ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9-მ” 2015 წლის 9 ოქტომბერს ხელი შეუწყო ჩინელების მიმართ დისკრიმინაციული მასალის გავრცელებას. სტატია სახელწოდებით “ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი მოკლეს, მისი ხორცი კი მიირთვეს” სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

ამ მასალით მედიასაშუალებამ ხელი შეუწყო ჩინელების მიმართ სიძულვილის ენას, სტერეოტიპების გაძლიერებას და აგრესიის გაღვივებას საზოგადოებაში.

მასალაში ინფორმაცია, რომ ჩინელებმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ძაღლი ელექტროსაყელურით მოკლეს, ხორცი კი მიირთვეს, ფაქტად არის წარმოჩენილი და თანაც ეს ფაქტი განზოგადებულია. ამ ინფორმაციით, კონკრეტულ დასახლებაში მცხოვრები ყველა ჩინელი მოიაზრება ძაღლის მოკვლასა და შეჭმაში ეჭვმიტანილად.

„ჩვენი მკითხველის წერილებიდან და სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინტერესს იწვევს გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ვანდალური ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ იქ დასახლებულმა ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი ელექტროსაყელურით მოკლეს, მისი ხორცი კი სადილად მიირთვეს”, - სტატიაში ეს ციტატა თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუქ გვერდიდან არის გადმოტანილი.

აღსანიშნავია სოფელ ზვარეს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ვლადიმერ ტალახაძის განცხადება, რომელიც მდგომარეობას უფრო ამწვავებს, “ინფო 9” კი, მის კომენტარს უცვლელად ყოველგვარი კომენტარის გარეშე გვთავაზობს. კომენტარში ტალახაძე კვლავ განზოგადებულად, ჩინელებს აბრალებს მინერალური წყლებისთვის შემცველობის დაკარგვას.

,,პირადად მე გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი დაზუსტებით, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩინელები 2011 წლიდან აშენებენ სარკინიგზო გვირაბს. მათ თავიანთი საცხოვრებლები ააგეს სწორედ იმ ადგილას, სადაც მოგვეპოვება უნიკალური მინერალური წყლები. გვირაბის მშენებლობის გამო მიმდინარეობს აფეთქებები, რითიც შესაძლოა, სრულიად დაუკარგონ მინერალურ წყალს თავისი შემცველობა და უნიკალურობა. 2012 წლიდან ადგილობრივების გაპროტესტებით მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამის შემდეგ მათ შეუცვალეს მიმართულება გვირაბს, მაგრამ მათი საცხოვრებლები კვლავ იმავე ადგილზე რჩება”, - განაცხადა ვლადიმერ ტალახაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მეშვიდე მუხლის მიხედვით კი ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

მედიის განვითარების ფონდი სახელმძღვანელოში „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში“ მედიასაშუალებებს ურჩევს თავიდან აიცილონ ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს რომელიმე ეთნიკური უმცირესობისთვის, აღვივებდეს სიძულვილს, შეუწყნარებლობას მათ მიმართ, თესავდეს შუღლს ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, იყოს დისკრიმინაციული ეთნიკური ნიშნით. ფონდი ასევე ურჩევს ჟურნალისტებს არ განაზოგადონ უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლის საქმიანობა, ქცევა თუ ქმედება მთელ ეთნიკურ ჯგუფზე, თავი შეიკავონ პირის ეთნიკურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისაგან. ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირებას საზოგადოებაში.
კატეგორია - ეთიკა
ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა „კვირის პალიტრის“ სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში სკოლის დარაჯმა 11 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა, ბავშვის ნათესავებმა კი, დარაჯს სასტიკად სცემეს. მასალაში

„როგორც ახლობლები ჰყვებიან, 11 წლის, მეხუთეკლასელი გოგონა ცეკვიდან ბრუნდებოდა და საკუთარ ეზოში შედიოდა, როდესაც იქვე მდებარე სკოლის დარაჯი წინ გადაუდგა და ჭიქა წყალის სკოლაში, დაცვის ოთახში შეტანა სთხოვა. ბავშვი სახლში შევიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს დედამისი დაინტერესდა ვისთვის მიჰქონდა გოგონას წყალი, - ბავშვმაც უპასუხა. როგორც ჩანს, ქალი დაეჭვდა და მალევე გაჰყვა შვილს უკან, კაცი თავის ოთახში იყო და გოგონას შესვლას ელოდა“- ვკითხულობთ სტატიაში.

მასალაში არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება ხდება, დასახელებულია ქალაქი, სადაც შემთხვევა მოხდა, ასევე სკოლა, რომელშიც გოგონა სწავლობდა და ჩაწერილია სკოლის დირექტორის კომენტარი (დირექტორის სახელი და გვარი აღნიშნულია)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე მუხლის მიხედვით: „ჟურნალისტი ვალდებულიამ დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მომაზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვის შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.“
კატეგორია - ეთიკა
10 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საინფორმაციო გადაცემაში “შაბათის ქრონიკა” გავიდა მასალა - “საჰაერო სივრცის დარღვევა - რუსული მიგ-29 სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოაგდეს.”

კადრ-სინქრონის ტიპის მასალაში აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხედრო ძალებმა რუსული მიგ-29, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოაგდეს და თვითმხილველები მასშტაბურ აფეთქებაზე საუბრობენ. წამყვანი ამბობს, რომ თავდაპირველად, სოციალური მედიით გავრცელებული ცნობა ბრიტანული და უკრაინული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მოხვდა, ოფიციალური კომენტარისთვის კი ჟურნალისტებმა რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებებს მიმართეს, მაგრამ კომენტარი მათი მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

კადრებში ჩანს, რომ “შაბათის ქრონიკა” “Mail Online-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის სამხედრო ძალების მიერ რუსული მიგ-29-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ სანდო საერთაშორისო მედიასაშუალებას(CNN, BBC, Reuters, The Guardian).

სიუჟეტში არ ჩანს, რომ “შაბათის ქრონიკის” ჟურნალისტებმა მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად "ყველა გონივრული ზომა გამოიყენეს".
კატეგორია - ეთიკა
12 ოქტომბერს „კურიერის“ მიერ მომზადებულმა ექსკლუზიურმა სიუჟეტმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის საქმის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ნაწილი თითქმის ორი წლის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიების გააქტიურებას და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას ქიბარ ხალვაშისა და „რუსთავი 2-ის“ საქმის განმხილველ მოსამართლეზე ირიბ თუ პირდაპირ ზეწოლად აფასებს და შესაბამისად, საქმიდან ურთმელიძის აცილებას ითხოვს, ნაწილისთვის კი ოჯახური დაპირისპირების მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირება დაუშვებელია.

„მედიაჩეკერი“ დაინტერესდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის რა დეტალები გააშუქა სხვადასხვა მაუწყებელმა. აღმოჩნდა, რომ 13 ოქტომბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნულ საკითხს, „რუსთავი 2-ის“ გარდა, არც ერთმა მაუწყებელმა არ მიაქცია ყურადღება. ერთადერთი არხი, რომელმაც თემას მცირე დრო (1,2 წუთი-) დაუთმო, „კავკასია“ იყო - არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა 20:54 საათზე პროკურატურის მიერ გავრცელებული ვრცელი განცხადების მცირე ნაწილი წაიკითხა, ბოლოს კი დაამატა: „შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაჟღერდა, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე, რომელიც ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ დავას იხილავს, სწორედ დედასთან დაკავშირებული საქმის წამოწევით ზეწოლა ხორციელდება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მოამბეს“, „ქრონიკას“, „მაესტროს „კონტაქტს“ და „2030-ს“ თემისთვის საეთერო დრო არ დაუთმიათ. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ „2030-ში“ 13 ოქტომბერს სტუმრად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიწვიეს, კითხვების უმრავლესობა სასამართლო რეფორმის მიმართ მოსამართლეთა ნაწილის პრეტენზიებს ეხებოდა, თუმცა არც ერთი კითხვა ურთმელიძის შესაძლო თვითაცილებასთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანს სტუმრისთვის არ დაუსვამს. მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძემ „რუსთავი 2-ს“ „2030-ში“ სტუმრობამდე უპასუხა, რომ თვითაცილება თავად მოსამართლის გადასაწყვეტია, მიზანშეწონილი იქნებოდა, „2030-შიც“ გამოეხატა იგივე პოზიცია - ამით, ახალი ამბების რედაქცია თავიდან აიცილებდა ეჭვებს, რომ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის გაშუქებაზე უარს შეგნებულად ამბობს.

რაც შეეხება „კურიერს“, 12 ოქტომბერს მთავარი გამოშვება ასეთი წარმდგენი ტექსტით დაიწყო: „პროკურატურის მძევალ მოსამართლეs - თამაზ ურთმელიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა. დაახლოებით ორი წლის წინ მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა. ქონების დავის გამო მომხდარი დანაშაული სამართალდამცველებს წლისა და 8 თვის განმავლობაში თაროზე მანამდე ჰქონდათ შემოდებული, ვიდრე „რუსთავი 2-ის“ საქმე თამაზ ურთმელიძეს არ გადაეცა. ამის შემდეგ მდინარა გიორგობიანის წინააღმდეგ ძიება განახლდა, რასაც შესაბამისად, ავტომატურად მოსამართლის მხრიდან, „რუსთავი 2-ის“ ქონების დაყადაღებაც მოჰყვა. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ურთმელიძის დედას ბრალსაც წაუყენებენ და უკვე წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ქიბარ ხალვაშის საქმეზე“, - „კურიერის“ წამყვანების ეს ტექსტი შეიცავს უაპელაციო მტკიცებას, რომ მოსამართლეზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს, ასევე აუდიტორიას ექმნება წინასწარი განწყობა, რომ ურთმელიძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აუცილებლად გამოიტანს მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას.

როგორც წესი, წამყვანების ტექსტები გაცილებით მკვეთრი ტონით არის დაწერილი, ვიდრე სიუჟეტის ავტორების. ასე, მაგალითად, იმავე 12 ოქტომბრის მთავარ გამოშვებაში წამყვანები თუ მოსამართლეს პროკურატურის მძევლად მოიხსენიებენ და „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მის მიერ გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას ოჯახური კონფლიქტის შედეგად პროკურატურის მიზანმიმართულ დაგვიანებულ ქმედებას უკავშირებენ, სიუჟეტში, პირიქით, ფაქტების თანმიმდევრულად დალაგების გზით არის ნაჩვენები ურთმელიძის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზები: „მოსამართლე ურთმელიძის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისათვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე „რუსთავი 2-ის“ ქონებას დააყადაღებდა“, - ეს არის ჟურნალისტის ტექსტი, რომელსაც ამყარებს უკვე დაზარალებულად ცნობილი ურთმელიძის სიძის, ვალერიან სილაგაძის, კომენტარი ამავე სიუჟეტიდან: „არავის გახსენებია წელიწადისა და 9 თვის განმავლობაში ეს საქმე, ან დაზარალებული ხარ, ან ვინმე რამეს გიშვრება, ან ის მაინც ეთქვათ, რომ დაზარალებული არ ხარ და დამთავრდა ეს საქმე. არც დაზარალებულად ვუცნივართ, არც საქმე გამოუძიებიათ... გარკვეულწილად საეჭვო ვითარება ნამდვილად არის - სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნეს, იმ პერიოდში, როცა ირჩევა რაღაც საქმეები „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და ამ საქმის მოსამართლე არის თამაზ ურთმელიძე“.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „კურიერის“ ჟურნალისტები ყველა გზით ეცადნენ, დაკავშირებოდნენ თავად ურთმელიძის დედას - მდინარა გიორგობიანს. კომენტარის ჩასაწერად რეპორტიორები ჩავიდნენ ცაგერში, ურთმელიძის მეორე დის სახლში, ასევე თბილისში, ურთმელიძის სახლში და სილაგაძე-ურთმელიძეების სადაო ბინაშიც მივიდნენ, თუმცა არც ერთ მისამართზე მათ იმ დროს სავარუდო ბრალდებული არ დახვდათ.

კითხვებს აჩენს თავად ფაქტის „კურიერისეული“ სამართლებრივი კვალიფიკაციის მცდელობა: 12 ოქტომბრის ეთერში არაერთხელ ითქვა, რომ მდინარა გიორგობიანმა სიძეს ნაჯახი ჩაარტყა; მეზობლები კი აქცენტს არც თუ მძიმე დაზიანების გამომწვევ დაჭრაზე ამახვილებენ. 12 ოქტომბერს „კურიერი“, ვალერიან სილაგაძეზე დაყრდნობით ამბობდა, რომ „ურთმელიძის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ“ (ასეთივე სათაურით არის გამოქვეყნებული ხსენებული სიუჟეტი ტელეკომპანიის ვებგვერდზე). იმის გათვალისწინებით, რომ „კურიერს“ 12 ოქტომბერს არ უცდია, პროკურატურისგან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიეღო განმარტება, თუ რა მუხლით არის აღძრული საქმე გიორგობიანის წინააღმდეგ, სასურველი იქნებოდა, ფაქტის ხელოვნური გამძაფრების ეჭვის თავიდან ასარიდებლად არა მკვლელობის მცდელობა, არამედ დაჭრა მიეთითებინა. 13 ოქტომბერს სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პროკურატურამ სპეციალურ განცხადებაში და აღნიშნა, რომ საქმე აღიძრა არა მკვლელობის მცდელობის, არამედ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.

12 ოქტომბრის ეთერიდან აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც, ვფიქრობთ, ყურადღებას იმსახურებს: ვალერიან სილაგაძის სახლში გადაღებულ კადრებში ნაჩვენებია არასრუწლოვანი გოგონას ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, სილაგაძის და ურთმელიძის გარდაცვლილი დის ქალიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ტელეკომპანიის რეპორტიორმა მშობლისგან მიიღო ნებართვა არასრულწლოვანი შვილის ფოტოს საჯარო ჩვენებაზე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, „კურიერს“ უნდა გაეთვალისწინებინა მოზარდის ინტერესები და რისკები, რომელიც შეიძლება დამდგარიყო რეზონანსული საქმისა და ოჯახური კონფლიქტის გაშუქებისას. მითუფრო, რომ ბავშვის ფოტოს ჩვენებას არ ჰქონდა არანაირი საინფორმაციო ღირებულება.

თუ 12 ოქტომბრის „კურიერი“ ძირითადად ფაქტებს, ფაქტებიდან გამომდინარე დასმულ კითხვებსა და დასკვნებს დაეთმო, 13 ოქტომბრის ეთერის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა იმის განხილვას, უნდა გააგრძელოს თუ არა თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვა: „დარჩება თუ არა ურთმელიძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოსამართლედ, ორშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც ქიბარ ხალვაშის საქმეზე მთავარი სხდომაა ჩანიშნული. ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის აცილებას და ამჯერად შუამდგომლობის მოსამართლის დედის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეა. მანამდე კი ხელისუფლება ურთმელიძის დედის გარშემო ატეხილი სკანდალის განეიტრალებას ცდილობს“, - ასეთი იყო წამყვანის წარმდგენი ტექსტი. სიუჟეტებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ურთმელიძეს ხელისუფლება აშანტაჟებს და ამიტომ თვითაცილების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა კი შანტაჟის შესაძლებლობა გამორიცხეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მიმდინარე საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რათა პროცესი არ დაზარალდეს, იუსტიციის საბჭოს მდივანმა კი აღნიშნა, რომ თვითაცილების საკითხი ერთმნიშვნელოვნად მოსამართლის გადასაწყვეტია. ოპოზიციური პარტიების აზრს ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები: პროცესთან დაკავშირებული კითხვებისა და შესაძლო ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, ურთმელიძემ თვითაცილების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, - ფიქრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. მმართველი გუნდის წევრები კი, ტელეკომპანიას არაეთიკურობასა და მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
კატეგორია - ეთიკა
8 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით:„იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება“. ტერმინი „ქუჩის ბავშვები“ სტატიაში კიდევ 4-ჯერ განმეორდა.

"იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის უწყების პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება.ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომლის თქმით, სამინისტრო ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მუშაობს", ვკითხულობთ სტატიაში. "ქუჩის ბავშვები" ნახსენებია მინისტრის მოადგილის კომენტარშიც.

პროფესიული სტანდარტების მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის „ქუჩის ბავშვების“ წოდება დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას. დღესდღეობით,ყველაზე ნეიტრალურ და არადისკრიმინაციულ ტერმინად „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“ მიიჩნევა.

გაეროს ბავშვთა ფონდის სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვებზე მასალის მომზადებისას გვირჩევს, რომ მოვერდიდოთ ბავშვების სტიგმატიზაციას: „თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან ადგილობრივი საზოგადოების მიერ გარიყვა”.
კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ – პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: „ამერიკა რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებას ცდილობს“ -მასალაში თავმოყრილია ანტიდასავლური განწყობის შემცველი მოსაზრებები.

„რუსეთის იმპერიას ყველაზე აგრესიულ, მტრულად განწყობლ ქვეყნად განიხილავენ დღეს მსოფლიო ლიბერალები, მაგრამ საქართველოს რეალური მტერი ის დასავლური ძალები არიან, რომლებიც გაშმაგებით ცდილობენ, ქართველ ერს ჭეშმარიტი ღირებულებები შეუცვალონ,“ - ნათქვამია სტაიაში.

ავტორი აქვე დასძენს, რომ მერიკის შეერტებული შტატბი ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დესტაბილიზაციის შეტანაზეა ორიენტირებული.

„ამერიკა ფაშისტურ ქვეყნად იქცა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დესტაბილიზაცია შეაქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ნატოს საწვრთნელ ცენტრს ხსნის რუსეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებას მოკლებულია“ .

ამავე სტატიაში, დასავლეთისა და ამერიკის დაკნინების ფონზე, უძლეველ სამხედრო ძალადაა წარმოდგენილი მეზობელი რუსეთი ხოლო სტალინი, როგორც მორწმუნე და დიდი სახელმწიფო მოღვაწე.

„მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სამხედრო ძალა, რუსეთს რომ დაამარცხებს, და საქართველომ განა რა უნდა შექმნას ასეთი? რუსეთთან დაპირისპირება საფრთხის შემცველია, რომელიც ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს სამუდამოდ დაგვაშორებს“.

„არაერთხელ თქმულა, რომ სტალინის ეპოქა იყო დიდი აღმავლობის ხანა ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე საუბრობს უწმინდესიც და მიაჩნია, რომ სტალინი დიდი სახელმწიფო მოღვაწე და მორწმუნე მართლმადიდებელი იყო. დასავლური აზროვნების მქონე საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის სახით, ამ შეფასებებს უარყოფს და სტალინის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს(?!), მაგრამ ისიც საკითხავია, როგორ შეაფასებს საქართველოს მოსახლეობა ამერიკის შეკვეთით მოსული ხელისუფლების მოღვაწეობას,“ - ნათქვამია მასალაში.
კატეგორია - ეთიკა
ქართულ ვებსაიტებზე დაწერილი სტატიების ქვემოთ ხშირად შეხვდებით შეურაცხმყოფელ კომენტარებს, მუქარას, სიძულვილის ენას... იცავენ თუ არა ქართული ვებსაიტები თავიანთ მკითხველს სიძულვილისა და შეურაცხყოფისაგან, რამდენად უწყობენ ხელს ვებგვერდებზე კომენტარების სახით ჯანსაღი დისკუსიის არსებობას და რა პასუხისმგებლობა აკისრია ამ კომენტარებზე მედიასაშუალებას? Mediachecker-ი დაინტერესდა, რა სიტუაციაა საქართველოში კომენტარების მოდერაციის მხრივ და რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ მედიაორგანიზაციები ამ საკითხს. როგორც აღმოჩნდა, მედიასაშუალებებს საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.

რადიო თავისუფლების ვებსაიტი იმ მცირეთაგანია, რომელსაც კომენტარების მართვის ჩამოყალიბებული პოლიტიკა აქვს: “ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ლიბერალური მიდგომა - დაშვებულია ყველაფერი, რაც არ არღვევს გარკვეულ წესებს. აკრძალულია შეურაცხყოფა, უწმაწური გამოთქმები, აგრესიული თავდასხმა, ძალადობისკენ მოწოდება და ა.შ. საიტზევე გვაქვს ფორუმში მონაწილეობის წესები გამოქვეყნებული” - ამბობს რადიო თავისუფლების ვებსაიტის მთავარი რედაქტორი ბიძინა რამიშვილი.

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე რომ კომენტარი დატოვო, ფეისბუკზე უნდა იყო დარეგისტრირებული და კომენტარის დატოვებისას სოციალურ ქსელში შენი ანგარიშით უნდა შეხვიდე. თუმცა, არც ერთი კომენტარი მანამდე არ ქვეყნდება, სანამ მას ვებსაიტზე იმ დროისთვის მორიგე მოდერატორი არ წაიკითხავს.

“არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის მომხმარებელი ხშირად არის შემჩნეული წესების დარღვევაში. ჩვენ ასეთ ხალხს ვაფრთხილებთ და თუ ვხედავთ, რომ ეს არ მოქმედებს, ვბლოკავთ. დაბლოკვაც სხვადასხვანაირია: ზოგს სულ ვბლოკავთ და არასდროს ვაძლევთ კომენტარების დატოვების უფლებას, როცა აშკარად ჩანს, რისთვის მოდის და რისი ინტერესი აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან საინტერესო კომენტარებს წერენ, მაგრამ დროდადრო მიუღებელ გამონათქვამებს იყენებენ. მათ დროებით ვბლოკავთ”, - ამბობს რამიშვილი.

ახლახან რადიო თავისუფლებამ ასობით მომხმარებელი დაბლოკა სტალინის შესახებ დაწერილი ბლოგის ქვეშ გაკეთებული კომენტარების გამო. ბლოგის ავტორი ამტკიცებდა, რომ სტალინი არ იყო ისეთი გენიოსი, როგორადაც მას ისტორია გვაცნობს. ვებსაიტის რედაქტორის თქმით, ბლოგის ქვემოთ დაწერილი კომენტარების უმეტესობა პრიმიტიულად აგრესიული იყო.

თუ ambebi.ge-ზე გადაწყვეტთ კომენტარის დატოვებას, ეს დარეგისტრირების გარეშე, მეტსახელითაც შეგიძლიათ გააკეთოთ. რედაქტორის, გიორგი გიორგაშვილის, თქმით, მათთანაც კომენტარს გამოქვეყნებამდე კითხულობენ.

“მკითხველს შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი შეხედულება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მისი მოსაზრება არ უნდა შეიცავდეს მიუღებელ ლექსიკას და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი სხვა ადამიანების მიმართ. ასევე, საიტი არ აქვეყნებს რომელიმე ჯგუფის, თემის მიმართ დისკრიმინაციულ მოსაზრებებს. არ ვაქვეყნებთ ამა თუ იმ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას, რომელზეც, შესაძლოა, რომელიმე მკითხველმა დაწეროს”, - ამბობს გიორგაშვილი.

ვებგვერდზე კომენტარის ველის ქვემოთ ჩანს წარწერა: : “ყურადღება! გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!” თუმცა, ამ ეტაპზე ვებსაიტ ambebi.ge-ზე არსადაა გაწერილი რას გულისხმობს ეს “ეთიკისა და ზრდილობის ნორმები” და არც კომენტარების მოდერაციის წესებია ახსნილი. ამასთან, რედაქტორის თქმით, არის შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელი კომენტარები მაინც “იპარება”. ამ შემთხვევაში, რეაგირებას კომენტარების გამოქვეყნების მერე ცდილობენ.

რადგან ambebi.ge-ზე დარეგისტრირების გარეშეც შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი, კომენტარების დამწერის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ. ამიტომ - კომენტარებს შლიან, მაგრამ მომხმარებელს ვერ ბლოკავენ.

Mediamall.ge-ის თანამშრომლები კომენტარების კონტროლის აუცილებლობაზე რამდენიმე შემთხვევამ დააფიქრა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კონკრეტული მასალის ქვემოთ პიროვნული დაპირისპირება იყო. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტელეფონების ნომრების გაცვლას მოითხოვდნენ.

“ჩვენ ვიფიქრეთ რომ მომხმარებლებისთვისაც გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, თუ მსგავსი ტიპის შეურაცხყოფები და ა.შ. წაიშლებოდა”, - ამბობს მანო ტოგონიძე, Mediamall.ge-ის მთავარი რედაქტორი.

თუმცა, კომენტარების კონტროლი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მომხმარებლები აქ კომენტარებს პირდაპირ ფეისბუქის ანგარიშით ტოვებენ. ვებსაიტი კი ისეა აწყობილი, რომ კომენტარის გამოქვეყნებამდე Mediamall.ge-ის თანამშრომლებისთვის მისი ნახვა შეუძლებელია. დღეისათვის ვებსაიტის ჟურნალისტები ცდილობენ როგორმე თვალი მიადევნონ კომენტარებს და წაშალონ მიუღებელი ნაწილი.

Mediamall.ge-სა და ambebi.ge-ის რედაქტორების თქმით, იციან, რომ კომენტარების მართვის სისტემა დასახვეწი აქვთ, უახლოეს მომავალში ახალი ვებსაიტი ექნებათ და ეცდებიან, კომენტარების მოდერაციის საკითხი გაითვალისწინონ.

რედაქტორები თანხმდებიან, რომ კომენტარების წაშლით მკითხველებს ანაწყენებენ და შეიძლება კარგავენ კიდეც:

“კომენტარების დაახლოებით 60% იშლება, რადგან რედაქციას მათი გამოქვეყნება დაუშვებლად მიაჩნია კომენტარში დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი მოსაზრებების გამო. ძალიან ბევრი განაწყენებული მკითხველი გვირეკავს რედაქციაში ამის გამო. ” - ამბობს გიორგი გიორგაშვილი.

რატომ შლიან კომენტარებს მედიასაშუალებები? ეს ხომ რედაქციის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი არაა და მხოლოდ მომხმარებლების მიერ გამოთქმული აზრები ან დაწერილი ემოციებია? ინაწილებს თუ არა მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე გაკეთებულ კომენატარებზე პასუხისმგებლობას რედაქციაც და რატომ?

“დიახ, პასუხისმგებელი ჩვენს ვებსაზოგადოებაზე ვართ ჩვენ. ჩვენ ვეპატიჟებით მათ, რომ ამ სივრცეში მოვიდნენ, წაიკითხონ, გაეცნონ, თავიანთი აზრი გამოთქვან და დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ჩვენ, როგორც მასპინძლებმა, თუ ვერ უზრუნველვყავით სათანადო პირობები, პასუხი ჩვენ უნდა მოგვეთხოვოს, რა თქმა უნდა. შეიძლება ზოგჯერ სხვა ვებსაიტებზე მკაცრები ვართ, მაგრამ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას”, - ამბობს ბიძინა რამიშვილი.

კომენტარების მოდერაციასთან დაკავშირებით 2015 წელს, ევროსასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა. 2006 წელს ესტონეთის ერთ-ერთმა დიდმა ნიუს პორტლამა „დელფიმ“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გაანადგურა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ ე.წ. „ყინულის გზები“. მომდევნო ორი დღის განმავლობაში სტატიას 185 კომენტარი მოჰყვა. დაახლოებით 20 მათგანი შეიცავდა მუქარასა და შეურაცხყოფას კომპანიის მისამართით. თვე-ნახევრის შემდეგ კომპანიის ადვოკატმა მედიაორგანიზაციას მოსთხოვა კომენტარების წაშლა და არამატერიალური ზიანისთვის ფულის გადახდა. კომპანიამ კომენტარები წაშალა, მაგრამ ფულის გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლო დავა დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ესტონეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ვრცელდება შეურაცხმყოფელ კომენტარებზე და აღიარა კერძო კომპანიის უფლებების დარღვევა. „დელფიმ“ დავა ევროსასამართლოში გააგრძელა. ევროსასამართლომ გაიზიარა ადგილობრივი სასამართლოს პოზიცია და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კომენტარები ერთმნიშვნელოვნად შეურაცხმყოფელი იყო, ლახავდა კომპანიის რეპუტაციას, „დელფს“ კი ამის აღსაკვეთად არაფერი უღონია. ევროსასამართლომ ესტონეთის სასამართლოს მიერ „დელფისთვის“ ფინანსური ჯარიმის დაკისრებაც პროპორციულად ცნო. ევროპული სასამართლოს ცნობით, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან კომენტარები კერძო კომპანიის რეპუტაციას ლახავდა.

ვებსაიტზე კომენტარების მოდერაციის მკაცრი და დეტალურად გაწერილი წესები აქვს ბიბისისაც. ორგანიზაცია სამი სხვადასხვა სახის მოდერაციას იყენებს, რაც დისკუსიის საგანსა და სამიზნე ჯგუფის ასაკზეა დამოკიდებული: ისინი კომენტარებს ამოწმებენ გამოქვეყნებამდე, გამოქვექვეყნების შემდეგ და ასევე სპეციალური ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეტყობინება გაუგზავნოს მოდერატორს, რომ კონკრეტული მკითხველი არღვევს მედიაორანიზაციის მიერ დადგენილ წესებს.

ბიბისი ვებგვერდზე მომხმარებელს უხსნის, რატომაა საჭირო კომენტარების მოდერაცია. კომპანია განმარტავს, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი დარწმუნდნენ, რომ დებატები დარჩება ზრდილობიანი, უსაფრთხო, რელევანტური და არ დაარღვევს რაიმე კანონს ან ბიბისის გაიდლაინებს. მათივე ცნობით, მოდერაცია აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდეს დისკუსიაში მონაწილეობა მიიღოს სხვა წევრების მხრიდან დაშინებისა და შეურაცხყოფის გარეშე.

ამასთანავე ბიბისის აღნიშნავს, რომ მოდერაციის გარეშე მომხმარებლებმა შესაძლოა განზრახულად ან უნებურად დაწერონ კანონის საწინააღმდეგო კომენტარები, რითიც ჩააყენონ საკუთარი თავი და ბიბისი სასამართლო განხილვების წინაშე. მოდერაცია კი ეხმარება თავიდან აიცილონ სასამართლო პროცესები, რაც შეიძლება, ასი ათასობით ფუნტი დაჯდეს.
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში 4 ოქტომბერს გავიდა ე.წ. „კადრ სინქრონის“ ტიპის მასალა, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

წამყვანი რესპონდენტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სულხან ქობულაძეს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც სატელეფონო ზარის შემდეგ, შეხვედრას დათანხმდა. საქმის გარჩევა კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს მოჰყვა, სადაც ქობულაძემ საკრებულოს თავმჯდომარე „ყვარყვარეს“ სახელით მოიხსენია.

ამ ბრალდებას კომენტარში თავად ქობულაძეც ადასტურებს. მასალაში არ ჩანს ბრალდების არც ერთი ობიექტის პასუხი. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“.

კატეგორია - ეთიკა
Geworld.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ერთო-ორი „ელგებეტე“ არ უნდა გვყავდეს მთავრობა-პარლამენტში?“. მასალაში მკითხველი მრავლად წააწყდება ანტიდასავლური განწყობების, ჰომოფობიისა და სიძულვილის ენის ტირაჟირების მაგალითებს.

„მას შემდეგ, რაც ა.წ. 26 ივნისს ამერიკის ტერიტორიაზე ზარ-ზეიმით დააკანონეს ერთნაირსქესიანთა თუ ტრანსგენდერთა, მოკლედ, ლგბტ_თა ქორწინება, აშშ, სატანისტებთან ერთად, პედერასტების მექადაც მოგვევლინა?!“ - წერს ჟურნალისტი.

ავტორი მსგავსი კანონის მიღების პერსპექტივას საქართველოშიც ხედავს, რაც მისი აზრით, ამერიკელების მიერ დაფინანსებული ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამხმარებით მოხდება, ყველაზე დიდ საფრთხედ კი იმას მიიჩენვს, რომ „ერთ დღესაც, შესაძლოა, ამერიკის კარნახით, პარლამენტსა და მთავრობაში სექსუალურ უმცირესობების წარმოამდგენელთა არსებობა აუცილებელი გახდეს“.

„როდესაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე საკუთარ ქვეყანაში დაალაგებს პედერასტულ ემანსიპაცია-კვოტებს, მერე ჩვენც გვიკარნახებს, რამდენი უნდა გვყავდეს პარლამენტსა და მთავრობაში“- აღნიშნულია სტატიაში.

ანტიდასავლური განწყობები იკვეთება სტატიის თითქმის ყველა წინადადებაში. რაც შეეხება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მედიასაშუალება მათ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად წარმაოჩენს.
კატეგორია - ეთიკა
ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ განაახლა შეურაცხმყოფელი კამპანია „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის, წინააღმდეგ.

ხაზარაძის კრიტიკის საბაბი ამჯერად „თიბისი ბანკის“ მიერ დაარსებული პრემიის -„საბას“ ერთ-ერთი წლევანდელი ლაურეატი, პაატა შამუგია გახდა, რომელიც წინა წლებშიც არაერთხელ ყოფილა „ასავალ-დასავალის“ სამიზნე თავისი ეპატაჟური ლექსების გამო.

ბოლო ნომრებში გაზეთმა რამდენიმე გვერდი დაუთმო პაატა შამუგიას შემოქმედებას, საიდანაც,ძირითადად, სკაბრეზული და ეპატაჟურ ადგილების ციტირებს.

ლექსების განხილვისას „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები შამუგიას მოიხსენიებენ ჰომოფობიური ეპითეტით - „საბარასტი“.

14-20 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია - „ხაზარაძის „უბორნიაში“ საქმე კარგად მიდის!“ სტატიის ავტორი წერს: „აბა, „საბარასტი“ რისი „საბარასტია“, საკუთარი მშობლებიც თუ არ გამოაჭენა...“ „აი, ეს არის მცირედი ნაწილი იმისა (რაც მე, ვაღიარებ, სრულად დიდი ტანჯვის ფასად წავიკითხე!), რასაც ჰქვია ორგზის „საბარასტ“ პაატა შამუგიას „შემოქმედება“, სახელწოდებით „შიზოგადოება“!

28 სექტემბრის ნომერში კი გაზეთმა ორ გვერდზე გააშუქა „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ პაატა შამუგიას საჯარო ლექცია, სადაც „საბას“ ლაურეატმა წაიკითხა ვალერი ნუგატოვის ერთ-ერთი ეპატაჟური ლექსი.

სტატიების ავტორები მამუკა ხაზარაძეს და პაატა შამუგიას კვლავ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და სიძულვილის ენით აკრიტიკებენ.

„მამუკა ხაზარაძეს კაცობა და სინდისი რომ ჰქონდეს, გამოვიდოდა და პირდაპირ იტყოდა: მე არ ვარ პაატა შამუგიას სიბილწისა და „უბორნიის პოეზიის“ თაყვანისმცემელიო და რუსთაველისა და გალაკტიონის, ვაჟასა და აკაკის მშობელ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ გაუგებრობისათვის, რასაც მის მიერვე ხელდასხმული „საბარასტი შამუგია“ ჰქვია!“

ერთ-ერთი სტატია მთავრდება მოწოდებით: „იხსენით თქვენი შვილები მამუკა ხაზარაძისა და პაატა შამუგიასგან!“

სტატიაში გვხვდება არაერთი ჰომოფობიური გამონათქვამი სხვადასხვა რესპონდენტის მისამართით.
კატეგორია - ეთიკა
„შვილის შეძენის მყისიერი "მილოცვა" შემოსავლების სამსახურისაგან“- ამ სათაურით სტატიას ონლაინგამოცემა „გურიანიუსი“ აქვეყნებს. სტატიის თანახმად, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე - კახა ებრალიძეზე, რევაზ არველაძისადმი მხარდაჭერის გამო, ზეწოლა ხორხციელდება.

როგორც მასალიდან ირკვევა, ებრალიძის მამის კუთვნილ კაფე-ბარ „სამეფოში“ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის ჯგუფი შემოწმებაზე შევიდა.

მასალაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი სარწმუნო დოკუმენტი, წყარო, ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ობიექტის შემოწმება ებრალიძის მხირდან არველაძის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირდება და რომ შემოწმება, ზეწოლის ერთგვარი ფორმაა. მიუხედავად ამისა, მასალას გამოცემა ასე იწყებს: „მას შემდეგ, რაც გფფრ-ს თავკაცმაკახაებრალიძემღიად დააფიქსირა ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებზე რევაზ არველაძის მხარდაჭერა, მალე მის კუთვნილ ფართში, სადაც სამეწარმეო საქმიანობას მისივე მამა გიორგი ებრალიძე აწარმოებს, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის ჯგუფი შევიდა და კაფე - ბარ "სამეფოს" საქმიანობის ერთკვირიანი ქრონომეტრაჟი განახორციელა“.

მასალაში წარმოდგენილია ებრალიძის პოზიციაც:

„რა უნდა გითხრათ, ეს შემთხვევით არ ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს უკავშირდება ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებს. ამით ვიღაც ცდილობს ჩვენს დაშინებას და დასჯას. აბა, სხვაგვარად როგორ გავიგო, როცა ასეთი შემოწმება ლანჩხუთს არ ახსოვს საერთოდ. ადამიანობა ხომ არსებობს, ხუთშაბათს შვილი შემეძინა და პარასკევს ადრე დილით, მამაჩემს სიხარულიც კი არ აცადეს წესიერად. ქრონომეტრაჟმა რომ ვერაფერი დაადგინა, დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყეს“ - აცხადებს გურიანიუსთან ებრალიძე.

მასალა მხოლოდ კახა ებრალიძის კომენტარს ეყრდნობა და მასში სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არ არის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი განმარტავს: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“

ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია: „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.

არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია, რა მნიშნელოვანიც არ უნდა იყოს ის, უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ“.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „რუთავი 2-ის” გასართობი გადაცემის „სხვა შუადღის“ ტელეწამყვანი და არხის მთავარი საინფორმაციო გადაცემის სპორტის რუბრიკის წამყვანი, დიმიტრი ობოლაძე, ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიის „კრისტალბეთის“ სარეკლამო სახეა. საიტზე შესულ მომხმარებელს ობოლაძის სარეკლამო ბანერი პირველივე გვერდზე ხვდება.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, რეკლამაში ან ტელეშოპინგში მონაწილეობა ეკრძალებათ: ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანებსა და ჟურნალისტებს.

ირღვევა თუ არა კანონი მაუწყებლობის შესახებ დიმიტრი ობოლაძის რეკლამაში მონაწილეობით?!

საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ განმარტება - რას მოიცავს ახალი ამბების პროგრამა და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ახალი ამბების წამყვანად - არ არის. დიმიტრი ობოლაძე ყოველ დღე საზოგადოებას დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, პოლიტიკური და სოციალური საკითხების შემდეგ, სპორტულ ახალ ამბებს აცნობს, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, ვრცელდება თუ არა მასზე კანონის ზემოთხსენებული მუხლი, რთულია.

მედიასამართლის სპეციალისტის, ნათია კაპანაძის, განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ინფორმაცია განსხვავებული ხასიათისაა, მისი გამიჯვნა ახალი ამბებისაგან არამართებულია.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი მიმართულია მომხმარებლის დაცვისაკენ - არ მოექცეს ზეგავლენის ქვეშ მათგან, ვისაც განსაკუთრებულად ენდობა. სპორტული ამბები, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ განსხვავებული ფორმატის ინფორმაციაა, ახალი ამბების განუყოფელი და მუდმივი ნაწილია, შესაბამისად, ერთიან პროდუქტად აღიქმება. ვფიქრობ, ობოლაძე განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს, რადგან ის მთავარ საინფორმაციო გამოშვების ფორმატში ეკონტაქტება მაყურებელს / პოტენციურ მომხმარებელს და მათ მოსაზრებებზე გავლენის მოხდენის მეტი შანსი აქვს. ამიტომაც ჩნდება წინააღმდეგობა დადგენილ ნორმასთან“ - განმარტავს ნათია კაპანაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის იურისტის, ეკა ციმაკურიძის, განმარტებით კი, სავარაუდოა, რომ ამ ნორმით კანონმდებელმა რეკლამაში მონაწილეობაზე აკრძალვა დაუდგინა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურის თუ სპორტის ახალი ამბების ჟურნალისტებს.

„საზოგადოებისათვის ახალი ამბების მიწოდება ობიექტურად და მიუკერძოებლად თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი, ისე კულტურის თუ სპორტის ახალი ამბების გაშუქებისას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონმდებელმა რეკლამაში მონაწილეობაზე აკრძალვა დაუდგინა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურის თუ სპორტის ახალი ამბების ჟურნალისტებს. კანონის იმგვარი განმარტება, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ახალი ამბების ჟურნალისტს აუკრძალავდა რეკლამაში მონაწილეობას, წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზანთან და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მიზნის შესრულებას. ასევე, კანონის ამგვარი განმარტება არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ახალი ამბების გადაცემების ჟურნალისტებს“ - განამარტავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

Mediachecker დაუკავშირდა დიმიტრი ობოლაძეს, მისი თქმით, კანონში არსებული ამგვარი შეზღუდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი, განგვიმარტეს, რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს: „ეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა სპორტული სიახლეების წამყვანს, მსჯელობის საგანია და იმ შემთხვევაში თუ კომისიაში შემოვა განცხადება, აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა კომისიის სხდომაზე გაიმრთება“ - ამბობს ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.