კატეგორია: საერთაშორისო ამბები
StopFake - ცნობილი უკრაინული ვებსაიტია, რომლიც მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდისტული მესიჯებსა და ინფორმაციას იდენტიფიცირებას, ანალიზსა და გადამოწმებას.

გამოცემა 2014 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა დააარსეს. „ებრძოლე პროპაგანდას ფაქტებით“ - სწორედ ესაა StopFake-ს მთავარი მიდგომა კრემლის აგრესიული, საინფორმაციო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორ ხდება ფაქტების გადამოწმება, რა გზებს და მეთოდებს იყენებს კრემლის პროპაგანდა, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას - ამ თემებზე მედიაჩეკერი StopFake-ს აღმასრულებელ რედაქტორს, ვიქტორია რომანიუკს ესაუბრა.


ვიქტორია რომანიუკი: StopFake - ეს იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია. ინფორმაციული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, ჩვენ წავაწყდით აბსურდულ სიცრუეს, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში ვრცელდებოდა რუსების მიერ, არამედ საერთაშორისო აუდიტორიასაც უყალიბებდა წარმოდგენას უკრაინასა და უკრაინელებზე.

თავიდან, მასალებს მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე ვაქვეყნებდით. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის და ასევე, სხვა ქვეყნების რუსულენოვანი აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა ინფორმაციის დამახინჯების, მანიპულაციის და სიცრუის ფაქტები, გამოგვეაშკარავებინა რუსული პროპაგანდის მასშტაბები. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ჩვენი პროდუქტი პროპაგანდის რისკის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომნი. დღეისათვის ჩვენი მასალები ქვეყნდება: ფრანგულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ესპანურ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.

მუშაობისას მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს, ვიყენებთ თანამედროვე ინსტრუმენტებს ფაქტობრივი და ვიზუალური ინფორმაციის სიზუსტის დასადგენად, (ფოტოს, ვიდეოს, კარტოგრაფიული მასალის შემოწმების ციფრულ მეთოდებს და ა.შ). ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ მედიაში უკვე არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და თავად არ ვქმნით რაიმე გზავნილებს (მითუმეტეს პროპაგანდისტულს)

მნიშვნელოვანია, კომპლექსურად მიკერძოების გარეშე მივუდგეთ ინფორმაციის გადამოწმების პროცესს. ზოგჯერ გვხვდება ინფორმაცია, რომელიც ჩვენი, როგორც მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს, ჩვენ არ გვინდა გვჯეროდეს მისი ჭეშმარიტების, თუმცა არ გვაქვს უფლება, პირდაპირ, გადამოწმების, არგუმენტების გარეშე ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია ყალბია. ხდება ისეც, რომ ფაქტების გადამოწმების შემდეგ, ირკვევა, რომ ამგვარი ინფორმაცია, სამწუხაროდ, უტყუარია.

- რა მეთოდს და გზას იყენებს რუსული პროპაგანდა უკრაინაში და განსხვავდება თუ არა ის, სხვა ქვეყნებში არსებული რუსული პროპაგანდისგან?

- 2014 წელს, ჩვენ მხოლოდ უკრაინაზე ვსაუბრობდით. დღეს კი აშკარაა, რომ ის მეთოდები, რომელსაც კრემლის პროპაგანდა იყენებს, უნივერსალურია და მისი გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული პროპაგანდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების შესაბამისად იცვლებოდა. ის გახდა უფრო რთული და უფრო პროფესიონალური. დღეს, კრემლი სოციალურ მედიას და ქსელებს აქტიურად იყენებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. თუმცა, ამის პარალელურად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსული პროპაგანდის, როგორც პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის დონე, მთელს მსოფლიოში გაიზარდა.

კრემლი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს საშინაო და საგარეო უდიტორიისთვის. თუ ვისაუბრებთ პროპაგანდაზე, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთის აუდიტორიაზე, მისი მეთოდები უფრო გართულდა და დაიხვეწა, ასეთი მესიჯების გადამოწმება კი ზოგჯერ, საკმაოდ რთულია. პროპაგანდა, რომელიც მიმართულია რუსეთის მრავალრიცხოვან, ლოიალურ შიდა აუდიტორიაზე, უფრო პრიმიტიულია.

კრემლის პროპაგანდა მუშაობს კომპლექსურად, აუდიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი და კარგადაა შესწავლილი. სხვადასხვა სეგმენტისთვის გამოიყენება სხვადასხვა არხი. თუ მაგალითად, უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის გამოიყენება ტრადიციული მედია - ტელევიზია, ახალგაზრდებზე მუშაობს ინტერნეტ მედია და სოციალური ქსელები.

უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, კრემლი პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს ადგილობრივ ონლაინგამოცემებს. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული სატელევიზიო არხებიც მონაწილეობდნენ ამ პროპაგანდაში. ეს არხები სამწუხაროდ, ახლაც მაუწყებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

- რას ფიქრობთ რუსული არხების და საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვაზე, რა დილემები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს?

-ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და ყოფილა ცხარე კამათის მიზეზი ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს შორის. რამდენად სწორია ეს ნაბიჯები? დაბლოკვით ხომ არ ვლახავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში? ერთი შეხედვით, შეილება ჩანდეს, რომ ესეთი ნაბიჯები არ მეტყველებს დადებითად ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაზე. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ფაქტი, რომ უკრაინა ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია და ეკრანებიდან, მტრის ტელეარხებიდან, ჩვენ გვესმის სიცრუე, რომელიც იდენტობის ტრავმას იწვევს, აყალიბებს ცრუ წარმოდგენებს უკრაინაზე და საერთოდ, აქ მიმდინარე პროცესებზე.

ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობა, რომელსაც აქვს მკვეთრად პრო-რუსული განწყობები, რთულია გადავარწმუნოთ. მხოლოდ არხების დაბლოკვა, გამოსავალი არ არის. აი აქ უნდა ვიმოქმედოთ სხვა ხერხით - კი არ უნდა ავუკრძალოთ, არამედ აღვზარდოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ნათელი გახდა პროპაგანდის შედეგები. დღეს, როცა მისი არსებობა და საფრთხეები ნათელია, ჩვენ ვეძებთ არამხოლოდ თავდაცვით გზებს, არამედ ლიკვიდაციის მეთოდებსაც, ვცდილობთ, გლობალურად მივუდგეთ ამ პრობლემას.

- რა შეგიძლიათ თქვათ რუსული პროპაგანდის გავლენაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

- პროპაგანდა აყალიბებს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკაზე. ის ცვლის, როგორც აუდიტორიის პრიორიტეტებს, ასევე ამომრჩევლის ქცევას, რაც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე და ახალი პოლიტიკური მოძრაობების წარმოშობას ახალისებს. ეს რთული, მრავალსაფეხურიანი, კომპლექსური პროცესია, რომელიც სახელმწიფოს ყველა სფეროში აღწევს.

საინფორმაციო ომის სამიზნეა არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება. ასეთი ომის მიზანია, განვითარებული ეკონომიკისა და სოციალური სისტემების არმქონე კრიზისული რეგიონების ფორმირება. პროპაგანდა შობს კრიზისს - ჭრილობებს, რომელიც არ აძლევს ქვეყანას ნორმალურად განვითარების საშუალებას.

- რა არის საუკეთესო გზა, პროპაგანდისგან თავის დასაცავად?

- პირველ რიგში, აუცილებელია, მუდმივი მუშაობა აუდიტორიის კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. მხოლოდ განვითარებული აუდიტორიაა თქვენი, როგორც ჟურნალისტის, სანდო პარტნიორი. განავითარეთ ჟურნალისტიკა, გადადით ინფორმაციის გადამოწმების ახალ, ციფრულ საფეხურებზე, სადაც წყაროების გადამოწმება „ფაქტჩექინგის“ მეთოდებით, თანამედროვე ჟურნალისტის მუშაობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, საინფორმაციო ომის სპეციფიკის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება და საკითხის საჯაროდ განხილვა. ასევე, მნიშვნელოვანია თავად მედიის ინფორმირებაც, რათა მასმედიის თანამშრომლები არ აღმოჩნდნენ პროპაგანდის მახეში და თან არ ჩაითრიონ საკუთარი აუდიტორია. გახსოვდეთ, თქვენი ჟურნალისტური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და აუდიტორიის წინაშე, რადგან ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იარაღია, რომელსაც შეუძლია დაგიცვას, ან გავნოს.

თუ ვისაუბრებთ პროპაგანდასთან ბრძოლის გლობალურ მეთოდებზე მედიის და სახელმწიფოს დონეზე, ჩვენი ხედვა ასეთია: არ უნდა ებრძოლო პროპაგანდას პროპაგანდის მეთოდებით. ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ სამართლიანად და პროფესიონალურად. ნებისმიერი მედიის მთავარი ღირებულება სანდოობაა. იმედგაცრუებული აუდიტორია შეიძლება გახდეს პროპაგანდისტული მედიის მოკავშირე.

მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის გამოვლენა არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნების მქონე აუდიტორიის ფორმირება, აუდიტორიისა, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა, მანიპულაცია და ტყუილი ჭეშმარიტებისგან. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივი პროცესია თუმცა ყველაზე ეფექტური.
კატეგორია: ეთიკური დილემა
მედიამკვლევრებმა 2009 წელს ესპანეთში მომხდარი ტრაგედია შეისწავლეს, რომლის დროსაც სამი წლის გოგონა გარდაიცვალა, მედიამ კი მის მკვლელად და „სექსუალურ მოძალადედ“ გარდაცვლილის დედის მეგობარი მამაკაცი გამოაცხადა.

2009 წლის 26 ნოემბერს 3 წლის გოგონა აიტანა საავადმყოფოში გარდაიცვალა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ძალადობის შედეგად მიყენებული მრავლობითი ვაგინალური და ანალური ტრავმები იყო. დასკვნის საფუძველზე პოლიციამ გარდაცვლილი ბავშვის დედის მეგობარი მამაკაცი, დიეგო დააკავა. მამაკაცმა ბავშვის ტრავმები სათამაშო მოედანზე საქანელიდან გადმოვარდნით ახსნა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და გამოძიებაც დაიწყო. სანამ სასამართლო შედგებოდა, საზოგადოებამ მედიის წაქეზებით დიეგოს განაჩენი გამოუტანა და იგი „განსაკუთრებით საშიშ მოძალადედ“ შერაცხა.

კვლევამ აჩვენა, რომ ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანმა მედიასაშუალებებმა დიეგო მოიხსენიეს როგორც: მკვლელი, სექსუალური მოძალადე, აგრესიული პიროვნება. სწორედ აღნიშნული მყვირალა და ბრალდებითი სათაურები იქცევდა ყურადღებას გაზეთების პირველ გვერდებზე. სათაურებში მკითხველი თითქმის ვერსად ნახავდა სიტყვებს „სავარაუდო ეჭვმიტანილი“. ჟურნალისტები ყოველგვარი ეჭვის გარეშე წარმოაჩენდნენ მას პატარა ბავშვზე მოძალადედ და მკვლელად;

კვლევიდან ირკვევა, რომ სწორედ შეფასების და პერსონალური ინფორმაციის წამოწევის ნაწილში შეექმნა პროფესული პრობლემები მედიას. ნიუსებში ისინი ქმნიდნენ ე.წ მოძალადის ნეგატიურ პორტრეტს: უმუშევარი, შემზარავი, უპასუხისმგებლო.... ამით კი ბრალდებულზე მათივე შექმნილ ნეგატიურ განწყობას კიდევ უფრო ამძიმებდნენ.

კიდევ ერთი საყურადღებო და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიგნება კვლევაში ამბის გაშუქების ვიზუალურ მხარეს ეთმობა. დაკავების პირველ დღეებში მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ ფოტოს, რომელზეც ბორკილებდადებული ბრალდებული იყო აღბეჭდილი. ფოტოშოპით დამუშავებულ სურათებში ფოკუსირებული იყო მისი სახე ბოროტი, ულმობელი გამომეტყველებით. ფოტოები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებდა იმ დღისთვის საქმის მსვლელობა. ფოტოკოლაჟიდან ჩანს, თუ როგორ იცვლება მედიის დამოკიდებულება პირის მიმართ იმ ფაქტიდან, როცა იგი მიჩნეულია მათ მიერ დამნაშავედ იმ ფაქტამდე, როცა იგი სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

პირველ ფოტოებში ხელბორკილიანი ბრალდებული „ულმობელი“ ჩანს, მისი უდანაშუალობის შესახებ ეჭვების განმტკიცების პარალელურად კი მედია მას ბლარავს, აღარ ანახებს ხელბორკილებს, აჩვენებს მის გატანჯულ სახეს, აჩვენებს მას ოჯახის და ახლობლების გარემოცვაში.

26 ნოემბერს ჩატარებულმა განმეორებითმა ექსპერტიზამ ერთმნიშვნელოვნად უარყო თავდაპირველი სამედიცინო დასკვნა, რომელიც არასრულწლოვნის გარდაცვალებას სექსუალური ძალადობის ნიადაგზე მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა. დიეგო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მომხდარის(ბავშვის გარდაცვალება) და მედია ზეწოლის წყალობით იგი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ჰოსპიტალიზაციაც კი დასჭირდა. მედიიის მხრიდან გაუთავებელი დევნის გამო იგი ვერ დაესწრო გარდაცვლილი ბავშვის დაკრძალვას, მოგვიანებით კი მისმა ახლობლებმა გააკეთეს განცხადება, რომ დიეგომ მედიის მხრიდან ზეწოლის გამო ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.

კვლევის დასასრულს ავტორები დასკვნის და რეკომენდაციების სახით იმ პრობლემურ საკითხებზე მიუთითებენ, რომელთა ნიადაგზეც დიეგოს - ვიღაცის მეგობარს, ძმას, შვილს და უბრალოდ, საზოგადოების წევრს, მედიამ ერთ დღეში წაართვა უდანაშაულოდ ყოფნის უფლება და აქცია იგი მკვლელად, მოძალადე აგრესორად, რითიც გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ მისცა საშუალება დასწრებოდა იმ ბავშვის გასვენებას, რომლის გადასარჩენადაც იბრძოდა (მან რამდენჯერმე მიმართა საავადმყოფოს მას შემდეგ, რაც ბავშვს სხეულზე დაზიანებები შენიშნა) შეულახა ღირსება საზოგადოების თვალში, დაუქვეითა თვითშეფასება და მიაკერა მკვლელის იარლიყი.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას მნიშვნელოვანია მედიამ იმოქმედოს სამართლის ჩარჩოებში, დაიცვას პირის უფლება - იყოს უდანაშაულო, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო, იხელმძღვანელოს ეთიკური სტანდარტებით, ახსოვდეს პროფესიული მოვალეობა - ნიუსი საზოგადოებას მიაწოდოს „მშრალად“, შეფასებების გარეშე, გადაამოწოს ფაქტები, თავი აარიდოს ვიზუალური მასალით მანიპულაციას. ასევე, ავტორებს სთხოვენ წარმოიდგინონ, თუ როგორ გაშუქებას ისურვებდნენ თავად ისინი მსგავს სიტუაციებში.
კატეგორია: ბლოგი
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მედიას არაერთხელ გაუსაჯაროებია საიდუმლო დოკუმენტები, ჩანაწერები. ამის ყველაზე კარგი დასტური 2010 წელს აგორებული ვიკილიკსის სკანდალია, რომლის გაშუქებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მედიის ისეთი გრანდები, როგორიცაა BBC, The Guardian და The New York Times;

The New York Times-მა Wikileaks-ზე დაყრდნობით ერთ-ერთმა პირველმა გაასაჯაროვა ისეთი დოკუმენტაცია, როგორიცაა: ჰილარი კლინტონის ბრძანება ამერიკელ მაღალჩინოსნებს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალჩინოსნებისთვის ეთვალთვალათ; ვლადიმერ პუტინისა და სილვიო ბერლუსკონეს ახლო ურთიერთობა, ერაყის მცდელობა საკუთარი მიზნებისთვის გადაეკეთებინა ჩრდილოკორეული რაკეტები, კავშირები პუტინსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის.

ფარული ჩანაწერების თემა ქართული მედიისთვისაც არახალია. მედიასაშუალებები საკუთარ აუდიტორიას სექსუალური ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველ, პოლიტიკოსთა და მაღალჩინოსანთა ან უბრალოდ არაეთიკურ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს გარკვეული პერიოდულობით აწვდიან ხოლმე.

ფარული ჩანაწერების თემა აქტუალური “რუსთავი 2-ში” განვითარებული მოვლენების პარალელურად გახდა. არც თუ ისე დიდი ინტერვალით ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის, “რუსთავი 2-ის”გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას საუბრები უკრაინული საიტზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით, გვარამია-სააკაშვილის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გავრცელდა. მალევე, იმავე საიტიდან, გასაჯაროვდა სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბრებიც. საზოგადოების ყურადღება მიიპყრო დავით ახალაიასა და მისი ადვოკატის საუბრის ფარულმა ჩანაწერმაც.

მედიისთვის ლაკმუსის ქაღალდად იქცა სოფო ნიჟარაძისა და პრეზიდენტ სააკაშილის, ასევე სააკაშვილისა და გვარამიას მეორე ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა, წინასგან განსხვავებით, გვარამიამ არათუ არ დაადასტურა, არამედ მას მონტაჟი და ფალსიფიკაცია უწოდა.

ნიჟარაძე-სააკაშვილის დიალოგს, გვარამია-სააკაშვილის საუბრისგან განსხვავებით, ავთენტურობის პრობლემასთან ერთად, ეთიკურობის პრობლემაც ჰქონდა, დიალოგში მომღერალი “რუსთავი 2-ში” მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე საუბრობს და ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს საკმაოდ უცენზუროდ მოიხსენიებს.

ქართულ მედისივრცეში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი მედიასაშუალება, რომელმაც სააკაშვილი-გვარამიასა და სააკაშვილი-ნიჟარაძის საუბარი არ გააშუქა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია “იმედი”, რომელთაც საკმად ვრცელი სიუჟეტები დაუთმეს ამ ფარულ ჩანაწერებს, მეტიც, ის ჩანაწერი, რომელშიც მომღერალი ერთ-ერთ ჟურნალისტზე არაეთიკურად საუბრობს, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გავიდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. შემდეგ “იმედმა” მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით კი, მედიამ გოკა და ლადო გაბაშვილების სატელეფონო საუბარიც მოგვასმენინა. ერთი სიტყვით, მედია ფარული ჩანაწერების სერიალს გვთავაზობს. ამ ჩანაწერების დიდი ნაწილის საინფორმაციო ღირებულება კითხვებს აჩანეს.

ყოველგვარი ცენზურისა და შეზღუდვის გარეშე იმავე ჩანაწერების ნახვა ქართულ ონლაინმედიაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

სულ რამდენიმე მედიასაშუალებამ, მაგალითად, “ნეტგაზეთმა” და “ლიბერალმა”, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ მიიჩნია მიზანშეწონილად აღნიშნული მასალების გამოქვეყნება.

მედიამკვლევრები წლების შემდეგ თანხმდებიან, რომ ვიკილიქსის სკანდალმა კიდევ ერთხელ აჩვენა და განსაზღვრა ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტების როლი. დღევანდელ ეპოქაში, როცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტით გაავრცელოს ამბავი, ჟურნალისტების პროფესიულ როლსა და ეთიკურ სტანდარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. საზოგადოებას გაუჩნდა მოლოდინი, რომ ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადში ის სწორედ ჟურნალისტისგან მიიღებს სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას.

და მაშინ, როცა მედიის დღის წესრიგში ხვდება ინფორმაცია, რომელიც თავად ჟურნალისტის მიერ უშუალოდ არ არის მოპოვებული (გავრცელებული ჩანაწერები, მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტო, ვიდეომასალა), ასეთი ინფორმაცია ზუსტად ისევე უნდა მოწმდებოდეს, როგორც ჟურნალისტის მიერ მოპოვებული მოწმდება ხოლმე.

პულიცერის პრემიის ლაურეატმა და The New York Times-ის პოლიტიკის განყოფილების ყოფილმა რედაქტორმა მაქს ფრაკელმა ვიკილიქსის პროცესების დროს The Guardian-ის რედაქტორს, ალან რუსბინგერს, საკუთარი რჩევები წერილობით გაუზიარა.

ფრაკელი ალან რუსბინგერს ახსენებს ჟურნალისტიკის ერთ მარტივ და მთავარ წესს, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესით უნდა იხელმძღვანელონ. მასალის გამოქვეყნების წინ კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეთ მათი სტატიისა თუ რეპორტაჟის გმირებს ან მათ ახლობლებს. ჟურნალისტი უნდა ეცადოს მინიმუმადე დაიყვანოს შესაძლო ზიანი, რაც ”სიმართლის” გამოაშკარავებას შეიძლება მოჰყვეს.

თითქოს მარტივი წესია და ქართულ მედიასაც ალილუიასავით ყოველდღე ესმის, მაგრამ [განსაკუთრებით, ციხის და სამეგრელოს სამარხების კადრების შემდგეგ] იხელმძღავნელეს კი მედიებმა ზიანის შემცირების სტანდარტით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით?

რა არსებითად მნიშვნელოვანი სიმართლე გასაჯაროვდა სააკაშვილი-ნიჟარაძის დიალოგში გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებმა მთელ ქვეყანას მოასმენინეს მათი კოლეგის შეურაცხყოფა. ამ მასალებისადმი საჯარო ინტერესი შესაძლოა მარლაც იყო, თუმცა ნუთუ შეუძლებელი იყო მისი ეთიკურად გამოქვეყნება? მეორე დღეს მომხდარისთვის ბოდიშის მოხდაც არავის მოუწევდა და ეთიკურობის პრობლემაც არავის დაუდგებოდა.

მნიშვნელოვანია ისიცაა, რომ თითქმის არავინ დაინტერესებულა, თუ რას წარმოადგენს ის უკრაინული საიტი, რომელიც ფარული ჩანაწერების კასკადს სთავაზობს აუდიტორიას. შესაბამისად, სავარაუდოდ, არავის გასჩენია ეჭვი, რომ ამ მასალის გამოქვეყნებით ვიღაცის ინტერესების გამტარი ხდება, ბრმა ინსტრუმენტი გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და აუდიტორიაზე ზემოქმედებისთვის.

The Guardian-ის რედაქტორი ალან რუსბინგერი, რომელსაც უშუალოდ ჟულიენ ასანჟისთან ჰქონდა ურთიერთობა, საკუთარ ბლოგში ამბობს, რომ მისთვის, როგორც რედაქტორისთვის, აღნიშნული გასაიდუმლოებული ჩანაწერების გასაჯაროებისასას ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყაროს გავლენისაგან რედაქციის დაცვა წარმოადგენდა. რედაქტორის მთავარი შიში იყო ის, რომ გაზეთი არ გამხდარიყო ვინმეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფრიად ანგაჟირებული, ექსცენტრიკული და პრეტენზიული ჟულიენ ასანჟის, ინტერესების გამტარი.

ვეჭვობ, ჩვენს რედაქციებში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისას ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში იმას მაინც განსაზღვრავდნენ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი კოლეგის დისკრედიტაცია.

წარმოიდგინეთ, The New York Times-მა რისკის შემცირების მიზნით, ვიკილიქსისის მასალების გამოქვეყნებისას, ყოველ ჯერზე, ხან სახელმწიფო დეპარტამენტთან, ხან თეთრ სახლთან, ხან კი პენტაგონთან გაიარა კონსულტაციები. გაზეთი შეეცადა დაედგინა თუ რამდენად საზიანო იქნებოდა სახელმწიფოსთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის მათი მასალა.

ეს უმაღლესი სტანდარტია. ეთიკურობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პროფესიონალიზმის, კანონმორჩილების იდეალური სინთეზი. ქართული მედიაეთიკა და პროფესიონალიზმი კი უკეთესის იმედად გვტოვებს.
კატეგორია: ბლოგი
„არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელისგან იმ 200 ათას ლარზე ითხოვს განმარტებას, რომელიც არხმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამივლინებოდ დახარჯა. ორგანიზაციის წევრებმა პირველ არხთან გამართულ აქციაზე ასევე საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაც გააპროტესტეს“, - ასე წარადგინა 13 სექტემბერს „კურიერის“ წამყვანმა სიუჟეტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთქმულ პრეტენზიებს ეძღვნებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრალდებებიდან არხის მიერ სამივლინებოდ 200 ათასი ლარის დახარჯვას ეხებოდა. „ეს ყველაფერი, რაც ჩვენ შევისწავლეთ, ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ გიორგი ბარათაშვილი და მისი ოჯახის წევრები ხალხის მიერ გადახდილი თანხებით მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო“, - უთხრა „კურიერს“ „მედიატორის“ წარმომადგენელმა გივი კუბლაშვილმა, თუმცა მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, ამ თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ არხის ხელმძღვანელის გიორგი ბარათაშვილის მივლინებებზე. „კურიერს“ „მედიატორისგან“ ამ საკმაოდ ხმამაღალი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია, ყოველ შემთხვევაში, მაყურებელს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ უნახავს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბარათაშვილმა ნათესავებთან ერთად სამოგზაუროდ არხის კუთვნილი 200 ათასი ლარი დახარჯა; ვერც ის გავიგეთ, არხმა ჯამში დახარჯა 200 ათასი ლარი თუ მხოლოდ ბარათაშვილის მივლინებებზე.



ამასთან, თუ „მედიატორი“ ფიქრობს, რომ ბარათაშვილმა აღნიშნული სოლიდური თანხა არამიზნობრივად საკუთარი ოჯახის წევრების ფუფუნებისთვის გაფლანდა, რატომ არ მიმართა აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით ან პირდაპირ პროკურატურას, საბიუჯეტოს სახსრების სავარაუდო გაფლანგვის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით? სიუჟეტიდან ჩანს, „მედიატორის“ აქტივობა მხოლოდ განცხადებებით და არხის შესასვლელში პლაკატის დატოვებით შემოიფარგლა, რომელზეც სხვადასხვა ქალაქის დასახელების გასწვრივ თანხების რაოდენობაა მითითებული. „კურიერი“ არც იმით დაინტერესებულა, ბოლოს როდის შეამოწმა მაუწყებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ან როდის იგეგმება მორიგი შემოწმება, რითიც სავარაუდოდ, დადგინდება, რამდენად კანონიერად დაიხარჯა ზემოაღნიშნული თანხა.

ოფიციალური დოკუმენტაცია არ ჩანს არც გიორგი ბარათაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილში - არხის ხელმძღვანელის კომენტარიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ბარათაშვილი ნამდვილად დადის საზღვარგარეთ სატელევიზიო ტექნიკის გამოფენებზე, შესაბამისად, საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა, მართლა 200 ათასი ლარი დახარჯა არხმა მივლინებებზე და ახლდა თუ არა ბარათაშვილს სამსახურებრივი მივლინებების დროს რომელიმე ნათესავი.

სიუჟეტის მომდევნო ნაწილი ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველ სტუდიას“. კერძოდ, ჟურნალისტი ამ ნაწილში ამბობს, რომ ბარათაშვილს ეკა მიშველაძის პოლიტიკური ტოკ-შოუს შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია - მაყურებლისთვის გაურკვეველი დარჩა, რა კითხა რეპორტიორმა ბარათაშვილს ამ საკითხზე და რაზე ვერ მიიღო პასუხი.

„ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისთვის ტოკ-შოუს დახურვის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, თუმცა განცხადებები გადაცემის დახურვის შესახებ სხვა ტელევიზიის ეთერიდან მოისმინა“, - ამბობს ჟურნალისტი. საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად მიშველაძის კომენტარის მოსმენის შემდეგ: „მე ვარ პოლიტიკური ჟურნალისტი, მე ვაკეთებდი და ჯერ მაინც კიდევ მგონია, რომ ვაკეთებ პოლიტიკურ გადაცემას, სხვას არაფერს, წინასწარ ვამბობ ამას, პეპლებზე და ყვავილებზე გადაცემას უბრალოდ ნურც შემომთავაზებს ნურავინ“. სიუჟეტის ამ ნაწილშიც გაურკვეველი დარჩა მთავარი რამ: დახურა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიშველაძის „პირველი სტუდია“ და კიდევ, როგორ ებმის „მედიატორის“ ბრიფინგი სამივლინებო ხარჯებზე გადაცემის დახურვის თემას (მით უმეტეს, სიუჟეტის მიხედვით, „მედიატორს“ „პირველი სტუდიაზე“ ბრიფინგზე განცხადება არ გაუკეთებია) - რა იყო სიახლე ამ მონაკვეთში? მიშველაძის კომენტარი, რომლის მსგავსი არაერთხელ მოუსმენია საზოგადოებას არაერთი ტელევიზიის, მათ შორის „რუსთავი 2“-სა და „პირველი არხის“ ეთერით? მართალია, სიუჟეტი სათაურია „ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში“ და შესაბამისად, ამ კონტექსტში მიშველაძის ტოკ-შოუს თემის დამატება მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, მაგრამ ასეთი მასშტაბური დასახელება მაყურებელს მოლოდინს უჩენს, რომ საუბარი იქნება არხში დაგეგმილ თუ მიმდინარე სხვა ცვლილებებზეც, მორიგ ხმაურიან საკადრო გადაწყვეტილებებზე, ახალ წამყვანებსა და გადაცემებზე, სტრუქტურისა თუ ფორმატის ცვლილებებზე.

სიუჟეტის ბოლო მონაკვეთიც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული ნიუსრუმის ხელმძღვანელად გიორგი გვიმრაძის დანიშვნას ეხება, ინფორმაციული თვალსაზრისით არავითარ სიახლეს არ შეიცავდა - ერთადერთი, რაც გავიგეთ ისაა, რომ „მედიატორში“ ფიქრობენ, რომ გვიმრაძე პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ბრალდება გვიმრაძემ კატეგორიულად უარყო, თუმცა სწორედ ამ ტექსტის შემდეგ სიუჟეტში მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრის ქეთი მსხილაძის კომენტარი გავიდა, რომელიც ისევ გვიმრაძის საგარეო პოლიტიკურ კურსთან გამოთქმულ პრეტენზიებს შეიძლება დავაკავშიროთ:

„ცხადია, ნებისმიერი იდეოლოგიის ადამიანს შეუძლია იმუშაოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ოღონდ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსად, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი წართმეულია და ტანკებით არის გავსებული“, - უთხრა მსხილაძემ „კურიერს“. ამასთან, ამ ირიბ ბრალდებას მოჰყვა კიდევ ერთი პრეტენზია გვიმრაძის მისამართით ამჯერად უკვე მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის ემზარ გოგუაძის მხრიდან, რომელიც გვიმრაძის მედიაორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არქონას ეხებოდა.

„კურიერის“ ჟურნალისტი ამ კომენტარების შემდეგ ამბობს, რომ ამ თემებზე „არხის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელს განმარტებები აღარ გაუკეთებია“.

კითხვას აჩენს ისიც, რომ გვიმრაძის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პრორუსულ ორიენტაციაზე, სიუჟეტის მესამე ნაწილში ორჯერ განმეორდა - თუ ერთხელ უკვე ითქვა, რომ გვირმაძემ ეს ბრალდებები „კატეგორიულად უარყო“, მაშინ რა საჭირო იყო მსხილაძის კომენტარის მაყურებლისთვის შეთავაზება. თუ რედაქციამ ამ შეფასების გაშვება აუცილებლად მიიჩნია, მაშინ გვიმრაძის მიერ 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადების მონაკვეთი შეეთავაზებინა, რომელიც მათსავე ეთერში გავიდა. ამით უზრუნველყოფდა ამბის მონაწილე ყველა მხარის მაქსიმალურად თანაბარ წარმოჩენას და არ გაჩნდებოდა კითხვები გაშუქებისას მანიპულაციის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
კატეგორია: ბლოგი
“აბიტურიენტების ბორჯომიდან ახალციხეში გასამგზავრებლად ავტობუსების გამოყოფის ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, და ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორს, დავით ზაალიშვილს, ეკუთვნით. "ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს”, - ვკითხულობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე.

ახალი ამბების მეორე, ასევე ცნობილ პორტალზე ვაწყდებით ასეთ ინფორმაციას: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა… პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას, მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი დიპლომატების ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება”.

კიდევ ერთი მედიასაშუალების ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ თბილისში წყალსადენის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო: “კეთილმოწყობილი გზა ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“ - სააგენტო მკითხველს გლდანის გამგებლის, ბესიკ ქარცივაძის, კომენტარსაც სთავაზობს.

მსგავსი ინფორმაციის გაცნობისას ბუნებრივად ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს ჟურნალისტური ნამუშევარი? რა ღირებულება აქვს მას მკითხველისთვის? სამივე სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტი კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს თუ თანამდებობის პირების დადებით კონტექსტში წარმოჩენის მცდელობაა - საზოგადოებასთან ურთიერთობა და პრომოუშენი კი, არ შეიძლება ჟურნალისტიკა იყოს.

პრობლემის სათავე არის თანამშრომლობის ის ფორმა, რომლის შედეგადაც მსგავსი შინაარსის “ახალი ამბები” ქართულ საინფორმაციო სააგენტოებში ქვეყნდება - თუ საჯარო უწყება კონკრეტული მედიაორგანიზაციის ხელმომწერია, ეს ავტომატურად არ უნდა აძლევდეს საშუალებას, საკუთარი პრესრელიზები გარკვეული პერიოდულობით სააგენტოებზე გამოაქვეყნოს - დემოკრატიული მედიის სტანდარტით, სააგენტოს ხელმომწერობა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ხელმომწერ პირს, ორგანიზაციას ხელი მიუწვდება ამ მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციაზე, ფოტოზე, ვიდეოზე, არქივზე. “როიტერზი”, “ფრანსპრესი”, “ბლუმბერგი” და სხვა ცნობილი სააგენტოების შემოსავალი დამოკიდებულია მათივე პროდუქტების გაყიდვაზე (ხელმომწერების რაოდენობაზე და არა ამ ხელმომწერთა მიერ მომზადებული რელიზების გამოქვეყნებაზე).

სამწუხაროდ, საქართველოში წლობით დამკვიდრებული პრაქტიკა რეალურად ხელს უშლის როგორც ზოგადად მედიის, ასევე კონკრეტული სააგენტოს ნდობის და პროფესიონალიზმის ამაღლებას:

- როგორც ვთქვით, გასააზრებელია, ხელმომწერის პრესრელიზის გამოქვეყნების დროს მკითხველისთვის რას წარმოადგენს ეს მასალა: ის მისთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანი ამბავია და ამიტომ შესთავაზა სააგენტომ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ სააგენტოს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებაში ფული გადაუხადეს? - პრაქტიკულად საქმე ეხება რეკლამას და მკითხველი იმსახურებს იცოდეს, ნამდვილ ჟურნალისტურ ნამუშევარს კითხულობს თუ სარეკლამო მასალას!

- რამდენად დაცულია სააგენტო იმ საფრთხისგან, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის არასასურველი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო სააგენტოს კონტრაქტი შეუწყვიტოს და შესაბამისად, მედიასაშუალებას შემოსავალი შეუმცირდეს, საბოლოოდ კი დასაქმებულების შრომის ანაზღაურება ვერ შეძლოს? ხომ არ ჯობია, სააგენტოებმა მკაფიოდ განსაზღვრონ, რომ ხელმომწერობა მხოლოდ ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნიშნავს და არა რელიზების გამოქვეყნებას, საჯარო უწყებებმა კი უფრო ეფექტურ PR ტექნოლოგიებზე იფიქრონ საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად და საჯარო უწყების გარშემო პოზიტიური ველის შესაქმნელად?

- თუ მაინცდამაინც ვერ ვცვლით რეალობას და რელიზების გამოუქვეყნებლობა სააგენტოებს ხელმომწერებს და შესაბამისად, შემოსავალს შეუმცირებს, იქნებ რელიზში მოცემულ ინფორმაციას სააგენტომ საკუთრივ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაამატოს, სადაც ყურადღება გამახვილდება არა იმაზე, თუ რა გააკეთა კონკრეტულმა უწყებამ, არამედ იმაზე, თუ რა ვერ გააკეთა ან რა უნდა გააკეთოს. მედია საზოგადოებას იმიტომ სჭირდება, რომ გაიგოს, რას ვერ აკეთებს ხელისუფლება და არა პირიქით. ან პრესრელიზის უცველად გამოქვეყნებისას, როგორც მინიმუმ, ის მაინც მიუთითოს რომ გამოქვეყნებული მასალა პრესრელიზია და არა ჟურნალისტური პროდუქტი.

სხვა შემთხვევაში, ყოველთვის მივიღებთ ისეთ უხერხულ მოცემულობას, როცა საინფორმაციო სააგენტოს საიტებზე გამოქვეყნდება კონტექსტიდან ამოვარდნილი, არც თუ ისე დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელოვნელობის მქონე ახალი ამბები, რომელთაც უფრო პროტოკოლური შინაარსი ექნებათ, ვიდრე ჟურნალისტური; სადაც ნამდვილად ღირებულ ამბებზე მეტად თვალში მოგვხვდება ასეთი სიტყვები “აქტიური თანამშრომლობა”, “პარტნიორობის გაღრმავება”, “სამომავლო გეგმების დასახვა” დ ა.შ.

პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი, ასე ვთქვათ, რელიზების ენას ეხება - მათში გამოყენებულ ტონს, ნომენკლატურულ-ჩინოვნიკური წინადადებების წყობას, რასაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკაში აუცილებლობად მიჩნეულ მარტივ და გასაგებ ენასთან. ფაქტია, რომ სააგენტოები არ ზრუნავენ პრესრელიზების ტექსტების “გახალხურებაზე”.

დასასრულ, იმედს გამოვთქვამ, რომ პრესრელიზების “ჟურნალისტიკა” ჩვენი ძალიან ახალგაზრდა მედიის ერთგვარი საყმაწვილო სენია, რომელსაც ეთიკური რეგულაციებისა და პატიოსანი მიდგომის დახმარებით ის უახლოეს პერიოდში დაძლევს. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია იმუნინეტდაქვეითებულმა მედიამ, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა, საზოგადოებისთვის მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია შეასრულოს.
კატეგორია: ბლოგი
საინფორმაციო სააგენტოების ხელმომწერებს შემჩნეული ექნებათ, რომ გამოქვეყნებულ ანონსებში პრესკონფერენციები ჭარბობს. პრესკონფერენციას მართავს პოლიტიკოსი, ექსპერტი, პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია - ყველა, ვისაც აუდიტორიამდე საკუთარი ხმის მიწვდენა სურს. არის შემთხვევები, როცა ერთ კონკრეტულ პრესკლუბში დღის განმავლობაში რამდენიმე სპიკერი მიდის და ჩვენც, როგორც წესი, მაუწყებლების დღის საინფორმაციო გამოშვებებში გამუდმებით “მოლაპარაკე თავებს” ვხედავთ.

მაუწყებლები ასეთ პრესკონფერენციებს ე.წ. კადრ-სინქრონის ფორმატით აშუქებენ, ასეთ შემთხვევაში ამბის მთავარი თემა არის ის, რომ სადღაც ვიღაცამ პრესკონფერენცია გამართა და არა ის, თუ რა ითქვა პრესკონფერენციაზე, რა პრობლემა წამოიჭრა... კადრ-სინქრონით გაშუქებისას, ჩვეულებრივ, არ ხდება პრესკონფერენციაზე წამოჭრილი თემის გაშლა, საპირისპირო, განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენა - საინფორმაციოს წამყვანი მაყურებელს აუწყებს, რომ რომელიღაც პრესკლუბში რომელიღაც პოლიტიკოსმა ან „ექსპერტმა“ პრესკონფერენცია გამართა და მის შესავალ ტექსტს პრესკონფერენციის მომწყობის სინქრონი მოყვება. სულ ესაა. სინქრონი, როგორც წესი, არაფრისმთქმელი და ზედაპირულია. მთელ ამ პროცესს რამდენიმე მონაწილე ჰყავს და ყველა სარგებელს ელის - სპიკერი, რომელსაც უმეტესწილად საკუთარი რეიტინგი ადარდებს, პრესკლუბი, რომელიც ასევე ცნობადობის გაზრდას ცდილობს, მედია, რომელიც, სამწუხაროდ, მარტივ გზებს ეძებს ამა თუ იმ თემაზე შეფასებითი ნაწილის მოსაპოვებლად და ხშირ შემთხვევაში ჯერდება “მოლაპარაკე თავების” მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს, მაგრამ აუდიტორიის მხრიდან თუ შევხედავთ პროცესს - ამ პრესკონფერენციებიდან მას თითქმის არაფერი რჩება - რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მორიგი პოლიტიკური ურთიერთბრალდების საფუძველზე გაკეთებული განცხადებები, ცვლის თუ არა ამგვარი გაშუქება მის პოლიტიკურ თუ სხვა არჩევანს, სასარგებლოა თუ არა მისთვის ეს ინფორმაცია? მაყურებელი ამ ე.წ. კადრ-სინქრონის შედეგად ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას. არადა, აუდიტორიისთვის ამომწურავი, სრული ინფორმაციის მიწოდება მედიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ვალდებულებაა:

„პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს“- ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (18.2.)

პოლიტიკოსების მხრიდან პარტიის ოფისსა თუ პრესკლუბებში ბრიფინგების გამართვა პოლიტიკურ პროცესსა და მედიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა - ასეთი ფორმით საჯარო ფიგურები ცდილობენ, ჟურნალისტებს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ თავს - ამ დროს მედია, ერთი მხრივ, ფარული თუ პირდაპირი მანიპულაციის იარაღი ხდება, მეორე მხრივ, ბრიფინგებზე გადამეტებული ყურადღების გამახვილებით თავადაც გვევლინება აუდიტორიის მანიპულატორად - იმის ნაცვლად, რომ სარედაქციო მუშაობით, თემების მოძიებით, მოკვლევით, ჟურნალისტური გამოძიებით, ექსკლუზიური ახალი ამბებით გააჯეროს ეთერი, მარტივ გამოსავალს პოულობს.

კიდევ ერთი საკითხი გამომსახველობას ეხება - როგორც წესი, პრესკონფერენციის ვიზუალური მხარე იდენტურია - კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებლისთვის საინტერესო არაფერი ხდება, სტანდარტულად ჩამომწკრივებული მიკროფონების უკან სპიკერი ზის და საუბრობს. პრესკონფერენციების ასე უხვად გაშუქება ტელევიზიას საფრთხეს უქმნის, დაკარგოს თავისი მთავარი ხიბლი - გამოსახულების მიმზიდველობა.

მთავარი მაინც პრიორიტეტების პრობლემაა - როცა რედაქციას საკმარისზე მეტად ექნება საკუთარი თემები, ეთერიც არა “მოლაპარაკე თავებით”, არამედ მნიშვნელოვანი და საინტერესოდ მოყოლილი ახალი ამბებით გაივსება.
კატეგორია: ბლოგი
როცა მოძღვარი შუა რუსთაველზე „ტაბურეტკით“ ხელში მორბის და ცდილობს ფიზიკურად გაუსწორდეს ლგბტ თემის წევრებს, ეს ბუნებრივია, ნებისმიერი მედიასაშუალების დღის მთავარ თემად იქცევა. საინტერესო ისაა, თუ რატომაა მედიისთვის აქტუალური მოძღვრების მოსაზრებები ევროინტეგრაციის, სასამართლო რეფორმის თუ სხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ, რატომ ეთმობა მათთან ინტერვიუებს მედიასაშუალებებში ამდენი დრო, ან საერთოდ, რატომ ხვდება რომელიმე მოძღვის ერთი ჩვეულებრივი ქადაგება ახალი ამბების გამოშვებებში.

მაგალითისათვის, სამ მედიასაშუალებაზე სამთვიანმა დაკვირვებამ (მაისი-ივნისი-ივლისი) აჩვენა, რომ გაზეთები „ასავალ დასავალი“, და „ალია“, თითქმის ყოველ მეორე ნომერში აქვეყნებს სასულიერო პირებთან ინტერვიუებსა და სტატიებს რელიგიური „სასწაულების შესახებ“. ამგვარი მასალები თითქმის ყოველ დღე გვხვდება ინტერნეტგამოცემა Geworld.ge-ზე.

დღევანდელ მედიაში რელიგიურ საკითხთა გაშუქების რამდენიმე თავისებურება გვხვდება. მედიასაშუალებების ნაწილს ლამის რუბრიკად აქვს ქცეული სასულიერო პირებთან ინტერვიუ, სასულიერო პირების ბრიფინგებისა თუ ქადაგებების გაშუქება, სადაც მოძღვრები - არა საკუთარი პროფესიით გათვალისწინებულ - არამედ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თემებს განიხილავენ.

მაგალითად, მოძღვარი ელიზბარ დეკანოიძე არერთხელ ყოფილა მიწვეული „პრაიმ ტაიმის“ და „კვირას“ პრესკლუბში, სადაც იგი ბაჩანა ახალიას, ვანო მერაბიშვილის საქმიანობას მიმოიხილავდა, მისი პრესკონფერენციები კი, უმალვე ხვდებოდა გაზეთების ფურცლებზე, ონლაინგამოცემების მთავარ გვერდებსა თუ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში.

ონლაინგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ სასულიერო პირების ინტერვიურების რაოდენობით ნადვილად შთამბეჭადავია, ვის არ გადააწყდებით... აქ, სრული საეკლესიო იერარქიაა წარმოდგენილი: უბრალო მღვდლიდან მეუფეებამდე, თემები კი ძირითადად ერგვაროვანი და ალბათ, როგორც თავად ფიქრობენ, „ეროვნულია“. აბა, რა გადაარჩენს ქართველ ერს „ერთსქესიანთა ქორწინებისაგან“ ან „თურქთა წალეკვისაგან“, თუ არა სასულიერო პირების ინტერნეტით გავრცელებული მოსაზრებები, რომელებიც რბილად რომ ვთქვათ, ხშირად, სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიით არის გაჟღენთილი.

ამგვარ ინტერვიუებში არც თუ იშვიათად ისმის ხოლმე ანტიდასავლური რიტორიკაც. მაგალითად, „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში მოძღვარი ნიკოლოზ ჩხიკვაძე ამბობს, რომ თურმე, ლიბერალური ღირებულებები ქრისტიანობას ეწინააღმდეგება;

„ჟურნალისტი: თქვით, რომ ჩვენი არჩევანი არის არა ევროპა, არამედ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი. ეს ორი რამ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?

სასულიერო პირი: ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა, მეტიც, ის ცხოვრების წესი, რომელსაც ე.წ. ლიბერალები თავს გვახვევენ, და მართლმადიდებლობა აბსოლუტურად საპირისპირო რამეა...“

როგორც წესი, ასეთი მედიასაშუაბები სასულიერო პირების რომანტიზებას ახდენენ, აკერპებენ მოკვდავ მოძღვრებს და ჩვენც, მკითხველებს გვაიძულებენ გვჯეროდეს და ვიზიარებდეთ მათ მოსაზრებებს. მათთვის თითქოს კრედოა - მამაომ ბრძანა და ამით ყველაფერი დასრულებულია.

მედიასაშუალებები, სასულიერო პირების მიმართ განსაკუთრებული მოწიწებით გამოირჩევიან, ზოგადად „თავხედი მედია“ ანაფორის წინაშე, თავსაფრიანი და კდემამოსილი ხდება. ალბათ, ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ რესპონდენტი მოძღვრების მოსაზრებები, რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს - ყოველგვარი დაბალანსების, გადამოწმებისა და „ჩაკითხვის“ გარეშე ქვეყნდება.

ქართულ მედიაში რელიგიურ საკითხთა გაშუქების ხარისხი საგრძნობლად მოიკოჭლებს. ონლაინ და ტელე მედიის ობიექტივში ძირითადად ისეთი თემები ხვდება, როგორიცაა: წმინდა სინოდის სხდომა, საპატრიარქოს მხრიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხის გადარიცხვა, პატრიარქის ქადაგებები. რელგიური თემატიკის სტატიები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზედაპირული და ერთფეროვანია. პრაქტიკულად არ შუქდება, საქართველოში არსებული სხვა რელიგიური აღმსარებლობების საჭირობები და პრობლემები, მედიაში არ ისმის მათი მოსაზრებები სხვადასხბა რელევანტურ საკითხებზე. რელიგიური უმცირესობები მედიას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა მათ რომელიმე დღესასწაულზე, თემს რომელიმე მაღალჩინოსანი, მაგალითად პრემიერი ეწვევა.