1 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა თავისუფალია და კითხვა-პასუხის რეჟიმში შალვა პაპუაშვილი ყველა დასმულ საკითხზე ისაუბრებს.
საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევნენ. თამარ ჯანელიძის განმარტებით, შეხვედრაზე ის ტელევიზიებიც იქნებიან, რომლებსაც ბიური დასავლეთ საქართველოში აქვთ.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასაც აღწერს.
პრესისა და სხვა მედიების შესახებ მიძღვნილ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რუსული კანონი მედია ორგანიზაციების მიმართ საფრთხის შემცველი იყო, რადგან ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 50 %-ს უცხოეთიდან იღებს, ისინი „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადდებოდნენ. ასევე, შეშფოთების ერთ-ერთი საფუძველი კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრება გახდა.
დოკუმენტში აღნიშნულია ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი აქტებიც, რომელსაც სახდეპი სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარის ანგარიშვალდებულებად აფასებს.
ჟურნალისტებზე თავდასხმა
ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის 27 ივნისს "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და გადაცემის წამყვანზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა. საუბარია ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორცელებული ძალადობის მაგალითებზეც. დოკუმენტში ნახსენებია „ალტ-ინფოს“ წევრის "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გეგელიაზე თავდასხმისა და ტელეფონის დამტვრევის ფაქტი. გეგელია ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს პერმანენტულად იღებდა. ამის პარალელურად გაძარცვეს მისი საცხოვრებელი სახლიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მარტის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებულ ცრემლსადენ გაზზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლებას ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა. მასში საუბარი გასულ წელს პარლამენტის მიერ მედიის მიმართ მიღებულ ახალ რეგულაციებზეა.
2023 წლის თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარემ პრესის აკრედიტაციის ახალი წესი შემოიღო, რომლითაც ჟურნალისტებს დამატებითი შეზღუდვა დაუწესდათ. მედია ორგანიზაციებმა ახალი რეგულაცია გააკრიტიკეს და მას არაინკლუზიური და ბუნდოვანი უწოდეს. "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გამოუშვა და მათი აკრედიტაციები გაუუქმა.
ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ მომხდარს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციით გამოწვეული სანქციები რატომღაც მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ეხებოდათ.
ტელევიზიები
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან ერთად, ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია "ფორმულაზეც". მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იურიდიულ სამართალწარმოებაზე, რომელიც კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციის მცდელობას ემსახურებოდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის მსგავსად, 2023 წლის ანგარიშშიც ყურადღებას ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევათა სტატისტიკაზე ამახვილებს. სტატისტიკის სიმწირე პრობლემის რეალურ მასშტაბს ბუნდოვანს ხდის.
ნეტგაზეთი/ბათუმელები შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის
ნაკვეთზე მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და დაშვებული
შეცდომის გამო წუხილს გამოთქვამს.
„ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება
ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ
ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ
შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე,
რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განავლობაში მუდმივად ვიმყოფებით,
დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს
მკითხველს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ნეტგაზეთი/ბათუმელების მასალას გუშინ შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის
კრიტიკისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ „ამ დეზინფორმაციის შესახებ
დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან
დგანან“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი იმპიჩმენტიდან 5 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. კაპანაძე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებების დარღვევის დადგენას ითხოვს:
„მე ვითხოვ ჩემი აუნაზღაურებელი ზიანის სიმბოლურ ფასად ანაზღაურებას - დღეს ეს საფასურია 41 ევრო!"
აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორის თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის ხელშეუხებლობისთვის.
„ხუთი წლის შემდეგ მე, საქართველოს ერთი მოქალაქე უამრავი დამცირების, დევნის, დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის, დაშინების და დანაკარგის მიუხედავად, ასე ვაგრძელებ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. ბრძოლას ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის და მედიის ხელშეუხებლობისთვის. ზუსტად ხუთი წლის წინ, მმართველი პარტიის დაკვეთით, როგორც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სამიზნე აღმოვჩნდი. გუნდის, რომელსაც ასე სძულს სიტყვის თავისუფლება და რუსული მეთოდებით დაგეგმეს იმპიჩმენტი. დრომ და განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ გაცხადებული პოლიტიკური ინტერესები და დევნის ქრონოლოგია, თუმცა ამბავი დოკუმენტებში უკეთესადაა ასახული", - წერს ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძის განცხადებით, მან ამ ფორმით მიუკერძოებელ მედიაში მომუშავე ყველა ადამიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
კაპანაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტი გამოუცხადა. მან საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. კაპანაძემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებსაც. უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ განიხილა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვდა.
ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.
„ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა“, - წერს „ფორმულა“.
ია სართანიას განმარტებით, ის ატარებდა ჩანთას, რომელზეც „ფორმულას“ ლოგოა დატანილი.
ჟურნალისტის განცხადებით, მან შსს-ს წარმომადგენელს მეტროშივე მიმართა, პირი უკვე დაკავებულია და სასამართლოშია გადაყვანილი.
"მედიაჩეკერს" შსს-მ დაუდასტურა, რომ მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ დაშავებული ჟურნალისტების გამოკითხვა დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური და „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე. გამოკითხვაზე დაბარებულია „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილიც.
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, ეს ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ, რაც სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.
16 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთმა ორგანიზაციამ მიმართა.
„აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი“, - მოხვდა ომბუდსმენის 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველად შედეგებშიც.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მეორედ
გამოაცხადა.
შალვა პაპუაშვილის ბრძანების მიხედვით, „მეურვეობის კანდიდატი უნდა
იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის
მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ
შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის,
საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და
სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“.
პარლამენტი შესაბამის განაცხადებს 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით
მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი
კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი
აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. საზოგადოებრივი
მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა სამ წევრს: მიხეილ
ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი
„ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის
მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის
ვადით ირჩევენ.