საქართველო
კატეგორია - საქართველო


მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელემედიამ კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიების დამფინანსებლების ის ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც მაუწყებლებს ამ პერიოდში რეკლამისთვის ყველაზე მეტი გადაუხადეს.

2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტ სატელევიზიო კომერციულ სარეკლამო შემოსავალთან (6 მლნ ლარი) ერთად, „ტელეიმედს“ ყველაზე მეტი - 161 რეკლამის დამკვეთიც ჰყავდა.

„იმედის“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ:

  • „Henkel Central Asia Caucasus LLP“-მა, 
  • „პსპ ფარმა“;
  • „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „დიპლომატ ჯორჯია“;
  • „აიდიეს ბორჯომი თბილისი“;
  • „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“;
  • „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
  • „ავერსი ფარმა“;
  • „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისია“;
  •  „გლობალ ბიერ ჯორჯია“.

2.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, მისი დამფინანსებლების ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 50-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს, ასეთია:

  • „პსპ ფარმა“;
  • „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  •  „ავერსი ფარმა“;
  •  „ვიმ ბილ დან საქართველო“;
  • „შპს ორთაჭალა გეითი“;
  •  „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“;
  • „აიდიეს ბორჯომი თბილისი“;
  •  „მარტინ პამაჩი“;
  • „FICOSOTA“;
  •  „ლაქტალის ჯორჯია.

„რუსთავი 2“-ს სულ 156 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა. 2024 წლის II კვარტალში 68 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა „მთავარ არხს“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც ამ პერიოდში 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.

„მთავარი არხის“ რეკლამის დამკვეთების ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს:

  • „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  •  „პსპ ფარმა“;
  • „დიპლომატ ჯორჯია“;
  •  „ავერსი ფარმა“;
  •  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო;
  • „ბერლინ ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“;
  • „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“;
  • „Henkel Central Asia Caucasus LLP“;
  • „ვიმ ბილ დან საქართველო“;
  • „საქართველოს უნივერსიტეტი“.

მიმდინარე წლის II კვარტალში 55 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა „ტელეკომპანია პირველს“. სარეკლამო შემოსავლის სახით კი, მან ამ პერიოდში 1 მლნ ლარი მიიღო.

„ტელეკომპანია პირველის“  დამფინანსებლების ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს:

  • „პსპ ფარმა“;
  • კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „სან პეტროლეუმ ჯორჯია“;
  •  „შპს პირველი მეღვინეობა“;
  • „ჩინური მედიცინის ცენტრი“;
  • „დრიმლენდ ოაზისი“;
  • „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“;
  • „ნოვა“;
  •  „დიპლომატ ჯორჯია“;
  • „თ და კ რესტორნები“.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სარეკლამო შემოსავლის სახით 1.2 მილიონი მიიღო. ჯამში მას რეკლამის 48 დამკვეთი ჰყავდა.

„ფორმულას“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებიც ტელევიზიას 7-დან 500 ათას ლარამდე უხდიდნენ, ასეთია:

  • „შპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი“;
  • „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „პსპ ფარმა“;
  • „შპს პეტრა სი რეზორტ“;
  • „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“;
  •  „თეგეტა მოტორსი“;
  •  „ჩინური მედიცინის ცენტრი“;
  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს;
  • „შპს ორთაჭალა გეითს“;
  • მამუკა ხაზარაძე.

„პოსტვ“-ის 2024 წლის II კვარტალში რეკლამის 45 დამკვეთი ჰყავდა. მისმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავლმა კი, ამ პერიოდში 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

„პოსტვს“ დამფინანსებლების ტოპ ათეული, რომლებმაც რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე გადაიხადეს, ასეთია:

  • „შპს ჯეოკეპი“;
  •  „სადისტრიბუციო კომპანია“;
  •  „შპს ბუნებრივმა აირი“;
  •  „სტერეო+“;
  • „რესპუბლიკა“;
  • „ქართული რძის პროდუქტები“;
  •  „ტიფლის ფაბი“;
  •  „ფალავანი“;
  •  „ნესტლე საქართველო“;
  • „არქი პრომოუშენი“.
2024 წლის II კვარტალში ტელე მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო  შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით  14.8%-ით შემცირდა და  17.9 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 17.5% კი - პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

დეტალური ინფორმაცია 2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში - 2024 წლის II კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 6 მილიონი ლარი კვლავ „იმედმა“ მიიღო

კატეგორია - საქართველო


2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავლმა 20 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.7%-ით ნაკლებია. აქედან მხოლოდ ტელევიზიებმა 17.9 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 17.5% კი - პროდუქტის განთავსებამ.

„შესწავლის შედეგად, ტელემაუწყებლების კომერციული შემოსავლების კლება, სავარაუდოდ, მაუწყებლების და რეკლამის დამკვეთი კომპანიების ქცევის შეცვლამ გამოიწვია.

მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების საგანგებო რეჟიმში მუშაობამ სამაუწყებლო ბადე სრულად შეცვალა, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მაუწყებლები უწყვეტი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნულმა გარემოებებმა გავლენა მოახდინა რეკლამის დამკვეთი კომპანიების გადაწყვეტილებებზეც - არ ჩაეშვათ ახალი სარეკლამო კამპანიები ამ პერიოდში", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.          

მიმდინარე წლის II კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 6 მილიონი ლარი  კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით შემცირდა.

  • 2.8 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ლარით ნაკლებია.
  • 0.1 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხისა“ და „პოსტვ“-ის შემოსავლები. „მთავარმა არხმა“ 1.9 მილიონი ლარი მიიღო, „პოსტვ“-იმ კი - 1.4 მილიონი.
  • 1.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია.
  • 0.4 მილიონი ლარით შემცირდა „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალიც. "ტვ პირველმა" 2024 წლის II კვარტალში 1 მილიონი ლარი მიიღო.
  • წინა წელთან შედარებით 0.1 მილიონით გაიზარდა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შემოსავალი და 0.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

2024 წლის პირველ კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ მედიაჩეკერის მასალა: 

 

კატეგორია - საქართველო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა დაიწყო.  

კანონის, ოფიციალური სახელწოდებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა სადავო მათ შორის, 122-მა მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და ორმა მედიაორგანიზაციამ, „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა" და „სტუდია მონიტორმა" გახადეს.

დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე 2 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი „მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი იყო. მისი განცხადებით, არც ერთი მათგანი ღირსების შემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირდება. მთივლიშვილმა ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ არ აქვთ ამ მედიაორგანიზაციებს კომერციული, სარეკლამო შემოსავლები.

„იმის გამო, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას ვაკეთებთ და ხშირად, ხელისუფლების პირველ პირებს ან სხვა მაღალჩინოსნებს შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაში ვამხელთ, არ გვაქვს კომერციული, სარეკლამო შემოსავალი. პოტენციური დამკვეთები, ხელისუფლებისგან მოსალოდნელი წნეხის შიშით, ასეთ მედიებთან თანამშრომლობას თავს არიდებენ.“

„მთის ამბების“ რედაქტორმა ყურადღება სადავო კანონის მიღებამდე მოსარჩელე ორგანიზაციების დევნაზეც გაამახვილა.

„მოსარჩელეები, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, ნებაყოფლობით არ აპირებენ სადავო კანონით განსაზღვრული, შეურაცხმყოფელი, მასტიგმატიზებელი და მადისკრედიტებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი  ორგანიზაციის“ სტატუსის მიღებას და იმ რესპონდენტების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლებმაც კონფიდენციალობის დაცვით მიაწოდეს საგამოძიებო სიუჟეტებისთვის ან მამხილებელი რეპორტაჟისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსარჩელეთა მსგავსი ქმედება აუცილებლად გამოიწვევს მათ დაჯარიმებას, რაც თავის მხრივ, აუცილებლად გამოიწვევს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ან შეწყვეტას.

ვითხოვ, რომ სადავო კანონის მოქმედება შეჩერდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც შესაძლებელს გახდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ კანონის მოქმედებასთან. ამავდროულად, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, კანონის შეუჩერებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კანონის მოქმედების პირობებში დამდგარი ზიანის თავიდან აცილება“, - თქვა გელა მთივლიშვილმა.

122 მოსარჩელის მომხსენებელმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ( IDFI) იურისტმა, გიორგი დავითურმა ყურადღება ტერმინის - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი“ უარყოფით შინაარსზე გაამახვილა. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, საკონსტიტუციოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთი ერემაძემ კი მოხსენებისას თქვა, რომ "ვიცავთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების 145-წლიან ტრადიციას".

ამ ორი სარჩელის გარდა, რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს საქართველოს პრეზიდენტმა და 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართეს. 

განმწესრიგებელ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ ამ კანონით მედიაორგანიზაციებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიღების კომპონენტებზე ისაუბრა. 

ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ჩვენთაგანს აქვს უფლება, ჟურნალისტებს ინფორმაცია კონფიდენციალურად მივაწოდოთ. ამ კანონის პირობებში კი, ყოველი ჩვენთაგანი სწორედ ამ უფლებას კარგავს, რადგან მოქალაქის კონფიდენციალურობა დაცული აღარ იქნება.



საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, "წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას".

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეს, რომელიც ხვალაც გაგრძელდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება მოსამართლე ირინა იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანო "ქართული ოცნების" დეპუტატებს უნდა წარმოედგინათ, თუმცა, მათ მაგივრად სხდომას საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები: ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა ესწრებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონიაქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება კი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა. 

ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1 სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.

 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 11 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი 4 სარჩელის განხილვას იწყებს.

კანონის, ოფიციალური სახელწოდებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა სადავო მათ შორის, 122-მა მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და ორმა მედიაორგანიზაციამ, „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა" და „სტუდია მონიტორმა" გახადეს.

დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე 122 მოსარჩელის მომხსენებლები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ( IDFI) იურისტი, გიორგი დავითური და საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე იქნებიან. 

2 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი კი „მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი იქნება.
ამ ორი სარჩელის გარდა, რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს საქართველოს პრეზიდენტმა და 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართეს. 

"წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. 

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სწორედ, "ქართული ოცნების" დეპუტატები: ანრი ოხანაშვლი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე წარმოადგენენ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება კი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა. 

ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1 სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.

 
კატეგორია - საქართველო


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამის შესახებ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ განაცხადა. 

„მე მას 21 აგვისტოს შევხვდი. ცუდ მდგომარეობაში იყო. უბრალოდ სიცხე კი არ აქვს, კრიტიკული მდგომარეობაა, სტრესი აქვს. აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ამბობს, რომ ღამე ვერ იძინებს. მას ადრე ტუბერკულიოზი ჰქონდა და ამის გამო ძალიან ვნერვიულობ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წესიერად ტელეფონზეც ვერ მელაპარაკება, რადგან საუბრისას გვერდზე ადამიანი უდგას ხოლმე.

ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს ბავშვების გამო. თქვენი ჯანმრთელობა მადარდებსო, მეშინია, შენ და ბავშვებს რამე არ დაგემართოთო. მას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით კი ჩვენი არასრულწლოვანი ქალიშვილები არ არიან დაცულები. აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, სტრესშია და მენტალურად ძალიან ცუდადაა. ვუთხარი, რომ თავი ხელში აიყვანოს და სტრესს არ აჰყვეს“.

როგორც სადიგოვა ამბობს, მან 22 აგვისტოს „წითელი ჯვარსა “ და საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართა, რათა დაკავებულს შეხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფგან სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კატეგორია - საქართველო


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საარჩევნო თემატურ მედიამონიტორინგს იწყებს.

მედიამონიტორინგისთვის შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, palitra news და კავკასია და 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge შეირჩა.

"სამთვიანი მონიტორინგი მოიცავს, ტელევიზიების შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვიტოდან 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პრაიმთაიმში გადაცემულ ახალ ამბებსა და ტოკშოუს ფორმატის გადაცემებს, ხოლო ონლაინ მედიასაშუალების შემთხვევაში ამავე პერიოდში მათ ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ იმ სარედაქციო მასალებს, რომლებშიც ფიგურირებენ მონიტორინგის სუბიექტები - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

მონიტორინგის ინტერესის საგანი იქნება ის, თუ რამდენად იცავენ მედიასაშუალებები ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს საარჩევნო თემატიკის გაშუქების დროს და რამდენად ხარისხიანია ის მედიაპროდუქტი, რომელსაც ისინი აწვდიან აუდიტორიას. მედიაპროდუქტები შეფასდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ბალანსი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული ენა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება და ფაქტების დროული გაშუქება. ქარტია დააკვირდება, ხომ არ ტოვებს რომელიმე მედიასაშუალება მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან ინფორმაციას, და ხომ არ ცდილობს ის აუდიტორიის მანიპულირებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ქარტია ყურადღებას მივაქცევს იმასაც, თუ როგორ მგრძნობელობას იჩენს ესა თუ ის მედიასაშუალება გენდერული საკითხების გაშუქებისას",- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

ინფორმაცია ქარტიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის პროექტების შესახებ და შესაბამისი ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: მედიამონიტორინგი (qartia.ge)
კატეგორია - საქართველო


აზერბაიჯანში OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და აქტივისტი, სამად შიხი დააკავეს. გამოცემის ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში გამგზავრებას ცდილობდა.

სამად შიხის დაკავებისა და ბრალდების შესახებ აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის თქმით, ისიც კი უცნობია, თუ სად ჰყავთ დაკავებული. 

„სამწუხაროდ, არაფერი ვიცით ბევრი, ისიც არ იციან, სად ჰყავთ. ალბათ, სასამართლო რომ ჩაინიშნება, მეტი გვეცოდინება“, - განაცხადა ნიკურაძემ.

22 აგვისტოს აზერბაიჯანში OC media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვიც დააკავეს.

სამადოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12-20 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 

როგორც OC Media-ს რედაქტორი აღნიშნავს, აზერბაიჯანში ჟურნალისტებს რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. დაკავებების სერია კი, გასული წლის ნოებერ-დეკემბერში დაიყო, როდესაც abzas media-ში შევიდნენ და 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ჟურნალისტი. 

მარიამ ნიკურაძე ამ ამბების გაგრძელებად მიიჩნევს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან საგიგოვისა და აზერბაიჯანში, ბაჰრუზ სამადოვის დაკავების საქმეებსაც. 

„აზერბაიჯანშიც საპარლამენტო არჩევნები მოდის. ჯერ ისედაც ვინც იყო დაჩენილი კრიტიკული ჟურნალისტი, ძლივს ახერხებდა აზერბაიჯანიდან მუშაობას და უკვე თითქმის, აღარავინ დარჩა. ძალიან რთული სიტუაციაა და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ნამდვილად,“ - აღნიშნა მან.

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი აფგან სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კატეგორია - საქართველო


OC media-ს კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს, რომელიც „სომხებთან მიმოწერას“ უკავშირდება. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელს“ ჟურნალისტის ბებიამ განუცხადა.

ზიბეიდი ოსმანოვას თქმით, მისი შვილიშვილი 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს, როდესაც მეგობრებთან ერთად სანაპიროზე წავიდა.

აღნიშნული ინტერვიუდან ირკვევა, რომ მოგვიანებით ჟურნალისტის ბებიას მისთვის უცნობმა ადვოკატმა დაურეკა და უთხრა, რომ ბაჰრუზი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, ვინაიდან აღმოჩენილია მისი „მიმოწერა სომხებთან“, რომელთა შეკვეთითაც თარგმნიდა და წერდა სტატიებს.

როგორც ირკვევა, ბაჰრუზ სამადოვი მომავალი პოლიტოლოგია, რომელიც კვლევების ფარგლებში სწავლობდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტსაც. ის  ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი და ასევე, სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მხარდამჭერია.

სამადოვის კოლეგები ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.

OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის თქმით, ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს. ასევე, ის ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს ქვეყნის შიდა ამბებზე, მთავრობასა და პოლიტიკაზე.

ნიკურაძის შეფასებით, სადამოვის დაკავების მიზეზი შეიძლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მისი მოსაზრებები გამხდარიყო. 

„ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ბაჰრუზის დაკავება მისსავე მოსაზრებებს უკავშირდებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, რადგან ომის დროსაც კი, ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, რაც აზერბაიჯანისთვის საკმაოდ საკამათო პოზიციაა.

მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამობებნ, ბრალი ღალატში ედება… ეს ალბათ, კონფლიქტთან დაკავშირებული მოსაზრების გამოა და არა პოლიტიკური კრიტიკის გამო“.

როგორც OC Media-ს რედაქტორი აღნიშნავს, აზერბაიჯანში ჟურნალისტებს რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. დაკავებების სერია კი, გასული წლის ნოებერ-დეკემბერში დაიყო, როდესაც abzas media-ში შევიდნენ და 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ჟურნალისტი. 

მარიამ ნიკურაძე ამ ამბების გაგრძელებად მიიჩნევს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან საგიგოვისა და აზერბაიჯანში, ბაჰრუზ სამადოვის დაკავების საქმეებსაც. 

„აზერბაიჯანშიც საპარლამენტო არჩევნები მოდის. ჯერ ისედაც ვინც იყო დაჩენილი კრიტიკული ჟურნალისტი, ძლივს ახერხებდა აზერბაიჯანიდან მუშაობას და უკვე თითქმის, აღარავინ დარჩა. ძალიან რთული სიტუაციაა და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ნამდვილად,“ - აღნიშნა მან.

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი აფგან სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

 
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მომავალ არჩევნებში ხელშემწყობი და სხვა პარტიების არჩევის ხელშემშლელი ვიდეორგოლების გამო წერილობით გააფრთხილა. 

„ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მაუწყებელმა აღნიშნული ტიპის რეკლამები ეთერში მრავალჯერადად განათავსა. კერძოდ, ვიდეორგოლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და სხვა პირები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პენსიები, უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ანაბრების დაბრუნება და ა.შ. ამასთან ერთად კი, გაკრიტიკებულია სხვა პარტიებისა თუ პოლიტიკური ძალების საქმიანობა“, - ვკითხულობთ მარეგულირებლის განცხადებაში. 

აღნიშნული რეკლამები კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა და რადგან „ობიექტივი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა ის წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ 15 აგვისტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“, პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის წერილობით გააფრთხილა POSTV-ი.

პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის 9 აგვისტოს დასანქცირდა „ალტ-ინფოც“.  

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის -  რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ გააფრთხილა ივლისშიც.

ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარი მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და  „კავკასია“ დაასანქცირა.

ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება,  წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.

რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს - ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული მასალას. 

 
კატეგორია - საქართველო


„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, 2023 და 2024 წლებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, საქართველოს პარლამენტში მომუშავე 12 ჟურნალისტის, 4 ოპერატორისა და 1 ფოტოჟურნალისტის უფლებების შეზღუდვის და დარღვევის 19 შემთხვევა გამოვლინდა. 

როგორც ანგარიშიდან - „აკრედიტაციით და აკრედიტაციის გარეშე მედიის სამუშაო პირობები საქართველოს პარლამენტის შენობაში 2023 და 2024 წელს“ ირკვევა, „მედიაომბუდსმენმა“ 15 ჟურნალისტის და ოპერატორის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სახალხო დამცველს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუმცა, ანგარიშის გასაჯაროების დროისთვის (20.08.2024) სახელმწიფოს საპასუხო ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობაში, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, შეზღუდვები და ხელოვნური ბარიერები გამოყენებული იყო დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფების მიმართ. სახდელის დაკისრების ინიციატორები იყვნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და საქართველოს პარლამენტის აპარატი“.

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევებიდან 3 პარლამენტის შენობიდან გამოძევების ფაქტია, 3 პარლამენტის წევრის ეთიკური ნორმების სავარაუდო დარღვევა, ხოლო 12 აკრედიტაციის შეჩერება (აქედან 1 სახდელის განმეორებით დაკისრება). 


„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში ცხადყოფს, რომ 2023-2024 წლებში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მუდმივი დევნა გრძელდება.

„საქართველოს პარლამეტის წარმომადგენლების ჟურნალისტების დიდ ნაწილს სრულიად დაუსაბუთებლად  ართმევენ  შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოდან  გააშუქონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება  აკრედიტაციის შეჩერების გზით, ზოგ შემთხვევაში კი - უსაფრთხოების მიზეზით, დაშვებაზე უარის თქმით.

საქართველოში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ აქვთ უსაფრთხო სამუშაო გარემო:

  • მათ საერთოდ არ იცავენ ან სათანადოდ არ იცავენ სასამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური საერთოდ ან სათანადოთ არ იძიებს მათდამი განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ჟურნალისტურ  საქმიანობას;
  • სახალხო დამცველი სათანადოდ არ რეაგირებს მათი უფლებების დარღვევების ფაქტებზე“ - აღნიშნა დიასამიძემ.

2023 და 2024 წლებში გამოკვეთილ სხვა ტენდენციებთან დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ: 

  • ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებისას სამი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეისწავლა მედიის წარმომადგენლების შევიწროვების და მათი პარლამენტის შენობიდან გამოძევების საკითხების კანონიერება. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების და მიმართვისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს არ მიანიჭა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. Საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის;
  • განმეორებითი დარღვევის საფუძვლით საქართველოს პარლამენტის აპარატმა უკანონო და არაპროპორციული სახდელი გამოიყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის სოფიო გოზალიშვილის მიმართ, როცა ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალა საქართველოს პარლამენტში საქმიანობა;
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს 2023 წელს პარლამენტის წინააღმდეგ რეგლამენტის გაუქმებასთან დაკავშირებული დავები.

„მედიაომბუდსმენის“ განმარტებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განვითარებული პრაქტიკა, რაც კრიტიკული მედიასაშუალებების დასჯის ტენდენციად ჩამოყალიბდა, ყველაზე თვალსაჩინოდ მიანიშნებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის მნიშვნელოვან კრიზისზე.


სამი ჟურნალისტის პარლამენტის შენობიდან გამოძევების საქმე რეაგირების მიღმა


2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გააძევეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტორეპორტიორი ვახტანგ ქარელი, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია და ონლაინ გამოცემა On.ge-ს რედაქტორი თამარ გეგიძე. სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცის კომიტეტებში რუსული შინაარსის კანონპროექტის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა. 

„მედიაომბუდსმენმა“ საქართველოს პარლამენტს მომხდარი ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით სამჯერ (05.03.2023, 16.03.2023 და 24.04.2023) მიმართა. ადმინისტრაციულ ორგანოს პასუხი არ ჰქონია არც ადმინისტრაციულ საჩივარზე. ორგანიზაციამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსაც.

საპარლამენტო აკრედიტაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავები

  • „ფორმულა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ტელეკომპანია „ფორმულას“ სარჩელი. ტელევიზია მისი ჟურნალისტის, სოფიო გოზალიშვილისათვის საპარლამენტო აკრედიტაციის 6 თვით შეჩერებას ასაჩივრებს.

პარლამენტის აპარატის დასაბუთებით, სოფიო გოზალიშვილმა 2024 წლის 29 მაისს უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა კვლავ გააგრძელა და ვიდეოჩაწერა არ შეწყვიტა.

„ფორმულამ“ სასამართლომდე საჩივრით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა, კანონით დადგენილ ვადაში მან წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით არ იმსჯელა.

სასამართლომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება არ შეაჩერა და მიუთითა, რომ მისი შეჩერება სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს. აღნიშნული განჩინების გაუქმების მიზნით, ტელეკომპანიამ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

  • „TV პირველი და ნატალია ქაჯაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

„TV პირველი“ და მისი ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია 2023 წლის მაისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც აკრედიტაციის წესებს ადგენს და ამ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოითხოვენ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. იდენტური შინაარსის მოთხოვნით ჟურნალისტები და ოპერატორები საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ. 


გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა - რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. GDI-იმ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესიც, რომელიც უსაფრთხოების მოტივით ნივთების შეტანას ზღუდავს. სასამართლომ ორივე საქმე არსებითად განსახილველად მიიღო.


პარლამენტის ეთიკის საბჭოს უმოქმედობა

როგორც „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში ვკითხულობთ, პარლამენტის წევრების მხრიდან გამოვლენილი არაერთი დარღვევისა და საჭირო ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა და დღემდე არ ეკისრებათ კანონმდებლებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

„ჟურნალისტების სამუშაო გარემო საქართველოს პარლამენტში უფრო და უფრო მძიმდება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან აგრძელებენ ჟურნალისტების შევიწროვებას როგორც უხეში ქცევით, ისე საკანონმდებლო აქტების გაუარესებით“.


ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში:

 

 

კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა.

„გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები,“ - ნათქვამია ComCom-ის განცხადებაში.

დოკუმენტში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. 

გზამკვლევში ასევე განხილულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმები, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების მიხედვით



—------------------------------------------------------------------------------------------------

15 აგვისტოს ComCom-მა  ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა, ხოლო პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის წერილობით გააფრთხილა POSTV-ი.

9 აგვისტოს კომისიამ პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის დაასანქცირა .„ალტ-ინფო“.  

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის -  რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ გააფრთხილა ივლისშიც.

 ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარიც მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და  „კავკასია“ დაასანქცირა.

ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება,  წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.

რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს - ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული მასალას. 

 
კატეგორია - საქართველო

დღეს, 16 აგვისტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიების „მთის ამბები / საქართველოს ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სახელით რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შევიდა.
 
„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის 3 მუხლს: დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებას შეეხება.
 
„სარჩელით რუსულ კანონს სადავოდ ვხდით საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებით. ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვითხოვთ რუსული კანონის მთელი რიგი მუხლების შეჩერებას.
სარჩელში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რასაც რუსული კანონი უქმნის გამომძიებელ ჟურნალისტებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას,“ - წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში. 
 
„სტუდია მონიტორის“ რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, რუსული კანონი გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრიმინაციას ახდენს, ვინც კრიტიკულ კონტენტს ქმნის და ხელისუფლებისგან თავისუფალია.

„დიდი მოლოდინი არ გვაქვს. მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლო მაინც სისტემის ნაწილია. თუნდაც დავის მოგების შანსი 0.001% იყოს, არ გვაქვს უფლება არ გამოვიყენოთ. ამ კანონის უკან იმხელა უფსკრულია არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა ზურიაშვილმა.
 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ოთხი სარჩელი შევიდა.

17 ივლისს საკონსტიტუციოს სამოქალაქო სექტორმა მიმართა. 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია რუსული კანონის გაუქმებასა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ითხოვს. 

რუსულ კანონთან დაკავშირებით 18 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელიც დარეგისტრირდა.
 
ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან პრეზიდენტს აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავს და ასევე, მოსამართლეებს აქამდე არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რომლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგიანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამავე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება და „სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
 
29 ივლისს კი საკონსტიტუციო სასამართლოს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
 
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.