რატომ ვუყურებ „იმედს“ და როგორ დავკარგე მეგობრები
07.11.2024
კატეგორია - ბლოგი


წერა იმით რომ დავიწყო, რას აშავებს „იმედი“, როგორ არ იცავს მედიაეთიკას და სტანდარტს, როგორ იტყუება და შავზე თეთრს ამბობს. ან უფრო შორიდან რომ მოვყვე, რამხელა ძალა აქვს პროპაგანდას და რა ზიანს აყენებს ეს პროპაგანდა ქვეყანას, დიდხანს გამიგრძელდება და თანაც ეს სხვებს ჩემზე უკეთ შეუძლიათ. მე დავწერ ადამიანებზე.

„იმედის“ საინფორმაციოს ფბ ლაივებს ვუყურებ ხოლმე, ხან ცალკე სიუჟეტები ამომიხტება და ხან ნიუსები, ვერაფერს და არაფერს თვალს არ ვარიდებ. ჯიუტად ვკითხულობ ყველა ნიუსს, ვუსმენ წამყვანს და ჟურნალისტებს, რომლებსაც კარგად ვიცნობ და ნელ-ნელა გადამდის იმედგაცრუებაც და ბრაზიც.

ადრე სხვანაირად იყო.

ბოლო ოთხი წელია ვაკვირდები, როგორ იცვლებიან ადამიანები, ეცვლებათ ხმა, რიხი, გარეგნობა, ლექსიკა, სტილი. ვიხსენებ, როგორები იყვნენ ადრე, როცა ერთად ვმუშაობდით, შვებულებებს ერთად ვატარებდით, ღამის 12 საათზე დაბადების დღეებს ვულოცავდით ერთმანეთს, საერთო ჩატები გქონდა, შუაღამამდე ვგეგმავდით გადაცემებს სოციალურ თემებზე, ვმუშაობდით და გვიხაროდა ყველა კრიტიკული და კარგად გამოსული სიუჟეტი. რამ შეცვალა ადამიანები? თუ რამ შემცვალა მე.

„იმედზე“ კრიტიკული ფეისბუკ პოსტების გამო პერიოდულად ვიღებ შენიშნვას, რომ ჩემს მეგობრებს ვაკრიტიკებ, ჯერ თავს ვიმართლებდი, მერე აღარ ვპასუხობდი, ახლა აღარც მაინტერესებს.

თავიდან იმაზე ვფიქრობდი, რა იქნება, პირადად როცა შევხვდები? რას ვეტყვი? როგორ მივესალმები? აი, მაგალითად, საერთო ნათლულის ან ნაცნობის გამო რომ შევხვდეთ, რა იქნება მაგ დროს? ჯერ თავში ვალაგებდი ამ შეხვედრებს, ახლა აღარც ეგ მაინტერესებს.

იმიტომ რომ აგენტების კანონის გამო საპროტესტო აქციაზე გასულ ახლადნაოპერაციებ მამაჩემს „ჩემმა მეგობარმა“, რომელიც ჩემს ოჯახს იცნობს, რადიკალი უწოდა.

ჩემს დას, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან ქალების და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებაზე მუშაობს, „მეორე მეგობარი“ უცხოეთის აგენტს ეძახის.

ჩემს მეგობრებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს კრიტიკულ მედიაში და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამო იდევნებოდნენ, მაშინდელ „იმედზე“ მომუშავე ჟურნალისტები „ნაცებს“ ეძახიან.

და ვხედავ ჩემს ყოფილ უფროსს, რომელიც ეთერში იტყუება, რომ ოპოზიციის ლიდერი მის მიერ დაგეგმილ შეკრებაზე არ მისულა.

ვუყურებ ჩემს „კოლეგებს,“ რომლებიც ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს, რადიკალებს გვეძახიან და ეთერში დაუმონტაჟებლად უშვებენ „ოცნების“ წევრებისა და „იმედის“ სტუმრების სიძულვილის გამავრცელებელ კომენტარებს.

ბოლო წლებია ვაკვირდები, როგორ ცვლის რეჟიმი მედიას და პასუხი არ მაქვს, როგორ იქცნენ ჟურნალისტები, ეს ადამიანები პროპაგანდის მთავარ გამტარებად. როდის შეწყვიტეს კრიტიკული აზროვნება. როდის დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ მათი პირით საუბარი და რას ფიქრობენ, მარტო რომ რჩებიან.

„იმედის“ დაწყებულმა „მშვიდობის კამპანიის“ პროპაგანდამ მოქალაქეების ნაწილს რუსების მოკლული თამაზ გინტური, გია ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი დაავიწყა.

რეჟიმი ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველები არ არსებობენ. შესაბამისად, 13 აგვისტოს ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილ ექვსი წლის ტყუპებზე „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არაფერი უთქვამთ.

„იმედმა“ სახელისუფლებო წინასაარჩევნო კამპანიის - „გარეჯი საქართველოა“ გასამართლებლად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე ათეულობით ცილისმწამებლური სიუჟეტი გააკეთა და მათ სამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკერა, მაშინ როცა გავრილოვის მასპინძლებზე ერთი კრიტიკული სიტყვაც არ დასცდენია.

„იმედმა“ არ დაინდო ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავას ხსოვნა.

და ახლა ჩვენ თვალწინ ახალი მსხვერპლი - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ჰყავს და ვუყურებთ, საათში რამდენჯერ ავრცელებენ მასზე ყალბ ინფორმაციას. თან პრევენციულად აფრთხილებენ სხვა მოსამართლეებს, რა მოელით მათ, თუ „ოცნების“ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილებიან.

ორ წელზე მეტია ვუყურებთ, როგორ აშუქებს „იმედი“ უკრაინის ომს და ვხედავთ, რომ მათი პოლიტიკა ერთი ერთში ემთხვევა რუსულ ნარატივს.

2024 წლის თებერვალში ბრიტანეთში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით (Institute for Strategic Dialogue (ISD), რუსული სამთავრობო მედია უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხ მნიშვნელოვან ხაზს ავითარებს: 1. მუდმივი აქცენტი იმაზე, რომ უკრაინა სათანადო სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ვერ მიიღებს; 2. უწყვეტად მაუწყებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანციის გაძლიერების საჭიროებაზე; 3. შეუზღუდავად აშუქებს კრემლთან დამეგობრებული ევროპული პარტიების აქტოვობებს და მათი არჩევნების შედეგებს; 4. ასევე, უწყვეტად საუბრობს და მაყურებელს თავს ახვევს მითს ევროპული ღირებულებების ორმაგ სტანდარტზე, განსაკუთრებით კონფლიქტების კონტექსტში.

რატომ ვუყურებ მაინც?

რომ ვნახო, როდის გამომაცხადებენ ჩემი ყოფილი მეგობრები უცხოეთის აგენტად, რადგან გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ.

როდის შეგვაპარებენ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ჩემი დის, დაჭერისა და დასჯის ამბავს ჩემი ყოფილი მეგობრები.

როდემდე იქნებიან უკრაინის ომში რუსეთის მხარეს. როდის აჯობებენ რუსულ და ჩრდ. კორეულ მედიას. კიდევ რაზე წავლენ და რისთვის.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ