საქართველო
კატეგორია - საქართველო



TV 24-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნანა ლეჟავა ტელევიზიიდან მისი წამოსვლის მიზეზებზე სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ვრცლად ჰყვება:

"ამბავი იმაზედ, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი

სათაურში შემძლო გამეტანა - როგორ გავხდი თაღლითი პილიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღლი განაცხადი მგონია. ამიტომ დავტოვებ როგორც არის. მოკლედ, გიყვებით: ეს ორი ადამიანი - შოთა შალელაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი და მონა-მორჩილი, ვინმე სანდრო თოფურია თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩემთან კონტაქტს, თუმცა უშედეგოდ. საერთო მეგობრის  ჩარევის შემდეგ კონტაქტი შედგა. სწორედ იქ გავიგე, რომ პარტიაც ჰქონიათ, ორკაციანი, და დიდი გეგმები ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ 2024 არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, უფრო შორეული პერსპექტივის  ამბავი იყო ეგ. მათი მხრიდან  დაიდო უამრავი პირობა, რომ სურდათ ეხილათ ყველა პარტიისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დაგვეწყო მცირე ბიუჯეტით, შემდეგ  გავიზრდებოდით. ნუ, პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზნოდ ამ საცოდავ ქვეყანაში ტელევიზიას არავინ ხსნის. გარკვევით ავუხსენი, რომ  თუ ჰქონდათ იმედი, ეს ტვ მათ ოქტომბრის არჩევნებში რამე დივიდენდებს მოუტანდა, დაევიწყებინათ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უარყვეს.

ამის შემდედ იწყება მუშაობა ტვს გასახსნელად: ოფისი, ტექნიკა, სტაფი . რა თქმა უნდა, როგორც მომავალმა დირექტორმა ვიკითხე, რა იქნებოდა ტელევიზიის ბიუჯეტი, რომ განმესაზღვრა მომავალი. ნუ, ამაზე პასუხი იყო - რაც დაგჭირდება -იქნება. გაიწერა სტრუქტურა - პირველ ეტაპზე რამდენი თანამშრომელი გვჭირდებოდა, რა ტექნიკა - და შევუდექით საქმეს. ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვა სანდრო თოფურიას ჩააბარეს, ვინაიდან მე ფინანსებში გარევა არ მოვინდომე. ეს ადამიანი შოთა შალელაშვილის მარჯვენა ხელია  და ყველაზე სანდო ადამიანი, როგორც მივხვდი.  საბოლოოდ,თვენახევარში  ამ ხალხმა მომთხოვა სასწრაფოდ ეთერში გასვლა, თუმცა ჩვენ არ გვქონდა საეთერო ბადე შევსებული. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც კი არ ვიყავით ტექნიკურად მზად! ლაივუები ბოლო დღეს ჩამოვიდა, ბოლო დღემდე არ გვქონდა შიდა ქსელი, ხმის ჩამწერი ოთახი და მილიონი რამ), მაგრამ მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა. ამიტომ, ზუსტად თვენახევარში  პირველი ეთერიც შედგა და, პროფესიონალების დამსახურებით, კარგი ეთერი - ამას ვიტყვი ხმამაღლა და თავაწეული. 10 ივნისს გავდივართ ეთერში და მანამდე ვიღებ სანდრო თოფურიას პირობას, რომ ოღონდ ეთერში გავიდე და მექნება ყველაფერი ნორმალური ფუნქციონირებისათვის! არ დაგვიწყდეთ, რომ არ მყავს ფროდაქშენი (ძვირი ჯდებოდა), შესყიდვები, ანუ ჯერ ვერც ვოცნებობ რომ ბადეში საინფორმაციოს  გარდა სხვა გადაცემა მექნება, მაგრამ მპირდებიან, რომ, აი, მე ეთერში  გავიდე და ოქროს სარაიას ამიშენებენ!

არც ერთი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ტვ 24 ში, არ მიმიღია ბატონ სანდროსთან შეთანხმების გარეშე! თუმცა მუდმივად  მიწევდა ახსნა, მაგალითად , რაში  მჭირდება ორი ვიზაჟისტი ! რეგიონებში სტრინგერები (ბიუროები ძვირი სიამოვნებაა), სამ სამონტაჟოზე მეტი, ხუთ კამერაზე მეტი.  ვინც  ტვ-ში მუშაობთ, ხომ იცით ინჯესტი რას აკეთებს? (ყველა მასალას იღებს) და მე მიწევდა ხმალაობა ამ ორ, ტელევიზიაში დილეტანტ ადამიანთან, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო.

მოკლედ, სადღაც 20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა (როიტერზე ჯერ თანხმობა მომცეს, მერე გამაუქმებინეს - ძვირიაო) და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა.

ასე, მაგალითად, სანდრო თოფურია ერთი თვის წინ შეხვდა იურისტს, რომელზეც მთხოვა მიმეყვანა და გამეცნო მისთვის, მოელაპარაკა ხელფასზე, გრაფიკზე. ორი შეხვედრის შემდეგ დაითანხმა (ისიც ჩემი ფაქტორის გათვალისწინებით). ერთ თვეში, როცა ორი იურისტი უკვე აყვანილია და მუშაობს - სანდრო ამას იკვირვებს. ამბობს, რომ მანევრი ჩაუტარეს ! და რატომ უნდა უხადოს ხელფასი!ანუ ის ორი შეხვედრა, შეთანხმება, პირზე კოცნა, ვაუ რა მაგარია, რომ დაგითანხმე - გაქრა ხალხო!!იგივე ხდება ფილმების შესყიდვაზე - ელაპარკაება ერთ-ერთ კომპანიას, სადაც შუამავალი ასევე ვარ მე. მეილზე მე ვუფორვარდებ  ფილმების სიას. თავად არჩევს სათითაოდ ფილმებს. 7 ივნისს თავად უკავშირდება ამ კომპანიის ხელმძღვნელს და ტელეფონით უდასტურებს, რომ უნდა ეს ფილმები და ლიცენზიების  მოპოვებას თხოვს. ერთ კვირაში ფილმების ნაწილზე ლიცენზია მზადაა. ვაკეთებთ ანონსებს, ვაჩვენებ ამ ანონსებს ბატონ სანდროს. ის უკვე სიხარულით ჭყლოპინებს - ვაუ, რა მაგარი ანონსია (მიმოწერა არსებობს) და როცა  უკვე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები, ნურას უკაცრავად! როგორც ჩანს,  ბატონ შოთას არ მოსწონს ფასი - ძვირია- და  ზარია ჩემთან სანდროსი: მე ამ ფილმებზე არ მითქვას თანმობა!  რატომ იყიდეთ?? ვინ იყიდა??რატომ გადის??

ბოდიშიიიიიი???? მოკლედ,გადააგდეს ის  კომპანიაც! სანდრო  მის  ბატონთან კატეგორულარ უარყოფს რომ ფილმები მისი არჩევანი იყო)))რომელი ერთი მოვყვე კიდევ??? საბოლოოდ რა დამბრალდა მე: უი,რამხელა სტაფია, ვინ გითხრა - ამდენი თანამშრომელი აიყვანეო? როცა ყველა მათგანი გავლილი იყო ბატონ სანდროსთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე დამოუკიდებლად ამ ხალხს ვერ გადავუხდიდი ხელფასს!  მანიპულატორი ვარ და ფილმებზე გადაწყვეტილება მიმიმიღია დამოუკიდებლად! ვასაქმებდი  ნათესავ -მეგობრებს.დიახ, ბატონო შოთა და ბატონი სანდრო, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც მე მოვიყვანე, არის პროფესიონალი და  თითოეულ მათგანზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. რასაც ვერ ვიტყვი თქვენს მიერ მოყვანილი თანამშრომლების ნაწილზე, რომლებიც იყვნენ არაკომპეტენტურები და მათი საქმე მხოლოდ “დანოსების” წერა იყო.

ურთიერთობა შევიდა ჩიხში და მივიღე გადაწყვეტილება, ბატონი შოთა ჩამეყენებინა საქმის კურსში. მე ეთერში გავსლამდე მისი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცოდი, იმდენად არ მქონდა მასთან ურთიერთობა  და არც მჭირდებოდა. ბატონ შოთას შევხდვი ხუთშაბათს 4 ივლისს, პირისპირ და მოვუყევი ყველა იმ უტიფარი და გაუგონარი ტყუილის შესახებ, რასაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი კადრულობდა! პასუხად მივიღე, რომ ვერ დაიჯერებს!და უარესი ამბები მოვისმინე: მაგალითად, ბატონი შოთა არ აპირებს საშემოსავლოს გადახდას და ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ. კიდევ ერთხელ, ბოდიშიიი?? კონტრაქტებში რომ სხვანაირად წერია?? ნუ, ეს სანდროს პრობლემააო, რატომ ჩაიწერა ასე თურმე. იქვე დავაფიქსირე,რომ ასე ვერ ვიმუშავებდი და წავიდოდი. ნუ იჩქარებო, იყო პასუხი და შემდეგი შეხვედრა შაბათს 6 ივლისს დაინიშნა, უკვე სანდროსთან ერთად.

ვინაიდან  საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ თაღლითებთან მქონდა საქმე, მომზადებული წავედი და საუბარი ჩავიწერე ტელეფონით . ნუ ისინი ორი ტელეფონით მწერდნენ! ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ხალხო, თმა ყალყზე დამიდგა იმ უტიფარი ტყუილების მოსმენით რასაც ეს ხალხი კადრულობდა!!

პირველი  ჩემი შეკითვა შეეხებოდა რას ნიშნავს, რომ თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო?? როცა წინა თვეში მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს ხელფასი  დაუბეგრავად - ის, რაც ეწერათ კონტრაქტებში!! პასუხი ???? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები -ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა??? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინ!!! ანუ, ხალხო, კონტრაქტების თავზეც გავიარეთო, მე ვარ ის დირექტორი, ვისი ხათრითაც ხელფასები რიგდება! მოკლედ საუბარი არ შედგა ბატონი სანდრო თოფურიას  უტიფარი ტყუილების გამო.

ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის მოძალადედ ვიქეცი და ლამის წყლის ბოთლი(პლასტმასის  :დდ ) დავალეწე თავზე ამ მონას . მადლობა ღმერთს, არსებობს ჩანაწერი, სადაც ყველაფერი გარკვევით ისმის. მე ეს ჩანაწერი მოვასმენინე ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან კუთვნილ ხელფასს. ისინი შეხვდნენ სანდრო თოფურიას. ბატონმა შოთამ არ იკადრა ნიუსრუმთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მონამ უარყო საშემოსავლოს პრობლემაც, წინა თვის ხელფასის ახსნაც და ყველაფერი, ყველაფერი რაც ჩანაწერშია!!

მოკლედ, შემიძლია ბევრი რამ მოვყვე. მათ შორის სანდროს და შოთას  მოყვანილ და შემდეგ “ატკატების”მიზეზით სანდროს  მიერვე გაგდებულ და უკან  მობრუნებულ თანამშრომლებზე (საუბარია ტექ-დირექტორზე, რომელიც მე უკვე დამახვედრეს და ბატონი სანდროს დაქვემდებარებაში იყო სტაფიანად, ასე უნდა ყოფილიყო სანამ საბოლოოდ  არ დავლაგდებოდით) ხოდა “ატკატებს” და ფულის შეჭმას რომ აბრალებდა, ის კაცი ორ კვირაში უკან დააბრუნა!

და ბოლოს:

მივმართავ პრეზიდენტს, რომლის მხარდაჭერითაც თურმე იქმნება კოალიცია და იქ ეს ბატონები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი! არ გირჩევთ თაღლითების პოლიტიკურ  ველზე შემოყვანას, თუნდაც მათ დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდეთ!! ისედაც ბევრი ნაგავია ქართული პოლიტიკიდან გასატანი და საქმეს ნუ გაგვირთულებთ ამომრჩეველს. გითხრათ, რად უნდოდათ ტელევიზია? წონას იმატებდნენ - აი ობიექტური ტვ გვაქვს, ფული გვაქვს - ასე დადიოდნენ კარდაკარ :)) 

დანამდვიილებით ვიცი მათი შეხვედრები “ახალთან” როგორ სთავაზობდნენ თავს :)) თუმცა ორივე ნიკასგან უარი მიიღეს! ხოდა ბატონო შოთა, ხელფასები ჩაურიცხეთ ხალხს! მათ შორის მეც! წინა თვეში ჩემი, ამ კომპანიაში პირველი ხელფასის ნაწილიც გააქრეთ, ისე რომ უწყისზე ხელი არ მომიწერია, არ მომიტანა თქვენმა მონამ და არც საშემოსავლო გადაგიხდიათ როგორც მე მაბოლებდით. კომპენსაციასაც გადაიხდით !!!აქ უტვინო არავინაა)) ყველა სიტყვაზე,  რაც აქ დავწერე, პასუხს  ვაგებ. წარვადგენ აუდიო ჩანაწერსაც და ყველა ადამიანი, ვისთანაც სანდრო თოფურიას ჰქონდა პირადი შეთანხმება და შემდეგ გადააგდო, ასევე მზადაა სალაპარაკოდ.

ბოდიში ყველასთან, რომ ასეთი მიამიტი აღმოვჩნდი. ბოდიში ყველა იმ ადამიანთან, ვინც  დავასაქმე, ვინც ჩემს გამო დატოვა სამსახური და ტვ 24-ში კარგი საქმეების საკეთებლად  წამოვიდა. დიდი მადლობა ტვ 24 ის გუნდს , თითოეულ თანამშრომელს, ისინი არიან პროფესიონალები და მადლობა მათ ერთად გატარებული ყველა წუთისთვის! ჩვენ შევძელით შეგვექმნა ისეთი გუნდი, სადაც ყოველი სამუშაო დღე ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებდა! ბატონო შოთა, ბატონო სანდრო, აი თქვენ კი პირობას გაძლევთ, რომ თქვენი გვარები ამ ქვეყანაში არასოდეს არც ერთ საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება!!"

TV 24-ის ეთერში კი დაახლოებით 19:54 წუთზე გაჩნდა წარწერა: "საცდელი მაუწყებლობის ეტაპი დასრულდა, მალე დაგიბრუნდებით". ეთერში არ გასულა მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც. გავრცელებული ინფორმაციით, გაიფიცნენ ტვ 24-ის თანამშრომლებიც. "მედიაჩეკერი" ამ ინფორმაციის გადამოწმებას სხვადასხვა წყაროსთან ცდილობს და მასალა შესაბამისად განახლდება.

ცნობილი, რომ ნანა ლეჟავამ TV 24 დატოვა 8 ივლისს გახდა, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ის დირექტორობის თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. TV24-ის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც ტელევიზიის მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო.

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 

 
 
 
 
კატეგორია - საქართველო




იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტ ტელევიზია "სტუდია იუსტიციისთვის“ იუსტიციის სასწავლო ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტიდან 184 000 ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ "მედიაჩეკერს" ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიაწოდა. ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჟვანიას ხელმოწერით გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი სრულად იუსტიციის სასწავლო ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან ფინანსდება. 

"სტუდია "იუსტიცია“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება შემეცნებითი გადაცემები, რომელთა მეშვეობითაც იურისტები, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, დოქტორანტები და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული სხვა პირები მიიღებენ სათანადო ინფორმაციას სამართლის აქტუალურ საკითხებზე", - ვკითხულობთ წერილში.

"მედიაჩეკერმა" სასწავლო ცენტრიდან  "სტუდია იუსტიციასთან" დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია მიმდინარე წლის 17 ივნისს გამოითხოვა, პასუხი კი გუშინ, 9 ივლისს დაგვიანებით და არასრული შინაარსით მიიღო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა".

მედია გამოცემამ იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებითაც ითხოვა, თუ როგორ და რა სტრუქტურით იმუშავებდა „სტუდია იუსტიცია“, ვინ იქნებოდა მისი ხელმძღვანელი და სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი. 

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 13 ივნისს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ახალი ინოვაციური პროექტი - “სტუდია იუსტიცია” დაიწყო, რომელიც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებდა. 

"იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც იურისტებს ექნებათ საშუალება, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები, სტუდენტებს კი შეეძლებათ სრულიად ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ლექციების მოსმენა და განათლების მიღება. რაც განსაკუთრებულად მახარებს და ემოციურია არის ის, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს დამზადებულია საქართველოში!"

"სტუდია იუსტიციის" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე პირველი გადაცემა - "მთავარი თემა" 27 ივნისს გავიდა. მისი პირველი სტუმარი სწორედ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იყო, რომელმაც სტუდიის შექმნის მიზნებზეც ისაუბრა. 

"სტუდია იუსტიციის" გადაცემის წამყვანი ანა ფილაურია. მისი კიდევ ერთი სტუმარი იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, ლაშა ლობჯანიძე იყო. სტუდიის ფეისბუკ გვერდზე გვხვდება ვიდეოგაკვეთილიც საქართველოს კონსტიტუციის შესახებ.

კატეგორია - საქართველო



„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მედიის აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა. 

"მე-10 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება უკანასკნელი წლებია აქტიურად დაიწყო. 2023 წელს მედიისა და ღიაობის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ, აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის".

TI-ის ანგარიშის მიხედვით, ვიზიტორს პარლამენტის აპარატის თანხმობის გარეშე ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და პარლამენტის შენობაში სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების შეტანა აეკრძალა, რაც  გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაშია. 

"პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. ახალი წესებით პარლამენტის შენობაში საშვის დაშვების პროცედურები გამკაცრდა და აუცილებელი გახდა პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზნის აღრიცხვა. აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელია, ვინაიდან შეზღუდვები მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უნდა მოქმედებდეს და თუკი ამ მიზანს არ ემუქრება საფრთხე, მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტში გამართულ ღია ღონისძიებებზე დასწრება".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

"პარლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართულობაზე საპარლამენტო საქმიანობაში და არ ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე; 

პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება. პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ნეგატიურად შეაფასა სიძულვილის ენის რეგულირებაზე საკანონმდებლო ცვლილებები. 

"პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან (როცა პროფესიული სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის, მედია თავად განიხილავს საჩივრებს და მათზე რეაგირების ფორმებს) რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა, კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის".

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სიძულვილის ენისა და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება დაშვებულია და იგი შესაძლოა,  კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებულ სადამსჯელო ბერკეტად იქცეს.

კატეგორია - საქართველო


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, TV24-ის დირექტორობის თანამდებობიდან ნანა ლეჟავა 6 ივლისს გათავისუფლდა და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. TV24-ის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც ტელევიზიის მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო. 

შოთა შალელაშვილი მეუღლის მინდობილი პირი 2024 წლის 11 ივნისს გახდა და მას ირა ფიჩხაძემ სხვადასხვა უფლებამოსილება მიანიჭა, მათ შორის პარტნიორთა კრებაზე ინტერესების წარმომადგენლობა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება,  ხელმოწერა და კერძო/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან წარმომადგენლობა.  

ცნობილი რომ TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა, დღეს გახდა. ლეჟავა „ტვ 24“-მდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უძღვებოდა. 

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს. დარსალია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია, ის მანამდე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის, "ახალი კვირის" წამყვანი იყო.
კატეგორია - საქართველო



ონლაინ გამოცემა "მედიაჩეკერმა" 2024 წელს აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია, 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, ვერ მიიღო.

გამოცემამ საქართველოს პარლამენტისგან საჯარო ინფორმაცია 1 თვის უკან, 6 ივნისს გამოითხოვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა".

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, განმცხადებელს ეს  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ან "საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას".

"მედიაჩეკერის" რედაქცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებს ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენლის ინფორმაციით, მომზადებული პასუხი ისევ ვიზირებაზეა, რაც უფლებამოსილი პირის ხელმოწერას გულისხმობს. 

მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ოთხ ჟურნალისტს შეუჩერდა.  

საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია. 

"ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობასაც. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოვლენილი გამოწვევები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის დაწყებასა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობაზე".  





კატეგორია - საქართველო



TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა. "მედიაჩეკერს" ეს ინფორმაცია შოთა შალელაშვილის ასისტენტმა, სანდრო თოფურიამ დაუდასტურა. TV24-ის 100%-იან წილს სწორედ შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე ფლობს. 

თოფურიას თქმით, ლეჟავამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან მფლობელისგან შეთავაზებულ თანამშრომლობის ფორმატზე კატეგორიული უარი განაცხადა.

„ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მასთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები იყო შეთავაზებული, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ეხებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციას. 

არხის მეპატრონისგან, ქალბატონი ირასგან იყო შეთავაზება და მივიღეთ უარი. შეთავაზების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არის იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკების საგანი“.

სანდრო თოფურიას განცხადებით, ნანა ლეჟავას გადაწყვეტილების ფინანსურ ნაწილთან დაკავშირება გამორიცხულია. 

„მოლაპარაკებები, არცერთ შემთხვევაში, არ ეხებოდა ფინანსურ მხარეს…არხის განვითარებაზე იყო საუბარი, რეორგანიზაციასაც ვერ დავარქმევ  და იყო გარკვეული წინადადება არხის მეპატრონესგან არხის განვითარებასთან დაკავშირებით. გარკვეული პროგრამა უნდა შემუშავებულიყო. იყო შეთავაზებები დირექტორის მხრიდან, რაც უნდა განხორციელებულიყო, რისი უფლებაც მეპატრონეს იურიდიულად აქვს. 

შესაბამისად, შემოთავაზებულ წინადადებაზე დირექტორის მხრიდან მივიღეთ უარი და მან ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა წასულიყო…ეს გეგმა ეხებოდა ტელევიზიის განვითარების შესაძლებლობის მიცემას. ვთხოვეთ, გარკვეული პროექტის, გეგმების წარმოდეგენა. Როცა ეს ყველაფერი ვერ მივიღეთ, შევთავაზეთ ისევ ტვ 24-ზე დარჩენილიყო და ყოფილიყო სხვა სტატუსით… დირექტორის შეცვლა არ გვნდომებია….Მან გადაწყვიდა, რომ დირექტორობაც არ შეუძლია, შესაბამისად წავიდა".

„მედიაჩეკერი“ ნანა ლეჟავასთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა, ის რედაქციის ზარებს არ პასუხობს. 

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 

სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს. დარსალია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია.

 
კატეგორია - საქართველო



"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი ამ დრომდე სათანადოდ გამოძიებული არ არის.

საია 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს, მათ შორის 17 სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია. მათზე ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა იძალადეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 2 პირს კი ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება, თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.

"გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

"ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა", საიამ მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. საქმეზე მხარეთა შეპასუხების ეტაპი დასრულებულია და ისინი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აღნიშნავს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი კი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.

"5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე - სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს", - წერს საია. 

 
კატეგორია - საქართველო



მე-10 მოწვევის პარლამენტის მეოთხე საგაზაფხულო სესიის დახურვის დღეს, 28 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ ტელემედიის აკრედიტებულ ჯგუფებს მიეცათ. 

ამ დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანგარიში წარადგინა. წინა დღეს, 27 ივნისს კი პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ოფიციალური განცხადება კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, პრემიერის მოხსნებისთვის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები არ დაუშვა. 


უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა


2024 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში [თებერვალი-ივნისი] პარლამენტმა  უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებასთან დაკავშირებით 20-მდე განცხადება გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილის ბრძანებით ამოქმედებული უსაფრთხოების ყვითელი დონე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პირველად აპრილი-მაისის პერიოდში შეეხოთ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საკანონმდებლო განხილვების დროს ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი მედია ორგანიზაციების ნაწილს პირდაპირ ეხება და მათ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" მოიხსენიებს. 

ონლაინ მედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტში პირველად 15 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის დღეს არ შეუშვეს. მეორე დღეს, 16 აპრილს კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ პროტესტის დასაფიქსირებლად სურდათ და მედიას ჟურნალისტური აკრედიტაციით ბოროტად არ უნდა ესარგებლა.

შალვა პაპუაშვილმა  ონლაინ მედიის შეზღუდვაზე საუბრისას 8 აპრილის ბიუროს სხდომაც გაიხსენა, როდესაც მედია გამოცემა „პუბლიკას” ჟურნალისტმა, ნათია ამირანაშვილმა საპროტესტო ბანერი - „არა რუსულ კანონს“ გაშალა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამოცანა მსგავსი შემთხვევების პრევენცია იყო. რუსული კანონის ბიუროზე განხილვას ვერ დაესწრნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც მუდმივმოქმედი აკრედიტაციაც ჰქონდათ.


რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის გასაშუქებლად პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა  საშვები არ დაუშვა ონლაინ გამოცემა „მედიაჩეკერისთვისაც". მაშინ მედია გამოცემას მიზეზი ოფიციალური მეილით ასე განემარტა: „ჩვენი დეპარტამენტი საშვებს უშვებს მხოლოდ იმ მედიასაშუალების ჟურნალისტებზე, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ“. ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის, თამარ ჯანელიძის განცხადებით, კი „მედიაჩეკერისთვის“ საშვები მისი ერთ-ერთი ჟურნალისტის, ნინია კაკაბიძის გამო არ დაუშვეს. 

რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელსაც წარადგინა, თუმცა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე კანონპროექტი უკან გაიწვია და  მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. პროტესტი - „არა რუსულ კანონს" 2023 წელს სწორედ ჟურნალისტებმა დაიწყეს.  ისინი 2023 წლის მარტში პარლამენტში ბანერებითა და სასტვენებით მივიდნენ.





„პუბლიკას“ მთავარი რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის შეფასებით, პლატფორმების მიხედვით მედიის შეზღუდვა დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება.

„არგუმენტი ან დასაბუთება, რომელიც ახსნიდა ამ გადაწყვეტილების ვალიდურობასა და საჭიროებას არ არსებობს…შესაბამისად, მათი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ იმ ჟურნალისტების რაოდენობა პარლამენტში, რომლებსაც კონკრეტული კრიტიკული კითხვები აქვთ…შესაბამისად, ამ ინსტრუმენტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოგვიდგინა, როგორც წესი, რომელიც, თითქოს, უსაფრთხოებას არეგულირებს, იყენებენ ბოროტი მიზნებისთვის და ეს მიზანი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვაა“.

როგორც „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, ყვითელი დონის ამოქმედება მოხდება ყოველთვის, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები გადაწყვეტენ, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა დაუშვან.



„სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ მიზნით ამოქმედებულ რეგულაციებს მედიების დაცენზურების საშუალებად მიიჩნევს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი.

„ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ონლაინ მედიას მთლიანად აუკრძალეს მუშაობა, ვინაიდან მათთვის ძალიან მარტივია მხოლოდ ტელევიზიების გარემოცვაში მუშაობა. ტელეკომპანიების ძირითადი ნაწილი სახელისუფლებოა, ხოლო თითზე ჩამოსათვლელია ტელევიზიები, რომლებიც თავიანთი შეზღუდული რესურსით ადგილზე მუშაობენ, მათი დადანაშაულება პოლიტიკურ აფელაციებში კი ძალიან  მარტივია.  მათთვის იოლია ამის გაკეთება, რასაც ვერ იზამენ ონლაინ მედიის შემთხვევაში. ვერ იტყვიან, რომ ჩვენ ან სხვა ონლაინ მედია, მაგ. „პუბლიკა“,  რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან ასოცირდება და  შეზღუდვისა და ცენზურის ასეთი ფორმა მოიფიქრეს“. 

კუპრეიშვილის თქმით, ბევრჯერ ჰქონდათ სურვილი, ადგილიდან გაეშუქებინათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, დაესვათ კითხვები და მათი აუდიტორიისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„საკმარისი არაა ის ონლაინ პირდაპირი ეთერი, რომელიც პარლამენტის გვერდზე გადაიცემა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პარლამენტის დარბაზში მომხდარა დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკურიც. ამ დროს, პარლამენტის ლაივი ითიშება, რის შემდეგაც არ ვიცით, თუ რა ხდება. მოქალაქეებს კი აქვთ იმის უფლება, იცოდნენ, თუ რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, როგორ იქცევა მათ მიერ არჩეული კანონმდებელი."

ნათია ინაური 20 წელია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ საპარლამენტო კორესპონდენტია. ინაური ერთ-ერთია, რომელსაც ოფიციალური საპარლამენტო აკრედიტაციის მიუხედავად, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედებით გათვალისწინებული რეგულაციები შეეხო. ჟურნალისტის თქმით, ეს მედიისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

„ყველა მედია ცდილობს, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. შესაბამისად, როცა ამის შესაძლებლობა არ ხერხდება და თან იმ ფონზე, როცა აკრედიტაციები აქვთ ჟურნალისტებს, მაგრამ მათი ერთი ნაწილი შედის (ტელევიზიების), ხოლო სხვებს ეუბნებიან უარს, გამოარჩევენ დისკრიმინაციული მიდგომით, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. დიდი ხანია ვაშუქებ საპარლამენტო საქმიანობას და ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არ მახსენდება“.

რადიო „პალიტრას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ანა მარშანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რადიოს ჟურნალისტებს აკრედიტაციის აღების საჭიროება არ ჰქონიათ, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა ყველა ჟურნალისტს უნდა მიეცეს.

„ვინაიდან ჩვენ ინტეგრირებული ნიუსრუმი გვაქვს, როგორც „ინტერპრესნიუსის“, ისე „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლები ჩვენი ჟურნალისტებიც არიან და მათ მიერ მოწოდებული მასალებით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი პარლამენტში აღარ დაუშვეს, ამ მიმართულებით მუშაობა გამიჭირდა. როცა ჟურნალისტი პარლამენტში იყო და ჩართვა მინდოდა, ადგილიდან ვრთავდი. როცა ეს შეზღუდვები ამოქმედდა და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ისიც არ დაუშვეს, ბარიერები მეც შემექმნა“.





ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ყვითელი დონით გამოწვეული შეზღუდვა და მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დისკრიმინაციად მიიჩნიეს და ამის დასადგენად 16 აპრილს სახალხო დამცველს მიმართეს. წინა დღეს, ლევან იოსელიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ პარლამენტში ყოფნის საშუალება ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა ჰქონდა. ომბუდსმენს ამ საკითხის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია.


საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება

სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დასადგენად მიმართე აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტებმაც. ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლაც. 

მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ოთხ ჟურნალისტს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანისთვის გაგზავნილ პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად იყო განმარტებული: „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.

პარლამენტის აკრედიტაციის წესით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ინწკირველის თქმით, სოფო გოზალიშვილს გარდა, აკრედიტაცია შეუჩერდა გიორგი კიკაბიძესაც, რაც რედაქციისთვის ძალიან რთული „სასჯელია". 

„შეიძლება, ეტაპობრივად რამდენჯერმე გამოგიწერონ ეს „ბილეთი“ და აღმოჩნდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჯგუფი არ გყავს წარმოდგენილი და არ გაქვს შესაძლებლობა, შენთვის საინტერესო კითხვა დასვა და მასალა მოიპოვო. თუმცა, ამ შეზღუდვით, საინტერესო შეკითხვებს მაინც ვერ სვამ. შენ მხოლოდ იმ მასალას იღებ, რასაც გთავაზობენ. იმის საშუალება არ გაქვს, რომ იკითხო ის, რაც გაინტერესებს, რადგან „ქართლი ოცნების“ რომელიმე დეპუტატი თუ ჩათვლის, რომ ეს არის ადევნება, მას შეუძლია გამოგიწეროს საშვი, რომლის შემდეგაც პარლამენტში ვეღარ მოხვდები“.

„მედიაჩეკერთან“ საუბრისას ინწკირველმა აღნიშნა, რომ მისი 40-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილების განმავლობაში, მსგავსი შეზღუდვა არცერთი მთავრობის პირობებში არ უნახავს. მისი შეფასებით, საშემოდგომო სესიაზე მედიისთვის მუშაობა კიდევ უფრო გართულდება. 




„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, თეონა გილიგაშვილის განცხადებით, კრიტიკული მედიის მიმართ უხეში და ცინიკური დამოკიდებულება  ტრადიციად იქცა.

„ამ დაწესებულ რეგულაციებს შედეგად მოყვა ის, რომ არ გვაქვს თავისუფლად მოძრაობის საშუალება და თუ დასმული კითხვა არ მოეწონებათ, აკრედიტაციას გვიწყვეტენ. ამჟამად, ჩვენ ერთი ჟურნალისტი გვყავს, რომელსაც აკრედიტაციაზე შეზღუდვა დაუწესეს“.


სასამართლო სარჩელები


პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა. ლევან იოსელიანის შეფასებით, ამ წესებმა მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.





პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი „ტელეკომპანია პირველმა“ და ნატალია ქაჯაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს. ქაჯაიას განცხადებით, პაპუაშვილის ბრძანება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაასაჩივრეს, მაგრამ პროცესი გაყინულია. 

„ერთი სასამართლოც სხდომაც კი არ ჩანიშნულა. როგორც ჩანს, არც განიხილავენ მას, რადგან „ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის გამოცემულ ბრძანებას/ ჩანაწერს სათავისოდ იყენებს, ვიტყოდი ბოროტადაც, რადგან პარლამენტიდან აძევებენ ყველა იმ ჟურნალისტს, ვისი კითხვებიც დისკომფორტს უქმნით. ზუსტად გუშინ ამოეწურა ვადა ჩემს სანქციას, დღეს დავბრუნდი პარლამენტში. სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით, ერთი თვის განმავლობაში არ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელიც ხელს გვიშლის მუშაობაში და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს".

ომბუდსმენმა ამ საქმის მოსამართლეს, ციცინო როხვაძეს „სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც“ (Amicus Curiae) წარუდგინა. სახალხო დამცველის განმარტებით, „სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ვალდებულება, შეწყვიტოს ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასევე, სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო მზღუდავი ღონისძიებების პროპორციულობის საკითხიც“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა, რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. GDI-იმ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესიც“, რომელიც უსაფრთხოების მოტივით ნივთების შეტანას ზღუდავს. სასამართლომ ორივე საქმე არსებითად განსახილველად მიიღო. 



„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის“, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ორივე ბრძანება არაკონსტიტუციურია. გარდა ამისა „უხეშად არღვევს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და გარკვეულწილად, არის დისკრიმინაციული პრაქტიკებიც, როცა საქმე ეხება მაგალითად, მხოლოდ ონლაინ მედიის შეშვების შეზღუდვას პარლამენტში“. 



 „ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება, ინფორმაცია მისთვის სანდო წყაროსგან  მიიღოს“


„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, 2024 წლის პირველი ნახევარი ჟურნალისტებისათვის განსაკუთრებით რთული იყო.

„ონლაინ მედიის ჟურნალისტებს, თითქმის, წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ პარლამენტიდან გაეშუქებინათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან მათ დისკრიმინაციული რეგულირების საფუძველზე ეკრძალებოდათ პარლამენტსა და მის ეზოში დაშვება. რა საკვირველია, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც საბოლოოდ, ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება, ჰქონდეს შესაძლებლობა მისთვის სანდო წყაროსგან მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“.

დიასამიძის შეფასებით, ბევრად უფრო რთული წლის მეორე ნახევარი იქნება, რადგან წინ გველოდება უკვე მოქმედი რუსული კანონით დაკანონებული რეპრესიები, დევნა და უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები.



„საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის“ დირექტორის, ლია ჩახუნაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტი, რომელიც სხვა საჯარო უწყებებს გამჭვირვალობისა და ღიაობის მაგალითს უნდა აძლევდეს, თვითონ აწესებს ხელოვნურ ბარიერებს ჟურნალისტებისთვის, რომ გაურთულოს წვდომა ინფორმაციაზე და შესაძლებლობა, კომენტარი მიიღონ ხალხის არჩეული პარლამენტის წევრებისგან.

„ასეთი დამოკიდებულება გაუგებარია, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს. საზოგადოებას აქვს უფლება, რომ იცოდეს რა პროცესები ვითარდება პარლამენტში, რის შესაძლებლობასაც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არ აძლევს. კიდევ უფრო უცნაურია ამ ყველაფრის მეორე ნაწილი - შეზღუდვები დაწესებულია დისკრიმინაციულად“.  

„მედიაჩეკერმა“ საქართველოს პარლამენტისგან მიმდინარე წელს აკრედიტაცია შეჩერებული ჟურნალისტების რაოდენობასა და საფუძვლებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია 6 ივნისს გამოითხოვა, თუმცა, 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, პასუხი რედაქციას ამ დრომდე არ მიუღია.

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე კი პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

 



კატეგორია - საქართველო



ონლაინ გამოცემა „მთის ამბების“ ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნო. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-ს თანამშრომლებმა „მთის ამბების“ მთავარი რედაქტორი 2024 წლის 23 იანვარს მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს გამართულ აქციაზე დააკავეს. 

როგორც მთივლიშვილმა აღნიშნა, იგი ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მივიდა, პოლიციამ კი მოგვიანებით დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

გენერალურმა პროკურატურამ კი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს ცნო.

 
კატეგორია - საქართველო



კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა.

რეგულაციები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს, შშმ პირებისთვის კონტენტი პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. 

შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესიც, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.

„შშმ პირების აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის წესის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებისთვის აღნიშნული ვალდებულებები 2029 წლიდან შევა ძალაში და 2033 წლამდე, კოდექსითა და რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტების სრულად დანერგვა დაევალებათ,“ - წერს ComCom-ი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული 2022 წლის 22 დეკემბრის ცვლილებით, კომისიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება დაევალა.

 
კატეგორია - საქართველო


ხვალ, 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. 

შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი დაიშვება, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს კი საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ.

პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზანი სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენაა დაგეგმილი. 

ონლაინ მედიის ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ. მაშინ, 16 აპრილს ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველსაც მიმართეს. 

 
კატეგორია - საქართველო



გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ევრო 2024-ზე ისტორიული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა და ის 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება. 

მნიშვნელოვანი გამარჯვება თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაიწყო, შემდეგ კი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და ნაკრებს მეორე გოლი მოუტანა.

მატჩის დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისეთი საერთაშორისო მედიები ალაპარაკდნენ, როგორებიცაა: New York Times, Guardian, Reuters, Independent, CNN და სხვა.

New York Times-მა გუშინდელი მატჩის შესახებ სტატია შემდეგი სიტყვებით დაასათაურა: „საქართველო-2, პორტუგალია-0 - ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია“. გამოცემამ გაიხსენა საქართველოს ეროვნული ნაკრების გზაც ევრო 2024-მდე.


 

Guardian

საქართველო - პორტუგალიის მატჩს გამოეხმაურა Guardian-იც. მედიასაშუალებამ ხაზი ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლებლობებს გაუსვა. გამოცემამ Მას ძლევამოსილი უწოდა.

„საქართველო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებული ღამის შემდეგ, მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. ოქროს ბიჭებმა, კვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს გოლები, მაგრამ ყველა დანარჩენი მოთამაშე „მხეცურად“ მუშაობდა,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

Reuters-მა კი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას „ისტორიული ევროშოკი“ უწოდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოკისმომგვრელი ფაქტია, როდესაც მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოში მე-6 ადგილზე მყოფ პორტუგალიის ნაკრებს მოუგო.

Reuters-მა ამ გამარჯვებით მოპოვებული წარმატება, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

 

 

Independent

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს გამარჯვებას „შოკისმომგვრელი“ უწოდა Independent-მაც. გამოცემის თქმით, საქართველომ ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგი დააფიქსირა.

„აღმოსავლეთ ევროპელმა ერმა ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა და ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით F ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

საქართველო-პორტუგალიის მატჩს გამოეხმაურა CNN-იც და მას „სენსაციური მოგება“ უწოდა.

„ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით გულშემატკივრების გული დაიპყრო,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

საქართველო ესპანეთს 30 ივლისს დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.