ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განიხილვა მიმდინარეობს
13.03.2025


ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განიხილვა განახლა. დღევანდელ პროცესზე ამაღლობელი დისტანციურად ერთვება. სხდომას ესწრებიან დანიისა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლებიც. 

დღევანდელ სხდომაზე მოწმეები უნდა გამოკითხონ და მტკიცებულებები განიხილონ.  

პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები აქვს შედგენილი. 



.......................................................................................................................................................
მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. 

ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო. 
.......................................................................................................................................................

პროცესზე დაკავების ოქმის გაყალბების შესახებ ისაუბრა მზია ამაღლობელმაც: 

„ბატონო მოსამართლე, საქმე რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად... კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ. 

ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო. ესეც სიცრუეა იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უდავოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, თუ არ ჩავთვლით ამ ცრუ ჩვენებებს, რომ მე ამ სიტყვებს გამოვიყენებდი. ზოგადად, არც დახურულ სივრცეში და ასე ვთქვათ, არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არათუ პოლიციელისთვის. კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემს ადვოკატებს მოგვცემს იმის უფლებას, რომ  ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“, -  თქვა ამაღლობელმა

მზია ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ ამაღლობელის დამკავებელი აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელიაა, თუმცა დღეს მოწმის სახით გამოსაკითხად ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ვანაძეა მისული.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ