ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია GDS-ს საინფორმაციო გამოშვება 2030-ის ეთერში 1 დეკემბერს გავიდა სიუჟეტი კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის შესახებ.

მასალაში მოთხრობილი იყო თუ როგორ მუშაობენ სამთო გეოლოგები ამ ინსტიტუტში, რა განყოფილებები არსებობს და როგორ ფუნქციონირებს. დაახლოებით 8 წუთიანი სიუჟეტის ბოლო ნაწილში ჟურნალისტი ამბობს:

„ინსტიტუტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩარეცხილ კვლევით ინსტიტუტთაგან ერთ ერთია (კადრში ჩანს გუბე). 2006 წელს ჯერ ინსტიტუტის თანამშრომლები ჩარეცხეს, შემდეგ მათი კუთვნილი შენობა ფალიაშვილზე, რომლის მდებარეობაც და საბაზრო ღირებულებაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებისთვის საინტერესო აღმოჩნდა“.

ჟურნალისტი ინსტიტუტის დირექტორზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინსტიტუტი აუქციონზე მათთვის შეუტყობინებლად გაიტანეს და მალევე გაყიდეს. ამავეს იმეორებს რესპონდენტი სინქრონშიც და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ამ ნაბიჯის გადადგმით უარი თქვა საკუთარ ქონებაზე.

სიუჟეტში ამ თემაზე სხვა რესპონდენტი არ საუბრობს. შესაბამისად, გაუგებარი რჩება როგორ „ჩაირეცხნენ“ ჯერ თანამშრომლები და შემდეგ შენობა. თუ „ჩარეცხვა“ შენობის აუქციონზე გატანაა, არ ჩანს კონკრეტულად ვინ, რომელმა ნახსენებმა „მაღალჩინოსანმა“ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა დასაბუთება ჰქონდათ მაშინ და რა არგუმენტები აქვთ ახლა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. გაურკვეველი დარჩა, რა არის ახლა განთავსებული გაყიდულ შენობაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჯეროვანი სიზუსტის დაცვას ავალდებულებს მაუწყებელს ქცევის კოდექსიც, სადაც ნათქვამია, რომ „ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.“
კატეგორია - ეთიკა
“რუსთავი 2-ზე” გადაცემა P.S- ში გავიდა სიუჟეტი სადაც საუბარი იყო მერიის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ. სიუჟეტის ავტორმა ყურადღება გაამახვილა საახალწლოდ ახალი განათებების შესაძენად ტენდერში ერთ-ერთი კომპანიის საეჭვო გამარჯვების ფაქტზე, ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და თბილისის სხვადასხვა უბანში განსხვავებული ღირებულების საახალწლო ნობათის გაცემის შესახებ.

საახალწლო განათებების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტი ამბობს, რომ ტენდერში ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლისთვისაც ეს პირველი მოგებული ტენდერია, მანამდე კი მერიამ სატენდერო პირობები შუა გზაზე შეცვალა, შემდეგ კი ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

წყარო, რომელსაც ჟურნალისტი ეყრდნობა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორია”. ჟურნალისტის თქმით, “მედიატორის ინფორმაციით, შენიშვნები დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ სახელმწიფო აუდიტსაც დაუგროვდა, რომელმაც მერიის საქმიანობის შესწავლა ორიოდე თვის წინ დაიწყო და რასაც წინ უსწრებდა მთელი რიგი მაღალჩინოსნების სახლში გაშვება.”

თუმცა, სიუჟეტში არც აუდიტის სამსახურია ჩაწერილი და არც მერიის წარმომადგენელი, რომელიც დასმულ კითხვებს პასუხს გასცემდა.

სიუჟეტის ავტორს მერიისთვის არც იმ ნაწილში მიუცია საშუალება თავისი პოზიციის შესახებ ესაუბრა (ყოველი შემთხვევისთვის სიუჟეტში მცდელობა არ ჩანს), სადაც ჟურნალისტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს.

დაბალასების მცდელობა სიუჟეტის საახალწლო ნობათების შესახებ მომზადებულ ნაწილში იყო, სადაც საუბარია, რომ თბილისში რაიონების მიხედვით საახალწლო ნობათების ღირებულება განსხვავებულია. მაგალითად, სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისთვის გამგეობა 18 ლარის ღირებულების კალათას ყიდულობს, მაშინ როცა ვაკეში მცხოვრებთათვის 35 ლარი იხარჯება. მასალაში მხოლოდ ისნის რაიონის გამგებელია ჩაწერილი, რომელიც ვარაუდს გამოთქვამს, რომ სხვა გამგეობებს “ცოტა მეტი საშუალება ჰქონდათ ალბათ”. საბოლოოდ მაყურებელმა ვერ გაიგო, ზუსტად რამ გამოიწვია საახალწლო ნობათების ღირებულებაში სხვაობა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 14-ე მუხლი

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულმოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციისსისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
კატეგორია - ეთიკა
Geworld.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ერდოღანი-2015 _ ეს არის სააკაშვილი-2008 და პოროშენკო-2014“, რომელიც თურქოფობიის ნიშნებს შეიცავს.

ავტორი თურქეთისაგან მტრის ხატს ქმნის: „თურქეთი უწინდებურად განაგრძობს საქართველოს დაპყრობას ეკონომიკურად _ ენერგეტიკასა და ეკონომიკაში, სამშენებლო, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესებში ჩანერგვით, ქართული ბაზრის მავნე პროდუქტებითა და უხარისხო საქონლით შევსებით. ქართველი ქალები გაჰყავთ თურქეთში, სადაც ისინი პროსტიტუციითა და მოსამსახურეობით შოულობენ ლუკმაპურს. თურქებს არ უყვართ საქართველო და ქართველები, მაგრამ უყვართ ქართველი ქალები“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ჟურნალისტი რუსეთის საქართველოს მოკავშირედ წარმოჩენის მიზნით ირწმუნება, რომ „საქართველოში თურქეთის გეგმებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, როგორც ეს გააკეთა 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატით“.

„თურქებს არასოდეს უყვარდათ ქართველები და არც შეიყვარებენ - ქართული მართლმადიდებლური კულტურა იყო და რჩება მათთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად. ისინი საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდნენ ქართველებს და ამას კვლავაც აგრძელებენ ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოლოდინში. 2021 წელს კი თურქები იმედოვნებენ, რომ აამოქმედებენ თავიანთი გენშტაბის საიდუმლო გეგმას, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 10 წლის წინათ გვაფრთხილებდა ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია“ - ვკითხულობთ სტატიაში.

თურქოფობიის წახალისების საფრთხეს შეიცავს “Geworld”-ის მიერ გამოქვეყნებული სხვა სტატიაც - „ბუღა-თურქობის ღია დასაწყისი საქართველოში, ანუ ლაშას ლავაში, ნიკას ვენახი და თინას ოცდამეერთე“.

„ლაშა ბუღაძე, უფრო სწორად „ნიკაგვარამიები“, „ლაშაბუღაძეები“, „თინახიდაშელები“ იმას კი არ საყვედურობენ ქართველ ხალხს, რუსეთს, ანუ აგრესორს რატომ ემხრობითო, არა! მათი საყვედურის ძირითადი მიმართულება არის ის, თუ რატომ ვუყურებთ ჩვენ უნდობლად თურქეთს და როგორ ვბედავთ, რომ ოსმალთა იმპერიას ერთგულებას არ ვეფიცებით“ - წერს ავტორი.

ჟურნალისტი იშველიებს საქართველოს „ისტორიულ გამოცდილებას“, უწოდებს თურქ ხალხს „თურქ-სელჩუკებს“, „პან-ოსლამურ იმპერიას“: „ოსმალთა სასარგებლო არგუმენტს კი, ანუ იმას, რომ “თურქეთი ნატოს წვერია” მოქნილად იყენებენ იმის დასამტკიცებლად, თითქოს პან-ოსმალური იმპერია საქართველოს არაფერს დაუშავებს და ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიის პროპაგანდის გავლენაა“.

თურქოფობიის ნიშნებს შეიცავს აგრეთვე Geworld-ის ჟურნალისტის ინტერვიუ გელა ხუციშვილთან - „თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული კილომეტრი თავისი მოსახლეობით“.

„როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული კილომეტრი თავისი მოსახლეობით“, - ასე უპასუხებს რესპონდენტი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „ვის აძლევს ყარსის ხელშეკრულების დენონსაცია ხელს“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კატეგორია - ეთიკა
Mediachecker-ის მეირ, ორ მედიასაშუალებაზე Geworld.ge-ზე და reportiori.ge- ზე დაკვირვებმა აჩვენა, რომ გამოცემები საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კანდიდატის ირმა ინაშვილის კამპანიის გაშუქებას, ხოლო მეორე კანდიდატის თამარ ხიდაშელის აქტივობები ან არ შუქდება, ან მისი სახელი მხოლოდ მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტშია ნახსენები.

28 ოქტომბერს ვებგვერდმა Geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ქართული პოლიტიკის ჟანა დ’არკი და რესპუბლიკელების მორიგი ბუდარიხა“. სტატია შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 4 დღით ადრე გამოქვეყნდა და მკითხველს საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატების ირმა ინაშვილისა და თამარ ხიდაშელის შესახებ მოუთხრობს.

სტატია „პოლიტიკის“ რუბრიკაში დევს და მითითება იმის შესახებ, რომ საავტორო ან სარედაქციო მასალაა, არ აქვს, ის მიკერძოებული და ცალმხრივია. სტატიაში ასევე გამოყენბულია ჰომოფობიური გამონათქვამები და ავტორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ სტერეოტიპების გაღვივებას უწყობს ხელს.

ირმა ინაშვილს სტატიის ავტორი ჟანა დარკს, საფრანგეთის სახალხო გმირს, და ქართველ გმირ ქალებს ადარებს. თამარ ხიდაშელის მიმართ კი უარყოფითად არის განწყობილი და მას დათა თუთაშხიას პრესონაჟ ბუდარიხას ადარებს, რომელიც ნაწარმოებში მოხსენიებულია როგორც უჯიშო/ურჯულო, უყოფაქცევო ქალი. თამარ ხიდაშელის ბიოგრაფიაზე საუბრისას ვკითხულობთ:

„როგორც ყველა რესპუბლიკელი, თამარ ხიდაშელიც სოროსის ძუძუს წოვდა, პრაქტიკულად, არაფრის კეთებაში (რადგან ზემოჩამოთვლილი ფონდები თუ ორგანიზაციები მხოლოდ საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ) კაი ხელფასი, “პაეზდკები” არ აკლდაო და, მეც მოკლედ ვიტყოდი, როგორც თვითონ განაცხადა ხიდაშელმა, საქართველოს “გადასარჩენად” პარლამენტში მიმავალ “ვარსკვლავს” მართლაც უზრუნველი კომფორტი მიუტოვებია-მეთქი...“

რაც შეეხება ინაშვილს, სტატიაში ცალსახად გამოკვეთილია ავტორის დადებითი დამოკიდებულება მის მიმართ. გარდა ამისა, ის ცდილობს ინაშვილის ბიოგრაფიის დრამატიზებას:

„18-19 წლის გოგონა აფხაზეთის ომში იცავდა საქართველოს ერთიანობას; გამოიარა ჭუბერის ჯოჯოხეთიც, სადაც (ბევრმა არც იცის) ბილიკზე იპოვა ყინვისგან გათოშილი, გათიშული თოთო ბავშვი, გულში ჩაიკრა, მრავალი კილომეტრი ასე ატარა და მოხდა სასწაული _ ბავშვი გაცოცხლდა!

არ ვიცი, ირმას სხეულის სითბომ გაალღო გაყინული ბავშვის სხეული თუ ღვთის განგებით მოხდა ეს სასწაული. ის კი ვიცი, რომ ის ბავშვი ირმამ მონათლა და დღეს საღსალამათი ზრდასრული კაცია“.

ამავე სტატიაში ავტორი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეპიდემიას ადარებს. შეგახსენებთ, ეპიდემია ნიშნავს ინფექციური დაავადების სწრაფ და ფართო გავრცელებას. არადა, ჰომოსექსუალობა გარეოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1990 წელს ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, თამარ ხიდაშელს, ამ გამოცემაში, ის ყოველთვის უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი, მაგალითად. ერთ-ერთ ასეთ მასალაში, რომელიც ე.წ. „უკარინულ ვიკილიქსზე“ დაყრდნობით, ვრცელდება, თამარ ხიდაშელი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ პირადაა წარმოჩენილი.

„დღეს საგარეჯოს არჩევნები ერთგვარი ტესტია _ თუ მოახერხეს და რესპუბლიკელ ბუდარიხასთან დუელში დაამარცხეს ირმა ინაშვილი, მხოლოდ გაყალბებით შეძლებენ ამას და მაშინ, 2016-ში, დიდი ალბათობით, ზემოხსენებულ აბსურდულ პროცენტებსაც დასვამენ“- ვკითხულობთ კიდევ ერთ მასალაში.

ირმა ინაშვილის შესახებ პოზიტიური მასალების გამოქვეყნებით და თამარ ხიდაშელის ნეგატიური გაშუქებით, გამოირჩევა, reportiori.ge-ც.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე reportiori.ge ახალი ამბის ფორმატში, ათავსებს ირმა ინაშვილის მხარდამჭერების, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეების: ჯამლეტ ხუხაშვილის, ლევან თედიაშვილის და ერეკლე საღლიანის მოწოდებებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ირმა ინაშილის, როგორც საარჩევნო კანდიდატის უპირატესობას. ამავე მედისაშულებით ვრცელდება თავად ირმა ინაშვილის მიმართვაც საგარეჯოელებისადმი, რომელშიც იგი მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვს.

„თანადგომას და მხარდაჭერას გთხოვთ. ნუ ჩაიქნევთ ხელს ამ არჩევნებზე. ნუ მოგერევათ უიმედობა. პირიქით, - იმოქმედეთ, მხარი დამიჭირეთ! მომეცით საშუალება, რომ დაგიბრუნოთ იმედი. მომეცით საშუალება, რომ ერთად ვიმოქმედოთ საქართველოს საკეთილდღეოდ,“ - ირმა ინაშვილის მიმართვა საგარეჯოელებს.

„ძვირფასო საგარეჯოელებო! მე მჯერა თქვენი მოუსყიდველი ბუნებისა. გავითვალისწინოთ, თუ როგორ აისახება შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში არჩევნების წინ მიღებული ერთჯერადი დახმარება. მაინც, რატომ უნდა ავირჩიოთ დეპუტატად ირმა ინაშვილი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამით თქვენ აირჩევთ ერთ-ერთ თქვენგანს. ირმა იქნება თქვენი მისწრაფებისა და სულისკვეთების პირდაპირი გამომხატველი. გაქრება ის სამანი და მიჯნა, რომელიც იქმნება ამომრჩეველსა და დეპუტტს შორის...“ - აცხადებს პოეტი ერეკლე საღლიანი;

„ირმა სჭირდება პარლამენტსაც და საგარეჯოსაც. წარმატებები მას!" - წერს ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი;

„ირმა ინაშვილი დიდი პატრიოტია - ნიჭიერი, დაუღალავი და უდრეკი ადამიანია. სწორედ ამ ნიუანსების კრებითობა გვაძლევს იმის იმედს, რომ ირმა ინაშვილი ყოველთვის ობიექტური და სამშობლოსთვის თავდადებული იქნება", - ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.

ქართული ოცნების კანდიდატის თამარ ხიდასელის საარჩევნო კამპანიის შესახებ reportior.ge-ზე საკმაოდ მწირი მასალა იძებნება. საძიებო სისტემაში თამარ ხიდაშელით ძიების შედეგად, უაკანსკნელი განახლება, რომელიც ხიდაშელს ეძღვნება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხიდაშელის საგარეჯოში წარდგენას უკავშირდება. დანარჩენი ნიუსები ხიდაშელთან მიმართებაში ნეგატიურ ხასიათს ატარებს.

„თამარ ხიდაშელის სტილი მედიისა და კრიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა. ის არავის გაუკრიტიკებია და არც შეუქია. არ გაულანძღავს და არ მოფერებია. როგორც პიარ-სპეციალისტები ამბობენ,- სტანდატრული კანდიდატია! სტანდარტული კანდიდატი, ირმა ინაშვილთან შედარებით, რომელიც ყოველდღიურად აოცებს პოლიტიკურ წრეებსაც და საზოგადოებასაც, ანგრევს ამ სტერეოტიპებს.“ - ვკითხულობთ სტატიაში სათაურით „ირმა ინაშვილის საარჩევნო მეტამორფოზა“, სტატია ხიდაშელისა და ინაშვილის შედარებას ეთმობა, სადაც ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად უფრო პოზიტიურ კონტექსტშია წარმოჩენილი .

1 სექტემბრით თარიღდება ხათუნა ხოფერიას კრიტიკული განცხადება თამარ ხიდაშელთან დაკავშირებით, რომელიც reportiori.ge-მ საკუთარ გვერდზე განათავსა.

„ოპერაცია კორძაია-2 დაიწყო!!! ნაძალადევი ხომ ნაძალადევად გააიმასქნეს, ახლა საგარეჯოს უპირებენ გაიმასქნებას და წარმოვიდგინე, კახელი გლეხების სახელით ეს სუბიექტი პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინებას რომ დაუჭერს მხარს...“- აცხადებდა ხოფერია.

მედიასამართლის სპეციალისტი ნათია კაპანაძე წინასაარჩევნო პერიოდში ონლაინმედიაში საარჩევნო კანდიდატების გაშუქების საკითხი, არ ექვემდებარება საკანონმდებლო რეგულირებას: „წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორიგს ექვემდებარება - საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი. ინფორმაციის გავრცელების სხვა წყაროები თავისუფალია სახელმწიფო კონტროლისაგან. როდესაც საუბარია კანდიდატის სასარგებლო ინფორმაციის ინტენსიურ გაშუქებაზე ინტერნეტში - ამ საკითხს ჩვენი კანონმდებლობა ნაწილობრივ ღიად ტოვებს - მონიტორინგს არ ექვემდებარება ინტერნეტგამოცემა, თუმცა კითხვის ნიშნები შესაძლოა გაჩნდეს იმაზე, არის თუ არა ინტერნეტგამოცემის საქმიანობა აგიტაცია, ან შემოწირულობასთან ხომ არ გვაქვს სამქე, “ - განმარტავს კაპანაძე და ამატებს: „ ასევე, შესაძლოა კითხვები გაჩნდეს ობიექტურობასთან ან ეთიკურობასთან დაკავშირებით - კერძოდ, ახერხებს თუ არა მედიასაშუალება საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლით ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ბიექტური და სრული ინფორმაციის მიწოდებას.“

Reportiori.ge-ს და geworld.ge-ს შესახებ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის „ვის ეკუთვნის ქართული მედია“ თანახმად, reportiori.ge-ს მფლობელია შპს. „რეპორტიორი“, რომელიც ასევე ფლობს „რეპორტიორის” პრეს კლუბს.

„შპს „რეპორტიორის“ მფლობელები გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე არიან, ვებგვერდის აღმასრულებელი რედაქტორი კი ანა ნოდიაა. გიორგი მამაცაშვილი წლების განმავლობაში გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი იყო. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წლებია გამოირჩევა ანტიდასავლური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების ტირაჟირებით, ასევე სიძულვილის ენის ხშირი გამოყენებით, განსაკუთრებით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა მიმართ. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის მიხედვით, ბეჭდური მედიიდან გამოკვეთილად მკაფიო ანტიდასავლურ განწყობებს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ გამოხატავს“.

ამავე კვლევაში Geworld.ge- ს შესახებ ვკითხულობთ: „გაზეთი „საქართველო და მსოფლიო” 2009 წელს დაარსდა. გაზეთის გამომცემელი აიპ „ისტორიული მემკვიდრეობაა,” მისი მთავარი რედაქტორი კი ირაკლი თოდუაა. ირაკლი თოდუა „ასავალ-დასავალის” რედაქტორთან, ლაშა ნადარეიშვილთან ერთად „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. დღეს გაზეთს აქვს ონლაინ პლატფორმა Geworld.ge, რომელიც დამოუკიდებელ კონტენტს აწარმოებს.

Geworld.ge- ს დომენი „ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული. მედიასაშუალება, ისევე როგორც მისი დომენების მფლობელი ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორია.

„ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებლები არიან გულბაათ რცხილაძე და გიორგი ვეკუა. გულბაათ რცხილაძე პარალელურად არის გამგეობის წევრი ორგანიზაციაში, “კავკასიური თანამშრომლობა”. ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრია ნანა დევდარიანიც, რომელიც Reportiori.ge-ს მფლობელებთან – ნუგზარ ფოფხაძესთან და გიორგი მამაცაშვილთან ერთად აიპ „თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი VI კორპუსის” გამგეობის წევრია“.
კატეგორია - ეთიკა
„ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რუსეთის, თურქეთის თუ ნეიტრალური?“ ასე ჟღერდა 26 ნოემბერს „მაესტროს ფაქტორის“ ინტერაქტივის შეკითხვა და მთელი გადაცემაც სწორედ ამ „დილემის“ მიმოხილვას მიეძღვნა. თურქოფობიის ტირაჟირება, ისტორიული მოვლენების ცალმხრივი შეფასებები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პარალელები - ეს იყო ის ძირითადი პრობლემები, რაც 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორში“ გამოიკვეთა.

გადაცემას ვიზუალური გაფორმებაც საინტერესო ჰქონდა. შესავალ ნაწილში ფილმებიდან ამონარიდები გვიჩვენეს, ერთ -ერთ ასეთ ნაწყვეტში ბრძოლის კადრებია ნაჩვენები („თურქული გამბიტი“), ხოლო მეორეში ფილმის („არ დაიდარდო“) გმირი ქუთაისისა და თბილისისკენ მიმავალ გზას ეძებს. მას შემხვედრები ეუბნებიან, რომ იმ მიმართულებით, საითაც ის მიდის, სტამბულია, ფილმის გმირი ამბობს: სტამბული არ მინდა, ჩვენ იქ უკვე ვიყავით, იქ თურქები არიან” . გაუგებარია, რა კავშირია თემასა და ამ ფილმიდან ნაწყვეტებს შორის, რა მიზნით აჩვენეს გადაცემის ავტორებმა ეს ამონარიდები, რა საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა მათ ჩვენებას, ან რისი თქმა სურდათ ამით.

რუსეთი თუ თურქეთი?

დავიწყოთ ინტერაქტივის შეკითხვით - რომელი მხარე უნდა აირჩიოს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში? გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნიეს გადაცემის ავტორებმა, რომ საქართველო, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ამგვარი დილემის წინაშე დგას, ან შეიძლება დადგეს. ამ საკითხზე მსჯელობა გადაცემის განმავლობაში მაყურებელს არ მოუსმენია. საკითხის ამგვარად დაყენებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მაუწყებელი მაყურებელს არარეალისტურ, მცდარ დილემას უყენებს.

მეორე მხრივ, ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერში ინტერაქტივის ფორმით კითხვის დასმა ქვეყნის მოსახლეობის მოსაზრებების რეპრეზენტატული არ არის, რაც მაყურებელთა დიდი ნაწილისთვის შესაძლოა უცნობი იყოს. ინტერაქტივის გამოკითხვა მანიპულაციის საშუალებად რომ არ იქცეს და მაყურებელი შეცდომაში არ შევიდეს, მნიშვნელოვანია მისი გამოყენების წესების დაცვა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ინტერაქტივის შესახებ ვკითხულობთ: „ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს“. როგორც წესი, ქცევის კოდექსის ამ დათქმას, ტელევიზიები იშვიათად ასრულებენ ხოლმე, გამონაკლისი არც „მაესტროს ფაქტორი“ ყოფილა.

„თურქეთმა რუსული თვითმფრინავი საზღვრის უმნიშვნელო დარღვევისთვის ჩამოაგდო “

გარდა ინტერაქტივის შეკითხვისა, კითხვებს აჩენს ჟურნალისტის შესავალი ტექსტიც:

“2012 წელს სირიაში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და ის ჩამოაგდეს სირიის სამხედრო ძალებმა. ამ ინციდენტს თურქეთის მაშინდელი პრემიერი, ერდოღანი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:“საზღვრის უმნიშვნელო დარღვევა არ შეიძლება გახდეს თვითმფრინავის ჩამოგდების საბაბი”.მაშინ ეს ქმედება შეფასდა როგორც ტერორისტული აქტი. 3 წლის შემდეგ კი, უკვე თურქეთმა საზღვრის უმნიშვნელო დარღვევისთვის ჩამოაგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ეს შეფასდა, როგორც თურქეთის უფლება დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე”, - აღნიშნა წამყვანმა გადაცემის შესავალში, მაყურებლისთვის გუგებარი დარჩა რას ნიშნავს, წამყვანის ფაქტად მოწოდებული შეფასება, რომ საზღვრი „უმნიშვნელოდ დაირღვა“, გაუგებარია რა ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა ის ამ შეფასების დროს ან საერთოდ, როდის, რა გარემოებაში მიიჩნევა საზღვარი „უმნიშვნელოდ“, ან „მნიშვნელოვნად“ დარღვეულად.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, 16-ე მუხლში ვკითხულობთ: „მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია“.

„საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“. (მუხლი 17.2)

„დავა აია სოფიასთან დაკავშირებით“

მნიშვნელოვანია წამყვანის შეფასება თურქეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში წარმოშობილი კონფლიქტის შედეგებზე საუბრის დროსაც. წამყვანი მიიჩნევს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებისას ოფიციალური რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის ბოიკოტის ფონზე, „ყველაზე საინტერესო პრობლემა“ ერთერთი რუსი დეპუტატის, გავრილოვის განცხადებაა, რომელიც, როგორც „ფაქტორიდან“ გავიგეთ, აია სოფიას მართლმადიდებლურ სამყაროში დაბრუნების ითხოვს. გაუგებარია, რატომ მიიჩნევს წამყვანი ერთ-ერთი რუსი დეპუტატის მოთხოვნას „ყველაზე საინტერესო პრობლემად“, მაშინ როცა ეს საკითხი ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე დღის წესრიგში არ დამდგარა.

აქვე, წამყვანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ბიზანტიის ოქროს ხანის სიმბოლოს აია სოფიას მართლმადიდებლობის წიაღში დაბრუნებას ყველაზე მეტად ბერძნები გულშემატკივრობენ“. „ფაქტორიდან“ ვიგებთ, რომ „ნატოს წევრობა საბერძნეთს არ აფერხებს“ , მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა: „ბერძნებმა საინტერესო სტატისტიკაც მოიყვანეს, მათი მტკიცებით, თურქეთმა ბოლო 10 თვის განმავლობაში საბერძნეთის საჰაერო საზღვარი 1233-ჯერ დაარღვია, ყველა ფაქტზე რეაგირება რომ მოგვეხდინა, ჩვენი მეზობელი თვითმფრინავის გარეშე დარჩებოდაო, ირონიულად აღნიშნავენ საბერძნეთის გენშტაბში” -აღნიშნა წამყვანმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზარის შესახებ ინფორმაცია რუსულმა რადიოსადგურმა საკუთარ ვებგვერდზე sputniknews.com-ზე გამოაქვეყნა. რაც შეეხება თურქეთის მიერ საბერძნეთის საზღვრის დარღვევის სტატისტიკას, ამ საკითხზე მასალა ასევე რუსულ მედიასაშუალებაში Russia Today-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სტატია ეყრდნობა თესალის უნივერსიტეტის სტატისტიკას, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნული არმიის მიერ მიწოდებული მონაცემებითაა მომზადებული.

„ფაქტორის“ მაყურებლისთვის იქმნება ასეთი შთაბეჭდილება - ევროკავშირის და ნატოს წევრი საბერძნეთი უპირისპირდება ნატოს წევრ თურქეთს და მხარს უჭერს რუსეთს. “მაესტროს ფაქტორში“ საბერძნეთთან დაკავშირებულ პასაჟზე სხვა არაფერი თქმულა, გადაცემაში არ ყოფილა აღნიშნული თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობის საერთო კონტექსტი, მაგ: უთანხმოება კვიპროსის გამო. ამ კონტექსტის ხსენების გარეშე, მაყურებელს შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შეექმნას საბერძნეთის პოზიციასთან დაკავშირებით.

ისტორიული კონტექსტი ცალმხრივად

გადაცემაში ცალმხრივად იყო წარმოჩენილი ისტორიული ფაქტების შეფასებაც. მაგალითად, წამყვანმა თქვა: “ისტორიკოსები ამბობენ, რომ რუსეთ-თურქეთის ომი ტერიტორიული თვალსაზრისით საქართველოსთვის ყოველთვის მომგებიანი იყო”. ამ სიტყვების დასტურად კი ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილის მოსაზრება მოვისმინეთ. თუმცა, შესაძლოა არსებობდეს სხვა მოსაზრებებიც იგივე საკითხთან დაკავშირებით. თუკი წამყვანს მართლაც სურდა გაერკვია, რამდენად მომგებიანი იყო, ან საერთოდ იყო თუ არა მომგებიანი, ისტორიულად რუსეთ-საქართველოს ომი, უფრო მრავალფეროვანი მოსაზრებები უნდა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

„პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა”, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 18.

თურქოფობიის ტირაჟირება

პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა კომენტარში თურქები პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს მიმართ ექსპანსიურ პოლიტიკაში და ამის დასტურად მოიყვანა ფაქტი, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თუმცა გადაცემაში რესპონდენტის მიერ გაჟღერებული მოსაზრების ტირაჟირება პირდაპირ მოხდა და გადამოწმების მცდელობა არ ჩანდა.

“თურქების მე-10, მე-11 კლასის გეოგრაფიის სახელმძღანელოებში, რომელიც მე თვითონ მაქვს ნანახი, ბათუმის ოლქი მოხაზულია თურქეთის შემადგენლობაში და წერია ბათუმის ვილაიეთი, დროებით ოკუპირებული ბათუმის ვილაიეთი. ამიტომ თურქეთში არის ძლიერი მიმდინარეობა, რომელიც ბათუმს განიხილავს თურქულ ტერიტორიად. ამიტომ თუ რუსეთი ხელს დაიბანს, შეიძლება არასასრუველი შედეგებიც კი მივიღოთ”, - ამბობს ცისკარიშვილი.

მაგდა ანიკაშვილმა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს დავით თარხან-მოურავსაც მისცა ტრიბუნა თურქოფობიის ტირაჟირებისთვის: “თურქეთი ამ ტერიტორიების გაკონტროლებას ცდილობს მხოლოდ იმიტომ, რომ აღადგინოს ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფერო, რომელშიც საქართველოც შეყვანილი აქვს და ღიად არაერთხელ, ეხლანდელ პრემიერს დავუთოღლუს უთქვამს, რომ ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე ეს არის თურქეთის შემადგენელი ნაწილი, არაერთხელ უთქვამს, რომ ოსმალეთის იმპერია უნდა აღდგენს, ასევე სარაევო დამასკო უნდა დაბრუნდეს ოსმალეთის იმპერიაში, თან ამბობდა, რომ საზღვრებს პატივს სცემს, ეს სრულიად გაუგებარი სიტყვათწყობაა”, - თქვა დავით თარხან-მოურავმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ 2015 წლის მარტში ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მან ასეთი განცხადება გააკეთა:

„გასულმა წელმა უამრავი სირთულე მოგვიტანა. ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს სირთულეები. ჩვენ ომისა და ვინმესთვის მტრის დაძახების, ან ვინმეს საზღვრის ხელყოფის გარეშე, ჩვენ კვლავ დავაკავშირებთ სარაევოს დამასკოს, ბენღაზს ერზერუმსა და ბათუმს. ეს იქნება ჩვენი ძლიერების საფუძველი. შეიძლება თქვენ სხვადასხვა ქვეყნებს მიაკუთვნებთ, მაგრამ იემენი და სკოპიე ერთი ქვეყნის ნაწილი იყო 110 წლის განმავლობაში, ასევე ერზერუმი და ბენღაზი. როცა ჩვენ ამას ვამბობთ, ჩვენი ოპონენტები ამას „ახალ ოტომანიზმს“ უწოდებენ. თუმცა ისინი, ვინც ევროპა გააერთიანა, არ გამხდარან ახალი რომაელები, მაგრამ მათ, ვისაც უნდა ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიულად გააერთიანოს, „ახალ ოტომანისტებად“ იწოდებიან. დიდი პატივია, რომ გვახსენებთ ოტომანების, სელჩუკების სახელს, მაგრამ ჩვენ აღარასდროს დავადგამთ თვალს სხვის ქვეყანას, მისი წარსულის მიუხედავად“.

წამყვანს თარხან-მოურავის მიერ გაჟღერებულ თურქოფობიაზე რეაგირება არ ჰქონია. ამის ნაცვლად, მან რესპონდენტს ასეთი შეკითხვა დაუსვა: “არის თუ არა თურქეთი ჩვენი კეთილმეზობელი ქვეყანა, პარტნიორი და მოკავშირე?”

საგულისხმო იყო მაგდა ანიკაშვილის პირველი შეკითხვაც, რომელიც დავით თარხან-მოურავს დაუსვა: “თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმ რისკებზე, რაც მომდინარეობს თურქეთიდან, მათ შორის ამ სახელმწიფოს ექსპანსიური განწყობებიდან გამომდინარე საქართველოს მიმართ. ამ ფონზე რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ რუსეთ-თურქეთთან დაკავშირებით?” გაუგებარია, რა რისკები მომდინარეობს თურქეთიდან და რას ნიშნავს „თურქეთის ექსპანსიური განწყობები?“ რესპონდენტის პასუხიც სწორედ ამ ხაზის გაგრძელება იყო და არაერთხელ აღინიშნა მისი მხრიდანაც, რომ თურქეთს საქართველოსთან მიმართებით ექსპანიური განწყობები აქვს. სამწუხაროდ, წამყვანი არ შეწინააღმდეგებია რესპონდენტის მსჯელობას, არ უკითხავს მისთვის, კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ სახელმწიფოს მიერ საქართველოს ექსპანსიის სურვილი, მით უფრო, იმ ფონზე, როცა თურქეთთან საქართველოს საზვღარი დადგენილია და ეს საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სადავო არასდროს გამხდარა.

რაც შეეხება კიდევ ერთ სტუმარს, ჯონდი ბაღათურიას, ის მართლმადიდებლობას აიგივებს ქართველობასთან და რელიგიას მიიჩნევს იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც, ქართველებმა “პატარა წყენა” უნდა დაივიწყონ და ოკუპაცია უნდა აპატიონ რუსეთს, თურქეთზე საუბრისას, ეს რესპონდენტიც არაერთხელ უსვამს ხაზს „თურქეთის ექსპანსიურ მიდრეკილებებს“.

აქ ავიწყდება წამყვანს შეახსენოს რესპონდენტს მის მიერვე გადაცემის ამ ნაწილის დასაწყისში ნათქვამი სიტყვები, რომ თურქეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მაშინდელმა საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად თქვა უარი რაიმე ტიპის ტერიტორიულ პრეტენზიაზე თურქეთის მიმართ და მას შემდეგ ისტორიული მიწების დაბრუნების საკითხი ოფიციალურ დონეზე არ დამდგარა. დღევანდელი მდგომარეობით კი საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უამრავი დევნილი საკუთარი სახლისგან მოშორებით ცხოვრობს. თურქეთი კი სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

“მე მინდა შეგახენოთ ერდოღანის განცხადება, რომ როცა ვხედავ მინარეთებს, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში შენდება, ისინი მაგონებენ რაკეტებს დამიზნებულს ჩვენი მტრებისათვის და როდესაც ვხედავთ მრევლს იქ მყოფს, ისინი მაგონებენ, იანჩარებს, ისლამის მებრძოლებს”, - თქვა ჯონდი ბაღათურიამ.

სინამდვილეში ერდოღანმა ეს ფრაზა ერთერთი ლექსიდან1998 წელს წარმოთქვა განსხვავებული ინტერპრეტაციით: “მეჩეთი არის ჩვენი ყაზარმები, გუმბათები ჩვენი ჩაფხუტები, მინარეთი ჩვენი ხიშტები და მრევლი ჩვენი ჯარისკაცები”.

სამწუხაროდ, რესპოდენტთა ნაწილის სტერეოტიპული შეხედულებები თურქების მისამართით, უპასუხოდ დარჩა. კონტრშეკითხვები და კონტრარგუმენტები წამყვანს არ წარმოუდგენია.

„პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, განმარტებითი ნაწილი.
კატეგორია - ეთიკა
25 ოქტომბრის “განსხვავებული აქცენტები” ე.წ. „ციხის კადრებს” ეხებოდა. გადაცემის მიხედვით, სწორედ ბედუკაძე იყო ის ადამიანი, ვინც თანამზრახველებთან ერთად თავად დგამდა წამების კადრებს და არა მხოლოდ იღებდა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა კიდეც პატიმრების წამებაში.

გადაცემის პირველ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ ამ კადრებში მონაწილე პირებს ან არაადეკვატურად დაბალი სასჯელი მიესაჯათ, ან საერთოდ გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან:

“ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლება და მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების წინააღმდეგ წავიდნენ, ისევე, როგორც, ზოგადად, საღი აზრის, სამართლიანობისა და საზოგადოების მოთხოვნის წინააღმდეგ, რომელიც პატიმრების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვდა”, - ამბობს ჟურნალისტი. გადაცემის ბოლო ნაწილში კი აღნიშნავს, რადგან ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მის თანამზრახველს მხოლოდ ცხრათვიანი პატიმრობა მიესაჯა, ეს ოცნების ხელისუფლებასა და ბედუკაძეს შორის დადებულ გარიგებაზე მეტყველებს.

გადაცემაში არ ისმის საგამოძიებო უწყებების ოფიციალური ვერსია, რის გამოც ბედუკაძე სასჯელისგან გათავისუფლდა.

კიდევ ერთი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც გადაცემაში ბრალდებებია გამოთქმული, მედიაკავშირ “ობიექტივის” დამფუძნებელი ირმა ინაშვილია. გადაცემის მიხედვით, ციხის კადრებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში ინაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ გავრცელდა კადრები სრულად. ინაშვილის ჩვენებაში წერია, რომ კადრების მხოლოდ ის ნაწილი დადეს, სადაც წამება და სადიზმი იყო აღბეჭდილი, ხოლო ის ნაწილი სადაც დიალოგებია, ჩათვალეს რომ საინტერესო არ იყო.

ჟურნალისტი კი ამტკიცებს, რომ “რეალური მიზეზი, რის გამოც ეს ვიდეომასალა არ გამოქვეყნდა, იყო ის, რომ მასში ისმის ერთი ადამიანის ხმა, ეს ადამიანი ვლადიმერ ბედუკაძეა, რითიც მტკიცდება, რომ ყველა კადრი, რომელიც მაშინ ეთერში გავიდა, არა მხოლოდ გადაიღო ბედუკაძემ, არამედ ის უშუალოდ მონაწილეობდა პატიმართა ცემასა და წამებაში”.

ეთერში ნაჩვენებია წამების კადრები, რომლებშიც ციხის თანაშრომლებისა და პატიმრების საუბარი ისმის. ვიდეოკადრების მინაწერის, ტიტრების მიხედვით (გაშიფრული ტექსტი) ის პირი, ვინც კადრებს იღებს და აწამებს პატიმრებს, ბედუკაძეა. გადაცემაში ნაჩვენებია ნაწყვეტი არქივიდან, (დავით პაიჭაძის გადაცემიდან), სადაც სტუმრად ვლადიმერ ბედუკაძე იყო. პაიჭაძე ბედუკაძეს ეკითხება, არის თუ არა ხმა, რომელიც კადრებში ისმის, მისი ხმა. ბედუკაძე ამბობს, რომ არ იცის, ჰგავს მის ხმას, თუმცა დაზუსტებით ვერ იტყვის.

მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, გადაცემის ავტორებს არც ლადო ბედუკაძისთვის მიუციათ საშუალება საკუთარი პოზიცია გამოეხატა. გადაცემა ბალანსისთვის მხოლოდ არქივის კადრებისა და ინტერვიუების ჩვენებით შემოიფარგლა. ბედუკაძეს საშუალება არ მიეცა თავისი პოზიცია გამოეხატა რეალურ დროში, მაშინ, როცა მასზე გადაცემას ამზადებდნენ. “განსხვავებულ აქცენტებში” არც მასთან დაკავშირების მცდელობა ჩანს.

გადაცემის განმავლობაში ირმა ინაშვილი კიდევ ერთხელ, ე.წ. „ფეისბუკის სქრინშოთების“ ეპიზოდშია ნახსენები. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ფეისბუკის “სქრინშოთები” მას ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა, ხოლო ლაშა ბერულავას კი ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაქირავებული ჰაკერის მეგობარმა გოგომ. როგორც „განსხვავებული აქცენტებიდან“ ვიგებთ, ჰაკერი გარდაიცვალა, კომპიუტერში ეს მასალა მისმა მეგობარმა გოგომ აღმოაჩინა და ჟურნალისტს გაუგზავნა.

“სქრინშოთებში” ჩანს მედიაკავშირ “ობიექტივის” ჟურნალისტის, ნინო ჯღარკავასა და ვლადიმერ ბედუკაძის მიმოწერა. გადაცემის წამყვანის თქმით, ვლადიმერ ბედუკაძეს “კადრების სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა მიეღო, რომ ბელგიაში მისი ცხოვრება დაფინანსებულიყო, ასევე მისი ოჯახის თურქეთში გადაყვანა და ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია ბადებს ეჭვს, რომ პატიმრების შეურაცხყოფასა და ამის ვიდეო გადაღებას ბედუკაძე თავიდანვე შეკვეთით, ფინანსური დაინტერესებით გამო ახდენდა“. წამყვანის ამ ტექსტით „სქრინშოთები“ უტყუარ მტკიცებულებად, ფაქტადაა წარმოდგენილი... თუმცა გადაცემის ამ ნაწილის მიწურულს, წამყვანი აღნიშნავს, რომ „სქრინშოთების“ ავთენტურობის დადგენა ვერ ხერხდება, შესაბამისად, „მას უტყუარ მტკიცებულებად ვერ მივიჩნევთ“.

მიმოწერის მიხედვით, ჯღარკავა ბედუკაძეს ეუბნება, რომ ამ დღეებში მის ცოლს 27 ათას დოლარს გადასცემენ, რომელიც “ირმას (იგულისხმება ირმა ინაშვილი - ავტ.) ხელიდან გავიდა?!”

ნინო ჯღარკავასთან დაკავშირებით გადაცემაში აღინიშნა, რომ მას ინტერვიუ სთხოვეს, თუმცა ჯღარკავამ კატეგორიული უარი განაცხადა. რაც შეეხება ირმა ინაშვილს, რომელიც ამ „სქრინშოთების“ მიხედვით ბედუკაძესა და ივანიშვილს შორის შუამავლად არის წარმოჩენილი, „განსხვავებული აქცენტები“ მას არ დაკავშირებია, ყოველ შემთხვევაში, წამყვანს გადაცემის მიმდინარეობისას, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გადაცემაშია საუბარი, წინასაარჩევნოდ პატიმრების ცოცხით გაუპატიურების კადრების გავრცელებაა.

“რაც შეეხება ე.წ. ცოცხის კადრს, რის შემდეგადაც ქართულმა ოცნებამ ცოცხი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აქცია, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული კადრები ბედუკაძის მიერ იყო დადგმული”, - ამბობს ჟურნალისტი. გადაცემის მიხედვით, პატიმარი, რომელიც თითქოს ცოცხით გააუპატიურეს, სინამდვილეში ფსიქიკური პრობლემების მქონეა და როგორც გადაცემაში “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს: “ნაწამები ის ადამიანი არ არის. ჩანს ეს რეალურად“, კადრები კი დადგმულია. გადაცემაში ამ კონკრეტულ პატიმარზე არაერთხელ აღნიშნავენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოგვიანებით, გადაცემაში ამ პატიმრის მიერ მიცემულ ჩვენებას იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ის ცოცხით არ გაუუპატიურებიათ. ჩვენებაში პატიმარი ამბობს, რომ მას ურტყამდნენ, აწამებდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა.

გადაცემაში არ ყოფილა წარმოჩენილი უფლებადაცვითი ორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდნენ და რომლებსაც თავიანთ გამოცემებში, განცხადებებსა თუ ანგარიშებში არაერთხელ აღუწერიათ ციხეში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. შესაბამისად, გადაცემით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრები დადგმულია, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ხდებოდა.

არაერთი ბრალდება ისმის ხელისუფლების მიმართაც, თუმცა გადაცემაში მათი პოზიცია არ ჩანს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 17. 2. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

მუხლი 18. 6. ჟურნალისტური გამოძიება საზოგადობრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოკვლევის ლეგიტიმური ჟურნალისტური ხერხია. ასეთ პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და გამოძიების საგანზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრი. ჟურნალისტმა, რომელიც ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას უნდა უზრუნველყოს ფაქტების სიზუსტე, რათა დაცული იქნეს ჯეროვანი მიუკერძოებლობა.
კატეგორია - ეთიკა
25 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „ნანუკას შოუში“ წამყვანმა მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადასცა „ტენტორიუმის“ პროდუქცია. მანამდე წაიკითხა, თუ რა დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე ამ კომპანიის ნაწარმს. იქვე დაამატა, რომ უყვარს ამ საჩუქრის დარიგება, რადგან იცის „ამ ყველაფრის ფასი“.

გადაცემის ბოლო ბლოკში კი, სტუმრად ჰყავდა მომღერალი ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად. ბავშვს წამყვანი სთავაზობდა, „სებამედის“ პროდუქცია გამოეყენებინა თოჯინით თამაშისას. ნანუკა ჟორჟოლიანმა ორი წლის ბავშვს უთხრა, რომ ეს „სუფთა გერმანული პროდუქციაა“, თოჯინა კი „უნდა დაბანო სებამედის სპეციალური რაღაცეებით იმიტომ რომ ნახე აქ, შემთხვევით თუ გამოყრილი აქვს რაღაცეები ამას აულაგებს, თუ სადმე დააყრის... “. „აუცილებლად სჭირდება სახის კრემი. ნახე თან როგორი აქვს „სება მედს“ შეუძლია დაიცვას სიცივისგან“, - აღნიშნავს წამყვანი და აძლევს ბავშვს კრემებს თოჯინისთვის წასასმელად. ნინი ბადურაშვილს კი უხსნის რომ „დამზადებულია გერმანიაში ნიშნავს ხარისხის მთვარ ნიშანს“, შემდეგ ამცნობს აუდიტორიას სად იყიდება და რა ფასდაკლებები აქვს ახლა კომპანიას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროდუქტის ეთერში განთავსება (Product Placement) დაშვებულია იმ ტიპის გადაცემებში, როგორიც „ნანუკას შოუა“, თუმცა, კანონმდებელი განსაზღვრავს განთავსების წესებს. კანონის 69-ე მუხლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ „ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.“
კატეგორია - ეთიკა
23 ნოემბერს საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში“ წასული მებრძოლების ვიდეომიმართვა ტელევიზიების ნაწილმა ან საერთოდ არ გაუშვა ეთერში, ან მნიშვნელოვნად რედაქტირებული სახით აჩვენა. თუმცა, ვიდეოს გავრცელება 23-24 ნოემბრის მედიისთვის დღის მთავარი თემა გახდა. ერთადერთი მაუწყებელი, რომელმაც ეს ამბავი 23 ნოემბერს არ გააშუქა, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, მაგრამ მეორე დღეს, მაუწყებელმა თემას საკმაოდ ვრცელი მასალა მიუძღვნა. ტელევიზიებისგან განსხვავებით, რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ ვიდეო სრულად, რედაქტირების გარეშე გამოაქვეყნა.

„მედიაჩეკერი“ დაინტერესდა, როგორ გააშუქეს თემა მაუწყებლებმა, რაზე გააკეთეს აქცენტი და შესთავაზეს თუ არა აუდიტორიას, მრავალმხრივი შეფასებები.

“მოამბე”

ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას “მოამბე” მხოლოდ 24 ნოემბერს გამოეხმაურა, 23 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურს ამ თემისთვის დრო საეთეროდ არ დაუთმია.

მასალაში მოკლედ არის გადმოცემული ვიდეომიმართვის შინაარსი, ჟურნალისტებს არ დაუსახელებიათ ვებგვერდი, სადაც ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, ასევე, არ ყოფილა ნაჩვენები თავად ვიდეომიმართვაც.

ჟურნალისტი ამბობს, რომ 12 წუთიან ვიდეომიმართვაზე, რომელსაც რუსული სუბტიტრები ახლავს, ე. წ ისლამური სახელმწიფოს რუსულენოვანი მედიაორგანიზაციის ლოგოა გამოსახული. ჩანს 4 ახალგაზრდა მამაკაცი „კალაშნიკოვის“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და „რპგ-ს“ ტიპის ყუმბარმტყორცნით, გზავნილი კი შეიცავს მუქარას, მათ შორის აჭარაში მცხოვრები მუსულმანი სასულიერო პირების მიმართ.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჟურნალისტებისთვის ამ გამოძიების დეტალები უცნობია. ჩაწერილია იმ ახალგაზრდების ოჯახის წევრთა კომენტარები, რომლებიც მიმართვაში საუბრობენ.

მასალაში ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების ზომებზე და აღნიშნულია, რომ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა. გამოყენებულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით კი საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი რამდენიმე ქართულენოვანი ვებგვერდი დაბლოკა.

გარდა ამისა, ვიდეომიმართვასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებზე და ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით “მოამბემ” პირდაპირი ჩართვის დროს კითხვები დაუსვა შს მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს. „ეს არის კარგად მომზადებული, წინასწარ დადგმული ვიდეომიმართვა, რომლის სავარაუდო მიზანიც არის უფრო მეტად პანიკის დათესვა მოსახლეობაში, ვიდრე რაიმე კონკრეტული მოქმედებების შესახებ მინიშნების ან გზავნილების გაგზავნა სახელმწიფოს მისამართით. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია ეს ვიდეო ვერ დარჩება ყურადღების გარეშე. ეს ჩანაწერი გამოძიების საგანი და ობიექტი გახდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ და სხვა ვიდეოების გამოქვეყნებით, ხელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი სამინისტრო ძალიან სწრაფ რეაგირებას ახდენს მომხდარ და განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა „მოამბის“ ეთერში თალაკვაძემ, თუმცა გამოშვების წამყვანები არ დაინტერესებულან, რა ქმედებებით გამოვლინდა “ძალიან სწრაფი რეაგირება” სახელმწიფო უწყების მხრიდან.

„იმედი“

23 ნოემბერს, „ქრონიკამ“ მაყურებელს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების ვიდეომიმართვა გამოშვების მეორე თემად გააცნო. მთავარი გამოშვების პირველი რეპორტაჟი ბრიუსელში ანტიტერორისტულ-საგამოძიებო მოქმედებებს და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს მიეძღვნა.

წამყვანმა აღნიშნა, რომ მიმართვის ავტორები ქართულად საუბრობენ და ქვეყანაში ხალიფატის შემოსვლით იმუქრებიან. „ქრონიკამ“ მუქარის შემცვლელი 12 წუთიანი მიმართვის მხოლოდ კადრები გამოიყენა და არც ის ვებგვერდი დაუსახელებია, რომელზეც აღნიშნული მიმართვა გავრცელდა. თითქმის წუთნახევარიანი კადრ-სინქრონის ძირითადი ნაწილი ვიდეოში აღბეჭდილი ერთ-ერთი პირის ხვიჩა გობაძის მამის კომენტარს დაეთმო.

ვიდეომიმართვის შინაარსის გაცნობის შემდეგ „ქრონიკამ“ მაყურებელს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა მუფთისა და მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის კომენტარები გააცნო. ორივემ აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ისლამს კავშირი არ აქვს, მიმართვის გარკვეული მონაკვეთები კი, ყურანის არასწორ და სახიფათო ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ამის შემდეგ გავიდა სიუჟეტი თბილისის აეროპორტში დაკავებული დავით ბორჩაშვილის შესახებ, რომელსაც საგამოძიებო სტრუქტურები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წევრობას/ტერორისტობას ედავებიან.

გაცილებით ინფორმაციული და დატვირთული იყო „ქრონიკის“ 24 ნოემბრის მთავარი გამოშვება. ახალი ამბები დაიწყო თურქეთის მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებაზე მომზადებული სიუჟეტით, რაც 23 ნოემბრის რეზონანსული ვიდეომიმართვის თემით გაგრძელდა: რედაქცია დაინტერესდა, თუ ვინ, რატომ იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში. წამყვანმა აღნიშნა, რომ ჯიჰადის ქართულმა შტრიხმა საზოგადოებაში ახალ დისკუსიას დაუდო სათავე: რა განაპირობებს ტერიტორისტების რიგების შევსებას საქართველოდან, ისლამის ინტერპრეტირებულად გაგების გარდა? კითხვებზე პასუხების მოძებნას რეპორტიორები ვიდეომიმართვის ავტორების ოჯახის წევრებთან და აღმოსავლეთმცოდნეებთან შეეცადნენ. ამ რეპორტაჟს მოჰყვა სიუჟეტი იმაზე, თუ რატომ აიგივებენ ისლამსა და ტერორიზმს, ჟურნალისტმა აუდიტორიას მრავალმხრივი შეფასებები შესთავაზა. ამ ნაწილის შემდეგ გამოშვებაში აქცენტი გადავიდა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებულ ზომებზე.

„2030“

მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელება 23 ნოემბერს პირველ თემად ჰქონდა GDS-ს საინფორმაციო გამოშვება „2030-ს“. მასალაში ვიდეო სრულად ნაჩვენები არ ყოფილა და მხოლოდ მისი შინაარსი მიმოიხილეს. ამის შემდეგ აქცენტი საერთაშორისო მასშტაბით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაკეთებულ განცხადებებზე, ბრიუსელის ანტიტერორისტულ ოპერაციებზე გაკეთდა, რასაც მოჰყვა სიუჟეტი დავით ბორჩაშვილის დაკავების შესახებ.

დისკუსიის ნაწილში „2030-მა“ სტუმრად ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ზურაბ აგლაძე მიიწვია. ყოფილ სამხედრო პირს რეზონანსული ვიდეოს შინაარსის შეფასება სთხოვეს.

24 ნოემბრის „2030-ში“ ვიდეომიმართვის ავტორებს გამოშვების მეორე თემა მიეძღვნა. სიუჟეტში ჟურნალისტმა , მშობლებზე დაყრდნობით, ისაუბრა იმაზე, როგორ დატოვეს ახალგაზრდებმა საქართველო. ერთ-ერთი შეირაღებული პირის მამა, ბადრი ანთაძე ამბობს, რომ შვილს საქციელი იმამმაც მოუწონა, რაც თავად იმამმა სიუჟეტში უარყო. მამა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან გაფრთხილებული იყო, რომ შვილს საეჭვო პირებთან ჰქონდა ურთიერთობა. სიუჟეტი დასრულდა შსს-ს განცხადებით რომლის თანახმადაც, საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა. დისკუსიის ნაწილში კი ვიქტორ დოლიძემ და ირაკლი სესიაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

„მაესტრო“

„ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება“ ამ სახელწოდების სიუჟეტი „მაესტროზე“ „კონტაქტში 8-ზე“ 23 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტმა მაყურებელს მიმართვის შინაარსი გააცნო და ვიდეოს ერთერთი ავტორის მამის და აღმოსავლეთმცოდნე სოსო ზაალიშვილის კომენტარები შესთავაზა. მასალაში აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეოებს სწავლობს.

სიუჟეტი ვერ დასრულდა ტექნიკური პრობლემის გამო. ეთერში ჟურნალისტის ტექსტს ფონად გასდევდა ე.წ. ტერორისტების მიერ გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტები, სადაც ჩანდა ტიტრები რუსულ ენაზე და ისმოდა ხმა, თუმცა შინაარსის გარკვევა შეუძლებელი იყო.

24 ნოემბერს მაესტროს 8 საათიან გამოშვებაში მუქარის შემცველ ვიდეოს და შესაძლო საფრთხეს 5 სიუჟეტი, ჯამში დაახლოებით 25 წუთი დაეთმო. თემა პირველივე ბლოკში გაშუქდა.

პირველი რეპორტაჟი სოფელ ნასაკირალიდან მომზადდა და მაყურებელს იმ ახალგაზრდების შესახებ მოუთხრო, ვინც მუქარის შემცველ ვიდეოში ჩანდნენ. „ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებამ მუქარის შემცველი მიმართვის შემდეგ გაიცნო“. მეორე სიუჟეტში „მაესტრომ“ მუსლიმთა კავშირის პოზიცია გაახმოვანა. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია მრევლის განათლებისათვის აქტიური მუშაობა. მესამე მასალა ასე იყო დასათაურებული: „ისლამური სახელმწიფო და საეჭვო ვებ-გვერდი“. აქ ინფორმაციული ტექნოლოგიები სპეციალისტმა ისაუბრა იმ ვებგვერდის რეგისტრაციის შესახებ, სადაც მუქარის შემცველი ვიდეო პირველად განთავსდა. ჟურნალისტმა კი ეთერში დაასახელა ორი ვებგვერდი, სადაც პირველად აიტვირთა ვიდეო. გაირკვა რომ ვებგვერდი პანამაშია დარეგისტრირებული, სახელწოდება კი ლოს-ანჯელესში იყიდეს. მეოთხე მასალა „საქართველოს სახიფათო რეგიონებს“ ეხებოდა. ასე წარადგინა ჟურნალისტმა რეგიონები, საიდანაც ახალგაზრდები სირიაში წავიდნენ. მისი თქმით, რისკზონებია: - აჭარა, გურია, ქვემო ქართლი, თბილისი და პანკისი. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ გურიის იმ სოფლებიდან წავიდნენ ახალგაზრდები, სადაც აჭარლები არიან ჩასახლებული.

მეხუთე სიუჟეტი პირდაპირ მუქარის შემცველ ვიდეოს და მის გმირებს არ ეძღვნებოდა. აქ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დაპირისპირება იყო განსახილველი თემა - უნდა იმსჯელოს თუ არა პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა არსებულ საფრთხეებზე.

რუსთავი 2

“კურიერის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება ტერორისტული შინაარსის ვიდეობის გავრცელების ამბით დაიწყო და პირველი ორი სიუჟეტი დაეთმო. საინფორმაციო გამოშვებაში არ გამოუყენებიათ ნაწყვეტები გავრცელებული ვიდეოებიდან, მხოლოდ ვიდეოდან მოჭრილი ფოტოები აჩვენებს.

“ქართულ ენაზე ჩაწერილ მიმართვაში ოთხი პირიდან ორი ქართველ ხალხს, მათ შორის მუსლიმებს ისლამის დაცვისა და მიღებისკენ მოუწოდებს და ისლამის საწინააღმდეგო ქმედებების გამო თავის მოკვეთით ემუქრება”, - განმარტა ჟურნალისტმა.

პრობლემის შესახებ ისაუბრა პანკისის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა და ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილი, რომლებმაც აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ ვიდეოები სერიოზულ საფრთხეებს არ შეიცავს და გავრცელების ძირითადი მიზანი ხალხის დაშინებაა. მუსლიმთა კავშირის თავმჯდობარე ტარიელ ნაკაიძემ კი აღნიშნა, რომ პრობლემას უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ და მიზეზების კვლევა დავიწყოთ - რატომ უერთდებიან ეს ახალგაზრდები ISIS-ს.

“რუსთავი 2”-ის მთავარ გამოშვებაში განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ექსპერტებმა სახელმწიფოს პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად რჩევები მისცეს, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ტერორიზმის თავიდან აცილებას შეძლებს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოსთხოვეს.

24 დეკემბერს კი “რუსთავი 2-ზე“ გავიდა სიუჟეტი საქართველოს ხელისუფლების მიერ სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებაზე - ბოლო 10 დღის განმავლობაში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 32 ადამიანია დაკავებული 500 მდე პირს კი ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. სიუჟეტში ჩაწერილი ადამიანები კი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა რეისებით ჩამოვიდნენ, საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ეს ერთადერთი განცხადებაა, რომელიც შსს ტერორისტული შინაარსის მქონე ვიდეოს გასვლის შემდეგ გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხიათ.

გადაცემა “არჩევანი” კი, მთლიანად ტეროტიზმის თემას მიეძღნა. საკითხი ფართოდ იყო განხილული. თემის შესახებ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, თეოლოგმა და პანკისის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად იმსჯელეს.

„კავკასია“

23 ნოემბერს „კავკასიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში დავით ბორჩაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავიდა. სიუჟეტში ნახსენებია, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი საავადმყოფოში მკურნალობს. 23 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოს შესახებ ინფრომაცია მეორე სიუჟეტად გავიდა. წამყვანმა მაყურებელს მიმართვის შინაარსი გააცნო, თავად ვიდეო კი, არ უჩვენებიათ.

24 ნოემბერს მომზადებულ სიუჟეტში კი ითქვა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვიდეოსთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის შეკრებას ითხოვენ.
კატეგორია - ეთიკა
მედიაკავშირმა „ობიექტივმა“ 24 ნოემბერს ეთერში ინგლისურენოვანი ტოქშოუ გადასცა, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ამით მაუწყებელმა ავტორიზაციის პირობები დაარღვია.

როგორც წამყვანმა ნინო თარხან-მოურავმა განაცხადა, ახალი გადაცემა „საქართველოს ხმა“ ორიენტირებულია ინგლისურად მოლაპარაკე საზოგადოებაზე, ემიგრაციაში მყოფ ქართველებსა და ინგლისურენოვან აუდიტორიაზე. 24 ნოემბრის გამოშვება არჩევნების თემას ეძღვნებოდა. სტუმრად კი, მოწვეულები იყვნენ გია არეშიძე, ობიექტივის წამყვანი, ირაკლი გოგავა, ირმა ინაშვილის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი საგარეჯოში და გიორგი მაღლაკელიძე „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლობის უფლების მისაღებად კომპანია გადის ავტორიზაციას, სადაც იწერება პირობები, რომელიც მან მაუწყებლობისას უნდა დაიცვას. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რომელიც წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, სამაუწყებლო ენაა. კომპანიას აქვს უფლება ავტორიზაციის პირობებში მიუთითოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ენა/ენები, რომლითაც ის გადაცემებს მოამზადებს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ „ობიექტივს“ ავტორიზაციის პირობებში სამაუწყებლო ენად მითითებული აქვს მხოლოდ ქართული ენა. შესაბამისად, დაირღვა ავტორიზაციის პირობები. კომისია საკითხის შესწავლას აპირებს.
კატეგორია - ეთიკა
წინა კვირის დასაწყისში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ბეჭდური მედიისთვის აქტუალური არ იყო. ორშაბათს ყოველკვირეულმა გაზეთებმა „პრაიმ-ტაიმმა“ და „ასავალ-დასავალმა“ „რუსთავი 2“-ის პრობლემები გაკვრით, სრულიად სხვა თემაზე მომზადებულ თითო პუბლიკაციაში აღნიშნეს. „კვირის პალიტრაში“ სიტყვა „რუსთავი 2“ საერთოდ ვერ იპოვიდით. „კვირის ქრონიკამ“ კი ყურადღება „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის პერსონაზე გაამახვილა.

„ახლა გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დემონი და მართული? როცა „ალია“-„ქრონიკას“ ანადგურებდა, მაშინ ხომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი იყო?!“ - ამ სათაურით აანონსებს „კვირის ქრონიკა“ პირველ გვერდზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთან, მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუს. ეს ფრაზა ინტერვიუში ჟურნალისტის მხრიდან შეკითხვის სახითაც არის დასმული, რაზეც მამუკა კაციტაძე „გულწრფელი წუხილით“ და ბოდიშით პასუხობს: „მესმის... ალბათ, ყველამ, მოქალაქეებმა, პარტიებმა და მათ შორის მეც, როგორც ჩანს, არ გამოვიჩინეთ ჯეროვანი ყურადღება. ეს ჩვენი სერიოზული მინუსია და ამიტომ ასეთი რამ არც უნდა განმეორდეს და არც უნდა მოხდეს. ვიღებ თქვენს წუხილს და შენიშვნას“.

მამუკა კაციტაძეც არ ინტერესდება და არც გაზეთი საუბრობს, თუ რატომ დააჯარიმა მოსამართლე ურთმელიძემ 50000 ლარით „ალია“-„ქრონიკა“.

თამაზ ურთმელიძის პერსონას შემდგომ დღეებში „ალიაც“ უბრუნდება. 21 ოქტომბერს ამ გაზეთმა გამოაქვეყნა ერთგვერდიანი ინტერვიუ ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძესთან სათაურით: „რატომ იცავს მანანა კობახიძე მოსამართლე ურთმელიძეს?“ რესპონდენტი „რუსთავი 2“-ის საქმეს მიმოიხილავს და აცხადებს: „მაშინ სად იყო რუსთავი 2“, „ალიას“ რომ დევნიდა თამაზ ურთმელიძე?! მაშინ რატომ არ იღებდა ხმას, რატომ არ აპროტესტებდა თავისუფალი სიტყვის დევნას?!“

ყოველდღიური გაზეთები „რუსთავი 2“-ის თემას განსაკუთრებული ყურადღებით 22 ოქტომბრის გამოცემებში აშუქებენ - მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას ხელისუფლება აშანტაჟებს.

„ალიამ“ სათაურებშივე გამოხატა თავისი ტენდენციური დამოკიდებულებები, როგორც „რუსთავი 2“-ის, ისე მოსამართლე ურთმელიძის მიმართ. მე-2 გვერდზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან მოკლე ინტერვიუს სათაურია: „შალვა ხაჭაპურიძე: ურთმელიძე ვინ არის და რას წარმოადგენს, ჩემზე უკეთესად არავინ იცის, მაგრამ რასაც „რუსთავი 2“ ჩალიჩობს, ეს უკვე ამაზრზენია“. იქვე ქვეყნდება სააგენტო „ნიუპოსტის“ ნიუსი, რომელსაც ორიგინალში ასეთი სათაური აქვს - ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე, "რუსთავი2" -ის წინააღმდეგ მთელი სისტემის დაპირისპირებაა , „ალიას“ რედაქციამ კი ახალი ამბავი შემდეგნაირად დაასათაურა: „ოჰ, აი, ისიც - ქართული ჟურნალისტიკის მეტრი! ერთგულების სიმბოლო! ყოფილი „პოლიტიკის ნორჩი ყოილი“ და „ოპოზიციონერი“! სათაურში გამოტანილი ირონია ეხება გიორგი თარგამაძეს, რომელმაც „რუსთავი 2“-ს მხარი დაუჭირა.

„ალიას“ ამ ნომრის მთავარი თემა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებაა, რაც მე-4 და მე-9 გვერდებზე მიმოხილვასა და ინტერვიუს სახით შუქდება.

„გუშინ „რუსთავი 2“-ის ოფისში დიდი „სხადნიაკი“ გაიმართა“, - ამ ჟარგონული წინადადებით იწყება მიმოხილვა, რომლის სათაურშიც გაზეთი შეურაცხმყოფელ ეპითეტს იყენებს: „მაიდანი“ შეიძლება მართლაც მოხდეს აქ, მაგრამ ამის ინიციატორი სააკაშვილის ხელისბიჭი გვარამია და მისი იდეოლოგიური მომხრეები იქნებიან!“

რაც შეეხება ინტერვიუს, მისი სათაური პირველ გვერდზე მოწინავედაც არის გამოტანილი: „ვინ აშანტაჟებს და ვინ ემუქრება ნიკა გვარამიას?“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუს წინ უძღვის ჟურნალისტის ვრცელი ემოციური ტირადა, რომელიც ამ წინადადებით იწყება: „ამდენ ფარისეველს ეს დედამიწა ნამდვილად ვერ გაუძლებს და ამ ქვეყანაში გარდაუვალი იქნება სამოქალაქო დაპირისპირება“. ჟურნალისტი შესავალში მიმოიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ მძიმე დანაშაულებს, რომელზეც პასუხისმგებლობას აკისრებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, ნიკა გვარამიას და იქვე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს: „ნიკა გვარამია, თქვენ ხართ პოლიტიკურად ყველაზე გარეწარი ადამიანი, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაში არ იძებნება“. რაც შეეხება სათაურში გამოტანილ დამაინტრიგებელ შეკითხვას, მას რესპონდენტი ასე პასუხობს: „ნიკა გვარამიას ისევ საკუთარი გარემოცვა აშანტაჟებს“.

გაზეთი „რეზონანსი“, მეტწილად, მოვლენებს აღწერს და განსხვავებული პოზიციების მქონე რესპოდენტების შეფასებებს აწვდის მკითხველს. 22 ოქტომბრის ნომერში „რეზონანსი“ „რუსთავი 2“-ის თემას სამ მოწინავე გვერდს უთმობს. ჟურნალისტები საკუთარი შეფასებებისგან და პოზიციების გამოხატვისგან თავს იკავებენ. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ მოწინავე სტატიაში - „რომელი პარტიები მივლენ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე“. ხოლო სტატია - „რუსთავი 2“-ის ბედი შეიძლება, დღეს გადაწყდეს“ ეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობას საქალაქო სასამართლოში.
კატეგორია - ეთიკა
პატრიარქის ყოველკვირეული ქადაგებები, მირონმდინარე ხატები, მართლმადიდებლური დღესასწაულები, ცალკეული საეკლესიო პირების სასწაულებრივი ისტორიები, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები - ასეთია ქართულ მედიაში რელიგიური თემების გაშუქების ზოგადი სურათი.

მედიასაშუალებების დღის წესრიგში რელიგიური თემატიკა ყველაზე ხშირად რელიგიური დღესასწაულების დროს ჩნდება. გამონაკლისი არც წლევანდელი გიორგობა ყოფილა, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებამ შეგვახსენა ამბავი წმინდანზე, რომელმაც გველეშაპი დაამარცხა, გვაჩვენეს ეკლესიებში შეკრებილი მრევლი, მოგვასმენინეს პატრიარქის ქადაგება, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მილოცვა მართლმადიდებლებს, ვნახეთ საყოველთაო ნათლობა სამებაში და პატრიარქის ნათლულებიც.

ყველაზე ხშირად მედიაში მომუშავეთა ინტერესი მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ იკვეთება. მედიას ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მართლმადიდებლური დღესასწაული თუ მნიშვნელოვანი ქადაგება. მაგალითად, სვეტიცხოვლობის დღეს, ერთერთმა ონლაინგამოცემამ დღესასწაულს 8 სიახლე მიუძღვნა. ცალკე გაშუქდა პატრიარქის ქადაგება, ქალაქში მზადება, წირვის დაწყება და დასრულება, პოლიტიკოსთა მილოცვები. დაახლოებით ასეთივე გამოხმაურება იყო სხვა გამოცემებშიც. ტელევიზიებს ყველა გამოშვებაში ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა მცხეთიდან. ჟურნალისტები ყვებოდნენ დღესასწაულის მიმდინარეობისა და მასზე პოლიტიკოსთა დასწრების შესახებ.

რაც შეეხება სხვა რელიგიების დღესასწაულებს, ასეთი დღესასწაულები მედიაში, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ შუქდება, როცა თემთან რომელიმე პოლიტიკოსი მიდის, სიუჟეტის, რეპორტაჟისა თუ სტატიის ფოკუსიც სწორედ პოლიტიკოსი, მისი მილოცვაა და არა თავად დღესასწაული ან თემი.

რაც შეეხება თემებს, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულებს არ უკაშირდება, ასეთი საკითხების გაშუქების დროსაც, ყველაზე ხშირად სწორედ მართლმადიდებლური ეკლესია შუქდება. ეკლესია, როგორც წესი, პოზიტიურ კონტექსტშია წარმოჩენილი. ქართული მედიის დიდი ნაწილი არ აძლევს თავს უფლებას დომინანტი რელიგიის წარმომადგენლები აკრიტიკოს. მედია საკმაოდ დიდი სიფრთხილით ეკიდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მართლმადიდებლური ეკლესიის ბიუჯეტი და მისი ხარჯვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ამ მიმართულებით კვლევის შედეგები, თუმცა მედიის დიდ ნაწილში საკმარისი ყურადღება ამ საკითხს არ დათმობია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოხმაურებას.

არის შემთხვევები, როდესაც მედია პრობლემატურ საკითხებსაც აშუქებს, თუმცა ძირითადად, არა თავისი ინიციატივით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შემდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში რვა რელიგიური ორგანიზაციის საჩვარი თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. აღინიშნა, რომ ორგანიზაციები საგადასახადო სფეროში “უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს” აპროტესტებენ. ვრცლად ამ თემაზე მხოლოდ რამდენიმე მედიამ გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. დუისში მეჩეთის დამხმარე ნაგებობის მშენებლობის საკითხით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მშენებლობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით განხორციელდა და შენობაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა გახსნეს.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიაც მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც მას სომხეთის პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა სიახლეების შესახებ, მედიიდან პაქტიკულად ვერასოდეს ვისმენთ სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების მოსაზრებებს. ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის შეფასებები ვიცით.

პრაქტიკულად ერთადერთი გადაცემა, ტელესივრცეში, რომელიც რელიგიას ეხება „ტაბულას“ „საუბრები რელგიაზეა“. გადაცემის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და საკითხის მიმართ დამოკიდებულებაც განსხვავებული. თუმცა სამწუხაროდ, ეს გამონაკლისი საერთო ფონს ვერ ცვლის.
კატეგორია - ეთიკა
Geoworld-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით- „სომხური ექსპანსია_ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეშვეობით“, რომელიც არმენოფობიის ნიშნებს შეიცავს.

სტატიას თან ერთვის სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის- ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი განცდახება, რომლის მიხედვითაც, იგი თხოვნით მიმართავს პრემიერ ჯერ კიდევ ტოტალიტარული რეჟიმის დროს საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის ჩამორთმეული კუთვნილი ქონების დაბრუნების თაობაზე.

ავტორი სომხური სამოციქულო ეკლესიის დაკნინებისა და მისი უარყოფით ჭრილში წარმოჩენის მიზნით, სომხურ ეკლესიას „აგრესიული სომხური ნაციონალიზმის ბურჯსა და აგრესიული პოლიტიკის გამტარებელს“ უწოდებს.

„ცნობილია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია უნიკალური ორგანიზაციაა. ფორმალურად მას ეკლესია ეწოდება, მაგრამ დიდი ხანია, იმდენად რელიგიური სწავლებით კი არ არის დაკავებული, რამდენადაც პოლიტიკით. ბოლო საუკუნეების განმავლობაში იგი აგრესიული სომხური ნაციონალიზმის ბურჯად ჩამოყალიბდა. ასეთი გაორება ხშირად აბნევდა იმ სახელმწიფოთა მმართველებს, რომლებშიც სომხები ცხოვრობდნენ, გულუბრყვილოდ მიიჩნევდნენ, რომ სომხური ეკლესია, ისევე, როგორც სხვა რელიგიური კონფესიები, უწინარეს ყოვლისა, ზნეობრიობას ქადაგებენ“- წერს ჟურნალისტი.

„ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლება მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში მფარველობდა გრიგორიანულ ეკლესიას, მაშინაც კი, როცა მონასტრებში წვრთნიდნენ ტერორისტებს და ტაძრები იარაღის საწყობებად ჰქონდათ გადაქცეული. მე-20 საუკუნეშიც კი, როცა სომეხი მოთარეშენი ოსმალეთის იმპერიის მტრების მხარეს გადავიდნენ, მშვიდობიანი მაჰმადიანი მოსახლეობის დახოცვა დაიწყეს და ბაზებად გამოყენებული ჰქონდათ სომხური ეკლესიები და მონასტრები,“- ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი ისტორიულ „მაგალითებს“ იშველიებს და სომხებს „აგრესიული და კაცთმოძულე დამოკიდებულების“ რეალიზატორებად მოიხსენებს:

„1830 წელს სომხებმა ჯავახეთიდან პრაქტიკულად სრულიად გამოდევნეს ქართველი მუსლი მიმოსახლეობა, სამცხიდანკი_მისი უმეტესი ნაწილი. სომხები ქართველი მაჰმადიანების ეთნიკური წმენდით არ შემოფარგლულან _ გაქრისტიანებული მოსახლეობის შევიწროება და მათთვის ცხოვრებისა აუტანელი პირობების შექმნით განაგრძეს აგრესიული და კაცთმოძულე დამოკიდებულების რეალიზაცია. გაზეთი “კავკაზი” ჯერ კიდევ 1897 წელს წერდა, რომ სომხები, რომლებმაც ქალაქ ახალციხეში უზარმაზარი გრიგორიანული ეკლესია ააგეს, აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის _ ქართველი და რუსი ქრისტიანების სალოცავის მშენებლობას. სომხები აბუჩად იგდებდნენ ადგილობრივ მკვიდრთა _ ქართველებისა და რუსების _ რელიგიურ გრძნობებს, რომლებმაც ისინი იქ დაასახლეს და ამით ამოწყვეტას გადაარჩინეს“ - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ავტორი სომხებს „დევნილი“, „ღატაკი“, „უბედური“ ერის შვილებს უწოდებს, სომხური ეკლესიის ქმედებებს კი „გაიძვერულ და ეშმაკი მტაცებლის ქცევად“ აფასებს:

„გაიძვერა და ეშმაკი მტაცებლის ქცევას ჰგავს გრიგორიანელთა ასეთი მოქმედება: თავდაპირველად მცირეთი კმაყოფილდება, რათა შემდგომ წარმოუდგენელი მოთხოვნები გააოფიციალუროს. მტაცებელთან კაცი ფრთხილად უნდა იყოს: თითს გაუშვერ _ მოგაჭამს, შეიძლება, სიცოცხლესაც გამოგასალმოს“-აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის დასასრულს, ავტორი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „სომხური ეკლესია, რბილად რომ ვთქვათ, მეგობრულად განწყობილი არ არის მართლმადიდებლობის მიმართ, ამიტომ, როგორც სრულიად სომხეთის კათალიკოსის გარეგინ II-ის ვიზიტის, ასევე ამ კონფესიის სხვა მოღვაწეთა ვიზიტის დროს მართლმადიდებელი მრევლი ფხიზლად უნდა იყოს და სომხური ეკლესიის მიერ დასმულ ნებისმიერ საკითხს უაღრესად სერიოზულად მოეკიდოს. იდეოლოგია, რომელსაც კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობისა და სარწმუნოების კულტების საკითხში სომხები ერთგულებენ, გაჯერებულია უკანონო პრეტენზიებით ყველა მეზობელი ხალხის მიმართ, ყველასი, გამონაკლისის გარეშე“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით :

„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.