16 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მედიის უახლესი გამოწვევების
შესახებ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ტელეკომპანია “პირველის”
პოლიტიკური გადაცემის წამყვანებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ
ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით,
გარკვეული ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრეს. ნინო ჟიჟილაშვილის
განცხადებით, დღეს ხელისუფლებას ბაზარზე არსებული პატარა, მაგრამ
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასივრცის არსებობა დისკომფორტს
უქმნის. შეხვედრაზე, "რუსთავი-2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა
გვარამიამ საკითხის შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროება მოითხოვა.
ეს თემა საერთოდ ვერ მოხვდა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, „მოამბის“
მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
შეხვედრა გააშუქა მოკლე კადრ-სინქრონის სახით, „ტვ პირველის“ საკითხი
კი აქაც ყურადღების მიღმა დარჩა.
“ტვ პირველის” პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებმა ნინო ჟიჟილაშვილმა
და ვახო სანაიამ EuroBrand Outlet-ის რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა.
ფოტოზე, რომელიც მაღაზიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ვახო სანაიას
ბანერი უჭირავს წარწერით “მე ვიცვამ ევრობრენდში”, ნინო ჟიჟილაშვილს
კი - ამავე ბრენდის პოლიეთილენის ჩანთები.
ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტის სახელმძღვანელო წესებში, რომელიც
“ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ” მოამზადა, ვკითხულობთ:
“ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე
ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა
პრომოუშენში. "მაუწყებლობის შესახებ" კანონშიც აღნიშნულია, რომ
"იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო
დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით
მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". ამ ნორმის მთავარი მიზანი ის
არის, რომ როდესაც წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ
რაიმე ტიპის ინფორმაცია ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელდება,
აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა”.
14 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, შრომის ინსპექციის შექმნისა და
შრომის უსაფრთოხების უზრუნველყოფის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია
გაიმართა. დემონსტრაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ
13 თებერვალს მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან კიდევ ერთი მუშა,
26 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა და დაიღუპა. ეს თემა "მოამბის" დღის
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.
0,3726 გრამი სუბოტექსის შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, გიორგი
გიორგანაშვილსთვის 8-წლიანი პატიმრობის მისჯასთან ერთად, ნარკოტიკების
დეკრიმინალიზაციის საკითხი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების
ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. პარლამენტში ნარკოტიკების
დეკრიმინალიზაციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შემუშავებული
კანონპროექტი განიხილება.
პარალელურად კი ონლაინ მედიის ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ევროინტეგრაციას უკავშირდება და
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ქვეყანა „დასავლეთის
შეკვეთას“ შეასრულებს, მეორე ნაწილი კი ადამიანის ორგანიზმზე
მარიხუანას დამღუპველ შედეგებზე წერს. იკვეთება, რომ სტატიებს,
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანიური ხასიათი აქვს და
ამ მხრივ, განსაკუთრებით ანტიდასავლური გამოცემები აქტიურობენ.
მედიაჩეკერი დააკვირდა ასეთ გამოცემაში თემის გაშუქებას.
„ვესტერნიზაციის ნამდვილი სახე“ - სტატია ამ სათაურით „საქართველო და
მსოფლიოზე“ 2 თებერვალს გამოქვეყნდა. მასალის ავტორის მტკიცებით,
საქართველოს საგარეო კურსს - ევროინტეგრაციას, „უამრავ სხვა
სიმახინჯესთან ერთად, უკვე ნარკორეალიზატორების მიმართ თანაგრძნობა და
მხურვალე მხარდაჭერაც მოჰყვა“. სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს
ნარკოპოლიტიკის ცვლილების მომხრეები ნარკოტიკების გამსაღებლების
დაცვას ითხოვენ. ავტორი ადამიანის უფლებათა დამცველებსა და
აქტივისტებს ნარკორეალიზატორობის პროპაგანდაში ადანაშაულებს და
წერს:
„ახლა კი აგერ, ნარკობარიგებს ვუძღვნით ტელეგადაცემებს, თოქშოუებს,
აქციებს, მიტინგებს, ლექსებს, სიმღერებს და ლამისაა, ეროვნულ გმირებად
გამოვაცხადოთ ისინი“.
გარდა ამისა, ამავე სტატიაში ვხვდებით ჰომოფობიურ და სექსისტურ
გამონათქვამებსაც: „მაშ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ
საზოგადოებად ნარკობარიგების დაცვას გვიხატავენ? ვინც ქალის
თავაშვებულ ქცევას ქალის თავისუფლებად გვაწვდის, ხოლო მამაკაცის
გაუკუღმართებას _ მის პირად უფლებად?“
სტატიის ავტორი უფრო შორსაც მიდის და თუკი ერთი მხრივ ევროპას
„ნარკობარიგების, ქალების თავაშვებული ქცევისა და მამაკაცების
გაუკუღმართების“ ლობისტად წარმოაჩენს, მეორე მხრივ, „გვიჩვენებს“, რომ
საქართველო ყველაზე ძლევამოსილი საბჭოთა პერიოდში იყო:
„როდის იყო ქართული ენა უფრო დაცული - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა?
როდის უფრო ვრცელ ტერიოტორიას აკონტროლებდა, თუნდაც ფორმალურად
თბილისი - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? როდის უფრო იყო ხელშეუხებელი
სარწმუნოება - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? გინდა, იფიქრეთ, რომ
საბჭოეთს მივტირი; გინდა, იფიქრეთ, რომ ვსლუკუნებ და ვბღავი, ოღონდ,
უბრალოდ, მიპასუხეთ იმ კითხვებზე, რომლებიც დავსვი“.
ამავე გამოცემამ, ამავე რიტორიკით გამოაქვეყნდა კიდევ ერთი მასალა
-„ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობა“.
მასალაში ვკითხულობთ, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 30 პროცენტს
სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემა უვითარდება, თუმცა
ავტორი არმაზ სანებლიძე არ აკონკრეტებს, რომელი სამეცნიერო ინსტიტუტის
მონაცემებს ეყრდნობა.
„ბევრი უცხოელი სპეციალისტის აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
ჩამორჩენილი რეგიონია იმის გამოც, რომ იქაური მოსახლეობა დიდი
რაოდენობით ეწეოდა და ეწევა მარიხუანას, რაც არხეინობის განცდას
იწვევდა, კლავდა და კლავს მიზნის მიღწევის, დაბრკოლების გადალახვის
სურვილს“, - წერს სანებლიძე.
ონლაინმედია For.ge-ის სტატიაში კი, სათაურით „ბარიგების ხელში ვართ“,
ვკითხულობთ, თითქოს ქართველი ნარკოლოგები თანხმდებიან, რომ „მარიხუანა
უაღრესად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც გზას უხსნის სხვა
უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ამ დამღუპველი ნივთიერებების მიმართ
ადამიანის შეჩვევას იწვევს.“
სტატიის ავტორი თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელზე,
ლია კირვალიძეზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტების ნაწილში, რომელთაც
მერყევი ფსიქიკა აქვთ, მარიხუანა შეიძლება გახდეს ფსიქოზების,
ფსიქოზური აშლილობების გამომწვევი:
მასალაში მოყვანილია ექიმ-ნარკოლოგ ილია ჩიკვილაძის მოსაზრება, რომლის
თანახმად, ნარკოტიკების გამსაღებლები ჯანმრთელობის საერთაშორისო
ორგანიზაციას იყენებენ და სინამდვილეში მცდარია მოსაზრება, რომ
მარიხუანის შემადგენლობა უვნებელია. ალტერნატიული პოზიციები სფეროს
სხვა სპეციალისტების მხრიდან, არ ისმის.
თბილისი 24-სთვის ინსპირაციის წყარო კი „კლუბ ბასიანთან“ მომხდარი
ინციდენტი გახდა, როცა მოქალაქემ კლუბის დაცვის წევრები დაჭრა. 31
იანვარს გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასეთია - „დაბოლილებს და
დაშტერებულებს წინ ნაჯა თუ არ წაგვიძღვა, ისე ევროკავშირში ვინ
მიგვიღებს?!“ სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ კლუბში ნარკოტიკები
იყიდება და „რამდენიმე ახალგაზრდა საიქიოდან მოაბრუნეს“. ზემოხსენებულ
მედიასაშუალებებში თემის გაშუქებაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მედიის
ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს
ანტიდასავლურ კონტექსტში და წარმოაჩენს, როგორც „გარყვნილი
დასავლეთისგან“ თავსმოხვეულ პროცესს, რომელიც ეწინააღმდეგება ე.წ.
ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებს.
6 თებერვალს ობიექტივის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ხაშურში
მცხოვრები 9 სულიანი ოჯახის სოციალურ პრობლემებზე მოგვითხრობს.
მასალაში არასრულწლოვნების ისტორია სენტიმენტალურ და სენსაციურ
ჭრილშია გაშუქებული, თავად ბავშვები კი ქველმოქმედებისა და მოწყალების
მიმღებ ობიექტებად არიან წარმოჩენილნი.
„ეს მარიამია, ოცნება მხოლოდ ერთი აქვს: გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და
სახლი აჩუქოს, რათა თავის და-ძმებთან ერთად თბილად ცხოვრობდეს... 10
წლის გოგონას თანატოლებისგან განსხვავებული ოცნების ასრულების იმედი
აქვს და სჯერა, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ,“ - ამბობს
ჟურნალისტი, რომელიც ბავშვებს მხოლოდ სიღარიბეზე უსვამს კითხვებს.
აცრემლებული ბავშვების კადრებს ხუთი წუთის განმავლობაში გვიჩვენებენ.
სიუჟეტს ფონად შინდლერის სიის საუნდტრეკი გასდევს.
სიუჟეტიდან არ ჩანს ოჯახის გაჭირვების გამომწვევი მიზეზები,
სახელმწიფოს როლი და პრობლემის მოგვარების შესაძლო გზები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული
სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:
6 თებერვალს პატიმართა წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში
ბრალდებული 7 პირის მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი
გამოიტანა. საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში
ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების
თანამშრომლები იყვნენ, პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად
სისტემატიურად ძალადობდნენ. სასამართლო განაჩენი საზოგადოებრივი
მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი თემა იყო,
საკითხზე მასალა 8 საათიანმა „ქრონიკამაც“ მოამზადა. ტელეკომპანია
„პირველის“ და „რუსთავი-2-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ეს
თემა ვერ მოხვდა.
3 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერის”
ბოლო სიუჟეტი არასრულწლოვნის დედასა და მამიდებს შორის დავას
შეეხებოდა, სიუჟეტი ასე იყო დასათაურებული: “სადავო არასრულწლოვანი”.
როგორც სათაურში, ისე მთლიან მასალაში ბავშვი სადავო საგნად, ობიექტად
არის წარმოჩენილი. სიუჟეტი მთლიანად აგებულია რძალ-მულის კონფლიქტის
დეტალებზე, მთავარი აქცენტი კეთდება არა ბავშვის საუკეთესო ინტერესზე
- იმაზე თუ რა მდგომარეობაშია ის დედასა და მამიდებს შორის არსებული
დავის ფონზე, ან იმაზე, რომ ამ დავის გამო ის სრულფასოვან განათლებას
ვერ იღებს, არამედ უფროსების ჩხუბზე. ბავშვი უბრალოდ, კონფლიქტის
გამძაფრების და უფრო სენსაციურ ჭრილში წარმოჩენის საშუალებაა.
სიუჟეტში მამიდები ამბობენ, რომ დედამ არასრულწლოვანი შვილი სახლიდან
გამოაგდო და “ის სიგლახე დაანახა, რაც არ შეიძლებოდა”. შემდეგ ისმის
მეორე მამიდის სიტყვები, რომელსაც, მისი თქმით, დედა შვილს ეუბნებოდა
“ჩაგრეცხავ კანალიზაციაშიო; შენ არავის არ უყვარხარო, ბავშვს
ეუბნებოდა, ჩემ გარდაო და იმორჩილებდა ბავშვს”. “ის კაცები რომ
მოდიოდნენ, მე მცემდნენ, მამიდაო, მაგზავნიდნენ. თითო ღერი პაპიროზის
გულისხთვის 50-ჯერ უნდა ჩასულიყო ბავშვი”.
მასალა აჩენს კითხვებს: რა მდგომარეობაში იქნება არასრულწლოვანი, თუკი
ამ სიუჟეტს ნახავს? ხომ არ შეუქმნის ამგვარი მასალა მის
ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას ხელს? ხომ არ გახდება ის ბულინგის
მსხვერპლი იმ ფონზე, რომ მასალაში მისი ირიბი იდენტიფიცირება ხდება?
(მამიდები და დედა არიან იდენტიფიცირებულნი).
ამავე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ბავშვს, ამ დავის გამო საბუთები
წესრიგში არ აქვს და სკოლაში არა მოსწავლის, არამედ მსმენელის
სტატუსით დადის. თუმცა ეს დეტალი ამბის მეორეხარისხოვან ნაწილადაა
წარმოჩენილი და ძირითადი აქცენტი არა ამ საკითხზე, არამედ უფროსების
დავაზე კეთდება. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის დაინტერესება
სახელმწიფოს როლზე, არ ისმის კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო
იმისთვის, რომ არასრულწლოვანს არ შეეზღუდოს განათლების მიღების
უფლება, ან რატომ არ ჰყავს მეურვე არასრულწლოვანს, ან ვინაა
პასუხისმგებელი მასზე. სამაგიეროდ, დეტალურად ვისმენთ, რომ სასამართლო
პროცესზე მულებმა რძალს სცემეს, რომ მამიდებს არც მეზობლებთან აქვთ
კარგი ურთიერთობა და ა.შ. მასალაში არაერთხელ აღინიშნა, რომ რძლისა და
მეზობლების აზრით, მამიდებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ისე თითქოს,
“ფსიქიკური პრობლემა” სიტყვის მასალა, ან სალანძღავი სიტყვა იყოს.
საბოლოო ჯამში, მასალის ამოსავალი წერტილი არის არა ბავშვის საუკეთესო
ინტერესი, არამედ რძალ-მულის კონფლიქტის სენსაციური დეტალები.
„იმის მიუხედავდ, რომ 7 წლის მარიამი და 6 წლის გიორგი დედამ
გასაყიდად გაიმეტა, ბავშვები მის ნახვაზე ოცნებობენ“, - ასე იწყება 30
იანვარს ობიექტივზე მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობით გასული
სიუჟეტი, რომელიც მცხეთაში მცხოვრები ოჯახის სოციალურ სიდუხჭირეზე
მოგვითხრობს. მასალაში მცირეწლოვანი ბავშვები იდენტიფიცირებულნი
არიან.
გარდა იმისა, რომ სიუჟეტი ბავშვების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს,
ჟურნალისტი ტრავმირებულ ბავშვებს დედის გახსენებასაც სთხოვს: „დედა
გელაპარაკა სკაიპში? რა გითხრა?“- ბავშვს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა
უჭირს და ტირის, მის აცრემლებულ სახეს „შინდლერის სიის“ საუნდტრეკის
ფონზე, რამდენიმე წამის განმავლობაში გვიჩვენებენ.
სიუჟეტი Facebook-ზეც გავრცელდა და მას 120 ათასამდე ნახვა და 3
ათასამდე გაზიარება აქვს, რაც ზრდის რისკს, რომ 120 ათასამდე
ადამიანისთვის მცხეთაში მცხოვრები მარიამი და გიორგი მუდამ დედისგან
მიტოვებულ, საცოდავ ბავშვებთან ასოცირდებოდეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული „ბავშვთა საკითხების
გაშუქების სახელმწღვანელო წესების“ თანახმად, ბავშვთა საკითხების
გაშუქებისას, მედიამ უპირატესი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესს უნდა
მიანიჭოს. სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:
უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ
ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
თავიდან აირიდეთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და
სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება.
ბავშვი არ გამოიყენოთ როგორც რაიმე ობიექტი, რომელიც უფრო სენ
ტიმენტალურს ხდის მასალას, ან ალამაზებს ეთერს, ანდა შესაძლებელია
მასზე ექსპერიმენტების ჩატარება.
ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რა
იმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის
მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით
გაუარეს დეს მისი მდგომარეობა.
ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის
ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს.
მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ
თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური
პრობლემის წარმოსაჩენად.
რაც არ უნდა მძიმე იყოს ისტორია, ეცადეთ წარმოაჩინოთ პოზიტიური დე
ტალებიც. მაგალითად, ყველა ბავშვს, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პი
რობებისა, აქვს ინტერესები, ჰობი. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად,
უყვარს თამაში, კითხვა, ხატვა და ა.შ. მნიშვნელოვანია ამგვარი
დეტალების ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოჩენაც.
„ბახალა“ 45 აბი სუბუტექსის ქონას აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას
აპროტესტებენ“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას for.ge გიორგი
გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით. სტატიის მიხედვით: „for.ge-მ
მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმად მსახიობი აღიარებს 45 აბი
სუბოტექსის ქონას“. აუდიტორიას რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოცემამ
გიორგანაშვილის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა. სინამდვილეში კი
დოკუმენტი, რომელზეც For.ge-ს მასალაშია საუბარი, არის არა აღიარებითი
ჩვენება, არამედ დაკავებისას გამომძიებლის მიერ შედგენილი ჩხრეკის
ოქმი. დაცვის მხარე უწყებებს სწორედ საგამოძიებო ღონისძიებების, მათ
შორის ჩხრეკის ოქმის არასწორად შედგენასაც ედავება და საქმეს ამჟამად
ქალაქის პროკურატურა იძიებს.
For.ge-ს მასალა გარდა იმისა, რომ შეცდომაში შემყვანია, ცდილობს
შექმნას განწყობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები,
ვინც 25 იანვარს გიორგანაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბნენ, ისეთ
დამნაშავეს იცავენ, რომელმაც თავადვე აღიარა დანაშაული.
იგივე მასალა For.ge-ზე დაყრდნობით, თითქმის უცვლელად გამოაქვეყნა
kvira.ge-მ, reportiori.ge-მ და digest.pia.ge-მ.
მედიასაშუალებების ნაწილმა აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა
ინფორმაცია, რომ "იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა,
რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით,
მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო". სიახლეებში თავდაპირველად, არ ყოფილა
დაკონკრეტებული, რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი. ეს მნიშვნელოვანი
დეტალი სიახლეების გავრცელების მომენტში მედიისთვის ცნობილი ვერ
იქნებოდა, რადგან კონკრეტული ვაქცინა აუდიტის სამსახურსაც არ
აღუნიშნავს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, სიახლეების
დიდ ნაწილს თან ბავშვების ფოტოები ერთვოდა, რაც ტოვებდა
შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ვაქცინა ბავშვებისთვის განკუთვნილ,
გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შედიოდა.
მოგვიანებით, საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის
ეროვნულმა ცენტრმაც და გაირკვა, რომ საუბარი იყო ცოფის ვაქცინაზე,
რომელიც არ შედის ბავშვების გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის
პროგრამაში შემავალი ვაქცინების სიაში. მედიის ნაწილმა თავდაპირველად
გავრცელებული ინფორმაცია წაშალა, თუმცა ვებგვერდების ნაწილზე ამგვარი
არასწორი, შეცდომაში შემყვანი სიახლე, ბავშვების ფოტოებით კვლავაც
იძებნება. გარდა ამისა, ამ სიახლეს მოჰყვა არაერთი უფრო ვრცელი
მასალაც, ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. „არასწორმა აცრამ შეიძლება
ინვალიდად მაქციოს?“ - ასეთია ერთ-ერთი მასალის სათაური. მართალია,
თავად სტატიაში საუბარია იმუნიზაციის დადებით მხარეებზე და
აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნაწილის შიშები უსაფუძვლოა, მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებებმა ამგვარი სენსიტიური საკითხების
გაშუქებისას, მასალებს შეურჩიონ ზუსტი, ეთიკური, არაანგაჟირებული
სათაურები.
აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ბუნდოვანი ინფორმაცია
მედიასაშუალებებმა ისე გაავრცელეს, რომ არ დაჰკავშირებიან არც აუდიტის
სამსახურს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, იმის
დასაზუსტებლად, თუ რა ვაქცინაზე იყო საუბარი. აუდიტის სამსახურის
ბუნდოვანი ინფორმაციის მედიის მიერ პირდაპირ, გადაუმოწმებლად და
დაზუსტების გარეშე გავრცელებამ მშობლებში გამოიწვია უსაფუძვლო შიში და
პანიკა, რაც კარგად ჩანდა სოციალურ ქსელებსა და სტატიების
კომენტარების ველში მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიდანაც. საკითხის
სენსიტიურობა იზრდება მითუფრო იმ ფონზე, რომ ბავშვთა სავალდებულო
იმუნიზაციის პროგრამის „საფრთხეებზე“ ხშირად, ყოველგვარი სერიოზული
არგუმენტის გარეშე სპეკულირებს სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე
მედიასაშუალება თუ საიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ
აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქებისას,
მედიას ოპერატიულობაზე უფრო მეტად, ყურადღება ამბის დაზუსტებასა და
გადამოწმებაზე გაემახვილებინა.
15 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“
შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადება 9 საათიანი „მოამბის“ მთავარი თემა
იყო. როგორც წამყვანის, ისე სიუჟეტის ავტორის ტექსტებში მოსაზრებები
ფაქტებად იყო წარმოჩენილი, ბალანსი კი ფორმალურად იყო დაცული.
მაყურებელი ვერ გაიგებდა, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ
ცვლილებების მოწინააღმდეგეებს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და პრეზიდენტი საზოგადოებრივი
მაუწყებლის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. მასალაში, ასევე
წარმოდგენილი იყო არასწორი, შეცდომაში შემყვანი ფაქტებიც.
წამყვანმა შესავალ ტექსტში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვეტოს იმ
კანონპროექტს ადებს, რომელიც მაუწყებლის დამოუკიდებლობის და
განვითარების გარანტი იქნება: „გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული
შენიშვნები მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს ეხება,
რომელიც პირველი არხის დღის ეთერში, ისიც შეზღუდული დროით, კომერციული
რეკლამის განთავსებას გულისხმობს. რეკლამიდან მისაღები დამატებითი
თანხა, რომელიც სარეკლამო ბაზრის მცირე ნაწილს წარმოადგენს,
მაუწყებლის ჟურნალისტებსა და მათ პროფესიულ განვითარებას უნდა
მოხმარდეს“.
ეს ქვეტექსტი იკითხებოდა მთლიან სიუჟეტშიც, განსაკუთრებით კი სიუჟეტის
ბოლო ნაწილში, სადაც ავტორმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა კარგ
ცვლილებებს დაადო ვეტო პრეზიდენტმა: „პარლამენტი თებერვალში,
საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ იმსჯელებს და კიდევ ერთხელ
დაუბრუნდება კანონს, რომელიც მაუწყებელს საშუალებას მისცემს აქცენტი
გააკეთოს ხარისხზე, წაახალისოს ინოვაციები და ახალი მედია პროდუქტები,
უკეთ დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და პირველი ქართული ტელევიზია
ბაზრის ნომერ პირველ მოთამაშედ აქციოს“. თუმცა, მაყურებლისთვის არ
აუხსნიათ როგორ აქცევს მაუწყებელს „ნომერ პირველ მოთამაშედ“
კანონპროექტი. გაუგებარი დარჩა რას ეფუძნებოდა ჟურნალისტის ეს
ტექსტი.
მოსაზრებები ფაქტად იყო წარმოდგენილი წამყვანის შესავალი ტექსტის იმ
ნაწილშიც, სადაც ის ინტელექტუალური მედიაპროდუქტის უტენდეროდ
შესყიდვაზე საუბრობდა. წამყვანის ტექსტი: „პრეზიდენტისთვის სადავო
გახდა კანონპროექტის ის ნაწილიც, რომელიც გადაცემების, სერიალების და
სხვა ინტელექტუალური მედიაპროდუქტის უტენდეროდ შესყიდვას ეხება.
ცვლილების მიზანი არის ის, რომ შემოქმედებითი ტელე-რადიო და
ვებპროდუქციის შეძენის დროს გადამწყვეტი იყოს არა ფასი, არამედ
ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება რეიტინგზე,” - აღსანიშნავია, რომ
კანონპროექტში არსად არის აღნიშნული, რომ შემოქმედებითი ტელე-რადიო და
ვებ-პროდუქციის შეძენის დროს გადამწყვეტი ხარისხი იქნება.
სიუჟეტში ასევე მოყვანილი იყო არასრული და არაზუსტი
ფაქტებიც.კანონპროექტის იმ ნაწილზე საუბრისას, რომელიც მაუწყებლის
მიერ კომერციული რეკლამის განთავსებას ეხება და რომელთან
დაკავშირებითაც პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნა გაუგზავნა
პარლამენტს, სიუჟეტში მხოლოდ ის აღინიშნა, რომ სარეკლამო ბაზარი 90
მილიონ ლარს შეადგენს, მაუწყებელმა კი კომერციული რეკლამით, საუკეთესო
შემთხვევაში, შესაძლოა მაქსიმუმ 2 მილიონის მოპოვება შეძლოს.
ჟურნალისტი დასძენს: „ისმის შეკითხვა, ანგრევს თუ არა ბაზარს, 1.8 %“.
ჟურნალისტს არ უთქვამს მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პრეზიდენტსაც
აღნიშნული აქვს თავის დასაბუთებაში - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის
კანონით გათვალისწინებული დაფინასება 2016-2017 წლებში 40 მილიონს
აღემატება, ხოლო 2018 წლისთვის 50 მილიონს აჭარბებს, რაც მთლიან
სატელევიზიო სივრცეში არსებული სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია. ამ
მნიშვნელოვანი დეტალის აღნიშვნის გარეშე, მხოლოდ იმის თქმას, რომ
ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 1.8%
-ის მოპოვებას შეძლებს, მაყურებელი ცალსახად შეჰყავს შეცდომაში.
კანონპროექტის იმ ნაწილზე საუბრისას, კი რომლის მიხედვითაც
საზოგადოებრივი მაუწყებელი შესყიდვების შესახებ კანონის ჩარჩოდან
ნაწილობრივ გადის და რომელსაც ასევე დაურთო პრეზიდენტმა მოტივირებული
შენიშვნა, სიუჟეტში აღინიშნა, რომ ინტელექტუალური პროდუქტის შეძენაზე
ტენდერის გაუქმება ქვეყნას 2019 წელს ევროკავშირის მოთხოვნის
საფუძველზე ისედაც მოუწევს. ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, რომ
ზემოხსენებული დირექტივის მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების
შეძენისას ტენდერის გაუქმება უნდა მოხდეს ერთიანი სტანდარტის
მიხედვით, უნდა შემუშავდეს საერთო მიდგომა ყველა სახელმწიფო
უწყებისთვის.
„თავად ევროდირექტივის ტექსტიდან გამომდინარე, ნებისმიერი
გამონაკლისი, რომელსაც ეს დირექტივა უშვებს, უნდა აკმაყოფილებდეს
გარკვეულ სტანდარტს, როგორებიცაა: თანასწორობა, გამჭვირვალობა და
სამართლიანობა. თუმცა, შემოთავაზებულ კანონპროექტში არანაირი
მინიმალური გარანტიაც კი, რომ შესყიდვების პროცესში ეს პრინციპები
დაცული იქნება, მოცემული არ არის“ - აღნიშნულია პრეზიდენტის
მოტივირებულ შენიშვნებში.
გარდა ამისა, „მოამბის“ მასალაში ბალანსიც ფორმალურად იყო დაცული,
გამოყენებული იყო მარგველაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც
არსობრივად არ ჩანდა კონკრეტულად რა შენიშვნები ჰქონდა კანონპროექტთან
დაკავშირებით, არ ისმოდა არც კანონპროექტის მოწინააღმდეგე
არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო მაუწყებლების არგუმენტები.
მოწინააღმდეგე დეპუტატების, „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ
ჭიაბერაშვილის და „ქართული ოცნების წევრის“ დავით ჭიჭინაძის
კომენტარებით კი მაუწყებელმა ბალანსი ფორმალურად დაიცვა. მაშინ როცა
მთელი სიუჟეტი, წამყვანისა და ავტორის შესავალი ტექსტის ჩათვლით,
აქცენტირებულია იმაზე, თუ როგორი კარგი ცვლილებები შედის
კანონპროექტში და როგორი უსაგნოა პრეზიდენტის და სხვა პირთა
პრეტენზიები, ზურაბ ჭიაბერაშვილის და დავით ჭიჭინაძის 24 წამიანი
ზოგადი კომენტარების მასალაში ჩასმით ბალანსი ფორმალურად დაიცვა
მაუწყებელმა, ვინაიდან აუდიტორიისთვის გაუგებარი დარჩა კონრეტულად
რატომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს.
26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში
დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება და დაკრძალვა
10 და 11 იანვრის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი
თემა იყო. გარდაცვალების დღეს, 10 იანვარს 9 საათიან „კურიერში“
მაყურებელი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ისმენდა ჭირისუფლების
ტირილსა და მოთქმას. გლოვა და ტირილი ისმოდა იმავე დღეს, „TV
პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც.
11 იანვრის კი 9 საათიან „კურიერში“ და 8 საათიან „ქრონიკაში“
მაჩალიკაშვილის ცხედარი აჩვენეს, TV პირველის დღის მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში ცხედართან ერთად, ის კადრებიც გაუშვეს,
სადაც ჩანს, როგორ აყრიან მიწას 19 წლის ახალგაზრდას.
საჯარო ინტერესი თემის მიმართ ცხადი და ნათელია. ამბის კონტექსტის
გათვალისწინებით გარკვეული საჯარო ინტერესი, მედიის მხრიდან
ჭირისუფლების პოზიციების ჩაწერისა და ჩვენების მიმართაც არსებობს,
თუმცა ბუნდოვანია, რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ცხედრის, წესის
აგებისა და დატირების კადრების ჩვენებას.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „მაუწყებელმა
არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური
შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან
მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან
დაკრძალვაზე“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში კი ვკითხულობთ:
“მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას,
რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ
არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და
სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების
გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა
შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.