ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭო მაუწყებლის ჟურნალისტის, რომან ქევხიშვილის ფეისბუქ სტატუსს განიხილავს. ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში 21 მარტს ლალი მოროშკინას მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ დაწერა. სტატუსი შეიცავდა მოროშკინას მისამართით უცენზურო გამონათქვამებს.

რომან ქევხიშვილის თქმით, მას პირადად საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დაუკავშირდა. ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის კამპანია, რომელიც მაუწყებლიდან მისი „გაგდების ხანგრძლივ ოცნებას“ ემსახურება.

„ჯერ კიდევ 23 იანვარს, ხელმძღვანელმა პირებმა მითხრეს, რომ მაუწყებელს, ჩემთან დამშვიდობება მოუწევს, თუ ფეისბუქში ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატუსების წერას არ შევეშვები“, - წერს ქევხიშვილი სოციალურ ქსელში.

თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღანელის, გიორგი ფუტკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურ ქსელში ჟურნალისტების ქცევა არ არღვევდეს მაუწყებლის სტანდარტებს, საინფორმაციო სამსახურის მიუკერძოებლობას არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ არცერთი რეპორტიორის ქმედება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სადისციპლინო საბჭომ იმსჯელოს ამ საკითხზე და დადგინდეს დაარღვია თუ არა ქევხიშვილმა კოდექსი.

„ჩვენ ვცდილობთ, წესად დავამკვიდროთ, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს“ -ამბობს ფუტკარაძე. მისივე თქმით, დისციპლინარული საბჭოსგან დამოუკიდებლად, ასევე ეცდებიან დაადგინონ, თავად რომან ქევხიშვილის სტატუსის კომენტარებში, ხომ არ შეილახა მისი უფლებები საჯარო პირების მხრიდან.

გიორგი ფუტკარაძემ უარყო, რაიმე სახის მუქარა ან ზეწოლა რომან ქევხიშვილის მიმართ. მისი თქმით, ტყუილია, რომ ჩინოვნიკების მიმართ კრიტიკული სტატუსის დაწერა აუკრძალეს.

„ყველა ჟურნალისტი გაფრთხილებულია, რომ მათი საჯარო აქტივობები არ უნდა არღვევდეს ქცევის კოდექსს და ეს არის მაუწყებლის პრინციპი“, - ამბობს ფუტკარაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით სსმ-ის თანამშრომელთა ქმედებამ ან გარეშე საქმიანობამ არასასურველი გავლენა არ უნდა იქონიოს სსმ-ის გადაცემებსა და სამსახურებზე. აუდიტორიას არ უნდა მიეცეს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს სსმ-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაში.

დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი მაუწყებლის ჟურნალისტმა ამაზე, სადისციპლინო საბჭო იმსჯელებს.
კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტ გამოცემა Euronews.ge 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როგორც აღწერაში აქვს მითითებული, ის “არის საინფორმაციო პორტალი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ”.

სააგენტოს თავის ფეისბუკ გვერდზე მითითებული აქვს, რომ არის “დამოუკიდებელი, თვითდაფინანსებაზე მყოფი ონლაინ მედია პორტალი, რომლის მიზანი არის ევროატლანტიკური და ევროპული პოლიტიკის პოპულარიზაცია საქართველოში”.

მედიაჩეკერი დაუკავშირდა euronews.ge-ს ხელმძღვანელ ტატო (შალვა) მახაშვილს, რომელმაც განგვიცხადა: „2015 წლის დეკემბერში პროექტი დაიწყო ნოდარ კაპანაძემ, ის თავიდან თანამშრომლობდა ჟურნალისტ ლიზა გეგეჭკორთან, რომელმაც მოგვიანებით მუშაობა დაიწყო უშიშროების ეროვნულ საბჭოში, ამის შემდეგ ის წავიდა euronews.ge-დან და გამოცემა მთლიანად გადმომაბარეს მე, რადგან ამ მიმართულებით მაქვს გამოცდილება. შპს სოლოსტუდიო, რომლის მფლობელიც ვარ მე, ასევე ფლობს live24.ge-ს, yelloblog.ge-ს. მე შემომთავაზეს ევრონიუსის მართვა და ეს ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მომეწონა თემატიკა. დომენის გადმოფორმება ნოდარ კაპანაძიდან ჩემი კომპანიის სახელზე ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი“. ტატო მახაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ euronews.ge გახდეს მომგებიანი გამოცემა და ეს არის მისი პირადი ბიზნესი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს სოლოსტუდიოს 100%-ს ტატო მახაშვილი ფლობს, ის ასევე ფლობს შპს სოლომედიას 55%-ს. აღნიშნული კომპანიის 45%-ის მფლობელი კი შორენა ბოლქვაძეა. რაც შეეხება შორენა ბოლქვაძეს, ის არის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ თურმანიძის ცოლი. თამაზ თურმანიძის ბიოგრაფიაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, წერია, რომ ის არის სოლოჯგუფის დამფუძნებელი. თურმანიძე 2012 წლიდან პარტია ქართული ოცნების წევრია.

Euronews.ge თავდაპირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლის თებერვალში მოექცა, როცა გამოაქვეყნა ახალი ამბავი სათაურით “ფრანსუა ოლანდი პოლონეთისა და სხვა ულტრა-მემარჯვენე მთავრობების მქონე ქვეყნების ევროკავშირიდან გარიცხვის მომხრეა”. აღნიშნული ამბავი მკითხველს euronews.ge-ზე დაყრდნობით უცვლელად შესთავაზა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმაც.

Euronews.ge მომხმარებელს შემდეგი შინაარსის ამბავს სთავაზობს: „ევროკავშირის ხელშეკრულებები ითვალისწინებენ იმ წევრების გარიცხვას, რომელთა ქმედება დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება“ – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ რადიოსთან საუბარში. „როდესაც მედიის დამოუკიდებლობა საფრთხეშია, პრობლემა ექმნება კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს.ევროკავშირი ვერ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი ასეთი ქვეყნებისათვის“- დასძინა ოლანდმა.

ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული ინფორმაციის სინამდვილე, რის შემდეგაც მედიაჩეკერმა მისი გადამოწმება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსი რადიკალური განცხადების შესახებ არცერთი საერთაშორისო მედიასაშუალება არ წერს. ერთადერთი ინგლისურენოვანი წყარო, სადაც აღნიშნული ინფორმაცია იძებნება, breitbart.com-ია, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა გერმანულენოვან გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachrichten-ს. პაკისტანურ გამოცემა brecorder.com-ს კი იგივე ინფორმაციის ავტორად საერთაშორისო სააგენტო AFP აქვს მითითებული, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სხვაგან არ იძებნება.

სააგენტო ინტერპრესნიუსი 2016 წლის თებერვლიდან ყოველდღიურად აქვეყნებს ახალ ამბებს euronews.ge-ზე დაყრდნობით.

ინტერპრესნიუსის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ნატა მუმლაძემ, რომელიც ახლა პალიტრა მედია ჰოლდინგში ვებგანვითარების მენეჯერია, მედიაჩეკერს განუცხადა, რომ euronews.ge არის ქართული ინტერნეტ გამოცემა და მას კავშირი არ აქვს ტელეარხ ევრონიუსთან.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ euronews.ge-სთან, რადგან ჩვენთვის საინტერესოა მათი კონტენტი და ამიტომ გადავწყვიტეთ, თუმცა არანაირი ფინანსური დაინტერესება არ არის. რადგან ჩვენი მედიასაშუალებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები და ეს მედიასაშუალებაც ამ მიმართულებით მუშაობს, ჩვენთვის საინტერესო იყო”, - გვითხრა ნატა მუმლაძემ.

მისივე თქმით,ინტერპრესნიუსი euronews.ge-ს მასალებს თავდაპირველად გადაუმოწმებლად აქვეყნებდა, თუმცა, ფრანსუა ოლანდთან დაკავშირებული ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის სანდოობაც ეჭვქვეშ დადგა, ინტერპრესნიუსმა მასალების გადამოწმება დაიწყო და იგივე მოითხოვა euronews.ge-სგანაც. მიუხედავად ამისა, ინტერპრესნიუსის ვებგვერდზე 20 მარტამდე შეიძლებოდა დაუდასტურებელი ინფორმაციის წაკითხვა აღნიშნულ ბმულზე ფრანსუა ოლანდის განცხადებასთან დაკავშირებით (მასალა 24 თებერვალს გამოქვეყნდა). ამჟამად სადავო ნიუსი საიტიდან მოხსნილია.

ინტერპრესნიუმა რუბრიკების განყოფილებაში მთავარ გვერდზე ცალკე განყოფილებად გამოიტანა euronews.ge, სადაც ამ დრომდე აქვეყნებს აღნიშნული სააგენტოს მასალებს.

euronews.ge რეგულარულად აქვეყნებს ახალ ამბებს ევროპაში მიგრანტთა კრიზისზე, ევროკავშირის მომავალზე, შენგენის ზონის გამოწვევებზე და ა.შ.

არის შემთხვევები, როცა ინტერნეტ გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ისე, რომ გაუგებარია, წყაროს წარმოადგენს გამოცემის ჟურნალისტი, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი თუ ვინმე სხვა. ტატო მახაშვილის თქმით, Euronews.ge-ს ნამდვილად ყავს წყარო, რომელიც გამოცემას აწვდის ექსკლუზიურ ინფორმაციას და მის ვინაობას ვერ გაამჟღავნებს. მისივე თქმით, გამოცემა ცდილობს, რომ ყველა მასალა სანდო წყაროზე დაყრდნობით მომზადდეს და მუდმივად ინახავენ იმ ორიგინალი მასალის ბმულებს, საიდანაც თარგმნიან ახალ ამბებს.

მაგალითად, 18 თებერვალს პორტალმა გამოაქვყნა ახალი ამბავი სათაურით “წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას არ დათანხმდება”. გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია Euronews.ge-ს წყარომ მიაწოდა.

გამოცემის ვებგევრდზე შეხვდებით ახალ ამბებს სათაური: “შენგენის ზონა დაშლის საფრთხის წინაშე დგას?” “გერმანულ ლუდში გლიფოსატი აღმოაჩინეს”(ამბავი ეხება კონკრეტულ ბრენდს და არა ყველა გერმანულ ლუდს), “შენგენის ზონა საფრთხეშია: აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო” და ა.შ.

10 თებერვალს გამოცემამ გამოაქვეყნა მოსაზრება “უკან მომავალში, ანუ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ?” . მასალას ავტორი არ აწერია, თუმცა, ის მკითხველს სთავაზობს სუბიექტურ მსჯელობას იმის შესახებ, რამდენად შეძლებს ევროკავშირის დამფუძნებელი ექვსი ქვეყანა გაერთიანების წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვას: “არსებითი, რაც კომუნიკედან ჩანს, არის კიდევ ის, რომ ეს ექვსი ქვეყანა ირიბად აღიარებს ევროკავშირის წევრთა სიმრავლეს, როგორც მთავარ პრობლემას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ეს კი თავის მხრივ იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მომავალი გაფართოვება არათუ სასურველი, საფრთხილოც კი არის მინიმუმ იქამდე, ვიდრე თავად ევროკავშირი არ რეფორმირდება”.

Top.ge-ს მონაცემებით, euronews.ge-ს რეიტინგი ინტერნეტ გამოცემებს შორის მზარდია. 21 მარტის მონაცემებით, საიტს დღეში დაახლოებით 4 500–მდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

შენიშვნა: სტატიაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება, მესამე და მეოთხე აბზაცი დამატებულია გამოქვეყნების შემდეგ. 25 მარტი, 2015. 16:30
კატეგორია - ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ის მასალები განიხილა, რომელიც “გევორქიანის ცეკვის აკადემიის” მიერ ქართული ცეკვის შესრულების შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030 -მა“ და ვებგვერდმა Artinfo.ge -მ მოამზადეს.

საქმის განხილვა მოქალაქეების, ელენე მეჩიტოვას, ინა სუკიასიანის და ედიტა ბადასიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადებას კი წინ უძღვოდა საზოგადოების ფართო დოსკუსია, რომელიც თებერვალში ანონიმური ავტორის მიერ YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვამ გამოიწვია. კადრებში ჩანდა, რომ „გევორქიანის ცეკვის აკადემია“ ასრულებს ცეკვა "დაისს", ვიდეოს სახელწოდებად კი მითითებული იყო „სომხური საქორწილო ცეკვა“. საზოგადოებამ ეს ფაქტი "სომხების მიერ ქართული ცეკვისა და სიმღერის მოპარვად" აღიქვა. ამ ჭრილში მოამზადა სიუჟეტი „2030-მა“, Artinfo.ge -მ კი რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა.

როგორც მოგვიანებით, თავად „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ გავრცელებული წერილით ირკვევა, ვიდეო არ ატვირთულა „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ. იქვე განმარტებულია, რომ “გევორქიანის ცეკვის აკადემია” ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, მის რეპერტუარში შედის სხვადასხვა ქვეყნის ცეკვები. ოფიციალურ განცხადებაში აკადემიამ აღინიშნა, რომ მას არავითარი საერთო არ აქვს ვიდეოს გამავრცელებელთან, ვიდეო აიტვირთა მათი თანხმობის გარეშე და ყველა გამოსვლისას ისინი ამცნობენ საზოგადოებას, რომელი ქვეყნის ცეკვას ასრულებენ.

ქარტიის საბჭომ განმცხადებლებთან ერთად იმსჯელა სადავო სიუჟეტზე. „2030-ის“ წარმომადგენლები სხდომას არ დასწრებიან. მასალის განხილვის შემდეგ, საკუთარ გადაწყვეტილებაში საბჭომ აღნიშნა, რომ სიუჟეტიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „სომხურმა ცეკვის ანსამბლმა“ ცეკვა „დაისი“ მიითვისა და ის „სომხურ საქორწინო ცეკვად“ გამოაცხადა. ანსაბმლიც მოხსენიებული იყო არა ზუსტი დასახელებით „გევორქიანის ცეკვის აკადემია“, არამედ წევრების ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით - “სომხური ცეკვის ანსამბლი“.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სიუჟეტის ავტორს არ გადაუმოწმებია ინფორმაცია, „დაისის“ შესრულებისას „გევორქიანის ცეკვის აკადემია“ მოიხსენიებდა თუ არა მას სომხურ ცეკვად.

„ჟურნალისტს ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტობრივი გარემოებისადმი, რომ „დაისის“ შესრულების ვიდეო ატვირთული იყო ანონიმური ავტორის მიერ და ვიდეოს სახელწოდებაც, „სომხური საქორწილო ცეკვა“, ამ ავტორის მიერ იყო შერჩეული. თავის მხრივ YouTube-ი არ ზღუდავს მომხმარებლებს სახელის შერჩევაში. ამ ფაქტობრივი გარემოებების შედეგად ცხადი იყო, რომ ანონიმური ავტორის მიერ ვიდეოს სახელწოდებად „სომხური საქორწინო ცეკვის“ გამოყენება არ ნიშნავდა, რომ „გევორქიანის ცეკვის აკადემიამ“ დაისი მიითვისა ან ცეკვას ავრცელებდა როგორც „სომხური საქორწინო ცეკვა“ - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭომ ასევე იმსჯელა სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტის მიერ ნათქვამ ფრაზაზე – „გაგრძელდება თუ არა დავა“, რითიც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს არსებობს გარკვეული დავა: „იმის გათვალისწინებით, რომ არ არის იდენტიფიცირებული ვინ ასრულებს ცეკვას, ნამდვილად ხდება თუ არა ცეკვის წარდგენა როგორც „სომხური საქორწინო ცეკვა“, ვინ ფლობს ცეკვაზე საავტორო უფლებებს და საერთოდ ფლობს თუ არა, დავაზე საუბარი არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტს....“ - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.

სადავო სიუჟეტში რამდენიმე რესპონდენტი საუბრობდა, რომელთა კომენტარებზე ასევე იმსჯელა საბჭომ და თქვა, რომ ისინი „ფაქტის შეფასებისას აშკარად ამჟღავნებენ დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით“. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ ჟურნალისტმა თავად არ გამოიყენოს დისკრიმინაციის შემცველი ტერმინოლოგია, არამედ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის წახალისებას და გაემიჯნოს მას: „იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი იყო არაზუსტი და რეალურად დაისის „მითვისება“ არ მომხდარა, სიუჟეტის მომზადებამ აქცენტით “ქართული ცეკვა სომხურად?!“ და „მითვისების“ რეალურ ფაქტად გავრცელებამ გამოიწვია ეთნიკური დისკრიმინაციის ტალღა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სხვადასხვა საინფორმაციო ველებში. არასწორ ინფორმაციაზე დარყდნობით გაძლიერდა ეთნიკურად სომეხი პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება“.

აღსანიშნავია, რომ სადავო მასალის გარდა, ამავე თემაზე „2030-მა“ კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მაყურებელს სრულად გააცნო „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ ხელმძღვანელის განმარტება, სადაც ვართან გევორქიანი აღწერს გარემოებებს და გამორიცხავს ცეკვა „დაისის“ მითვისებას. მიუხედავად ამისა, საბჭომ მიიჩნია, რომ შესწორება არ მომხდარა, ვინაიდან მეორე სიუჟეტში არ აღნიშნულა, რომ წინა დღეს არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა ეთერში. ქარტიის საბჭოს განმარტებით, იმისათვის, რომ შეცდომა გამოსწორებულად ჩაითვალოს, საჭიროა შეცდომაზე ხაზგასმა და მითითება, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

შესაბამისად, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ დაირღვა შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ თემაზე Artinfo.ge - ს მიერ მომზადებულ სტატიებშიც დარღვეული იყო ეთიკის სტანდარტები, საბჭომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

"ამ შემთხვევაში იკვეთება დისკრიმინაციის მკვეთრად გამოხატული ფორმა. თუ „2030-თან“ დაკავშირებით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჟურნალისტმა თავიდან არ აიცილა დისკრიმინაციის წახალისება, „ARTINFO.GE-ს“ ნაწილში თავად ავტორი ჟურნალისტი გვევლინება დისკრიმინაციის წყაროდ. სტატიის სათაურად გამოტანილია: „სომხების ბოდიში ქართველებს“, რაც როგორც უკვე აღინიშნა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მხოლოდ იწვევდა ეთნიკური დაპირსპირების პროვოცირებას. თითქოს ერთი ეთნიკური ჯგუფი, მეორე ჯგუფს ბოდიშს უხდის. „ARTINFO.GE-ს“ ასევე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაავრცელა კონკრეტული პირების სტატუსები, რომლებიც არასწორი ფაქტის შეფასებისას იყენებდნენ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას – „ბოდიში მოუხადონ ქართველ ერს“ , „მოსთხოვეთ პასუხი ქურდბაცაცებს“.

შესაბამისად artinfo.ge-ს შემთხვევაშიც საბჭომ ქარტიის პირველი, მეხუთე და მეშვიდე მუხლების დარღვევა დაადგინა.

კატეგორია - ეთიკა
3 თვეზე მეტია, რაც “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადის, თუმცა გადაცემის თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ და შესაბამისად, კუთვნილ ხელფასსაც ჩვეულებრივ იღებენ. გადაცემის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური ტოქშოუ “პირველი სტუდიის” ავტორი და წამყვანი ეკა მიშველაძე. ამ დროის განმავლობაში ისიც ხელფასს ჩვეულებრივ იღებდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს მას დისკომფორტს უქმნიდა.

ეკა მიშველაძის გადაცემა 2015 წლის ივლისის მერე ეთერში აღარ გასულა. როგორც უკვე ყოფილი ტელეწამყვანი მედიაჩეკერთან ინტერვიუში ამბობს, ის თვიდან თვემდე ელოდა გადაცემის ეთერში გასვლას, თუმცა, უშედეგოდ: “ჯერ იყო დაპირება, რომ გადაცემა ეთერში ოქტომბერში გავიდოდა, რაც არ მოხდა. შემდეგ ვიფიქრე, რომ ნოემბერში, მაგრამ ნოემბერშიც არ გავედით ეთერში. ნოემბერში მითხრეს, რომ იანვარში გავიდოდი ეთერში და ველოდებოდი იანვარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ხელფასს ვიღებდი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არ იყო კომფორტული, რადგან ხელფასს უნდა იღებდე მაშინ, როცა მუშაობ, რაღაც პროდუქტს ქმნი. ვინაიდან მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს სწორია და მართებულია”.

ეკა მიშველაძის თქმით, როცა მისი გადაცემა იანვარშიც არ გავიდა ეთერში, მან საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვა, მისთვის მიეცათ იმ საქმის კეთების საშუალება, რისთვაც ის ხელფასს იღებდა. საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა მას თებერვალში გაგზავნილი ოფიციალური წერილით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების საფუძვლად წერილში მითითებულია ის გარემოება, რომ გადაცემა “პირველი სტუდია” დაიხურა, ხოლო მაუწყებელმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმ ახალი გადაცემის ეთერში გაშვება, რომლის პროექტიც ეკა მიშველაძემ წარადგინა. ჟურნალისტი დავას შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოში აგრძელებს.

რამდენად არის მიზანშეწონილი იმ თანამშრომლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ხელფასის გადახდა, რომლებიც თვეების განმავლობაში არ ქმნიან პროდუქტს, ეს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორ გიორგი გვიმრაძეს 10 მარტს, კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზეც დაუსვეს. გვიმრაძემ თქვა, რომ ეკა მიშველაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა მიიღო და შესაბამისად, მხოლოდ ის იყო კომპეტენტური ამ საკითხის შესახებ. რაც შეეხება “გამომძიებელ რეპორტიორს”, გვიმრაძის თქმით, გადაცემის გუნდთან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და ისინი მაუწყებელში მუშაობას აგრძელებენ.

“ეს ჯგუფი არც სამსახურიდან გაგვიშვია, არც პროექტი დახურულა, რომ მათთვის ხელფასი არ გადაგვეხადა და არც საქმიანობა შეუწყვეტიათ. ისინი თემებზე მუშაობენ, რამდენიმე თემა დამუშავებული აქვთ და როგორც კი მათ მომავალი კვირიდან დაემატებათ რესურსი, ისინი წარმოადგენენ იმ ფილმებს, რომლებზეც ნამუშევარი აქვთ ამ დროის განმავლობაში”, – თქვა გვიმრაძემ. მისივე განმარტებით, გამოძიება შეჩერებულია მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რადგან მიაჩნია, რომ გადაცემას ჰქონდა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსთან დაკავშირებული პრობლემები. სოწრედ ამიტომ, მაუწყებლისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო გადაცემის ხარისხი. გიორგი გვიმრაძის ინფორმაციით, გადაცემას არ ჰყავდა რეჟისორი, გარდა ამისა, სარგებლობდნენ მეორე არხის მოძველებული კამერებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი არ განმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებულ პრობლემებში, რაზეც მან დეტალურად საუბარი არ ისურვა: “ნახეთ ბოლო ფილმი, წინა ფილმი და მიხვდებით რას ვგულისხმობ”.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა დოდო შონავამ 10 მარტს გამართულ შეხვედრაზე გვიმრაძეს საჯაროდ უპასუხა, რომ ის არ იზიარებდა პრეტენზიებს გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებული ფილმების შინაარსთან დაკავშირებით, ამასთანავე, დაადასტურა, რომ ჟრნალისტებს მართლაც მწირი ტექნიკური რესურსით უწევდათ გადაცემების მომზადება.

მოგვიანებით, დოდო შონავამ მედიაჩეკერთან ინტერვიუში თქვა, რომ საგამოძიებო გადაცემის გუნდს მაუწყებელი მუდმივად პირდებოდა ტექნიკურ დახმარებას, თუმცა, ბოლო პერიოდამდე ეს ვერ მოხერხდა. “ახლა გვპირდებიან, რომ ეს ძალიან მალე მოხდება”, – ამბობს დოდო შონავა. ის ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად გადაცემების ეთერში არგასვლისა, ჟურნალისტები აგრძელებენ მუშაობას კონკრეტულ თემებზე:

“ახლა ერთ ფილმზე მიდის მუშაობა, ამ თვეების განმავლობაში კი ჟურნალისტები რამდენიმე თემაზე პარალელურად მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებრობა იყო, ეს ჯგუფი ერთი წამითაც არ გაჩერებულა, იძიებდნენ მასალებს, დოკუმენტებს რამდენიმე საქმეზე. ძალიან ბევრი თემაა დამუშავებული, აქედან ერთი ფილმია ტექნიკურად გადაღებული, წყაროებთან მუშაობა დამთავრებულია, სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს, ჩვენ განაჩენის დადგომამდე არ გვაქვს გამოძიების ჩატარების უფლება, რადგან ეს სასამართლომ არ აღიქვას ზეწოლად. პირველი განაჩენი დამდგარია და ახლა ეს ჯგუფი სარეჟისორო სცენარსაც მოამზადებს და გადაცემას საბოლოო ფორმას მისცემს”.

გიორგი გვიმრაძის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტომდე, ანუ მიმდინარე სატელევიზიო სეზონის დასრულებამდე, გამომძებელმა რეპორტიორმა 4 ფილმი უნდა მოამზადოს. ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული 2015–2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებიც ავალდებულებს, სადაც წერია: “განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჟურნალისტურ გამოძიებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას და კონკურენტულ უპირატესობას. გადაცემები უნდა მომზადდეს როგორც სატელევიზიო, ისე - რადიო და ინტერნეტ ფორმატებში, შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით”. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია, წელიწადში მინიმუმ 12 ასეთი გადაცემა მოამზადოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელი არასწორად მოიქცა ეკა მიშველაძესთან დაკავშირებით.

“ან თავიდანვე უნდა გაეშვათ ეკა მიშველაძე, ან ახლა გაშვება არ იყო სწორი. თუ ადამიანის გაშვება და გადაცემის დახურვა გინდა, ეს თავიდანვე უნდა მოხდეს და არ უნდა გაგრძელდეს ასე – ხელფასი გადაუხადო და ა.შ. საგამოძიებო ჯგუფი სხვა შემთხვევაა იმიტომ, რომ ეს გადაცემა არ დახურულა, ის უბრალოდ გასაუმჯობესებელია”, – თქვა ქეთი მსხილაძემ 10 მარტს მედიაკოალიციის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე.

მედიაჩეკერი შეეცადა დაკავშირებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ გიორგი ბარათაშვილს და მისთვის თემასთან დაკავშირებით დაესვა კითხვები. თუმცა, ჩვენ მასთან დაკავშირება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შევძელით. ბარათაშვილმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მაუწყებლის იურიდიულ სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ მანამ სანამ ეკა მიშველაძის საქმეს სასამართლო იხილავს, კომენტარს ვერ გააკეთებენ.
კატეგორია - ეთიკა
ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გაჩნდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოები, რომლებიც თითქოსდა ასახავდა აფეთქების ეპიზოდებს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურებში. ვიდეოების თარიღად მითითებული იყო 2016 წლის 22 მარტი. შავ-თეთრი კადრებიდან ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო ადგილმდებარეობის გარჩევა.

ინტერნეტში მოკვლევის შედეგად, ცხადი ხდება რომ ეს ვიდეოები რამდენიმე წლის წინ არის ატვირთული. ორი მათგანი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტებში მომხდარ მოვლენებს ასახავს, მესამე კი - მინსკის მეტროში აფეთქებას.

ასეთი ვიდეოკადრები ქართულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

„ანოტაციის გარეშე | აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში (ახალი ვიდეო)“, „აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში - სათვალთვალო კამერით გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები“, „ბრიუსელის აეროპორტში სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული აფეთქების კიდევ ერთი ვიდეო“, „სათვალთვალო კამერით გადაღებული აფეთქების მომენტი ბრიუსელის აეროპორტში“, „სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების მომენტი დააფიქსირა“, - ამ სათაურებით გამოაქვეყნა ვიდეოები ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა.

ფოტოზე ასახული მომენტი სათვალთვალო კამერებით ჩაწერილი ვიდეოდან, რომელიც რეალურად მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში 2011 წლის 4 იანვარს მომხდარ აფეთქებას ასახავს. მაშინ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას ჩამოსვლების დარბაზში 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100 კი - დაიჭრა.

ეს კადრები შეცდომით გააშუქეს უცხოურმა გამოცემებმაც.

ეს კადრიც დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქებას ასახავს. იგივე მასალა ვიპოვეთ რუსეთის „მეხუთე არხის“ კადრებში. მასალა 2011 წლის 24 იანვრითაა დათარიღებული.

კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა ტვიტერზე, თუმცა ის ქართულ მედიასაშუალებებს არ გამოუქვეყნებიათ. ვიდეოს სათაურად მითითებული იყო, რომ კადრები ასახავდა ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას 2016 წლის 22 მარტს. თუმცა BBC-ის ცნობით აღნიშნული მასალა მინსკის მეტროში 2011 წლის 11 აპრილს მომხდარ აფეთქებას ასახავს.

კატეგორია - ეთიკა
კვირას, 20 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დროში“ გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „თვალთვალის საქმე“, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა. რეპორტაჟში გიორგი ფარესიშვილი საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლაშა ამირეჯიბი დაუკავშირდა და გადასცა ნუგზარ ფოფხაძის ნათქვამი.

„ეს იყო დანაბარები ნუგზარ ფოფხაძისგან, თუ არ შევწყვეტდი ჩემს ინტერვიუებს რომელიც იყო მიმართული გარკვეულ ბიზნესინტერესებზე გელა ხვედელიძის, ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის ინტერსებზე ბიზნესის კუთხით და კიდევ სხვა კუთხით, ამ შემთხვევაში გამოქვეყდნეებოდა“.

ამასთან, ფარესაშვილი სიუჟეტში ამბობს, რომ ნუგზარ ფოფხაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი დიდი მასალა აქვს, რომელსაც პირად სერვერზე ინახავს.

რეპორტაჟში არ ჩანს ნუგზარ ფოფხაძის პოზიცია და არც მცდელობა, დაუკავშირდა თუ არა ჟურნალისტი მას კომენტარის მისაღებად. ამასთან, რეპორტაჟის შემდეგ, ეთერში თემაზე სასაუბროდ იყვნენ მოწვეული სტუმრები, თუმცა მათ შორის არ იყო ფოფხაძე, არც წამყვანს აღუნიშნავს, სცადეს თუ არა დაკავშირება მასთან.
კატეგორია - ეთიკა
20 მარტს, დღის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ამბავი, რომელიც გიორგი ჩხარტიშვილის მიმართ პროკურატურის ბრალდებას ეხებოდა. წამყვანმა ტექსტში აღნიშნა: „ლგბტ თემის წარმომადგენელს, გიორგი ჩხარტიშვილს, იგივე მაცაცოს თაღლითობასა და მტკიცებულებების გაყალბებას ედავება გამოძიება. მას ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.“

კადრ-სინქრონში არ ჩანს, იკვეთება თუ არა დანაშაულში ბრალდებულის კავშირი რომელიმე თემთან.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის #33 მუხლი, რომელიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვას ეხება, ამბობს:

1.მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.

2.მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.
კატეგორია - ეთიკა
ერთი ან ორი მთავარი თემის განხილვა სტუდიაში მიწვეული რამდენიმე სტუმრის თანხლებით, ახალი ამბების ბლოკი ყოველ ნახევარ საათში, შოუ ბიზნესის სიახლეები, სპორტის ამბები გრძელი ქრონომეტრაჟით, ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, ქართული პრესის მიმოხილვა, ამინდის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და, რა თქმა უნდა, ფლორისტულ-კულინარიული ჩანართები - ეს ქართული ტელეკომპანიების დილის გასართობ-საინფორმაციო გადაცემების მთავარი კონსტრუქციული ხაზი წლების განმავლობაში უცვლელია, რომლის წყალობითაც კონკურენტი არხების მიერ მაყურებლისთვის შეთავაზებული დილის პროგრამები ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ემსგავსება.

ყველაზე ადრე, 07:05 სთ-ზე, „დილა პირველზე” იწყება. გადაცემა ხშირად ერთ მთავარ თემაზეა აგებული, მთავარი თემა კი, შესაძლოა, მოგზაურობა ან განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს. ნახავთ და გაიგებთ, სად შეიძლება ბილეთების იაფად შეძენა, რით და როგორ დააკომპლექტოთ სამოგზაურო ჩანთა, რომელი ნივთების ატანა არ შეიძლება თვითმფრინავის სალონში, რატომ და რამდენი ოჯახი ინგრევა საქართველოში, რა პრობლემები ჩნდება განქორწინების შემდეგ და ამ საკითხზე იურისტის რჩევებსაც მოისმენთ. შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავების შესახებ მომზადებული ამბების კალეიდოსკოპიდან შეიტყობთ, რომ თურმე გაი რიჩი და მადონა ისევ “შეასკდნენ ერთმანეთს”, “ბილბორდის” მუსიკალური ჩარტის 200 საუკეთესოში ადელის ალბომი ლიდერობს, მრავალშვილიან ცნობილ მსახიობთა შორის კი - მელ გიბსონი. ერთი სიტყვით, „დილა პირველზე“ მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ამბებით იწყება.

“რუსთავი 2-ის” დილის გადაცემა - “დილა მშვიდობისა, საქართველო” არსებობის 12-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დიდად არც გადაცემის ფორმატი შეცვლილა. ამ ეტაპზე ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ამინდის პროგნოზს წამყვანის ნაცვლად ცნობილი ან მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანი გვაცნობს. გადაცემაში, რომელიც 2,5 სთ გრძელდება, ერთი მთავარი თემა, მაგალითად გენდერული ბალანსი, სტუმრებთან ერთად მხოლოდ გადაცემის მიწურულს, მეორე ბლოკის მეორე ნახევარში განიხილება. გადაცემის დიდ დროს აქ ძირითადად რეკლამა ავსებს. რეკლამაა ყველგან, სარეკლამო ჭრაში, პირდაპირ ჩართვებსა და სიუჟეტებშიც კი. რეკლამის ჟურნალისტური პროდუქტისგან გარჩევაზე თავად მაყურებელმა უნდა იზრუნოს - რეკლამის აღმნიშვნელი მითითება, ან მითითება, რომ გადაცემას სპონსორია ესა თუ ის კომპანია, ან ის შეიცავს სარეკლამო სიუჟეტებს, როგორც წესი არ არის. არადა, ერთ მშვენიერ დღეს, საოჯახო მენიუს ბლოკში, წამყვანთან ერთად სამზარეულოში, შესაძლოა, სუნამოების დიდი არსენალით შეიარაღებული “ვულევუს” PR მენეჯერი დაგხვდეთ და შოკოლადის დესერტის მომზადების პარალელურად მაღაზიაში შეტანილი ახალი ბრენდის და ახალი სურნელის შექმნის მეთოდებზე გესაუბროთ.

კულინარიული ჩანართების მომზადება ქართული ტელეკომპნიებისთვის ერთგვარი ვნებაა. გამონაკლისი არც “იმედი” და “იმედის დილაა”. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა ტელეკომპანიაში, კერძები ძვირადღირებული ქართულ-უცხოური ინგრედიენტებით იქმნება. დილის საუზმისთვის, შესაძლოა, ერთ-ერთ რესტორანში ლუდში გამოყვანილი და შემწვარი გოჭის კანჭი მოამზადონ. ეთერში ამ ბლოკის გასვლისას ბოლო დროს გაჩნდა მინაწერი, რომ გადაცემა სარეკლამო ხასიათის ეპიზოდებს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ რესტორნისა და კვების ობიექტის რეკლამას ვუყურებთ, სადაც წამყვანი იმყოფება. “რუსთავი 2-ის” დილის გასართობ-საინფორმაციო პროგრამის მსგავსად, ჟურნალისტურ პროდუქტში ჩამალული რეკლამა, შესაძლოა, აქაც შეგხვდეთ.

დილის სხვა გადაცემების მსგავსად “იმედის დილაც” აქცენტს კულტურისა და შოუბიზნესის სიახლეებზე აკეთებს. თუმცა ფოკუსში აქ ძირითადად შოუბიზნესის ადგილობრივი წარმომადგენლები არიან. სწორედ მათზეა გათვლილი რუბრიკები: “ცნობილის დღიური” და “დილის გასეირნება”. რუბრიკაში “ცნობილის დღიური” რომელიღაც ცნობილი ან თვითონ რომ ჰგონია, რომ ცნობილია, ისეთი ადამიანი ჰყვება რითი იყო დაკავებული და რას აკეთებდა ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს... და კვირის სხვა დღეებში. მთავარი თემა სტუმრებითურთ აქაც, ისევე როგორც გადაცემაში - “დილა მშვიდობისა, საქართველო” მეორე ბლოკის ბოლო ნაწილისთვისაა შემონახული.

ახალი და აქტუალური ინფორმაციებით დატვირთულია “მაესტროს” “საქმიანი დილა”. 2 საათის განმავლობაში გადაცემა მაყურებელს ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს აცნობს. “საქმიანი დილის” ყურადღების ცენტრში ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული თითქმის ყველა აქტუალური საკითხი ხვდება: კანონპროექტი “მიწის რეგისტრაციის” და “მომხმარებელთა უფლებების” შესახებ, ინიციატივა სადისტრიბუციო მანქანების დედაქალაქში გადაადგილების შეზღუდვაზე, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა... ერთი სიტყვით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს. პრობლემას და სფეროში არსებულ მდგომარეობას დარგის ექსპერტებთან ერთად მეწარმეები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც აფასებენ: “საქმიან დილას” სტუდიაში სტუმრები დილიდანვე ჰყავს. უხერხულობას ზოგჯერ წამყვანთა სიმრავლე ქმნის. “საქმიან დილას” სამი წამყვანი ჰყავს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს კითხვის დასმას არ აცდიან. თუმცა ამ ნაკლის მიუხედავად “საქმიანი დილა” დილის გადაცემების ყველაზე განსხვავებულ და გამორჩეულ გადაცემად რჩება.
კატეგორია - ეთიკა
რაჭის ულამაზესი ხედები, სასიამოვნო მუსიკალური ფონი, დასაქმების ახალი პერსპექტივებით კმაყოფილი რაჭველები, მთაზე შეყვარებული კვირიკაშვილი, მისი ბავშვობის ისტორიები, საარჩევნო დაპირებები და ხელისუფლების მიერ უკვე გაკეთებული წარმატებული პროექტები - ეს ყველაფერი „იმედის დორში“, პრემიერის რაჭაში სტუმრობის შესახებ გასულ 15 წუთიან სიუჟეტში ვნახეთ.

წამყვანმა სიუჟეტი "იმედის დროს" ექსკლუზივად დააანონსა. შესავალი ტექსტი:

„ახლა კი "იმედის დროს" ექსკლუზივი...ქვეყნის პრემირ-მინისტრი რაჭაში. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, მეცხოველეობის ფერმა „ბლაუენშტაინი“ , რომელიც ონის რაიონში მდებარეობს, კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დასაქმდეს ხალხი მაღალმთიან რაიონში, როგორ უნდა დაიწყონ ადგილობრივებმა საკუთარი მცირე ბიზნესი და აღარ იყვნენ იძულებულები დასაქმების საძიებლად სახლები მიატოვონ. მარიამ ოშხნელის სიუჟეტიდან გაიგებთ, როგორია მთის განვითარების გეგმა და რა აკავშირებს თავად გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთიანეთთან“.

სიუჟეტის პირველ ნაწილში ვხედავთ, როგორ გაატარა კვირიკაშვილმა ერთი სამუშაო დღე ფერმაში.

„როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, გვერდში დგომა ადგილობრივებსთვის მნიშვნელოვანია. ერთი სამუშაო დღის ფერმაში გატარება კი, სტიმული ფერმერებისთვის“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ფერმის დათვალიერებისას პრემიერი თან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს, ამბობს, რომ ამ ტიპის ფერმები სხვა მთიან რეგიონებშიც აშენდება:

კვირიკაშვილი: „თუ ჩვენს სხვა მთიან რეგიონში გავამრავლებთ ასეთი ტიპის საწარმოებს, მე დარწმუნებული ვარ რომ 5-7 წელიწადში მთლიანად შეგვიძლია, რომ მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები მთიან რეგიონში“.

ჟურნალისტი: „ბატონო გიორგი, მე ვიცი რო თქვენ მაშინ ეკონომიკის მინისტრი ბრძანდებოდით, როცა თქვენთან ამ ინიციატივით მოვიდნენ. მაშინვე მიხვდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი?“

ამ კითხვის შემდეგ, პრემიერი იხსენებს, როგორ მივიდნენ მასთან პროექტის ავტორები, როგორ აღტაცებით უსმენდა მათ და როგორ გადაწყვიტა, რომ მსგავსი პროექტები სხვა მთიან რეგიონებშიც უნდა განეხორციელებინათ. აქვე, პრემიერი პროექტის განხორციელებაში მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც საუბრობს:

„დავუსაკუთრეთ მიწები აქ ფერმერებს, საძოვრები მივეცით, სწორედ ამიტომ შეძლეს, რომ აეღოთ სესხები და, სახელმწიფოს სპეციალურ პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა, გაიმართა მათი ბიზნესი“.

ჟურნალისტი: კიდევ თუ შეიძლება, ასეთი ტიპის ბიზნესის ხელშეწყობისთვის, დაინერგოს ახალი პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან?

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, კვირიკაშვილი სამომავლო გეგმებს გვიზიარებს: „რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მთიანი რეგიონები არის საქართველოს უდიდესი სიმდიდრე

მოგვიანებით, სიუჟეტში ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი ტიპის შეკითხვა კიდევ ერთხელ ისმის: „სახელმწიფო როგორ შეუწყობს ხელს, რომ თუნდაც მსგავსი ინიციატივები გაჩნდეს სხვა რეგიონებშიც?“

პრემიერი: „სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა უნდა გაუკეთოს, მთიან რეგიონებში გზები უნდა გავიყვანოთ და ეს ჩვენი პირდაპირი გეგმებია, გვაქვს გაწერილი ნაბიჯ-ნაბიჯ, სად, რა, როდის, უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა, გრძელვადიანი სესხები გაგრძელდება. მეცხოველეობას წავახალისებთ“.

მთავრობის წვლილს ჟურნალისტიც უსვამს ხაზს:

„როსტომ გელოვანის ოჯახიც მთიან რაჭაში სახლმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის შეღავათების დაწესებამ გააჩერა. ვიდრე საქონელს საძოვრებიდან ჩამორეკავს, იაფი აგროსესხით ფერმის მოწყობასაც დაასრულებს. შემდეგ, ოჯახის წვერებთან ერთად, მეზობლებსაც დაასაქმებს და ასე გადარჩება სოფელი თლუხი დაცარიელებას“.

ამავე სიუჟეტში, ფერმერები ამბობენ, რომ თივის დასამუშავებელი ტექნიკა არ აქვთ, თუმცა პრემიერი პირობას დებს, რომ მათ ეს ტექნიკა ექნებათ:

„მცირე მექანიზაციის მიმართულებით, გვაქვს სპეციალური გეგმა, რომელიც განხორციელდება მაღალმთიან რეგიონებში . რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ეს არის ზუსტად გათვალისწინებული, რომ ის ტექნიკა რომელიც მთიანი რეგიონებისთვის არის, უფრო გამოსადეგი იყოს, იყოს მიწოდებული აი თქვენნაირი ფერმერებისთვის. საქართველოს სიმდიდრე არის მთა. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მთისკენ მიმართული“.

სიუჟეტის კიდევ ერთი ხაზი, პრემიერის მთასთან დაკავშირებული მოგონებები და გრძნობებია.

ჟურნალისტის კითხვა: თქვენ რამე გაკავშირებთ ან მთასთან, ან სოფელთან?

პრემიერი: ნუ, მთასთან როგორ შეიძლება ქართველ კაცს არ აკავშირებდეს არაფერი? ჩვენ გვქონდა ტრადიცია ოჯახში, ბავშვობაში, რომ ზაფხულში აუცილებლად 2 კვირა უნდა გაგვეტარებინა მთაში. ყოველ ზაფხულს, როგორც წესი, ჩვენ მივდიოდით მთაში. ამიტომ მოვლილი მაქვს პრაქტიკულად ყველა მთიანი რეგიონი. ბავშვობიდანვე მაქვს შეთვისებული ეს მთის სიყვარული.

ჟურნალისტი: თქვენი ოჯახის მიმართებაშიც თუ არის ეს ტრადიცია?

პრემიერი: ჩემი შვილები ყოველ შაბათ-კვირას სადღაც არიან, კარავში ათენებენ და ჩემზე მეტი აქვთ უკვე ნანახი, მე რაც მახარებს. მე მინდა, რომ ეს სიყვარული მათაც ისეთივე ჰქონდეთ, როგორც მე მაქვს.

სიუჟეტი პრემიერის მიერ რაჭული ხვანჭკარას დაგემოვნებით გრძელდება.

„მას შემდეგ, რაც ფერმებმა მთის მოყვარული პრემიერისგან მთის პრობლემის მოგვარების პირობა მიიღეს, სოფელში რაჭული ხვანჭკარას დასაგემოვნებლად დაპატიჟეს“ - ამბობს ჟურნალისტი და კადრში პრემიერს ფიალით ხელში ვხედავთ.

პრემიერის სადღეგრძელო:

„ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა ვხედავ დაცლილი სოფელი როგორ ივსება და როცა დასაქმებულ ადამიანებს ვხედავ , ღმერთმა ბევრი ასეთი ოჯახი მანახოს, რაჭა უნდა გაივსოს ისე, როგორც იყო და რაჭას უნდა დაუბრუნდეს, და საერთოდ მთას უნდა დაუბრუნდეს ჩვენი მოსახლეობა. გაგიმარჯოთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“.

სიუჟეტის კულმინაცია ამბროლაურის მშენებარე აეროპორტია.

კადრში ჩანს პრემიერი, რომელიც თავისი სმარტფონით ფოტოს მშენებარე აეროპორტს უღებს, ჟურნალისტის საკადრო ტექსტი: „ახლა პრემიერის ფოტოობიექტივში ამბროლაურის მომავალი აეროპორტია. სამუშაო პროცესი ათი დღის წინ დაიწყო და თვის ბოლოს აქ უკვე 1100 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი უნდა იყოს, ამიტომ სამუშაო პროცესს თვალყურს თვითონ ადევნებს. გეგმას არ უნდა გადაუხვიონ“.

სიუჟეტი კვლავაც რაჭის პეიზაჟების კადრებით დასრულდა. ჟურნალისტი: „ასე დასრულდა ერთი სამუშაო დღე რაჭაში, მზის ჩასვლის ულამაზესი პეიზაჟით და იმ მთების პანორამული ხედით, რომელიც პრემიერის დაპირებით , სულ მალე ხალხით გაივსება“.

მთელი სიუჟეტის განმავლობაში პრემიერი პოზიტიურადაა გაშუქებული. გაუგებარი დარჩა, რა საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა ამ სიუჟეტს და რატომ გადაწყვიტა „იმედის დრომ,“ რომ 15 წუთის განმავლობაში მაყურებლისთვის ეჩვენებინა რაჭაში უკვე აშენებული და მშენებარე პროექტები, ბედნიერი რაჭველები და „მთაზე შეყვარებული პრემიერის“ წინასაარჩევნო დაპირებები, მისი ბავშვობის მოგონებები. ამ სიუჟეტში მხოლოდ პოზიტივი გვიჩვენეს, რაჭაში არსებულ პრობლემებზე არაფერი თქმულა.
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭომ 15 მარტს ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა.

საბჭოს წევრის, ემზარ გოგუაძის თქმით, მაუწყებელის მიერ ეკა მიშველაძის გათავისუფლების მიზეზი მისი მეუღლეა, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. გარდა ამისა, ემზარ გოგუაძემ აღნიშნა, რომ მიშველაძის გათავისუფლება შრომით კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო 3 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან მწერალი ემზარ გოგუაძე, გაზეთ “24 საათის” დამფუძნებელი მამუკა ფაჩუაშვილი და რეჟისორი დავით კანდელაკი.

ეკა მიშველაძე მონიტორინგის საბჭოს დასკვნას სასამართლოში წარადგენს, სადაც მან სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ 7 მარტს შეიტანა.

მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან 11 თებერვალს გაათავისუფლა. ასევე 11 თებერვლით დათარიღებული ბრძანებით დაიხურა მიშველაძის გადაცემა “პირველი სტუდია”, რომელიც 2015 წლის 10 ივლისის შემდეგ ეთერში არ გასულა.

მიშველაძე სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და გადაცემა “პირველი სტუდიის” დახურვაზე მაუწყებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კი საკუთარ პოზიციაზე საჯაროდ არ საუბრობს. ერთადერთი კომენტარი, კოალიციის "მედია ადვოკატირებისთვის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, 2015 წლის 4 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან პოლიტიკოსის, პარტია “თავისუფალი დემოკრატების წევრის” ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის მეუღლეა. ასე ჯანიკაშვილი მიშველაძის გადაცემის შესაძლო დახურვის შესახებ იმ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა (უნდა აღინიშნოს, რომ პეტრიაშვილი და მიშველაძე ოფიციალურად ერთი თვის შემდეგ, 4 ოქტომბერს დაქორწინდნენ).

“ქალბატონ ეკას მინდა მივულოცო მთელი გულით და სულით ოჯახის შექმნა. იყო პრომოს დამზადების პროცესი, ველოდებოდით, რომ ეკა უნდა ჩამოსულიყო, ეს პრომო უნდა დაგვემზადებინა და ასეთი კარგი ამბავი დაგვახვედრა, რომ გათხოვდა პოლიტიკურ ლიდერზე, მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეზე, სხვათა შორის, აქვე ვიწინასწარმეტყველე. მაუწყებელს აქვს თავისი კოდექსი, როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე მაუწყებელს, სადაც ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს მეილზე. ეს არის პრობლემა”.- განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.

მონიტორინგის საბჭოს დასკვნა და ბასა ჯანიკაშვილის მაშინდელი განცხადება უარყო მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ 15 მარტს. მედიასთან საუბრისას მას მიშველაძის გათავისუფლების მიზეზებზე არ უსაუბრია.

„ბასა ჯანიკაშვილმა სადღაც რაღაც თავისი პოზიცია დააფიქსირა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მაუწყებლის პოზიცია. ბასა ჯანიკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, როგორც ოფიციალური საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი, რადგან მას ამ წარმომადგენლის უფლებამოსილება არ ჰქონია. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური დევნა არ ყოფილა“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ „რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ჟურნალისტის ვერსია

ეკა მიშველაძე იხსენებს, რომ მისი გადაცემის დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო 2015 წლის სექტემბერში. როდესაც საკითხის გარკვევა სცადა, მაუწყებელში უთხრეს, რომ მიმდინარე გადაცემები რეორგანიზაციის გამო შეაჩერეს. მას სხვა პროექტის გაკეთება შესთავაზეს. მიშველაძის აზრით, ეს შეთავაზება საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო.

მისი თქმით, ახალი პროექტი ჯერ ოქტომბერში, შემდეგ ნოემბერში, შემდეგ კი იანვარში უნდა გასულიყო ეთერში. თუმცა თებერვალში მაუწყებელმა პროექტი, რომლის ფორმატიც ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, არ დაამტკიცა და მიშველაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თებერვლის დასაწყისში მისთვის გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში მიშველაძის გათავისუფლების მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მიერ პროექტის არდამტკიცებაა დასახელებული:

“მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში თქვენ მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი საავტორო გადაცემის პროექტი. იგი განსახილველად გადაეცა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დებულებით გათვალისწინებულ აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, ამზადებს რეკომენდაციებს ახალი სატელევიზიო პროექტების წარმოებაში ჩაშვების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. პროექტს არ მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წერილში, რომელსაც მისი დირექტორი გიორგი ბარათაშვილი აწერს ხელს.

ეკა მიშველაძე კი აღნიშნავს, რომ პროექტის ფორმატი წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული არხის ხელმძღვანელობასთან.

“თავიდან საუბარი იყო შაბათ-კვირის ეთერზე, გასართობ გადაცემაზე. რაზეც მე ვუთხარი, რომ მაგ საკითხს არც კი განვიხილავდი, საერთოდ. ეს ჩემი პროფილი არ არის, არც ვიცი ეგეთი გადაცემა როგორ უნდა გავაკეთო-მეთქი. მათი მხირდან მეორე შემოთავაზება იყო, რომ ანალიტიკური ტოკ-შოუ გამეკეთებინა, ოღონდ ერთი პირობით - არ უნდა მომეწვია პოლიტიკოსები, რაზეც მე დავთანხმდი. არ იყო ჩემი კომპეტენცია გადაცემის პროექტის მომზადება, თუმცა რაკი მოვილაპარაკეთ გარკვეულ ფორმატზე, ამ კუთხით მოვამზადე. თუმცა ესეც არ დააკმაყოფილეს”, - ამბობს მიშველაძე.

ჟურნალისტის ადვოკატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თათია კაჭარავას თქმით, სასამართლოს, გარდა სამსახურისა და განაცდურის აღდგენისა, დისკრიმინაციული ფაქტის დადგენასაც სთხოვენ.

“მივიჩნევთ, რომ მისი გათავისუფლების რეალური მოტივი და საფუძველი არის დისკრიმინაცია მისი მეუღლის, კერძოდ, მისი ოჯახის წევრის პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილების ნიშნით და ვითხოვთ, აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურებასაც”, - აღნიშნა კაჭარავამ.

მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტი, რაზეც ბასა ჯანიკაშვილი მიუთითებდა, სავარაუდოდ, მიშველაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა თავად იურისტი გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესთა კონფლიქტს. თავის მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს ეკა მიშველაძეც.

“მე ვთქვი კიდეც და მათთვისაც ნათქვამი მაქვს, რომ ეთერში თუ გავალთ და როგორც კი შეამჩნევთ, ან ერთხელ მაინც თუ მივიღებ შენიშვნას ჩემს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, არა მარტო ამ არხიდან, ჟურნალისტიკიდანაც წავალ-მეთქი. შემდეგ, დავთანხმდი, რომ გავაკეთებდი გადაცემას, რომელშიც პოლიტიკოსებს საერთოდ არ მოვიწვევდი, თუმცა ეთერში არც ეს გადაცემა გავიდა”, - ამბობს ეკა მიშველაძე.

ინტერესთა კონფლიქტი

რა არის ინტერესთა კონფლიქტი და როგორ უნდა მოიქცეს თავად ჟურნალისტი და მისი დამსაქმებელი, როცა საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება?

ინტერესთა კონფლიქტი არის სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული ანდა საზოგადოებრივი ინტერესი შესაძლებელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუშლის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

“ჟურნალისტის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი უმთავრესად მის მიუკერძოებლობას და სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ. კონფლიქტი ინტერესებს შორის შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე მხრიდან, მათ შორისაა – ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ფინანსები/ბიზნესი, სამოქალაქო აქტიურობა. საჭიროა ჟურნალისტმა გადახედოს საკუთარ ურთიერთობებს და დაფიქრდეს, როგორ უკავშირდებიან ისინი მის პროფესიულ საქმიანობას” - ვკითხულობთ ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო რეკომენდაციაში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი (მუხლი 29, პუნქტი - 7).

საერთაშორისო მედიაში ინტერესთა კონფლიქტისა და მისი გადაჭრის არაერთი მაგალითია, 2011 წელს, როდესაც აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „All Things Considered-ის“ წამყვანის მიშელ ნორისის ქმარი ბროდერიკ ჯონსონი პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩევლად დაინიშნა, წამყვანმა საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა ამის შესახებ.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბროდერიკის ახალი როლი სირთულეებს შემიქმნიდა გადაცემის წაყვანაში. საარჩევნო კამპანიისას ბროდერიკის მიერ დაკავებული პოზიციის თავისებურებიდან და იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც მას შეიძლება ჩვენს ოჯახზე ჰქონდეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, 2012 წლის არჩევნების დასრულებამდე აღარ წავიყვანო გადაცემა“, – განაცხადა მიშელ ნორისმა და იმავე ორგანიზაციაში სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა.

ჟურნალისტმა გააცნობიერა, რომ ქმრის ახალი პოზიცია ხელს შეუშლიდა საარჩევნო კამპანიის გაშუქებაში;

მან ხელმძღვანელობას იქამდე აცნობა ქმრის ახალი პოზიციის შესახებ, ვიდრე ის დაიკავებდა ამ თანამდებობას;

ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება – ჟურნალისტი დარჩა ორგანიზაციაში, თუმცა მისი საქმიანობა გაიმიჯნა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისგან. ნორისი წამყვანის პოზიციას დაუბრუნდა 2013 წელს.

ინტერესთა კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟურნალისტის პასუხისმგებლობა, არამედ რედაქციის მზაობა საკითხის გადასაჭრელად. რედაქციამ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხებზე, ამგვარი დეტალების გადაწყვეტა სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. დასაქმებულები კი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ყველა იმ რეგულაციის შესახებ, რაც რედაქციის შიგნით არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ინტერესთა კონფლიქტის საკითხს ცალკე თავი ეძღვნება. კოდექსში განმარტებულია, რა არის ინტერესთა კონფლიქტი, როდის, რა ვითარებაში შეიძლება დადგეს ეს პრობლემა.

არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი? ამის შესახებ ქცევის კოდექსში არაფერია ნათქვამი. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია: “ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ. ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმა ან სხვა სამსახურის შესრულება მოუწიოს”.

იყო თუ არა მიშველაძის გათავისუფლების მიზეზი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი? მიმართა თუ არა მაუწყებელმა ყველა ზომას საკითხის მოსაგვარებლად? რატომ დაიხურა გადაცემა “პირველი სტუდია”? ამ კითხვებზე პასუხის მიღება მედიაჩეკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სცადა. თუმცა მაუწყებელში პასუხის გაცემაზე უარი გვითხრეს. მედიაჩეკერი კვირის განმავლობაში ისევ შეეცდება მათთან დაკავშირებას.

კატეგორია - ეთიკა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა განცხადება 2016 წლის 9 თებერვალს ”TV პირველის” ეთერში გასული ანონსის შესახებ. გადაცემა „ღალატის“ ანონსში, რომელიც ეთერში 19:50 წუთზე გავიდა, ნაჩვენები იყო სექსუალური სცენები.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 47–ე მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად,იმ პროგრამის ანონსები, რომლის ჩვენება უნდა მოხდეს წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო ჩვენებისთვის.შესაბამისად, აღნიშნული ანონსის წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში განთავსება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს“ - აღნიშნავს კომისია. დარღვევა კონკრეტულ სანქციას არ ითვალისწინებს, რადგან ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ხდება.

„ღალატი“ გასართობი ხასიათის რუსული გადაცემაა, რომლშიც წყვილები მეორე ნახევრებს ერთგულებაში ამოწმებენ და ხშირად ღალატში ამხელენ. გადაცემის გმირები, კერძო დეტექტივების დახმარებითა და ფარული მიყურადებით ცდიან საკუთარი პარტნიორების ერთგულებას.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შპს „ტვ პირველს“ გადაცემის ანონსის განთავსების თაობაზე ტელეკომპანიის თვითრეგულირების ფარგლებში განხილვის რეკომენდაციით მიმართა.
კატეგორია - ეთიკა
სახელმწიფო უწყებები ონლაინ მედიასაშუალებებს საინფორმაციო მომსახურებისთვის ათასობით ლარს უხდიან. საინფორმაციო მომსახურებაში შედის: მათი პრესრელიზების გავრცელება, ფოტოების, სასურველი სტატია/ინტერვიუების გამოქვეყნება და გამოკითხვების ჩატარებაც. მკითხველისთვის სულ უფრო ძნელი ხდება გაარჩიოს, რომელი მასალაა რედაქციის მიერ მომზადებული და რომელი - შეკვეთით გამოქვეყნებული.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი “ინტერპრესნიუსია”. მათივე მოწოდებული ინფორმაციით, გამოცემამ 2016 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 18 - ში მიიღო მონაწილეობა და 17-ში გაიმარჯვა. მათ შორის ერთ-ერთი ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი იყო.

“ინტერპრესნიუსი” მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 11 თვის განმავლობაში 7 ათას ხუთას ლარს მიიღებს. სანაცვლოდ კი ვალდებულია, მოამზადოს და გაავრცელოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ანონსების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციებისა და კონფერენციების შესახებ, გადაიღოს ფოტოები სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში თვეში არანაკლებ 2-ჯერ. ხელშეკრულების თანახმად, თვეში ერთხელ სააგენტოს სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელებაც ევალება.

"ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე ფიქრობს, რომ საჯარო უწყებებს სატენდერო პირობები კონკრეტული მედიასაშუალებისთვის აქვთ დაწერილი.

“თუ გავაანალიზებთ საჯარო უწყებების მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა ასეთი ტენდერის პირობებს, ცხადი ხდება, რომ მათი უმრავლესობა იდენტურია. მაგალითად, ყველა უწყებას უჩნდება სურვილი, რომ ისეთ საინფორმაციო სააგენტოსთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელსაც დღეში არანაკლებ 40-50 ათასი მომხმარებელი ჰყავს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს სატენდერო პირობებში უწერია, რომ პრეტენდენტის ოფიციალურ საიტს ყოველდღიურად უნდა ჰყავდეს მინიმუმ 50 000 უნიკალური და 2 000 000 მნახველი. ბევრი ასეთი ნიუანსია ყველა ამ სატენდერო განცხადებაში, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ამა თუ იმ საჯარო უწყებამ თვითონ კი არ შეიმუშავა პრეტენდეტის კრიტერიუმები, არამედ უბრალოდ ჩაწერა კონკრეტული კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. თორემ ჯერ ერთი ისე არ ჩაწერდა, როგორც ზემოთ ვახსენე და მეორეც, თუ ამა თუ იმ სამინისტროს სურს დღეში 40 ათას ინტერნეტის მომხმარებელს მიწვდეს, პროფესიონალი კარგად გაიაზრებს, რომ ამისთვის სულაც არაა აუცილებელი ერთ კონკრეტულ საიტს ჰყავდეს ამდენი უნიკალური მომხმარებელი. მე შესაძლოა რამდენიმე საიტი მაქვს და ჯამში ჩემი ვიზიტორების რაოდენობა არის იმდენი, რამდენსაც სატენდერო პირობები ითხოვს”, - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

საინტერესოა ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციის ფაილს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა განთავსებული, პირდაპირ ჰქვია “სატენდერო დოკუმენტაცია_IPN“ (სავარაუდოდ, „ინტერპრესნიუსი“) ანუ იმ დოკუმენტს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონით ყველა მედიაორგანიზაციას უნდა აცნობდეს, სადაც ახსნილია, როგორ მედიაორგანიზაციას ეძებს და რა მომსახურების შესყიდვა უნდა, გადაწყვეტილებას კი საუკეთესო ფასისა და პირობების შემოთავაზების შემდეგ უნდა იღებდეს, თავიდანვე ჰქვია: IPN . ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ამ საკითხზე კომენტარის ჩაწერას, მაგრამ სამინისტროში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ინტერპრესნიუსში კი ამაზე განგვიცხადეს რომ ტენდერები ცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე, დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობას იღებენ და ტენდერში გამარჯვებულს სატენდერო კომისია ავლენს.

პირდაპირი მიყიდვის წესი

გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია, საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულებები, რომლის ფასიც ხუთი ათას ლარზე ნაკლებია, უტენდეროდ, კონკურენციის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გააფორმოს კომპანიებთან. სახელმწიფო უწყებებს საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედიასაშუალებებთან მსგავსი ათობით ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რა ნიშნით არჩევენ მედიასაშუალებებს საჯარო უწყებები? მაგალითად, ვაკის რაიონის გამგეობას ერთ პირთან მოლაპარაკების წესით ერთდროულად ორ მედიასაშუალებასთან “ინფო9-სთან“ და “პრაიმ ტაიმთან” აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მერიაში ამბობენ, რომ მედიასაშუალებები ვიზიტორების სიმრავლისა და ფასის მიხედვით შეარჩიეს და ორივე მედიასაშუალებას ჯამში დღეში 35 ათასი მნახველი ჰყავს. ერთი წლის განმავლობაში ვაკის გამგეობა ამაში დაახლოებით 9 ათას ლარს გადაიხდის.

თელავის გამგეობამ ასევე პირდაპირი მიყიდვის წესით საინფორმაციო მომსახურება “ეტალონი მედიასგან” შეიძინა. მედიასაშუალებას ძირითადად რეგიონებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და ის, 2016 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 10-ზე მეტ საჯარო უწყებას გაუწევს საინფორმაციო მომსახურებას. ხელშეკრულების ფარგლებში მასალებს www.etanews.ge და www.etatv.ge-ზე აქვეყნებს. ვებგვერდის მფლობელი მანანა ღოღობერიძე ამბობს, რომ მათი ნიშა რეგიონში მომხდარი ამბების გაშუქებაა და საჯარო უწყებების მიერ მოწოდებულ მასალებსაც გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ავრცელებენ. მანანა ღოღობერიძე ტელეწამყვან გოჩა ტყეშელაშვილის ცოლია. ტელეწამყვანი სხვადასხვა ვიქტორინას მოსწავლეებს შორის მუნიციპალიტეტებში გამგეობების დაკვეთითაც ატარებს.

ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილს ვკითხეთ, როგორ შეარჩია “ეტალონი მედია”, რომელსაც ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 2 ათას ლარს გადაუხდის. მისი თქმით, გოჩა ტყეშელაშვილმა თელავში მოსწავლეებს შორის ვიქტორინა ჩაატარა და ამ ვებგვერდთან ხელშეკრულების გაფორმებაც სთხოვა. ჩვენს კითხვაზე, რამდენად ეფექტურია ვებგვერდზე გავრცელებული მასალა, ამბობს, რომ საკუთარი გამოცდილებით, ეფექტურია: “მე ხშირად ვნახულობ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ამბებს”, თუმცა კითხვაზე, რამდენად ნახულობს ამას ხალხი, პასუხის გაცემა უჭირს: “ხალხიც ნახავს ალბათ, მე ზუსტად ვერ გეტყვით თუ ნახულობს”, - ამბობს ის “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

ეთიკური დილემები

რა განსხვავებაა რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის? რეკლამაში რედაქცია ფულს იღებს და შესაბამისად, ეთიკური სტანდარტების მიხედვით, მკითხველს უნდა აცნობდეს, რომ ამ მასალაში ფული აქვს აღებული. ხოლო სარედაქციო მასალა არის ის მასალა, რომელზეც რედაქცია მუშაობს, დეტალურად ამოწმებს მის სისწორეს, სიზუსტეს და აქვეყნებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ფული გადაუხადა, არამედ იმიტომ, რომ მიიჩნევს საჭიროდ და მნიშვნელოვნად. როცა მედიასაშუალება აქვეყნებს მასალას, რომელსაც არ აქვს მითითება, რომ ის დაფინანსებულია, ან რეკლამაა, ან მომზადებულია რომელიმე უწყებასთან/კომპანიასთან ხელშეკრულების ფარგლებში, მკითხველს ლოგიკურად აქვს მოლოდინი, რომ მასალა სარედაქციოა, შესაბამისად, მას გავლილი აქვს ყველა ის სარედაქციო ფილტრი (ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და ა.შ.) რასაც ჩვეულებრივ, ნებისმიერი ტიპის ჟურნალისტური პროდუქტი უნდა გადიოდეს.

გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, არის თუ არა სიახლე, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნდება, „ნიუსღირებულების“ , გადის თუ არა ის, ე.წ. „გეითქიფინის“ იმ პროცესს, რასაც ამბავი ჩვეულებრივ უნდა გადიოდეს ხოლმე. გამოაქვეყნებდა თუ არა იმავე ამბავს სააგენტო, მისი გაშუქება კონკრეტულ კომპანიასთან ან უწყებასთან დადებული ხელშეკრულების პირობა რომ არ იყოს?! (მასკომუნიკაციის თეორიების მიხედვით, „გეითქიფინგის თეორია“ გულისხმობს პროცესს, როცა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რედაქცია წყვეტს რამდენად აქვს ამბავს „ნიუსღირებულება“, რამდენად ღირს მისი გაშუქება, საინფორმაციო ბადეში ან გაზეთისა თუ ონლაინგამოცემების გვერდებზე მოხვედრა“).

“რელიზს მოწოდებისთანავე არ ვდებთ, ადგილზე არის ჟურნალისტი, რომელიც ამოწმებს, მართალია თუ არა მოწოდებული ინფორმაცია, ფოტოებს თუ შეხედავთ, ჩვენი კორესპონდენტის გადაღებულია. მეორე მხარის კომენტარიც არის ან იქვე, ტექსტში, ან სხვა ნიუსში. ამიტომ იმის აუცილებლობას, რომ დავწერო პრესრელიზია/რეკლამაა - ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში”, - ამბობს თამუნა ლეფსვერიძე Ipress.ge-ს რედაქტორი.

სააგენტო “აქცენტების” მთავარი რედაქტორის, ეკა ცანავას, თქმით კი, ისინი ხელშეკრულების ფარგლებში მოწოდებულ ინფორმაციაში წერენ, რომ “ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში”.

“ამას ისე კი არ ვდებთ, რომ ჩვენი თვალით ვნახეთ, აშენებულია, გაკეთებულია და მოსახლეობა კმაყოფილია, არამედ ჩვენ ვწერთ რომ, მაგალითად, ამის შესახებ ნათქვამია მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მკითხველი წესით უნდა მიხვდეს, რომ ეს მასალა მე არ მომიპოვებია და გაავრცელა გამგეობამ”, - ამბობს ეკა ცანავა.

მედიაორგანიზაციების თქმით, ამ ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია მათი არსებობისთვის.

მედიაჩეკერის მიერ 2015 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში "პალიტრამედიის" ნიუსრუმის მთავარი რედაქტორი ნატა მუმლაძე გვპასუხობდა, რომ ხელმომწერების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს რომ დააწერონ “რეკლამა”, მაშინ “ინტერპრესნიუსის“ ნიუსების 90 პროცენტი რეკლამის ნიშნით უნდა გავიდეს”. დღეს ნატა მუმლაძე ამბობს, რომ გაითვალისწინა Mediachecker-ის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაცია და მსგავსი მასალებისთვის შემოიღეს აღნიშვნა"NS", ნიშანზე მაუსის მიტანისას კი იწერება "news from subscriber".თუმცა რამდენად ხვდება მკითხველი, რას ნიშნავს NS ან news from subscriber, ეს სხვა საკითხია. ნატა მუმლაძე გვპასუხობს, რომ ეს “ჩვენს შესახებშია” განმარტებული. იქ კი ერთი წინადადებით აღნიშნულია, რომ “ხელშეკრულების ფარგლებში დადებული სიახლეები დაიდება "NS" – News from Subscriber ნიშნით”. (შენიშვნა: ინტერვიუს ჩაწერის მომენტში, ნატა მუმლაძე „ინტერპრესნიუსის“ რედაქტორი იყო).

www.liberali.ge-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერის ქეთევან ქავთარაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურების პიარ მასალების გამოაქვეყნება არ სურთ. რაც შეეხება სხვა სახის სარეკლამო მასალებს, რედაქციას მკაცრად აქვს განსაზღვრული, რომ სარედაქციო კონტენტი და რეკლამა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან.

“გვქონია კონტრაქტი ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და ამიტომ იყო ჩვენთვის საინტერესო. რა თქმა უნდა, დავაწერეთ, რომ რეკლამა იყო (ნიშნით „რეკლამა“). საერთოდ, მიგვაჩნია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემისთვის საჯარო უწყებების მიერ შეკვეთილი მასალების გამოქვეყნება, თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი, როცა აწერია, რომ რეკლამაა, მიზანშეწონილი არ არის, მკითხველისთვის რთული აღსაქმელია ერთი მხრივ „კრიტიკული“ და მეორე მხრივ კი პიარ სტატიები ერთ სივრცეში ხვდებოდეს”, - ამბობს ქეთევან ქავთარაძე

“ნეტგაზეთს” პრაქტიკაში არსებული პირობებით საჯარო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვს. მათი თქმით, ბუნდოვანია “საინფორმაციო მომსახურების” განმარტება და ისიც, თუ რით განსხვავდება ის რეკლამისგან.

“ორი წლის წინ ერთ-ერთ სამინისტროსთან, რომელსაც ანალოგიური ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, ვცადეთ დაზუსტება, რას გულისხმობდნენ ამ ტერმინში და ვეკითხებოდით, იყო თუ არა ეს სარეკლამო მომსახურება. პასუხად რამდენიმე წერილზე ერთი და იგივე მივიღეთ, რომ ეს ეხებოდა არა სარეკლამო, არამედ საინფორმაციო მომსახურებას”,- ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობა?

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ნაწილი, რომელსაც Mediachecker ესაუბრა, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მედიას ინფორმაციის გავრცელებაში ფულს უხდიან. ისინი, საინფორმაციო სააგენტოების ნაწილის მსგავსად, ფიქრობენ, რომ ამ ტიპის მასალები არა რეკლამა, არამედ „საინფორმაციო მომსახურებაა“.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ “პრესრელიზი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება რეკლამად. ეს არის საინფორმაციო ხასიათის და უმეტეს შემთხვევაში (თანაც სამინისტროს სპეციფიკის გათვალისწინებით) შეიცავს საზოგადებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას”, - ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნინო შუბლაძე.

“სააგენტოებში იგზავნება პრესრელიზი და ფოტომასალა, ეს ინფორმაცია არ არის რეკლამა, არამედ წარმოადგენს მიმდინარე ან შესრულებული სამუშ აოების შესახებ ინფორმაციას”, - ამბობენ თბილისის მერიის პრეს სამსახურში.

მედიაორგანიზაციების იმ ნაწილის აზრით, რომლებიც სახელმწიფოსთან ამგვარი ხელშეკრულებების გაფორმებაზე უარს ამბობენ, ხელისუფლების და მედიაორგანიზაციების მსგავსი ურთიერთობა მედიისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის.

“დამკვეთს, სახელმწიფო იქნება ეს თუ კერძო კომპანია, რა თქმა უნდა, ურჩევნია კონტრაქტი გააფორმოს იმ მედიაორგანიზაციასთან, რომელიც არ აღნიშნავს, რომ მასალა რეკლამაა. ჩვენი პოლიტიკის გამო ხშირად ვამბობთ უარს კონტრაქტებზე, სადაც მასალების გამოქვეყნებას რეკლამის ნიშნის გარეშე გვთხოვენ. შესაბამისად ჩვენი ტიპის მედიები არაკონკურენტულ გარემოში ვხვდებით და სარეკლამო შემოსავალზე უარის თქმა გვიწევს, “- ამბობს "ლიბერალის" წარმომადგენელი ქეთევან ქავთარაძე.

„ნეტგაზეთის“ რედაქტორის ნესტან ცეცხლაძის თქმით, სამინისტროების მსგავსი მიდგომა არის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი ჩარევა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

“აქ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს ნებაყოფლობითი პროცესია თუ არა, რადგან ასეთი ჩარევით ზარალდებიან არა მხოლოდ იმ კონკრეტული მედიასაშუალებების მკითხველები, რომლებიც ამ “ტენდერს იგებენ”, არამედ ზარალდება მთლიანად მედიაგარემო, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკით, გადამოწმებული ინფორმაციით, ინტერვიუებით იმ თემებზე, რომლებიც გამოცემებს მიაჩნიათ მნიშვნელოვნად და არა ამა თუ იმ სამინისტროს. ხელისუფლების და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ეს ე.წ. “საინფორმაციო მომსახურება” სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში მგონია რომ საჯარო დაწესებულებებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და უნდა გადახედონ ამ პოლიტიკას”, - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს დისკუსია ჟურნალისტიკის ანბანზე - რა არის ახალი ამბავი, რა არის პრესრელიზი და რა არის პროპაგანდა, როგორ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო და სარეკლამო კონტენტი - სწორედ ამ “საინფორმაციო მომსახურებების” პრაქტიკის დამსახურებაა.

/media/1001663/2018/02/20/2db1f18d520b7005bb6d38065609bd7d.jpg