ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ დავით აქუბარდიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა პარტია „ტრადიციონალისტების“ ლიდერი, აკაკი ასათიანი. უკრაინაზე საუბრისას, სტუმარი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა:

„დღეს დანიშნა ვიღაცა სექს-მოდელი პოლიციის პრესცენტრად. არა, გოგოა, უნდა ნახო.. მე დავნიშანვდი პრემიერად. მაგრამ გააფრინა იმან. იმის მაგივრად, რომ გაიცინო რა, გაიცინე გაიღიმე, დაძაბული უყურებს, მამალი მგელივით“.

კატეგორია - ეთიკა
პალიტრა TV-ზე გამოქვეყნდა სიუჟეტი სახელწოდებით: "მგონია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ..."- რა ხდება ღამით აღმაშენებლის გამზირზე". სიუჟეტის მიხედვით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „უცხოელები, კერძოდ, თურქები, ირანელები, ერაყელები და არაბები მომრავლდნენ“. ამასთან დაკავშირებით სიუჟეტში აღმაშენებელზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები აღშფოთებას გამოხატავენ. მათი კომენტარები და ნათქვამის ჟურნალისტისეული პერიფრაზები შეიცავს სიძულვილის ენას საქართველოში მცხოვრები არაქართველების მიმართ.

ჟურნალისტი, აღმაშენებელზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების ნათქვამზე დაყრდნობით, სიუჟეტის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ აღმაშენებელზე „ადგილობრივებსა და უცხოელ მამაკაცებს შორის თითქმის ყოველ ღამე ხდება კონფლიქტი“. კონფლიქტის მიზეზად კი სიუჟეტში ის სახელდება, რომ თურმე, უცხოელი მამაკაცები ქართველ გოგონებს „აწუხებენ“, ქართველი მამაკაცები კი მათ ესარჩლებიან და ჩხუბიც სწორედ ამ ნიადაგზე იწყება.

„ჩვენმა ბიჭებმა დაინახეს ინციდენტი, რომ ამ არაბმა რაღაცა უთხრა ჩვენს ქართველ გოგოს, თუ ჩაერია, თუ ატყდა ჩხუბი, არაბებს კი არაფერს ეუბნება პოლიცია, ეგრევე იჭერენ ბიჭებს(ქართველებს)“- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

„ახალგაზრდა გოგონები როცა გამოდიან, შეუძლებელია აღმაშენებელზე გავლა, რომ ეს თურქი მამაკაცები არ აეკიდონ“ - აღნიშნავს კიდევ ერთი რესპონდენტი.

შემდეგ, სიუჟეტში პრობლემის კიდევ უფრო განზოგადების მცდელობაა და ჟურნალისტი ქუჩაში მოსახლეობას, როგორც ჩანს, შემდეგ შეკითხვას უსვამს: უნდა ცხოვრობდნენ თუ არა უცხოელები საქართველოში (თავად ჟურნალისტის კითხვა სიუჟეტში არ ისმის, თუმცა რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ კითხვა სწორედ ასე იყო ფორმულირებული).

ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ უცხოელები, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ აქ „მასიურად არ უნდა დაფუძდნენ, ჩვენ, ქართველები, იმდენი აღარა ვართ, რამდენიც ეგენი, ასე მგონია საქართველოში აღარ ვცხოვრობ“.

„საერთოდ ეს ერაყელები და ირანელები მართლა ამოვიდა ყელში, ყველა ნაბიჯში ესენი არიან,“ - ჩივის კიდევ ერთი რესპონდენტი.

„ქართულად ვინმეს რამეს რომ შეეკითხები, შანსი არ არის ძმაო, ქართულად არავინ გელაპარაკება, იმიტომ რომ უკვე არავინ არ არის ქართველი“.

სიუჟეტის მიწურულს, სიძულვილის ენითა და ნეგატიური სტერეოტიპებით გაჯერებული კომენტარების შემდეგ, წარმოჩენილია ორი მოქალაქის პოზიცია, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში უცხოელების ყოფნაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. იქიდან გამომდინარე რომ მთლიანი სიუჟეტი ხელს უწყობს ნეგატიური სტერეოტიპების წარმოჩენას, ხდება სიძულვილის ენის ტირაჟირება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზემოაღნიშნული ორი კომენტარი უბრალოდ ფორმალურადაა ჩასმული, რათა ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის განცდა შეიქმნას.

სიუჟეტის კონტექსტიდან გამომდინარე არ ჩანს, რომ მედიასაშუალების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების ტირაჟირების მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენებაა.

„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“, ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში. ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია: „ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის“.
კატეგორია - ეთიკა
ბათუმში „ალი და ნინოს“ ქანდაკების დემონტაჟისას, ერთ-ერთი ქანდაკების დაზიანებას ambebi.ge- ც გამოეხმაურა. მასალა რუბრიკაში „საზოგადოება“, შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „პასუხი მათ, ვისაც "ალი და ნინოს" ძეგლის დაზიანებამ ურა-მართლმადიდებლური და ურა-პატრიოტული სიხარულით აუვსო გული“.

Mediachecker-ის გუნდის აზრით, სტატიის საერთო კონტექსტი, თემის გარშემო საზოგადოებაში წამოჭრილი ნეგატიური სტერეოტიპებისა და თურქოფობიის კრიტიკაა, თუმცა მასალა, ნებსით თუ უნებლიეთ, თავად ხდება მუსლიმების, თურქების მიმართ სტერეოტიპების გავრცელების წყარო.

„თუ ასე განიცდით ამ ამბავს (მუსლიმის მიერ ქართველის ნამუსის ახდას), მინიმუმ 10 საროსკიპოს გეტყვით (თბილისში, ლესელიძის ცენტრალური გზის პირას განთავსებულს) სადაც მხოლოდ თურქი მძღოლები დადიან და ქართველ ქალებს ნამუსის ახდაზე უარესს უშვებიან. ჰოდა ის, ვინც ასე განიცდით ამ ამბავს და მხოლოდ ამწეს მძღოლის დაუდევრობის იმედად ხართ, კომენტარებში დაწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ამ საროსკიპოების მისამართს გეტყვით, მიდით და მერე იქიდან წერეთ აღშფოთებული სტატუსები "ფეისბუქზე", ვკითხულობთ მასალაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პრინციპი 7: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

კატეგორია - ეთიკა
“საყვარელი”, “მაგარი კაცი”, “ჯიგარი”, “სამაგალითო”, “კარგი ადამიანი” - ამ ეპითეტებით და კიდევ ბევრი “გულით” სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტი შეამკეს. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და პრეზიდენტის სიყვარული საჯაროდ გამოხატა: “მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი”, წერდნენ ფეისბუქის მომხმარებელი ჟურნალისტები.

გასულ თვეს, მედიის წარმომადგენელთა კეთილგანწყობა პრეზიდენტმა იმიტომ დაიმსახურა, რომ წაქცეული ქალბატონი წამოაყენა და შინ ტაქსით გაამგზავრა. ბუნებრივია, ამბავი ძალიან სასიამოვნოა და პრეზიდენტმა თავისი ქცევით მოქალაქეებს კარგი მაგალითი მისცა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ და არა მხოლოდ - აღფრთოვანებას. მოქმედი ჟურნალისტების ნაწილი ღიად გამოხატავს დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკოსის, პარტიისა თუ პოლიტიკური მოვლენის შესახებ.

მაგალითად, ჟურნალისტებმა საკმაოდ ფამილიარული ტექსტებით მიულოცეს გამინისტრება თინა ხიდაშელს. Facebook-ზე საჯაროდ დაწერილ სტატუსებსა, თუ კომენტარებში ჟურნალისტები წერდნენ, როგორი კარგი პოლიტიკოსი და ადამიანია თინა ხიდაშელი, როგორი კარგი ოჯახი აქვს და როგორი სამაგალითოა.

იყო შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები თავისუფალი დემოკრატების წევრ ალექსი პეტრიაშვილს “უხსნიდნენ სიყვარულს” მისი იუმორის, ან პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ასევე, ჟურნალისტებს პოლიტიკოსების, ან მათი საქმიანობის მისამართით, საკმაოდ შეურაცხმყოფელი სტატუსებიც დაუწერიათ საჯარო სივრცეში.

ერთია, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი პიროვნულად შენს სიმპათიას, ან ანტიპათიას იმსახურებს, მაგრამ რამდენად სწორია, როდესაც ჟურნალისტები დადებით, ან უარყოფით ემოციებს პოლიტიკოსი რესპოდენტების, ან პოლიტიკური გუნდის მიმართ საჯაროდ გამოხატავენ? უშლის თუ არა მსგავსი ქცევა მათ საქმიანობას ხელს და მოქმედებს თუ არა გამოცემის იმიჯზე და სანდოობაზე ჟურნალისტების თვითგამოხატვა სოციალურ ქსელებში? ან პირიქით, როცა რედაქცია „უკრძალავს“ ჟურნალისტს პირადი მოსაზრებების სოციალურ ქსელებში გამოხატვას, ხომ არ იზღუდება მისი პირადი გამოხატვის თავისუფლება?

სხვადასხვა გამოცემას ამ მიმართულებით სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ზოგიერთი რედაქციის წევრებს ეკრძალებათ სოციალურ ქსელში საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება და ვალდებული არიან თავი შეიკავონ ემოციური კომენტარებისგან რესპოდენტებსა და იმ თემებზე, რაზეც მუშაობენ. ზოგიერთი მედიასაშუალება და ჟურნალისტი კი, განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს.

“პალიტრა მედიას” წამყვანი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთერთია მედიის იმ წარმომადგენლებს შორის, რომელიც თამამად გამოხატავს თავის მოსაზრებებს სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეში. მერაბ მეტრეველმა Mediachecker.ge-ს განუცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს პოზიცია კონკრეტულ საკითხზე და მისი დამალვა სწორად არ მიაჩნია.

“შეიძლება პოტენციური რესპოდენტი გაბრაზდეს და გადაცემაში აღარ მოვიდეს, მაგრამ ეს, მგონი, იმ რესპოდენტის პრობლემა უფროა. ყველა ადამიანს აქვს პოზიცია კონკრეტულ საკითხზე და მისი დამალვა არ მგონია სწორი”, - ამბობს მერაბ მეტრეველი.

ის დასძენს: “მე არ მწამს სტერილური ჟურნალსიტების. აქ [სოციალურ ქსელში] რომ აზრს არ გამოთქვამენ და საქმით პროპაგანდას ემსახურებიან. ამას არ სჯობს ყველამ იცოდეს, რაზე რას ფიქრობ? ჩემთვის მიუკერძობელი ის ჟურნალსიტი კი არაა, პირში წყალს რომ ჩაიგუბებს და არაფერზე ხმას არ ამოიღებს, აზრს არ გამოთქვამს, არამედ ის, რომელიც ვიღაცის დაკვეთებს არ ასრულებს და ვიღაცის ინტერესებს არ ემსახურება”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

განსხვავებული პოლიტიკა აქვს გამოცემა “ნეტგაზეთს” და გაზეთ “ბათუმელებს”. ამ რედაქციებში მომუშავე ჟურნალისტებს კონტრაქტში უწერიათ, რომ სოციალურ ქსელებში და ზოგადად საჯარო სივრცეში თავი უნდა შეიკავონ საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრების გამოხატვისგან. ამ აკრძალვის მიზეზი ისაა, რომ მკითხველმა რომელიმე გამოცემის ჟურნალისტი და მათგან გამომდინარე გამოცემა მიკერძოებულად არ უნდა მიიჩნიონ.

„ჩვენ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა სოციალურ მედიაში ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე შეიძლება დააზარალოს „ნეტგაზეთის“, როგორც მიუკერძოებელი, სანდო საინფორმაციო წყაროს რეპუტაცია. ამიტომაც თავს ვიკავებთ ხოლმე ჩვენი მოსაზრებების გამოთქმისგან საჯარო სივრცეში.

ჩვენი წესები არ ეხება მხოლოდ სოციალურ ქსელებს, ეს ეხება ზოგადად საჯარო სივრცეს - მაგალითად ამა თუ იმ ტელევიზიას, თუმცა რადგანაც სოციალური ქსელები ნებისმიერი მოსაზრების გამოხატვის ყველაზე სწრაფი, მოხერხებული და მაცდუნებელი ინსტრუმენტია, ცხადია სოციალური ქსელებში ქცევის წესებზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ“, - ამბობს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.

ტელეკომპანია „მაესტროს“ „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტი თელარა გელანტია ფიქრობს, რომ მისი ფეისბუქსტატუსები სხვადასხვა თემაზე მის ჟურნალისტურ საქმიანობას პრობლემებს არ უქმნის და პირიქით, ხშირ შემთხვევაში ეხმარება კიდეც. არც ტელეკომპანია „მაესტროს“ აქვს რაიმე აკრძალვა ამ კუტხით.

„ხშირად კოლეგა მეგობრები თუ სხვები, არ მიწონებენ ამ საქციელს და მირჩევენ „გავჩუმდე“, რადგან ჟურნალისტი ვარ და არ შეიძლება ასე საჯაროდ გამოვხატო საკუთარი აზრი/პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან თუ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ეს სიჩუმე არ გამომდის... გასაგებია, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და არ შემიძლია გავჩუმდე მაშინ, როცა რაღაც კონკრეტულ მომენტში ესა თუ ის ფატქი, თუ პროცესი მომწონს, ან პირიქით - მაშფოთებს“, - ამბობს თელარა გელანტია.

„ბიზნესკონტაქტის ჟურნალისტის თქმით, მის ფეისბუქმეგობრებს შორის რესპოდენტებიც არიან, ვის მიმართაც ხშირად კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს და პოსტებს აქვეყნებს, მაგრამ მათთან საქმიან ურთიერთობაში ხელი არ შეშლია. რესპოდენტები კონკრეტული სტატუსის შემდეგ დაკავშირებიან კიდეც და დაინტერესებულან, თუ რატომ ჰქონდა ჟურნალისტს კონკრეტული პოზიცია.

„ხშირად ვამბობ, რომ 21-ე საუკუნე ელექტრონული მედიის ეპოქაა და ზოგჯერ facebook-ში გამოქვეყნებული პოსტი უფრო ქმედითია, ვიდრე სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, რადგან ინტერნეტი შეუზღუდავია დროსა და სივრცეში და უფრო მასობრივია“, - აღნიშნა „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტმა - „იქ, სადაც კომუნიკაციაა, უფრო მეტი შანსი არსებობს საზოგადოების ინფორმირებულობის, მთავრობის კონტროლის და პრობლემების მოგვარების“.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას ამ მიმართულებითაც მედია არაერთგვაროვანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიასაშუალებები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით იყოფა. თუმცა აუდიტორია კონკრეტული მედიასაშუალების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ წინადწინვე ინფორმირებულია. ევროპული მედიასაშუალებები ამ მხრივ უფრო კონსერვატიულია.

ბიბისის ეთიკის კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში გამოხატვისგან თავი უნდა შეიკავონ. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში აქტივობას, ბიბისის მსოფლიო ახალი ამბების ჟურნალისტის ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ჟურნალისტმა რომელიმე სოციალურ ქსელში, პირადი მოსაზრებების დაფიქსირებისას არ უნდა გამოიყენოს კორპორაციის სახელი. ასევე, ჟურნალისტმა არ უნდა დაწეროს სოციალურ ქსელებში საჯაროდ ის, რასაც არ იტყვის ეთერში, ან არ გამოაქვეყნებს საიტზე. ეს უკანასკნელი წესი ბიბისის ჟურნალისტებისთვის სავალდებულო მას შემდეგ გახდა, რაც მაუწყებლის ერთერთმა ჟურნალისტმა პირადი ტვიტერით ბრიტანეთის დედოფალზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, „კურიერის“ დღის გამოშვებაში გავიდა ინფორმაცია არასრულწლოვანის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. კადრ სინქრონის ტიპის მასალაში წამყვანი ასახელებს მსხვერპლის სახელსა და გვარს და აღნიშნავს, რომ მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომლის თანახმადაც მოზარდზე ძალადობის ფაქტი მტკიცდება. თავად ადვოკატი კომენტარში დეტალურად ახმოვანებს ექსპერტიზის დასკვნას, რითიც არასრულწლოვნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები საჯაროვდება.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ეთერში გასულ მასალათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„კურიერისერთ-ერთ გამოშვებაში ეთერში გავიდა მასალა, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწოლოვანია. მასალაში იდენტიფიცირებული იყო მსხვერპლის ვინაობა, ხოლო ინტერვიუს ფრაგმენტი უხეშად არღვევდა მის პირად ცხოვრებას. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, რამდენადაც მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვკიდებოდით მსგავსი თემის გაშუქებას და ვაცნობიერებთ, რომ ამ ფაქტის ტირაჟირებამ შესაძლოა არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს. აღნიშნული მასალა უკვე ამოღებულია ჩვენი ვებ-გვერდიდან,"-აღნიშნულია „კურიერის“ მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

გოგონა იდენტიფიცირებულია სხვა მედიასაშუალებების მიერ ამავე თემაზე მომზადებულ მასალებში. მათ შორისაა Palitratv.ge, interpressnews.ge, kirispalitra.ge, etanews.ge, ambebi.ge.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად“.

იმავე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.
კატეგორია - ეთიკა
რა არის საავტორო გადაცემა? მიიჩნევა, რომ ეს არის ჟურნალისტის მიერ მომზადებული პროგრამა, რომლის იდეაც და ფორმატიც მასვე ეკუთვნის. დღესდღეობით საქართველოში 15-მდე საავტორო გადაცემა გვაქვს. საავტორო გადაცემაზე ისევე ვრცელდება ეთიკური სტანდარტები, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მედიაპროდუქტზე.

საავტორო გადაცემის მნიშვნელობა ქვეყნების მედიაპრაქტიკის მიხედვით განსხვავდება. რუსეთში პროგრამათა ამ ფორმატის პრაქტიკა საბჭოთა კავშირიდან მოდის და იქ საავტორო გადაცემის ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ წამყვანი თავის მოსაზრებებს გადაცემაში ხშირად გამოხატავს ხოლმე. ამერიკაში კი, საავტორო პროგრამა ნიშნავს გადაცემას, რომელიც კონკრეტულ პირთან არის დაკავშირებული და შოუსაც მისი სახელი ჰქვია (მაგ: GPS with Fareed Zakaria (CNN), Special report with Beret Baier (fox) და სხვა). მსგავსი ტიპის გადაცემებზე ცალკე ჯგუფები მუშაობენ და მათი აღმასრულებელი რედაქტორები, ძირითადად, შოუს წამყვანები არიან. სახელებთან მიმართებით მსგავსი პრაქტიკა გვხვდება საქართველოშიც, სადაც შოუთა ნაწილს მათი წამყვანების სახელი ჰქვია.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ტერმინ „საავტორო გადაცემას“ ცნობს და მის ფარგლებში გარკვეულ ეთიკურ ნორმებზეც მიგვითითებს. საავტორო პროგრამებს კოდექსის #17 მუხლი ეთმობა, სადაც ვკითხულობთ:

1. საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

2. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

მედიაექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ მედიასივრცეში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყოფილი იმპერიის გავლენა შეიმჩნევა. ზვიად ქორიძის თქმით, საავტორო გადაცემათა ამგვარ გაგებაში მიიჩნევა, რომ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მხოლოდ წამყვანია და მას შეუძლია ისაუბროს და ღიად გააცხადოს საკუთარი მოსაზრებები ისე, რომ არავის შეუთანხმოს. შედეგად კი ვიღებთ გადაცემებს, რომლებიც არამხოლოდ ცნობილ სახეებთან, არამედ, მათ იდეებსა და ხედვებთან არიან გაიგივებული.

„გადაცემებზე, რომლებიც ტელევიზიებში გადის, პასუხს აგებს არხის მენეჯმენტი. პერსონიფიცირება მხოლოდ პრომო საშუალება, მარკეტინგული ხერხია მაყურებელთათვის თავის დასამახსოვრებლად. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, წამყვანებმა ეთერში ილაპარაკონ ის, რაც სურთ და აკეთონ განცხადებები, მოწოდებები, დააფიქსირონ საკუთარი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს საავტორო გადაცემათა პოსტსაბჭოური, რუსული გაგება. ამ დროს გვაქვს მედიის ცოდნისა და მისი ფუნქციების სწორი და ადეკვატური გაგების დეფიციტი“, - აცხადებს ქორიძე.

მედიაექსპერტები ამბობენ, რომ დასავლურ, კერძოდ კი ამერიკულ მედიაში, მოსაზრებების გაცხადება ხშირად ხდება, წამყვანებიც თამამები არიან, თუმცა ჟურნალისტურ სტანდარტებს მისდევენ და როგორც წესი, მათი მოსაზრებები ფაქტებად არასოდესაა წარმოჩენილი. სახელობითი შოუს დაწყებისას ისინი პირდაპირ არ უსვამენ ხაზს, რომ გადაცემა საავტოროა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ამბობს, რომ წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს თავისი მდგომარეობა მაყურებლისათვის მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გასაცნობად. ის ვალდებულია, ფართოდ წარმოაჩინოს თემები, რომლებსაც მაყურებელს სთავაზობს. ზვიად ქორიძის თქმით, თუ გადაცემაში მხოლოდ ერთი პოზიციაა წარმოჩენილი და მიუკერძოებლობის პრინციპი ირღვევა, ის არხის დარღვევადაც მიიჩნევა.

„საავტორო გადაცემაში წამყვანი სვამს კითხვებს, ეძებს გამოსავლის გზებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარი პოზიციებით და მოსაზრებებით არ უნდა ჭრას და კეროს. წამყვანის ფუნქციაა, ყოველმხრივ დაბალანსებული და მომზადებული გადაცემა შესთავაზოს მაყურებელს“, ამბობს ზვიად ქორიძე.

მაყურებელს ინფორმაცია იმის შესახებ რომ გადაცემა საავტოროა, მისი დაწყებისთანავე უნდა მიეწოდოს - ამ მოთხოვნას მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ადგენს, თუმცა მაუწყებლები, როგორც წესი მოთხოვნას არ იცავენ და თითქმის შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი გადაცემაა საავტორო და რომელი არა.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრესმდივანი, ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის სარეკომენდაციო ხასიათიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში რაიმე სახის სანქცია გათვალისწინებული არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ თუ იდენტიფიცირება რთულია, აუცილებელია, მოხდეს შესწავლა, არის თუ არა პროგრამა საავტორო. რაც შეეხება ბალანსის და მიუკერძოებლობის ნაწილს, კომისიაში ამბობენ, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია, მაუწყებლის შიგნით მოქმედ თვითრეგულირების მექანიზმს მიმართოს.
კატეგორია - ეთიკა
მედიაში კვლავ პრობლემად რჩება ტენდენცია, რომ მედია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ თემებს უკვე მომხდარ ფაქტებთან, ან თარიღებთან მიბმით აშუქებს და თავად არ არის საკითხის მოძებნისა და წამოწევის ინიციატორი. ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით ქართული ონლაინ, ბეჭდური და ტელემედიის დაკვირვების შედეგებს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, მედია ნაკლებად ცდილობს დაიცვას ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით, როდესაც ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები კი, კვლავ ემოციური გაშუქების საგნად რჩება; სატელევიზიო ტოკ-შოუებში ბავშვებიც და მათთან დაკავშირებული ამბებიც, ხშირად გამოიყენება მაყურებლის მოზიდვისა და მასზე ემოციური ზემოქმედების საშუალებად.

თემატურად, ბავშვები და მათთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად, უბედური შემთხვევებისა და ტრაგედიების გაშუქებისასა ჩნდებიან მედიაში.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა საკითხების მშრალი და ზედაპირული გაშუქება; აღსანიშნავია, რომ მასალების დიდ ნაწილში არ იყო გაშუქებული საკითხები სიღრმისეულად. მთლიანი ნამუშევრების მხოლოდ 13 პროცენტში გაშუქდა თემები სიღრმისეულად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაში მომზადებულ მასალებში კვლავ არ ისმის ბავშვის ხმა; სრულად შესწავლილი მასალის მხოლოდ 13 პროცენტში მონაწილეობდნენ ბავშვები, ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალების 87 პროცენტი ბავშვების გარეშე მზადდებოდა.

ბავშვებთან დაკავშირებული თემები ტელევიზიებში ძირითადად დილისა და დღის გამოშვებებში ხვდებოდა, იშვიათად - პრაიმტაიმში; ქარტიის დაკვირვებამ აჩვენა, რომ სატელევიზიო ახალ ამბების ჟურნალისტები და რედაქტორები მეტად ცდილობენ სტანდარტის დაცვას ბავშვებთან მიმართებით , ვიდრე ტოკ - შოუები;

კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ზოგ შემთხვევაში მედია სიფრთხილის გამო, ერიდებოდა ბავშვების გადაღებას და ჩაწერას, ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვის იდენტიფიცირება არანაირ პრობლემა არ ქმნიდა, მისი დაფარვა, „დაბლარვა“ კი პირიქით, ხელს უწყობდა ბავშვის სტიგმატიზაციას.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი,1 ივნისის, ბავთა დაცვის საერთაშორისო დღის მედიაგაშუქება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაც, გმირები არა ბავშვები, არამედ საპირველივნისო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:

“მედია ბავშვთა დაცვის დღესაც კი არ ცდილობს მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ თემებს სერიოზულად მიუდგეს, ან ამ დღეს მაინც მისცეს ბავშვებს შესაძლებლობა, თავად ესაუბრონ საზოგადოებას ”, - აღნიშნულია ანგარიშში.

კატეგორია - ეთიკა
4 აგვისტოს Geworld.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილთან, რომელიც პარტია „აღორძინების“ წევრი იყო. სტატიაში ჭიპაშვილი თავისი გამონათქვამებით თურქოფობიისა და თურქების მიმართ სტერეოტიპული აზროვნების გაღვივებას უწყობს ხელს. ჟურნალისტი კი, ინტერვიუში ამ საკითხზე არ რეაგირებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს აჭარის მოსახლეობა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ჭიპაშვილი პაუხობს:

„როდესაც აჭარიდან ჩემი მეგობრები მირეკავენ, იცით, რას მეუბნებიან? - თურქეთიდან გირეკავთო. აჭარა ფაქტობრივად, გათურქებულია“.

ჭიპაშვილის თქმით აჭარაში ადგილობრივი ბიზნესი, კაზინოები და სასტუმროები, ყველაფერი თურქების ხელშია. მათ საწარმოებში კი - ქართველები თურქებზე ნაკლებ ხელფასს იღებენ.

„იცით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების რეისები ისე აქვთ მითითებული, როგორც საკუთარი, შიგა რეისები. თბილისის აეროპორტი ხომ სააკაშვილმა თავიდანვე თურქებს ჩააბარა. იქიდან შემოსული თანხა, გარკვეული გადასახადების გარდა, თურქეთში მიდის.

როდესაც თურქების მიერ გახსნილ საწარმოში ქართველები გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თურქები, ესეც ხომ რაღაცაზე მეტყველებს?!“ - ამბობს ჭიპაშვილი.

რესპონდნეტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქებს ვერაფერს ეუბნება, რადგან „თურქი ცოტა სხვანაირია, ამ ყველაფერს „ცხვირში ამოგვადენს“.

ინტერვიუ სრულდება ჰამლეტ ჭიპაშვილის ფრაზით: „მთელი აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
კატეგორია - ეთიკა
28 ივლისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემაში - "სტუდია სპექტრი, სადაც წამყვანი - დავით აქუბარდია სტუმართან, პროფესორ ჯუმბერ ფანჩულიძესთან ერთად მიწის რეგისტრაციის ახალ კანონზე საუბრობდა, წამყვანმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ქართველების შევიწროებაში დაადანაშაულა.

“გიაურ არხს ეძახიან აგერ მარნეულში აზერბაიჯანელები. ქართველების გაყვანილი არხი იყო. ეს ჩვენი იდენტობაა, იცით. ჩამოსახლდნენ ისინი და ქართველობა აყარეს იქედან. ბიჭო, ეს ჩვენი სივრცე არის. ამ სივრცეს დათვლა უნდა, აღწერა უნდა,” -აცხადებს წამყვანი.


ეთნიკურ კუთვნილებას დაუსაბუთებლად უსვამს ხაზს დავით აქუბარდია 29 ივლისის გადაცემაშიც, სადაც ის სტუმართან, ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად, აჭარაში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ კი ეკომიგრანტთა პრობლემებზე და ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაზე საუბრობს: “აღარ მინდა (ლაპარაკი), იქ რა საშინელებები აქვს მიშას გაკეთებული და რომელ თურქზე რა ტერიტორიები აქვს კაპიკებში მიცემული”.



მაუწყენელთა ქცევის კოდექსის თანახმად (თავი IX, მრავალფეროვნება, თანასწორობა და შემწყნარებლობა, მუხლი 31, მრავალფეროვნებისა, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი), მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე და თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან (მუხლი 33).

მედიის განვითარების ფონდი სახელმძღვანელოში „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში“ მედიასაშუალებებს ურჩევს თავიდან აიცილონ ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს რომელიმე ეთნიკური უმცირესობისთვის, აღვივებდეს სიძულვილს, შეუწყნარებლობას მათ მიმართ, თესავდეს შუღლს ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, იყოს დისკრიმინაციული ეთნიკური ნიშნით. ფონდი ასევე ურჩევს ჟურნალისტებს არ განაზოგადონ უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლის საქმიანობა, ქცევა თუ ქმედება მთელ ეთნიკურ ჯგუფზე, თავი შეიკავონ პირის ეთნიკურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისაგან. ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირებას საზოგადოებაში.
კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტ გამოცემების უმეტესობა რეკლამის შემცველ ტექსტებს მკითხველს სარედაქციო მასალების სახით სთავაზობს და მინიშნება იმის შესახებ, რომ ის რეკლამაა, არსად გვხვდება. იმ ვებგვერდების წარმომადგენლების აზრით კი, რომლებიც სარედაქციო მასალებს სარეკლამოსგან ყოველთვის მიჯნავენ, ეს ტენდენცია გამოცემებს არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოს უქმნის.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ ხშირად სარეკლამო ტიპის ინფორმაცია სარედაქციო მასალის სახით იდება ხოლმე - მასალებს არსად აქვს მითითებული, რომ ის რეკლამაა.

როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, მათ ვებგვერდზე სამი ტიპის მასალები იდება: სარეკლამო, რომელსაც აწერია რომ რეკლამაა, ხელმომწერების მიერ გამოგზავნილი მასალები, რომლებსაც რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი არ ეწერება და თავად სააგენტოს ჟურნალისტების მიერ მომზადებული ინფორმაცია. “პალიტრამედიის” ნიუსრუმის მთავარი რედაქტორი ნატა მუმლაძე გვიხსნის, რომ სარეკლამო მასალები, რომლებიც რეკლამის ნიშნის გარეშე იდება, ხელმომწერების და მათთან დადებული ხელშეკრულების პირობებითაა გამოწვეული:

“ipn-ს ჰყავს ხელმომწერები, რაც გულისხმობს მედია მხარდაჭერასაც. ხელმომწერები არიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, კომერციული ორგანიზაციები . ისინი იხდიან კონკრეტულ თანხას და ჩვენ ვუვრცელებთ ნიუსებს. ასეთ მასალებს არ აწერია რომ რეკლამაა, რადგან ეს არცაა რეკლამა. უფრო საინფორმაციო ხასიათისაა. საერთოდ, ზღვარი საინფორმაციოს და სარეკლამო მასალებს შორის ხშირად არის ბუნდოვანი. მაგალითად, პრემიერი რომ სადღაც იმყოფება, ეს სარეკლამოა თუ საინფორმაციო?!”- ამბობს ნატა მუმლაძე.

საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ www.ipn-ge ხელმომწერებს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობს. VIP პაკეტში, რომელიც თვეში 595 ლარი ღირს, ipn-ის კონტენტზე წვდომის გარდა, შედის დამკვეთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება, ipn.ge-ის ვებგვერდზე გამოკითხვის ჩატარება შეკვეთილი თემით, ორგანიზაციის დაკვეთით მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელება.

არის თუ არა რეკლამა ხელმომწერების მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან მათი აქტივობების გაშუქება, როცა მედია ამაში ფულს იღებს? და უნდა იყოს თუ არა ინფორმირებული მკითხველი იმის შესახებ, თუ რომელი მასალაა გამოქვეყნებული სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე?

“მაშინ ჩათვალეთ, რომ ინტერპრესნიუსის ნიუსების 90 პროცენტი რეკლამის ნიშნით უნდა გავიდეს” - გვპასუხობს მუმლაძე.

სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნასთან დაკავშირებით, „ლიბერალს“ მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა აქვს:

“ბევრი ფული დაგვიკარგავს ამის გამო, მაგრამ ჩვენთვის პირველი არის მკითხველი, რომელსაც ვცემთ პატივს და ვუმიჯნავთ, რა არის რეკლამა, რაში ვიღებთ ფულს და რა არის რედაქციის მიერ მომზადებული მასალა. მაგალითად, ხუდონჰესის მხარდასაჭერი კამპანია ჰქონდა დავალებული ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიას, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ფულს გადაგვიხდიდა, თუ არასარეკლამო მასალის სახით გავავრცელებდით კალაძის და მთავრობის სხვა წამომადგენლების კომენტარებს, რომლებიც ხუდონის მშენებლობის მხარდამჭერი იქნებოდა. ჩვენ უარი ვუთხარით. პირველი მასალა რეკლამის ნიშნითგამოვაქვეყნეთ და ამის მერე წარმოიშვა კონფლიქტი. ეტყობა დამკვეთებმა ნახეს და აღარ მოეწონათ. სხვა მედიასაშუალებებში იმავე ტიპის მასალები რეკლამის ნიშნის გარეშე გამოქვეყნდა. თავიდან კომპანიასთან 20 სტატიაზე გვქონდა მოლაპარაკება, თუმცა პირველი მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თანამშრომლობა აღარ მოისურვეს“- ამბობს www.liberalia.ge-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი ქეთევან ქავთარაძე.

იმავე პრობლემებზე საუბრობს www.netgazeti.ge-ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გაბეჩავაც. მისი თქმით, დამკვეთი ხშირ შემთხვევაში, ცალსახად ითხოვს, რომ PR სტატიებს არ დაეწეროს, რომ ის რეკლამაა. როცა ამაზე უარს ეუბნებიან, მაშინ მედიაგამოცემას სთავაზობს, რომ რეკლამის ნიშანი R სადმე, შეუმჩნეველ ადგილზე აღინიშნოს, მაგალითად, სტატიის ბოლოს.

“გვქონია ისეთი ფაქტი, როცა დამკვეთს შემოუთავაზებია არასათანადო რეკლამის გამოქვეყნებაც. ამ შემთხვევაში დამკვეთი მზად იყო დამტკიცებულ სარეკლამო ტარიფზე გაცილებით მეტი თანხა გადაეხადა, ოღონდ მის მიერ მოწოდებული სარეკლამო მასალა არ გავრცელებულიყო როგორც რეკლამა. დამკვეთს განვუმარტეთ, რომ არასათანადო რეკლამის გავრცელება გამოიწვევდა ჩვენი კომპანიის დაჯარიმებას, რეკლამის ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. დამკვეთმა გამოთქვა მზადყოფნა გადაეხადა საჯარიმო თანხაც ქეშად, ხელშეკრულების გარეშე. ჩვენ არ დავთანხმდით და ვთხოვეთ, რომ სიამოვნებით გავუწევდით მომსახურებას, ოღონდ მასალისთვის მიეცათ ის სახე, რომ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოსულიყო, დამკვეთმა უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე. მეორე დღეს ეს რეკლამა, როგორც ინფორმაცაია/ახალი ამბავი გავრცელდა თითქმის ყველა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემაში, როგორც ნაციონალურში, ისე რეგიონულში” - ამბობს ნათია გაბეჩავა.

მისი თქმით, ზოგჯერ რეკლამასთან ერთად დამკვეთები დამატებით ბონუსებსაც ითხოვენ.

“მაგალითად, თუ სამედიცინო რუბრიკისთვის ამზადებ სტატიას, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაწერო ამ სეგმენტიდან დამკვეთის წარმომადგენელი. ცხადია, ამაზე ვერ ვთანხმდებით, რადგან რესპონდენტებს ირჩევს ჟურნალისტი თავისი შეხედულებით და არა რეკლამის დამკვეთის მოთხოვნით. არაერთხელ გვქონია მსგავსი სიტუაცია და სამწუხაროდ, დიდთანხიან კონტრაქტებზე გვითქვამს უარი. დიახ, სარეკლამო ბაზარზე ეთიკურ მედიას ნამდვილად არათანაბარ პირობებშიუწევს მუშაობა” - ამბობს www.netgazeti.ge-ის გაყიდვების მენეჯერი.

მედია სამართლის სპეციალისტის, მამუკა ანდღულაძის, თქმით, თუ მედიასაშუალება ფულს იღებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებაში, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს მომხმარებელმა.

“იმ შემთხვევაშიც კი თუ ე.წ. „ნიუსს” მედიასაშუალება ავრცელებს იმიტომ, რომ კონკრეტულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რისთვისაც მედია შესაბამისს ანაზღაურებას ან მომსახურებას იღებს, ეს რეკლამას წარმოადგენს” - ამბობს ანდღულაძე.

ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ რეკლამაზე ვრცელდება რეკლამის განთავსების შესახებ ზოგადი მოთხოვნები: “რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა” - წერია “რეკლამის შესახებ” კანონში.

რეკლამის სარედაქციო მასალების გამიჯვნის საკითხი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშიც რეგულირდება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე მუხლის მიხედვით: “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან”.
კატეგორია - ეთიკა
26 ივლისს „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი ახალი ნარკოტიკული საშუალების შესახებ, რომელიც კუსტარულად მზადდება.

„გარდაუვალი სიკვდილი, ან სამუდამოდ შეზღუდული შესაძლებლობა“, - ამ სახელწოდებით სიუჟეტი „იმედის“ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. მასალაში საუბარია ახალ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც საქართველოში გავრცელებული მცენარისგან მზადდება. ჟურნალისტმა თქვა, რომ სპეციალურად არ ასახელებს მცენარის სახელს, თუმცა ამ მცენარის კადრები ბევრჯერ უჩვენა სიუჟეტში მაყურებელს. ვიდეომასალაში ასევე აღნიშნა, რომ ეს მცენარე გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ სახალხო მედიცინაში და მასზე ინფორმაცია მოიპოვება ძველ კარაბადინში.

მცენარე არ დაასახელეს, თუმცა მისი ვიზუალური ფორმისა და თვისებების ცოდნა შესაძლოა, საკმარის ინფორმაციას აწვდიდეს მისი დამზადების მსურველს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით: "დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00 საათამდე ან საბავშვო პროგრამებში". სიუჟეტი ეთერში გავიდა 22 საათსა და 04 წუთზე დაიწყო.

ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით კი დაუშვებელია ნარკოტიკების, საინექციო ხელსაწყოების, ნარკოტიკული ნივთიერებების მომზადების ტექნოლოგიის, გამოყენების პროცესის (იქნება ეს სოციალური კლიპი, დოკუმენტური ფილმი, ტელეგადაცემა თუ სხვ.) გადაცემა.

სიუჟეტში დასახელდა ის ნივთიერებები, რისი მცენარის ნახარშთან შერევის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მზადდება. სიუჟეტში ასევე, შორი ხედით ნაჩვენებია ინექციის კადრები. კადრებში ჩანს ერთჯერადი შპრიცებიც.
კატეგორია - ეთიკა
იყო თუ არა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები 19 წლის გოგონა ქორწინების ღამეს ქალწული? ამ კითხვაზე პასუხის ძიებას 26 ივლისის „იმედის კვირამ“ 13 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტიდან მაყურებელმა 19 წლის გოგოსა და მისი 34 წლის მეუღლის სექსუალური ურთიერთობის ყველა დეტალი დაწვრილებით შეიტყო. სიუჟეტის ყველა გმირი კი - თავად გოგონა, მეუღლე, მშობლები, მეზობლები - იდენტიფიცირებული იყო. სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული მოსაზრებები ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ.

მეუღლე და მისი ოჯახი ამბობს, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო, რის გამოც ის სახლიდან გააგდეს. გოგონა კი, როგორც მისი მშობლები და ადვოკატი ამბობენ, მეუღლეს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ დაქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია.

13 წუთიან სიუჟეტში ყველა რესპონდენტი, მათ შორის, ცოლ-ქმრის ოჯახის წევრები და მეზობლები, დეტალურად საუბრობენ წყვილის ინტიმურ ურთიერთობაზე, გოგონას მენსტრუაციულ ციკლზე, საქალწულე აპკზე. საქმეში უკეთ გასარკვევად კი მაყურებელს ექსპერტიზის არაერთი დასკვნაც წარმოუდგინეს.

სიუჟეტში, ოდნავ მოგვიანებით, ირკვევა, რომ გოგონა საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით მიიყვანეს: ტვინის შერყევა, ცხვირის ტრავმა, სისხლჩაქცევები თვალში. ტექსტის ფონად ნაჩვენებია გოგონას ფოტო, რომელზეც ფიზიკური დაზიანებებია აღბეჭდილი.

ჟურნალისტი ჯერ ქმრის ოჯახს ესტუმრა, შემდეგ კი გოგონას მშობლებს და ზედმიწევნით გამოიკვლია ცოლ-ქმრის თანაცხოვრების დეტალები.

„ამ ოთახში ინტიმური კავშირების შესახებ, დიდი თუ პატარა, ყველა დეტალურად ინფორმირებული იყო“ - ამბობს ჟურნალისტი და კამერა ცოლ-ქმრის ოთახს გვათვალიერებინებს, ბუნებრივია, მთავარი აქცენტი საწოლზეა.

საძინებელი მოგვიანებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა კადრში: „აი ეს ოთახი არის, აქ ეძინათ ახალდაქორწინებულებს“ - ამბობს გოგონას მული და ჟურნალისტსა და კამერას საძინებლისკენ მიუძღვება. ამჯერად საწოლი უფრო დეტალურად და ნათლად - ე.წ. პანორამული კადრით ვიხილეთ.

ჟურნალისტი გოგონას ოჯახს ესტუმრა. პირველივე კადრებიდან ჩანს მისი აღელვებული დედა, რომელიც სასწრაფოში რეკავს. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, გოგონა მომხდარის შემდეგ 4 თვე პრაქტიკულად, ლოგინადაა ჩავარდნილი, არ სურს კომუნიკაცია, არ გადის სახლიდან და ემართება შეტევები. ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ამაში დასარწმუნებლად კადრში სიუჟეტის გმირს, ლოგინად ჩავარდნილ გოგონას უჩვენებენ, რომელიც, როგორც კადრებიდან ჩანს, უგონო მდგომარეობაშია. დედამისი კი ხმამაღლა ქვითინებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ გოგონას ასე ხშირად ემართება და გონებას კარგავს. კადრებში ჩანს კიდევ ერთი ატირებული არასრულწლოვანი, რომელიც, სავარაუდოდ, ან ოჯახის წევრია, ან მეზობლის ბავშვი. თუმცა, ფაქტია, რომ მას მომხდართან კავშირი არ აქვს და გაუგებარია, რატომ მოხდა მისი იდენტიფიცირება.

თავად დაზარალებული გოგონას კომენტარი, სავარაუდოდ, მისი მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიუჟეტში არ არის, ამიტომ, არ ჩანს, ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს ამ სიუჟეტის მომზადების ნებართვა უშუალოდ დაზარალებულისგან აღებული.

გოგონა არა, მაგრამ სხვები: მისი და მისი მეუღლის მშობლები, და, მეზობლები, ადვოკატები მომხდარის შესახებ კამერის წინ დაუფარავად და ღიად საუბრობენ. ლოგინად ჩავარდნილი გოგონას კადრების შემდეგ კვლავ ქმრის ოჯახს გვიჩვენებენ. ეზოში 20-მდე მეზობელი ქალი შეკრებილა, ისინი კამერებთან საზოგადოებისთვის იმის ახსნას ცდილობენ, რომ რძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა, მეგრული წესის მიხედვით კი, ასეთ ქალს „უშვებენ“.

საბოლოოდ, სიუჟეტში გოგონას ისტორია უფრო გლობალური საკითხით სრულდება: ქალიშვილობის ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები. ჟურნალისტი საქართველოს ერთ-ერთ რაიონში ფრენბურთის თამაშით გართულ ახალგაზრდა ბიჭებთან მიდის და ეკითხება, მოიყვანდნენ თუ არა არაქალიშვილს ცოლად, ან რას იზამდნენ, თუ აღმოაჩენდნენ, რომ მეუღლე ქალწული არ არის. რესპონდენტები ერთ აზრზე არიან, რომ არაქალწული გოგონას ოჯახში არ მიიღებენ და ეს დიდ სირცხვილად ითვლება.

სიუჟეტის ბოლოს წამყვანი ეკა ხოფერია ამბობს, რომ რესპონდენტების სახეები არ დაფარეს, რადგან მათ თავად სურდათ საკითხის გაშუქება. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიამ საჯარო გახადა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას პირადი ცხოვრება.

„მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის“, “მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული თანახმაა და არსებობს საზოდოებრივი ინტერესი”, ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 50-ე მუხლში. „იმედის კვირის“ სიუჟეტში არ ჩანს, რომ ნებართვა ტელეკომპანიას უშუალოდ გოგონასგან აქვს მიღებული, (არ არის მისი არც ერთი კომენტარი წარმოდგენილი). გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი ამბობს და კადრებშიც ჩანს, დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია და საეჭვოა, რამდენად ცნობიერად მონაწილეობს ის ამ სიუჟეტში.

„ეს გახმაურებული რეალობაა“ - აჯამებს ჟურნალისტი სიუჟეტს, ამ დროს კადრში ჩანს გოგონა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება - „ამ გისოსებს მიღმა (კადრში ჩანს სასჯელაღსრულების დაწესებულება) სწორედ ამ რეალობის შემქნელი პიროვნება იმყოფება“ (ნათქვამია ქმრის სახელი და გვარი).

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, მამაკაცი ჯერჯერობით, მხოლოდ ბრალდებულია, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. ჟურნალისტი კი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ბრალდებული სიუჟეტში მოთხრობილი რეალობის შემქმნელია. მაუწყებელთა კოდექსის 48-ე მუხლში ვკითხულობთ: „დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის".

„გაუპატიურების ან სხვა სექსუალური დანაშაულის ნებისმიერ მსხვერპლს, გარანტირებული აქვს ანონიმურობა იმ მომენტიდან, როგორც კი ისინი ოფიციალურად დაადასტურებენ, რომ არიან ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი. ჩვეულებრივ დასაშვებია მხოლოდ იმ პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების ვინაობის დასახელება და ჩვენება, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი ამგვარი დანაშაულისთვის და დატოვეს საპატიმრო,“ - BBC-ს ეთიკის კოდექსი.

კიდევ ერთი დეტალია სიუჟეტის ეთერში გასვლის დრო. მართალია სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა მაყურებელს მიმართა და სთხოვა, რომ ბავშვები ეკრანისთვის მოერიდებინათ, თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ სიუჟეტი გავიდა 21 საათსა და 32 წუთზე. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 38-ე მუხლში ვკითხულობთ: „სექსუალური სცენებისა ან/და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20 საათიდან 23 საათამდე, გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით“.