„ოცნებების სასაფლაოდან“ – „ქართულ ოცნებამდე“
12.11.2024
კატეგორია - ბლოგი


ოთხშაბათს ვუყურე გოგა ხაინდრავას... ფილმს... ნუ, ფილმს კი არა, პროპაგანდისტულ იგავ-არაკებს „სიბრძნე სიცრუისა“, რომელშიც აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სიბრძნე და სიცრუე, რომელსაც ფაქტებად ასაღებს „ლე ხაინდრაო" და ტელეკომპანია „იმედი“. ამავე ტელეკომპანიის ეთერში ხაინდრავამ ისიც აღნიშნა, რომ ფილმი პორნოლიბერალიზმზეა. პრინციპში, როდესაც შენი ქვეყნის სამი ფორმალური (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) და მეოთხე არაფორმალური ხელისუფლება (სახელისუფლებო მედია) ჯგუფურად „აუპატიურებს“ ლიბერალურ ღირებულებებს და დემოკრატიას, სხვა რა ასოციაცია უნდა დაგრჩეს თუ არა პორნოგრაფიის! 

ამ პროპაგანდისტული ფილმის მიზანი ერთია - გააშავოს დასავლეთი, ევროპა, არასამთავრობო სექტორი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და გაათეთროს “რუსული ოცნება,” რომლისთვისაც „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინრობა ძალაა“. აფხაზეთის ომზე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის - „ოცნებების სასაფლაო“ რეჟისორი დღეს უკვე თამამად ასამარებს საქართველოს მოქალაქეების ოცნებებს - ახლო მომავალში გახდნენ ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. 


დასკვნა N1: „იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე.”


რა გავიგეთ ამ ფილმით? ის, რომ ხაინდრავამ და მისმა სარედაქციო კოლეგიამ - ნათია ბერიძემ და ვატო შაქარაშვილმა (სხვებს ვერ ვიხსენებ) იციან მონტაჟის საფუძვლები და კინოს ისტორია. ეს რომ არა, აბა ასე კარგად როგორ გამოიყენებდნენ „კულეშოვის ეფექტს“. “კულეშოვის ეფექტი” იცით რა არის? აი, მონტაჟის ოსტატებმა რომ აიღონ და თქვენი ბედნიერი სახის გამომეტყველება დაუკავშირონ გარდაცვლილი ბავშვის კადრს და ასე შექმნან თქვენი უარყოფითი იმიჯი იმაზე მინიშნებით, რომ არ გაქვთ ემპათია და ხართ გულქვა ადამიანი. თავის დროზე რეჟისორმა ლევ კულეშოვმა ახლო ხედით გადაიღო მსახიობი მოზჟუხინის სახე და დაამონტაჟა ჯერ წვნიანით სავსე თეფშთან, შემდეგ კი ბავშვის კუბოსთან. ცხადია, ორივე შემთხვევაში იცვლებოდა კონტექსტიც და ქვეტექსტიც. 

ზუსტად ამას აკეთებს ხაინდრავა, როცა „რუსული კანონის“ მიღებით გაბრაზებული ადამიანების ქმედებას და კონტექსტიდან ამოგლეჯილ საჯარო გამოსვლებს ამონტაჟებს სასურველ კონტექსტში და იყენებს მედია ჩარჩოს (ფრეიმს) მაყურებლის განწყობების ჩამოსაყალიბებლად. გარე თვალისთვის ისე ჩანს, თითქოს მთელი ქვეყანა შეიშალა - უმიზეზოდ წვავენ ზონდერბრიგადებად ქცეული პოლიციის მანქანებს; ამსხვრევენ მინებს პარლამენტში; ესვრიან ქვებს სამართალდამცავებს; ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. და არსად ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მთავარია, რომ მაყურებელი იწყებს მორალურ განსჯას, რაც არის ამ ფილმის მთავარი მიზანი. ხაინდრავამ მშვენივრად იცის, რომ ფრეიმინგი არის შერჩევითი რაკურსი და მისი ზემოქმედების ქვეშ გაუთვითცნობიერებული მაყურებელი ყოველთვის არაცნობიერ დონეზე ამუშავებს ამოფარებულ პროპაგანდას. ხაინდრავა იმდენჯერ ახსენებს ფილმში FARA-ს, რომ თავისი მაყურებელიც აშკარად ცხვრის ფარა ჰგონია - მორჩილი, დამყოლი, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას მოკლებული ცხვრის ფარა, რომელიც ვერ დაინახავს ცხვრის ტყავში გახვეულ მანიპულატორ მგელს. ხაინდრავას მთელი ფილმი ერთი დიდი „კულეშოვის ეფექტია“ და მეტი არაფერი. 


დასკვნა N2: „თუ...მაშინ...“


თუ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, მაშინ დაისჯებით.

თუ იბრძოლებთ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ნატოში გაწევრიანებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ოკუპაციის შეჩერებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ქვეყნის ოკუპირებული ნაწილის დაბრუნებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ენერგოდამოუკიდებლობას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მაშინ დაისჯებით.

ღმერთო, გვესროლე მეტეორი!

უკვე დაგავიწყდათ? „თუ... მაშინ...“ სერიოზული არგუმენტია, მით უმეტეს მაშინ, როცა თვალსაჩინოებისთვის „არა ომს!“ – „აირჩიე მშვიდობა“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია და პირდაპირ და ირიბი გზით გეუბნება შენ, დაშინებულ ამომრჩეველს, რომ „თუ შეცვლი“ ამ ტოქსიკურ რეალობას, „მაშინ დაისჯები“ უკრაინასავით. ხაინდრავას პროპაგანდისტული ფილმიც ამ გზავნილით სრულდება. უბრალოდ ხაინდრავა კაპიტულანტურ პოზიციას უწოდებს „სიბრძნის დასამაბს“.

„მართლა ძალიან მშურს უკრაინელების“, - ამბობს ერთ-ერთ დამონტაჟებულ კადრში ჩემი და, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და ეს კომენტარიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან, რადგან ნანკას „შურს“ უკრაინელების ბრძოლისუნარიოანობის, თავისუფლებისადმი ლტოლვის, მიზანდასახულობის, ერთობის, ნებისყოფის, გამძლეობის... მაგრამ ამას ვერ გააგებინებ ხაინდრავას, რომელიც შემდეგ იგავს „საშური...“ იწყებს უკრაინის დაბომბვის, ნანგრევებად ქცეული ქვეყნის და უკრაინელი მებრძოლების ძმათა სასაფლაოს კადრებით. და მისი ლოგიკით, მაყურებელმა არ უნდა იკითხოს - ვინ ბომბავს უკრაინას ამ კადრში? რატომ ბომბავენ? ვინ არის ამ კადრში მსხვერპლი და ვინ არის ბოროტმოქმედი? ბრავო. აპლოდისმენტები.


დასკვნა N3: “რაც მეტჯერ გაიმეორებ ტყუილს, მას უფრო მეტი აღიქვამს სიმართლედ.“

 
„უნდა ავკრძალოთ ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში“, —  ჰპირდებოდნენ კასპელებს “ქართული ოცნების” კანდიდატები. მერე რა, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია. დავპირდეთ, ჩვენი რა მიდის. აბა, ბიჭო, გლეხი წელში ვერ მოხრილა ყანაში ამათი შიშით - საიდან ჩამოჰკრავს მოულოდნელად უბედურების ზარი, არავინ იცის… ხომ გსმენიათ ფენტეზის ჟანრის სტატისტიკა - “ადრე ერთ მამაკაცზე 3-4 ქალი მოდიოდა”, ჰოდა, ახლა ერთ მამაკაცზე 3-4 გეი მოდის! მააშ! მარტო კასპი კი არ არის ამ დღეში! აბაა! სხვათა შორის, ხაინდრავა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის „გაშავებას“ და დისკრედიტაციას რომ ცდილობს ამ თავის ფილმში - აქაოდა, როთი ჰომოსექსუალია და მის სიტყვას არ აქვს ფასი ქრისტიანი, მართლმადიდებელი საზოგადოებისთვისო, ალბათ, ახსოვს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პორნოსაიტის PornHub-ის 2017 და 2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან შემოსული მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ლესბოსელების შესახებ გადაღებულ პორნოფილმებს. შემზარავი რეალობაა! ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ძუძუში რძე ჩამიდგა! ხაინდრავასთვის და ტელეკომპანია „იმედისთვის“, რომლის ეთერშიც დიდი ზარ-ზეიმით გავიდა ხაინდრავას ფილმი, ქვეყანაში კრიტიკული აზროვნება დეფიციტშია. სხვანაირად ვერ ვხსნი ამათ ლოგიკას, როგორ შეიძლება თან იმას ქადაგებდე, რომ „ევროპა გაპიდარასტებს“ და თან იმას ჰპირდებოდე დაშინებულ მაყურებელს და მოსახლეობას, რომ „2030 წელს მაინც შევალთ ევროკავშირში!“, თანაც „ღირსებით“. თან რომელ ევროკავშირში იცით? აი, გულმოდგინედ რომ აშავებენ ფერადი პასაჟებით, რომელშიც ჩანს საფრანგეთში 2024 წელს ჩატარებული ოლიმპიადის პერფორმანსი, სადაც აშკარად არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები მონაწილეობენ. და ეს არის ფილმის ავტორებისთვის „კოლექტიური დასავლეთი“, რომელიც შეუთავსებელია ქართველების ღირებულებებთან. არადა ამ შემთხვევაშიც ხაინდრავა და ტელეკომპანია „იმედიც“ ფსონს კრიტიკული აზროვნების დეფიციტზე აკეთებენ, რადგან იმედოვნებენ, რომ მაყურებელი ჩაყლაპავს ამ სალაფავს და ცხვრის მორჩილებით ირწმუნებს პროპაგანდას. არადა ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა: საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი. ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნიათ. არცერთი არ „გაპიდარასტებულა“. მეტიც, ევროკავშირის სულ მცირე 10 ქვეყანაში (პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ხორვატია, უნგრეთი, იტალია) არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ინერვიულოს ხაინდრავამ და თითიდან გამოწოვოს ხელოვნური პრობლემები და არარსებული საფრთხეები. მთავარი ამოცანაც ხომ ის აქვს, რომ დეზორიენტირებულმა მაყურებელმა სხვა მიმართულებით წარმართოს დაგროვილი აგრესია.


დასკვნა N4: “ძაღლი შინ არ ვარგოდაო - სანადიროდ გარბოდაო.” 


ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ალბათ, კი - ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მხოლოდ 91-ე ადგილზეა. ოკუპანტი ქვეყანა, ხაინდრავას მიერ გაკრიტიკებული და გაქილიკებული დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთიც კი გვისწრებს ბედნიერების მაჩვენებლით. თუმცა, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ...“, - აღნიშნა ერთხელ კრიტიკულად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ და ალბათ, გოგა ხაინდრავა იგულისხმა, რომელიც ხედავს სხვა ქვეყნების მცირე ნაკლსაც კი, მაგრამ საქართველოში ასი ქარხნის გუგუნი და ეკონომიკის დუღილი არ აძლევს საშუალებას კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე. 

არადა, რამდენი ფილმის სიუჟეტი შეიძლება ამოიკითხო ამ ტრაგედიაში ნიჭიერმა რეჟისორმა: 2023 წლის სექტემბერში, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ყოფილი მეუღლე და სიდედრი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაუსრულებელი სერიალის სიუჟეტსაც კი მივცემ ხაინდრავას იმისთვის, რომ მოყვეს კონკრეტული ადამიანების ისტორიები: 

2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს!

2019 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს!

2020 წელს საქართველოში 27 ქალი მოკლეს!

2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს!

2022 წლის მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 23 ქალი!

2023 წელს, მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 13 ქალი!

2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში რვა ქალი მოკლეს

ქალებს კლავენ ქმრები!

ქალებს კლავენ ყოფილი ქმრები!

ქალებს კლავენ ყოფილი პარტნიორები!

კლავენ საჯაროდ და ხმაურით - ქუჩაში და ავტობუსებში!

კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!

და ამაზე ფილმსაც არავინ იღებს!

ხაინდრავა თავისი ფილმის ფინალში გველაპარაკება „ოჯახის სინწმინდის დღეზე“. მაგრამ მე რაღაც დამაკლდა ტიტრებში. მეტი დამაჯერებლობისთვის დავურთავდი ამონარიდს: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1%-ის აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%-ის აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1%-ი გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7%-ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…”

მაგრამ მართლმადიდებელ და კონსერვატიულ საქართველოში ყველა ბოროტების საფუძველი ხომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებშია, რომლებზეც ამახვილებს ყურადღებას თავის პროპაგანდისტულ ფილმში ხაინდრავა. აბა რა, აბა რა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ