ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
მედიის ნაწილმა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სავარაუდო სუიციდის შემთხვევა ზედაპირულად გააშუქა. ფაქტის აღწერას, საიდანაც ვიგებდით, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, თან ერთვოდა ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებლის პოსტი, სადაც ის სენტიმენტალურად საუბრობდა იმაზე, თუ რა მდგომარეობა დახვდათ შემთხვევის ადგილზე მისულ ადამიანებს.

პოსტში, რომელიც მედიამ უცვლელად გაავრცელა, სხვათა ნაამბობის საფუძველზე აღწერილი იყო სუიციდის მეთოდი, ასევე მოტივი და ფაქტობრივად ბრალდებოდა სავარაუდოდ ბანკს და მისგან მიგზავნილ „მეპროცენტეს“. გარდაცვლილი მეწიგნე მიშკას მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის სუიციდი გამოსავლად იყო წარმოჩენილი.

გარდა ამ ფეისბუკ პოსტისა, მედიასაშუალებებს შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალები არ მოუძიებიათ, არ განუზოგადებიათ თემა და ამბავი ერთი პირის ისტორიის ფრაგმენტული გაშუქებით შემოიფარგლა. არც ფეისბუკ პოსტში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა ჩანდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, როგორიც სუიციდია, მნიშვნელოვანია ფოკუსირება პრობლემაზე ზოგადად და არა კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ არ არსებობს მის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. ამ კონკრეტული შემთხვევის ასე გაშუქებისას არ ჩანდა ეს საზოგადოებრივი ინტერესი.

ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით:

· სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის.

· დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება

· არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ... ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.

· უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.

ასევე ქარტიის მიერ შექმნილ კიდევ ერთ დოკუმენტში, „სოციალური მედიის გამოყენების“ შესახებ სახელმძღვანელო წესებში, საუბარია სოციალური ქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს შესახებ: „სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის“.
კატეგორია - ეთიკა
8 საათიან ქრონიკაში 10 ოქტომბერს, საკრებულოს წინ მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც საკრებულოს სხდომაზე პარლამენტის დეპუტატების და „პანორამა თბილისის“ პროექტის მოწინააღმდეგეთა არშეშვებას მოჰყვა, 8 საათიან „ქრონიკაში“ თითქმის ნახევარი საათი დაეთმო. თემის გაშუქებისას, სარკასტული იყო წამყვანების შესავალი ტექსტები ოპოზიციის მიმართ, მასალებში გამოტოვეს ამბის მნიშვნელოვანი დეტალები, საკრებულოს წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კი, გაუშვეს სიუჟეტი „პანორამა თბილისზე“, რომელშიც კიდევ ერთხელ გვიამბეს ამ პროექტის სიკეთეების შესახებ. (ამგვარი სიუჟეტი 8 ოქტომბრის „იმედის კვირაშიც“ გავიდა )

წამყვანების შესავალ ტექსტში მომხდარი „პოლიტიკურ სანახაობად“ შეფასდა: „დღეს კვლავ ხმაური იყო თბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრები და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები მხარდამჭერებთან ერთად, შენობაში არ შეუშვეს, რადგან წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ისინი ისევ სხდომის ჩაშლას გეგმავდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დეპუტატებმა სამართალდამცავების კორდონის გარღვევა და შენობაში ძალით შეჭრაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. განსაკუთრებით აქტიურობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომლის კადრიც, სხვების დახმარებით როგორ ახტება ის რკინის ჯებირს, სოციალურ ქსელებში დღის ჰიტად იქცა.

ცოლის რკინის ჯებირებზე აძრომას და პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებას ქმრის დაკავება მოჰყვა. პოლიციამ შეხლაშემოხლის დროს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამის შემდეგ, პოლიციის ეზოს ჯებირზე გადაძრომა უკვე თინა ბოკუჩავას მამამ სცადა, რომელიც სიძეს ეძებდა. საბოლოოდ, პოლიტიკური სანახაობა იმით დასრულდა, რომ საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის პირდაპირი წესით პრივატიზების საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა“.

ირონიული იყო წამყვანის ტექსტი მაშინაც, როცა პოლიციის მთავარი სამმართველოდან ჟურნალისტის ჩართვას წარადგენდა: „რა ხდება ამ წუთებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებული თანაგუნდელის დასახსნელად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იკრიბებიან“. ამავე ტექსტში მან აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი კოტიკო იოსელიანად მოიხსენია.



მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ახალი ამბების გაშუქებას ეხება, ვკითხულობთ, რომ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან.

გარდა ამისა, თავად თემაზე მომზადებულ სიუჟეტებში არ თქმულა ამბის მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად, იმაზე საუბრისას, თუ რამდენად კანონიერი იყო საკრებულოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვასთან და დეპუტატების არშეშვებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა მხოლოდ შსს-ს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიცია საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად იყო განლაგებული, მაგრამ არაფერი უთქვამთ, იმავე დღეს, საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლამდე დაახლოებით 3 საათით ადრე, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საკრებულოს წევრების და სხვა პირების არშეშვება კანონის დარღვევა იყო.

ტელეკომპანიას თემაზე მომზადებულ მასალაში არ გაუშუქებია, რომ საკრებულოს შენობაში საეჭვო პირები ვიდეოკამერებით დადიოდნენ და კადრებს აქციის მონაწილეებს უღებდნენ. ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ უსაფრთოხების სამსახურს წარმოადგენდა და ეს სამნიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს.

საკრებულოს წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ გასული მასალების შემდეგ, ქრონიკაში „პანორამა თბილისზე“ მომზადებული სიუჟეტი შემოგვთავაზეს, წამყვანებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს თემა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში წინასაარჩევნოდ მოხვდა:

„და კვლავ თემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ დღისწეს რიგში წინასაარჩევნოდ, ნომერ პირველად იქცა. ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით კონკრეტულად რას აპროტესტებს ოპოზიცია - მრავალმილიონიანი პროექტი დედაქალაქისთვის თუ ბიძინა ივანიშვილი, ვის სახელსაც ეს პროექტი უკავშირდება“ - ასეთი იყო შესავალი ტექსტი.

„ავტომობილთა ქაოტურ წყობას, სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ მაღალი სტანდარტების მქონე ავტოსადგომი ჩაანაცვლებს“ - ეს კი სიუჟეტის ავტორის საკადრო ტექსტია, მასალაში ჟურნალისტი და „თანაინვესტირების ფონდის“ წარმომადგენლები გვიხსნიდნენ, თუ რა კარგია „პანორამა თბილისი“, თან პროექტის გეგმის ფოტოებს გვათვალიერებინებდნენ. სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ სასტუმროდან ფანტასტიკური ხედები გადაიშლება, რომ თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სადაც „უნიკალურ გარემო“ იქნება. 8 ოქტომბერს, „იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის მსგავსად, ახლაც კიდევ ერთხელ გაუმეორეს აუდიტორიას, რომ „სტუმრები ქალაქის ისტორიულ და პანორამულ ხედებს 48 მეტრის სიმაღლიდან, წყლიდან ე.წ. უსასრულო აუზიდანაც დაათვალიერებენ“.

„ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი საცობების გარეშე ქალაქში მცხოვრებლებსა და უცხოელ სტუმრებს მინიმალურ ფასად სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე აიყვანს. პროექტის ავტორების თქმით, თაბორის მთაზე მეოწყობა გოლფის 9 მოედანი, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ბილიკები. თუ იმ ქალაქიდან გასვლა გსურთ სადაც ჰაერის დაბინძურების დონე განსაკუთრებით მაღალია, თბილისიდან ახლოს, ახალ რეკრეაციულ ზონაში რამდენიმე წუთში მოხვდებით“ - აგრძელებს სიუჟეტის ავტორი.

„პანორამა თბილისის“ სიკეთეებზე საუბარს. არც ამ და არც წინამორბედ მასალებში არ ისმის კრიტიკული აზრი თავად პროექტის შესახებ, არ ისმის სფეროს სპეციალისტთა განცხადებები და შეფასებები, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მედიაში არაერთხელ გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი დააზიანებს ქალაქის ლანდშაფტს და იერსახეს. (მაგალითისთვის, ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიებში: „პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის რეკვიემი? "პანორამა თბილისი" - ინვესტიცია, რომელიც კლავს"„პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს.“„საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა- თბილისის“ წინააღმდეგ“ პანორამა თბილისი - ახალი სატრანსპორტო პრობლემების მოლოდინში? შეცვლილი ზონა - დარტყმა ძველ ქალაქზე თუ ახალი სუნთქვა? )

სიუჟეტის მიწურულს კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ესაა „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რომელიც მთლიანად ტურიზმის განვითარებაში ჩაიდო“ .

ამ სიუჟეტის შემდეგ „ქრონიკაში“ მასალა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით გავიდა, წამყვანის შესავალი კი ასეთი იყო: „სასამართლო განხილვა ისევ გრძელდება, ტელეკომპანია „იმედის“ იძულებით გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ საქმეში სწორედ ის პოლიტიკოსები და მათი ლიდერები ფიგურირებენ, ვინც დღეს თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ასე შეუპოვრად აპროტესტებდნენ“.
კატეგორია - ეთიკა
“პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ის ქალაქის იერსახეს დააზიანებს. დისკუსია მიმდინარე კვირასაც გააქტიურდა, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე, სადაც “პანორამა თბილისის” სასტუმრო უნდა აშენდეს, მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა და თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. დღეს, 10 ოქტომბერს კი თბილისის საკრებულო „თანაინვესტირების ფონდისთვის“ პროექტის ასაშენებლად მიწების 1 ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. ეს ფონდი “პანორამა თბილისის” პროექტს ახორციელებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

8 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ „პანორამა თბილისის“ შესახებ 12 წუთიანი სიუჟეტი გავიდა. მედიაჩეკერმა რაოდენობრივად დაითვალა პროექტის გაშუქების ტონი. 12 წუთიან სიუჟეტში, „პანორამა თბილისი“ მხოლოდ 51 წამის განმავლობაში გაშუქდა ნეიტრალურად, დანარჩენი დრო, მთლიანად პოზიტიურ გაშუქებას დაეთმო. მასალაში არ ისმოდა არც ერთი კრიტიკული აზრი, პროექტი წარმოჩენილი იყო, როგორც პარკირების პრობლემის მოგვარების უპრეცედენტო გზა, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, რეკრეაციული ზონების მოწყობის საშუალება. წამყვანის შესავალი ტექსტიდან კი ისე ჩანდა, თითქოს ამ პროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ქვეყანაში არავინ აკრიტიკებს.



„ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა“ , „უპრეცედენტო პროექტი“ - ასეთი შეფასებები ისმოდა წამყვანის მხრიდან „პანორამა თბილისის“ შესახებ, შესავალ ტექსტში:

„პროტესტი თბილისის განვითარებას და 20 ათას ახალ სამუშაო ადგილს, ცდილობენ თუ არა გასული კვირის მთავარი პერსონაჟები ოპოზიციიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ წამოწყებული 8 ტურისტული პროექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. უპრეცედენტო პროექტმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს საკუთარი არითმეტიკა აქვთ და ქალაქის ეგრეთ წოდებულ დამცველებს, 680 მილიონი დოლარი, იგივე მილიარდ-ნახევარი ლარი, 1 ლარი ჰგონიათ. ყოველგვარი მიკერძოებისა და ამბის პოლიტიზების გარეშე შევეცდებით მოგიყვეთ, რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა. უპრეცედენტო კომპლექსი - „პანორამა თბილისი“.

წამყვანის შესავალი ტექსტიდან ისე იკვეთებოდა, თითქოს „პანორამა თბილისს“ მხოლოდ ვიწრო პარტიული ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს, თანაც მათი პროტესტი „თბილისის განვითარებისა და 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილის“ წინააღმდეგაა მიმართული. არადა მედიაში მრავლად იძებნება სხვადასხვა პარტიის, ორგანიზაციისა თუ სფეროს სპეციალისტის მიერ სხვადასხვა დროს, „პანორამა თბილისის“ შესახებ გამოხატული კრიტიკა.

მაგალითისთვის, ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიებში:

რადიო თავისუფლება: „პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის რეკვიემი?

ლიბერალი: "პანორამა თბილისი" - ინვესტიცია, რომელიც კლავს"

ლიბერალი: „პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს“ ნეტგაზეთი: „საერთაშორისო ორგანიზაციები „პანორამა- თბილისის“ წინააღმდეგ“

ლიბერალი :პანორამა თბილისი - ახალი სატრანსპორტო პრობლემების მოლოდინში?

რადიო თავისუფლება: შეცვლილი ზონა - დარტყმა ძველ ქალაქზე თუ ახალი სუნთქვა?

პანორამა თბილისის წინააღმდეგ პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციებიც. 29 სექტემბერს, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუპროტესტებია.

თავად სიუჟეტი იწყება პარკინგის პრობლემის მიმოხილვით, შემდეგ კი „პანორამა თბილისზე“ გრძელდება საუბარი და წარმოჩენილია ისე, თითქოს ამ ქაოსს ქალაქში ეს პროექტი მოაგვარებს. „თავისუფლების მოედნის მომავალი იერსახე გამჭვირვალე არქიტექტურა და მოწესრიგებული ტერიტორიაა. 1900 კვ. მეტრზე მიწის ზედა პარკინგი მოეწყობა“ - აღინიშნა სიუჟეტში. ამავე მასალიდან ისიც გავიგეთ, რომ „ისტორიულ და პანორამულ ხედებს 48 მეტრის სიმაღლიდან, წყლიდან, ე.წ. უსასრულო აუზიდანაც დავათვალიერებთ“. ითქვა, რომ სასტუმრო დაუკავშირდება თაბორის მთაზე, რეკრეაციულ ზონას. გავიგეთ ისიც, რომ თურმე, ამ რეკრეაციული ზონიდან 750- ამდე ხე იმიტომ მოუჭრიათ და გაუტანიათ, რომ დაავადებული ყოფილა. სიუჟეტის მიხედვით, მოჭრილი, დაავადებული ხეების ნაცვლად, 10 ათასი ხე დაირგვება.

ამავე მასალაში დიდი დრო დაეთმო იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამაში მაყურებლის დარწმუნებას არა მხოლოდ სიუჟეტის ავტორი, არამედ ეკონომიკის მინისტრიც ცდილობდა.

„თბილისური ახალი პანორამა დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება“ - სიუჟეტის მიწურულს ჟურნალისტი პროექტით აღფრთოვანებასა და მისეულ პროგნოზსსაც გვიზიარებს. აღსანიშნავია, რომ მასალა მუსიკალურად, რევაზ ლაღიძის „თბილისოთია“გაფორმებული.

სიუჟეტის დასრულების შემდეგ კი სტუდიაში მისი ავტორი ჩართეს.

„დღევანდელ სიუჟეტში ბუნებრივია, ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია არ ვუჩვენეთ მაყურებელს, თუმცა მაინც საინტერესო იქნება გვითხრა, რატომ აპელირებს „ნაციონალური მოძრაობა“ სიმბოლური 1 ლარით“ - ჰკითხა წამყვანმა სიუჟეტის ავტორს, მაყურებლისთვის კი ბუნდოვანი დარჩა, რატომ იყო ბუნებრივი სიუჟეტში „პანორამა თბილისის“ შესახებ კრიტიკული აზრის არ წარმოჩენა.

„სავარაუდოდ, ეს ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად როგორც თქვენ სიუჟეტში მოისმინეთ, ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან და მოქალაქეების დასაქმებასთან“ - ასე უპასუხა წამყვანის შეკითხვას სიუჟეტის ავტორმა.
კატეგორია - ეთიკა
9 ნოემბერს, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ზოგიერთ მათგანს მასალა ამ დრომდე არ შეუსწორებია.

Pia, ghn.ge, Euronews.ge, news.ge -მცდარი ინფორმაცია ფაქტის სახით ამ სააგენტოებმა გაავრცელეს.

“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს” - ვკითხულობდით Ghn-ის სიახლეში. წყაროდ მითითებულ Imedinews-ს ინფორმაცია ვარაუდის სახით ეწერა და არა ფაქტად. თავისმხრივ, Imedinews საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტს ეყრდნობოდა, რომელსაც ასევე არ გაუვცელებია ინფორმაცია ფაქტად.

Imedinews: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.ამის შესახებ 1tv იუწყება“.

1tv.ge: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. პირველი არხის ინფორმაციით, ამის მიზეზი სავარაუდოდ მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა გახდება“.

Euronews.ge და news.ge კი საერთოდ არ ჩანდა, წყარო, რომელზე დაყრდნობითაც მედიასაშუალებები გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ფაქტის სახით ავრცელებდნენ.

Ghn.ge-ზე და Euronmews.ge-ზე სიახლე ამ დრომდე არ შესწორებულა. Pia-მ და News.ge-მ კი მცდარი ინფორმაციის შემცველი სიახლეები მოგვიანებით წაშალეს, მაგრამ ისე, რომ არსად მიუთითებია, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის არაზუსტობის შესახებ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეხუთე პრინციპი შესწორების სტანდარტს ეხება. ამ პრინციპის განმარტებებში აღნიშნულია: “ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ქარტიის მეხუთე მუხლზე (შესწორება) მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს მეორე ვარიანტიც, სტატია შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, ახალი მასალის ბმული, რომელიც ასწორებს ძველ სტატიას, აუცილებლად უნდა იყოს ძველშიც მითითებული, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მითითება, რომ მასალა ჩასწორებულია, მედიამ აუდიტორიას უნდა აუხსნას, რა და რატომ ჩაასწორა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ პრინციპში აღნიშნულია: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში კი აღნიშნულია: „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია".

კატეგორია - ეთიკა
9 ნოემბერს, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ზოგიერთ მათგანს მასალა ამ დრომდე არ შეუსწორებია.

Pia, ghn.ge, Euronews.ge, news.ge -მცდარი ინფორმაცია ფაქტის სახით ამ სააგენტოებმა გაავრცელეს.

“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს” - ვკითხულობდით Ghn-ის სიახლეში. წყაროდ მითითებულ Imedinews-ს ინფორმაცია ვარაუდის სახით ეწერა და არა ფაქტად. თავისმხრივ, Imedinews საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტს ეყრდნობოდა, რომელსაც ასევე არ გაუვცელებია ინფორმაცია ფაქტად.

Imedinews: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.ამის შესახებ 1tv იუწყება“.

1tv.ge: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. პირველი არხის ინფორმაციით, ამის მიზეზი სავარაუდოდ მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა გახდება“.

Euronews.ge და news.ge კი საერთოდ არ ჩანდა, წყარო, რომელზე დაყრდნობითაც მედიასაშუალებები გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ფაქტის სახით ავრცელებდნენ.

Ghn.ge-ზე და Euronmews.ge-ზე სიახლე ამ დრომდე არ შესწორებულა. Pia-მ და News.ge-მ კი მცდარი ინფორმაციის შემცველი სიახლეები მოგვიანებით წაშალეს, მაგრამ ისე, რომ არსად მიუთითებია, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის არაზუსტობის შესახებ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეხუთე პრინციპი შესწორების სტანდარტს ეხება. ამ პრინციპის განმარტებებში აღნიშნულია: “ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ქარტიის მეხუთე მუხლზე (შესწორება) მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს მეორე ვარიანტიც, სტატია შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, ახალი მასალის ბმული, რომელიც ასწორებს ძველ სტატიას, აუცილებლად უნდა იყოს ძველშიც მითითებული, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მითითება, რომ მასალა ჩასწორებულია, მედიამ აუდიტორიას უნდა აუხსნას, რა და რატომ ჩაასწორა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ პრინციპში აღნიშნულია: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში კი აღნიშნულია: „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია".

კატეგორია - ეთიკა
6 ნოემბერს „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიაში“ სტუმრებისა და წამყვანის მხრიდან ისმოდა სიძულვილის ენა, ჰომოფობია და სექსისტური გამონათქვამები. „მამათმავლობა და დედათმავლობა ეს არის დაავადება, ეს არის ფსიქიკის დაავადება, ხშირად ეს არის გენეტიკის და ფსიქიკის დაავადება ერთად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დაავადება. ეს არ არის სიკეთე, ეს არის ძალიან ცუდი და ეს დაავადება საჭიროებს მკურნალობას. მინდა გითხრათ, რომ 1991 წლამდე, მთელი მსოფლიოს მედიცინა ასე ფიქრობდა. მერე ამერიკის ორგანიზაციებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს დაავადება არ არის და ბოლოს იმდენი ქნეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თქვა, რომ არ არის დაავადება. მაგრამ ექიმების ნახევარზე მეტი დღესაც თვლის, რომ დაავადებაა. უბრალოდ, ყველა ამას ღიად ვერ ამბობს, მაგრამ ექიმების მესამედი მაინც ღიად ამბობს, რომ ეს დაავადებაა. ახლა, ვილაპარაკოთ, რომ დაავადება კარგია, ეს არის ბოდვა“ - ამბობს გადაცემის სტუმარი დავით თარხან-მოურავი და ამატებს, რომ ეს ადამიანები „ჩაგრულის ნიღაბს“ ამოფარებული მტრები არიან, სინამვდილეში მათ უფლებებს არავინ არღვევს, მათი მიზანი ამგვარი ცხოვრების წესის პროპაგანდა და საზოგადოებისთვის თავსმოხვევაა, ამ ყველაფრის შედეგად, მისი აზრით, ბევრ ახალგაზრდას დაუმახინჯდა ფსიქიკა და დაიწყო „უკუღმართულად აზროვნება“. გადაცემის წამყვანი არათუ ეწინააღმდეგება სტუმრის მიერ გამოთქმულ ჰომოფობიას, არამედ ეთანხმება კიდეც მას. გადაცემის სტუმარი ამ თემას პოლიტიკური ქულების დასაწერადაც იყენებს და მოუწოდებს აუდიტორიას, „პატრიოტთა ალიანსს“ მხარი დაუჭირონ, რადგან ეს პოლიტიკური ჯგუფი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავ კანონს მიიღებს. გარდა ჰომოფობისაა, ეთერში ისმის სექსისტური განცხადებებიც. დავით თარხან-მოურავი: არ უნდა ცდილობდეს საბავშვო ბაღი და სკოლა პატარა გოგონაში, მანდილოსანში აღზარდოს სურვილი იყოს ბეტონის ჩამსხმელი მშენებელი. ეს იდიოტობაა. წამყვანი: და ბიჭი თამაშობდეს თოჯინებით და დედოფალებით. თახრან-მოურავი: ეს სისულელეა ყველაფერი. მანდილოსანმა მანდილზე უარი არ უნდა თქვას. და მამაკაცმა კაცობაზე უარი არ უნდა თქვას.
კატეგორია - ეთიკა
8 საათიანი „მოამბე“ აუდიტორიას მერობის კანდიდატების ხედვებს პერიოდულად აცნობს. 3 ოქტომბერს ამგვარი სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შესახებ გავიდა.

„იმაზე, რისი მოგვარებაც სურს, საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად გენდობიან“ - ჟურნალისტის ამ ტექსტს ადევს კადრები 19 სექტემბრის შეხვედრიდან, სადაც ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მაშინ მივიდნენ, როცა კანდიდატი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა და დიდუბის გამგებლის მოადგილემ ელისაშვილს ტყუილების გავრცელებაში დასდეს ბრალი.

„ველოდები, რომ ჩემმა შვილებმა ირბინონ და ითამაშონ, აი ეს მამაკაცი (ელისაშვილი) ტყუილს ამბობს, რომ კორპუსი შენდებაო“ - ისმის 3 ოქტომბრის სიუჟეტში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის ხმაც.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ტექსტიდან ისე იკვეთებოდა, თითქოს ელისაშვილს რიგითი ამომრჩევლები შეხვდნენ და მათ დასდეს ბრალი ტყუილების ტირაჟირებაში. მასალაში ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები იყვნენ.

ის, რომ 19 სექტემბრის ინციდენტის მონაწილეები არა რიგითი, უპარტიო ამომრჩევლები, არამედ თავად მმართველი გუნდის შტაბის წევრები და გამგებლის მოადგილე იყვნენ, დასტურდება ვიდეოდან, რომელიც ელისაშვილის შტაბმა გაავრცელა.
კატეგორია - ეთიკა
29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე, სადაც “პანორამა თბილისის” სასტუმრო უნდა აშენდეს, მიწისქვეშა ავტოსადგომის განსათავსებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა, თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას კი რეკრეაციული სტატუსი “თაბორი რიზორთსის” სასარგებლოდ მოეხსნა. „თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც პროექტ “პანორამა თბილისსა” და “თაბორი რიზორთს” ახორციელებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, თემაზე მომზადებულ ზოგიერთ სიუჟეტში „თანაინვესტირების ფონდთან“ ბიძინა ივანიშვილის კავშირი საერთოდ არ აღნიშნულა, ზოგში კი იკვეთებოდა განსახორციელებელი პროექტების პოზიტიურ ჭრილში გაშუქება.

“დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი ორი ლოკაციისთვის ლანდშაპტურ-რეკრეაციული სტატუსის შეცვლა იყო. იმის მიუხედავად, რომ დეპუტატებს კონკრეტული ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემის საკითხზე არ უმსჯელიათ, სწორედ ამ მიმართულებით კეთდებოდა ყველაზე ხმაურიანი და პოლიტიკური განცხადებები საგნობრივ დებატებზე მეტად”, - ასე წარადგინა ჟურნალისტმა 29 სექტემბერს ეთერში გასული სიუჟეტი.

მასალაში ჟურნალისტი მაყურებელს ოპოზიციის მოსაზრებას აცნობდა, რომ ცვლილებები „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტსა და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიას უკავშირდებოდა. სიუჟეტის დასრულების შემდეგ კი, ეთერში მასალის ავტორი ჩაერთო და მაყურებელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ უამბო.

სიუჟეტში არ მოხვდა საქართველოს პარლამენტის წევრის და თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიასა და ასევე თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის პოლიციის ძალით გაყვანის შესახებ ინფორმაცია.



ამავე გამოშვებაში ამ მასალას მოსდევდა სიუჟეტი თბილისში პარკირების პრობლემის მოგვარებაზე, რომლის წარდგენისას წამყვანმა საკრებულოს მიერ თავისუფლების მოედანზე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლა პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინა: “პროექტი, რომელიც დღეს პროტესტის მიზეზი გახდა, თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - პარკირების პრობლემის გადაჭრას გულისხმობს”. თავად სიუჟეტში მიწისთვის სტატუსის შეცვლას აღარ შეხებიან და მხოლოდ მერობის კანდიდატების ხედვები აჩვენეს პარკირების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.

2 ოქტომბერსაც “თანაინვესტიორების ფონდის” პროექტი დადებით კონტექსტში გაშუქდა, გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის კავშირზე არაფერი თქმულა. სტატუსშეცვლილ მიწებზე საინფორმაციო გამოშვებაში ორი სიუჟეტი გავიდა.

პირველი მასალა მიწისთვის სტატუსის შეცვლაზე თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქციას შეეხებოდა, მეორე სიუჟეტი კი, რომელიც თითქმის ხუთ წუთს გაგრძელდა, განსახორციელებელი პროექტების სიკეთეებზე საუბარს დაეთმო.



მასალიდან ვიგებთ, რომ “მშენებარე პარკინგის სივრცე ორჯერ აღემატება სასტუმროსთვის საჭირო მანქანების რაოდენობას და დამატებითი ავტოსადგომიც, სასტუმროს კუთვნილი ტერიტორიის მსგავსად, საზოგადო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. ადგილის 1 ლარად გადაცემას კი ინვესტორი მილიონი ლარის დახარჯვის სანაცვლოდ ითხოვს”.

სტატუსშეცვლილ მიწებზე მასალები “მოამბის” მთავარ გამოშვებებში 30 სექტემბერს და 3 ოქტომბერსაც გავიდა. ზემოთგანხილული სიუჟეტებისგან განსხვავებით, ამ მასალებში ბიძინა ივანიშვილის კავშირი თანაინვესტირების ფონდსა და მიწისთვის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით აღნიშნული იყო (ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კომენტარებში) და არ შეინიშნებოდა „თანაინვესტირების ფონდისა“ და განსახორციელებელი პროექტების პოზიტიური გაშუქება.
კატეგორია - ეთიკა
3 ნოემბერს, მარტვილის ერთ-ერთ სკოლაშიმომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ლგბტ თემის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო მოსწავლეებმა იჩხუბეს, “რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის 6 წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა. მასალის მიხედვით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალქო განათლების გაკვეთილზე გურამ კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთებას განიხილავდნენ. ერთ-ერთმა მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობისას აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელის ქმედებას არ მიესალმება, რადგან ამით, ლბგტ თემის პროპაგანდა მოხდა. მისივე თქმით, ამ განხილვის გამო, გაკვეთილების შემდეგ მას თანაკლასელებმა სცემეს. გაუგებარი დარჩა, რა პრინციპით დაფარა „კურიერმა“ ინციდენტში მონაწილება ბავშვი - ინტერვიუებში არასრულწლოვნის სახე დაფარული იყო, თუმცა ზოგად კადრებში ის დაუფარავად ჩანდა, შესაბამისად, იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა. დაფარვის მიუხედავად, ასევე მარტივად იდენტიფიცირებადი იყვნენ მოსწავლის ოჯახის წევრებიც.

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია: „ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რა­იმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარეს­დეს მისი მდგომარეობა“.

გარდა ამისა, ბუნდოვანი დარჩა, რატომ არსებობდა ამ ამბის მიმართ იმდენად მაღალი საჯარო ინტერესი, რომ მას 6 წუთიანი სიუჟეტი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა უკვე გაზიარდა ფეისბუკ გვერდზე - „ანტილიბერალური კლუბი“. კომენტარების ველში მომხმარებლები წერენ, რომ სკოლებში "ლგბტ პროპაგანდა" ხდება, ხოლო ის მოსწავლეები, ვინც "ლგბტ პროპაგანდას" არ ეთანხმებიან, იჩაგრებიან.
კატეგორია - ეთიკა
4 ოქტომბერს 9 საათიან კურიერში იმ არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მოხდა, რომელსაც თანაკლასელის მკვლელობაში მსხვერპლის ოჯახი სდებს ბრალს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და შესაბამისად, საქმეს ჯერჯერობით არ ჰყავს არც ბრალდებული და არც მსჯავრდებული. ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სიუჟეტში არასრულწლოვანი მსხვერპლის ოჯახის წევრების მიერ მოხსენიებულია „მკვლელად“. ამგვარი კომენტარების ტირაჟირება ხელს უწყობს პირის დამნაშავედ წარმოჩენას მაშინ, როცა არათუ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს, არამედ პირი ბრალდებულადაც კი არ არის ცნობილი საქმეში. გარდა ამისა, ბავშვთა საკითხების გაშუქების ეთიკური სტანდარტების მიხედვით, „ბავშვის დაფარვა საჭიროა მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რა­იმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარესდეს მისი მდგომარეობა“. ამავე სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია მოწმე, ბრალდებული ან მსჯავრდებული ბავშვის იდენტიფიცირება.

„კურიერის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიება ჭიანურდება, აგვიანებს ექსპერტიზის დასკვნებიც. ნაცვლად იმისა, რომ მთავარი აქცენტი სწორედ საგამოძიებო უწყებების პასუხისმგებლობაზე გაკეთებულიყო, მასალა ძირითადად იმაზე იყო აგებული, რომ მსხვერპლის ოჯახი იმ არასრულწლოვნის ოჯახის გასახლებას ითხოვს, რომელსაც ბავშვის მკვლელობას აბრალებს.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრის
ს .
კატეგორია - ეთიკა
„შიდსიანმა პატიმარმა ნემსი, რომელიც მას გაუკეთეს, ექიმს შეურჭო“ - ამ სათაურით ქვეყნდება გაზეთ „ახალ თაობაში“ ინტერვიუ უფლებადაცმველთა გაერთიანების თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან. მჟავანაძე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევას ეხმიანება, სადაც მისი განმარტებით, აღნიშნულია, რომ ექიმების მიერ პატიმრების შემოწმებისას, ადგილზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების ყოფნა, პრობლემაა. მჟავანაძე ფონდს სამინისტროს და მისი თქმით, ყველაზე წარმატებული მინისტრის, კახი კახიშვილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, რომ ექიმის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დაწესებულების თანამშრომლის ადგილზე ყოფნა აუცილებელია. ამ არგუმენტის გასამყარებლად, მჟავანაძე ყვება, რომ იყო შემთხვევა, როცა „შიდსიანმა პატიმარმა ნემსი, რომელიც მას გაუკეთეს, ექიმს შეურჭო“. მჟავანაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ეს ფაქტი, ან საიდან იცის მან ამის შესახებ. ინფორმაცია არც ჟურნალისტს გადაუმოწმებია შესაბამის წყაროებთან (გადამოწმების მცდელობა მასალიდან არ ჩანს), მიუხედავად ამისა, ინტერვიუს ეს ნაწილი სათაურად არის გატანილი.

ინფორმაციის სანდოობა ეჭვს აჩენს, არ დასტურდება, ნამდვილად მოხდა თუ არა ამგვარი ფაქტი და არ ჩანს მისი გადამოწმების მცდელობა. გარდა ამისა, შესაძლოა, აივ/შიდსთან დაკავშირებული საკითხების ამგვარად გაშუქებამ ხელი შეუწყოს აივ დადებითი ადამიანების სტიგმატიზაციას.

“აივ ინფექციისა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში” - ამ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც USAID-ის დაფინანსებით და “აივ პრევენციის პროექტის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა, აღნიშნულია:

„თავი აარიდეთ უარყოფით ქვეტექსტს: აივ/შიდსთან დაკავშირებული პუბლიკაციები აუცილებლად ადამიანის უფლებების დაცვაზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია მარგინალიზებულ ან მოწყვლად ჯგუფებზე. გამიჯნეთ ერთმანეთისგან ფაქტები და მოსაზრები: მოსაზრების ფაქტებთან აღრევის საფრთხემ შესაძლოა გამოიწვიოს დისკრიმინაციული ქმედებები. თავი აარიდეთ სენსაციური ენას. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება: განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ “გადამოწმების” პრინციპს“.
კატეგორია - ეთიკა
ონლაინგამოცემა geworld.ge-მ მორიგი ჰომოფობიური მასალა გამოაქვეყნა. მასალის მიხედვით, ადამიანებში გარკვეული თეორიების გამოყენებით იდეების ჩანერგვა და თავსმოხვევა ხდება. სტატიის მიხედვით, ჰომოსექსუალობასაც სწორედ ამ მეთოდებით გვინერგავენ ტვინში.

მასალაში ჰომოსექსუალობა ჰომოფობიური ტერმინოლოგიით - მამათმავლობითა და სექსუალური გადახრითაა მოხსენიებული. მასალის ავტორის აზრით, ამ “სექსუალურ გადახრას” ბიძგი მასმედიამ მისცა.

“როგორც, საერთოდ, ბევრ რამეს, ამ სექსუალურ გადახრასაც ბიძგი მასმედიამ მისცა. მედიასაშუალებებმა დაიწყეს ისეთი წერილების ბეჭდვა, რომელთა მიხედვითაც ჰომოსექსუალიზმის არსებობა ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ ხომ არ ვკილავთ ძალიან ტანმაღალ ადამიანებს იმის გამო, რომ მათი განსხვავებულობა გენეტიკით არის განპირობებული? - არა. მაშასადამე, - წერდნენ ჟურნალისტები, - ასევე უნდა შევაფასოთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებაც“, - ვკთხულობთ geworld.ge-ზე.

მაშინ, როცა ჰომოსექსუალები საზოგადოებისგან ჩაგრულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, გამოცემა წერს, რომ პირიქით, საზოგადოების ეს ჯგუფი პრივილეგირებულია:

“წვერიანმა ქალკაცებმა, რომლებიც ელასტიკურ კოლჰოტებსადა მაქმანიან საცვლებში არიან გამოპრანჭულები (საინტერესოა, რომ ტერმინი “კრუჟევოიანინიფხავი აცვიაო“ ერთ–ერთი პიჟონის დასახასიათებლად პირველად გამოიყენა მწერალმა დალიტერატორმა ელგუჯა მაღრაძემ), სრულად დაიპყრეს მედიასივრცე. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ ნორმალურ სტატუსად ითვლება, არამედ - პრესტიჟულადაც. პოპულარულ მსოფლიო კონკურსში შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვო, რომ შენი სახე იდეალურად ჩაეწერა ოვერტონის ერთ–ერთ “ფანჯარაში“ და არა იმიტომ, რომ ნიჭიერი ხარ“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პრინციპი 7: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.