საქართველო
კატეგორია - საქართველო

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, რაც არაერთხელ საპროტესტო აქციებით გამოიხატა.

ასევე, აღსანიშნავია ის ნეგატიური კამპანია, რაც ჟურნალისტების მიმართ უნდობლობის და აგრესიის კულტივირებას ემსახურება. მედიის წარმომადგენლების მიმართ, გამიზნული ფიზიკური ანგარიშსწორება კი, უახლესი ისტორიის არაერთ თავს ითვლის. ამის დასტურია გუშინდელი დარბევაც, რომელმაც არაერთი ჟურნალისტის და ოპერატორის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა. მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს. ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები:

1. ირინა ყურუა
2. მაია მერკვილაძე
3. სალომე გეგეშიძე
4. ამირან ვადაჭკორია
5. თეკლა მჭედლიძე
6. ნონა დიასამიძე
7. მარიამ ბოლქვაძე
8. თეონა თურმანიძე
9. თეონა ხარაბაძე
10. გიგა ჯიჯავაძე
11. ანა გოგიტიძე
12. სოფო ჟღენტი
13. ირმა ჩხაიძე
14. ზურაბ გუჯაბიძე
15. კახა კეჟერაძე
16. დათო ტრაპაიძე
17. მაია ვარშანიძე
18. ბაჩო გურაბანიძე
19. ლაშა ზარგინავა
20. ხათუნა შუშანიძე
21. სულხან წულუკიძე
22. გიორგი წეროძე
23.შოთა გუჯაბიძე
24.ნინო ინაიშვილი
25. ზაირა ლომაძე
26. ლალა ფაღავა
27. ირაკლი ჯაფარიძე
28. გიორგი ლორია
29. თამარ გაზდელიანი
30. რატი რატიანი
31. გუგული ბერიძე
32. ანა ვაშაყმაძე
32. ლეილა შავიშვილი
33. ლევან ურიდია
34. ნონა ჩხარტიშვილი
35. ცირა სურმანიძე
36. გიორგი მურვანიძე
37. მამუკა დარჩია
38. მინიკო ბერიძე
39. ჯენი კვანტალიანი
40. სოფო შავაძე
41. მზია მართალიშვილი
42. ნათია ლომაძე
43. ირინე წუწუნავა
44. გაბრიელა კვაჭანტირაძე
45. თიკო სუსარეიშვილი
46. დიო საფაროვა
47. ნათია თავდგირიძე

სია განახლებადია .
კატეგორია - საქართველო

სასამართლომ „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა 2 500 ლარით დააჯარიმა



ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა 2 500 ლარით დააჯარიმა. 


ლიფონავა 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე, საპროტესტო მსვლელობისას დააკავეს. მან დროებითი მოთავსების იზოლატორი 18 ნოემბერს დატოვა. 


ცესკოს შენობასთან დაწყებული აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მათ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

 
კატეგორია - საქართველო

 

უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის შენობაში 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან გაუქმებულია.

პარლამენტის განცხადებით, „გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ“.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში 25 ნოემბრიდან არ უშვებდნენ. უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვებოდა. 

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის აკრძალვას არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ პარლამენტს 26 ნოემბერს მოუწოდა, რომ შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა ჟურნალისტებისთვის, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე მიეცა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. 

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (СPJ) გუშინდელი განცხადებით კი, საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ჟურნალისტთა პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება შემაშფოთებელია. 

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

 
კატეგორია - საქართველო


„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ (SJP), რომელიც 15 საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, პოლიციის თანამშრომლების მიერ 19 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლას, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს ეხმაურება.

SJP-ის განცხადებით, საქართველოში პოლიცია თავს ესხმის, აკავებს და ხელს უშლის მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ იმედოვნებს, რომ მედიის წარმომადგენლებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე მოხდება სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება.

SJP-ის განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე [Council of Europe Media Freedom] გამოაქვეყნა ევროპის საბჭომაც.

19 ნოემბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 4 წარმომადგენელს შეუშალეს. 

  • პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე; ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
  • სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
  • სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

„მედიაომბუდსმენმა“ მედიის ამ წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ დღესვე მიმართა. 20 ნოემბერს კი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

კატეგორია - საქართველო


Photo: Reuters/Irakli Gedenidze


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (СPJ) საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომელიც 25 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს მიიღეს.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს მედიის შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს და პრესის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყოს.

„საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ჟურნალისტთა პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება შემაშფოთებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, ინფორმირებული იყვნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ“.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ვიზიტორის შეზღუდვას გულისხმობს. პარლამენტის განცხადებით, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება. საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის წარმომადგენლები არც 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე დაუშვეს. 

პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანების -  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად იღებს.

..........................................................................................................................................
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
..........................................................................................................................................

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

 
 
კატეგორია - საქართველო


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი ამხილა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულ პირებს ე.გ.-ს და თ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გორი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით კი 25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ორმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და მათზე ფიზიკურად იძალადა. მიყენებული დაზიანებების გამო, ოპერატორი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“,- ვკითხულობთ სამსახურის განცხადებაში.

,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - ,,ტვ მონიტორინგის“ განცხადებით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორზე თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

25 ნოემბერს  პარლამენტთან მიმდინარე აქციის გასაშუქებლად მისულ NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს პირმა, რომელსაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის ფორმა ეცვა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც გამოცემა წერს, უცნობი პირის აგრესიის მიზეზი ის გახდა, რომ ვანცენტ ხაბეიშვილმა ქაშვეთიდან გამოსულ სასულიერო პირს ვიდეო გადაუღო, სადაც ის აქციის მონაწილეებს ეკამათება და ეუბნება, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“ და სახლში წავიდნენ.

გუშინ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა. დილიდანვე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების შესახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:


 

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს პარლამენტს, შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.

„25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი ზონის ამოქმედებით მედიასა და ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაგემილ ღონისძიებებზე წვდომა შეეზღუდათ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პარლამენტმა მისი თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს მიღებული დადგენილება მიუთითა.

შედეგად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მე-11  მოწვევის პარლამენტის, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველად შეიკრიბა, საქმიანობის გაშუქება კვლავინდებურად ვერ შეძლეს. შენობაში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული წარმომადგენლების ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, თუმცა, დამატებითი აკრძალვებით - სხდომის გაშუქებისას ჟურნალისტებს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო ოპერატორებს სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები, რაც, მაუწყებლების ცნობით, წარსულში პრობლემას არ წარმოადგენდა.

მოგვიანებით, 25 ნოემბერს, პარლამენტმა დააზუსტა, რომ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან “მის გაუქმებამდე”იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ მედია პარლამენტის შენობაში შესვლას განუსაზღვრელი დროით ვერ შეძლებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის განხილვის დროიდან დაამკვიდრა. ქარტიამ კი, ონლაინ მედიის ერთ ჯგუფთან ერთად, დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს ჯერ კიდევ აპრილში მიმართა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის დევნა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბრად უზრუნველყოს.

„ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზღუდავს მედიის პროფესიულ საქმიანობას და მედიის თავისუფლებას, არამედ უგულებელყოფს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დამოუკიდებელი მედიის საკანონმდებლო ორგანოში დაუშვებლობით, „ქართული ოცნება” მოქალაქეებს ართმევს უფლებას, მიიღონ სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია სახელმწიფო მმართველობის უმნიშვნელოვანეს სფეროში. ეს არის პირდაპირი ავტოკრატიული თვითნებობა, რომლის მიზანია ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლა.

25 ნოემბერს ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში დაუსაბუთებლად არ შეუშვეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“  პირველ სხდომაზე შეიკრიბა და მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ერთპარტიულად ცნო. მოგვიანებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან „მის გაუქმებამდე“ იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინმედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ განუსაზღვრელი ვადით არ დაიშვებიან.

ონლაინ მედიის ჟურნალისტების პარლამენტში დაშვების აკრძალვა სისტემური პოლიტიკის ნაწილია, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღია “ქართულ ოცნებას”. „ქართული ოცნების” ხელისუფლება სისტემატურად ცდილობს, შეზღუდოს მოქალაქეების წვდომა კრიტიკულ მედიაზე და ბარიერის გარეშე გააგრძელოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
კატეგორია - საქართველო


ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც დღეს შეუშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე  იმოქმედებს, რაც ვიზიტორის შეზღუდვას გულისხმობს. პარლამენტის განცხადებით, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება. 

პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანების -  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად იღებს.

ონლაინ მედია საკანონმდებლო ორგანოში არც გუშინ შეუშვეს.

25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა. დილიდანვე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. 

..........................................................................................................................................
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
..........................................................................................................................................

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

 
კატეგორია - საქართველო


NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გასაშუქებლად მისულ გამოცემის მთავარ რედაქტორს პირმა, რომელსაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის ფორმა ეცვა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.



როგორც გამოცემა წერს, უცნობი პირის აგრესიის მიზეზი ის გახდა, რომ ვანცენტ ხაბეიშვილმა ქაშვეთიდან გამოსულ სასულიერო პირს ვიდეო გადაუღო, სადაც ის აქციის მონაწილეებს ეკამათება და ეუბნება, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“ და სახლში წავიდნენ.



დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა. დილიდანვე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. პარლამენტის შენობაში კი, უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა, რის გამოც ონლაინ მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების შესახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

 
კატეგორია - საქართველო


„ყველა ხელისუფლება ერჩოდა მედიას, ვისაც საკუთარ მოკავშირედ არ მიიჩნევდა, მაგრამ პარლამენტში, ასე შერჩევითად და დისკრიმინაციულად, აკრედიტებული ჟურნალისტების შეშვება-არშეშვება არავის უკადრია“, - პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლების არ დაშვებას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ნათია ინაური ეხმაურება. ინაური დაახლოებით 20 წელია საპარლამენტო კორესპონდენტია.

„25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს - შენობაში მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან" - შეგვატყობინა მორიგ ჯერზე პარლამენტის პრესსამსახურმა.

შალვა პაპუაშვილმა მის მიერ დამკვიდრებული წესისამებრ, პირველ სხდომაზე, პრესა და ონლაინმედია არ დაუშვა - ის პარლამენტის უსაფრთხოებას პარლამენტში მის მიერვე აკრედიტებული ჟურნალისტებისგან იცავს და ასე შერჩევითად, ყველა მნიშვნელოვანი სხდომის დღეს პარლამენტში ჟურნალისტების ნაწილს უშვებს, ნაწილს - პარლამენტის კარს უხურავს. (ერთადერთი პარლამენტის თავმჯდომარეა, ვინც საფრთხე იმ ადამიანებში დაინახა, ვისაც პარლამენტის აკრედიტაცია საკუთარი ხელით მისცა).

ამ მრავალნახულ პარლამენტის კედლებში მართლა რა არ მომხდარა - უკლებლივ ყველა აკრედიტებული მედია ადგილზე აშუქებდა ისეთ ექსტრემალურ და უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს, როგორიც იყო “ვარდების რევოლუცია“, 7 ნოემბერი (სხვათა შორის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტში არათუ აკრედიტებული ჟურნალისტები შეუშვეს, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის ჭიშკარი რუსთაველის მხრიდან გახსნეს და აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცეს. პრესის ჟურნალისტებს შეზღუდვა 7 ნოემბრის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშიც არ შეხებია, აი ტელევიზიებიდან კი, პარლამენტში მხოლოდ “საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობდა), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში პარლამენტის მედიაცენტრი სავსე იყო არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ჟურნალისტებით. (ხმაურიანი კანონოექტების განხილვასთან დაკავშირებულ სესიებს და ჟურნალისტებით სავსე “გალიორკებს“  აღარ გავიხსენებ).  

ყველა ხელისუფლება ერჩოდა მედიას, ვისაც საკუთარ მოკავშირედ არ მიიჩნევდა, მაგრამ პარლამენტში, ასე შერჩევითად და დისკრიმინაციულად, აკრედიტებული ჟურნალისტების შეშვება-არშეშვება არავის უკადრია.

აქვე აღვნიშნავ, რომ კარგად მახსოვს და არავისგან იმის გახსენება არ მჭირდება, რომ წინა ხელისუფლება ტელევიზიებში სპეცრაზმით შევიდა და ძალიან ბევრი რამ მიჰქარა, მათ შორის მედია ორგანიზაციებთან, მაგრამ “ნაცების“ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო “ქართულ ოცნებისთვის“ ინდულგენცია არავის მიუცია, რომ ახლა რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე აკეთონ.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ყველაფერი  იმ შინაარსის სცენარს და ესთეტიკას მაგონებს, როცა არც თუ შორეულ წარსულში, იმავე დარბაზში, მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი - "კომუნისტური"პარტია იყო წარმოდგენილი.

გილოცავთ ამხანაგებო! - გაუმარჯოს "კომპარტიას"!!!“ - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება. დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციაც. 25 ნოემბრისთვის პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაუშვეს, ონლაინ მედიის წარმომადგენლები კი საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვეს.

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - „პროტესტი“ და „ადევნება“ - რატომ დაიხურა პარლამენტი მედიისთვის