„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
12.03.2025


„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს ბექა ბერაძეს, რომელიც გასული წლის 1 დეკემბრის ღამეს, ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ, პროევროპული საპროტესტო აქციის დროს, დააკავეს და სცემეს, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუხადა.

ბექა ბერაძეს შსს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს დღეს, 17:00 საათზე  ჩანიშნული სასამართლო პროცესის შესახებ დაახლოებით ერთი საათით ადრე აცნობეს. მისმა ადვოკატმა კი სასამართლოში საქმის მასალების მისატანად სხდომის ერთი საათით გადადება ითხოვა.

ბერაძე 2024 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე, ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ, ძმასთან და ორ მეგობართან ერთად იმ დროს დააკავეს, როდესაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციისკენ მიდიოდნენ.

ბერაძე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე გაუშვეს. „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძესაც, რომელიც პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავა.

ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დღეს პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ.  

შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება „პუბლიკის“ რეპორტიორ ალექსანდრე ქეშელაშვილსაც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკის“ რეპორტიორის ადმინისტრაციულ საქმეზე 25 თებერვალს იმსჯელა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება კი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 17 მარტამდე გადადო.

ქეშელაშვილი 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ