ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
19 მარტის „აქტუალურ თემაში“ სტუმრად მიწვეულმა გოგა ხაინდრავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის „მავნებლურ საქმიანობაზე“ სასაუბროდ გამოიყენა. ის გადაცემის პირველი ნაწილის ერთადერთი სტუმარი იყო და წამყვანის მიერ დასმული სამი კითხვიდან, კრიტიკული თუ დამაზუსტებელი არც ერთი ყოფილა. ბუნდოვანია, რა იყო სტუმრის შერჩევის კრიტერიუმი და საპირწონედ, რატომ არ მოგვასმენინეს არც ერთი განსხვავებული აზრი.

მართალია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ცუდ მხარეებზე, ბორდის წევრობის სხვა კანდიდატების - იზაბელა ოსიპოვას და ზაზა შათირიშვილის დადებით თვისებებზე საუბრობდნენ, თუმცა მაინც ბუნდოვანი დარჩა, რაზე იყო გადაცემა, რა იყო თემის ფოკუსი. მაგალითად, გადაცემის შესავალში წამყვანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიმართ დღეს მთავარი კითხვა, რაც ისმის, ისაა, იზიარებს თუ არა ის ბორდის წევრობის კანდიდატის, ზვიად დევდარიანის პოზიციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ბუნდოვანი დარჩა, რატომ იყო სწორედ ეს კითხვა „მთავარი შეკითხვა“ 19 მარტს, იმ დღეს, როცა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ შეხვდა სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლებს და გამოიკვეთა, რომ მათი მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს,

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა, ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რომელმაც 6 პუნქტიან გეგმას ხელი მოაწერა და რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალი დონეზეა. მათივე განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლს და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესის გამტარებელ მედიაორგანიზაციას. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სახალხო დამცველთან გაჩნდა მთავარი შეკითხვა: ხომ არ იზიარებს ნინო ლომჯარია პირველ არხთან მიმართებაში მის მიერ დასახელებული კანდიდატის პოზიციას, თუ სწორედ ეს პოზიცია გახდა ნინო ლომჯარიასთვის ზვიად დევდარიანის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი“ - ასეთი იყო წამყვანის შესავალი ტექსტი. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, წამყვანი ასე აფასებს: „ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც გათვლილი არის ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე და ითვალისწინებს ჩვენს დისკრედიტაციას“.

წამყვანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სტუდიაში სტუმრობა შესთავაზა როგორც სახალხო დამცველს, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც, წამყვანისვე თქმით, მუდმივად აკრიტიკებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა და ვისგან მიიღო უარი.

წამყვანს სტუმრისთვის არ დაუსვამს არც ერთი კრიტიკული შეკითხვა. ჩანდა, რომ რესპონდენტიცა და ინტერვიუერიც ერთ აზრზე იყვნენ, სტუმრის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსა წამყვანის მხრიდან არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება. წამყვანის შეკითხვები იყო ძალიან ზოგადი, „თქვენ რას ფიქრობთ“ ტიპის. მან სულ სამი შეკითხვა დასვა:

1. რატომ აღმოჩნდა სამეურვეო საბჭოს წევრობა ასეთი მაღალი ინტერესის საგანი?

2. ბატონო გოგა, დღეს თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ: ნინო ლომჯარიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა.საინტერესოა, ასეთი მკვეთრი განცხადების გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?

3. ლომჯარიას მიერ დასახელებულ კანდიდატთან მომხდარ სკანდალამდე , იყო კიდევ ერთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობა ისმოდა, და რომლის დასახელებასაც მოჰყვა ხმაური. სამეურვეო საბჭოს არჩევნებში ჩართული ადამიანების ნაწილი აპროტესტებდა ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას იმ მიზეზით, რომ ის არის ვასილ მაღლაფერიძის მეგობარი თუმცა ეს ფაქტი არის, რომ არავისთვის არ იყო საიდუმლო. გაავრცელეს ფოტო, როგორც გვახსოვს ყველას, დაარქვეს შემდეგ უკვე ამას სკანდალი, საინტერესო არის ერთი რამ, რა იყო ამ ე.წ. ფოტოსკანდალის ანატომია და რამდენად მისაღები არის აი ამ ფორმით, ამ მეთოდებით ბრძოლა?

გოგა ხაინდრავამ კი, თავისმხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრიბუნა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის დისკრედიტაციისთვის და მათი ქვეყნისა და ეროვნული ფასეულობების მტრებად წარმოჩენისთვის. მაგალითისთვის, სტუმარი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს „კაპიტან გიგაურად“, ხოლო სახალხო დამცველს „ლეიტენანტ ლომჯარიად“ მოიხსენიებდა: „ლომჯარიას მართავს კაპიტანი გიგაური, ეტყობა ლომჯარია ჯერ ლეიტენატია, ვერ მიიღო უკეთესი უფრო მაღალი წოდება“. „არსამთავრობოების კასტა“, „მათი ბელადი სააკაშვილია“ „სექტანტური ინტერესების დამცველები“ - ისმოდა გადაცემაში სტუმრის მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით.

ბორდის წევრობის კანდიდატის, ზვიად დევდარიანის გარშემო მიმდინარე ამბებიც, გოგა ხაინდრავამ არასამთავრობო ორგანიზაციის „ნამდვილი სახის სადემონსტრაციოდ“ გამოიყენა, თუმცა არ აღუნიშნავს, რომ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტები პირველად, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გახმაურდა, ეს მისთვის არც წამყვანს შეუხსენებია: „ლომჯარიას და კაპიტან გიგაურს, უნდოდა დედვარიანის გაყვანა, მთელ დანარჩენ საზოგადოებას უნდოდა ზაზა შათირშვილის გაყვანა, ახლა განასხვავეთ ვინ არის მართალი, ვინ რა პოზიციაზე დგას. აქეთ დგას დევდარიანი, აქეთ დგას შათირშივლი“.

შიგადაშიგ, სტუმარი წამყვანსაც ამხნევებდა და მოუწოდებდა, არ აჰყოლოდა არასამთავრობოების პროვოკაციებს: „წყნარად უნდა იმუშაოთ, არ აყვეთ, მთავარი თქვენი შემფასებელი არის მაყურებელი“ ამბობს სტუმარი, „რა თქმა უნდა“ - ეთანხმება წამყვანიც.

გადაცემის მეორე ნაწილი მთლიანად მაუწყებლის ბორდის წევრობის კიდევ ერთ კანდიდატზე, იზაბელა ოსიპოვაზე დადებით კონტექსტში საუბარს დაეთმო. სტუმრები იყვნენ: ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, მიხეილ ავაქიანი, სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი, ასოციაციის „შენ“ ხელმძღვანელი და აგიტ მირზოევი იეზიდური თემის წარმომადგენელი, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

კატეგორია - ეთიკა
17 მარტს, ქალთა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უფლებადაცმველს და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ხელმძღვანელს, ზვიად დევდარიანს სექსუალური შევიწროების 10-ამდე შემთხვევაში ადანაშაულებდა და მაუწოდებდა სახალხო დამცველს, მოიეხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე დედვარიანის კანდიდატურა. განცხადების გავრცელებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი კანდიდატობიდან მოხსნა. 18 მარტს კი ლომჯარია ქალთა მოძრაობის წევრებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ. პარალელურად, ონლაინმედიაში ქვეყნდებოდა სავარაუდო მსხვერპლების ისტორიებიც.

ეს თემა გაშუქდა ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების როგორც დღის, ისე საღამოს გამოშვებებში. თუმცა საკითხი ვერ მოხვდა „რუსთავი-2-ის“ ვერც 17 მარტის „შაბათის კურიერში“ და ვერც 18 მარტის „კურიერ P.S-ში”. ორი დღის განმავლობაში ამბავი მხოლოდ 17 მარტის 6 საათიან „კურიერში“ მოკლე კადრ-სინქრონის სახით გავიდა.
კატეგორია - ეთიკა
2018 წლის 14 მარტს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. წასვლის მიზეზად მან ხელმძღვანელთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა. 15 მარტს ბაგრატიამ პრესკონფერენაცია გამართა და თანამდებობიდან წასვლის მიზეზები დეტალურად განმარტა. მისი თქმით, რეორგანიზაციის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტული პირის უპირობო დანიშვნას მოითხოვდა. რაზეც ბაგრატიამ, მისივე თქმით, უარი განაცხადა და თანამდებობა დატოვა. სხვა არხებისგან განსხვავებით, ეს ამბავი 15 მარტის 9 საათიან "მოამბეში" ვერ მოხვდა.
კატეგორია - ეთიკა
13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა. თემა მთელი დღის განმავლობაში შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებები. "მოამბემ" საკითხს ყველაზე ნაკლები დრო დაუთმო, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც გასაუბრების შესახებ მხოლოდ ერთწუთიანი მასალა გავიდა. გრაფიკზე მოცემულია 13 მარტის საინფორმაციო გამოშვებებში თემის გაშუქებისთვის დათმობილი დრო.
კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტსივრცეში ყველას ერთხელ მაინც გვინახავს ან წაგვიკითხავს ინტერვიუ, სტატია, თუ უბრალოდ ახალი ამბავი, ისეთი ფოტოთი, რომელიც თემას, ერთი შეხედვით საერთოდ არ უკავშირდება, მედიასაშუალებები ხშირად ახალი ამბების თხრობისას ფოტომონტაჟსაც იყენებენ და ვიზუალური მანიპულაციის ხერხებით ცდილობენ მკითხველის განწყობა შექმნან თავად ამბის, ან ამბის მონაწილე რესპონდენტის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებით ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ მედია გამოირჩევა.

მაგალითად, პირველ მარტს “საქართველომ და მსოფლიომ” სტატია გამოაქვეყნა სათაურით - “დავით საგანელიძე იბერიის გაბრწყინებას “იბერიკოთი” გეგმავს”. ამბავი საპარტნიორო ფონდის ახალ ინიციატივას ეხება, რომელიც ქართული ჯიშის ღორების გადარჩენას გულისხმობს. მასალას კი ილუსტრაციის სახით, ფოტომონტაჟი ადევს.

მსგავსი ტიპის ვიზუალური მასალა ახლავს “საქართველოს და მსოფლიოს” მიერ ასევე პირველ მარტს გამოქყვენებულ სტატიას - “ქართველი რემბოები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ”.

“ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციული” - მასალა “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე პირველ მარტს გამოქვეყნდა და თბილისის მერის კახი კალაძის ამ განცხადებას შინაარსთან ასევე სრულიად შეუსაბამო ფოტო ახლავს.

ფოტომანიპულაციის ხერხებს ასევე აქტიურად იყენებს ინტერნეტპორტალი tb24. ამის ერთ-ერთ მაგალითია, 20 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა “ვინ არიან “მავნე ძალები” ქართულ საზოგადოებაში?”. მასალაში, ერთი მხრივ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის მიერ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გაკეთებული განცხადებებია ცინიკური ტონით წარმოჩენილი. მეორე მხრივ კი, ილუსტრაციისთვის კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილი ფოტო ახლავს. კერძოდ, ელჩისა და მისი მეუღლის არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტო, რომელიც ამბავთან თანხვედრაში არ მოდის.

“პრემიერ კვირიკაშვილის ბოდვებს საზღვარი არ აქვს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით უნდა მოხდეს” - სწორედ ასე იწყება 9 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა. მასალაში გამოყენებული არაკორექტული თხრობის სტილის პარალელურად, მასზე დართული ფოტოც იქცევს ყურადღებას. ილუსტრაციისთვის პრემიერ-მინისტრის ის კადრია, შერჩეული, როდესაც მან “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” წევრს ნიკა მელიას შეგინა.

არაეთიკურ შინაარსთან ერთად, ვიზუალური გაფორმებაც შესაბამისი აქვს “საქართველოსა და მსოფლიოს” 1 მარტის მასალასაც. სტატიას სათაურით “ქართლი ოცნება” ცხოველთა სამყაროში”.
კატეგორია - ეთიკა
“მეტი ქალი პოლიტიკაში”, კვოტირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მსჯელობა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ტრანსგენდერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, ნაკლები ყვავილი და ნაკლები აქცენტი ქალზე, როგორც „ნაზ არსებასა“ და “სუსტ სქესზე” - ბოლო ორი წელია, წინა წლებისგან განსხვავებით 8 მარტი ტელემედიაში სწორედ ამ კონტექსტში შუქდება.

თუმცა, საერთო გაუმჯობესების მიუხედავად, 2018 წლის 8 მარტის მედიაგაშუქებაში გარკვეული ხარვეზები მაინც გამოვლინდა: მედია, როგორც წესი, მიჰყვებოდა სხვების დღის წესრიგს და მხოლოდ დღის მიმდინარე ამბებს აშუქებდა. საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტობრივად ვერ ნახავდით თემებს, რომელთა გაშუქებაც თავად მედიის მიერ იყო ინიცირებული. გარდა ამისა, თუკი მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აქცენტი ქალთა უფლებებზე კეთდებოდა, დღის გამოშვებებში გავიდა მასალები, სადაც საკითხი მილოცვების, ნარცისებისა და ენძელების ფონზე გაშუქდა.

მაგალითად, საზოგადოებივი მაუწყებლის “მოამბის” დღის გამოშვებებში მართალია, გაშუქდა ისეთი სიახლეებიც, სადაც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და გენდერულ უთანასწორობაზე კეთდებოდა აქცენტი, მაგრამ ამის პარალელურად, აშკარად ჭარბობდა სიახლეები მილოცვებისა და ყვავილების დარიგების შესახებ. “მოამბის” დღის წესრიგში მოხვდა სიახლე, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ “პარასპორტსმენ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს”. კადრსიქნრონში ვხედავთ ყვავილებით დასაჩუქრებულ ქალებსაც, რომლებიც საჩუქრებისთვის მადლობას იხდიდნენ. ამავე საინფორმაციო გამოშვებაში ვნახეთ, თუ როგორ აჩერებდნენ პატრულის მამაკაცი თანამშრომლები ქალ მძღოლებს და თაიგულებს ჩუქნიდნენ. “ალბათ ქალბატონებისთვის ეს ყველაზე სასიამოვნო გაჩერება იყო პატრულის მხრიდან” - აღნიშნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მასალის ეთერში გასვლის შემდეგ.



პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ ქალებისთვის ყვავილების დარიგების პროცესი “ტვ პირველის” დღის გამოშვებებში გაშუქდა, ხოლო კადრები, თუ როგორ დაასაჩუქრა თბილისის მერმა ენძელებით ქალები დღის “ქრონიკაში” მოხვდა.

დღის გამოშვებებისგან განსხვავებით, მთავარ გამოშვებებში 8 მარტი გაშუქდა არა როგორც იების ჩუქების, არამედ როგორც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე. 118 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, სავალდებულო კვოტირების გზით პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვის მოთხოვნა მოხვდა “ტვ პირველის”, “იმედის”, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციოებში.

გარდა საპროტესტო აქციებისა, “მოამბეში”, “ქრონიკასა” და “კურიერში” ვნახეთ ვრცელი სიუჟეტები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. “ქრონიკაში” ასევე გავიდა მასალა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტარი ქალების შესახებაც.

ქალთა უფლებების საკითხების გაშუქებაში აშკარა პროგრესის მიუხედავად, პრობლემური იყო ტრანსგენდერი ქალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 8 მარტს გამართული აქციის გაშუქება. დემონსტრაცია მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “რუსთავი 2-ისა” და “ტვ პირველის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. მაუწყებლებმა საკითხი გააშუქეს მშრალად. მასალებში არ ჩანდა მაუწყებლების მკაფიო სარედაქციო პოზიცია კონტრაქციაზე შეკრებილებთან დაკავშირებით, რომლებიც მაუწყებლებისთვის მიცემულ კომენტარებში ტრანსგენდერი ადამიანების საჯარო სივრცეში გამოჩენის აკრძალვას მოითხოვდნენ. მედიასაშუალებებმა მათი პოზიციები წარმოაჩინეს, როგორც საკითხის მეორე, ლეგიტიმური მხარე, რესპონდენტების ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოსაზრებები პირდაპირ, შესაბამისი კონტექსტის გარეშე შემოგვთავაზეს (ამავე თემაზე: “რატომ არ უნდა დაუთმოს მედიამ ტრიბუნა მათ, ვინც მხარდამჭერებს სიძულვილისა და დისკრიმინაციისკენ მოუწოდებს?”)
კატეგორია - ეთიკა
18 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეულ გადაცემაში “იმედის კვირა” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან ნახევარსაათიანი ინტერვიუ გავიდა. წამყვანმა თავადვე აღნიშნა, რომ რესპონდენტის მიმართ ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა არსებობდა, მიუხედავად ამისა, ინტერვიუმ მწვავე კითხვების გარეშე ჩაიარა.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც ინტერვიუში შეეხნენ მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს ეხებოდა. ეს ის თემაა, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება, მაუწყებლები დიდხანს კამათობდნენ საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო შემოსავლების ზრდის შესაძლებლობა განიხილებოდა. მაუწყებლები ამბობდნენ, რომ სარეკლამო შემოსავალი შემცირებულია, პარალემენტის თავმჯომარე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელთა შემოსავლების ოფიციალური მონაცემები, რისი გასაჯაროვებაც ევალებათ, კანონის დამტკიცებამდე არ გამოაქვეყნა.

ჟურნალისტი ამ თემას არ ჩაღრმავებია, არ უკითხავს რატომ არ გამოქვეყნდა ეს მონაცმები დროულად, რომ რეალურად გარკვეულიყო, გაიზარდა თუ შემცირდა მაუწყებელთა შემოსავლები. ჟურნალისტს არ წარმოუჩენია ტელევიზიების პრეტენზიები ამ თემაზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კომისია სპეციალურად აჭიანურებდა მონაცემების გამოქვეყნებას, რადგან დამტკიცდებოდა, რომ შემოსავლები მცირდება.

ჟურნალისტი ამ თემაზე საუბრისას მხოლოდ იმით დაინტერესდა, თუ რატომ იყო განსხვავებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დათვლილი მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული რიცხვები.

იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი არსებობს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე გაორმაგდა მაუწყებლების რაოდენობა და 98 გახდა, მათ შორის საერთო მაუწყებლები 4 დან 21-მდე გაიზარდა. თუმცა წამყვანს არ შეუხსენებია, რომ ამავე წლებში ძირითადი სამაუწყებლო მოთამაშეები იგივე დარჩა, კვლავაც 2 დიდი კერძო მაუწყებელია ბაზარზე. ინტერვიუ ისე დასრულდა, რომ წამყვანს არც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები უხსენებია, და არც საზოგადოებრივ მაუწყებლსა და "იმედის" ჰოლდინგზე ხელისუფლების შესაძლო გავლენები - რა კითხვებიც მედიაგარემოზე საუბრისას არსებობს საზოგადოებაში.

კახა ბექაურის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა ფოტოს გავრცელებას, სადაც ის საზოგადოებრივი მაწყებლის გენერალურ დირექტორთან და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად არაფორმალურ გარემოში იყო. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მაუწყებლის მეურვედ ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ. წამყვანის მიერ ამ საკთხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა მას ეხმარება პრობლემების გაგებაში. ოპონირების და ჩაკთხვის მცდელობა წამყვანს არც ამ შემთხვევაში ჰქონია. არ დაინტერესებულა ამავე ფორმატში ხვდება თუ არა ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს და როგორ ეხმარება ამ მედიასაშუალებებს პრობლემების მოგვარებაში.

მოგვიანებით, კომისიის თავმჯდოამრემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატი ზაზა შათირიშვილი დადებითად დაახასიათა. ჟურნალისტმა არ დასვა არც ერთი კითხვა, რომელიც შათირიშვილი კომპეტენციასთან დაკავშირებით გასაუბრების შემდეგ გაჩნდა, რადგან გასაუბრებაზე გამოიკვეთა, რომ შათირიშვილმა მაუწყებლის მართვის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები არ იცის.

ინტერვიუს ბოლოს წამყვნმა ფაქტად აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედიის პლურალიზმი და მრავალფეროვნებაა, მაგრამ დაინტერესდა, მაინც რა გამოწვები არსებობს თანამედროვე მედიაში.

ამ კითხვაზე რეპონდენტმა მედიის პრობლემებად: მომხმარებელთა ქცევის შეცვლა (მულტიმედიურ პროდუქტზე გადასვლა), ნაკლები ფინანსების გამო კვლაფიციური კადრბის ნაკლებობა დაასახელა.

გადაცემაში საერთოდ არ გაჟღერებულა კითხვები კომუნიკაციების კომისიის წევრების კვალიფიკაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასმულ კითხვებზე პასუხები მიიღო. ამ პასუხიებით ირკვეოდა, რომ კომისიის წევრები კახა ბექაური და მერაბ ქათამაძე კანონით მოთხოვნილ დიპლომებს არ ფლობდნენ.

ინტერვიუს მიმდინარეობისას წამყვანი თავისუფლად აძლევდა რესპონდენტს საშუალებას, ეთქვა ის, რაც მას სურდა და არ უსვამდ დამაზუსტებელ, კრიტიკუ შეკითხვებს.
კატეგორია - ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პირადი ცხოვრების გაშუქების შესახებ ახალი სახელმძღვანელო წესები გამოაქვეყნა. სტანდარტების მიხედვით, მანამ სანამ მედია პირადი ცხოვრების შესახებ გამოაქვეყნებს გარკვეულ ინფორმაციას, საკითხმა უნდა გაიაროს ორსაფეხურიანი ტესტიდან ერთ-ერთი მაინც:

1. მედიას უნდა ჰქონდეს პირის თანხმობა მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნებაზე;

2. მედიას უნდა ჰქონდეს დეტალური დასაბუთება, თუ რატომაა საჭირო და აუცილებელი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება;

გამოცემის მიხედვით, მედიის მხრიდან პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა მოპოვებული ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია და როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.ასევე, მაშინ როცა მედიგაშუქებასა და პირის პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელი ფაქტორია, პირი საჯაროა თუ კერძო. წესების მიხედვით, კერძო პირის პირად ცხოვრებას მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს: „საჯარო პირებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებს (საჯარო მოხელეებს) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოლოდინი ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. თუმცა გარკვეული ხარისხით მათაც აქვთ გარშემომყოფებისგან საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. მაგალითად დაცულია მათი პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თუ არ იკვეთება ამ დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი, რაც შეიძლება იყოს ვთქვათ, საჯარო ფინანსების ხარჯვა პირადი ურთიერთობებისთვის ან მკურნალობისთვის და აშ“.

ჯანმრთელობა, სქესობრივი ცხოვრება, შვილად აყვანა, სუროგაცია - სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ეს ის სფეროებია, რომელთა გაშუქებისასაც არსებობს განსაკუთრებულად მაღალი რისკი პირის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა. ​

კატეგორია - ეთიკა
26 თებერვალს "კურიერის" 3 საათიან გამოშვებაში საგუშაგოზე მოკლული 19 წლის ბექა რუსიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სიუჟეტი გავიდა. წამყვანის თქმით, სასამართლო პროცესი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. ამის შემდეგ კი სიუჟეტში აჩვენეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჭირისუფალი, რომელმაც მსჯავრდებულის ოჯახთან იკამათა. მათ ჩხუბს ეთერში დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ვუყურებდით.

გაუგებარია, რა საჯარო ინტერესს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების ჩვენება და რა დამატებითი ინფორმაცია მიიღო მათი ნახვით მაყურებელმა რუსიას მკვლელობის შესახებ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
კატეგორია - ეთიკა
23 თებერვალს ifact-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა “თბილისი პანორამას” გოლფის მოედანის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

შემთხვევა 21 იანვარს მოხდა, თუმცა ამ დრომდე მუშის გარდაცვალების შესახებ არ გამხდარა ცნობილი. 23 თებერვალს კი ეს ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-სა” და “TV პირველისგან” განსხვავებით, არ მოხვდა ტელეკომპანია “იმედის” 23 თებერვლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი მთავარი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „ობიექტივის“ სიუჟეტი ლაგოდეხში, უმძიმეს სოციალურ პირობებში მცხოვრებ 7 წლის საბას ეხება. სიუჟეტში ბავშვის ისტორია სენტიმენტალურ და სენსაციურ ჭრილშია გაშუქებული, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი ბავშვის ინტერესზე გაკეთდეს, იმაზე თუ რატომ აღმოჩნდა ის და მისი ოჯახი ამგვარ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, რატომ ვერ იღებს დახმარებას, ჟურნალისტი ბავშვს იყენებს ემოციების გასამძაფრებელ ობიექტად, აჩვენებს როგორ ტირის და როგორ ითხოვს დახმარებას. „თუ გექნებათ საშუალება, ჩამომიტანეთ“, „მე მინდა ჩემს დედიკოს და მამიკოს აღარ უჭირდეთ.“ „მინდა, რომ ბედნიერად ვცხოვრობდე“, „მშია, გეხვეწებით, დამეხმარეთ“ - ვისმენთ ატირებული ბავშვის თხოვნას. მძიმე ისტორიის კიდევ უფრო დასამძიმებლად, სიუჟეტი „შინდლერის სიის“ საუნდტრეკითაა გაფორმებული. „ობიექტივის“ ეს მასალა გამოაქვეყნა პალიტრა tv და radio24-მაც.

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, თუმცა რატომ - ამ კითხვას ჟურნალისტი საერთოდ არ სვამს, არ ჩანს ოჯახის გაჭირვების გამომწვევი მიზეზები, სახელმწიფოს როლი და პრობლემის მოგვარების შესაძლო გზები.


კატეგორია - ეთიკა
20 თებერვალს ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები უჩნდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია “იბერიასაც”.

“არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით”, - განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ეს თემა “იმედის”, “რუსთავი 2-სა” და “TV პირველისგან” განსხვავებით, არ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების მხრიდან “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული ინფორმაციაც არ გააშუქა.