მარწყვის ტორტის სამართლებრივი გემო
08.11.2024
კატეგორია - ბლოგი



მთავარი, რაც პოსტსაარჩევნო კონტექსტში მნიშვნელოვნად მეჩვენება, ეს არის სახელისუფლებო მედიის და განსაკუთრებით, „იმედის“ კარგად დაზეთილი პროპაგანდისტული მანქანის არსებობა, რომელიც წლების განმავლობაში გამართულად სწორედ ხელისუფლების მესიჯებითა და იდეოლოგიით მუშაობს. ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი და ასევე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი მესაკუთრე, ირაკლი რუხაძე არც მალავს კავშირს ხელისუფლებასთან და „იმედის კვირის“ ბოლო გადაცემაში გასულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს: 

„სანამ სააკაშვილი და სანამ ეს ოპოზიცია არსებობს (და იმედი მაქვს, ოპოზიცია და მათი ქართველი დამფინანსებლები და უცხოელი „წყემსები“ ვერ დაბრუნდებიან), ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ. იმიტომ, რომ ეს ხალხი თუ მობრუნდა, ისევ მოაწყობენ ახალ 7 ნოემბერს და ისევ ტელევიზიებს დახურავენ. ეს არის „იმედის“ აბსოლუტური ამოცანა - არ მოვდუნდეთ და ეს ხალხი არ მოუშვათ ტელევიზიაში და ხელისუფლებაში“.

ბატონ რუხაძის იდეოლოგიურ  გზავნილს, შესაშური სინქრონულობითა და გაფუჭებულ-ჩახვეული მაგნიტოფონივით ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძეც: „ცხადია, რომ „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია, სინამდვილეში ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილებია. ოთხივე მათგანი ერთია. ისინი გაკოტრების შიშით ეძებენ უცხოელ პატრონებს, რომელთაც პარტნიორებს უწოდებენ. მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს ოთხი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია ოპოზიციის ფლანგზე ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“... 

და იქვე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუშვილი,  რომელიც თავისი შინნასწავლი ცინიზმით „იმედთან“ ამბობს:  „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შეიძლება ოპოზიციამ თავად აიკრძალოს თავი და ჩვენი გადაწყვეტილება სულაც არ დასჭირდეთ. ერთი დაპირება უკვე შევუსრულეთ ამომრჩეველს - ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. რაც შეეხება გაუქმებას, დაველოდოთ, შეიძლება თავი თვითონ გაიუქმონ“. 

„იმედის“ მთელი პროპაგანდისტული და კარგად აწყობილი  საინფორმაციო ველი - სუბიექტური და დამახინჯებული ნიუსებით, „იმედის კვირის“ მოზრდილი სიუჟეტებითა და „შესატყვისი“ სათაურებით („რადიკალების ტრაგიკომედია“, „დამარცხებულების აგონია“, „რადიკალების საბოტაჟი“, „ინსტრუქცია მარცხისათვის“), სინამდვილეში დიდი ხანია ემსახურება სწორედ ირაკლი რუხაძისა და სახელისუფლებო პარტიის ერთიან იდეოლოგიას - გააქრონ საკუთარი საინფორმაციო სივრციდან ამბები მრავალპოლუსიანი ოპოზიციური პარტიების შესახებ. თან რაც შეიძლება ხშირად გაიმეორონ, რომ ყველა პარტია სინამდვილეში ერთია, რომ ყველა „კოლექტიური ნაცია“!.. ცხადია, გამორიცხულია მათი დაშვება და მონაწილეობა „იმედის“ გადაცემებში, თოკ-შოუებსა და რაიმე ფორმით დებატებში. 

ეს თავისთავად ნიშნავს პოლარიზებული ტელემედიის არსებობას და ხელშეწყობას ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ბატონი რუხაძე ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მთავარია „ის ხალხი არ მოუშვათ ტელევიზიაში“! და ბუნებრივია, როცა სატელევიზიო სივრცეები ისეა დანაწილებული, რომ ყველა არხმა თუ ტელეკომპანიამ ზეპირად იცის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების პოზიციები, მათი განწყობები თუ მხარდამჭერები, არამედ სამოქალაქო სექტორისა და უბრალოდ, აქტიური მოქალაქის პოზიციაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წლებია არც მიდიან ოპოზიციურ ტელევიზიებში, ხოლო ოპოზიციას უბრალოდ, არ უშვებენ სახელისუფლებო მედიაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირება, ასევე მოქცეულია იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რაც აისახება მის საინფორმაციო პოლიტიკასა და გადაცემებში. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელის „ტრავმები და ფანტომები“ პოლიტიკურ კონტექსტში, ცალკე და საფუძვლიანი საუბრის თემაა...

ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ სისტემაში, სადაც უფლებები და თავისუფლება შეზღუდულია, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის პასუხისმგებლობაც გამქრალია; თითქოს ის ბუნებრივადაც არ არსებობს. ხელისუფლებამ ინსტიქტურად უკვე იცის, რომ ტოტალიტარიზმი მედიის კონტროლისა და პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია და ამიტომ ცდილობს ოპოზიციის დისკურსი, მისი არსებობა საინფორმაციო სივრცის მიღმა დატოვოს, გაანადგუროს, ან „ჭორ-ნიუსებს“ მიუგდოს საჯიჯგნად. ამიტომაა, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიცია ვერ აიღებს პასუხისმბგებლობას საკუთარ შეცდომასა და ჩავარდნებზე... 

7 ნოემბერს შესრულდა 17 წელი „იმედის“ დარბევიდან და ცხადია, ტელეკომპანიამ „იმედის კვირაში“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ, ამ მართლაც გამოუსწორებელი ზიანის მქონე აქციას. თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის დაარსებულმა და როგორღაც დამოუკიდებელი გზით მავალმა მედიამ ბოლოს დროს ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ ალბათ „მკვდარასაც კი გაეცინება“. მაგრამ როდესაც ბატონი რუხაძე პათეტიკურად ყვებოდა „იმედის“, როგორც დამოუკიდებელი მედიის ისტორიის შესახებ, დაავიწყდა ისიც ეთქვა, რომ როცა 2018 წელს მისი მფლობელი გახდა, იმ დროიდან „იმედი“ უბრალოდ სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარ მედროშედ იქცა.

რუხაძე ხშირად ახსენებდა სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიას თუ ბოკერიას გვარებს; სულ უნდა გვახსოვდეს 7 ნოემბერიო... მაგრამ არ გახსენებია სად იყვნენ და რომელ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ სწორედ მაშინ მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი  მიქანაძე, რომელიც მთლად ადეიშვილის მოადგილე იყო. არც ის უხსენებია, ვისი ფულით ნაყიდი ფორმები ეცვათ სპეცრაზმს, რომელიც დარბევაში მონაწილეობდა...არც იმ მიზეზების შესახებ უთქვამს, რატომ უჭერდნენ მხარს ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე მხარს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს!..კიდევ ბევრი რამე არ თქვა, ან დაავიწყდა.

„ეს უკვე გადაშლილი ფურცელია, მაგრამ ისტორიის გამეორების საფრთხე ყოველთვის არსებობს“ - დაამატა სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა. ჰო, ნამდვილად არსებობს, თუ ხელისუფლება გაყალბებულ არჩევნებს დაიკანონებს, ერთპარტიულ პარლამენტს საკუთარ გასართობ კლუბად აქცევს, ხოლო ივანიშვილი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ანუ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოაშთობს და მერე მათ ხურდაში ოპოზიციურ მედიებსაც მიაყოლებს. თუმცა იმედია „იმედის“ ჟურნალისტის გაფრთხილება მხოლოდ ამ პროპაგანდის საარქივიო მასალად იქცევა და არა რეალობად.

ჩაროზად, მწერალ ელზა გურგენიძის „მარწყვის ტორტის“ შესახებ, რამაც ისე შეაძრწუნა „იმედის“ საინფორამციო სამსახური, რომ უნებლიედ ისტორიული ქარდი გამოაცხვეს: „მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც თეთრიწყაროს რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა, ცოლი მარწყვის ტორტის გამოცხობას შეჰპირდა. მოსამართლის ცოლი, ელზა გურგენიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“.  

აი, ხო ნამდვილად დაუჯერებელია თავად ნიუსის შინაარსი და ლამის პაროდიას ჰგავს... არადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 24-საათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სადავო უბანზე, ძალაში დატოვა. 

მოკლედ, შესანიშნავი რომანის, „ზაოდის“ ავტორმა და „ოპოზიციის ატივისტმა“, ელზა გურგენიძემ (რომელსაც სხვათა შორის, „იმედმა“ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების აქციაზე ყოფნაც გაუხსენა), მარწყვის ტორტი ტყუილად გამოუცხო მოსამართლე ქმარს. სამაგიეროდ, ამ ტორტის სამართლებრივი და პროპაგანდისტული „გემოც“ და  მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქმეც, ისტორიაში ნამდვილად შევა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ