კატეგორია: ბლოგი
იანვარში რუსთაველზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამბავს ტაქსიში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გასულ კვირასაც. დაიღუპა 11 წლის გოგონა და მძიმე დაშავდა მისი დედა.

ამ ორ ამბავს, მძღოლების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და მათი უპასუხისმგებლობის გარდა, კიდევ ერთი რამ აქვს საერთო: ორივე მძღოლს ტესტირების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. ეს დეტალი მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ სიახლეებშიც იყო აღნიშნული.

ერთი შეხედვით, ამაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა ერთისა, სიახლეებში განმარტებული არ ყოფილა, რას ნიშნავს „მოხმარების დადგენა“ - მძღოლი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, თუ ნარკოტიკის შემცველობა მხოლოდ ბიოლოგიურ ნივთიერებაში დაუდგინდა.

სხვადასხვა ნარკოტიკის შემცველობა ორგანიზმში მისი მოხმარებიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება. მათ შორის, ყველაზე დიდხანს - მარიხუანა (თითქმის, 30 დღე). ლაბორატორიულ ტესტს, უმეტესად, უჭირს ჩვენება, კონკრეტულად როდის მოიხმარა ადამიანმა. შესაბამისად, ის, რომ მძღოლს „ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა,“ სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ შემთხვევის დროს იმყოფებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების მოტივი გასაგებია, ვინაიდან ნარკოტიკის მოხმარება ჩვენი კანონმდებლობით დანაშაულად მიიჩნევა. მსგავსი მტკიცებულება კი დამამძიმებელი გარემოებაა, თუმცა პოლიციის მიერ გავრცელებული ზოგადი განცხადება არ უნდა იყოს არგუმენტი მედიისათვის, რომელიც არ სვამს კითხვას, რა სახის ექსპერტიზით დადგინდა მოხმარება (კლინიკური თუ ლაბორატორიული) და იმყოფებოდა თუ არა ბრალდებული რაიმე სახის თრობის ქვეშ, უშუალოდ ინციდენტისას. თუკი მედია ამ საკითხს არ აზუსტებს და პირდაპირ, ყოველგვარი კრიტიკული კითხვის გარეშე ტირაჟირებს საგამოძიებო უწყების ნათქვამს, ცნობა, რომ პირს „ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინა“ არასაჭირო ინფორმაციაა, რომელიც არანაირ დამატებით, მნიშვნელოვან დეტალს არ აწვდის საზოგადოებას. უფრო მეტიც. ასეთი დაუზუსტებელი დეტალიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუბიექტს ნარკოტიკი უშუალოდ შემთხვევის დროს ჰქონდა მიღებული, რაც საზოგადოებაში ნარკოტიკისა და ნარკოდამოკიდებულებისადმი სტიგმას უფრო ამყარებს.

ბუნებრივია, ვთანხმდებით, რომ არ არსებობს არაფხიზელი მდგომარეობა, რომელიც საჭესთან დაჯდომას გაამართლებს. ასეთ დროს, თითოეული მძღოლი პოტენციური მკვლელია. თუმცა აუდიტორიას აქვს უფლება იცოდეს, თუ რას ნიშნავს თითოეულ შემთხვევაში „ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენა“.

სენსიტიურობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ თემაზე, ჟურნალისტები ტერმინების ხსენებასა და დამატებითი სტიგმის შექმნას უფრთხიან. მაგალითად, გადიან კონსულტაციებს სფეროს სპეციალისტებსა თუ სხვა, მათზე კომპეტენტურ კოლეგებთან და ცდილობენ, მაქსიმალურად დაწმენდილი ინფორმაცია მიიტანონ აუდიტორიასთან. ასეთი მცდელობა კი იშვიათად ჩანს ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევებში. მედიის წარმომადგენელთა ნაწილისათვის, ძალოვანი უწყებების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, ორაზროვანი ოფიციალური განცხადება საკმარისია და გარემოებების შესახებ, დეტალების დაზუსტებას აღარ ითხოვენ.

სინამდვილეში კი წინადადება, „ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენა,“ გაურკვევლობას იწვევს. ერთიმხრივ, იზრდება საფრთხე, რომ აუდიტორიამ დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, მიიჩნიოს, რომ ბრალდებული ძველი მომხმარებელი იყოს, მეორემხრივ კი, არის შანსი, მოხდეს სტიგმატიზაცია ადამიანის, რომელიც შემთხვევის მომენტში ფხიზელი იყო. ეს კი საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დამატებით, უსამართლო აგრესიას გამოიწვევს.

საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური პრინციპების თანახმად, ჟურნალისტმა არ უნდა შეუწყოს ხელი სტიგმისა თუ სტერეოტიპების გამყარებას და საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ჩვენს შემთხვევაში კი გაშუქების პრობლემა არა შეგნებულად, არმედ, უცოდინარობითაა გამოწვეული. აუდოტორიას აქვს უფლება, ზუსტად იცოდეს, რა მდგომარეობაში იჯდა მძღოლი საჭესთან, ბრალდებულს კი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც მედიამ უნდა დაიცვას.
კატეგორია: ბლოგი
- რა არ მოგწონთ მედიაში? - თუ ოდესმე ამ კითხვას ქუჩაში გამვლელებს დაუსვამთ, უკმაყოფილოებს ბევრს აღმოაჩენთ. საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ზოგს სერიალები არ მოსწონს, ზოგს - გასართობი შოუები. ზოგიერთს ჟურნალისტთა მეტყველების მანერა აღიზიანებს. ისეთებიც არიან, რომლებიც ამ პროფესიის წარმომადგენლებისათვის დრესკოდის დაწესებას ითხოვენ. ბოლოს თანხმდებიან, რომ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც მედიას დაარეგულირებს.

მედიის დარეგულირება - ეს თემაა, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკოსთა ნაწილმა დღის წესრიგში ჩასვა. ვიღაცებს გაუჩნდათ დეზინფორმაციისა და ცილისწამების შემთხვევაში მედიასაშუალებების სისხლის სასმართლებრივი პასუხისგების დაკისრების იდეა. ზოგი უფრო შორს წავიდა და ინტენეტ-სივრცის კონტორლი მოინდომა. სრულიად უკონტროლოაო, დეზინფორმაცია და ადამიანების შეურაცხყოფა ბევრი ვრცელდება იქ და უნდა დავსაჯოთო. ამ განცხადებებით მოსახლეობის ნაწილის გულსაც იგებენ, იმ მოსახლეობის, რომლებიც გამუდმებით ლანძღავენ ტელევიზიებსა და მათ გადაცემებს, თუმცა მაინც კვირიდან კვირამდე ელოდებიან. მაყურებლის უმეტესობა, შესაძლოა, ვერ აცნობიერებდეს საფრთხეებს, რასაც მედიის რეგულირება გამოიწვევს. მათ მსგავსად, მარტივი ჭეშმარიტებები ავიწყდებათ პოლიტიკოსებსაც.

მაგალითად, ავიწყდებათ, რომ ცილისწამების მუხლი 2004 წელს ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ისიც, რომ ეთიკურ საკითხებს მედიაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი არეგულირებს. ისიც, რომ ამ დოკუმენტში შემავალი პუნქტების თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანა, ძალიან ბევრი მედიასაშუალების დახურვის მიზეზი შეიძლება გახდეს.მათ ავიწყდებათ, რომ კონსტიტუციის 24-ე მუხლი ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს, რომ გვაქვს ამავე სახელწოდების ძალიან კარგი კანონი. ავიწყდებათ ისიც, რომ ინტერნეტ-რეგულირება ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ხდება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კრიტიკული აზრისა თუ სარკაზმის გამო, მოქალაქეებს ისეთ ქვეყნებში უწევთ პასუხისგება, როგორიც, მაგალითად, რუსეთი ან ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებია.

სად გადის ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას შორის? ამ კითხვას მოქალაქეები ხშირად სვამენ. ისინი აპროტესტებენ თვითრეგულირების სუსტ მექანიზმსაც. მათთვის არ არის საკმარისი, ეთიკური გადაცდომის გამო ჟურნალისტის დამნაშავედ გამოცხადება, მისი ბოდიში, ან, მაუწყებლის მიერ მიღებული შიდა ზომები (ხელფასის დაქვითვა, საყვედური, გაფრთხილება, სამსახურიდან გაშვება). ისინი მკაცრ დასჯას ითხოვენ და ვერ აცნობიერებენ საფრთხეს, რომელიც მედიის რეგულირების შემთხვევაში, თითოეული მათგანის გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება. მედიის თავისუფლება ხომ მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სიტყვის თავისუფლებასთან.

როგორ ვაკონტროლოთ მედია? - პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ინიციატივების გაჟღერებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მედიის თვითრეგულირების როლი. მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას შეცდომებისაგან მაქსიმალურად აზღვევს და არც პოლიტიკოსებს უტოვებს რეგულირების შესახებ ინიციატივებზე ფიქრის საბაბს.მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ნებისმიერი საშუალებით რეიტინგის დადების გარდა, იფიქროს ეთიკურობასა და იმ საფრთხეზე, რაც, შესაძლოა, რეგულირებით ემუქრებოდეს.

რატომ არ შეიძლება მედიის კონტროლი? - იმიტომ, რომ მედიის რეგულირება გახდება იმის წინაპირობა, რომ დარეგულირდეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სადაც ძნელი იქნება იმის გარკვევა, თუ სად იწყება ცხვირი, რომელთანაც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება მთავრდება.
კატეგორია: ბლოგი
ჟურნალისტიკაში არის თემები, რომელთა გაშუქებაც სარისკო და რთულია. ასეთ დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ, როგორ ვაჩვენოთ რესპონდენტი, გარემო, როგორ შემოვიტანოთ ჩვენი ტექსტით თემა ისე, რომ პრობლემის იდენტიფიცირებაც ხდებოდეს და არც ვინმე დავაზიანოთ.

უნდა გავაშუქოთ თუ არა სუიციდის, გაუპატიურების, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები? ეს კითხვები ხშირად ისმის. პასუხი ერთია - ყველაფერი უნდა გაშუქდეს, თემის დამალვა ჩვენს პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება, თუმცა შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

ბოლო პერიოდის უდავოდ დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რომ სახიფათო და მძიმე თემების გაშუქებისას, ჟურნალისტები ხშირად გადიან სპეციალისტებთან კონსულტაციებს. არის თემები, რომლებზეც კითხულობენ, როგორ შეიძლება გაუშვან ეთერში ისე, რომ ეთიკური სტანდარტი არ დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეცდომები მაინც მოსდით.

პრობლემურ თემებს შორის, ალბათ, სუიციდის გაშუქება ჭარბობს. უნდა ვახსენოთ თუ არა სახელი და გვარი, თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფორმა, მიზეზი.. როგორი ფოტო უნდა დავურთოთ თან ამბავს, უნდა ჩავწეროთ თუ არა გარდაცვლილის მეზობელი ან მეგობარი.. ეს კითხვები გამუდმებით აქტუალურია. ბოლო პერიოდში თვითმკვლელობის პრევენციის შესახებ თემები ხშირად შუქდება. ერთ-ერთი პირველი, ალბათ, „პროფილი“ იყო, რომლის ანონსმაც ბევრ ადამიანს პროტესტი გაუჩინა და, გადაცემის ეთერში გასვლამდე, წამყვანს განმარტების გაკეთებაც მოუხდა.

ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი კი, რომელიც მოზარდთა შორის თვითმკვლელობის პრევენციას ეხებოდა, „იმედის დროში“ გავიდა. ალბათ, ჟურნალისტი ბევრს ეცადა, კონცენტრირებულიყო პრობლემასა და მის პრევენციაზე, რაც, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც, თუმცა სიუჟეტში ნაჩვენებია კადრები, რომლებიც ადამიანმა სუიციდის „შემოთავაზებულ ხერხად“ შეიძლება აღიქვას. ჟურნალისტი საუბრობს ფორმებზე, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა გამოიყენეს. ასევე აღნიშნულია, სუიციდის სავარაუდო მიზეზები.

ერთ-ერთ ისტორიას ფონად გასდევს ბევრისთვის ცნობილი სიმღერა, რომელიც, ერთ-ერთი გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილში მოხსენიებულია, როგორც მისი უკანასკნელი წერილის საუნდტრეკი.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებით მანიპულირება, არც სიუჟეტის მძიმე მუსიკით გაფორმება და მეტ-ნაკლებად რომანტიზებულ მიზეზებზე საუბარი. მათი განმარტებით, ასე სიკვდილი უფრო მიმზიდველი ხდება.

ძალიან საფრთხილოა სუიციდის კონკრეტული შემთხვევების მიზეზების მედიით აფიშირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელიც შესაძლოა იმავე მდგომარეობაში იყოს, რომელშიც სუიციდის მსხვერპლი, პირდაპირ სთავაზობ „პრობლემის მოგვარების“ გზას.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა, რომელსაც სპეციალისტები გვთავაზობენ, ჟურნალისტურ მასალებში იმ ნიშნების იდენტიფიცირებაა, რომლებიც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ახასიათებთ. თუმცა თემაზე მუშაობისას სამწუხაროდ, პირველი თავში მაინც რეიტინგი მოგვდის. რეიტინგი კი, ადამიანური ისტორიების, ცრემლის, ტირილის გარეშე, ვერ წარმოგვიდგენია.
კატეგორია: ბლოგი
2001 წლის 11 სექტემბერს ტელევიზორი საღამოს ჩავრთე. რაღაცა გადაცემას ველოდებოდი, თუმცა მის ნაცვლად პირდაპირი ეთერი დამხვდა. ეთერი ნიუ-იორკიდან, სადაც ორ უზარმაზარ, ერთნაირ შენობას კვამლი ასდიოდა. მახსოვს კომენტატორის ტონი, რომელიც ფაქტს ნერვიულად აღწერდა. ისიც მახსოვს, როგორ გავბრაზდი, ამერიკაში მომხდარი რაღაც უბედური შემთხვევის გამო, საყვარელი გადაცემა რატომ გადამიდეს-მეთქი.

მაშინ მე 11 წლის ვიყავი. დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სახელმწიფო არხს წარმოადგენდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ სახელმწიფო არხი გადასცემდა ტრაგედიის ამსახველ კადრებს პირდაპირ ეთერში..

2015 წლის 13 ნოემბრის პარიზული ღამე რაღაცით ჰგავდა კიდეც ნიუ-იორკის ტრაგედიას. აფეთქებები ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 11:30 წუთზე მოხდა. იმავე წუთიდან საერთაშორისო მედიამ ინფორმაციის განახლება პირდაპირ რეჟიმში დაიწყო. “Live Update“ - ეწერა ყველა გავლენიანი მედიასაშუალების პირველ გვერდს და ინფორმაცია ავტომატურად იცვლებოდა.

ამ საყოველთაო პანიკის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში სპეციალური გამოშვებები, მოვლენის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გვინახავს. ამბავიც მეორე დღეს „გეგმიური საინფორმაციოებიდან“ გავიგეთ. მაშინ, როდესაც ხალხი ინფორმაციის მისაღებად სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიის გვერდებს ამოწმებდა, ტელეეთერში მულტფილმები გადიოდა.

მაგალითად, „იმედზე“ საინფორმაციო ღამით 3:30-ზე გავიდა. იმ დროს, როდესაც თეატრის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა, როდესაც თავზე მიბჯენით კლავდნენ მძევლად აყვანილ მოქალაქეებს, თუმცა „იმედში“ საღამოს აწყობილი გადაცემის გადაწყობა არავის უფიქრია და მთავარ ამბადაც ადვოკატის ცემის ფაქტი და პრემიერის ბრატისლავაში ვიზიტი შემოგვთავაზეს. მომხდარზე კი მხოლოდ მეორე დღის 11 საათიან გამოშვებაში ისაუბრეს. თითქმის მსგავსი საინფორმაციო გამოშვებები ჰქონდათ საზოგადოებრივ მაუწყებელს, „მაესტროს“ და „რუსთავი 2-საც“. თუმცა, ეს უკანასკნელი საიტზე, ისევე როგორც tabula.ge პირველივე წუთებიდან აქტიურად დებდა ინფორმაციას.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები კი ერთვებოდნენ პირდაპირ ეთერში და მუშაობდნენ, როგორც მოქალაქე ჟურნალისტები: აკეთებდნენ ლაივსტრიმს პარიზის ქუჩებიდან და ტვირთავდნენ ტვიტერზე მისი სოციალური ქსელის, პერისკოპის საშუალებით.

ქართველი ჟურნალისტები ახლა უკვე ადგილზე იმყოფებიან. მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისათვის უახლესი ამბებით ჩართვაც გვქონდა, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი ოპერატიულობაა. ისეთი, რომელიც ტელეჟურნალისტებს უბიძგებს, ხელში მობილურები მოიმარჯვონ და სოციალურ ქსელებში პირდაპირ რეჟიმში, თუნდაც, საკუთარ გვერდზე განაახლონ ინფორმაცია. ამ პრაქტიკას საერთაშორისო მედია უკვე რამდენიმე წელია მისდევს.

თუმცა, ჩვენ დღემდე ყველაზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება გვგონია და გვავიწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობას უკვე ინტერნეტთან წვდომა აქვს, ბევრმა მათგანმა, კომპიუტერთან ერთად, ინგლისურიც იცის და არ ელოდებიან კონკრეტულ საათს ინფორმაციის მისაღებად. ისინი ბრაზობენ ქართულ მედიაზე, ბრაზობენ სამართლიანად, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთან დროულად არ ვრცელდება.

მეც ვბრაზდები. ვბრაზდები იმიტომ, რომ 15 წლის წინ, სახელმწიფო ტელევიზია გაცილებით ოპერატიული აღმოჩნდა, ვბრაზდები იმიტომ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციაც გავავრცელეთ, ვბრაზდები იმიტომ, რომ პარიზის აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ, ბეირუთის ტერაქტზე ინფორმაცია უმეტესობას არც გაგვხსენებია (ან არც წაგვიკითხავს), ვბრაზდები იმიტომ, რომ ღამის სამ საათზე მთავარ ამბად ადგილობრივი თემა გავიდა, იმაზეც ვბრაზდები, რომ ჟურნალისტების უმეტესობას სოციალური მედია საკუთარი სელფებისა და ლანჩის დასადები, საჩექინო ადგილი ჰგონია, იმაზეც, რომ ინფორმაციას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებამდე ვინახავთ მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ლაივის გაშვება უფრო მომგებიანია და ეს არ გვესმის, ვბრაზდები იმაზეც რომ ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და ჟურნალისტიკის მჭიდრო და მომგებიანი კავშირი, არაერთი მოსმენისა თუ ლექციებზე დასწრების მიუხედავად, ვერ შევიგნეთ..

არაოპერატიულობაზე ვბრაზდები, თუმცა შემდეგ მახსენდება, რომ პარიზის ტერორისტული აქტები კი არა, თბილისის სტიქია ვერ გავაშუქეთ ოპერატიულად. ვერ გავაშუქეთ ვერც 2012 წლის 12 მაისს, ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედია და ვერც 13 ივნისი. ვბრაზდები ჩემს თავზეც და მრცხვენია აუდიტორიის გამო, რომელიც ჩემიც არის.
კატეგორია: ბლოგი
ეს სვეტი არის მცდელობა - ავხსნა, თუ რატომ არ ველოდები “მაესტროს ცხრიანის” “თავისუფალ სივრცეს”.

ზოგადად, ძალიან რთულია დაძაბული ახალი ამბების შემდეგ მაყურებელი იმავე გადაცემით „გადააწყო“ მსუბუქ ტალღაზე, საინფორმაციოს ოფიციალური წამყვანები არაფორმალურ გარემოში გადაიყვანო და მხატვრებთან, კომპოზიტორებთან, მომღერლებთან განსხვავებულ თემაზე ასაუბრო. ვფიქრობ,“თავისუფალი სივრცე” ერთგვარი მცდელობაა, ახალი ამბების დასრულების შემდეგ, მაყურებელმა არ გადართოს სხვა არხზე, სადაც, როგორც წესი, 22 საათიდან გასართობი გადაცემები ან “საპნის ოპერები” იწყება. თვავისუფალი სივრცე კი, რესპონდენტების საზოგადოებრივი ცხოვრების გარდა, გარკვეულ ინფორმაციას მათ პირად ცხოვრებაზეც გვაწვდის. კი, ბატონო, არცერთი მედიასაშუალება ისე არ იფერებს, ირგებს სიყვითლეს, როგორც ტელევიზია და ამისგან დიდძალ მოგებასაც იღებს, მაგრამ მთავარი ხომ კონტექსტია - საინფორმციო გამოშვებაში, ახალი ამების შემდეგ ინტერვიუ პირად საკითხებზე, სულ მცირე, გარკვეულ უხერხულობას ქმნის.

დააკვირდით მოწვეულ სტუმრებს - თავისთავად ეს ადამიანები საინტერესონი არიან წარსულით, აწმყოთი და სამომავლო გეგმებითაც, მაგრამ მე, როგორც მაყურებელს, რა მირჩევნია - ზურაბ ყიფშიძის კარგი ტელეპორტრეტი ვნახო თუ ე.წ. ჰარდთოქისთვის მოწყობილ სტუდიაში ვუსმინო მსახიობს, რომელიც უხერხულად იღიმება კითხვაზე, თუ როდის იტყვის მთავარ სათქმელს კარიერაში?

„თავისუფალი სივრცე“ რეალობად აქცევს იმ მითს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ჟურნალისტიკაში“ ყოველთვის მსუბუქად და აგდებით ვუყურებთ სპორტს, კულტურას...

გვგონია, რომ ეს ხელწამოსაკრავი სფეროებია და მათ გაშუქებას ნებისმიერი ჟურნალისტი ადვილად შეძლებს. არადა, სინამდვილეში პირიქითაა: კულტურა ერთ-ერთ ყველაზე რთულ თემად მიიჩნევა, მისი გამშუქებელი ჟურნალისტები კი საქართველოში თითზე თუ ჩამოთვლებიან. სწორედ ამიტომ აქვს ჩვენთან ჟურნალისტიკას ინტელექტუალური დეფიციტი კულტურის სფეროში.

პოლიტიკური რეპორტინგით დაკავებულ ჟურნალისტს კი, ბუნებრივია, ვერ მოვთხოვთ კულტურის მოვლენების არათუ სიღრმისეულ ცოდნას, არამედ ამგვარი ახალი ამბებისთვის თვალის მიდევნებასაც კი. საამისოდ მას, სამწუხაროდ, არც დრო აქვს და არც გარემოებები უწყობს ხელს.

საქართველოში სერიოზულ თემად მხოლოდ პოლიტიკა მიგვაჩნია, თუმცა პოლიტიკური საკითხების სიღრმისეულად დაფარვასაც ვერ ვახერხებთ. თითქმის ყველა პოლიტიკური გადაცემა ზედაპირული კითხვებით არის სავსე, სადაც არათუ ანალიზი, მისი მცდელობაც არ ჩანს. ამ ფონზე კი „თავისუფალი სივრცე“ საინფორმაციო გამოშვების ფორმატიდან სრულიად ამოვარდნილია. მაყურებლისათვის არაბუნებრივია წამყვანი, რომელიც მთავრობის წარმომადგენლისათვის ჯერ უხერხული კითხვების დასმას ცდილობს, შემდეგ კი სხვისი პირადით ინტერესდება.

მაინც, რა არის „თავისუფალი სივრცე?“ როცა ეს სიტყვები მესმის, ასოციაციურად წარმომიდგება ადგილი, სადაც აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აკი „მაესტროს“ კიდეც აქვს მსგავსი პრეცედენტი „ერთი წუთის“ სახით. ამ მცირე ზომის ვიდეოებმა, რომელშიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მოქალაქეებს უფრო ხშირად იხილავთ, პოპულარობა მალე მოიპოვა. საკუთარ გულისტკივილზე გულწრფელად მოსაუბრე ადამიანებით, გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება. მიზეზი რამდენიმეა: გამოჩნდა “რიგითი მოქალაქე” (იმედია, ამ სიტყვებს ოდესმე აღარ მოვისმენ ქართული სატელევიზიო ეთერიდან); აღმოჩნდა, რომ სოფელს, ქალაქს, ქვეყანას ჰყავს ძალიან საინტერესო მოქალაქეები - ისინი არც არტისტები არიან, არც ორკესტრს დირიჟორობენ, არც წიგნების ცნობილი მაღაზიები აქვთ, ცხოვრობენ საკუთარი რუტინით და წუხან მთის სოფლების დაცარიალებაზე, გაუმართავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეკოლოგიაზე, განათლებაზე, მიუსაფარ ბავშვებზე, გლობალურ დათბობაზე, ქვეითად მოსიარულეთა უფლებებზე, ყოველდღიურ არანორმატიულ ლექსიკაზე… ბევრ რამეზე წუხან - ამ მონოლოგებით “მაესტროს” რეალური შანსი მიეცა, სათქმელი უფრო მეტი ინტენსივობით მიეწვდინა საზოგადოებისთვის, ხელისუფლებისთვის. თუმცა არხმა არჩევანი მაინც არა “რიგითებზე”, არამედ “სელებრითებზე” გააკეთა და ისიც, ძალიან უადგილოდ და უდროოდ.

წარმოგიდგენიათ, როგორი საინტერესო იქნებოდა მასწავლებლის, ექიმის, მშენებლის, ხაბაზის და სხვათა თავისუფალი სივრცე, თავისუფალი ყოველგვარი გავლენისგან, შეზღუდვისა და შიშისგან, რომ დღეს ეთერში ნათქვამი კრიტიკული მოსაზრება სისტემაზე ხვალ დაქვეითების ან - სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გახდება? სივრცე, რომელიც “მაესტროზე” არა ერთი წუთით, არამედ 20 წუთით იქნებოდა შემოფარგლული?

საინტერესოც და რეზონანსულიც...

თუმცა “მაესტრომ” ხელოვანებზე აქცენტის გაკეთება და ამით საინფორმაციო გამოშვებაში კულტურის ამბების სიმწირის გადაფარვა არჩია. სახელოვნებო და თავისუფალი სივრცე ერთმანეთისაგან განსხვავდება. სამწუხაროდ, „მაესტროს“ ეს სივრცე არც ისე თავისუფალია სწორედ იმ ამბებისგან, რომელთა შესახებ წამყვანები სტუმართან საუბრამდე 5 წუთით ადრე უყვებიან აუდიტორიას.
კატეგორია: ბლოგი
რამდენიმე წლის წინ ტელეეთერში გადაცემა „პროფილის“ გამოჩენამ მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევდა, რომ გადაცემა მდარე პროდუქტს აჩვევდა მაყურებელს, ნაწილს - წამყვანის კითხვები და რეაქციები აღიზიანებდა. მოგვიანებით პროტესტი ჩაცხრა - ხალხი მიეჩვია.

„პროფილი“ მაშინ პირველი იყო. შემდეგ სხვა მსგავსი გადაცემებიც გაჩნდა. გადაცემები, რომლებშიც არანაკლები სიცხარით მსჯელობენ ყვითელზე ყვითელ თემებზე და ერთმანეთზე ძლიერი სიშმაგით ცდილობენ მაყურებლის გაოცებას - გამოსდით კიდეც.

თუ ერთ შოუში ვიღაც “coming out“-ს გააკეთებს, მეორე მისი პარტნიორის ინტერვიუს შემოგვთავაზებს, თუ ერთი წამყვანი დაინტერესდება, არის თუ არა რესპონდენტი ბოზი, მეორე თინეიჯერს ჰკითხავს, ჰქონია თუ არა ოდესმე სექსი. ერთი თუ 12 წლის ორსულზე რეპორტაჟს მოამზადებს, მეორე - გადაცემაში მოიყვანს და ასე უსასრულოდ.

მაყურებელიც გაოცებას, გაოგნებას და აღშფოთებას გამოხატავს -თანმიმდევრულად და ეფექტურად ან იმდენად ინდიფერენტული ხდება, რომ გაშიშვლებულ სტუმარზეც კი აღარ აქვს რეაქცია. (აკი, ეთერში ასეთი შემთხვევაც გვქონია...)

სიყვითლე ტირაჟისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიყვითლე ყველგან იყიდება და დიდი რეიტინგი აქვს, თუმცა ამ პუბლიკაციის თემა ეს სულაც არ გახლავთ. თემა ის შოუა, რომელსაც ჩვენი გასართობი გადაცემები რიგითი მოქალაქეების პირად ტრაგედიებზე დგამენ. შემთხვევებზე, რომლებზეც საჯაროდ ადამიანები მხოლოდ უკანასკნელი იმედის გადაწურვის შემდეგ საუბრობენ, როდესაც იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯით გასაჭირს „მომგვარებლებამდე“ მიიტანენ..

ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეთერში და-ძმა გაუპატიურებული დედის შემთხვევაზე ყვება და ამბობს, რომ ციხიდან გამოსული დამნაშავე საზოგადოებისთვის კვლავ საშიში იქნება, ეს არის მიზეზი, რის გამოც შვილმკვდარი დედა თავის ამბავს გვიამბობს, რის გამოც პედოფილიის მსხვერპლი ხუთი წლის ბავშვის დედა ეთერში მიდის... ამ ადამიანებს შედეგი სურთ და ჰგონიათ, რომ სახალხოდ გამოთქმული საყვედურით გამომძიებელი უკეთ ამუშავდება, დამნაშავეს შერცხვება, დანაშაულზე ხელის დამფარებელს გული აუჩუყდება, სინამდვილეში კი გაუაზრებლად აღმოჩნდებიან ხოლმე გადაცემის მესვეურთა მსხვერპლნი, რადგან მათი პირადი ტრაგედიებით ისინი შოუს დგამენ და ცდილობენ, პირად და ინტიმურ ამბებზე რაც შეიძლება დეტალურად მოაყოლონ, რეალური პრობლემის განხილვის ნაცვლად - სკანდალური შოუ გამართონ და საოცნებო რეიტინგი ამ გზით აიმაღლონ.

„ეს უკვე სხვა გადაცემის ფორმატია, ეს ის დეტალებია, რომელსაც, ალბათ, უფრო, საინფორმაციო გამოშვევები გაარკვევენ, მე მეგონა, ბავშვის პრობლემების შესახებ უფრო მეტი ეცოდინებოდა ოჯახის წევრებს“, - ასე აწყვეტინებს შვილმკვდარ დედას ერთ-ერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი სიტყვას, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს, გამოძიებას კიდევ ერთხელ, ამჯერად - ტელეეთერიდან მიმართოს და შვილის თვითმკვლელობის საკითხის შესწავლაში დახმარება სთხოვოს...



მედიამ კარგად იცის, რომ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, არაფრისმომცემია ეჭვმიტანილის დაუძლურებული მამის ეთერში ჩართვა, თუმცა ამას მაინც აკეთებს - მაყურებელს კაცის მორალური განადგურებით „შეკაზმულ“ შოუს სთავაზობს და იცის, გადაცემის ბოლოს კონკურენტებთან რეიტინგით იამაყებს.

ჟურნალისტებმა ისიც იციან, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ სტუმარს რეიტინგისთვის სასურველ კითხვებს დაუსვამენ. ასე ეკითხებიან 19 წლის ბიჭს, ჰქონია თუ არა სექსი. მოგვიანებით ატეხილ აჟიოტაჟს კი მედგრად იგერიებენ არგუმენტით, რომ რესპონდენტი ტელევიზიაში დაასაქმეს და ოპერაციას გაუკეთებენ.

რატომ მანიპულირებენ ჟურნალისტები ადამიანური ტრაგედიებით? გადაცემის რეიტინგი - ეს მთავარი არგუმენტია, რომელიც მათ პირველობის გარანტიას აძლევს, კრიტიკოსებს აჩუმებს, სტუდიაში მისულ შოუს გმირებსა და სეირის მოყვარულ მაყურებელს კი კმაყოფილს ტოვებს. გაშუქების ამგვარი ფორმა მეორეხარისხოვანს ხდის იმ პრობლემას, რომელიც ადამიანებს ეთერში მისვლას და მის საჯაროდ მოყოლას აიძულებს.