჭიროებას.

„იმედმა“ კვირის გადაცემაში ამბის თხრობა კონტრაქციით დაიწყო და მაყურებელს პირველ რიგში ის უთხრა, რომ რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები იყო მიღებული. სიუჟეტშიც მოვლენების ეპიცენტრიდან „იმედის კვირამ“ ჯერ კონტრაქციის მონაწილეები ჩართო, რომლებიც ყვებოდნენ „რომ არიან ნარკობარიგებისა და მამათმავლების წინააღმდეგ გამოსული და აპროტესტებენ 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფას“. ამის შემდეგ აჩვენა რა ხდებოდა პარლამენტის წინ მიმდინარე ძირითად აქციაზე და თქვა ისიც, რომ სამართალდამცველების ალყის გამო აქციის მონაწილეები ვერც გადიოდნენ და ვერც შედიოდნენ.

„იმედის კვირის“ ჟურნალისტები, რომლებიც აქციების ეპიცენტრიდან ერთვებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მიღებული იყო უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები, ამას ისინი ჩართვებში არაერთხელ იმეორებდნენ. ასევე, გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უთხრა, რომ პარლამენტის შენობასთან „აქციებს მართავდნენ კლუბების ხელმძღვანელები, მათი მხარდამჭერები და უბრალოდ ქლაბერები“.

გადაცემის მსვლელობისას, „იმედის კვირამ“ არაერთხელ გაიმეორა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარები.

მინისტრის ბოდიში

შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბოდიში იყო კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ორმა მაუწყებელმა განსხვავებული ფოკუსით მიაწოდა მაყურებელს.

„უახლესი საქართველოს ისტორიაში, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასულიყო ხალხში და მოეხადა ბოდიში“, - აღნიშნა „იმედის კვირის“ წამყვანმა მას შემდეგ, რაც მინისტრმა ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. ეს ფრაზა გადაცემის წამყვანმა გადაცემის დასასრულს, მაშინ, როდესაც საღამოს აჯამებდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„იმედი კვირის“ წამყვანმა მაყურებელს რამდენჯერმე უთხრა, რომ დღე მშვიდობიანად და კონკრეტული შედეგით დასრულდა და ეს იყო სამართალდამცველების ეფექტური მუშაობისა და პირველ რიგში შს მინისტრის დამსახურება: „დღე მშვიდობიანად დასრულდა და ამის მთავარი ავტორი არის შს მინისტრი“.

განსხვავებულ რიტორიკას ისმენდა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი, რომელმაც აუდიტორიას არხის დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის პირადი შეფასება შესთავაზა.

„ეს აქცია დღეს დამარცხდა“, - ასე შეაფასა მოლაპარაკებების შედეგი „რუსთავი 2-მა“. ნიკა გვარამიას შეფასებით, კონტრაქცია იყო ხელისუფლებისგან მართული და ეს კარგად გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოახერხა მთავარი აქცენტების გადატანა. „შეუძლებელ სისულელეზე დათანხმდნენ [აქციის მონაწილეები]“... „ისინი დაამარცხეს, რუტინით შეჭამენ“ ... „10:0 ხელისუფლების სასარგებლოდ“– ისმოდა მოლაპარაკებების შედეგის შეფასებისას „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

გვარამია და კვესიტაძე მკვეთრად აკრიტიკებდნენ აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც მინისტრის ბოდიშის შემდეგ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი დაადანაშაულეს არაორგანიზებულობასა და გამოუცდელობაში და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს დამარცხება პროცესებისგან პოლიტიკური პარტიების ჩამოშორების შედეგი იყო: „ძალიან წარუმატებელი რამ მოხდა. მძიმე შეცდომები გაახმოვანეს და მათი სოციალურ აქტივიზმს დიდ მომავალს ვერ ვუწინასწარმეტყველებდი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო სამარცხვინო.

ორი რეალობა

13 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერი ორი განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა „იმედის“ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამართალდამცველებმა ეფექტური მუშაობის შედეგად ქვეყანას თავიდან ააცილეს სამოქალაქო დაპირისპირება, შეძლეს შეეკავებინათ კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილი „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო“, იქცეოდა აგრესიულად და მზად იყო თავდასხმისთვის. რაც შეეხება მთავარ აქციას, ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა გამარჯვება, რადგან, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, შს მინისტრი მივიდა აქციაზე, მოიხადა ბოდიში და დაიგეგმა მოლაპარაკება.

მძიმე ღამე ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე ვერ დაასრულა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელმა, რომელსაც უთხრეს, რომ აქცია დამარცხდა. „რუსთავი 2-მა“ დღის შეჯამებისას აუდიტორიას მოუთხრო, რომ რეალურად ხელისუფლებამ ოსტატურად დაგეგმილი სცენარით ვითარება სათავისოდ შეატრიალა. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აგრესიული მამაკაცების ჯგუფი მიუგზავნა, აქციის მონაწილეები შეაშინა, შემდეგ თვითონ არბიტრის როლში მოგვევლინა, არც მიგზავნილი ხალხის დარბევა დასჭირდა და აქციის მონაწილეების მადლიერებაც დაიმსახურა დღის მშვიდობიანად დამთავრებისთვის. „რუსთავი 2-ის“ წამყვანების თქმით, რეალურად ამით ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი თავიდან აქცენტის გადატანა და ამით მხოლოდ და მხოლოდ მან მოიგო. აქცია დამარცხდა და დიდი ალბათობით, „აღარ იარსებებს ეს მოძრაობა“.