„არა ომს, აირჩიე მშვიდობა“: სირცხვილის თეთრი ხაზი
14.10.2024
კატეგორია - ბლოგი


„ქართული ოცნების“ წლევანდელმა წინასაარჩევნო პლაკატებმა, სადაც აყვავებული ქართული გარემო და ომის შედეგებისგან განადგურებული უკრაინული ადგილები ერთმანეთის გვერდით არის ნაჩვენები, ძალიან ბევრი ადამიანი გააბრაზა საქართველოში. გააბრაზა ყველა, ვისაც აქვს ღირსების გრძნობა და ფუნდამენტური ადამიანური ღირებულებების რწმენა. ასეთი ადამიანები საქართველოში ბევრნი არიან, მაგრამ ფაქტია, მმართველმა პარტიამ კვლავ რეალობების დაპირისპირებაზე გააკეთა გათვლა და წლების განმავლობაში მოქმედ „აბა, მიშა გინდას“ სლოგანს „აბა, ომი გინდას“ სახით ახალი ჩანაცვლება მოუძებნა. მოსახლეობის რომელ სეგმენტზე და რა შიშების გაღვივებაზე მუშაობს „ქართული ოცნება“ ამჯერად?

დანგრეული უკრაინული აუზის და მისგან თეთრი, უსწორმასწორო სქელი ხაზით გამოყოფილი ქართული აუზის ბანერი პირველი იყო, რომელიც საბურთალოზე, ავტობუსიდან ჩამოსულს შემომხვდა. სხვა პლაკატები, სადაც საქართველოს უფრო პომპეზური პანორამები და ძეგლები უკრაინის დაბომბილ ქალაქებსა და ეკლესიებს უპირისპირდება, მანამდე ფეისბუკში ვნახე. აუზის თემაზე დამზადებული ბანერი მათთან შედარებით უბადრუკად გამოიყურება. სტერილურ სითეთრეში ჩაფლული ქართული აუზი გაცილებით მკვდარი, ემოციებისგან დაცლილი და განმზიდველია, ვიდრე დესტრუქციის ენერგიით დამუხტული უკრაინული აუზის ფოტო, რომელზეც სიკვდილთან ერთად წინააღმდეგობის სული და შესაბამისად, სიცოცხლეც გამოსჭვივის. მეორეცაა, რომ ბანერის ქართული კომპონენტის მშვიდობიანი და მკვდარი სიცარიელე ნამდვილად ირეკლავს რეალობას, სადაც ფასების სიძვირის გამო, საქართველოს მოქალაქეები უმეტესწილად ვერ სარგებლობენ აუზის მომსახურებით. ამიტომ, მარკეტინგული თუ გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ეს ბანერი მის შემქნელებს უდავოდ ჩაუვარდათ.

და მაინც, ვირტუალურ ველში ნანახთან შედარებით, წინასაარჩევნო მარათონის ამ ამაზრზენი ფანდის ქუჩიდან ყურება გაცილებით შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მას ნახულობს ყველა, ვისაც აქვს ან არ აქვს ჭკვიანი ტელეფონი, ვინც სარგებლობს ან არ სარგებლობს ინტერნეტით, ვინც უყურებს ან არ უყურებს ტელევიზორს, ვინც დადის მანქანით და ვინც დადის ფეხით. უყურებს დღეში ერთხელ, დღეში ხუთჯერ, დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც სამარცხვინო ბანერს აუვლ-ჩაუვლის. უყურებს ყველა, ვისაც ამ ქვეყანაში ომის სისასტიკე გამოუვლია და უყურებს უკრაინიდან ომის შედეგად გამოქცეული ბავშვიც. აი, ამ ადამიანების დასაშინებლადაა განკუთვნილი მმართველი პარტიის მორიგი საფრთხობელა.

„ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, ბანერებზე გადმოცემული პოლიტიკური მესიჯი მოქალაქეების ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს და ერთგვარ მანტრად იქცეს. სწორედ თემის ბანალიზებაზე, სამოქალაქო გრძნობების დაჩლუნგებაზე აკეთებს გათვლას მმართველი პარტია, რომლის მიზანი ერთი მხრივ, თავისი მოქალაქეების ომით დაშინება და ომის ამრიდებელი მთავრობის იმიჯის განმტკიცება, მეორე მხრივ კი, საკუთარი ქვეყნის შენარჩუნებისთვის ბრძოლის იდეის შელახვაა. ამ ბანერებით დემოკრატიულ დასავლეთთან დაპირისპირებული და რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოს მთავრობა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, თავისუფლება არ უნდა დაიცვა, უნდა იცხოვრო ჩუმად და მორჩილებაში, გადაუსვა ხაზი ყველაფერს, რითაც შენმა ხალხმა დღემდე მოაღწია, დაივიწყო ბოლშევიკური (წაიკითხე როგორც რუსული) ტერორის ყველა გვამი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა გაუთხრელ ჯგუფურ საფლავებში აქამდე ერთმანეთში აზელილია.

პროპაგანდისტული ბანერების დამზადებისას „ქართული ოცნება“ საბჭოთა ტრადიციას დაესესხა. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში პოლიტიკურმა პლაკატმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასებზე გავლენის მოხდენისა და მოქალაქეების ინდოქტრინაციის საქმეში. აღსაქმელად მარტივ, მაგრამ მძლავრი ვიზუალური ნიშნებითა და პოლიტიკური ტექსტით ზემომქმედ ამ მასობრივი გავრცელების იარაღს, რომელიც შთაბეჭდილების სწრაფად მოხდენაზე იყო ორიენტირებული, საბჭოთა ხელისუფლება მთელი მისი არსებობის მანძილზე იყენებდა — დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ვიზუალური ხელოვნების ფორმებს შორის პლაკატი აგიტაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად იქცა. ამ პლაკატებზე ხშირად იყო ასახული მტერი და მასთან დაუღალავად მებრძოლი საბჭოთა მოქალაქე. მტერი ხან კაპიტალისტის მანტიაში იყო გახვეული, ხან მღვდლის, ხან კულაკის, ხანაც პროლეტარიატის წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური ჯარისკაცის. იმპერიალიზმის დამქაშებად მონათლული ყველა ეს სახე-ხატი ძალიან ახლოსაა გლობალური ომის პარტიის ცნებასთან, რომელზეც „ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე თვეა მუდმივად ლაპარაკობს. საბჭოთა მეხსიერების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგად ნაცნობი „იმპერიალიზმის დამქაშები“ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მარტივად ჩაანაცვლა „გლობალური ომის პარტიით“ და კვლავაც, მოქნილად გამოიყენა ბოლშევიკების მიერ ნაცადი პარანოიული რიტორიკა, რომელიც მოსახლეობას შეთქმულების თეორიის ბუნდოვანებაში ახვევს და წარმოსახვითი მტრის ხატით აშინებს.

საერთოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტაქტიკა დასაწყისიდანვე რეალობათა შეპირისპირების პროპაგანდისტულ მეთოდს ემყარებოდა. პარტიამ პოლიტიკური იდენტობა მთლიანად მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდთან დისტანცირების ფუნდამენტზე ააშენა და ე.წ. „სისხლიანი ცხრა წლის“ ალტერნატივად პოზიციონირება არც მმართველობის მეთორმეტე წელს შეცვალა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოქალაქეებში შიშის დასათესად და გასაღვივებლად „ოცნებამ“ ახალი არგუმენტი გამოძებნა და სწორედ ამ ბოლოდროინდელი ტაქტიკის ილუსტრირება ვიხილეთ წინასაარჩევნო ბანერების სახით.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბანერებზე ასახული ომისა და მშვიდობის კადრების შედარება მოსახლეობისთვის სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას წარმოადგენს. ომის გაჩაღების საშიშროებაზე აქცენტის დასმის პარალელურად  „ქართული ოცნება“ ომისაგან დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების გარანტად წარმოაჩენს თავს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის კრიტიკულ მასას ომგამოვლილი ადამიანები შეადგენენ.

შედარებით ახალგაზრდა გენერაციის იმ ნაწილის გარდა, ვისაც ომი უშუალოდ არ შეხებია, საქართველოში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, ვის მეხსიერებაშიც 1990-იანი და 2008 წლის ომების ტრავმები ღია ჭრილობებად არის დარჩენილი. სწორედ ამ ადამიანების ძალიან დიდ აუდიტორიას მიმართავს მმართველი პარტია ბანერებზე დიდი ასოებით დაბეჭდილი მესიჯით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ტრავმირებული ადამიანებით მანიპულაცია და მათი ემოციებით თამაში „ქართული ოცნების“ დესტრუქციული პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. „ოცნება“ ცდილობს პარტიის სასარგებლოდ ხმის მისაცემად შიშით მოახდინოს ადამიანების მობილიზება. შესაბამისად, მმართველი პარტია საკუთარ თავს განიხილავს არა ძლიერი სამოქალაქო პოზიციების, სოლიდარობის, დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობისა და ლიბერალური ფასეულობების მქონე ადამიანების, არამედ დაშინებული საზოგადოების მთავრობად და მეორე მხრივ, ამით თვითდისკრედიტაციასაც ეწევა.

არ ვიცი, ბოლოს რომელმა პოლიტიკურმა შანტაჟმა, ირაკლი კობახიძის რომელმა ცინიკურმა კომენტარმა ან ქალაქის მერის, კახა კალაძის რომელმა მორიგმა უტიფარმა ფრაზამ გამაბრაზა ისე, როგორც ზემოთხსენებული საარჩევნო ბანერების გამოჩენამ. ღირსების შემლახავია იმის განცდა, რომ მთავრობა გიყურებს როგორც პლასტელინის მასალას, რომლისგანაც ყველაფერი შეუძლია გამოძერწოს. მაგრამ პოლიტიკაში დარჩენისთვის თავგადაკლულ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ჩვენ, ომგამოვლილმა ადამიანებმა, ყველაზე კარგად ვიცით, რომ პირდაპირი თუ ირიბი სახით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში წარმოებული ომების უკან ყოველთვის რუსეთი იდგა. ჩვენ, ვისაც თბილისის ღამეული ფეიერვერკები და სამხედრო აღლუმებზე სადემონსტრაციოდ გამოყვანილი თვითმფრინავის ძრავის ღმუილი გვაშინებს ისე, თითქოს ბავშვები ვიყოთ, ყველაზე კარგად ვიცით ომის ფასი, მაგრამ პირველ რიგში, ვიცით ფასი მშვიდობისა და კეთილდღეობისა, რომლისკენაც მიმავალ გზაზე ცხრათავიანი გველეშაპივით გვეღობება დღეს „ქართული ოცნება“.







ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ