ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
საქართველოს სახალხო დამცველმა, 2 აპრილს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას. ნინო ლომჯარიას აზრით, მსგავსი ჩანაწერი ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. „კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ონლაინ გამოცემებმა: alt-info.com, saqinform.ge, 2020news.ge, timenews.ge, და geonewest.com, სახალხო დამცველის ანგარიშის ამ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი და ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი, ერთი და იმავე ტექსტით მიაწოდეს აუდიტორიას.

გამოცემების მტკიცებით, ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა ოჯახისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. "გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც", - იდენტური ტექსტი დაწერეს გამოცემებმა ისე, რომ არცერთს არ მიუთითებია ვის ეკუთვნოდა ეს მოსაზრება და რას ეყრდნობოდა დასკვნა.

"ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდება" - ამ მესიჯით, მტკიცებით ფორმაში ჰქონდა სათაურები geonewest.com-ის, 2020news.ge-სა და timenews.ge-ს მასალებს. saqinform.ge-მ მკითხველს ამბავი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დამონტაჟებული ფოტოთი შესთავაზა.


ამ გამოცემებისგან განსხვავებით, ომბუდსმენის ანგარიშიდან „საქართველო და მსოფლიოს“ ყურადღების ქვეშ ქორწინების საკითხთან ერთად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეც მოხვდა. მასალა მოიცავს ინტერვიუებს ჰამლეტ ჭიპაშვილთან და გია ხუხაშვილთან. ქორწინების ნაწილზე ლომჯარიას მოსაზრებას გია ხუხაშვილი აფასებს: „ომბუდსმენი ამას ჩვენთვის არ ლაპარაკობს, ის ეპრანჭება უცხოელ სპონსორებს“, ჰამლეტ ჭიპაშვილი კი ამბობს, „ლომჯარია გააკეთებს იმას, რასაც უკარნახებენ დასავლეთიდან.“ „საქართველო და მსოფლიოსაც“, სათაურში აქვს გატანილი, რომ “ოცნების” რჩეული სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს“.

საერთო ჯამში, ამ სააგენტოებმა ომბუდსმენის ანგარიში კონტექსტიდან ამოგლეჯილად, საკუთარი შეფასებით გაავრცელეს და ჰომოფობიური ნარატივის გავრცელებას შეუწყეს ხელი.
კატეგორია - ეთიკა
2018 წლის 8 აპრილს, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, ფეისბუკის გვერდზე პატრიარქთან მისი და გოგი გვახარიას შეხვედრის შესახებ სახუმარო შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

“მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ გავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ. მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია”.

ნინია კაკაბაძემ პოსტს ფოტო დაურთო, რომელზეც ის და გოგი გვახარია საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-სთან ერთად ჩანან.

სინამდვილეში, ეს ფოტო 2016 წელს, საქართველოს პატრიარქთან შორენა ბეგაშვილის სტუმრობას ასახავს. შესაბამისად, ნინია კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო დამონტაჟებულია




ნინია კაკაბაძის სტატუსი ონლაინ მედიის ნაწილმა გადამოწმების გარეშე, როგორც ფაქტი ისე გაავრცელა. ასე მოიქცა სააგენტო - on.ge, ipress.ge, mediamall.ge, digest.pia.ge და fortuna.ge. აღსანიშნავია, რომ fortuna.ge-ს პატრიარქისა და შორენა ბეგაშვილის შეხვედრის შესახებ ამბავი ამავე ფოტოთი 2016 წლის 29 მარტს აქვს გამოქვეყნებული.

როგორც კი გაირკვა, რომ ნინია კაკაბაძის პოსტი ხუმრობა იყო, სააგენტოებმა fortuna.ge-მ, on.ge-მ და ipress.ge-მ გავრცელებული ამბავი წაშალეს. Ipress-მა მკითხველს გოგი გვახარიას განმარტება შესთავაზა იმის შესახებ, რომ ნინია კაკაბაძემ იხუმრა და ახალ ამბად გავრცელებული ხუმრობისთვის მკითხველს ბოდიში მოუხადა. ამბავი ამ დრომდე იძებნება digest.pia.ge-ს ვებსაიტზე. თუმცა, იქვეა ინფორმაცია ნინია კაკაბაძის განმარტების შესახებ, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი წინა პოსტი მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო.

მედიასაშუალებების ნაწილის მიერ ხუმრობის ახალ ამბად გავრცელებას, მოგვიანებით, ნინია კაკაბაძე ახალი პოსტით გამოეხმაურა. "ვწუხვარ, რომ ამ "იუმორით განთქმულ" ქვეყენაში არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა", – წერს იგი და ამატებს, რომ "ფეიკ ნიუსებზე, კიდევ არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი".

კატეგორია - ეთიკა
8 აპრილს მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. აღდგომა, როგორც ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული, ქართული მედიის ნაწილისთვის დღის თემაა და განსაკუთრებული ყურადღება 'წმინდა ცეცხლის' რიტუალს ეთმობა.

7 აპრილს მედიასაშუალებებმა ეს ამბავი სატელევიზიო ეთერში თუ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცეს. რიტუალის კომენტირებისას ჟურნალისტების ნაწილმა გასული წლების მსგავსად, ფაქტად წარუდგინა აუდიტორიას ის, რაც რეალურად ფაქტი არ არის. ვინაიდან ყველა მართლმადიდებელს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის არ სწამს, ამასთან მორწმუნეთა ნაწილის მიერ სასწაულად აღქმული რიტუალი ფაქტი არ არის.

აღდგომის დღესასწაულის მთავარი რიტუალის გაშუქება–არგაშუქების მიხედვით, ქართული მედია პირობითად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: მედია, რომელმაც "წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა" მკითხველსა და მაყურებელს მტკიცებით ფორმაში, ფაქტად მოუთხრო; მედია, რომელსაც რელიგიის ეთიკური გაშუქების წესები არ დავიწყებია და თქვა, რომ "მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა" ან "იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლი რიტუალი აღასრულა", და მედია, რომელსაც ეს რიტუალი საერთოდ არ გაუშუქებია.

სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ამბავი სათაურშივე მტკიცებით ფორმაში შემოგვთავაზა: "მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა". ამავე ტექსტში გამოცემა ფაქტად აწვდის აუდიტორიას იმას, რაც ასევე არ არის ფაქტი, – „პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს“. რეალურად ჩხრეკის ფაქტი არავის უნახავს. პატრიარქი სტიქრის ამარა შედის საფლავზე არა იმიტომ, რომ ვინმემ გაჩხრიკოს, არამედ თავს იმდაბლებს. 

"ინტერპრესნიუსმა" კიდევ ორი ამბავი მოამზადა წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანის შესახებ, აქაც რიტუალი ფაქტად იყო წარმოჩენილი - „წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია“. იქვე მკითხველს აცნობა, რომ „უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა“. იგივე აბზაცით სრულდება ამ ამბამდე დაწერილი მასალაც: წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ.

 


'ინტერპრესნიუსის' მსგავსად, იმ მედიასაშუალებებმაც, რომლებმაც ეს რიტუალი გააშუქეს, ამბავს ორი, ან სამი ახალი ამბავი მიუძღვნეს. ყველა მათგანმა მოამზადა მასალები „ცეცხლის გარდამოსვლაზე“ და ცეცხლის საქართველოში ჩამოტანაზე. მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლაში არწმუნებდა მკითხველს „იმედი ნიუსი“, „პრაიმ ტაიმი“. reportiori.ge, kvira.ge, pia.ge, ambebi.ge , for.ge, ინფო 9 და გურია ნიუსი.

„აიპრესმა“ კი მასალაში „ქრისტე აღდგა! მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა“, საზოგადოებას დადასტურებულ ამბად მიაწოდა პატრიარქის ჩხრეკა.



„მართლმადიდებლები ზეიმობენ ცეცხლის გადმოსვლას მაცხოვრის საფლავზე“,
– ამ სათაუროთ აქვეყნებს რიტუალის შესახებ ამბავს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა მტკიცებით მხოლოდ ჩხრეკის ფაქტს წერს: „ცეცხლი გამოიტანა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, რომელიც რიტუალის შესრულებამდე სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს“.

განსხვავებულად გააშუქეს ამბავი: on.ge–მ და ტაბულამ. „მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით იერუსალიმში ზეციური ცეცხლი გარდამოვიდა“, – წერს on.ge. მასალაში: "იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლის რიტუალი აღასრულა", – ტაბულამ მკითხველს უამბო რატომ მიიჩნევენ ცეცხლს წმინდა ცეცხლად.

წმინდა ცეცხლის რიტუალი არ გაუშუქებიათ ონლაინ გამოცემებს: ნეტგაზეთსა და ლიბერალს.
კატეგორია - ეთიკა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს განცახდებით მიმართა მოქალაქ თორნიკე კაკალაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ გადაცემაში „კურიერი P.S.-ის“ წამყვანმა - გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

ამ პრინციპის თანახმად „ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალუირი ორიენტაციის, ენის, რელოგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

კაკალაშვილის პოზიციით, მე-7 პრინციპი წამყვანის საავტორო ტექსტში დაირღვა, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შეძენასა და ტრანსპორტირებაზე საუბრობდა. 18 მარტს „რუსთავი2-ის“ ეთერში გასულ გადაცემაში გიორგი გაბუნიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყოაჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდაგადატანილი ყველა ხე. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მისეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად“.

ამ მონოლოგის შემდეგ ტელეკომპანიასთან რადიკალურად განწყობილი მართმადიდებელთა ჯგუფი შეიკრიბა და „ რუსთავი2-ის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ზოგიერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა.

თორნიკე კაკალაშვილი მიიჩნევს, რომ გაბუნიას გაცხადება ქრისტიანოფობიურია და შესაბამისად მორწმუნე საზოგადოების აღშფოთებას იწვევს:

„ეს ყოველივე სცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლებას და შეიცავს რელიგიური დისკრიმინაციის აშკარა ნიშნებს. მან ამგანცხადებით მასხარად აიგდო და ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა წმინდა სახარება და მთელი ქრისტიანული სწავლება/ღვთისმეტყველება. გაბუნიამ ათობით ათასი ტელემაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში, აგდებულად მოიხსენია კაცობრიობისმხსნელი, ჩვენი უფალი-ღმერთი იესო ქრისტე და წაახალისა ქრისტიანთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია“- აღნიშნავს ის თავის წერილში და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ამ მონოლოგის „სათანადო შეფასებისა და დაგმობისკენ“ მოუწოდებს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მე-7 პრინციპი არ დარღვეულა, რადგან სახეზე არ იყო რამე ნიშნით პირის გამორჩევა და მისი სხვასთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. წამყვანს არც სიძულვილის ენა გამოუყენებია. ( ევროსაბჭოს მიერ 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციის მიხედვით სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლონაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმს, ეთნოცენტრიზმს, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით)

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გაბუნიას მონოლოგში სიძულვილის ენა მიმართული იყო ქრისტიანების წინააღმდეგ. საბჭომ საკითხზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვა სიძულვილის ენად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის „კონკრეტული ნიშნის გამო შურაცხყოფს, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ანდა აღვივებს სტიგმას და სტერეოტიპებს“. საბჭო მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას სადავო ტექსტი არ იყო მიმართული ქრისტეს ან ქრისტიანების წინააღმდეგ და წამყვანის მხრიდან ეს იყო მცდელობა, გაეკრიტიკებინა საჯარო პირი, ბიძინა ივანიშვილი. „მან კრიტიკისთვის გამოიყენა შედარება, რომელიც შეიძლება არ იყო რელევანტური, მაგრამ ამასთან ნეგატიურად არ მოიხსენიებდა ქრისტიან მორწმუნეებს. შესაძლებელია მორწმუნე პირი თვლიდეს, რომ ქრისტეს მოხსენიება არასაკრალურ კონტექსტში დაუშვებელია, მაგრამ ეს ავტომატურად არ გულისხმობს შეურაცხყოფას“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

შესაბამისად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაასკვნა, რომ გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.
კატეგორია - ეთიკა
“კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ” - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Interpressnews-ის ამ სტატიაში დაირღვა ქარტიის მესამე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები”.

სადავო ჟურნალისტური მასალის მიხედვით, IPR & Analytical Center-მა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რადიოს აუდიტორიის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტმა (21.2%) თქვა, რომ რადიო “პალიტრის” საინფორმაციო გამოშვებას ყველაზე ხშირად უსმენს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მესამე პრინციპი დაირღვა, რადგან მიიჩქმალა ფაქტი, რომ აღნიშნული კვლევა თავად “კვირის პალიტრის” ბალანსზე არსებულმა ქოლ ცენტრმა ჩაატარა:

“სტატიაში კვლევის განმახორციელებლად მითითებული იყო IPR & Analytical Center, რომელიც მოპასუხის განმარტებით, ცენტრის საფირმო სახელწოდებაა. ინფორმაციის ამგვარად გავრცელებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს კვლევა არა თავად “პალიტრის“ ჰოლდინგმა, არამედ სხვა, მიუკერძოებელმა კომპანიამ ჩაატარა. ამ მნიშნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა, არასწორ აღქმას იწვევდა მკითხველში” - აღნიშნულია განცხადებაში.

განმცხადებელი, სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” მესამე პრინციპის (მიჩქმალვის) გარდა, სადავოდ პირველ პრინციპსაც (სიზუსტე) ხდიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარი კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. თუმცა საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა - მოპასუხე ანა მარშანიამ წარმოადგინა კვლევის ჩატარების მტკიცებულებები და მიუთითა, რომ კვლევა ჩაატარა შპს "კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებულმა ცენტრმა: “რა თქმა უნდა საბჭო აფასებს იმას, ჩატარდა თუ არა კვლევა და არა იმას, თუ რამდენად სანდო ან სწორია კვლევის მეთოდოლოგია, შედეგები და ა.შ”, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
კატეგორია - ეთიკა
“სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მხიდან ქალების სავარაუდო შევიწროვება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” ბოლო ორ კვირაში ორჯერ განიხილეს. პირველად, როცა სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როცა ზვიად დევდარიანმა სამართლებრივი ბრძოლის დასაანონსებლად პრესკონფერენცია გამართა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა.

21 მარტს ამ თემაზე მსჯელობა “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან, რუსუდან გოცირიძესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან, რამილია ალიევასთან გადაწყვიტეს. პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა გადაცემის დაწყებისას დასვა, შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხდება “ძალადობაში ბრალდებულის” უფლებების დაცვა მის შესაძლო დანაშაულზე საუბრით მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე შინაარსის კითხვა წამყვანმა მოგვიანებითაც გაიმეორა, რითიც ფაქტობრივად მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სავარაუდო დანაშაულზე მსჯელობა არ შეიძლება.

მაშინ, როდესაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების “მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს”, გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენა ამგვარი ფაქტების არსებობა.

“იგივე, როცა ძალადობის ფორმებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, მე არაძალადობრივი მიდგომები აღვიქვა ძალადობად და ამას დავარქვა ძალადობა”, - ამ ფრაზით გააწყვეტინა წამყვანმა ერთ-ერთ რესპონდენტს საუბარი, რომელიც ქალებზე ძალადობის ფორმების ახსნას ცდილობდა. როცა “ტაბულას” რედაქტორი იმ ისტორიებზე საუბრობდა, სადაც ქალები დევდარიანის დანაშაულზე ყვებოდნენ, წამყვანმა თქვა: “საინტერესოა, რა ინფორმაციაა. მე ვერ მოვიპოვე ეს ინფორმაცია”.

გადაცემის მესამე ნაწილი ქალთა მოძრაობის მიერ სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში შეტანილ ინიციატივასაც შეეხო, სადაც საუბარია “სექსუალური ხასიათის კომენტარებზე, უხამს ხუმრობებზე, მიშტერებაზე, სტვენასა და ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნზე, რომელიც უარის შედეგადაც გრძელდება”. წამყვანმა ამ ინიციატივას რადიკალიზმი უწოდა და დაინტერესდა ამით ქალები ხომ არ მოექცევიან უხილავი ჩადრის ქვეშ და მათზე “შეხედვა ხომ არ აიკრძალება”.

ასევე მხოლოდ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვას ეძღვნებოდა 3 აპრილის გადაცემა. ზვიად დევდარიანმა “აქტუალური თემა” გამოიყენა ტრიბუნად იმისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა. ამას ხელს უწყობდა წამყვანიც, რომელიც რიგ შემთხვევებში პასიური მსმენლის როლში იყო და არც განმეორებით სვამდა უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს და არც დეტალებით ინტერესდებოდა. გადაცემა ცალმხრივი იყო, მხოლოდ დევდარიანის და მისი ადვოკატის პოზიციები ისმოდა.

„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი და ვინ ვისი უფლება დაარღვია, ახლა, ამას სასამართლო დაადგენს“, - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა წამყვანმა, პირველი კითხვა კი ქალების იმ ისტორებიების შესახებ დასვა, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში ადანაშაულებენ, თუმცა წამყვანს არ უხსენებია კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულზე იყო საუბარი, ან რას ყვებოდნენ ქალები. დევდარიანმა რამდენიმეწუათიანი მონოლოგის შემდეგ, რომელიც კითხვაზე პასუხის ნაცვლად პირად განცდებს აღწერდა, თქვა, რომ ქალების ისტორიების ნამდვილობის დადგენა მასაც სურს.

მოგვიანებით, გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა აღიქვეს იმ ქალებმა სექსუალურ შევიწროებად ან ძალადობად, რომლებიც მას უჩივიან. დევდარიანი, ასევე, აღნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა გავრცელებულ ბრალდებებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა და რომ მისი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან მოხსნა მმართველი პარტიისთვისაც ხელსაყრელი იყო. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა სახელმწიფო სტრუქტურები, მმართველი პარტია. მიუხედავად ამისა, წამყვანი არ შეეცადა დაეზუსტებინა და ეჩვენებინა აუდიტორიისთვის, რამდენად რელევანტურია მისი მოსაზრებები. რა სარგებელს იღებდა მმართველი პარტია ზვიად დევდარიანის მიმართ ბრალდებების გავრცელებით, როცა მარტივად შეეძლო მისი კანდიდატურის ჩაგდება.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტუალური გახდა ქალთა უფლებების დაცვა, როდესაც ქალებმა გაბედეს ხმამაღლა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საუბარი, მნიშნელოვანია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ფრთხილად მუშაობდეს ამ თემაზე. ორივე გადაცემაში წამყვანი ნაცვლად ფაქტებით, არგუმენტებით დაპირისპირებისა, ცალმხრივად აშუქებს საკითხს და მთელ ეთერს მხოლოდ ძალადობაში დადანაშაულებულ პირს უთმობს, არ აჩვენებს თავად მსხვერპლების პოზიციებს და არ უხსნის აუდიტორიას რეალური პრობლემის არსს.
კატეგორია - ეთიკა
ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის გამო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. მასალა, ეხება 15 წლის გოგონას, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

სადავო სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში 31 მარტს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში ჟურნალისტებმა ვერ უზრუნველყვეს არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის სრული დაცვა. ამის გამო, მოხერხდა გოგონას ამოცნობა, იგი თანატოლებისგან ჩაგვრის მსხვერპლი გახდა და თვითმკვლელობა სცადა.

ორგანიზაციის პოზიციით, ჟურნალისტმა ვერ შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე, რომელსაც ძალადობის ფაქტის გაშუქებით უქმნიდა მოზარდს. განცხადების მიხედვით, გადაცემის „შაბათის კურიერის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ამ სიუჟეტში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“.

„ჟურნალისტს უნდა ეხმარა ყველა ღონე, რათა დაეფარა ყველა ის დეტალი, რაც გოგონას იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე“, - ნათქვამია განცხადებაში.
კატეგორია - ეთიკა
გასული წლების მსგავსად, ქართულმა გამოცემებმა პირველი აპრილი წელსაც აღნიშნეს და გამოგონილი ამბები გამოაქვეყნეს.

მედიასაშაულებების ნაწილმა ამბები თავად მოიგონა, ნაწილმა კი სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ხუმრობები დაიჯერა და მკითხველს, როგორც ახალი ამბავი, ისე შესთავაზა. ამათგან ზოგიერთმა გამოცემამ მიუთითა, რომ სიახლე საპირველაპრილო ხუმრობა იყო, ზოგ მასალაშ კი ამგვარი მინაწერი დღემდე არ იძებნება.

მე-18 საუკუნეში გადაშენებული კავკასიური ტყებუჩის აღმოჩენის ამბავი - თბილისის ზოოპარკის საპირველაპრილო ხუმრობა რამდენიმე ონლაინმედიამ სიმართლედ აღიქვა და გამოაქვეყნა. ხუმრობის გაცნობიერების შემდეგ, ზოგმა მასალა წაშალა, თუმცა ის ამ დრომდე იძებნება Imedinews-ის საიტზე. მასალაში მოგვიანებით გაჩნდა მინაწერიც, რომ ინფორმაცია “თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ საპირველაპრილო ხუმრობის სახით გაავრცელა”.




“გუშინ მივიღეთ ძალიან სასიხარულო და მოულოდნელი შეტყობინება. თითქმის, 2 წლიანი კვლევის შემდეგ, უნიკალური კლიმატური პირობების გამო, საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA-სა და SpaceX-ის მიერ, მოხდება ძაღლების შერჩევა კოსმოსური მისიისთვის“, – ზოომაღაზიათა ქსელის “ზოომარტის” ეს ხუმრობა გააშუქეს Marketer-მა და Imedinews-მა. მარკეტერის სტატიაში მოგვიანებით გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკითხველისთვის გასაგებს ხდის, რომ ამბავი რეალურად ხუმრობაა. იმედინიუსის საიტზე განთავსებულ მასალაში კი ამ დრომდე არაა მითითებული, რომ სტატია გამოგონილ ამბავზეა.



აფხაზური მედიის საპირველაპრილო ხუმრობა, თითქოს აფხაზეთის სამმა მკვიდრმა 200 ტონა აზიური ფაროსანა შეაგროვა, რაშიც 200 მილიონ რუბლს მიიღებენ, გააშუქა LivePress-მა, ხოლო ლაივპრესზე დაყრდნობით Imedinews-მა. პირველწყარომ “ApsnyLIFE” მასალაში განმარტება მოგვიანებით გააკეთა და დაწერა, რომ ამბავი რეალურად გამოგონილია. ზემოაღნიშნულ ქართულ საიტებზე კი სტატია ამ დრომდე იძებნება.




პირველ აპრილს ორი გამოგონილი ამბავი გამოაქვეყნა “გურიის მოამბემ”. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, გურიის გუბერნატორად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი დავით მჟავანაძე ინიშნება.

“მჟავანაძემ მოინანია გამოჩენილი ქართველი დენდროლოგის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და პირობა დადო, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველივე დღიდან პირადად უხელმძღვანელებს ხეების გადატანის პროცესს მთაგორიანი გურიიდან ზღვისპირეთისაკენ და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ასევე პირობა დადო, რომ ერთ ხეს პირადად მისი ხელებით მოგლეჯს და ზურგით ჩაიტანს შეკვეთილში”, - ვკითხულობთ სტატიაში.

მეორე საპირველაპრილო მასალა კი გურიის მოამბემ ოზურგეთის მერის მიერ, ილარიონ კეჭაყმაძის მემორიალური დაფის გახსნას მიუძღვნა.

“გასული საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდიდესი ძირგამომთხრელი, მჩხიბავი, მიმთვისებელი და მყვლეფელი ამა ქვეყნისა მონაი ხვთისა ილაია კეჭაყმაძე“ - მემორიალურ დაფას სწორედ ეს წარწერა დაამშვენებს”, - წერია სტატიაში.

ორივე მასალაში თავიდანვე აღნიშნული იყო, რომ სტატია ხუმრობაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

“NBA: “უორიორსმა” ზაზა ფაჩულია გუნდიდან გარიცხა”, - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა Sporter.ge-მ.




“P.S. საბედნიეროდ, იუმორის გრძნობა Sporter.ge-ზეც გვაქვს, ამიტომ ეს სტატია, რა თქმა უნდა, საპირველაპრილო ხუმრობაა. ზაზა ფაჩულია კი “ოკლენდში” რჩება”, - წერს მასალის ავტორი.

კიდევ ერთი აფხაზური სააგენტოს, Cyxymu.info-ს ხუმრობას წამოეგო Ipress, რომელმაც გამოაქვეყნა მასალა “დე ფაქტო აფხაზეთი 4 რუს დიპლომატს გამოაძევებს”. აიპრესის მასალაში ამ დრომდე არ წერია, რომ ამბავი რეალურად ხუმრობაა. Ipress-ის მასალის ზუსტი ასლი გამოაქვეყნა Reportiori.ge-მაც.

“ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით 2018 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, გია სურამელაშვილი იქნება!” - ამ სათაურით მასალა notifications.ge-მ გამოაქვეყნა. სტატაის 3 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, თუმცა არსადაა აღნიშნული, რომ ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და ხუმრობაა.
კატეგორია - ეთიკა
პაპუნა უგრეხელიძის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თემა 27 მარტს, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 29- წუთზე, მე-15 ამბად, კადრ-სინქრონის სახით გავიდა. გადადგომამდე, უგრეხელიძე ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა სახალხო დამცველის ამაპარტის მიერ საქმის შესწავლის შედეგადაც. 27 მარტის "მოამბის" მასალაში საერთოდ არ აღუნიშნავთ ამბის მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ქალს, რომელიც უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, ანონიმურად დარჩენა სურდა, თუმცა თავად უგრეხელიძემ სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მისი სახელი და გვარი გაასაჯაროვა. ამ ეტაპზე, საჯარო რეესტის ყოფილი უფროსის მხრიდან პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სწავლობს.


სხვა არხებზე, რომელსაც მედიაჩეკერი დააკვირდა, თემა პირველივე ამბად, სიუჟეტის ფორმატში გაშუქდა. მასალებში „მოამბის“ კადრ-სინქრონისგან განსხვავებით, აღნიშნული იყო, რომ სექსუალური შევიწროების შესაძლო მსხვერპლის სახელი და გვარი პაპუნა უგრეხელიძემ გაახმაურა
კატეგორია - ეთიკა
“საბერძნეთში ლტოლვილები პოლიციელებს თავს დაესხნენ” - ამ მანიპულაციური სათაურით 21 მარტს მასალა გამოაქვეყნა geworld.ge-მ: - ვკითულობთ მასალაში. პირველწაყროში, რომელსაც Geworld.ge ეყრდნობა, წერია, რომ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რვა პოლიციელი ლტოლვილთა ბანაკში არეულობის შედეგად დაშავდა.

“არეულობა დაახლოებით 150-მა მიგრანტმა დაიწყო. პროტესტი გამოიწვია განკარგულებამ, რომლის ძალითაც მათ კუნძულის დატოვება აეკრძალათ. უკმაყოფილო ადამიანებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი პოლიციელებს შეუტიეს, რომლებიც არეულობის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მივიდნენ” - ვკითხულობთ geworld-ის მასალაში.

გარდა ამისა, მიგრანტების მიმართ უარყოფითი სარედაქციო პოლიტიკის მქონე “საქართველო და მსოფლიომ” მასალას დაურთო ფოტო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კუნძულ ლესბოსზე მომხდარ შემთხვევასთან. გუგლში ფოტოს ძიებით დგინდება, რომ ის დაახლოებით 3 წლის წინ არის პირველად გამოქვეყნებული.
კატეგორია - ეთიკა
ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტული ისტორიების გაშუქებისას მოძალადის გამართლებისა და მსხვერპლისკენ თითის გაშვერის ტენდენცია ქართულ მედიაში არაერთხელ გამოიკვეთა. ბოლო შემთხვევა კი თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეს ეხება. ბრალდებული მისი შეყვარებულია.

საკითხის გაშუქებისას, ონლაინმედიის ნაწილმა ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თითქოსდა, ბრალდებულმა შეყვარებულს მესამე პირთან ინტიმური ურთიერთობის დროს შეუსწრო. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა მიაწოდა და მისი ეს კომენტარი სრულიად უკონტექსტოდ, ცალკე ამბად გახდა მედიის ინტერესის საგანი: “ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბე-ემ-ვეს" მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო” - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ, CyC.ge-მ, რადიო ფორტუნამ, ww.ge-მ mediamall-მა, fortuna.ge-მ. გაუგებარია, რა საზოგადოებრივი ინტერესის, ან რა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღირებულების მატარებელია ადვოკატის ამ განცხადების ამგვარი სათაურებით, კონტექსტის გარეშე გამოქვეყნება. რას ემსახურება ის, საჯარო ინტერესს, თუ ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი პირდაპირ ან ირიბად იმის ხაზგასმას, რომ როცა კაცი ქალზე ძალადობს, ან უფრო მეტიც, კლავს მას, როგორც წესი, ქალია დამნაშავე, სწორედ მან გამოიწვია მოძალადე, რადგან “ღირსეული ქალისთვის შეუფერებელი” ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა მედია მეზობლების, ნათესავების, ადვოკატების თუ სხვა აქტორების ამ ტიპის კომენტარებს სრულიად უკონტექსტოდ სთავაზობს აუდიტორიას, ფაქტობრივად აძლიერებს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, სწორედ ქალი და მისი შეუფერებელი საქციელია დანაშაულის გამომწვევი და მამაკაცის წონასწორობიდან გამომყვანი მიზეზი.

palitranews უფრო შორსაც მიდის და ერთ-ერთი მეზობლის მოსაზრებასაც გვთავაზობს: “ძალიან კარგი გოგო იყო, პატიოსანი. ახლანდელი გოგოებივით რესტორანი, ბარი, დისკოთეკა მისთვის გამორიცხული იყო”, - რეალურად რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლი ბარებში და კლუბებში დადიოდა თუ არა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას საქმესთან, მასალიდან არ ჩანს.

ამგვარ კონტექსტში შუქდებოდა კიდევ ერთი საქმე, დეა გოშხეთელიანზე ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტიც. მედიაში მაშინაც გაჩნდა სტატიები სათაურებით: “ასეთი დედა ამბობს, რომ მსხვერპლია” - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?”, “ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?”, “სკანდალური მორიგების აქტი, დედამ მხოლოდ ორი ღამე ისურვა შვილის ნახვა. ბაკურაძეები ყოფილი რძლის მიმართ სარჩელს ამზადებენ”. ფეისბუკზე ძალადობაში ბრალდებულის მხარდასაჭერად გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით - “მოძალადე თუ მსხვერპლი?”. ყველა ამ მასალაში ჩანდა მცდელობა, დაზარალებული ასე ვთქვათ, უღირსი ქალის როლში, დედობისთვის შეუფერებელ კონტექსტში წარმოეჩინათ, თითქოს, ბრალდებული ამ ზომამდე სწორედ მისმა, ქალისთვის შეუფერებელმა საქციელმა მიიყვანა და მანაც დამსახურებული მიიღო.
კატეგორია - ეთიკა
„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის“ - ამ სათაურით, ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს, მასალაში ვკითხულობთ: „გერმანიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“.

გერმანიის შს მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერ განცხადების შესახებ მასალა იძებნება „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე, სადაც მოცემულია მინისტრის ციტატა და ამბის კონტექსტი. სინამდვილეში, მინისტრმა თქვა, რომ ისლამი, გერმანულ კულტურას არ ეკუთვნის, გერმანული კულტურის ფორმირება ქრისტიანობის საფუძველზე მოხდა. ხოლო, „საქართველო და მსოფლიომ“ ზეეჰოფერის ნათქვამი კონტექსტის გარეშე მიაწოდა მკითხველს, რაც ქმნიდა განწყობას, რომ გერმანიის შს მინისტრი ისლამოფობია.

„საქართველო და მსოფლიოს“ შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, მაშინ როცა წერს, რომ გერმანიის შს მინისტრის თქმით, „ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“. „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მინისტრს დეპორტაცია არ უხსენებია. თუმცა, „დოიჩე ველეზე“ იძებნება მისი სხვა, უფრო ძველი განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, უნდა დაჩქარდეს იმ პირთა დეპორტაცია, რომელთაც ლტოვილის სტატუსი არ მიენიჭათ და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. ამ განცხადებაში მინისტრს მუსლიმები არ უხსენებია. „საქართველო და მსოფლიომ“ კი ორი განცხადება, რომელთაგან ერთი ისლამს, ხოლო მეორე დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდას ეხებოდა, და რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა, ერთმანეთს დაუკავშირა და აუდიტორიას ერთად შესთავაზა.

რომა კალანდაძე