საქართველო
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და  მედიის პროფესიულ სტანდარტებზე საკანონმდებლო ზედამხედველობის დაწესებას არ ეთანხმება.

ქარტიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას მედიის თვითრეგულირების არსებული მექანიზმების სისუსტითა და არაეფექტურობით ასაბუთებენ. დაინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი,  პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკვანძო საკითხებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარეგულირებს. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.  ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით“. 

„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად აინიიცირებს . 

ქარტიის თქმით, შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს. ხოლო,  ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიულ სტანდარტად წარმოადგენს.

ასევე, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას ართმევს.

„შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ“. 

ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს. 

ვრცლად, რა წერია და როგორ აფასებენ მედიის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, იხილეთ „მედიაჩეკერის მასალა - „იერიში კრიტიკულ მედიაზე“- რა ცვლილებებს იღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნება“

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვიის ფაქტებს ეხმიენება და „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან მესხიძისა და TOK-TV-ის ჟურნალისტების, მიხეილ დარბაიძისა და ინგა ირიციანის წინააღმდეგ მორიგ უკანონო ხელშეშლისა და დისკრედიტაციის შემთხვევებს გმობს

კოალიციის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ ორგანიზებული პირები სისტემატურად ცდილობენ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას და მედიის დისკრედიტაციას.

„“ქართული ოცნების” პირობებში მედია უმძიმესი ზეწოლისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. რეჟიმი ორგანიზებას უწევს მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს, ემუქრება, უკანონოდ აჯარიმებს და თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში გამომცემლობა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ტოტალური დაუსჯელობა ფონზე მედიაზე თავდასხმაში მონაწილე არც ერთი პირი არ გამოვლენილა და პასუხისგებაში არ მიეცა“. 

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, არსებული გარემოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ყოველდღიური ბრძოლაა. ხოლო, თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია, და მასზე თავდასხმა პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე. 

27 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავის ჩამონგრევის გაშუქებისას „აჭარა თაიმსის“ რედაქტორ სულხან მესძიხეს უცნობი პირი პროფესიულ საქმიანობაში უშლიდა ხელს და მის გაძევებას ცდილობდა.

27 თებერვალსვე ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“  მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.  

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, 27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“  მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.  

ქარტია ირაკლი ლაზარაშვილს შეახსენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობა ავალდებულებს, ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მედიასთან და უპასუხოს მათ საზოგადოებრივი ინტერესით ნაკარნახებ კითხვებს.  

„ახალციხის მერის რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ იმ უარყოფითი დამოკიდებულების მანიფესტაციაა, რომლის კულტივირებასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე წლებია, ეწევიან. კრიტიკული მედიის მონიშვნა „პრობლემად“ მწვანე შუქს უნთებს საჯარო სამსახურის მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ უპატივცემულობა და ეუხეშონ მათ“. 

ქარტიის თქმით, 27 თებერვალს, უცნობი პირი შეეცადა, მუშაობაში ხელი შეეშალა „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან მესხიძისთვისაც, რომელიც ბათუმში, დასახლება „ოცნების ქალაქში“, კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას  პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძის მიმართ აგრესია გამოიჩინეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა“. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“  განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების დამცირებისა და მათი როლის დაკნინების მცდელობები ძალადობას ახალისებს და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს საფრთხის შემცველად აქცევს.  



კატეგორია - საქართველო


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე, სხვა კანონპროექტებთან ერთად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებიც დააინიიცირა. სხვადასხვა კანონპროექტით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლების შეზღუდვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს. 


მაუწყებლისთვის „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების აკრძალვა 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ერთი პროექტით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალებათ. 

აკრძალვა არ შეეხება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას. 

აკრძალული იქნება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

კანონის პროექტის მიხედვით, „უცხოურ ძალად“ ჩაითვლება:


ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; 

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; 

გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; 

დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.  


თვითრეგულირების საკითხების კანონით დარეგულირება, კომუნიკაციების კომისიის როლის ზრდა და ჯარიმები

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მეორე პროექტით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ეძლევა.

ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. მოქმედი კანონით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის იმ მუხლებს შეეხება, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 

მაგალითად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის ახალი რედაქციით, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება:

  • დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. 
  • საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლის დამატებით კი, მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა ჰქონდეს, „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით“. 

თანხმობის მიღება, როგორც უფლებამოსილი პირის, ისე ადგილზე იმ მყოფი პირებისაგან, რომელთა გადაღებაც ხდება, სავალდებულო იქნება მაგალითად, სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად.  

„სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია“. 

საკანონმდებლო ცვლილებებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს დაემატება 54(2) მუხლიც, რომელიც მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემას შეეხება:

  • ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია. 
  • მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამ მუხლებით [52, 54, 54(1) , 54(2) , 55(2) , 55(3) , 56, 56(1) , 56(2) , 56(4)] გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის გარდა კომისიის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას“. 


იერიში კრიტიკულ მედიაზე

„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის შეფასებით, ამ ცვლილებების მიზანი კრიტიკულ მედიაზე იერიშის მიტანაა.

„ჩვენ გვიჩნდება აღქმა, რომ ამ კონკრეტული ცვლილებების მიზანი არის, ამ შემთხვევაში კრიტიკულ მედიაზე იერიშის მიტანა. რატომ? იმიტომ, რომ აქ არის ორი აღმასრულებელი რგოლი, რომელიც იმყოფება ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ. პირველი - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და არაერთხელ დავრწმუნდით ჩვენ, რომ ამ ორგანოს ხელისუფლება იყენებს როგორც რეპრესიულ მანქანას ტელევიზიების წინააღმდეგ და მეორე - ესაა სასამართლო. 

ფურცელზე შესაძლოა ნებისმიერი სტანდარტი და ნებისმიერი კანონი იყოს იდეალური, მაგრამ მთავარი პრობლემა ყოველთვის ჩნდება, აღსრულების ნაწილში როგორ გამოიყენებენ. სწორედ აქ ვხედავ მე მთავარ პრობლემას, რომ აღსრულების ნაწილში ეს იქნება ხელისუფლების ტაბელური იარაღი, რომლითაც განახორციელებს საკონტროლო გასროლას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, რაც თვითრეგულირების მექანიზმით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და განსახილველი, ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე გადადის.

„შესაბამისად, გამოდის, რომ უკვე, უშუალოდ სარედაქციო მასალების შინაარსობრივი ნაწილის განხილვაში შედის მარეგულირებელი კომისია და უკვე არა ქცევის კოდექსის, არამედ კანონმდებლობის საფუძველზე დაეკისრება მაუწყებელს პასუხისმგებლობა. ეს საფრთხეს წარმოადგენს თავად მარეგულირებელი კომისიის ფუნქციისა და მიკერძოებულობიდან გამომდინარე.

გასაგებია, რომ ე.წ. ხელისუფლების მცდელობა, გაზარდოს წნეხი მაუწყებლებზე ემსახურება იმას, რომ „დაარღვევინოს“ კანონი და შესაბამისად, პოტენციურად საფრთხე შეუქმნას მედიების მაუწყებლობის უფლებას ან/და იმგვარად მოხდეს ჩარევა, რომ საზოგადოებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს კრიტიკული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. 

პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტა მოხდება სწორედ სელექციურად, შერჩევითად. გამოყენებული იქნება სადამსჯელო ღონისძიებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, თუმცა სახელისუფლებო მედიების წინააღმდეგ იქნება მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილებები. ამიტომ ეს ცალსახად მიუთითებს „ქართული ოცნების“ მცდელობაზე, საბოლოოდ გამოუთხაროს  ძირი თავისუფალ მედიას“.

სოციალური რეკლამის გაყიდვის აკრძალვაზე ამახვილებს ყურადღებას „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი. 

„ეს არის გვირგვინი იმის, რასაც „ქართული ოცნება“ 2015 წლიდან აკეთებს. კერძოდ, ის ყოველწლიურად ცვლის კანონს ისე, რომ მაუწყებელს შემოსავალი შეუმცირდეს…ახლა უკვე ამ კანონით ერთ-ერთ ინვენტარს, სოციალურ რეკლამებს უუქმებს ყველას…ეს, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ, რომლებსაც რაღაც ტიპის შემოსავლები ჰქონდათ და პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს.

ამ კანონის მიხედვით, ერთი ინვენტარი სრულად გაგვიუქმეს და გვითხრეს, რომ არა თუ ფინანსური კოოპერაცია არ შეიძლება „უცხოურ ძალასთან“, არამედ არ შეიძლება რაიმე ტიპის ურთიერთობაც. ეს არ არის მხოლოდ ფულთან დაკავშირებული ურთიერთობები. ეს შეიძლება იყო „ფროდაქშენის“ ნაწილიც. 

მათი შიშები უკავშირდება რეგიონში ძალაუფლების განმტკიცებას, იმიტომ რომ მანდ შეინარჩუნეს ასე თუ ისე თავისი თავი და ეშინიათ, იქ წმინდა სიტყვა ვინმემ უშიშრად არ მოჰფინოს ხალხში და ეს წმინდა სიტყვა უნდა მოკვდეს…მათ რეგიონული მაუწყებლები ყოველთვე ვაწვდით ინფორმაციას, საიდან გვაქვს შემოსავალი და ვისთან გვაქვს კოოპერაცია.

ეს ყველაფერი იციან. ესე ლამაზად დასხდნენ, გაშალეს ეს ყველაფერი, რუკა დაიდეს წინ და დახურეს ეს ნაწილი. თქვეს, რომ ახლა ეთერი უნდა გაგინადგურო, შემოსავლები უნდა გაგიქრო და შენ თუ გინდა, რომ ფინანსური შემოსავალი გქონდეს, ერთადერთი გზა დატოვეს, ეს არის მთავრობის ფული, რომელიც აქამდე ისედაც შეზღუდული გვქონდა, ვინაიდან, როცა აცხადებდნენ კონსოლიდირებულ ტენდერებს, პირდაპირ ეწერა, რომ რეგიონული ტელევიზია მონაწილეობას ვერ მიიღებდა”.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორისთვის შემოთავაზებული ცვლილებების ერთადერთი მიზანი წინააღმდეგობის ინფრასტრუქტურის განადგურება და საინფორმაციო ველის მოსუფთავებაა, რათა მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განსხვავებული აზრის გამოხატვითა და კრიტიკული შეკითხვებით „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს აღარ უქმნიდნენ.

გარდა ამისა, როგორც ლია ჩახუნაშვილი ამბობს: „შემოთავაზებული ცვლილებებით ის საკითხები, რაც ადრე თვითრეგულირების საგანი იყო, და სექტორში თვითრეფლექსიას უწყობდა ხელს, გადადის რეგულირებაში, სადაც არბიტრად, რომელსაც სანქციების დაწესების მანდატი აქვს, გვევლინება კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ეს არის მარეგულირებელი, რომელსაც არ აქვს ყველაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუციის რეპუტაცია, რომელთანაც მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრი საფუძვლიანი პრეტენზია აქვთ.

კომისია შეუდგება შინაარსობრივი საკითხების რეგულირებას, რაც, ჩვენს პოლიტიკურ კონტექსტში, ცენზურის საფრთხეს წარმოქმნის. ახალი წესები უკიდურესად ზღუდავს ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობებს და ძალიან ურთულებს სამუშაოს გამომძიებელ ჟურნალისტებს. შედეგად დაზარალდება საზოგადოება, რომელსაც აღარ ექნება ინფორმაცია კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ, და ბევრი სხვა ისეთი საკითხის შესახებ, რაც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას მოქალაქეების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე“. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კიდევ უფრო დაამძიმებს კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში. მათი მთავარი მიზანია:

  • დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს. პირველ რიგში, ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე; 
  • მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები;
  • შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.
კატეგორია - საქართველო

ფოტო : მინდია გაბაძე


თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკის“ იმ რეპორტიორის ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დააკავეს და სცემეს, 25 თებერვალს იმსჯელა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება კი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 17 მარტამდე გადადო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს 12 თებერვალს მიმართა. უწყება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

„პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა. 

გასული წლის იმავე ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება ევალება, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ქეშელაშვილს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს, თუმცა ამ დრომდე დასჯილი არავინ არ არის.

რა წერია ქეშელაშვილის დაკავების ოქმში და რა თქვეს ბრალდების მხარის მოწმეებმა

ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, „2024 წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისში პარლამენტის მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ალექსანდრე ქეშელაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ. არღვევდა პოლიციის კორდონს და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რის გამოც დაკავდა ადმინისტრაციული წესით“.

25 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, ოქმში აღწერილი გარემოება ბრალდების მხარის მიერ პროცესზე გამოძახებულმა მოწმე პოლიციელებმა: თამაზ თავაძემ და გიგი ბობოხიძემ გაიმეორეს.

ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავების ოქმის შემდგენი და ამავდროულად, მოწმე პოლიციელის, თამაზ თავაძის თქმით, „პუბლიკას“ რეპორტიორი იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, რაც „[საპატრულო პოლიციის] კორდონის წინ მასობრივი შეძახილების დროს აყოლაში“ გამოიხატებოდა. როგორც თავაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მასსა და კორდონს შორის აქციის მონაწილეების რამდენიმე რიგი იდგა, მან მასობრივ შეძახილებში ქეშელაშვილის ხმა გაარჩია და მის სახეს, პერიოდულობით, გარკვევით ხედავდა.

ჟურნალისტის ერთ-ერთი ადვოკატის, მარიამ პატარიძის კითხვის - „პერიოდულად როცა ხედავდით ალექსანდრეს, მაშინ თუ შენიშნეთ, რომ მას ჰქონდა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი“ საპასუხოდ, თავაძემ თქვა: „არ დავკვირვებივარ მაგას, უბრალოდ მახსოვს, რომ სახეს ხშირად ვხედავდი“. 

იმავე შინაარსის ისტორია მოჰყვა მეორე მოწმე პოლიციელმაც, გიგი ბობოხიძემ: „დაახლოებით ვიდექი, სადაც კორდონი იყო პოლიციის გაკეთებული, მარცხენა კუთხეში, დაახლოებით კედელთან, სადაც დაიწყო აქციის მონაწილეების მხრიდან კვერცხების დაშენა, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა და უმისამართოდ ლანძღვა-გინება, სადაც ბატონი ალექსანდრე იმყოფებოდა წინა მხარეს. ისინი, ცდილობდნენ კორდონის გარღვევას… პოლიცია წინ იდგა, სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც არაერთხელ მოუწოდეს მათ, უკან დაეხიათ“.

ბობოხიძემ აღნიშნა ისიც, რომ ხალხი როგორც იგინებოდა, ქეშელაშვილიც „ისე ჰყვებოდა“ და ჟურნალისტის ხმაც და პირის მოძრაობაც კარგად ჩანდა. 

მოსამართლის კითხვაზე, დაახლოებით რამდენი ხნის მანძილზე ხედავდა ქეშელაშვილს, ბობოხიძემ უპასუხა, რომ დაახლოებით 10 წუთის მანძილზე ხედავდა და  „ვინაიდან ჟურნალისტია, ყოველთვის წინა მხარეს ცდილობდა, რომ ყოფილიყო“. 

ნინო ენუქიძის დამაზუსტებელ შეკითხვაზე კი, თუ საიდან იცოდა, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო, მოწმე პოლიციელმა უპასუხა: „ვინაიდან აქციებზე ხშირად ვარ და ჟურნალისტების სახეები მარტივი ისაა… თუმცა, იმ პერიოდში არა, მერე რომ გავიგე, იქიდან გამომდინარე გეუბნებით. იმ მომენტში, ზუსტად ყველა პიროვნება არ იყო ისეთი აღქმადი, ვინაიდან სიბნელე იყო, აღქმადი არ იყო კარგად, ჟურნალისტი იყო თუ არა“. თამაზ თავაძის განმარტებით კი, ალექსანდრე ქეშელაშვილი ჟურნალისტი რომ იყო და აქციას აშუქებდა, არაფერმა მიანიშნა. 

ბრალდების მხარის მეორე მოწმემ, გიგი ბობოხიძემ, აღნიშნა ისიც, რომ ხედავდა, ქეშელაშვილი კორდონს რომ არღვევდა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი ფიზიკური შებოჭვა (დაკავება) რომ დაიწყეს, ეს ვეღარ დაინახა.

„შეიძლება სხვას ვაკვირდებოდი. იმ მომენტში სხვადასხვა პიროვნებებს ვაქცევდი უფრო ყურადღებას… მაგ შემთხვევაში ჩემი თვალთახედვის არეში არ ყოფილა. არ მიმიქცევია იმ მომენტში ყურადღება, როცა ის გამოაცილეს აქტივისტებს“.

ერთმანეთს არ დაემთხვა სამხრე კამერებთან დაკავშირებით, შსს-ს განმარტება და პოლიციელების მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებებიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის ვიდეო მტკიცებულებები არ წარუდგენია. უწყების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავების მომენტში სამხრე კამერები დამჯდარი იყო. მოწმე პოლიციელებმა კი მოსამართლეს განუცხადეს, რომ ჟურნალისტის დაკავების დროს კამერები არ ეკეთათ.

„სამხრე კამერები არ მეკეთა, იმიტომ რომ ანუ ყოველთვის ესეთი ჯიკაობა რადგან გვიწევდა, რისკია ხოლმე იმის, რომ ან დავკარგოთ, ან რაღაც“, - თქვა ბობოხიძემ. 

ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა შსს-ს მოწმეების ნათქვამი და ჟურნალისტის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალექსანდრე ქეშელაშვილის ეკიპირებასთან დაკავშირებითაც. 

ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა, თამაზ თავაძემ თქვა, რომ არ ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა ჟურნალისტი, თუმცა აღნიშნა, რომ წვერი ჰქონდა. ბრალდების მხარის მეორე მოწმემ, გიგი ბობოხიძემ კი თქვა, რომ ტუჩების მოძრაობით მიხვდა, „პუბლიკის“ რეპორტიორი რომ იგინებოდა. 

ალექსანდრე ქეშელაშვილის დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებში კი ნათლად ჩანს, რომ „პუბლიკის“ რეპორტიორს დაკავების მომენტში პრესის ბარათთან და მხრებზე გადაკიდებულ კამერებთან ერთად, ჩაფხუტი და აირწინაღი უკეთია და სახე არ უჩანს.  

იმის საჩვენებლად, რომ აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტის ხმის გაგება შეუძლებელი იქნებოდა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე აირწინაღი მოირგო და ლაპარაკი ისე დაიწყო. აღჭურვილობის გამო საუბრის შინაარსის გაგება სასამართლოს დარბაზში მსხდომებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. 

„ვიდეო მტკიცებულებაშიც ჩანდა, რომ იქ ხმაური იყო და შესაბამისად, ის რომ ვინმე გაიგონებდა ან აირწინაღის ქვეშ დაინახავდა რაიმეს, არ შეესაბამება სიმართლეს…ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მე ვიყავი მსხვერპლი. მე არა მარტო ხელი შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რომელსაც იქ ისე, გვერდიდან, წყნარად, მშვიდად ვაშუქებდი, არამედ მცემეს, რის გამოც დამჭირდა ცხვირის ოპერაცია. დღემდე მაქვს სუნთქვის საკმაოდ სერიოზული პრობლემები და კიდევ მჭირდება ერთი ოპერაცია. შესაბამისად, მომავალშიც, კიდევ ერთხელ შემეშლება ხელი პროფესიულ საქმიანობაში, რადგან მომიწევს გარკვეული პერიოდით ჩემს პროფესიულ საქმიანობას ჩამოვშორდე. 

ასევე, გამძარცვეს, კამერები დღემდე გამქრალია და შსს უარს ამბობს მათ მოძიებაზე… მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ იმ ღამეს 25-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათ შორის იყო გურამ როგავა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ბევრ ჟურნალისტს წაართვეს ტექნიკა, ბევრი დაზარალდა. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ ეს იყო სისტემური დავალება. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ და ხელი შეუშალეს, თუმცა ჩემი საქმე, ამ ყველაფრის მიუხედავად,  არ ვფიქრობ, რომ არის ყველაზე მძიმე, როცა უსაფუძვლო მუხლებით დაკავებულია მზია ამაღლობელი. როცა ის დღემდე ციხეშია, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, როგორ ისჯება დღეს მედია“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნიღბის მოხსნის შემდეგ.

დასკვნით სიტყვაში შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემა მოითხოვა. 

„პუბლიკის“ რეპორტიორის ერთ-ერთი ადვოკატის, ჯანო ჭკადუას თქმით, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმეების განხილვის დროს, პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. 

„აღმოჩნდა, რომ პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერზე ასახული ინფორმაცია არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ პოლიციელებმა გვითხრეს, ჩვენების მიცემის დროს, რომ თითქოს მათ დაინახეს, როგორ იგინებოდა [ალექსანდრე ქეშელაშვილი], ხმაც კი ესმოდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალობაში ქეშელაშვილს ეკეთა აირწინაღი, ჩაფხუტი და ხმას, რომელიც პოლიციელებმა თქვეს, ვერ გაიგებდნენ… ყველაზე მეტად, საინტერესო იყო ის, რომ პოლიციელებს, რომლებიც დღეს ჩვენ გამოვკითხეთ, არცერთს არ მიუღია გადაწყვეტილება ქეშელაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე. ანუ სასამართლოსთვის უცნობი დარჩა, ვინ გადაწყვიტა კონკრეტულ მომენტში, რომ ის ჩადიოდა სამართალდარღვევას და აუცილებელი იყო მისი დაკავება“.

ალექსანდრე ქეშელაშვილის მეორე ადვოკატის, მარიამ პატარიძის შეფასებით კი, ეს პროცესი იმით გამოირჩეოდა, რომ შსს-ს კარგად აპრობირებული შაბლონის გაჟღერება „არ გამოუვიდა“.

„შსს-ს წარმომადგენელი ამბობდა, რომ სასამართლო პროცესზე მოვისმენდით დამკავებელი პოლიციელის ჩვენებას. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე აღმოჩნდა, რომ დამკავებელი არ იყო დამკავებელი და ეს შსს-ს წარმომადგენელმა გამოასწორა იმით, რომ თითქოს ის იყო გადაწყვეტილების მიმღები. შესაბამისად, დამკავებელი პროცესის მიმდინარეობისას გახდა გადაწყვეტილების მიმღები და როდესაც უკვე მისგან მოვისმინეთ ინფორმაცია, მან თქვა, რომ არც დამკავებელი იყო, არც გადაწყვეტილების მიმღები და იყო უბრალოდ მოწმე…სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებდა იმას, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ მოუწიათ, რომ კანონის ფარგლებში მოექციათ ის დანაშაული, რაც ალექსანდრეს მიმართ მოხდა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10 თებერვალს სიტყვიერი შენიშვნა უკვე გამოუცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელიც პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავ. შსს სერგი ბარამიძესაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

 
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 159-ე დღეს კვლავ სტაბილურად მძიმეა. 

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2024 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობს. მან  2025 წლის 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე.

„10 თებერვლამდე ის არ იღებდა წყალს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, ჟურნალისტმარის კვლავ  დაიწყო  წყლის მიღება და პერიოდულად თანხმობას აცხადებს ორგანიზმისთვის საჭირო დანამატების მიღებაზე,  რომელიც მას გადასხმის მეშვეობით მიეწოდება“.

SJC-ის თქმით, მიუხედავად შიმშილობის რეჟიმის ცვლილებისა, აფგან სადიგოვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

„ორგანიზმს უკვე დიდი ხანია, არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, რის გამოც მას აღენიშნება ანემიის ნიშნები, რაც  სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის. ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს“.  

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, აფგან სადიგოვს აღენიშნება ასევე შენელებული გულისცემა, რის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს. ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

აფგან სადიგოვი, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეზე მეტია შიმშილობს, ექსტრადიციის რისკის წინაშე დგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. 

Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი გასული წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს პატიმრობა მეორედ, კიდევ 3 თვით 2025 წლის 31 იანვარს გაუხანგრძლივა. 

15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარიც, სადიგოვისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ აქვს აკრძალული. 

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელისთვის  დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 თებერვლას საჩივრით მიმართა.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შეეხება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდანარეობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავების პროცესი ძალადობრივი და უკანონო იყო, რადგან მას თან ახლდა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც მიღებული დაზიანებები სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება. 

„სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. 

დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 

მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში მზია ამაღლობელი დაზარალებულია. მას სამედიცინო ექსპერტიზა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ექსპერტმა დაკავების დღესვე ჩაუტარდა. ამ დასკვნის  მიხედვითაც, ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, რაც რაიმე მვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით იყო განვითარებული. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ორგანიზაციამ ამ მიზნით პროკურატურას არაერთხელ მიმართა, „თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი“. 

დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ამაღლობელს შესაძლებლობას მისცემს, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლოს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის შეცვლის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი დაცვის მხარის საჩივარი ორჯერვე დაუშებლად ცნო.

ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

 
კატეგორია - საქართველო



შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა დროს გამართული აქციების გაშუქებისას, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. 

მაგალითად, 17 თებერვალს, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ იმ 4 ჟურნალისტს ედავებიან, რომლებიც ამ დღეს პარლამენტთან აქციას აშუქებდნენ. 

დღეს, 21 თებერვალს, ისანი-სამგორის მეხუთე სამმართველოდან დაურეკეს და 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ შეატობინეს „TV პირველის“ ფოტოგრაფსა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ოპერატორ გიორგი მოსიაშვილს. 

როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას მოსიაშვილი აღნიშნავს, ის 17 თებერვალს პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ჯარიმის შესახებ შეატყობია, უთხრა, რომ გადაამოწმა და ის „არანაირ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა“.

„პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 5000 ლარით დამაჯარიმეს. მე ავუხსენი, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, კერძოდ, მაგ დღეს ფოტოებს ვიღებდი. სხვა დღეებში „ნოდარ მელაძის შაბათის“ ოპერატორი ვარ და გადაცემისთის ვმუშაობ. მკითხა, თქვენ ოპერატორი ხართ, ტელევიზიაში მუშაობთო? კი, „TV პირველში“ ვმუშაობ-მეთქი. კარგი, გადავამოწმებთო. რამდენიმე წუთში ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენ შევამოწმეთ კადრები და თქვენ არანაირ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდითო“. 

გიორგი მოსიაშვილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვის ბრალდებას უსამართლობასა და ტერორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჯარიმას გაასაჩივრებს.

„მე ამის დოკუმენტაცია მაქვს. ფოტოს „თეგები“, ფოტოს ციფრული ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს, რომ მაგ დღეს, 17 თებერვალს, 20:35 საათზე გადავიღე პირველი ფოტო, სანამ გზა გადაიკეტებოდა, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე და არა - სავალ ნაწილზე. რამდენიმე ფოტო მაქვს გადაღებული და ჩემს სოციალურ ქსელშიც მიდევს. როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოვიდა მარში, მაგ დროს გადაიკეტა გზა და ამ მოვლენის ფოტომასალაც მაქვს, რომელიც ჩემს ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებზეცაა განთავსებული. 

არ ვაპირებ, რომ შევეგუო 5000 ლარით დაჯარიმებას. აუცილებლად გავასაჩივრებ და ბოლომდე გავყვები ამას. ეს არის უსამართლობა და ტერორი. გადავიდნენ მედიასაშუალებების ფინანსურ ტერორზე“.

17 თებრვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავებიან „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს ნინო შუბითიძესა და ნინო წვერავასაც. წვერავას ისანი-სამგორის სამმართველოდან დღეს დაურეკეს, შუბითიძეს კი გუშინ, გვიან ღამით, დიღმის მთავარი სამმართველოდან, გაიოზ გაგნიძე დაუკავშირდა.

ნინო წვერავას თქმით, ის ადვოკატთან ერთად სამმართველოში ორშაბათს მივა, ოქმს ჩაიბარებს, შემდეგ კი, გაასაჩივრებს.

„ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, მეკეთა პრესის ბარათი, რაც ამარტივებდა ჩემს იდენტიფიცირებას, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ვმუშაობდი, თუმცა შსს-თვის ეს ფაქტი საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩემ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მაინც დაიწყეს. 

ვუთხარი გამომძიებელს, რომ წარვადგენდი დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებს, რომ ვარ ჟურნალისტი და იმ კონკრეტულ მომენტში, ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწეოდი და რუსთაველის გამზირზე ამ მიზნით ვიმყოფებოდი“.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტის შეფასებით, გზის გადაკეტვის ბრალდებით ჟურნალისტების დაჯარიმება არის მიზანმიმართული თავდასხმა და იერიში კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედაზე.

„ეს არის გაფრთხილება და შსს, ისევე როგორც სხვა უწყებები და ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი, ცდილობს, რომ ერთგვარი მსუსხავი ეფექტი შექმნას, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დარჩეს ამ პროფესიაში, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი გამოვიდეს აქციებზე და ამით, ის მუხტი, რაც ქვეყანაში არსებობს, ნელ-ნელა მინელდეს. მგონია, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ ესხმის რეჟიმი თავს დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას ამ ქვეყანაში“.

რაც შეეხება „სტუდია მონიტორის“ მეორე ჟურნალისტს, ნინო შუბითიძეს, რომელსაც გუშინ ღამით დაუკავშირდნენ და საჯარიმო ოქმის შესახებ აცნობეს, მას შემდეგ, რაც შუბითიძემ სამმართველოს თანამშრომელს განუმარტა, რომ ჟურნალისტია და პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, მას მოგვიანებით, ხელმეორედ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათი წარედგინა სამმართველოში. ჟურნალისტი პრესის ბარათით, ოქმის ჩასაბარებლად სამმართველოში დღეს მივიდა, თუმცა, ამჯერად მას უთხრეს, რომ იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა გაეგზავნა მათთვის, რომ ნამდვილად პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. შუბითიძისთვის ოქმი ჯერ არ გადაუციათ.

„ეს არის ჩვენი გაჩერების მცდელობა, რომ აღარ გავიდეთ, აღარ ვიდგეთ აქციაზე, აღარ გადავიღოთ. ცდილობენ, გაგვაჩუმონ, ხმა ჩაგვიხშონ. ოქმის ჩაბარების შემდეგ, მას აუცილებლად გავასაჩივრებ“.

განახლება: ნინო შუბითიძეს მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მას მერე რაც ცნობა გააგზავნა, დაურეკეს და უთხრეს, რომ საქმის წარმოება შეწყდა.

17 თებერვალს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც. საჯარიმო ოქმის შესახებ მასაც დღეს აცნობეს

„ცხადია, უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე გადავედი საავტომობილო გზის ნაწილზე და გამოველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ამ ჯარიმების ამბავზე ვეკითხებოდი. ზოგიერთი მათგანი უკვე ორჯერაც იყო 5000 ლარით დაჯარიმებული.

მერე პირველი გიმნაზიის მხარეს გადავინაცვლე ტროტუარზე და ხალხის მასის დასაფიქსირებლად ზედხედით ზუსტად 22:41 საათზე ფოტო გადავიღე. ეს ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. სტატია სწორედ ჯარიმების თემაზეა.

სახლში წასვლამდე დამაინტერესა საჯარო ლექციამ, რომელსაც ილიას და აკაკის ძეგლთან მართავდა ახალგაზრდა კაცი. პროექტორზე გაშვებული სლაიდების გამოყენებით მენტორი ათობით მოქალაქეს ესაუბრებოდა მჩაგვრელ რეჟიმებზე - ჩვენს შემთხვევაში ავტორიტარიზმზე, ტირანების საერთო ნიშანთვისებებზე და მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენებულ როგორც ძველ, ასევე თანამედროვე, ჰიბრიდულ იარაღებზე. დაახლოებით 1 საათი ვუსმენდი და დავტოვე ტერიტორია“, - ამბობს დიასამიძე.

მედიის წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ განცხადებით გამოეხმაურა და შსს-ს მოუწოდა, შეწყვიტოს ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გზის გადაკეტვის საბაბით, ჯარიმების გამოწერა.

ქარტია წერს იმ შემთხვევების შესახებაც, როდესაც ჟურნალისტებს, რომლებიც იმ კონკრეტულ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან:

  •  „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო შუბითიძე, 17 თებერვალი;
  •  „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო წვერავა, 17 თებერვალი;
  •  „ტვ პირველის“ ფოტოგრაფი და ოპერატორი გიორგი მოსიაშვილი, (შეატყობინეს 21 თებერვალს);
  •  „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, 14 თებერვალი;
  • „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, 14 თებერვალი;
  •  „ტაბულას“ ჟურნალისტი ნიკოლოზ ჭირაქაძე, 17 იანვარი;
  •  „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, 2 თებერვალი;
  • „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ალექსანდრე საჯაია, 4 იანვარი;
  •  „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორი ვახო ქარელი, 26 იანვარი;
  •   „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი, 22 იანვარი;
  •  „ევრონიუსის“ ჟურნალისტი დავით კეკენაძე, 3 იანვარი;
  • „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, 2024 წლის 10 ნოემბერი;
  • ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელი გერმანე სალია, 2024 წლის 13 დეკემბერი;

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა, რომ სადავო დროის მონაკვეთში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. 

„მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.  

ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც.  ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს. 

თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს“. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თქმით, კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები კი, მათ და ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს. 

„გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება“.  

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.

ვრცლად, სხვა შემთხვევების შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - შსს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავება

.......................................................................................................................................

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებით, რომელიც ძალაში 7 თებერვლიდან შევიდა, შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება პირდაპირ პოლიციას შეუძლია. მაგალითად, გზის გადაკეტვისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა პოლიციას, სასამართლოს გარეშე, პირდაპირ შეუძლია.

.......................................................................................................................................

 

კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, ჯარიმების გამოწერა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმ 13 შემთხვევის შესახებ წერს, როდესაც ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან:

  •  „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო შუბითიძე, 17 თებერვალი;
  •  „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო წვერავა, 17 თებერვალი;
  •  „ტვ პირველის“ ფოტოგრაფი და ოპერატორი გიორგი მოსიაშვილი, (შეატყობინეს 21 თებერვალს);
  •  „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, 14 თებერვალი;
  • „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, 14 თებერვალი;
  •  „ტაბულას“ ჟურნალისტი ნიკოლოზ ჭირაქაძე, 17 იანვარი;
  •  „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, 2 თებერვალი;
  • „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ალექსანდრე საჯაია, 4 იანვარი;
  •  „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორი ვახო ქარელი, 26 იანვარი;
  •   „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი, 22 იანვარი;
  •  „ევრონიუსის“ ჟურნალისტი დავით კეკენაძე, 3 იანვარი;
  • „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, 2024 წლის 10 ნოემბერი;
  • ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელი გერმანე სალია, 2024 წლის 13 დეკემბერი;

როგორც „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა, რომ სადავო დროის მონაკვეთში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. 

„მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.  

ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც.  ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს. 

თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს“. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები კი, მათ და ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს. 

„გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება“.  

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას. 

იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - შსს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავება

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მოწოდებას - Free Mzia Today 200-ზე მეტი ჟურნალისტი და 80-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.  

IPI-ის განცხადებაზე ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, მოუხსნას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელს ჯანმრთელობის აღსადგენად ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება და ციხეში არ უნდა დაბრუნდეს. 

„მზია არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, საქართველოში ორი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ონლაინ გამოცემების დამფუძნებელი და დირექტორი, რომლებიც აშუქებენ კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებს. 

მთელი კარიერის განმავლობაში მზია იჩენდა სამაგალითო გამბედაობასა და მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელი დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობებისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმების ფონზე დააკავეს.

IPI-ის მიერ ინიციირებულ განცხადებაზე ხელის მოწერა როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციულად შესაძლებელია ამ ბმულზე. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო



20 თებერვალს, 9 საერთაშორისო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლისგან, რომელთა შორისაც არიან: ეკა შონია, გიორგი გვიმრაძე, თამთა სანიკიძე, მაკა ცინცაძე, მაია ჭუჭულაშვილი, სალომე ქოქიაშვილი, შალვა სუმბაძე, ირაკლი გედენიძე და სხვები, წერილი მიიღო. წერილში, რომელიც „მედიაჩეკერს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის 142 თანამშრომელი საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

წერილში ნახსენები არ არის, გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე დაზარალებული ათეულობით ჟურნალისტი, რომლებსაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, დაუზიანეს/წაართვეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. წერილში ნახსენები არ არის პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც. ასევე, ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი არ ახსენებს მზია ამაღლობელს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების განყოფილების თანამშრომელთა წერილის ადრესატები: 

  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
  • Free Press Unlimited (FPU)
  • OBC Transeuropa (OBCT)
  • Index on Censorship
  • ფონდი „სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“
  • ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია (EFJ)
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
  • PEN International

„მოგმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყანაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მზარდი, სისტემური თავდასხმებით, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობით და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლით.

ჩვენ, ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და პროდიუსერები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების განყოფილებიდან, თავდაუზოგავად ვმუშაობთ გარემოში, რომელიც სულ უფრო და უფრო მტრული ხდება. ჩვენ მუდმივი თავდასხმების სამიზნე ვართ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს ძალისხმევას. ჩვენ ვართ მუქარის, ონლაინ შევიწროების და მიზანმიმართული კამპანიების ობიექტები - მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ვცდილობთ გამოვააშკარავოთ სიმართლე და საზოგადოების გამთლიანებას შევუწყოთ ხელი. ეს თავდასხმები, რომლებიც სულ უფრო ინტენსიური და კოორდინირებული ხდება, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც გვიძნელდება ჩვენი მოვალეობების ისე თავისუფლად და მიუკერძოებლად შესრულება, როგორც ამას საზოგადოება იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესიულად და ემოციურად გვაზარალებს, ჩვენ მაინც ჩვენი მისიის ერთგული ვრჩებით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კომერციული მედია, ის საჯარო ინსტიტუტია, რომლის ვალდებულებაა, საზოგადოებას ემსახუროს, პოლიტიკური და კომერციულ გავლენების გარეშე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დამოუკიდებლობის კომპრომეტირებას და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას, არის პირდაპირი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებაზე, გვქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. ეს არის მედიის თავისუფლებასა და იმ ფასეულობებზე თავდასხმა, რომელსაც ჩვენ, როგორც ინსტიტუტი, ვიცავთ.

ჩვენ ვიყავით საქართველოს საზოგადოების გვერდით მის ყველაზე რთულ პერიოდებში: ომის დროს, საჯარო დემონსტრაციებზე და სხვა გამოწვევების დროს. ყოველთვის ვაწვდიდით მას ზუსტ, საიმედო და მიუკერძოებელ ინფორმაციას, მიუხედავად მუდმივი ზეწოლისა და პირადი რისკებისა, დაუღალავად ვშრომობდით ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი როლით ამ რთულ პერიოდებში, მაგრამ ვრჩებით დაუცველნი უსამართლო თავდასხმებისგან, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ისახავს მიზნად.

ჩვენ გვჯერა  ჟურნალისტიკის ძალის, მოიტანოს პოზიტიური ცვლილებები და ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას ნებისმიერ ფასად. თუმცა, ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორიცაა ევროპის მაუწყებელთა კავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა უსაფრთხო და სამართლიან გარემოში.

თქვენი ორგანიზაციის მისია, განსაკუთრებით ასეთ მწვავე ვითარებაში, ჟურნალისტების დაცვაა. თუმცა, თქვენს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, თქვენ კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებს. გვინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ის ერთადერთი მედიასაშუალებაა საქართველოში, რომელიც, ეუთო/ოდირის ბოლო ანგარიშის მიხედვით, არ არის მონიტორინგს დაქვემდებარებული იმ მედია საშუალებათა სიაში, რომელთაც ეუთო/ოდირი პროპაგანდის ინსტრუმენტებად მოიხსენიებს. 

ჩვენ თავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დიდი ოჯახის ამაყ წევრებად მივიჩნევთ და სრულად ვაცნობიერებთ საზოგადოებრივი მედიის ფასეულობებს, რომელთაც კონსტრუქციული ჟურნალისტიკითა და მაღალი მედია სტანდარტებით ვემსახურებით.

ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმაღლებთ ხმას და გამოვხატავთ ჩვენს ღრმა გულისტკივილს ზემოთ აღწერილი მდგომარეობის გამო, თქვენგან კი ველით თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას. 

პატივისცემით

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების განყოფილების ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და პროდიუსერები“. 


იხილეთ წერილის დედანი ხელმომწერთა სიით:


alt
alt

alt
alt
alt
კატეგორია - საქართველო


შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა დროს გამართული აქციების გაშუქებისას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციიდან გუშინ, 19 თებერვალს დაურეკეს და უთხრეს, რომ საჯარიმო ოქმის  ჩასაბარებლად უნდა მისულიყო. მგალობლიშვილს 14 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გადაკეტვას ედავებიან.

როგორც „პუბლიკის“ ჟურნალისტი ამბობს, ის ამ დღეს პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულვიდეოშიც ჩანს, რომ ბასტი მგალობლიშვილი პარლამენტთან, შემაღლებულ ადგილას დგას, პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათი უკეთია და აქციას აშუქებს.

მგალობლიშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ის აპირებს საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს, მასალები აიღოს და შემდეგ გაასაჩივროს.

„რადგანაც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დროს დაჯარიმებამ სისტემური სახე მიიღო, ვფიქრობ, რომ შსს-ს ეს ქმედებები მედიის მუშაობის შეფერხებას ემსახურება. საბოლოოდ, საჩივრები რომ დააკმაყოფილონ, გასაჩივრება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს“. 

ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ის იმ პოლიციელს ვერ დაუკავშირდა, ვინც საჯარიმო ოქმის შესახებ შეატყობინა, კომუნიკაცია უწყების პრესსამსახურთან ჰქონდა, რომელმაც უთხრა, რომ ამბავს გაარკვევდა და დაუკავშირდებოდა, თუმცა მას ამ დრომდე არავის შეხმიანებია. 

14 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავებიან გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ ბექა ჯიქურაშვილსაც. ჯიქურაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა და ეკეთა პრესის ბარათიც.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზის გადაკეტვას ედავებიან „ტაბულას“ მეორე რეპორტიორსაც. ნიკოლოზ ჭირაქაძეს სასამართლოდან 4 თებერვალს დაურეკეს და უთხრეს, რომ 17 იანვარს რუსთაველზე გზა გადაკეტა და სასამართლოში უნდა წარსდგეს. პრესის ბარათი ჭირაქაძესაც ეკეთა და იმ დღეს საპროტესტო აქციას „ტაბულას“ პირდაპირ ეთერშიც აშუქებდა. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი სასამართლო პროცესი 25 თებერვალს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე კი ლელა ცაგარეიშვილია.

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორის, ლევან სუთიძის შეფასებით, თუ კაშკაშა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საქმეებს უკან არ წაიღებენ, ეს ველზე სამუშაოდ კიდევ უფრო რთულ კლიმატს შექმნის. 

„თუ ივანიშვილის რეჟიმი კაშკაშა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ეკეთა ბეიჯი, იყო ლაივში და ერთ შემთხვევაში პოლიციასაც მოახსენა, რომ ჟურნალისტია, საქმეებს უკან არ წაიღებს, ეს შექმნის კიდევ უფრო რთულ კლიმატს ველზე სამუშაოდ. 

გამორჩეული უსამართლობა მგონია „ტაბულას“ ჟურნალისტებისთვის ასეთი საქმეების შეთითხვნა. ჩვენ მივიღეთ სარედაქციო გადაწყვეტილება, რომლითაც რეჟიმის მიერ შექმნილი ექსტრაორდინარული ვითარების პირობებშიც კი მუშაობას ვაგრძელებთ ორდინარული პროფესიული სტანდარტით. 

ეს მკაფიო ინსტრუქცია ჩვენი ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულოა. ვხუმრობდით კიდეც, რომ „ტაბულას“ რომელიმე რეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რომ გზა გადაეკეტა, მის სანქცირებას შსს ვერ დაგვასწრებდა-მეთქი“. 

2 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნათია გოგსაძეს. გოგსაძის თქმით, სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის, მოსამართლე კი ლელა ცაგარეიშვილია.

„დამირეკა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი კუჭაძემ და მაცნობა, რომ 2 თებერვლის მონაკვეთზე თქვენ გადაკეტეთ გზა და ამიტომ, თქვენ წინააღმდეგ შეგვაქვს სარჩელიო. მითხრა, მობრძანდით და გაეცანით მასალებსო. ეს ის დრო არ არის, პოლიცია რომ სახლში ადგება, მე ძველი სტილით ვარ დაჯარიმებული. პირდაპირ რომ სასამართლოებს მიმართავდნენ…პირველ რიგში, რუსთაველზე ვიყავი როგორც მოქალაქე და ასევე, ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობასაც“.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოს ელოდება. 

„გზის გადაკეტვას მედავებიან 4 იანვარს. 3 თებერვალს მქონდა პროცესი, სადაც მივიტანე იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვარ და მაგ დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდი. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სპეციფიკური საქმეა და 28-ში გამოვიტან განაჩენსო,“ - ამბობს საჯაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება„მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორ ვახო ქარელსაც. ქარელი ამ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და თან ჰქონდა პრესის ბარათიც.

ფოტორეპორტიორის თქმით, მას შემდეგ, რაც შსს-ს წარმომადგენელს პრესის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუგზავნა, მან და მისმა ადვოკატმა რამდენჯერმე მოიკითხეს, თუ რა ეტაპზე იყო საქმე, თუმცა განუცხადეს, რომ სიახლე არაფერია.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებიან „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებსაც.

სალომე ჩადუნელს საპატრულო პოლიციამ გასული წლის 10 ნოემბერს შეატყობინა, რომ გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლოში უნდა მისულიყო. ჩადუნელს, მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორს განუცხადა, რომ ჟურნალისტი იყო და იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით უთხრეს, რომ საქმე შეჩერდებოდა, თუმცა ამისთვის ადვოკატს შსს-ში ცნობა უნდა მიეტანა, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ ის ნამდვილად პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მისმა ადვოკატმა ცნობა მიიტანა, შსს-ს წარმომადგენელს ჩააბარა, ისე როგორც უთხრეს და „დაგვირეკეს, რომ გასაგებია და მორჩა“. თუმცა, სალომე ჩადუნელის თქმით, რამდენიმე კვირის წინ, მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე აღმოაჩინა, რომ მის წინააღმდეგ  ადმინისტრაციული სამართალწარმოება იყო დაწყებული და მისი მოსამართლე ლელა მილდენბერგელი იყო.

„მივხვდი, რომ ჩემზე იყო საუბარი და დავრეკე ადვოკატთან. ადვოკატმა გაარკვია მოსამართლის თანაშემწესთან და მან თქვა, რომ კი, შემოსულია საქმე და ლელა უბრალოდ ცუდად იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არ გვქონდა სალომეს ნომერი, ამიტომ ვერ დავურეკეთ და თან, ისედაც რომ არ ტარდებოდა, რაღა საჭირო იყო დარეკვაო. კარგად როცა იქნება და ჩატარდება, მერე დაგირეკავთო“.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი აღნიშნავს, მან შსს-ში ისევ დარეკა, სადაც უთხრეს, რომ სავარაუდოდ შეცდომა იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩადუნელმა მოსამართლის თანაშემწეს დაურეკა, რომ გაერკვია პროცესი როდის იქნებოდა, თანაშემწემ კი უთხრა, რომ მის საქმეზე „გახმობა იყო დაწერილი“.

„გახმობაზეა დაწერილიო და ქალბატონი ლელა რომ გამოვა, თავად გადაწყვეტს დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენით მიიღოს გადაწყვეტილება და გაახმობინოს საქმე, თუ მაინც ჩაატაროს სასამართლო პროცესი და ამაზე დაგიკავშირდებითო“. ჟურნალისტის თქმით, ამის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია.

22 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებიან „რადიო თავისუფლების“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ეკა ქევანიშვილს. როგორც ქევანიშვილი ჰყვება, მას პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ მასზე გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი იყო შედგენილი და პოლიციის განყოფილებაში უნდა მისულიყო. 

„მაჩქარებდა. მითხრა, რომ მალე გაარკვიეთ ეგ ამბავი, ეს აქტი სასამართლოში უნდა გადავაგზავნოო. მე ვუთხარი, რომ ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ვმუშაობდი… ეს ინფორმაცია რომ მიიღო, გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ დამირეკა და მითხრა, რომ კარგი, არ გადავგზავნით ჯერ და იქნებ პოლიციის განყოფილებაში მოხვიდეთ, თქვენი პრესბარათი და ცნობა მოიტანოთ, სად მუშაობთ და რას აკეთებდითო“. 

ჟურნალისტმა საჭირო დოკუმენტები მოამზადა, თუმცა განყოფილებაში მისვლამდე, წინა დღეს, იმავე პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და აღნიშნული დოკუმენტები მისთვის გაეგზავნა.

„რომ გადამაგზავნინა, მერე მითხრა, რომ დარწმუნებით ვერ გეტყვით, სასამართლოში გადავგზავნით თუ არა, თუმცა რაკი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდით, გავითვალისწინებთ, მაგრამ 100%-ით ვერ გეუბნებითო. ამით დასრულდა ჩვენი კომუნიკაცია“.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის შეფასებით, ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, გზის გადაკეტვასთან კავშირი არ აქვს.

„ჟურნალისტი თუ ხელოვნურად გადაკეტილ გზაზე დგას, იმიტომ კი არ დგას, რომ გზა გადაკეტოს, არამედ იმიტომ, რომ გააშუქოს ის, რაც იქ ხდება. შესაბამისად, ეს არის მიზანმიმართული პროცესი ჟურნალისტების მიმართ, რომ ისინი დააჯარიმონ და არასასურველი სამუშაო პირობები შეუქმნან“.

ჟურნალისტებისთვის ჯარიმების დაკისრებას განცხადებითგამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.

„კოალიცია ჯარიმების დაწესების პრაქტიკას აფასებს, როგორც მედიაზე მიზანმიმართულ ზეწოლას. სამწუხაროდ, ეს შემთხვევები იზოლირებული ინციდენტები არ არის, არამედ “ქართული ოცნების” პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, ტექნიკა დაუზიანეს თუ უკანონოდ ხელი შეუშალეს. თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი. ჟურნალისტებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული“. 

კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და გააუქმოს მათ წინააღმდეგ გამოწერილი ჯარიმები.

.......................................................................................................................................

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებით, რომელიც ძალაში 7 თებერვლიდან შევიდა, შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება პირდაპირ პოლიციას შეუძლია. მაგალითად, გზის გადაკეტვისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა პოლიციას, სასამართლოს გარეშე, პირდაპირ შეუძლია.

.......................................................................................................................................

2024 წლის 16 დეკემბერს, პოლიციამ 1000 ლარით დააჯარიმა „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ თანათავმჯდომარე, გია სალია, რომელსაც 13 დეკემბერს, ზუგდიდში, საპროტესტო მსვლელობის გადაღებისის ავტომობილით გადაადგილებას ედავებოდნენ.