საქართველო
კატეგორია - საქართველო

ფოტო - „ბათუმელები"


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გამოცემა „ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მედიის წარმომადგენლის დაკავება მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათობით მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ დაკავების საფუძველი - კედელზე წარწერის „იფიცება საქართველო" განთავსება - წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფორმას.

კოალიცია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ასევე, სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრები“, - წერია განცხადებაში 

მზია ამაღლობელი პოლიციამ დღეს, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე ყოფნის დროს, კედელზე იმ პლაკატის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც წერია - „იფიცება საქართველო“.

 
კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლო 15 იანვარს იმსჯელებს. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სააპელაციოში აფგან სადიგოვისთვის  საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დეკემბერს გაასაჩივრა.

SJC-ის ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 დეკემბრის განჩინებებით, დასაშვებად იქნა მიჩნეული აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაც.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს შესაძლებლობა ექსტრადიციის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს და ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს. როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აფგან სადიგოვის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, მათ იუსტიციის სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. სამინისტროს დაუკავშირდა რედაქციაც და პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

აფგან სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით 3 აგვისტოს თბილისში დააკავა. მას ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 111-ე დღეა შიმშილობს.

ჟურნალისტის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. 

„მდგომარეობა რთულია, მაგრამ შიმშილობას აგრძელებს. ექიმი ძალიან ღელავს, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშააა. რამდენ ხანს გაძლებს ასე და ხვალ რა იქნება, არ ვიცი“.

სადიგოვა აღნიშნავს, რომ ის სასამართლოს აღარ ენდობა. „იცით, რომ ისინი ბრძანებებს ასრულებენ. აფგანი ძალიან ცუდად არის. ალიევის რეჟიმმა ბრძანება მისცა ივანიშვილის რეჟიმს. მათ გაანადგურეს ხალხი, კანონი და სასამართლო. მე და ჩემმა შვილებმა არ ვიცით, რა ვქნათ, ჩვენთვის ძალიან რთულია, რადგან ისინი აფგანს კლავენ“.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კატეგორია - საქართველო


პარლამენტის ინფორმაციით, 2025 წლისთვის აკრედიტაცია 33 მედიასაშუალების 312 წარმომადგენელზე გაიცა. მათ შორის 13 ტელეკომპანია, 16 ონლაინ გამოცემა, 3 გაზეთი და 1 რადიოა. ერთწლიანი საპარლამენტო აკრედიტაცია გაიცა უცხოურ მედიასაშუალებებზეც. 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გასული წლის შეფასებისას, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ძირითად კატეგორიაში გააერთიანა: 

„აპრილში, ე.წ. რუსული კანონის განხილვებისას, პარლამენტში ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება შეეზღუდათ ონლაინმედიის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებთნ ერთად, ონლაინმედიასაც ეხებათ. 

ივნისში, ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, პარლამენტში 1 და 6 თვით შესვლა აუკრძალეს, ტელეკომპანია მთავარი არხისა და ფორმულას ჟურნალისტებს - ნინი ბალანჩივაძესა და სოფო გოზალიშვილს. ამავე თვეში, უმრავლესობის კიდევ ორი დეპუტატის განცხადების საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებსაც - ნატა ქაჯაიასა და მაკა ჩიხლაძეს.

ივნისში, პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაზე ონლაინმედიის ჟურნალისტები არ დაუშვებეს.

ნოემბერში, კვლავ ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონის ამოქმედების შედეგად, ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა გაურკვეველი დროით შეეზღუდათ. შეზღუდვა 12 დეკემბერს გაუქმდა“. 

მედიას პარლამენტისგან სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციისა და პრეზიდენტად არჩევის დღის გასაშუქებლადაც. 

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება 2023 წლის 6 თებერვალს გამოიცა. შალვა პაპუაშვილის ამ ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა. 

პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს „ტელეკომპანია პირველმა“ და ნატალია ქაჯაიამ. 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა, რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ.

„პროტესტი“ და „ადევნება“ - რატომ დაიხურა პარლამენტი მედიისთვის - წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალა ვრცლად. 

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, ComCom-ის 2025 წლის ბიუჯეტი 22 001 000 ლარი იქნება.

როგორც ComCom-ის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2024 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2025 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად: კომისიის 2025 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა 17 841 362 ლარი შეადგინა, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი  13 659 753 ლარია, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი 3 345 231 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები (საპროცენტო შემოსავლები) 836 378 ლარი. სარეზერვო ფონდიდან ასათვისებელმა თანხამ კი,  4 159 639 ლარი შეადგინა. 

„შესაბამისად, 2024 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 22,001,000 ლარს“. 

კომუნიკაციების კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯებისთვის 9 687 554 ლარია განკუთვნილი. 

22 001 000 ლარიდან მედიაწიგნიერებაზე 4 322 117 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 2 991 331 ლარს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ბიუჯეტი შეადგენს.

„მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტიდან (2 991 331 ლარი) 1 426 261 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის, 1 565 070 ლარი კი ადმინისტრაციულ და საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.

კომუნიკაციების კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედიაკრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა.

„მედიაომბუდსმენის“ სექტემბრის თვის ანგარიშის მიხედვით, „მედიაკრიტიკის” პლატფორმაზე კვლავ ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები იკვეთებოდა, მასალები კი,  შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისეული“ დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა. ოქტომბრის თვეში კი, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდის ფონზე, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულმა „მედიაკრიტიკამ“ სულ სამი მასალა გამოაქვეყნა, საიდანაც ორი მასალა: „არშემდგარი ინტერვიუ მელანია ტრამპთან“ და „მოულოდნელი არჩევანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებს და ამერიკული მედიის გამოწვევებს შეეხებოდა, ერთი მასალა კი - „ინტერაქტიული თუ ინტერაქტიური?“ გრამატიკულ წესებს დაეთმო.

კომუნიკაციების კომისიის პლატფორმის - “მედიაკრიტიკა" 139 სტატია გააანალიზა „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა, „მითების დეტექტორმაც“. 2023 წლის 1 მარტი - 2024 წლის 31 ივლისის პერიოდის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ დროს mediacritic.ge კვლავ იმ მედიასაშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ.

 

ბიუჯეტის დეტალური განაწილება იხილეთ ფოტოს სახით:

კატეგორია - საქართველო



„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2024-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა. პრიზი გაიცა შვიდ კატეგორიაში:

  • „სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი“ -  გიორგი მგელაძე (რადიო თავისუფლება)
  • „ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში“ -  ნინო ლომაძე (ინდიგო)
  • „სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში“ -  მაია მეცხვარიშვილი, ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი)
  • „ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში“ -  გიორგი ყოლბაია (ინდიგო)
  • „ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება“ -  ნინო ართმელაძე (ბათუმელები)
  • „ხალხის რჩეული“- ნათია ამირანაშვილი (პუბლიკა)
  • „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“ -  ნინო თარხნიშვილი (რადიო თავისუფლება)

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ წელს პირველად გასცა პრიზი ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც და ამ ნომინაციის პირველი გამარჯვებული "ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ახდა.

„ქარტიის პრიზი“ წელს მეთორმეტედ გაიმართა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებასა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიცა. 

28 დეკემბერს გაიმართა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ყოველწლიური, რიგით მეთექვსმეტე საერთო კრებაც და წევრებს ანგარიშები წარუდგინეს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ბიგანიშვილმა, ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ჩახუნაშვილმა და სარევიზიო კომისიის​  თავმჯდომარემ ნინო შუბითიძემ. საერთო კრებაზე აირჩიეს ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრიც: ნინო გელაშვილი („მითების დეტექტორი“), თიკო დავაძე („რადიო მარნეული“) და ირაკლი მსხილაძე („აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“). 

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კი მეორე ვადით ნანა ბიგანიშვილი გახდა

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია. 

 
კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, 2024 წელი „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით, საგანგაშო იყო.

ანგარიშის - „მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება“ მიხედვით, მიმდინარე წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე. 

„2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია“. 

ანგარიშში განსაკუთრებულად არის აღნიშნული ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები, რომელთა შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა. 

„პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. „ტიტუშკები“ პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს“. 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღნიშნავს, ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი - გამოძიება შეწყვიტა. როგორც TI აღნიშნავს, საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები. 

ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 5 ძირითად კატეგორიაში გააერთიანა: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმების მაგალითები,  ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება,  მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება,  მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება. 

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა კომუნიკაციების კომისიის უარყოფითი როლიც კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგა, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო წინასაარჩევნო პერიოდში გახდა, რა დროსაც კომისიამ „ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. 

„მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა“.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენციის შენარჩუნებაზეც.

„მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ“. 

როგორც TI აღნიშნავს, ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს „ქართული ოცნების“  პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით. 

„მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული“. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, „მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს“. 

კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს პირველი არხის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რაოდენობრივი კვლევის მეთოდით ჩატარდა. როგორც 10-გვერდიან დოკუმენტში ვკითხულობთ, „პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგი 27 აგვისტოდან დაიწყო და 26 ოქტომბრამდე პერიოდი მოიცვა. 

„მონიტორინგი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულების კომპონენტი, მოიცავდა წინასაარჩევნო პერიოდში პირველი არხის ყველა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემასა და საქართველოს რადიოს თოქშოუებს“.

რაოდენობრივი კვლევის მეთოდით გაიზომა: პირველი არხის გადაცემები - „მოამბე“ 10:00, „მოამბე“ 12:00, „მოამბე“ 15:00, „მოამბე“ 18:00, „მოამბე“ 21:00, „მოამბე სპეციალური გამოშვება“, „არჩევნები 2024“ - პირდაპირი ეთერები, „არჩევნები 2024 - მაკა ცინცაძესთან ერთად“, „ყველა შეკითხვა ცესკოს“, „არჩევნები 2024 - გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ და „დებატები 2024“. გადაცემები საქართველოს რადიოში - „ღია სტუდია“, „რეალური სივრცე“.

საინფორმაციო გადაცემები

როგორც შიდა მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, მასში „ასახულია საარჩევნო სუბიექტების გაშუქება მათი წინასაარჩევნო აქტივობების შესაბამისად“.

საარჩევნო სუბიექტების პირდაპირი და ირიბი გაშუქების ქრონომეტრაჟის ამსახველი გრაფიკის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი დრო დაეთმო. 

მაგალითად, „ქართული ოცნების“ პირდაპირი გაშუქების ქრონომეტრაჟი [25:10:03] 3-ჯერ მეტია იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილ დროზე, რომელიც გრაფიკის მიხედვით, მეორე [„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 7:39:11] და მესამე ადგილზეა [„ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 7:27:51]. 

მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით, პირდაპირ გაშუქებად ითვლება დრო, როდესაც სუბიექტი თავად საუბრობს.



ანგარიშში მითითებულია, რომ „პირველმა არხმა“ საარჩევნო სუბიექტებს მათი პროგრამების პრეზენტაციის პირდაპირი გაშუქება შესთავაზა თუ სუბიექტი პირდაპირი ტრანსლაციისთვის სიგნალის მიწოდებას თავად უზრუნველყოფდა და შედეგად „პირველი არხი“ ერთადერთი მედია იყო, „რომელმაც მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიებისა და პროგრამების შესახებ“.

„პარტიების მომართვის საფუძველზე პირდაპირი ეთერი დაეთმო: ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კამპანიებს. საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი პირდაპირი ეთერის ქრონომეტრაჟი აისახა მონიტორინგის რაოდენობრივი კვლევის მონაცემებში, „მოამბის“ 10:00, 12:00, 15:00, 18:00, 21:00 საათიან და „მოამბის“ სპეციალურ გამოშვებებთან ერთად. შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა პირდაპირი გაშუქების ქრონომეტრაჟი. აღსანიშნავია, რომ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის საარჩევო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოყენებული იყო ქართული ოცნების პარტიული ატრიბუტიკა, რაც მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩაითვალა ქართული ოცნების გაშუქებად და თავის მხრივ გაზარდა აღნიშნული საარჩევნო სუბიექტისთვის დათმობილი დრო“.

არასაარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი დრო - 8:24:46 აღმასრულებელი ხელისუფლების პირდაპირ გაშუქებას დაეთმო, მაშინ როცა მაგალითად, პრეზიდენტმა „პირველი არხის“ ეთერში 2 თვის მანძილზე 1 საათზე ნაკლები დროის (0:44:48) განმავლობაში ისაუბრა. ამასთან, პრეზიდენტი ის არასაარჩევნო სუბიექტია, რომელზეც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ყველაზე მეტს (4:24:39) საუბრობდნენ. 

მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით, ირიბ გაშუქებად ითვლება დრო, როდესაც სუბიექტზე საუბრობენ სხვები. 


როგორც „პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, „აღმასრულებელი ხელისუფლების პირდაპირი გაშუქება მნიშვნელოვნად გაზარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების შესახებ „მოამბის“ სპეციალურმა გამოშვებებმა: ეთერი დაეთმო რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნას, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას. გაშუქდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს უშიშროების სხდომაზე, ბრიფინგი კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენის შესახებ და სხვ.“

ანგარიშის მიხედვით, „გაშუქების მაღალი უარყოფითი ტონი პროცენტული გადანაწილების მიხედვით დაუგროვდათ საარჩევნო სუბიექტებს: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. მნიშვნელოვანი პოზიტიური გაშუქებით გამოირჩევა კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის. ხოლო დომინანტური გაშუქების ტონი ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ კვლავ ნეიტრალურია“.



ამ ცხრილის მიხედვით, „ქართული ოცნებისთვის“ დათმობილი ირიბი და პირდაპირი გაშუქების საერთო ქრონომეტრაჟის 81.32% ანუ 30:37:45 საათი ნეიტრალური ტონით იყო გაშუქებული, 2:50:27- დადებითად, 4:11:36 კი - უარყოფითად. 


თოქშოუები

„პირველი არხის“ წინასაარჩევნო შიდა მონიტორინგის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდისთვის შექმნილი გადაცემის - „არჩევნები 2024’’ ფორმატით 17-მა საარჩევნო სუბიექტმა ისარგებლა და მათ დრო თანაბრად, თითოეულს 15 წუთი, დაეთმო. 

„ოთხ კვალიფიციურ სარჩევნო სუბიექტს შორის პოლიტიკური დებატები მაყურებელმა 21 ოქტომბერს იხილა, ორმა საარჩევნო სუბიექტმა „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია გირჩი, დროამ’’ და „ერთიანობა- ნაციონალურმა მოძრაობამ’’ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს“.

საქართველოს რადიოში კი 28 სექტებრიდან 25 ოქტომბრამდე საარჩევნო სუბიექტები გაშუქდნენ გადაცემებში „რეალური სივრცე’’ და „ღია სტუდია“.

საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქების თვისებრივი  კვლევის ანგარიშები გამოაქვეყნა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“, რომლის მიხედვითაც, „პირველი არხი“ ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ „პირველი  არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასააჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ  მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას „მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა. 

„“მოამბემ”  მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ახალი ამბებისა და ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები ვრცლად იხილეთ აქ:

 
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება, მაუწყებლის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და მისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულებისთვის კი მენეჯმენტის შეცვლაა აუცილებელი. 

ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმებული სტუმრები გადაცემაში ყოველდღიურად მიიწვიოს და მათ დაახლოებით 1 ან 2 საათი დაუთმოს, არასაკმარისია და ვერ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს. 

„ამ გადაცემებზე დაკვირვებაც აშკარად ცხადყოფს, რომ წამყვანები ავლენენ მიკერძოებას და შესაბამისად, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს და არ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე წლებია მუშაობს, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული მედია ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას, ტირაჟირებს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას და ვერ ასრულებს მის კონსტიტუციურ ფუნქციას, შექმნას პოლიტიკურად ნეიტრალური, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პლურალისტური მედია შინაარსი და სამუშაო გარემო ორგანიზაციის შიგნით. 

„სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას.

წლების განმავლობაში, ტელევიზიის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ინიშნებიან[3] და  ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მუშაობენ, რაც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება“.

ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“  მონიტორინგის ანგარიშსაც იშველიებს და წერს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი მოჩვენებითად ცდილობს დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, სინამდვილეში კი იგი ვერ ახერხებს მაყურებელს შესთავაზოს იმგვარი ფორმატი, სადაც სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნება განხილული პარტიების ხედვები, რაც მაყურებელს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. საგანგაშოა, რომ გადაცემების მსვლელობისას ცალსახად  იგრძნობა წამყვანების მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინტერვიუირებისას მაუწყებლის ჟურნალისტები განზრახ ირგებენ პასიურ როლს, თავს იკავებენ კრიტიკული შეკითხვების გაჟღერებისგან. ხელისუფლების წევრებს მოწვევის დროს ჟურნალისტები მათ საშუალებას აძლევენ, ისაუბრონ მმართველი ძალის პოზიტიურ დღის წესრიგზე და არა კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც, შეიძლება, მოსახლეობას აწუხებდეს. მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპთან ერთად, საზოგადოებრივი  მაუწყებელი უხეშად უგულებელყოფს მისსავე დასახულ პროგრამულ პრიორიტეტებსაც, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციას“. 

SJC-ის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქება ნაკლოვანი და მიკერძოებული იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების ფონზეც.

„მაგალითად, 2024 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.  ევროკავშირის მთავარ ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას პირდაპირი ეთერი არ დაუთმო“.

ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი ხშირად ავრცელებს ევროსკეპტიკურ განწყობებს და განცხადებებს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ამჟამად  პოდკასტების სერიას უძღვება, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო და რომ, საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაუწყებელი არღვევს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმის ასახვის მოთხოვნასაც. 

„მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და საპროტესტო აქციებს სახელისუფლებო პრიზმიდან აშუქებდა. აღნიშნული საკითხის განხილვისას, მაუწყებელში მოწვეულნი იყვნენ, არა ის ორგანიზაციები, რომლებიც რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების უშუალო სამიზნე გახდნენ, არამედ  ის პირები, რომლებიც თავიანთი ნარატივით აძლიერებდნენ სახელისუფლებო პროპაგანდას და წამყვან, გიორგი გვიმრაძესთან ერთად, აძლიერებდნენ სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზებასა და აგენტად მონიშვნის მავნე პრაქტიკას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს არ გააჩნია მის მიერვე განსაზღვრული მაუწყებლობის პრიორიტეტების შემდგომი იმპლემენტაციის შეფასების ეფექტური მექანიზმი, რის გამოც, რეაგირების გარეშე რჩება მაუწყებლის მიერ დასახული ამოცანებისა და საბაზისო პრინციპების  სისტემური დარღვევის შემთხვევები და სარედაქციო პოლიტიკის ორგანულ ნაწილად იქცევა.

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ასევე ითხოვს მაუწყებლის მენეჯმენტისგან,  რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ- პოლიტიკური მსჯელობისთვის, თუმცა, არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან“.

SJC-ის განცხადებით, მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოსა და ნდობის კრიზისის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებდეს და მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად ასახავდეს. „თუმცა არსებულ კრიზისზე მენეჯმენტის რეაგირების ფორმები და რეზისტენტულობა აჩვენებს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დემოკრატიზება და საზოგადოებრივი ინტერესების დაბრუნება მის მუშაობაში, რადიკალური დემოკრატიული ცვლილებების გარეშე შეუძლებელია“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი გადადგეს და ის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს დაუბრუნდეს. 

„ეს ცვლილება არსებითია მაუწყებლის საქმიანობის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებისთვის და ასევე კრიზისის დაძლევისა და დეპოლარიზებაზე მიმართული პროცესის ხელშეწყობისთვის“.

მენეჯმენტის ცვლილება უკვე მოითხოვა სხვა 10-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ.

დღის სატელევიზიო ეთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას ითხოვს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილიც.

 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 

აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღესაც. დღის ეთერის გახსნამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან სახალხო ეთერი დღეიდან ყოველდღე მოეწყობა. დღეს კი პროტესტი ტყიბულელ მეშახტეებს უმასპინძლებს.

 
კატეგორია - საქართველო


მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ვიზიტორთა შეზღუდვას გულისხმობს. 

ინაუგურაციის გაშუქების მსურველ მედიასაშუალებებს კი სპეციალური აკრედიტაცია დასჭირდებათ. პარლამენტის განცხადებით, ერთ მედიასაშუალებაზე არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია გაიცემა და მათ პარლამენტის შენობაში მოწყობილი მედიასივრციდან ექნებათ საშუალება, „თვალი ადევნონ ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპოდენტები“. 

„საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას ინაუგურაციის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირებისთვის“.

ერთჯერადი აკრედიტაციის მისაღებად სპეციალური განაცხადის შევსება მედიას 26 დეკემბრის 18:00 სთ-მდე შეეძლება. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და, დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდება. 

მედიას პარლამენტისგან სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის გასაშუქებლადაც. 

უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ 25 ნოემბრიდანაც. ისინი პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. 

ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

 

კატეგორია - საქართველო


„მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ გუშინ, 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, დაარეგისტრიროს ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე „მთავარი არხის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე მოითხოვს. 

„კერძოდ 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ გადმოუგზავნა მისი კუთვნილი ელექტრონული ფოსტიდან მის მიერ დაწერილი განცხადება გენერალური დირექტორის თნამდებობის დატოვების შესახებ, დამფუძნებლებს და დირექტორს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ სამეწარმეო რეესტრში შეიტანოთ ცვლილება,“ - ვკითხულობთ გიორგი ქურდაძის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დირექტორის ამ განცხადებას თან ახლავს 29 ნოემბერს გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილიც, რომელშიც ვკითხულობთ რომ კომპანია, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული ხელოვნურად შექმნილი სამენეჯმენტო კრიზისის მიზეზით, რომლის მთავარი შემოქმედიც ზაზა ოქუაშვილის მიერ წარდგენილი დირექტორი, გოგი ქურდაძეა.

„გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე (რომელთა მტკიცებულებებიც მას არ აქვს და ვერც ექნება, ვინაიდან მის მიერ არაერთ მეილში, საჯარო წერილსა თუ ეროვნულ ბანკში შეტანილ საჩივარში გაჟღერებული კანონდარღვევები აგრეთვე გამოგონილია) მან დაბლოკა არხის ფინანსური ოპერაციები, რის შესაძლებლობასაც მას დამფუძნებლების მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება აძლევს“. 

გიორგი გაბუნია წერს, რომ არხს ქურდაძისგან დაბლოკილი აქვს არსებობისთვის საჭირო ყველა ფინანსური წყარო, რაც, საბოლოოდ, კომპანიას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს, ამ დროს კი ის, ახალი წესდებით, სრულად პარალიზებულია და ვერაფერს ვეღარ ცვლის. როგორც გაბუნია წერს, ის 2 დეკემბერს აპირებს გაფართოებული შეხვედრის გამართვას მენეჯმენტთან და გუნდთან, შემდეგ კი, „უკვე უსარგებლოდ ქცეული“ თანამდებობის დატოვების შესახებ იუსტიციის სახლსაც მიმართავს. 

„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ და გადამწყვეტ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ არხი მთლიანად კონცენტრირებული იყოს მოვლენების გაშუქებასა და საფრთხეში მოქცეული პროევროპული მაყურებლისთვის ეფექტურად მუშაობაზე, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და მის მიერ შერჩეული დირექტორი შიდა პრობლემების შექმნით არიან დაკავებული და წამყვანი კრიტიკული ტელევიზია თავიანთი ქმედებებით დახურვამდე მიჰყავთ, რაც მხოლოდ „რუსული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ინტერესების სამსახურშია“.

გიორგი გაბუნია წერს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც არხის ერთადერთ მმართველად გოგი ქურდაძე დარჩება, კომპანიის წარმატება-წარუმატებლობაზე ან საერთოდ არსებობაზე, პასუხისმგებლობა მთლიანად მას და ზაზა ოქუაშვილს დაეკისრებათ.

„ამასთანავე, მე, როგორც „მთავარი არხის“ ლოგოს შემქმნელი და სახელის თანაავტორი და, შესაბამისად, თანამფლობელი, ვიტოვებ უფლებას, ნებისმიერ დროს ავუკრძალო კომპანიას მათი გამოყენება, თუ ჩავთვლი, რომ ახალი მენეჯმენტი ქვეყნისა და საზოგადოების ან თუნდაც თავად „მთავარი არხის“ გუნდის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევა“.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს, 21:00-საათიანი „მთავარის“ პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი„“.

გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე ოქუაშვილის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, რომელთანაც ოქუაშვილს „მძიმე სამართლებრივი დავა აქვს“, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - „სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება“. გაბუნიამ ტელეკომპანიის დირექტორს, გოგი ქურდაძეს კი „ოქუაშვილის დავალებების მორჩილი შემსრულებელი უწოდა“. 

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ არხი იბრძოლებს და ეთერში დარჩება მანამ, სანამ შეძლებენ:

„ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი ზაზა ოქუაშვილის სახით ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისა და ქართველი ხალხისთვის. მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!“

აღსანიშნავია, რომ 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ზაზა ოქუაშვილი წერს, რომ უცილებელია გიორგი გაბუნიამ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვოს და ვაკანტურ ადგილას „მთავარი არხის“ თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი დაინიშნოს.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. 2020 წლის მაისში ტელეკომპანიის 39,2% -იანი წილის მფლობელი ლონდონში რეგისტრირებული BGIM ltd-ია გახდა, რომლის დამფუძნებელიც ზაზა ოქუაშვილია.  BGIM ltd-ი მართავს „შპს ომეგა მოტორს 2“-ის, „მაგული ხარებავასა“ და „ომეგა მოტორ ჯგუფის“ 0,2 პროცენტიან წილებსაც.

ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიცია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და აპრილში ტელეკომპანიის 12 %-იანი წილი, მეუღლეს, სოფიო ლილუაშვილს გადაუფორმა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2 ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. ახალიამ თანამდებობა 2024 წლის ოქტომბერში დატოვა.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აქტივისტ და ჟურნალისტ ელისო ჯანაშიაზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას გმობს და მას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულება სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ, სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალადობის დამკვიდრების შემაშფოთებელ ტენდენციას კრიტიკული აზრის მქონე, დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი მოქალაქეების მიმართ.

ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ. გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, თუ როგორ ხორციელდებოდა ძალადობა.

აღნიშნული შემთხვევა არ არის იზოლირებული ფაქტი. ის წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული ტერორისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს. დამნაშავეთა დაუსჯელობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალი ძალადობრივი აქტებისთვის“.

კოალიციის განცხადებით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია და დამოუკიდებელი ხმების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის მცდელობები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. 

ელისო ჯანაშიას ფოთში თავს გუშინ დაესხნენ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალი.

 
კატეგორია - საქართველო


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ათობით თანამშრომელი დღის ეთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას კვლავ ითხოვს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილის თქმით, მზად არიან, ამ სატელევიზიო ფორმატებისა და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად იმუშაონ. თუმცა, როგორც ისინი აღნიშნავენ, პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მიიღეს. 

„ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.

სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.

სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ“, - ვკითხულობთ მათ ერთობლივ განცხადებაში.  

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი 20 დეკემბერს თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ოფიციალური წერილში წუხილს გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში არხს „ხშირად უწევს თავისი, როგორც ევროპული ინსტიტუტის არსის შეხსენება ან/და განმარტება, მათ შორის, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის“. 

თინათინ ბერძენიშვილი წერს, „კიდევ ერთხელ იძულებული ვართ განვმარტოთ“, რომ არხი „ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით ეპყრობა ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ამათუიმ გადაცემაში გაჟღერებულ თემატიკასთან, ასევე, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე თავის გადაცემებში ბალანსის დაცვას და გადაცემებში გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას“.

როგორც ბერძენიშვილი წერს, „სამწუხარო და არანაკლებ საყურადღებო ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს - ახალი შენობის მშენებლობას, განცხადების ავტორები უწოდებთ „საბაბს“, რომლითაც „გადაცემების ნაწილი გაჩერებულია““.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი წერილში ვრცლად საუბრობს არხის ახალ შენობაში გადასვლის პროცესზე და ამბობს, რომ „სექტემბრის თვიდან რამოდენიმე გადაცემის საქართველოს რადიოს ეთერში გადასვლა სწორედ ამ პროცესებით იყო განპირობებული“, მოცემულობა კი ამ გადაცემების ყველა თანამშრომელმა გაიზიარა, „რაც ასევე დასტურდება ხელმოწერილი შეთანხმებებით და გადაცემების რადიოეთერებით“.

თინათინ ბერძენიშვილი წერს, რომ მაუწყებელი მეორე კვირაა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და „ეთერში ასახავს ყველა იმ მოვლენას, ყველა საპროტესტო აქციის, მარშის და მსვლელობის ჩათვლით, რაც მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში“.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული აქციის მონაწილეები იყენებენ ფრაზას „მოპოვებული ეთერი“, რასაც იმეორებენ განცხადების ავტორები, აღნიშნულს კატეგორიულად არ ვიზიარებთ და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის უზრუნველყოფდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების განსხვავებული მოსაზრებები გაჟღერებულიყო მაუწყებლის ეთერიდან“. 

ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ „საგანგებო რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილება - საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, კვლავ მუშაობის საგანგებო რეჟიმის პირობებში გაგრძელდა მაუწყებლის მიერ განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარდგენილი პირების მონაწილეობით. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. ამ დროს მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული, დაცული და უზრუნველყოფილი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და მასზე ნებისმიერი სახის ზეწოლის დაუშვებლობა, რაც კონსტიტუციით და კანონით არის გარანტირებული და დაცული“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ოფიციალურ წერილს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა მისი ერთ-ერთი ადრესატი, ტუხა კვინიკაძე. როგორც ტელეკომპანიის თანამშრომელი წერს, შენობის შეცვლა საბაბია, რადგან „თუ ნება არის, მაგ პროცესის პარალელურად, სრულიად შესაძლებელია მაუწყებლობაც“.

„არ ვიცი ხალხის ხმა ტელევიზიის კიბეებიდან მაქეთ როგორ ისმის, ამიტომ დაგიზუსტებთ: არავინ ითხოვს პირველი არხისგან ვიზუალურად გაპრიალებულ ეთერს, რეალობიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არც განათების სიზუსტეს და უნაკლობას აქვს, ამ შემთხვევაში, ჩრდილი როგორ დაეცემა რესპონდენტს სახეზე; არც იმას, უბრალოდ ბანერი ექნება ფონად ვინმეს თუ ძვირადღირებული დეკორაცია. მხოლოდ ის უნდათ, რომ მათი ხმა ისმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სათქმელი კი უამრავ ადამიანს აქვს. სამსჯელო კიდევ უფრო მეტია“.

აღსანიშნავია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილის მიერ არხის ძველ შენობასთან გამართული პრესკონფერენცია ტელევიზიას პირდაპირ ეთერში არ გაუშუქებია, ამ დროს, 13:00 საათი, ეთერში დოკუმენტური ფილმი - „ნანოსამყაროს საიდუმლოებანი“ გადიოდა. 

ტელევიზიის 80-მდე თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება დეკემბრის დასაწყისშიც გაავრცელა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 

დღეს, 19:00 საათზე ტელევიზიის ძველ შენობასთან დაგეგმილია მორიგი აქციაც.

თინათინ ბერძენიშვილის წერილი იხილეთ სრულად: